ორიგენე — რა გავლენა მოახდინა მისმა მოძღვრებამ ეკლესიაზე?






















† ორიგენე — რა გავლენა მოახდინა მისმა მოძღვრებამ ეკლესიაზე?


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



„ის მოციქულების შემდეგ ეკლესიის უდიდესი და პატივდებული წინამძღოლი იყო", — ამ სიტყვებით შეასხა ხოტბა იერონიმემ, ვულგატას (ლათინური ბიბლია) მთარგმნელმა, მესამე საუკუნის ერთ-ერთ ღვთისმეტყველს, ორიგენეს. მაგრამ ყველა არ მიაგებდა ასეთ დიდ პატივს ორიგენეს. ზოგის აზრით, მან ბოროტებას ჩაუყარა საფუძველი, საიდანაც ერესი აღმოცენდა. როგორც მე-17 საუკუნის მწერალი ამბობს, ისინი, ვინც ორიგენეს აკრიტიკებდნენ, აცხადებდნენ: „მისი მოძღვრება სრულიად აბსურდული, საზიანო და დამღუპველი სასიკვდილო შხამია, რომელიც მან მსოფლიოში გაავრცელა". სიკვდილის შემდეგ ორიგენე დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ერეტიკოსად იყო შერაცხილი.


რატომ იყვნენ მისით აღტაცებული და, იმავდროულად, მისადმი მტრულად განწყობილი? რა გავლენა მოახდინა მან საეკლესიო მოძღვრების ჩამოყალიბება-განვითარებაზე?




† ეკლესიისთვის თავდადებული


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი




ორიგენე დაახლოებით ახ. წ. 185 წელს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. მან, ძირითადად, ბერძნული ლიტერატურის შესწავლით მიიღო საფუძვლიანი განათლება, მაგრამ მამამისმა, ლეონიდმა, მიაღწია იმას, რომ თავის შვილს საღვთო წერილიც ასეთივე გულმოდგინებით შეესწავლა. როდესაც ორიგენე 17 წლის იყო, რომის იმპერატორმა ბრძანებულება გამოსცა იმის თაობაზე, რომ რელიგიის შეცვლა ბოროტმოქმედებად ითვლებოდა. ორიგენეს მამა ქრისტიანული მრწამსის მიღების გამო დააპატიმრეს. ახალგაზრდული ენთუზიაზმით აღსავსე ორიგენემ გადაწყვიტა, მამასთან ერთად ყოფილიყო საპატიმროში და მასთან ერთად წამებულიყო. როდესაც ეს დედამისმა გაიგო, ტანსაცმელი დაუმალა, სახლიდან ფეხი რომ ვერსად გაედგა. ორიგენემ წერილში დაჟინებით სთხოვა თავის მამას: „ეცადე, არ შეიცვალო თვალსაზრისი, რაც ჩვენთვის სასიკეთო იქნება". ლეონიდმა სიმტკიცე ბოლომდე შეინარჩუნა. ის სიკვდილით დასაჯეს, რის გამოც მის ოჯახს მძიმე დრო დაუდგა. მაგრამ ორიგენეს უკვე საკმაოდ საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული და შეეძლო სხვებისთვის ბერძნული ლიტერატურა ესწავლებინა და, ამგვარად, მატერიალურად უზრუნველეყო დედა და ექვსი უმცროსი ძმა.


იმპერატორს განზრახული ჰქონდა, რომ ქრისტიანობის გავრცელებისთვის გასაქანი არ მიეცა. რადგან მისი ბრძანება მოსწავლეების გარდა მასწავლებლებსაც ეხებოდა, ყველა ქრისტიანმა მოძღვარმა ალექსანდრიაში გაქცევით უშველა თავს. როდესაც არაქრისტიანებმა საღვთო წერილის სწავლებებში ჩასაწვდომად დახმარებისთვის ახალგაზრდა ორიგენეს მიმართეს, ის მზადყოფნით შეუდგა, როგორც თავად ფიქრობდა, ამ ღვთის მიერ დავალებული საქმის შესრულებას. ბევრ მის მოსწავლეს აწამებდნენ, რომელთაგან ზოგს ასეთნაირად ჯერ კიდევ სწავლის დამთავრებამდე ეპყრობოდნენ. ორიგენე საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა იმით, რომ თავის მოსწავლეებს საჯაროდ ამხნევებდა მათი გასამართლების, ციხეში ყოფნისა თუ სიკვდილით დასჯის დროს. მეოთხე საუკუნის ისტორიკოსი ევსები გვაცნობებს, რომ, როდესაც ისინი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, ორიგენე „დიდ გაბედულებას ავლენდა და კოცნით ესალმებოდა მათ".


ორიგენემ ბევრი არაქრისტიანის რისხვა დაიმსახურა, რომლებმაც ის სარწმუნოების შეცვლასა და თავიანთი მეგობრების სიკვდილში დაადანაშაულეს. ის არაერთხელ ძლივს გადაურჩა ბრბოს ხელში ჩავარდნასა და მოძალადეობრივ სიკვდილს. თუმცა მდევნელებისგან თავის დაღწევის მიზნით მას ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, არ შეუნელებია სხვებისთვის სწავლების ტემპები. მისმა ასეთმა გაბედულებამ და თავგამოდებამ შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრიის ეპისკოპოსზე, დიმიტრიზე. ამიტომ ორიგენე ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში დიმიტრიმ რელიგიური სკოლის ხელმძღვანელად დანიშნა ალექსანდრიაში.


საბოლოოდ, ორიგენე ცნობილი სწავლული და ნაყოფიერი მწერალი გახდა. ზოგის თქმით, მან 6 000 წიგნი დაწერა, მაგრამ ეს შეიძლება გაზვიადებული ნათქვამი იყოს. ყველაზე მეტად მან თავისი ნაშრომით, „ჰექსაფლათი", — ებრაული წერილების უზარმაზარი 50-ტომიანი გამოცემით — გაითქვა სახელი. ორიგენემ „ჰექსაფლა" ექვს პარალელურ სვეტად გამოსცა, რომელშიც შედიოდა: 1) ებრაული და არამეული ტექსტი, 2) ამ ტექსტის ბერძნულად ტრანსლიტერაცია, 3) აკვილას ბერძნული თარგმანი, 4) სვიმაქოსის ბერძნული თარგმანი, 5) ბერძნული სეპტუაგინტა, რომელიც ორიგენემ შეასწორა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ებრაულ ტექსტთან და 6) თეოდოტიონესის ბერძნული თარგმანი. „ტექსტების ასეთი შერწყმით, — დაწერა ბიბლიის სწავლულმა, ჯონ ჰორტმა, — ორიგენე იმედოვნებდა, რომ ნათელს მოჰფენდა საღვთო წერილის ბევრ ისეთ მონაკვეთს, რომლებიც ბერძენ მკითხველს ან დააბნევდა ან შეცდომაში შეიყვანდა, თუ მისთვის მხოლოდ სეპტუაგინტა იქნებოდა ხელმისაწვდომი".




† დაწერილიდან გადახვევა


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი


მიუხედავად ამისა, მესამე საუკუნეში შექმნილმა დამაბნეველმა რელიგიურმა ვითარებამ დიდი გავლენა მოახდინა ბიბლიის სწავლებისადმი მის მიდგომაზე. თუმცა იმ პერიოდში ქრისტიანობას ჯერ კიდევ ღრმად არ ჰქონდა ფესვები გადგმული, ის უკვე შებღალული იყო არაბიბლიური სწავლებებით და სოკოებივით მიმოფანტული ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიები განსხვავებულ მოძღვრებებს ასწავლიდნენ.


ორიგენესთვის მისაღები გახდა ზოგი არაბიბლიური მოძღვრება, რომლებსაც მოციქულების სწავლებებად მიიჩნევდა. მაგრამ მან სხვა საკითხებზეც თავისუფლად დაიწყო ფიქრი. იმ დროს ბევრი მისი მოსწავლე თავს იმტვრევდა იმავე პერიოდისთვის აქტუალურ ფილოსოფიურ საკითხებზე. მათთვის რომ დახმარება აღმოეჩინა, ორიგენემ საგულდაგულოდ შეისწავლა სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლებიც აყალიბებდნენ მისი ახალგაზრდა მოსწავლეების აზროვნებას. ის ცდილობდა, დამაკმაყოფილებელი პასუხები გაეცა თავისი მოსწავლეებისთვის ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით.


ფილოსოფიასთან ბიბლიის შეთანხმების მიზნით ორიგენე საღვთო წერილის ასახსნელად, უმთავრესად, ალეგორიულ მეთოდს აქტიურად იყენებდა. მისი აზრით, საღვთო წერილს ყოველთვის სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ არ იყო აუცილებელი მისი სიტყვასიტყვით გაგება. როგორც ერთმა სწავლულმა შენიშნა, ამან საშუალება მისცა ორიგენეს, „ბიბლიიდან ამოკითხული აზრები თავის თეოლოგიურ სისტემასთან შეთანხმებულ არაბიბლიურ იდეებთან შეეთავსებინა, მაშინ როცა თავს დებდა იმაზე (და, უდავოდ, დარწმუნებული იყო საკუთარ გულწრფელობაში), რომ განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და სიზუსტით განმარტავდა ბიბლიის დედააზრს".


ერთ წერილში, რომელიც ორიგენემ თავის მოსწავლეს მისწერა, მისი აზროვნება ჩანს. ორიგენეს თქმით, ისრაელებმა ეგვიპტური ოქროსგან დაამზადეს ჭურჭელი იეჰოვას ტაძრისთვის. ამის ასახსნელად მან ალეგორიული მეთოდი გამოიყენა, რათა ბერძნულ ფილოსოფიაზე დაყრდნობით ქრისტიანობის შესახებ ესწავლებინა. მან დაწერა: „როგორი გამოსადეგი იყო ისრაელი ბავშვებისთვის ეგვიპტიდან წამოღებული ნივთები, რომლებსაც ეგვიპტელები სათანადოდ არ იყენებდნენ, მაგრამ ებრაელები ამ ნივთებს ღვთის სიბრძნის ხელმძღვანელობით მისთვის მსახურებაში იყენებდნენ". ამგვარად, ორიგენე მოუწოდებდა თავის მოსწავლეებს, „ღრმად ჩასწვდომოდნენ ბერძნული ფილოსოფიის ყველა იმ ასპექტს, რომლებიც, შესაძლოა, დაეხმარებოდა მათ ქრისტიანული მოძღვრებების გამოკვლევასა და ქრისტიანობისთვის მომზადებაში".


ბიბლიის ასე თვითნებურად განმარტების გამო რთული გახდა ქრისტიანული მოძღვრებისა და ბერძნული ფილოსოფიის ერთმანეთისგან განსხვავება. მაგალითად, თავის წიგნში „პრინციპების შესახებ" ორიგენემ აღგვიწერა იესო, როგორც „მხოლოდშობილი ძე, რომელიც დაიბადა, მაგრამ რომელსაც დასაბამი არა აქვს". და დასძინა: „მისი წარმოშობა უსასრულო და მარადიულია. ძე არ შექმნილა სიცოცხლის სუნთქვის შედეგად, არც გარეშე ძალის ჩარევით, არამედ მისი წარმოშობა ღვთის ბუნებიდან მომდინარეობდა".


ორიგენეს ეს აზრი ბიბლიაში არ აღმოუჩენია, რადგან საღვთო წერილში ნათქვამია, რომ იეჰოვას მხოლოდშობილი ძე არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა" და „დასაბამი ღვთის ქმნილებისა" (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). ღვთისმეტყველ ავგუსტ ნეანდერის თქმით, ორიგენე „პლატონის აკადემიაში მიღებული ფილოსოფიური განათლების" საფუძველზე მივიდა „მარადიულობაში დაბადების" იდეამდე. ამგვარად, ორიგენემ დაარღვია ძირითადი ბიბლიური პრინციპი: „არ გადახვიდეთ დაწერილს" (1 კორინთელთა 4:6).




† ერეტიკოსად შერაცხილი


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



ორიგენეს თავისი, როგორც მასწავლებლის, მოღვაწეობის პირველ წლებში ალექსანდრიის სინოდმა მღვდლობის უფლება ჩამოართვა. შეიძლება ეს იმან განაპირობა, რომ ეპისკოპოს დიმიტრის შურდა ორიგენესი, რადგან იმ პერიოდში ის უფრო და უფრო სახელგანთქმული ხდებოდა. ორიგენე პალესტინაში გადავიდა, სადაც უზომოდ აღტაცებული იყვნენ მისით, რადგან ის ქრისტიანული მოძღვრების ერთგულ დამცველად მიაჩნდათ; იქ მან მღვდლად მსახურება განაგრძო. ფაქტობრივად, როდესაც აღმოსავლეთში თავი იჩინა „ერესმა", მას დახმარება სთხოვეს, რათა შეცდომაში შეყვანილი ეპისკოპოსები დაერწმუნებინა, დაბრუნებოდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. სიკვდილის შემდეგ, ახ. წ. 254 წელს, ორიგენეს სახელს ჩირქი მოეცხო. რატომ?


როცა ნომინალური ქრისტიანობა ცნობილი რელიგია გახდა, ის მართლმადიდებლური სწავლებები, რომლებიც ეკლესიამ მიიღო, უფრო ზუსტად გამოიკვეთა. ამიტომ ღვთისმეტყველთა შემდგომმა თაობამ ორიგენეს ბევრი სპეკულატიური და შიგადაშიგ მცდარი ფილოსოფიური შეხედულებები არ გაიზიარა. აქედან გამომდინარე, მისმა სწავლებებმა მწვავე კამათი გააჩაღა ეკლესიის შიგნით. ამ კამათის შეწყვეტისა და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ეკლესიამ, საბოლოოდ, ერეტიკოსად შერაცხა ორიგენე.


მხოლოდ ორიგენე არ იყო გზასაცდენილი. სინამდვილეში ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტეს შეუბღალავი სწავლებებიდან ბევრი გადაუხვევდა. ამ განდგომილებამ ფესვები პირველი საუკუნის დასასრულს, იესოს მოციქულთა სიკვდილის შემდეგ, გაიდგა (2 თესალონიკელთა 2:6, 7). საბოლოოდ მათ, ვინც ქრისტიანობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, საკუთარ თავს „მართლმადიდებლები" უწოდეს, ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენლები კი „ერეტიკოსებად" შერაცხეს. მაგრამ სინამდვილეში თავად ქრისტიანულმა სამყარომ გადაუხვია ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან.




† ეგრეთწოდებული მოძღვრება


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



ორიგენეს ბევრი სპეკულატიური თეორიის მიუხედავად, მისი ნაშრომები გარკვეულწილად სასარგებლოც არის. მაგალითად, „ჰექსაფლაში" შენარჩუნებულია ღვთის სახელი მისი თავდაპირველი ოთხი ებრაული ასოსგან შემდგარი ფორმით, რომელსაც ტეტრაგრამატონი ეწოდება. ეს აშკარად ცხადყოფს, რომ ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ ღვთის პირადი სახელი და იყენებდნენ მას. მიუხედავად ამისა, მეხუთე საუკუნის ეკლესიის პატრიარქმა თეოფილემ ერთხელ ასეთი გამაფრთხილებელი სიტყვები წარმოთქვა: „ორიგენეს ნაშრომები მრავალნაირი ყვავილით მოფენილი მდელოს მსგავსია. თუ იქ რომელიმე ლამაზ ყვავილს ვიპოვი, მოვწყვეტ; მაგრამ, თუ რომელიმე ეკლიანი იქნება, გვერდს ავუვლი, რომ არ მიჩხვლიტოს".


ბერძნულ ფილოსოფიასთან ბიბლიური სწავლებების შერწყმით ორიგენეს თეოლოგიური სისტემა მცდარი იდეებით გაიჟღინთა, რაც დამღუპველი აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგალითად, თუმცა ორიგენეს უსაფუძვლო სპეკულატიური თეორიების უმეტესობა მოგვიანებით უარყოფილ იქნა, მისი მრწამსი ქრისტეს „მარადიულობაში დაბადების" შესახებ ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად დაედო სამების არაბიბლიურ მოძღვრებას. წიგნში „პირველი სამი საუკუნის ეკლესია" ნათქვამია: [ორიგენეს მიერ ჩამოყალიბებული] ფილოსოფიური მოძღვრებისადმი ინტერესი სწრაფად არ გამქრალა". რა მოჰყვა ამას შედეგად? „ქრისტიანული რწმენის უბრალოება დამახინჯდა და ეკლესია უამრავი მცდარი სწავლებით აივსო".


თავის მხრივ, ორიგენეს შეეძლო ყურად ეღო პავლე მოციქულის გაფრთხილება და ‘გარიდებოდა ამქვეყნიურ ლაყბობასა [„წმინდის შემბღალავ ფუჭსიტყვაობასა", აქ] და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს’ და არ გამხდარიყო განდგომილების მონაწილე. ნაცვლად ამისა, ორიგენე ბევრი თავისი სწავლების ასეთ ‘მოძღვრებაზე’ დაფუძნებით ‘ჩამოშორდა რწმენას’

დასასრული

კატეგორია: † ორიგენე | დაამატა: vasoelis (02.09.2013)
ნანახია: 1119 | ტეგები: ПРОТИВ ЦЕЛЬСА, В ЧЕМ ОРИГЕН РАЗОШЕЛСЯ С ЦЕРКОВЬЮ, გავლენა, ორიგენე, ეკლესიაზე, Ориген, მოძღვრება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: