მსოფლიო კრებათა პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, წმინდანები და პიროვნებები

მსოფლიო კრებათა პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, წმინდანები და პიროვნებები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მსოფლიო კრებათა პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა,  წმინდანები და პიროვნებები

წმ. ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსი (გარდ. დაახლ. 345-351 წწ.) - უდიდესი წმინდანი, წარმოშობით პატარიდან. 290-იან წლებში პატარის ეპისკოპოსი. დაახლ. 300 წ. გახდა ეპისკოპოსი მირონ-ლუკიისა. იმპერატორ გალერიუსის დროს (305-311 წწ.) სარწმუნოებისთვის აწამეს და ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. მონაწილეობა მიიღო I მსოფლიო კრების მუშაობაში. განსაკუთრებულად სახელი გაითქვა, როგორც საკვირველთმოქმედმა.

არიანელობა - ანტიტრინიტარული ხასიათის პირველი მასობრივი მწვალებლობა, რომელსაც რაციონალურად ასაბუთებდა ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი (256-336 წწ.), რომელიც ასწავლიდა, რომ ღმრთის ძე არათანამარადიულია მამისა, არამედ მისი უზენაესი ქმნილებაა; რომ ქრისტე მხოლოდ სახელწოდებითაა ღმერთი, და არა არსებით. I მსოფლიო კრებამ (325 წ.) დაგმო ეს სწავლება და მამისა და ძის ერთარსობის დოგმატი დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, იმპერატორებმა კონსტანციუსმა (337-361) და ვალენტმა (364-378) მხარი დაუჭირეს არიოზს და მას თითქმის მთელი ეკლესია დაუქვემდებარეს. ამ მოდერნიზებულ არიანელობას სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდნენ წმ. ათანასე დიდი და ე. წ. დიდი კაპადოკიელი მამები.

წმ. ათანასე დიდი (დაახლ. 297-373) - დაუცხრომელი მებრძოლი არიოზის ცრუსწავლების წინააღმდეგ. წმ. ათანასე არიანულ მწვალებლობას ჯერ კიდევ დიაკვნად ყოფნის დროიდან ებრძოდა. თავის ადრინდელ თხზულებაში (დაახლ. 320 წ.), რომელსაც ეწოდება "ჰომილია სიტყვა-ღმერთის განკაცებაზე", ასწავლიდა, რომ "ის განკაცდა, ჩვენს განსაღმრთობად" (თ. 54), და თავის ღმრთითშთაგონებულ ინტუიციაში გამოხატა მთელი არსი მართლმადიდებლობისა. არსებობს გადმოცემა, რომ პირველ მსოფლიო კრებაზე სწორედ მან, ჯერ კიდევ დიაკვნად მყოფმა, შესთავაზა მამებს ტერმინი "ერთარსი" მამისა და ძის ურთიერთმიმართების გამოსახატავად. 326 წლიდან არის ალექსანდრიის ეპისკოპოსი. არიანული რეაქციის დროს 5-ჯერ წაართვეს კათედრა. საერთო ჯამში მან დევნულებასა და გადასახლებაში 17 წელი გაატარა. ცხოვრობდა უდაბნოში ბერ-მონაზვნობის პირველ დამფუძნებლებთან. დაწერა ღირ. ანტონი დიდის "ცხოვრება" და მრავალი თხზულება არიანელთა წინააღმდეგ ("არიანელთა ისტორია" და სხვა), ორი წიგნი აპოლინარიუს ლაოდიკიელის წინააღმდეგ განკაცებაზე მართლმადიდებლური სწავლების შესახებ და სხვა. მისი ღვთისმეტყველებიდან იშვა "ორთოდოქსია" (ანუ მართლმადიდებლობა), ამიტომაც, წმ. ათანასეს "მართლმადიდებლობის მამას" და "მეცამეტე მოციქულსაც" უწოდებენ.

წმ. ჰილარიუს პიქტავიელი (გარდ. 366 წ.) - გალლიელ ეპისკოპოსთა მეთაური არიანელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ("დასავლეთის ათანასე"). 353 წ.-დან პიქტავიის (ქ. პუატიე) ეპისკოპოსი. მილანის არიანულ კრებაზე (355 წ.) დაგმეს და გადაასახლეს ფრიგიაში, სადაც დაწერა ტრაქტატი სამების შესახებ. დასაბამი მისცა ლათინურ ტრინიტარულ ტერმინოლოგიას. არიანელი იმპერატორის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ პარიზის კრებაზე აღადგინა ნიკეის სარწმუნოების აღსარება. შეადგინა ე. წ. გალლიური ლიტურგია. თვალსაჩინო ეგზეგეტი და მოღვაწე, წმ. მარტინე ტურელის მოძღვარი.

წმ. მარტინე ტურელი (გარდ. 397 წ.). - ჯერ კიდევ ჯარისკაცად ყოფნის დროიდან ეწეოდა უბიწო, თავშეკავებულ და ქრისტეანულ ცხოვრებას. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ (372 წ.) გახდა წმ. ჰილარიუს პიქტავიელს მოწაფე. 379 წლიდან არის ტურის ეპისკოპოსი, უმკაცრესი ასკეტი, გალლიური მონაზვნობის დამაარსებელი. მის მიერ აშენებული მარმუტიეს მონასტერი გახდა გალლიის ქრისტეანიზაციის ცენტრი. აქ იზრდებოდნენ მომავალი ეპისკოპოსები და მისიონერები. წმ. მარტინე - საფრანგეთის ეროვნული წმინდანია.


"დიდი კაპადოკიელები":

წმ. ბასილი დიდი (დაახლ. 330-379) - სამი მსოფლიო მოძღვრიდან ერთ ერთი, ფილოსოფოსი, მოსაგრე და ღვთისმეტყველი. მიიღო ბრწყინვალე განათლება ათენის საუკეთესო სკოლებში (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად), განმარტოვდა უდაბნოში, სადაც 258 წ. დააარსა საზოგადო მონასტერი და მისთვის "ბერ-მონაზვნური განწესებებიც" შეადგინა, რომელიც მთელი შემდგომი მონაზვნობის საფუძველი გახდა. 364 წლიდან პრესვიტერია, ხოლო 370 წლიდან კესარია-კაპადოკიის არქიეპისკოპოსი. იმ დროს არიანელთა წინააღმდეგ გაააერთიანა 50 ეპარქია. დააფუძნა ე. წ. კაპადოკიის საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც ერიდებოდა ანიოქიისა და ალექსანდრიის სკოლების უკიდურესობებს. შეადგინა საღმრთო ლიტურგიის წეს-განგება და "ბერ-მონაზონთა განწესებანი". მისი თხზულებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია "ექუსთა დღეთათვის" და წიგნი "სულიწმიდის შესახებ".

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (ანუ ნაზიანზელი; დაახლ. 330-390) - ერთ ერთი სამი მსოფლიო განმანათლებლისგან. ფილოსოფოსი, მოსაგრე და უდიდესი ღვთისმეტყველი, რომლისთვისაც ღვთისმეტყველება ღმრთისშემეცნება იყო, ანუ გზა განღმრთობისკენ. 372 წელს წმ. გრიგოლს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მისმა მეგობარმა წმ. ბასილი დიდმა ხელი დაასხა მას სასიმის ეპისკოპოსად. 379 წლიდან იყო არიანელების მიერ დაპყრობილი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მასში მართლმადიდებლობის აღმდგენელი და I მსოფლიო კრების თავმჯდომარე, რომელზეც "საეკლესიო მშვიდობისთვის" დატოვა საპატრიარქო კათედრა. ყველაზე ცნობილი თხზულებაა "45 ჰომილია" და საღვთისმეტყველო პოემები.

წმ. გრიგოლ ნოსელი (დაახლ. 332-395) - ეკლესიის მამა, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. წმ. ბასილი დიდის ძმა. 372 წლიდან ნისის ეპისკოპოსი (376-378 არიანელებმა დაამხეს პატივისგან), II  მსოფლიო კრების მონაწეილე, ავტორი ე. წ. "დიდი კატეხიზმოსი", რომლითაც დასრულდა კაპადოკიელთა სწავლება წმ. სამების და იესუ ქრისტეს შესახებ. დატოვა მრავალი ეგზეგეტური და ზნეობრივ-ასკეტური თხზულება. თავის ღვთისმეტყველებაში (განსაკუთრებით ესქატოლოგიაში) განიცდიდა ორიგენეს ზეგავლენას, თუმცა მის ცდომილებებს თავი აარიდა.

პნევმატომახია, ანუ "სულიწმიდის წინააღმდეგ მებრძოლთა" მწვალებლობა, რომელსაც უკავშირეგბენ კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსის, მაკედონიუსის სახელს (342-361). ეს მწვალებლობა მოგვიანებით აიტაცეს არიანელებმა, როგორც საკუთარი დოქტრინის ბუნებრივი გაგრძელება: არა მარტო ძე, სულიწმიდაც ქმნილებაა და მხოლოდ მსგავსარსია მამისა. ეს მწვალებლობა, სხვებთან ერთად, დაგმო II მსოფლიო კრებამ.

წმ. ეპიფანე კვიპრელი (გარდ. 403 წ.) - წარმოშობით პალესტინიდან, მოსაგრე, ღირ. ილარიონ დიდის მოწაფე. 367 წლიდან კონსტანტის (კვიპროსზე) ეპისკოპოსი. ფლობდა მრავალ ენას, აგროვებდა ცნობებს ყოველგვარი მწვალებლობის შესახებ. უმთავრესი თხზულებაა: "წამლის წიგნი" ("Книга противоядий"), სადაც ჩამოთვლის და მოკლედ განიხილავს 156 მწვალებლობას. ტრაქტატში "ანკორატი" (ბერძნ. "ღუზა") გადმოსცემს მართლმადიდებლურ სწავლებას.

წმ. იოანე ოქროპირი (დაახლ. 347-407) - სამი მსოფლიო მოძღვრიდან ერთ ერთი. ბრწყინვალე მქადაგებელი და ეგზეგეტი დიოდორ თარშიშელის (Диодора Тарсийского) ანტიოქიური სკოლიდან. 370 წლიდან მოსაგრეა, 381 წლიდან - დიაკვანი, 386 წლიდან - პრესვიტერი, ხოლო 398 წლიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მისმა მაღალზნეობრივი უკომპრომისობით გადაიმტერა იმპერატრიცა ევდოქსია და მრავალი შურით აღძრული ადამიანი. 404 წ. უსამართლოდ განსაჯეს და გადაასახლეს. გარდაიცვალა კომანში (აფხაზეთი). დატოვა უზარმაზარი ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა (მარტო ჰომილიების რაოდენობა 800-ს აღწევს) და საღმრთო ლიტურგიის წეს-განგება.

წმ. ამბროსი მედიოლანელი (გარდ. 397 წ.) - თავიდან წარჩინებული ერისკაცი და ლიგურიის ბრწინვალედ განათლებული ადგილნაცვალი. 374 წ. მოულოდნელად აირჩიეს მედიოლანის (მილანი) ეპისკოპოსად. შეისწავლა რა დიდიი კაპადოკიელების ნაშრომები, მედგრად შეებრძოლა არიანელობას, მოაქცია გერმანელი ხალხები. თვალსაჩინო ლიტურგისტი, მქადაგებელი და მორალისტი ("დასავლეთის ოქროპირი"). ნეტ. ავგუსტინეს მოძღვარი.

ნეტ. ავგუსტინე (გარდ. 430 წ.) - დასავლეთის ეკლესიის უმსხვილესი ღვთისმეტყველი. "კათოლიციზმის მამა" (კათოლიკური ტრადიციით: "ეკლესიის მოძღვარი"). მიიღო რიტორიკული განათლება. 10 წელიწადი დაჰყო მანიქეველთა სექტაში. 387 წელს წმ. ამბროსის ზეგავლენით მოინათლა. 391 წლიდან არის პრესვიტერი, 395 წლიდან - ჰიპონიის (ჩრდ. აფრიკა) ეპისკოპოსი. დაწერა თავისი ცნობილი "აღსარება". დონატისტთა განხეთქილებასთან და პელაგიუსის მწვალებლობასთან ბრძოლის პროცესში აყალიბებს პირველდაწყებითი ცოდვის, მადლისა და წინასწარგანსაზღვრულობის საკუთარ დოქტრინებს. რომის დაცემით გამოწვეული შთაბეჭდილებით (410 წ.) წერს თავის უმთავრეს, ქრისტეანულ-ისტორიოსოფიულს თხზულებას "საღმრთო ქალაქის შესახებ" (426 წ.).

პელაგიუსი (გარდ. 420 წ.) - მწვალებელი ბრიტანეთიდან. სახელი გაითქვა მკაცრი და ზნეობრივი ცხოვრებით. დაახლ. 400 წ. ჩამოვიდა გარყვნილ რომში, სადაც დაიწყო სწავლება, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ძალებით დაძლიოს ბოროტება და მიაღწიოს სიწმიდეს. უარყოფდა მადლის აუცილებლობას, პირველდაწყებითი ცოდვის მემკვიდრეობითობას და ა. შ. ორჯერ იქნა განკითხული როგორც მწვალებელი (416 და 418 წწ.), რის შემდეგაც აღმოსავლეთში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. მისი მოწაფეებსაც: კელესტიუსსა და იულიან ეკლანელს ქრისტეანობა მორალიზმამდე დაჰყავდათ.


ბერ-მონაზვნობის აყვავება ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში

ყველა ამ ოლქში მონაზვნობას საფუძველი დაედო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მაგრამ, ეგვიპტური მონაზვნობა ყველაზე უძველესად ითვლება. მისი დამფუძნებელია ღირ. ანტონი დიდი, რომელიც ჯერ კიდევ 285 წ. განმარტოვდა უდაბნოში, მთა კოლიზმას ახლოს. მისი მოწაფე იყო ღირ. მაკარი ეგვიპტელი, რომელმაც, თავის მხრივ დასაბამი მისცა სკიტურ უდაბნოს, ხოლო პახომი დიდმა დაახლ. 330 წ. ეგვიპტეში (ტავენისიაში) დააარსა პირველი მონასტერი. ამგვარად, ბერ-მონაზვნობა ერთდროულად აღმოცენდა სამი ფორმით: განშორებულობა, სკიტური მონაზვნობა და მონასტრული.

პალესტინაში მონაზვნობის დამფუძნებლები იყვნენ: ღირ. ხარიტონ აღმსარებელი - ფარანის ლავრის ამშენებელი (330-იანი წლები) და ღირ. ილარიონ დიდი, - მაიუმის ლავრის დამფუძნებელი და მშენებელი (დაახლ. 338 წ.).

სირიაში მონაზვნობა დააფუძნეს - ღირ. იაკობ ნიზიბიელმა (გარდ. 340 წ.) და მისმა მოწაფემ ღირ. ეფრემ ასურელმა (გარდ. 373 წ.), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ედესისა და ნიზიბიის საღთვისმეტყველო სკოლის დამფუძნებელი და პოეტ-მეფსალმუნე.

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (გარდ. 420 წ.) - ბერი ერუდიტი, ანტიკური და ქრისტეანული მწერლობის კარგი მცოდნე. დაახლ. 370 წ. მოგზაურობდა აღმოსავლეთში. შეისწავლა ღვთისმეტყველება და ებრაული ენა.  381-384 წლებში იყო პაპ დამასის მრჩეველი. 386 წლიდან მოსაგრეობს ბეთლემის ახლოს, შობის გამოქვაბულთან აფუძნებს კინოვიას (388), ლათინურად თარგმნა ბიბლია (405 წ.) და დაწერა მთელი რიგი საღვთისმეტყველო შორმები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "სახელგანთქმულ კაცთა შესახებ".



V საუკუნიდან იწყება ქრისტოლოგიურ მწვალებლობათა ეპოქა

აპოლინარი ლაოდიკიელი (გარდ. 390 წ.) - ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, I მსოფლიო კრების მონაწილე და არიანელთა წინააღმდეგ მებრძოლი. 346-356 წლებში კი სირიის ლაოდიკიის ეპისკოპოსი. 370 წლიდან განავითარა მეტად სარისკო ქრისტოლოგია, რომლის თანახმადაც "ქრისტე არის ლოგოსი ადამიანის გარსში", ანუ განკაცებული საღმრთო გონება, რომელშიც ადამიანის სულის გონიერი ნაწილი (ანუ ადამიანური ბუნება) არ იმყოფება. ეს სწავლება დაგმო II მსოფლიო კრებამ. მაგრამ, ძალიან მალე საკითხი ქრისტეში ორი ბუნების ერთობის შესახებ მაინც ღიად დარჩა.

ნესტორიანელობა - ქრისტოლოგიური მწვალებლობა, რომელმაც სახელწოდება მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორისგან (428-431 წწ.), რომელიც ასწავლიდა, რომ ქალწულ მარიამს უნდა ვუწოდებდეთო ქრისტესმშობელს, რადგან მან შვა არა ღმერთი, არამედ მხოლოდ ადამიანი-ქრისტე, რომელსაც ღმრთეება მოგვიანებით შეუერთდა და ცხოვრობდა მასში, ვითარც ტაძარში. ანუ, ქრისტეს ორი ბუნება განცალკევებულად მოიაზრებოდა. ღმერთკაც იესუ ქრისტეს განკვეთილი და პარალელურად არსებული ორი ბუნება დაგმო III მსოფლიო კრებამ (431 წ.) წმ. კირილე ალექსანდრიელის უდიდესი ძალისხმევით. მიუხედავად ამისა, მისი გამოსვლები ნესტორის წინააღმდეგ ნაადრევი და არც თუ გასაგები აღმოჩნდა. მან წარმოშვა მრავალი გაუგებრობა და განხეთქილება. წმ. კირილეს მოწინააღმდეგეებმა თავი ბიზანტიისადმი მტრულად განწყობილს სპარსეთს (ე. წ. ქალდეველ ქრისტეანები) შეაფარეს და 499 წლის კრებაზე გამოეყვნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი საპატრიარქო, რომლის რეზიდენცია სელევკია-ქტესიფონში (თანამედროვე ბაღდადი) მდებარეობდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი (გარდ. 444 წ.) - ერუდირებული ღვთისმეტყველი (პლატონისა და ბერძნული ფილოსოფიის მცოდნე), ჩაღრმავებული ირაციონალისტი, მკვეთრი და ტემპერამენტიანი პოლემისტი. ის სარმართლიანად აგვირგვინებს აღმოსავლეთში "პატრისტიკის ოქროს საუკუნეს" და მისი თხზულებები ალექსანდრიული ღვთისმეტყველების მწვერვალად მიიჩნევა. მაგრამ, "რაციოს" არად მიჩნევა მის ცნებებს და შეხედულებებს არც თუ მკაფიოს ხდის. მაგალითად, ის ვერ ასხვავებდა ტერმინებს "ჰიპოსტასი" და "ბუნება" და უშვებდა ისეთ გამოთქმას, როგორიც არის "განკაცებული სიტყვა-ღმერთის ერთიანი ბუნება". სწორედ ამ ბუკვალურად გაგებული "ერთიანი ბუნების" აღწერას შეუდგა მოგვიანებით მისი მხურვალე მხარდამჭერი არქიმანდრიტი ევტიქი თავის ბრძოლაში ნესტორიანელთა წინააღმდეგ. ამრიგად, ევტიქი საპირისპირო უკიდურესობაში გადავარდა და წარმოშვა მონოფიზიტობა. ეს არის ქრისტოლოგიური მწვალებლობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მართალია ღმერთკაცი ორი ბუნებისგან იშვება, მაგრამ მათი შეერთების დროს ღვთიური ბუნება სრულიად შთანთქავს ადამიანურს. ამიტომაც, ქრისტე უკვე ჩვენი თანაარსი არ არის ადამიანური ბუნებით.

ეფესოს II, ყაჩაღთა კრება (449 წ.) მიმდინარეობდა ეპისკოპოს დიოსკორეს (წმ. კირილე ალექსანდრიელის მემკვიდრე) თავმჯდომარეობით და ძალდატანებით დაამკვიდრა მონოფიზიტური მწვალებლობა როგორც "ჭეშმარიტი მართლმადიდებლური აღმსარებლობა". მაგრამ, წმ. პაპმა ლეონ დიდმა ამ კრებას "ყაჩაღთა ხროვა" უწოდა და მოითხოვა ახალი მსოფლიო კრების მოწვევა ქალკიდონში (451 წ.), რომელმაც დაგმო როგორც ნესტორიანელობა, ასევე მონოფიზიტობა. კრებამ ჭეშმარიტი სწავლება გამოხატა უჩვეულო ანტინომიური ფორმით ("შეურწყმელად და შეუცვლელად"), რომელმაც გამოიწვია საცთური და ხანგრძლივი "მონფიზიტური მღელვარება". 

წმ. ლეონ I დიდი (გარდ. 461 წ.) - რომის პაპი. 440 წლიდან ებრძოდა დასავლელ პელაგიანელებსა და აღმოსავლელ მონოფიზიტებს. დაბეჯითებით მოითხოვდა ქალკედონის კრების (451 წ.) მოწვევას, რომელიც ხელმძღვანელობდა მისი ცნობილი ქრისტოლოგიური ეპისტოლეთი, რომელიც მან წმ. ფლაბიანეს გაუგზავნა. 452 წ. რომი იხსნა ატილას ჰუნების თავდასხმისგან. 455 წ. ვანდალების განადგურების შემდეგ გამოისყიდა თავისი სამწყსო. მნიშვნელოვნად გააძლიერა პაპის ძალაუფლების ავტორიტეტი.

მონოფიზიტებმა და შემცდარმა ბერებმა დაიპყრეს ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი, საიდანაც განდევნეს ქალკედონელი ეპისკოპოსები. მომწიფდა რელიგიური ომი. მის თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ზენონმა 482 წ. გამოსცა ე. წ. "ენოტიკონი" - კომპრომისული შეთანხმება მონოფიზიტურ იერარქებთან ქალკედონამდელი აღმსარებლობის საფუძველზე. პაპმა ფელიქს II კონსტანტინოპოლის განდგომილებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აკაკიმ (471-488 წწ.) პაპი ეკლესიიდან განიკვეთა. ასე ჩამოყალიბდა "აკაკიანელთა სქიზმა" - აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული 35 წლოვანი განხეთქილება.

ღირ. საბა განწმენდილი (გარდ. 532 წ.) - რვა წლიდან მონასტერში იზრდებოდა. მონოფიზიტური მღელვარების დასაწყისში (456 წ.) მიაშურა იერუსალიმის უდაბნოს, სადაც ღირ. ექვთიმე დიდს დაემოწაფა, მისი სიკვდილის შემდეგ კი დააფუძნა დიდი ლავრა (480-იანი წლები). 493 წ. დააწესეს დაყუდებულთა ყველა სავანის იღუმენად, რომელთათვისაც დაწერა პირველი საღვთისმსახურებო წეს-განგება. მისი მოწაფეებიდან განსაკუთრებულად ცნობილია ღირ. ლეონტი ბიზანტიელი (გარდ. 544 წ.).

ღირ. ბენედიქტე ნურსიელი (გარდ. 5443 წ.)- "დასავლეთის ბერ-მონაზვნობის მამა". დაიბადა ნურსიაში (სპოლეტოსთან ახლოს), რომში შეისწავლა რიტორიკა. 529 წ. დააფუძნა მონტე-კასინოს მონასტერი, რომლისთვისაც დაწერა ორიგინალური წეს-განგება, რომელიც მრავალი მომდევნო წეს-განგებების ნიმუში გახდა.

ღირ. იოანე კიბისაღმწერელი (გარდ. დაახლ. 605 წ.). დაახლ. 540 წ. აღიკვეცა სინას მთის წმ. ეკატერინეს სახ. მონასტერში. 565 წლიდან 600 წლამდე მოსაგრეობდა ახლო უდაბნოში, შემდეგ კი 75 წლისა, სინას მთის იღუმენად აირჩიეს, სადაც დაწერა თავისი სახელგანთქმული "კიბე", რომელიც დღემდე წარმოადგენს "სამაგიდო წიგნს" მონაზვნებისთვის.

წმ. იმპერატორი იუსტინიანე (527-565 წწ.). მისი მმართველობა ეს არის საეკლესიო-პოლიტიკური ისტორიის მთელი ეპოქა. იუსტინიანე იყო უბრალო გლეხის შვილი, მაგრამ მრავალმხრივ განათლებული, არაჩვეულებრივად მოქნილი და გამოჩენილი პოლიტიკოსი და ღვთისმეტყველი. იუსტინიანე გახლდათ V მსოფლიო კრების ინიციატორი (553 წ.). მისი მცდელობა მონოფიზიტთა შემორიგებისა დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მათ უკვე ჩამოაყალიებს საკუთარი საეკლესიო ორგანიზაცია, რომლიდანაც ე. წ. აღმოსავლეთის ანტიქალკიდონიტურ ეკლესიათა მთელი ოჯახი აღმოცენდა. ხოლო გრანდიოზულმა მცდელობამ აღედგინა რომის იმპერიის ერთიანობა მთლიანად გამოფიტა ბიზანტიის ძალები, რამაც გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

მონოფიზიტების შემორიგების უკანასკნელი მცდელობა (და მით შეენარჩუნებინა იმპერიის რელიგიური ერთიანობა) ეკუთვნის იმპერატორ ჰერაკლიუსს (610-614 წწ.). ამისთვის გამოიგონეს სპეციალური ქრისტეანული პლატფორმა - მონოთელიტობა ¬- იმპ. ჰერაკლესა და პატრიარქ სერგის მწვალებლობა, რომელიც გულისხმობდა, რომ იესუ ქრისტეს ორი ბუნება ერთი ღვთაებრივი ნებით იყო შეერთებული. ეს მწვალებლობა დაიგმო VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესუ ქრისტეს მხოლოდ ორი ნება გვაძლევს დავინახოთ მასში ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი (იხ. VI მსოფლო კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრება).

ვეტჰუთებით დასახლებულ ესპანეთში, ადგილობრივი ეპისკოპოსები ცდილობენ მათკენ გადმოსვლა შეუმსუბუქონ არიანელებს ტერმინ filioque ("და ძისაგან") (ტოლედოს კრება, 589 წ.). ძალიან მალე ტოლედოელი ეპისკოპოსების ეს კერძო შეხედულება საკმაოდ მნიშვნელოვნად განივრცობა (თეოლოგუმენის უფლებით).

წმ. გრიგოლ I დიდი (გარდ. 604 წ.) იყო  წარჩინებული გვარიდან და გააჩნდა ბრწყინვალე განათლება. სახელმწიფო პოსტი მან დატოვა მონაზვნობის გამო და მთელი თავისი ქონება ექვსი მონასტრის მშენებლობას მოახმარა. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბიზანტიაში, სადაც შეადგინა პირველ შეწირულთა ლიტურგია. 590 წლიდან რომის პაპია. გაატარა საღმრთისმსახურებო გალობის რეფორმა (ე. წ. გრიგორიანული ანტიფონარიები). აქტიურად ეწეოდა მისიონერობას (მ. შ. ინგლისში). იტალიელ მამათა დიალოგების გადმოცემისთვის "დეოლოგოსი" ანუ "ორმეტყველი" ეწოდა.

ღირ. ამბა დოროთე (გარდ. დაახ. 619 წ.) იყო ღირ. ბარსონუფი დიდის მოწაფე. შემდგომ წავიდა სავანიდან და VI ს. მიწურულს დააფუძნა საკუთარი მონასტერი, რომელშიც დაწერა თავისი სახელანთქმული "სწავლანი".

ინგლისელთა ნათლობა, რომლებიც მატერიკიდან აღმოსავლეთ ბრიტანეთში გადასახლდნენ, განეკუთვნება VI ს. მიწურულს და დაკავშირებულია ბენედიქტიანელი ბერის ავგუსტინეს (გარდ. 604 წ.) სახელთან, რომელიც იქ წმ. პაპმა გრიგოლ I გააგზავნა. 597 წ. მისიონერებმა ქრისტეანობისკენ მოაქციეს ეტელბერტი (560-616) - კენტის საგრაფოს მმართველი და იქ კენტერბერიის საარქიეპისკოპოსო დააფუძნეს. ეპარქიები დაფუძნდა აგრეთვე ლონდინში (ლონდონი) და ებორაკში (იორკი). მაგრამ, ამ ძველ კათედრებზე (III ს.) ასევე პრეტენზიებს აცხადებს დასავლეთის სანაპიროებზე განთავსებული და დაკნინებული ადგილობრივი ძველ-ბრიტანული ეკლესია. მწვავდება ურთიერთობა ირლანდიის ეროვნულ ეკლესიასთანაც.

ამ მეტოქეობის კულმინაციური წერტილი ხდება უიტბის კრება (664 წ.), რომელზეც ერთმანეთს შეხვდნენ ირლანდიისა და რომის ეკლესიის წევრები. ხანგრძლივი დისპუტის შემდეგ, რომელზეც პრელატმა უილფრედმა ადგილობრივი ასკეტი კუტბერტი დაამარცხა, უპირატესობა რომის ეკლესიისგან გადაიხარა.

წმ. იოანე მრავალმოწყალე 609 წლიდან ალექსანდრიის პატრიარქია, რომელიც უსასყიდლოდ აპურებდა ყველა ღარიბს ალექსანდრიაში, რისთვისაც "მრავალმოწყალე" ეწოდა. სიკვდილამდე (გარდ. 619 წ.) მცირე ხნით ადრე ხელთ ჩაუვარდა პატრიარქ სერგისა და მონოფიზიტების ლიდერის გიორგი არსის მიმოწერა და იმთავითვე მოინდომა წამოეყენებინა საკითხი მწვალებლობის შესახებ, მაგრამ ვერ მოასწრო.

წმ. სოფრონ იერუსალიმელი (პატრიარქი) (გარდ. 638 წ.). ნეტ. იოანე მოსხის (გარდ. 620 წ.) სულიერი შვილი, რომელთან ერთადაც მოგზაურობდა ის სირიის, პალესტინისა და ეგვიპტის მონასტრებში და მასალებს თავისი ცნობილი "ლიმონარისთვის" აგროვებდა. დიდხანს ცხოვრობდა ალექსანდრიაში წმ. იოანე მრავალმოწყალესთან. 634 წ. არჩეულ იქნა იერუსალიმის პატრიარქად და იმწამსვე, მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეთი მონოთელიტთა წინააღმდეგ გამოვიდა. ამ დროს იერუსალიმი არაბთა ალყაში იყო მოქცეული, ორი წლის შემდეგ კი გაიძარცვა. ტაძრების შერყვნის დროს წმ. სოფრონი დარდისა და მწუხარებისგან გარდაიცვალა. დატოვა ღირ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება და საღმრთო ლიტურგიის განმარტება.

ისიდორე პელუსიელი (გარდ. 636 წ.) - საეკლესიო მწერალი და მეცნიერი, "შუასაუკუნეების ნათელი". 600 წლიდან სევილიის არქიეპიესკოპოსი. დატოვა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მათ შორის, "მსოფლიო ქრონიკა", "ეტიმოლოგია" (20 წიგნად) და "სენტენციები" (დოგმატიკის პირველი სისტემატური გადმოცემა) სამი წიგნი. 

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი (გარდ. 662 წ.) - მონოთელიტთა მწვალებლობის უმთავრესი მოწინააღმდეგ. იმპერატორ ჰერაკლეს მდივანი, რომლისგანაც 625 წ. წამოვიდა და ჯერ კიზიკის წმ. გიორგის მონასტერში განმარტოვდა, შემდეგ კი ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდა. გახდა წმ. სოფრონის მოწაფე, მისი სიკვდილის შემდეგ კი გაემგზავრა რომს, სადაც ლატერანის 650 წ. კრებაზე დაგმო მონოთელიტობა. მწვალებელმა იმპერატორმა ის დააპატიმრა და აწამა (ამოჰკვეთეს ენა და მოაჭრეს მარჯვენა). გადმოასახლეს საქართველოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც (გადმოცემით ანაკლიაში), დატოვა უდიდესი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. მისი უმთავრესი ნაშრომია: "მისტაგოგია".

მონოთელიტური მწვალებლობა, რომელიც აღმოსავლეთის თითქმის მთელს ეკლესიას შეეხო, დაგმო რომმა 650 წლის ლატერანის კრებაზე, რომელსაც წმ. პაპი მარტინე თავმჯდომარეობდა. წმ. მარტინე იმპერატორ ჰერაკლეს ბრძანებით შეიპყრეს და ბიზანტიაში ჩამოიყვანეს, სადაც მან ღირ. მაქსიმე აღმსარებლის ბედი გაიზიარა. გარდაიცვალა გადასახლებაში 655 წ.

ბედა პატივდებული (გარდ. 735 წ.) - ანგლოსაქსონელი ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი. 17 წლიდან ბენედიქტიანელი ბერი, რომელიც ჯერ ვირმონტის მონასტერში, შემდეგ კი იარროუს მონასტერში მოსაგრეობდა. 702 წლიდან პრესვიტერია. გადათარგმნა და კომენტარები დაურთო ბიბლიას. იყო გრამატიკკოსი. უმთავრესი ნაშრომია: "ინგლისელთა საეკლესიო ისტორია" (731 წ.) - ძველი ინგლისური ისტორიის ერთადერთი წყარო. 

ბონიფანტე, მოციქული გერმანიისა - ასევე ანგლო-საქსონური მონასტრის (უესსექსში) აღზრდილი. 719 წლიდან მისიონერობდა გერმანულ ტომთა შორის. 725 წლიდან იყო ჰესსენისა და ტიურინგიის ეპისკოპოსი. დააფუძნა სამისიონერო სკოლა. 732 წლიდან მთელი გერმანიის არქიეპისკოპოსი (ლეპტინის საერთოფრანკული კრების თავმჯდომარე).

ხატმებრძოლეობა - უკანასკნელი "იმპერატორული" მწვალებლობა, რომელიც ხატთაყვანისცემას განიკითხავდა ვითარც კერპთაყვანისცემას. ეს მწვალებლობა მომდინარეობს ისავრიელთა დინასტიის იმპერატორთაგან. 726 წ. ლეონ III (717-741 წწ.) გამოსცა ედიქტი ხატებისა და წმიდა ნაწილების წინააღმდეგ, 754 წ. მისმა ძემ კონსტანტინე V (741-775) მოიწვია კრება ხატების თაყვანისცემის წინააღმდეგ. ეს მწვალებლობა დაგმო VII მსოფლიო კრებამ (787 წ.), თუმცა მიუხედავად ამისა, იმპერატორმა ლეონ V (813-820) და მისმა მემკვიდრეებმა ის კვლავ განაახლეს. საბოლოოდ მართლმადიდებლობამ ამ მწვალებლობაზე 843 წლის კრებაზე იზეიმა.

ღირ. იოანე დამასკელი (გარდ. დაახლ. 750 წ.) იყო ხატმებრძოლეთა მწვალებლობის უმთავრესი მოწინააღმდეგე მის პირველ ეტაპზე. შეიმუშავა ხატის ღვთისმეტყველება. მისი უმთავრესი თხზულებაა "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომელიც სანიმუშო თხზულებაა ქრისტეანული დოგმატიკის სისტემატური გადმოცემისა. ჯერ კიდევ ახალგარზდული გაფურჩქვნის ხანაში (იყო ხალიფას პირველი მინისტრი) განმარტოვდა ღირ. საბა განწმენდილის ლავრაში, სადაც ეწეოდა ჰიმნოგრაფიას, შეადგინა "ოქტოიხის" ხმები და დაწერა 64-მდე საგალობელი (კანონი), მათ შორის, სააღდგომოც.

ღირ. თევდორე სტოდიელი (გარდ. 826 წ.) იყო ხატმებრძოლეობის მწვალებლობის უმთავრესი მოწინააღმდეგე მის მეორე ეტაპზე. ბერი, შემდეგ კი ოლიმპიის მონასტრის იღუმენი, რომელიც არ შეუშინდა ეკლესიიდან მოეკვეთა თვით იმპერატორი კონსტანტინე V, რის გამოც გადაასახლეს. დედოფალმა ირინემ ის კვლავ დააბრუნა სტოდიის მონასტერში, საიდანაც უშიშრად ამხელდა ლეონ V, რის გამოც აწამეს და კვლავ ბითვინიაში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა. მისი დარიგებებს ბერ-მონაზონთათვის დაეთმო ცნობილი კრებულის, "სათნოთმოყვარების" მთელი IV ტომი.

დასასრული

კატეგორია: † მსოფლიო საეკლესიო კრებები | დაამატა: vasoelis (04.09.2013)
ნანახია: 1868 | ტეგები: წმინდანები და პიროვნებები, მსოფლიო კრებათა პერიოდის ზოგიერთი მ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: