საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
† პატროლოგია და პატრისტიკა [1]
† დოგმატი და დოქსა [1]
† ორთოდოქსია [1]
† ქრისტიანული ლიტერატურის რაობა [1]
† ჰაგიოგრაფია [1]
† აპოკრიფები [1]
† ეგზეგეტიკა [1]
† დოგმატიკა [1]
† პოლემიკა [1]
† ასკეტიკა [1]
† ფილოსოფია [1]
† ლიტურგიკა [1]
† ჰიმნოგრაფია [1]
† ენის ფენომენი [1]
† პატროლოგია და სქოლასტიკა [1]
† მოციქულთა სიმბოლო [1]
† „დიდაქეს“ შესახებ [3]
† კლიმენტი რომაელი [1]
† ეგნატე ანტიოქიელი [1]
† ეპისტოლე დიოგნეტესადმი [1]
† არეოპაგიტული თხზულებები [6]
† ერმი - მწყემსი [2]
† აპოლოგეტური ეპოქა [1]
† არისტიდე, ათენელი ფილოსოფოსი [1]
† ბალავარიანი [1]
† არისტონ პელაიელი. იუსტინე მარტვილი [3]
† ტატიანე სირიელი [1]
† თეოფილე ანტიოქიელი [2]
† ირინეოს ლიონელი [4]
† პანტენოს ალექსანდრიელი [1]
† კლიმენტი ალექსანდრიელი [3]
† ორიგენე [1]
† წარწყმედის რაობა [1]
† დიონისე ალექსანდრიელი [1]
† გრიგოლ ნეოკესარიელი [3]
† ლათინურ ენოვანი ქრისტიანული მწერლობა [1]
† მინუციუს ფელიქსი - 'ოქტავიუსი' [1]
†ტერტულიანე [1]
† II-III საუკუნეების რომის პაპები [1]
† იპოლიტე რომაელი [4]
† კვიპრიანე კართაგენელი [4]
† ნოვატიანუსი [1]
† ქრისტიანული პოეზიის სათავეები [1]
† ამონიოს, თეოგნოსტოს და პიერიუს ალექსანდრიელები [1]
† პიერიუსი და წმ. პეტრე ალექსანდრიელი [1]
† არქელაოსი კასქარის ეპისკოპოსი და მანიქეველობა [1]
† თეონა ალექსანდრიელი [1]
† ფილეოსი [1]
† გრიგოლ პართეველი [1]
† პამფილე კესარიელი [1]
† მეთოდე, პატრელი ეპისკოპოსი [1]
† ქრისტიანობის ისტორია დევნიდან აღიარებამდე [1]
† მსოფლიო საეკლესიო კრებები [9]
† განდეგილური მოღვაწეობა [4]
† არიანული ერესი [1]
† იაკობ ნიზიბიელი [1]
† ევსტათი ანტიოქიელი [1]
† ანტონი დიდი [1]
† არიოზი [1]
† ევსები ნიკომიდიელი [1]
† ქართული მესიანიზმი [7]
† ათანასე ალექსანდრიელი [6]
† მაკარი დიდი, ეგვიპტელი [4]
† მაკარი ალექსანდრიელი, ჰორსისიუსი, თეოდორე [1]
† ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი [3]
† თეოგონიოს ნიკიელი, ასტერიოს სოფისტი [0]
† მარკელოზ ანკვირელი [1]
† სამი დიდი კაბადოკიელი მამა [1]
† ბასილი დიდი [8]
† გრიგოლ ღვთისმეტყველი [8]
† გრიგოლ ნოსელი [8]
† კაბადოკიელი მამების წარმომავლობა [1]
† იოანე ოქროპირი [27]
† ტერმინი "ხატი" და ყოვლადწმიდა სამება [1]
† ტერმინები: "ხატი" და "არქეტიპი [1]
† ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება [1]
† ადამიანის ღვთისადმი ხატება [1]
† ადამიანის ღვთისადმი მსგავსება [1]
† კირილე ალექსანდრიელი [11]
† მაცხოვრის ორბუნებოვნება [0]
† თეოდორიტე კვირელი [0]
† ქართლის სულიერი არჩევანი [0]
† კირიონ I, კათალიკოსი [0]
† ქართული საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება [0]
† მრავალთავი [0]
† სვინაქსარი და ლექციონარი [0]
† იერუსალიმური ლექციონარი [0]
† იადგარი [0]
†ლოცვანი [0]
†ქრისტიანობა და ფილოსოფია [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » † კვიპრიანე კართაგენელი

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი - III-IV საუკუნეების ეკლესიოლოგიური საკითხები

† წმიდა კვიპრიანე კართაგენელი - III-IV საუკუნეების ეკლესიოლოგიური საკითხები[1]

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

Киприан Карфагенский

წმინდა კვიპრიანე მართლმადიდებლურ ლათინურ და ბერძნულ პატრისტიკას თანაბრად ეკუთვნის. ის ლათინურ აფრიკაში – ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, იტალიის საპირისპირო მხარეს მდებარე რომის პროვინციაში ცხოვრობდა და ლათინურ ენაზე წერდა. მისი შრომები მნიშვნელოვანწილად დაედო საფუძვლად IV და შემდგომი საუკუნეების ეკლესიოლოგიურ სწავლებებს (მიუხედავად იმისა, რომ წმინდა კვიპრიანეს თხზულებები ბერძნულად არ თარგმნილა).

წმინდა კვიპრიანე წარმართულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. ახალგაზრდობის წლებში იგი დიდად წარმატებული იურისტი გახდა, თუმცა კვლავაც წარმართად რჩებოდა. მისი მჭევრმეტყველებისა და სიტყვაკაზმულობის შესახებ ლეგენდები დადიოდა. წმინდა კვიპრიანესადმი მიძღვნილ სიტყვაში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ”რამდენადაც ადამიანები საზოგადოდ აღემატებიან ცხოველებს სიტყვიერების ნიჭითა და უნარით, იმდენად აღემატებოდა წმინდა კვიპრიანე ამ ნიჭით სხვა ადამიანებს”.

კვიპრიანე კართაგენელი მხოლოდ 45 წლის ასაკში მოინათლა, რისთვისაც იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა. უკვე ერთი წლის შემდეგ ახალი მოღვაწე მღვდლად აკურთხეს, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მან საეპისკოპოსო ხელთდასხმა მიიღო. კვიპრიანე იმპერატორ ვალერიანეს დროს მოწყობილ დევნათა დროს ეწამა. მას იულიუსის კალენდრით 258 წლის 31 აგვისტოს ხმლით მოკვეთეს თავი. მასზე ასრულდა მისივე ერთ-ერთი ეპისტოლის სიტყვები: ”ღვთისა და ქრისტეს მხედრებს კი არ კლავენ, არამედ გვირგვინს ადგამენ” (ეპ. 80.2).

წმინდა კვიპრიანემ 66 ეპისტოლე და 12 ტრაქტატი დაგვიტოვა. თუ უშუალოდ მის მიერ შედგენილი არა, ყოველ შემთხვევაში მისი ხელმძღვანელობით არის ჩამოყალიბებული III ს-ის 50-იანი წლების კართაგენის კრების კანონები. წმინდა კვიპრიანე ყოველთვის, თუნდაც ერთი შეხედვით სრულიად თეორიულ განხილვებშიც კი, საეკლესიო საკითხებით იფარგლებოდა. ჩვენ მასთან ვერ ვნახავთ საგანგებო მსჯელობას თუნდაც ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთა შესახებ. მისი საღვთისმეტყველო თხზულებები მთლიანად ექცევა იმ სფეროში, რასაც ეკლესიოლოგიას ვუწოდებთ.

აპოლოგეტებისა და სამოციქულო მამების მსგავსად, წმინდა კვიპრიანე ეკლესიას ყოვლადწმინდა სამების წიაღად განიხილავს:

"ქრისტე მამას ყველასათვის ევედრება2, როცა ამბობს: "არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;  რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ,” (ინ. 17,20-21). დიდია უფლის სახიერება და სიყვარული ჩვენი გამოსხნის განგებულებაში! ის არა მხოლოდ საკუთარი სისხლით ჩვენი გამომსყიდველია, არამედ მავედრებელიცაა ჩვენს გამო. დააკვირდით, რა სურდა მას თხოვნისას: რომ ჩვენც იმავე ერთობისებრ ვყოფილიყავით (in ipsa unitate), როგორითაც თანაარსია მამა და ძე (საუფლო ლოცვის შესახებ, 30; შდრ. თ. 23).

"იმავე ერთობისებრ” და არა რაიმე "მსგავსის” ან "მაგვარი” ურთიერთობით. სწორედ იმ ერთობისებრ, როგორიც მამასა და ძეს შორის არსებობს, უნდა ვიყოთ ჩვენც ერთნი ერთმანეთთან ვითარცა ეკლესია.

როგორც შეუძლებელია არსებობდეს სხვა ღმერთი, ასევე შეუძლებელია იყოს სხვა ეკლესია. ამიტომ "ეკლესია ერთია და მხოლო” (შდრ. Ecclesia unda et sola, ეპ. 65.5).

"ვისთვისაც ეკლესია დედა არაა, მისთვის ღმერთი არაა მამა” (ეკლესიის ერთობის შესახებ, 6).

წმინდა კვიპრიანე ადგილობრივ ეკლესიათა მრავალრიცხოვნებას, რომლებიც ამის მიუხედავად ერთ ეკლესიას შეადგენენ, მზის სინათლის მაგალითზე გამოხატავს:

”ეს სინათლე განსხვავებულ ადგილებშია, თუმცა მზე რომ არ ყოფილიყო, სინათლე არსად იქნებოდა. ამგვარივეა ერთი და მხოლო ეკლესია თავის მრავალრიცხოვან ადგილობრივ გამოვლინებებში” (ეკლესიის ერთობის შესახებ, 5).

ერთობის თვისება, რასაც ეკლესია ფლობს, პრინციპულად განასხვავებს მას ადამიანების ყოველგვარი ამქვეყნიური საზოგადოებრივი კავშირებისაგან, რადგან იგი წმინდა სამების მადლით აღვსილი წიაღია.

ეკლესიის ერთობის საღვთო დაფუძნებულობა ვერ უშვებს მასში დოგმატურ აზრთა სხვადასხვაობას:

”უფალი ამბობს: ”მე და მამა ერთი ვართ” (ინ. 10,30), და კიდევ, მამისა და ძის შესახებ დაწერილია: ”ეს სამი ერთია” (I იოან. 5,7). ვინ იფიქრებს, რომ საღვთო სიმყარეზე (de divino firmitate) დაფუძნებული და ზეციურ საიდუმლოებებს თანაზიარებული ეს ერთობა შეიძლება ეკლესიაში დაირღვეს და დაიყოს ურთიერთდაპირისპირებულ სურვილთა უთანხმოებით? არა, ამგვარი ერთობის არდამცველი არ იცავს ღვთის რჯულს, არ იცავს მამისა და ძისადმი რწმენას, არ არის დაცული ცხოვრებასა და გამოხსნაში” (ეკლესიის ერთობის შესახებ”, 6).

წმინდა კვიპრიანეს დასკვნა სრულიად ცხადი და მკაფიოა: ის, ვინც, თუნდაც გარეგნულად, ცხოვრობს ეკლესიის ცხოვრებით და ამ ცხოვრებაში საეკლესიო მოძღვრებისგან განსხვავებული პირადი სწავლების შეტანას ცდილობს, თავს განიყენებს ეკლესიისა და ხსნისგან. ეკლესია, ეს საღვთო და არა კაცობრივი ერთობაა.

რანაირად ხდება წმინდა სამების შინაგანი ერთობა ეკლესიის ერთობა? როცა მოძღვარი ამბობს, რომ ეკლესიის ერთობა საღვთო სიმყარეზეა დაფუძნებული, იგი იქვე ურთავს: ”და ზეციურ საიდუმლოებებს თანაზიარებული”. სწორედ საეკლესიო საიდუმლონი და, პირველ ყოვლისა, ევქარისტია არის ღვთისა და კაცობრიობის შეერთება. წმინდა კვიპრიანე საიდუმლოს ამ აზრს ევქარისტიული განგების თავისებურების (წყლით გაზავებული ღვინისა და საფუარიანი პურის გამოყენების აუცილებლობა) განმარტების დროს უსვამს ხაზს:

”ღვინო რომ ქრისტეს სისხლი გახდეს, ის წყლისა და ღვინის ნაზავი უნდა იყოს, რადგან აქ არის ღმერთიც და კაციც; ასევე, პური რომ ქრისტეს სხეული გახდეს, მასში ფქვილიც უნდა იყოს და საფუარიც” (ეპ. 63,13).

სატანჯველ ადგილებში გადასახლებული და ზიარების საშუალების არქონის გამო განსაკუთრებით დამწუხრებული აღმსარებლების ნუგეშინისცემისას, წმინდა კვიპრიანე ფსალმუნის სიტყვებს იმოწმებს (”მსხვერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსვრილი”, ფს. 59,19) და შემდგომ განმარტავს:

”... თქვენ ამ მსხვერპლს განუწყვეტლივ აღასრულებთ, დღე და ღამე. თავად თქვენ გახდით ღვთის მსხვერპლი, დასაკლავი ტარიგი და აღასრულეთ რომაელთა მიმართ მოციქულის მიერ მიწერილი სიტყვები: "შეგაგონებთ, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმინდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად” (რომ. 12,1; იხ. ეპ. 76,3).

საეკლესიო ერთობიდან განდგომილთა მიმართ წმინდა კვიპრიანეს დამოკიდებულება მთლიანად გამომდინარეობს ეკლესიის ერთობის შესახებ საეკლესიო სწავლებიდან. ამგვარი ადამიანები ქრისტიანები არ არიან. მისი ცნობილი სიტყვებია:

"ვინც არ არის ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტიანი არ არის” (შდრ. Cristianus non est qui in ecclesia non est, ეპ. 55,24).

ეკლესიის მიღმა არ არსებობს არავითარი ქრისტე, თუმცა კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავხედობენ და კადნიერად უწოდებენ ამ სახელს საკუთარ თავს, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარი თავისა და სხვათა მოტყუებაა:

"თუ განვიხილავთ მათ, რომლებსაც ეკლესიის გარეშე სწავლებისა სჯერათ, აღმოჩნდება, რომ ყველა მწვალებელს სრულიად სხვა სარწმუნოება აქვს, თუ პირდაპირ ვიტყვით, მათთან მხოლოდ სიწმინდისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრებული ურჯულოება, ღვთის გარეგნობა, მკრეხელობა და გახრწნილებაა” (ეპ. 73,4-5).

წმინდა კვიპრიანეს მათე მახარებლის სიტყვებით უპირისპირდებოდნენ: "სადაცა ორი, გინა სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ” (მათე 18,20).

ამაზე წმინდა კვიპრიანე უპასუხებს:

"...ეკლესიის დამფუძნებელი და დამამყარებელი არ გამოყოფს ადამიანებს ეკლესიისაგან, არამედ ამხელს რა სარწმუნოებისგან განდგომილთ და უხმობს რა მორწმუნეებს მშვიდობისკენ, თავისი სიტყვებით აჩვენებს, რომ იგი უფრორე ორ ან სამ ერთსულოვნად მლოცველთან არის ხოლმე, ვიდრე მრავალ განსხვავებულად მოაზროვნესთან, და რომ მეტის გამოთხოვა შეიძლება მცირეთა შეთანხმებული ვედრებით, ვიდრე მრავალთა შეუთანხმებელი თხოვნით” (ეკლესიის ერთობის შესახებ, 12,13).

ამქვეყნად ეკლესიის ერთობა იერარქიული ერთობაა, რაც თავად ეკლესიის იერარქიულ აგებულებას შეესატყვისება.

"ეკლესია ეპისკოპოსის, კლერიკოსთა დასისა და ყველა მორწმუნისგან შედგება” (ეპ. 33,1).

იმავდროულად, Episcopum in ecclesia esse et ecclesiam in episkopo (ეპ. 66,5).

ეს შეიძლება ითარგმნოს როგორც სიტყვა-სიტყვით: ”ეპისკოპოსი ეკლესიაში არსებობს, ხოლო ეკლესია – ეპისკოპოსში”, ისე უფრო ლიტერატურულად - ”ეპისკოპოსი ეკლესიაშია, ხოლო ეკლესია ეპისკოპოსში”.

მაგრამ ყოველი ეპისკოპოსი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი მღვდელთმთავარი, როცა ის მსოფლიო ეპისკოპატთანაა სრულ განუყოფლობაში.

მსოფლიო ეკლესიის ერთობა ეპისკოპოსთა მეშვეობით ხორციელდება, თუმცა თითოეული ეპისკოპოსიც თავის ღირსებას მხოლოდ მსოფლიო ეპისკოპატთან ერთობის მეშვეობით იღებს:

”ეპისკოპოსობა (ეპისკოპატი – ა.ხ.) ერთია, რომლისგანაც თითოეულს ცალკე აქვს თავისი წილი” (Episcopatus unus est cuius a singulis in solidum pars tenetur, ეკლესიის ერთობის შესახებ, 5).

ეპისკოპოსთა ერთობისგან განდგომა ყოფილ ეპისკოპოსს არამარტო უმადლოდ, მადლისგან გაშიშვლებულად ტოვებს, არამედ სიბილწის წყაროდაც აქცევს მას:

”ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ შეგბილწავთ მისი (განხეთქილებაში მყოფი ეპისკოპოსის) მანკიერ ევქარისტიასთან და მოსახსენიებელ პურთან3 ზიარება”.

აბეჯითებდა რა ყოველი ეპისკოპოსის მსოფლიო ეპისკოპატთან ერთობის და ასევე ეპისკოპოსის პირადი სიმართლისა და სიწმინდის აუცილებლობას, წმინდა კვიპრიანეს არ გამოჰქონდა დასკვნა, რომ თითქოს პიროვნულად ცოდვილი, თუმცა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, ეკლესიის მიღმა რჩება. მართლმადიდებელი ღვთისმსახურის პირად უღირსებასა და მის მიერ მადლისმიერი მღვდელმოქმედებების შესრულების შესაძლებლობათა შორის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის ფორმულირება მას არ მოუცია და, შესაბამისად, არც გადაუჭრია, როგორც პრობლემა, თუმცა კონკრეტული მიზეზების თაობაზე მისი საკმაოდ მრავალრიცხოვანი გამოთქმები გვაგებინებენ, რომ მნიშვნელოვანია ორივე მხარე: საეკლესიო იერარქიის შიგნით სწორი პოზიციის დაკავებაც და პირადი სიმართლეც. ერთხელ, პირადად მისდამი მიმართულ ბრალდებათაგან განმართლებისას წმინდა კვიპრიანე წერდა: მე რომ მართლაც ასეთი ადამიანი ვყოფილიყავი, მაშინ ”...საძმოს უკვე ექვსი წელი არ ეყოლებოდა ეპისკოპოსი, ერს – მეთაური, სამწყსოს – მწყემსი, ეკლესიას – მეწინამძღვრე, ქრისტეს – მონაცვლე (antistitem), ღმერთს – მღვდელი”.

წმინდა კვიპრიანე მის მიმართ სამართლიან მიდგომას ითხოვს:

"...იმისთვის, რომ ჩვენზე დაქვემდებარებულ მორწმუნეთა ასეთი სიმრავლე გარდაცვალების შემდეგ გადარჩენისა და მშვიდობის სასოების გარეშე არ დარჩეს, რომ ხელახლა მოქცეულთა შესახებ არ იფიქრონ, თითქოს მათ ჩვენგან ნათლისღებისა და სულიწმინდის არავითარი მადლი არ მიუღიათ, - იმისთვის, რომ ამდენი დაცემულისა და მონანულისთვის ჩვენი გადაწყვეტილებით მიცემული მშვიდობა და ერთობა არ განადგურდეს” (ეპ. 66,5).

შეიძლება მოვუხმოთ წმინდა კვიპრიანეს გამონათქვამებს იმ ეპისკოპოსთა მღვდელმოქმედების არანამდვილობის თაობაზე, რომლებმაც დევნათა პერიოდში დაცემის შემდეგ მსახურების განახლება იკადრეს (ეპ. 65,1-4), თუმცა კი, როგორც წმინდა მოწამე ილარიონ ტროიცკი აღნიშნავს, წმინდა კვიპრიანე სასულიერო პირთა ზოგადად ყველა შეცოდებას კი არ გულისხმობდა, არამედ მხოლოდ უმძიმეს დანაშაულებს, როგორებიცაა მაგალითად რწმენის უარყოფა და განდგომა, საეკლესიო ერთობის დარღვევა ან მკვლელობა.

წმინდა კვიპრიანე ეპისკოპოსთა პირადი უღირსების შესაძლებლობას აღიარებს:

"რა თქმა უნდა, ზოგჯერ უღირსებიც დგინდებიან, თუმცა არა ღვთის ნებით, არამედ ადამიანური მიკერძოებით (praesumptionem). ამგვარი უკანონო და უმართებულო ამორჩევის შედეგი ღვთისთვის მიუღებელია” (ეპ. 67,4).

ნიშანდობლივია, რომ აქ წმინდა კვიპრიანე გაურბის თეორიულ მსჯელობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად დამაბრკოლებელი იქნება ამგვარი უღირსება საიდუმლოთა მადლმოსილებისათვის.

წმინდა კვიპრიანეს გამონათქვამს თანხვდება მოციქულთა 31-ე კანონი: "მღვდელი, რომელიც უგულებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ისე, რომ სასამართლოს წინაშე ეპისკოპოსს ვერავითარ ისეთ ქმედებაში ვერ ამხელს, რაც ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იქნებოდა, განკვეთილ იქნას როგორც მთავრობისმოყვარე”.

ეს კანონი თითქოს არ უგულებელყოფს ეპისკოპოსისგან განდგომას თუკი ის "ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღდმეგო” რამეშია მხილებული. მხოლოდ 861 წელს მიიღეს ამ კანონის ნაცვლად სხვა, კონსტანტინეპოლის ორგზისი ადგილობრივი კრების მე-15 კანონი, სადაც "ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგოს” ცნების არეალი, როგორც ეპისკოპოსისგან სასამართლოს გარეშე განდგომისთვის საკმარისი, მხოლოდ ერესით განისაზღვრა. IX საუკუნის დასაწყისში წმინდა თეოდორე სტუდიელის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბდა საეკლესიო სწავლება იმის თაობაზე, თუ როგორ, ვისთვის და რამდენად შეიძლება მოქმედებდეს საეკლესიო საიუდმლოთა მადლი უღირს მღვდელმსახურთა მეშვეობით და როგორი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრისთვის საკუთრივ მათ ცოდვათა ხასიათს.

წმინდა კვიპრიანეს ეპოქაში საკითხი ეპისკოპოსის "უფლებამოსილებათა” შესახებ, ნოვატიანელთა ("ნავატიანოზთა”) სქიზმამ დააყენა.

ამ განხეთქილების შემოქმედნი, რომაელი მღვდელი ნოვატიანუსი და მისი საეპისკოპოსო ხელთდასხმის მოთავე ეპისკოპოსი ნოვატი გახდნენ. განხეთქილების ადრეული ისტორიისა და მისი თავდაპირველი მიზეზების ისტორიული რეკონსტრუქცია საკმაოდ რთულია, თუმცა მათ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ცნობილია, რომ როცა პაპი გახდა კორნელიუსი (251 წ.), ნოვატიანუსს მასთან კონფლიქტი მოუვიდა და იგი ანტიპაპად იქნა ხელთდასხმული. თავისი სწავლებით ნოვატიანელები ძალიან წააგავდნენ II საუკუნის მონტანისტებს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც ჰქონდათ მათგან. საერთო ჰქონდათ ის, რომ ერთიც და მეორეც ნათლობის შემდგომ ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვების მონანიების შესაძლებლობას არ აღიარებდნენ, აგრეთვე ის, რომ უარყოფილი იყო მღვდლობის ეკლესიის მიერ აღიარებული გაგება. მაგრამ მონტანისტებსა და ნოვატიანელებს შორის განსხვავება იმაში იყო, თუ კონკრეტულად რა სახით უარყოფდნენ ისინი ჭეშმარიტ მღვდლობას. მონტანისტები იმ აზრიდან გამოდიოდნენ, რომ ეკლესიის ყველა წევრი თანასწორი მღვდელია და სწორედ ამის გამო თავად ღვთის გარდა ვერავინ მიიღებდა მათ სინანულს მომაკვდინებელ ცოდვათა შემთხვევაში. ნოვატიანელები სულაც არ უარყოფდნენ ეკლესიის მიწიერ ცხოვრებაში განსაკუთრებული სამღვდელო იერარქიის არსებობის აუცილებლობას, თუმცა მონტანისტთა მსგავსად მსჯელობდნენ და ეპისკოპოსის ძალაუფლებას ზღუდავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მომაკვდინებელ ცოდვათა მიტევება მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება, ამქვეყნიურ ეკლესიაში კი შეუძლებელია ეს აღსრულდეს. აქედან გამომდინარეობდა ნოვატიანელთა მიერ საკუთარი თავისთვის შერჩეული სახელიც – "კათარები”, ანუ "განწმენდილები” (IV საუკუნის ბოლოს წმინდა ეპიფანე კვიპრელი ამ სქიზმატთა შესახებ ასეთ რამეს წერს: "ე.წ. "განწმნდილთათვის”, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, უწმინდურთათვის”, ერესების წინააღმდეგ, 59,13).

წმინდა კვიპრიანემ და მასთან ერთად სხვა მამებმა სამღვდელო უფლების ნოვატიანურ შეზღუდვაში არა უბრალოდ განხეთქილების მოსაწყობად მოგონილი მცდარი საბაბი, არამედ სწორედ საეკლესიო მოძღვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტების დამახინჯება განჭვრიტეს (ნაწილობრივ ამით იხსნება ნოვატიანელთა მიმართ მამათა განსაკუთრებული სიმკაცრე).

სამღვდელო უფლების იმ აზრით შეზღუდვა, თითქოს მღვდლობის საიუდმლოს არ ძალუძდეს მომაკვდინებელი ცოდვების მიტევება მონანულთათვის, მიწიერი ეკლესიის ღმერთთან დამოკიდებულების სრულიად არამართლმადიდებლურ გაგებას გულისხმობს. ჩვენ უკვე ვნახეთ წმინდა კვიპრიანესთან, რომ ეკლესია დედამიწაზეც ღვთის შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობს, სწორედ ამაზეა დაფუძნებული მისი ერთობა და ეს ერთობა წარმოადგენს მისი იერარქიის შინაარსს ("Episcopum in ecclesia esse et ecclesiam in episcopo"). ჭეშმარიტი ეპისკოპოსის ხელისუფლება – ეს თავად ღვთის მეუფების გამოვლენაა და არა ღვთისგან ცალკემდგომი რამენაირი ხელმწიფება.

ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა დრო ეპისკოპოსთა კრებების გარეშე. პირველ კრებად იერუსალიმში გამართული მოციქულთა შეკრება ითვლება, რომელიც ”საქმეთა” XV თავშია აღწერილი. III საუკუნეში საეკლესიო ორგანიზაციის ზრდის კვალობაზე ეს პრაქტიკაც უფრო მეტად ვრცელდება. კართაგენის საყდარს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქრისტიანულ სამყაროში და წმინდა კვიპრიანემაც, როგორც მისმა მეთაურმა, არაერთგზის (251, 253 და 256 წლებში) მოიწვია აფრიკის ეპისკოპოსთა კრება (აფრიკა – რომის პროვინციას ეწოდებოდა, რომელიც გეო-პოლიტიკურად აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს, საჰარასა და ეგვიპტეს შორის მდებარე ტერიტორიებს მოიცავდა). ამ კრებათა კანონებმა შედარებით გვიან გამართულ კართაგენის სხვა კრებათა კანონებთან ერთად ჩვენამდე როგორც ლათინური ორიგინალის, ისე ბერძნული თარგმანის სახით მოაღწია აფრიკის ეკლესიის კანონთა წიგნების შემადგენლობაში (V საუკუნის შუა წლები). გვიანბიზანტიურ ტრადიციაში, სადაც უფრო მეტად თარგმანის შემოკლებული და არა სრული რედაქცია იყო უფრო გავრცელებული, მათ შეცდომით "კართაგენის კრების კანონების” სახელი განუკუთვნეს, თითქოს ყველა ეს კანონი ერთმა კრებამ მიიღო.

წმინდა კვიპრიანე კრებების მნიშვნელობაზე მრავალ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა ყოველთვის მოკლედ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის მიერ კართაგენის 256 წლის კრების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვას ეპისკოპოსთა შორის თანასწორობის ანუ ერთპატივობის შესახებ. შეუძლებელია არსებობდეს, მიიჩნევდა ის, სხვა ეპისკოპოსების მმართველი ეპისკოპოსი. 256 წლის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში ერთი ნიშანდობლივი გამონათქვამიცაა:

"ჩვენს შორის, მაშ, არავინ დაადგენს თავის თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად” (neque enim quisquam nostrum episcopum se episcoporum constituit).

წმინდა კვიპრიანეს ყველა გამონათქვამი ეწინააღმდეგება იდეას ერთი რომელიმე ეპისკოპოსის, კერძოდ კი რომის მღვდელთმთავრის პრიმატის (”პირველობის”) შესახებ (სწორედ რომის ეპისკოპოს სტეფანესთან მოუწია მას განსაკუთრებით მძიმე და მწვავე პოლემიკის გამართვა). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი არანაკლებ შორის იყო ეპისკოპოსთა ყოველი შეკრების უცთომელობის იდეისგანაც, რომლითაც დღესდღეობით პაპის შესახებ ლათინური სწავლების ჩანაცვლებას ცდილობს ზოგიერთი მართლმადიდებელი. როგორც თითოეული ეპისკოპოსი, ისე – მით უმეტეს – ეპისკოპოსთა კრებული ღვთის ნების სრულად და წმინდად გამოხატვისთვის არის მოწოდებული და ეპისკოპოსთა კრებები არსით ეკლესიის ერთობის მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულებაა და არა ერთადერთი. უმთავრესია ეპისკოპოსთა ურთიერთკავშირი, რაც რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ ახალკურთხევადის ერთობლივი ხელთდასხმისას ვლინდება, ვლინდება ურთიერთაღიარების წერილებში, რომლებსაც ეპისკოპოსები ცვლიან და ზოგადად ადგილობრივ ეკლესიათა ყოველდღიური ურთიერთობის ჟამს ყველა მნიშვნელოვან საქმეში. სწორედ ამ კავშირს გამოაკლდებიან სქიზმატიკოსები და მწვალებლები, და ეს აშკარაა მაშინაც კი, როცა დროის გარემოებათა გამო მათ წინააღმდეგ კრების მოწვევა ვერ ხერხდება (წმინდა კვიპრიანეს სიცოცხლეში ასე, კრების გარეშე განისაზღვრებოდა ნოვატიანელებთან ურთიერთობაც).

წმინდა კვიპრიანეს დროს ეკლესია მოიცვა კამათმა იმის თაობაზე, თუ როგორ, რა წეს-განგებით უნდა მომხდარიყო სქიზმებიდან და მწვალებლობებიდან ეკლესიაში უკუმოქცეულთა შეწყნარება. ამ საკითხზე პაექრობა თითქმის განხეთქილების მიზეზიც კი გახდა. პრობლემა წამოჭრა რომის პაპმა სტეფანე I-მა (254-257), რომელმაც ადგილობრივი ეკლესიები მეთაურებს შორის ერთადერთმა დაიწყო ზოგიერთი მონანული მწვალებლის ნათლისღების გარეშე მიღება. პაპი სტეფანე შეუდგა კავშირის გაწყვეტას იმ ეკლესიებთან, რომლებიც საწინააღმდეგოს განაჩინებდნენ. მაშინდელი ეპისკოპოსების მნიშვნელოვანი ნაწილის შეხედულებით, ერეტიკულ ნათლობას არათუ მართლმადიდებლური ნათლისღების შეცვლა არ შეეძლო, არამედ ბილწავდა კიდეც იმათ, რომლებიც მას იღებდნენ. მიუხედავად დიდი უთანხმოებისა, ღვთის მოწყალებით საეკლესიო ერთობა არ დაირღვა და მშვიდობა აღდგა.

პაპ სტეფანესთან დავაში განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი ითამაშეს კართაგენელმა კვიპრიანემ და კესარია-კაბადოკიელმა ფირმილიანემ, რომლებიც ერთმანეთთან სრულ თანამოზიარეობაში იმყოფებოდნენ.

საკითხი ასე იდგა: როგორია ეკლესიის სწავლება მისგან მოწყვეტილ საზოგადოებებში შესრულებულ საიდუმლოებებთან დაკავშირებით?

ეკლესიის პასუხი, რაც ერთნაირად გამოთქვეს არამარტო კვიპრიანემ და ფირმილიანემ, არამედ სტეფანემაც, შემდეგია: ხსნისთვის აუცილებელი სულიწმინდის საღვთო მადლი ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა არცერთ მოჩვენებით მღვდელმოქმედებაში არ არის.

ამიტომ მარტივად მისაღები და გასაგებია კართაგენის 256 წლის კრებაზე ფორმულირებული კანონიკური ნორმა:

”ეკლესია მწვალებლებს კი არ გადანათლავს, არამედ ნათლავს” (Ecclesia haereticon non rebaptized, sed baptized).

ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში მწვალებელთა მიღება-შეწყნარების შინაარსი, იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორი წესით, რა წეს-განგებით შესრულდა თავად ეს მიღება-შეწყანრება (I: სრული ნათლისღებით, მირონცხებითა და წინარე ცთომილებათა შეჩვენებით, II: ნათლისღების გარეშე, მხოლოდ მირონცხებითა და შეჩვენებით, III: მხოლოდ შეჩვენებით), ყოველთვის ერთი და იგივეა: ადამიანს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად გახდომისას პირველად უერთდება მაცხოვნებელი მადლი, რასაც იგი ვერასოდეს მოიპოვებდა ეკლესიის გარეთ.

ამრიგად, წმ. კვიპრიანეს სწავლება ეკლესიის შესახებ შეგვიძლია შევაჯამოთ ერთ წინადადებაში:

ყველაფერი, რაც ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღის მიღმაა – სიკვდილია.


1 - თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Василий Лурье. Св. Киприан Карфагенский и экклисиологические проблемы III-IV веков, Церковность. 2000.
1. 22—26

2 - იგულისხმება, რომ მაცხოვარი კაცობრივად ევედრება მამაღმერთს ჩვენთვის

3 - რუს. покойницкий хлеб. საგანგებო მოსახსენიებელ სუფრებზე (აღაპებზე), რომლებიც მიცვალებულთათვის იმართებოდნენ, ნაკურთხი პური. თუ თანამედროვე რეალობას შევუთანადებთ, რაღაც სეფისკვერის მსგავსი უნდა ვიგულისხმოთ. ეს წესი რომაულ აფრიკაში საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა და საბოლოოდ V საუკუნეში გაუქმდა, რისი მიზეზიც მსგავს ტრაპეზებზე უწესობა იყო (იხ. ნეტარი ავგუსტინეს აღსარება, 6,2,2). წმინდა კვიპრიანეს სიტყვებიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მწვალებელთა და სქიზმატთა ანტიდორისა და სეფისკვერის შეჭმა არ შეიძლება.

 

ვასილი ლურიე

 

თარგმნა მღვდელმა არჩილ ხაჩიძემ
ჟურნალი "გული გონიერი", 2, სააღდგომო გამოცემა, 2011 წ.

დასასრული

კატეგორია: † კვიპრიანე კართაგენელი | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 691 | თეგები: III-IV საუკუნეების ეკლესიოლოგიური ს, კვიპრიანე კართაგენელი, წმიდა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები
 

edisher.do.am © 2013 - 2020