† წმიდა კირილე ალექსანდრიელი – "ღმერთი – სიტყვის განკაცების შესახებ"

† წმიდა კირილე ალექსანდრიელი – "ღმერთი – სიტყვის განკაცების შესახებ"

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შესავალი დაურთო
ზურაბ ჯაშმა 

კირილე ალექსანდრიელის დაბადების თარიღი უცნობია. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქში, რომელიც იყო წარმართული სულიერი კულტურის ცენტრი და რომელიც გახდა ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკვანი. ალექსანდრიაში შეხვდებოდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების წარმომადგენლებს. შიძლება ითქვას, რომ ალექსანდრიაში ამ მხრივ სრული პლურალიზმი სუფევდა. სწორედ ამგვარი ვითარება აღმოჩნდა ყველაზე ნოყიერი ნიადაგი პირველი ქრისტიანული საღვთისმეტყველო სკოლის დაარსებისთვის, რომლის მიღწევებს დაეფუძნა შმდგომში ეკლესიის უდიდესი მამებისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების საღვთისმეტყველო შემოქმედება.

წმ. კირილე ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის ღირსეულ გამგრძელებლად გვევლინება. ალექსანდრიაში მისი მთავარეპისკოპოსობის (412-444 წწ.) დროს ეკლესიაში წარმოიშვა შემდგომში ნესტორიანიზმად წოდებული მწვალებლობა (ერესი), რომლლის მოთავე იყო კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ნესტორი. საეკლესიო აზროვნების წინაშე ადრეულ ეპოაქშივე დადგა პრობლემა:ვინ იყო იესო ნაზარეველი? ვინ იყო ის, ვინც ბეთლემის გამოქვაბულშიო ერთი უბრალო ებრაელი ქალისგან იშვა, იზრდებოდა, შიოდა, სწყუროდა… მეზვერეებსა და ფარისევლებთან ერთად ჭამდა და სვამდა, იღლებოდა… გლოვობდა გარდაცვლილ მეგობარს, ლოცულობდა, იტანჯებოდა… და ბოლოს, მოკვდა სამარცხვინო სიკვდილით, მაგრამ ამასტან შობილი იყო სულიწმინდისგან მიდგომით, იქმოდა სასწაულებს, ასწავლიდა როგორც ხელმწიფების მქონე და აღსდგა მკვდრეთით? ამ კითხვას ქრისტიანისათვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს: ვინ არის ის, ვისი რწმენაც მას სიკვდილ;ის მეუფებისაგან ათავისუფლებს და საუკეთესო ცხოვრებას ანჭებს? ნესტორისათვის ამ რწმენის საგანი იყო მხოლოდ უპიროვნო კავშირი (მისი „წინამორბედის“ თეოდორე მოფსეუესტიელის ტერმინოლოგიით „სინაფეია“) ღმერთსა და ადამიანს შორის, რაც შედგა იესო ქრისტეში. წმინდა კირილე ალქსანდრიელი (და მასთან ერთად 431 წლის ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრება) მას უპირისპირდება განკაცებული ღმერთის პიროვნებისადმი რწმენას. კირილესთვის იესო ქრისტე არის ტანჯული ღმერთი: წმ. სამების ერთ-ერთი პირი, მამისაგან დაუსაბამოდ შობილი ძე ღმერთი, რომელიც იშვა ერთი უბრალო ქალისაგან, ცხოვრობდა ადამიანებთან, იზიარებდა მათ ტკივილსა და სიხარულს, ჯვარზე ევნო და მოკვდა სიკვდილისაგან ადამიანების გამოსახსნელად, ხოლო მისი მშობელი ქალი მარიამი არის ღვთისმშობელი.

როგორც ვხედავთ, წმ. კირილე ალექსანდრიელის მიერ შემუშავებული ქრისტოლოგია სრულად ეწინააღმდეგება იმ წარმოდგენას, რომლებიც ხშირად გვიჩნდება ღმერთთან დაკავშირებით: თითქოს ღმერთი სრულიად გულგრილია ჩვენი პირადი ცხოვრების მიმართ, ჩვენზე მხოლოდ გარედან ზემოქმედებს და გვზღუდავს რაღაც გაურკვეველი აკრძალვებით, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მარადიულ სატანჯველს გვიქადის. წმ. კირილესეულ წარმოდგენას ღმერთზე შეუძლია უპასუხოს ადამიანის სულის შინაგან გრძნობებს და მიანიჭოს მყარი რწმენა, მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია ადამიანი იხსნას სასოწარკვეთილებისგან, გადაჭრას „თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემა“ (ალბერ კამიუს აზრით, სუიციდის პრობლემა) და გაამართლოს მისი ყველაზე დაუჯერებელი იმედი – სიკვდილისაგან სამუდამო განთავისუფლება. მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია, თავდავიწყებით უყვარდეს თავისი ქმნილება და იყოს მისგან შეყვარებული.

 1. ღრმა, დიდი და საკვირველია საღვთო საიდუმლო, რომელსაც დიდი ხანია მოელოდნენ თვით წმინდა ანგელოზებიც, რადგან ერთგან მაცხოვრის მოწაფემ ქრისტეს შესახებ ნაწინასწარმეტყველებზე თქვა: „მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ მათ კი არა, თქვენ გემსახურებოდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან“ (I პეტრე, 1,12). მართლაც, რამდენად ღრმად გაიაზრეს და ჩასწვდნენ ანგელოზები დიდ საღვთო საიდუმლოს, რომ, როდესაც ხორციელად იშვა ქრისტე, ჩვენს გამო მადლობა აღავლინეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა, 2,14).

როგორ არ აღივსებოდნენ სიხარულით, როდესაც წმინდა ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელისა და განმათავისუფლებლის შობას ხედავდნენ, ისინი, რომლებიც მაცხოვრის სიტყვით ერთი ცოდვილის მოქცევას ზეიმობენ? ჩვენს გამო როკავს წმინდა სულების გუნდი. რა არის ამის მიზეზი? მხოლოდშობილის განკაცება, მისი ხორციელად შობა, ჩვენდამი გამოხატული წყალობის უსაზღვროება, კაცთმოყვარეობის შეუდარებელი სიდიადე. ნეტარი წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“. და კვლავ იტყვის: „მოსწმენდს ყველა ცრემლს ღმერთი ყველა პირისახეს“ (ესაია 25,8). ხოლო თუ როგორ მოსწმენდს ცრემლს ყველა სახეს, ან როგორ გამოაცხადებს ძველი წყევლის გაუქმებას და დაარღვევს სიკვდილის აუტანელ ბატონობას, ამას გვასწავლის ბრძენი პავლე: „და რაკი ყრმანი ხორცისა და სისხლის მოზიარენი არიან, თავადაც ამგვარად ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარვებინა სიკვდილის ხელმწიფების მქონე“, – რომელიც არის ეშმაკი, – „და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა“ (ებრ. 2,15-15).

2. ამრიგად, რას ნიშნავს, „ამგვარად ეზიარა მათ“, თუ არა იმას, რომ სრულად მიიღო ხორციელი ბუნება კაცისა, რადგან ჩვენნაირი იშვა წმინდა ღვთისმშობლის მარიამისგან? რადგან ღმერთად მყოფია ბუნებით, და ღვთისა და მამის ჭეშმარიტი სიტყვა (ლოგოსი – მთარგ.), მამის თანაარსი და თანამარადიული და საკუთარი სიმაღლით გამშვენებული, მას, „როგორც ღვთის ხატს, მიტაცებად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა; მაგრამ დაიმცირა თავი თვისი, მონობის ხატი შეიმოსა“ წმინდა მარიამისაგან „და კაცის მსგავსი გახდა. თავი დაიმდაბლა და გახდა მორჩილი სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2,6-7). ცხადია, თავი ნებაყოფლობით დაიმდაბლა და საკუთარი სისავსე ყველას მისცა. თავი დაიმდაბლა ჩვენს გამო და არა ვინმეს იძულებით, ხატი მონისა ნებაყოფლობით მიიღო ბუნებით თავისუფალმა. იგი, ყველა ქმნილებაზე აღმატებული, ჩვენნაირი გახდა, სიკვდილს დაექვემდებარა ყოველთა ცხოველმყოფელი. „მე ვარ პური, რომელი ჩამოველ ზეცით“ (იოანე 6,41). ჩვენთან ერთად დაემორჩილა რჯულს, რომელიც ყოველგვარ რჯულზე აღმატებულია და როგორც ღმერთი, თავად არის რჯულმდებელი; დაბადებისა და საწყისის მქონე არსებობა მიიღო მან, რომელიც საუკუნისა და დროის უწინარესია, მეტიც, საუკუნეთა საფუძველდამდებია და შემოქმედი.

3. როგორ გახდა ჩვენნაირი? სხეული მიიღო წმინდა ქალწულისაგან, სხეული არა უსულო, როგორც მიაჩნია ზოგიერთ ერეტიკოსს, არამედ მოაზროვნე სულით განსულიერებული. ასე მოვიდა ქალწულისაგან სრული ადამიანი ცოდვის გარეშე, ნამდვილად და არა მოჩვენებითი, არც წარმოსახვითი; ამასთან არ უარუყვია ღმერთად ყოფნა და არც დაუტოვებია ის, რაც იყო მარად, არის და იქნება – ღმერთი. ამიტომ ღვთისმშობელს ვუწოდებ წმინდა ქალწულს. როგორც ნეტარი პავლე ამბობ: „ერთი გვყავს უფალი იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ“ (I კორინთ. 8,6). ამიტომ არ გავყოფთ ერთ ღმერთსა და ჩვენს მხსნელს ორ ძედ, განკაცებულსა და განსხეულებულ ღვთის სიტყვას. ზოგიერთ ერეტიკოსს და უგუნურს მიაჩნია, რომ ერთმანეთში ვურევთ ღმრთეებას და ადამიანობას და ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა შეიცვალა ხორცის ბუნებად, ან ხორცი შეიცვალა ღმრთეებად. ასე არ ვფიქრობთ, რადგან ღვთის სიტყვა სრულიად უცვლელია. ამიტომ ვამბობთ, რომ მან (ღვთის სიტყვამ) მოაზროვნე სულით განსულიერებული ხორცი წმინდა ქალწულისაგან ნამდვილად თავად შეიერთა; ვამბობთ, რომ ის განხორციელდა და განკაცდა.

4. ამიტომ საკმარისია ჩვენი სარწმუნოების მართალი და უყვედრელი, ბრალის არმქონე აღსარებისთვის წმინდა ქალწულის ღვთისმშობლად აღიარება; ხოლო იმის დამატება, რომ ის ადამიანის მშობელია, არ არის აუცილებელი და არც რაიმე სარგებელი მოაქვს. გვისწავლია ერთი ღმერთის აღიარება და გვწამს იგი განკაცების შემდეგაც, როგორც ამბობს პავლე: „ერთია ღმერთი და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანებს შორის“ (I ტიმ. 2,5); რადგან ვამბობთ უცვალებლად ღვთის სიტყვის ადამიანად გახდომას; რამდენადაც (იგი) დამდაბლდა ხორცის ბუნებამდე, წმინდა ქალწულმა შვა საკუთარი თავისა და ჩვენი თანაარსი სხეული; თუმცა ამის გამო ღვთისმშობლად იწოდება, რაც სავსებით ცხადია და ლოგიკიდან გამომდინარე. არა შიშველი ღვთაება შვა წმინდა ქაწულმა, არამედ ხორცთან შეერთებული ღვთის სიტყვა; და სხვგვარად არ შეიძლება გაიაზრებოდეს ღვთისმშობელი, თუ არა ზუსტად ამ სახით, რომლისგანაც განკაცების სრულად აღიარება უნდა მოხდეს. ამგვარადვე ჭეშმარიტი, სარწმუნო გახდება დანარჩენიც: ის, რომ ღვთისმშობელი გახდა წმინდა ქალწული, ჩვენს სისხლთან და ხორცთან თანაზიარი ერთი ქრისტეს პარადოქსულად მშობელი, და ამასთან და ჩვენთან ადამიანური ბუნების მიხედვით მსგავსი, რადგან თავად ღვთისმშობელი მარიამია ხორციელი, რადგან არა მსგავსი არსის არის, როგორც ფიქრობენ ერეტიკოსები, არამედ თანაარსი, ე.ი. ჩვენი არსისაგან, რადგან ნათქვამია: აბრაამის თესლისაგან მიიღო. მსგავსი არსის კი ნიშნავს არა ნამდვილ ადამიანს, არამედ ძე კაცის მსგავსს, როგორც ამბობს დანიელი. მოციქულმა კი არა ჩვენი მსგავსი გვასწავლა, არამედ თქვა: „ადამიანი იესო ქრისტე, რომელმაც მისცა თავი ყველას გამოსასყიდად“ (I ტიმ. 2, 5-6). ხოლო თვით იგი ღმერთთან და მამასთან თანაარსია ღვთაების მიხედვით ისე, როგორც მამები აღიარებენ, რომლებმაც მის შესახებ თქვეს, რომ ის მამის თანაარსია და არა მსგავსი არსი.

5. ამგვარად შეიძლება ზედმეტია და არააუცილებელი, რომ ჩვენ, როდესაც ღვთისმშობელს ვახსენებთ, დავუმატოთ ადამიანის მშობელიც. საკმარისია, როგორც ითქვა, პირველი სახელი, რომელიც მთელი ჩვენი საიდუმლოს აღსარებას შეიცავს და ჭეშმარიტების დამახინჯების მსურველებს სიტყებით თამაშის არანაირ საბაბს უტოვებს. ერეტიკოსებს სჩვეოდათ მართებულად გამოთქმულის გაყალბება. ჩვენ კი ამას არ მივიღებთ, რადგან ვხვდებით, რომ ისინი ცდებიან და უშუალოდ საღვთო წერილს განვმარტავთ. ასე რომ, ჩვენ ვსწვდებით საღვთო წერილის სიტყვების მართებულ და შესაბამის აზრს, ხოლო თუ ისინი არამართებულად იგებენ, რა ვქნათ? მოისმენენ წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს – ბოროტებას“ (ესაია 5, 20), მაგრამ არ ეზიარება ნათელი ბნელს, არც ქრისტეს თანხმობა იქნება ბელიართან (II კორინთ. 6). ჩვენ კი მივაბიჯებთ სწორ და სანდო გზაზე, რადგან ამგვარად მივაღწევთ ზენა მოწოდების ჯილდომდე იესო ქრისტეში, რომლის მიერ და რომელთან ერთადაც ვადიდებთ ღმერთსა და მამას და სულიწმინდას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კატეგორია: † კირილე ალექსანდრიელი | დაამატა: vasoelis (26.11.2013)
ნანახია: 1122 | ტეგები: † წმიდა კირილე ალექსანდრიელი – ღმერ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: