წმიდა იპოლიტე რომაელი - ჰომილიები,ლიტურგიკული შრომა,სხვადასხვა ხასიათის შრომები.

Ипполит Римский

† ჰომილიები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

 

თითქმის ყველა ეგზეგეტური შრომა წმ. იპოლიტე რომაელისა ჰომილეტიკური ხასიათისაა და ისინი გამიზნულია მორწმუნე მრევლის დასამოძრვრად. აღნიშნულის გამო თითქმის შეუძლებელია მისი ეგზეგეტური და ჰომილეტიკური თხზულებების ზედმიწევნით გამიჯვნა. მაინც შეიძლებოდა მიგვეთითებინა რამდენიმე აშკარა ქადაგებითი სტილის ძეგლზე:

 

1. წმინდა აღდგომის შესახებ

ევსები კესარიელი უთითებს იპოლიტეს ორ პასქალურ შრომას. პირველი მათგანი ესაა ზემოგანხილული ”აღდგომის ჟამთა დასაბუთება”. რაც შეეხება მეორეს, იგი დაკარგულად ითვლებოდა მანამ, სანამ ფრანგმა მკვლევარმა შ. მარტენმა არ გამოთქვა აზრი, რომ მან მიაკვლია აღნიშნულ შრომას წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათა შორის (პგ. ტ. 59, გვ. 735-746; იხ. შ. მარტენის შრომა ჟურნალში Revue des Sciences Religieuses 16, 1926, პ. 148-166). ათი წლის შემდეგ მანვე გამოაქვეყნა აღნიშნული ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი გროტაფერატას პალიმფსესტიდან (VIII-IX სს.), სადაც დაცულია მითითება ავტორზე: ”იპოლიტესი, რომის ეპისკოპოსისა და მარტვილისა”. თითქოს იდენტიფიკაცია დადასტურდა, მაგრამ 1950 წ-ს პ. ნოტენმა ცხადი გახადა აღნიშნული ძეგლის აშკარა ანტიარუანული მიზანდასახულობა, რაც მას IV ს-ის თხზულებად დაგვისახავს. დღეისათვის მიიჩნევა, რომ წმ. იპოლიტეს ნამდვილი შრომა უნდა გამხდარიყო საფუძველი ზემორე ძეგლისა, რითაც ადვილად აიხსნება წმ. იპოლიტე რომაელის, როგორც ავტორის, წარმოდგენა ამ უკანასკნელის სათაურში (საყურადღებოა, რომ ხსენებული ჰომილია აღდგომის დღედ გვთავაზობს 14 ნისანს).

 

2. უფლისა და მაცხოვრის ქების შესახებ

ეს ქადაგება, წმ. იერონიმემ ცნობით, იპოლიტემ წარმოთქვა მაშინ, როდესაც ორიგენე რომში იმყოფებოდა და ესწრებოდა მის მღვდელმსახურებას. აღნიშნული ჰომილია მთლიანად დაკარგულია.

 

3. ჰომილია ვინმე ნოეტის მნიშვნელობის შესახებ

მოღწეულია ვრცელი ფრაგმენტი ამ თხზულებისა, რომელიც იმდენად ჰომილია კი არ უნდა იყოს, რამდენადაც ერთი ნაწილი (შესაძლოა, დაბოლოება) ანტიერეტიკული თხზულებისა.

ძეგლში უარყოფილია პატრიპასიანული მონარქიანიზმი, რაც წმ. იპოლიტეს ”ფილოსოფუმენას” მიხედვით პირველად მწვალებელმა ნოეტმა გამოთქვა.

 

4. ჰომილია იუდეველთა წინააღმდეგ, დასაბუთებითი

მოღწეულია უაღესად მნიშვნელოვანი ფრაგმენეტი, სადაც ებრაელი ერის მთელი უბედურება მაცხოვრის წინააღმდეგ მათი მოქმედებით არის ახსნილი. ხსენებული ფრაგმენტი დაცულია იმავე ხელნაწერში, რომელმაც ზემოდასახელებული თხზულების ნაწილი შემოგვინახა. დღეისათვის აღნიშნული ჰომილიის ავტორად წმ. იპოლიტეს მიჩნევისათვის სხვა არანაირი მონაცემი არ მოგვეპოვება გარდა იმისა, რომ ზემორე ხელნაწერში იგი უშუალოდ მოსდევს ნოეტის წინააღმდეგ წმ. იპოლიტეს ქადაგების ფრაგმენტს.

 

5. სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ

ეს ძეგლი, რაც ბერძნულად სრული სახითაა მოღწეული, მკვლევართა აზრით უიგივდება ქანდაკებაზე დაზიანებულად შემორჩენილ სათაურს: ”თეოფანიის შესახებ” (ამის შესახებ იხ. ქვემოთ).

† ლიტურგიკული შრომა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმ. იპოლიტეს შრომათა შორის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს თხზულება ”სამოცქიულო გადმოცემა” (”აპოსტოლიკე პარადოსის”). ეს ძეგლი, ”დიდაქესა” და ”მოცქიულთა კანონების” შემდეგ წარმოადგენს საეკლესიო განწესებათა შემცველ უძველეს დოკუმენტს. მასში გადმოცემულია საეკლესიო იერარქიის სხვადასხვა ხარისხის მქონეთა ხელდასხმისა და მათი ფუნქციების განაწესი, აგრეთვე ევქარისტიისა და ნათლობის აღსრულების განგება. ამ შრომის სათაური ამოკვეთილია ზემოხსენებულ ქანდაკებაზე. იგი დიდხანს დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე ორმა მკვლევარმა, ე. შვარცმა და რ. კონოლიმ, XX ს-ის 10-იან წლებში არ დაასაბუთეს, რომ ეგვიპტელთა ეკლესიის წეს-განგების ლათინური ტექსტი არსობრივად იგივეა, რაც წმიდა იპოლიტეს ”სამოციქულო გადმოცემა”.

მიიჩნევა, რომ წმ. იპოლიტეს აღნიშნული შრომა დაუწერია 215 წ-ს. მისი ბერძნული ფრაგმენტები შემონახულია ”მოციქულთა განწესებების” VIII წიგნში და ამ ”განწესებათა” ”ეპიტომეში”. რაც შეეხება თარგმანებს, ისინი მოღწეულია ლათინურად, კოპტურად, არაბულად და ეთიოპურად. ლათინური თარგმანი, რაც დაახლ. IV ს-ისაა, აღმოჩნდა V ს-ის ბოლო მეოთხედის პალიმფსესტზე. თარგმანი იმდენად კალკირებულია, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ორიგინალის რეკონსტრუირება. სამწუხაროდ, ლათინური თარგმანი მხოლოდ ნაწილია ბერძნული ტექსტისა (იგი 1900 წ-ს გამოსცა ე. ჰაულერმა).

ლათინურ ტექსტს დასავლურ სამყაროში რაიმე შესამჩნევი კვალი არ დაუტოვებია. რაც შეეხება წმ. იპოლიტეს შრომის კპტურ, ეთიოპურ და არაბულ თარგმანებს, მათ აღმოსავლეთში (განსაკუთრებით ეგვიპტეში) განაპირობეს სამღვდელსმახურო განგების ჩამოყალიბება.

აღმოსავლური თარგმანებიდან მხოლოდ კოპტური (საჰიდური დიალექტი) ეფუძნება უშუალოდ ბერძნულს. იგი შემორჩენილია კანონების კრებულში სახელწოდებით ”ეგვიპტური ჰეპტატევქი (რვაწიგნედი)”. თარგმანი შესრულებულია დაახლ. 500 წ-ს (საჰიდურ ტექსტს ეფუძნება ბოჰაირული ვერსია, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია).

არაბული თარგმანი მომდინარეობს საჰიდური ტექსტიდან და მიეკუთვნება X სს.

ეთიოპური თარგმანი, რაც ყველაზე ადრე აღმოჩნდა (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნდა 1691 წ-ს), მომდინარეობს ზემომითითებულ არაბულ თარგმანზე ადრინდელი (და დღეისათვის დაკარგული) სხვა არაბული თარგმანიდან, რაც თავის მხრივ ეფუძნებოდა მითითებულ საჰიდურ ტექსტზე უფრო ადრეულ სხვა საჰიდურ თარგმანს. საგულისხმოა, რომ აღმოსავლური თარგმანებიდან მხოლოდ ეთიოპური შეიცავს ხელდასმის ლოცვებს, რაც გვხვდება ლათინურშიც.

წმიდა იპოლიტეს აღნიშნული შრომა, როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი წყაროა წმ. კლიმენტი რომაელის ”მოციქულთა განწესებების” იმ გვიანდელი, სხვადასხვა წარმოშობის ტექსტებით გაჯერებული რედაქციისა, რაც დაახლ. 380 წ-ს ჩამოყალიბდა (და რაც ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრებამ განკვეთა). კერძოდ, ამ მხრივ საგულისხმოა აღნიშნული ”განწესებების VIII წიგნი და ამ წიგნის ”ეპიტომე”, რაც დამოუკიდებლად უკავშირდება წმ. იპოლიტეს შრომას (სახელწოდება ”ეპიტომე” მთლად ზუსტი არ არის, რაგან საქმე გვაქვს არა რაიმეს რეზიუმირებასთან ანუ შემოკლებასთან, არამედ - ნაწყვეტების, ციტატების ნაკრებთან. ამ ძეგლს ზოგ ხელნაწერში ეწოდება ”იპოლიტესგან მომდინარე განწესებანი”. თხზულების აღმოცენების ზედმიწევნითი დრო და ადგილი უცნობია).

წმ. იპოლიტეს ”სამოცქიულო გადმოცემა” გამოყენებულია საეკლესიო განწესებათა შემცველ უფრო გვიანდელ (V ს-ის) ძეგლში სათაურით: ”აღთქმა უფლისა ჩვენისა”. თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული ძეგლის ავტორი სარგებლობდა წმ. იპოლიტეს შრომის საუკეთესო ხელნაწერით. ხსენებული ”აღთქმის” თავდაპირველი ენა ბერძნულია, თუმცა იგი ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ სირიულ თარგმანში.

”სამოციქულო გადმცოემას” ეყრდნობა, აგრეთვე, თხზულება სათაურით: ”იპოლიტეს კანონები”, რაც შექმნილი ჩანს სირიაში დაახლ. 500 წ-ს. ცნობილია მისი არაბული და ეთიოპური თარგმანები.

ახლა, რაც შეეხება ”სამოციქულო გადმოცემის” შინაარსობრივ მხარეს:

აღნიშნული ძეგლი გულისხმობს სამ ძირითად ნაწილს:

ა) პირველი ნაწილი შეიცავს პროლოგს, ეპისკოპოსად გამორჩევისა და ხელდასხმის კანონებს, ხელდასხმის ლოცვას, შემდეგ - ევქარისტიას ანუ ლიტურგიას, ზეთის, საჭმლის, და ზეთისხილის კურთხევას. შემდეგ მოდის მღვდლად და დიაკონად ხელდასხმის განწესება და ლოცვები. აღნიშნული ნაწილი ბოლოს ეხება აღმსარებლებს, ქვრივებს, წიგნის მკითხველებს, ქალწულებს, ჰიპოდიაკონებს (კერძოდიაკონებს), კურნების ნიჭით დაჯილდოებულ პირებს.

ბ) მეორე ნაწილი ეხება ერისკაცებს, კერძოდ ახალმოქცეულთა ცხოვრების წესს, ქრისტიანთათვის აკრძალულ ხელობებსა და პროფესიებს, კათაკმევლებს, ნათლობას, მირონცხებას, პირველ ზიარებას.

გ) მესამე ნაწილი ეხება ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა მომენტს. მასში აღწერილია საკვირაო წირვა, მარხვის წესები, აღაპი და ზეთის კურთხევის განგება. ავტორი გვაწვდის მითითებას მართებული ლოცვის, ყოველდღიური ზიარების სასურველობას და სხვა საკითხთა შესახებ. თხრობა აღაპის შესახებ ერთიმეორისაგან მკვეთრად განარჩევს ზიარების პურსა და ევლოგიას ანუ სეფისკვერს (”ეს არის ევლოგია და არა ევქარისტია”, ვკითხულობთ 26-ე თავში). შემდეგ მოცემულია დაკრძალვის განგება, ცისკრის ლოცვა და კატეხიზმური დამოძღვრა. დასასრულს, უწყებულია სულიერი კითხვის, ლოცვისა და ჯვრის გამსოახვის ჟამთა შესახებ.

ეპილოგი ხაზს უსვამს თხზულების რაობას და გვაძლევს მისი დასათაურების გასაღებს. კერძოდ, ვკითხულობთ:

”მე შეგაგონებთ, რომ ეს ყოველივე დამარხოთ მათთვის, რომლებიც ბრძენნი არიან, რადგან თუკი ყველანი ყურად იღებენ სამოციქულო გადმოცემას და დაიცავენ მას, ვერცერთი ერეტიკოსი ვერ ჩააგდებს მათ ცთომილებაში” (38).

† სხვადასხვა ხასიათის შრომები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

 

1. ”პლატონის, ელინებისა და ყოვლიერების შესახებ”.

აღნიშნული სათაური ამოკვეთილია ზემოაღნიშნულ ქანდაკებაზე. იგივე ძეგლი იხსენიება თვით წმ. იპოლიტეს ”ფილოსოფუმენას” დასასრულს ასეთი სათაურით: ”ყოვლიერების არსების შესახებ” (10.32). საფიქრებელია, რომ ამავე შრომაზე მიანიშნებს წმ. იერონიმე, როდესაც იგი ერთ-ერთ ეპისტოლეში მიუთითებს წმ. იპოლიტეს შრომაზე სათაურით: ”წარმართთა წინააღმდეგ”. წმ. ფოტი პატრიარქი საუბრობს თხზულებაზე ”ყოვლიერების შესახებ”, რაც სხვაგან მის მიერ ასეა წოდებული: ”ყოვლიერების მიზეზის შესახებ” და ”ყოვლიერების ბუნების შესახებ” (ბიბლ. კოდ. 48). წმ. ფოტი შეჯამებულად განიხილავს აღნიშნულ ძეგლს და ავტორად ასახელებს ვინმე იოსებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოყენებულ ხელნაწერს ახლავს მარგინალური შენიშვნა, სადაც დაზუსტებულია, რომ თხზულების ავტორია რომაელი მღვდელი გაიუსი, რომელსაც დაუწერია აგრეთვე შრომა ”ლაბირინთი”. რამდენადაც ”ლაბირინთი” იგივეა, რაც წმ. იპოლიტეს თხზულება ”ფილოსოფუმენა” (იხ. ზემოთ), მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ წმ. ფოტის მიერ დასახელებული და აღწერილი ზემორე ნაშრომიც იპოლიტესია და რომ ”გაიუსი” გადამწერის ცთომილებაა.

ხსენებული ძეგლი დაიწერა 225 წლამდე. მისი ბერძნული ტექსტი დაკარგულია, გარდა ძალიან ვრცელი ციტატისა, რაც დაცულია წმ. იოანე დამასკელის ”წმინდა პარალელებში”. ციტატა წარმოადგენს ჯოჯოხეთის აღწერილობას. თხზულება იოანეს მიერაც მიკუთვნებულია ვინმე იოსებისადმი, რომელსაც პ. ნოტენი ნამდვილ ავტორად მიიჩნევს და მას რომაელ მღვდლად დაგვისახავს (ნოტენის თვალსაზრისს სხვა მკვლევარები საეჭვოდ მიიჩნევენ).

 

2. არტემონის ერესის წინააღმდეგ

სამი ციტატა ამ ძეგლიდან დამოწმებულია ევსები კესარიელის მიერ (საეკლ. ისტ. 5.28), თუმცა ავტორი მითითებული არ არის. ეს ციტატები ეხება ნატალიოს ანტიპაპს. წმ. თეოდორიტე კვირელი (ერეტიკ. ზღაპრ. 2.5.) მიუთითებს წიგნს, სადაც მოთხრობილია ნატალიოსის ამბავი. ამ წიგნს თეოდორიტე უწოდებს ”მცირე ლაბირინთს”. წმ. ფოტის მიერ დამოწმებული ზემოაღნიშნული მარგინალური შენიშვნა ხსენებულ ძეგლს იმავე გაიუს რომაელს მიაკუთვნებს, რომელსაც უკვე შევეხეთ. ამ მონაცემის მიხედვით მკვლევართა ერთი ჯგუფი აღნიშნული ძეგლის ავტორად წმ. იპოლიტეს მიიჩნევს.

3. აღდგომის შესახებ

წმ. იერონიმე წმ. იპოლიტეს შრომად ასახელებს თხზულებას ”აღდგომის შესახებ”. როგორც ჩანს, ამავე ძეგლს გულისხმობს ქანდაკებაზე ამოკვეთილი სათაური: ”ღვთისა და ხორცითაღდგომის შესახებ”. მისგან ორი ციტატა მოაქვს წმ. თეოდორიტე კვირელს, ხოლო ერთი - წმ. ანასტასი სინელს. სირიული ექსცერპტები ატარებენ შემდეგ სათაურს: ”ქადაგება აღდგომის შესახებ დედოფალ მამეასადმი” (სირიულშიც ავტორად წმ. იპოლიტეა მითითებული). მიიჩნევა, რომ თხზულებაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პასუხები დედოფლის შეკითხვებზე აღდგომის საკითხთან დაკავშირებით.

 

4. პროტრეპტიკონი სებერინასადმი

ეს შრომა, რომლის სათაურიც ქანდაკებაზეა ამოკვეთილი, მთლიანად დაკარგულია.

 

5. მარკიონის წინააღმდეგ

ევსები კესარიელი (საეკლ. ისტ. 6.22) და წმ. იერონიმე (ბრწყინვ. კაცთ. 61) მიუთითებენ წმ. იპოლიტეს შრომას ”მარკიონის წინააღმდეგ”. მართალია, ეს შრომა ქანდაკებაზე ამოკვეთილ სიაში მითითებული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ აღნიშნულია თხზულება სათაურით: ”კეთილის შესახებ და თუ საიდან არის ბოროტი”. რადგან სწორედ მარკიონი იყო გნოსტიკოსი მწვალებელი, რომელიც ფართოდ განიხილავდა სიკეთისა და ბოროტების წარმოშობის საკითხს, შესაძლებელია, რომ ევსებისა და იერონიმეს მიერ მითითებული ძეგლი სწორედ ამ უკანასკნელს გულისხმობდეს.

 

6. იოანეს სახარებისა და აპოკალიფსის შესახებ

ეს სათაური მითითებულია ქანდაკების სიაში. XIV ს-ის სირიელი ავტორი ებედიესუ იცნობს ამ შრომას და მას სახელდებს როგორც ”აპოლოგია აპოკალიფსისა და იოანე მოციქულის და მახარებლის სახარებისა” (იხ. მისი ”ყველა საეკლესიო წიგნის კატალოგი”, 7). როგორც ჩანს ეს შრომა მიმართული იყო იმ ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფდნენ ლოგოსის (სიტყვა-ღმერთის) წინასწარარსებობას ანუ შეუქმნელობას (ამიტომ იწოდებოდნენ ისინი როგორც ”ალოგოი” ანუ ”უსიტყვონი”, ე.ი. ”სიტყვა-ღმერთის უარმყოფელნი”). მათი ლიდერი გაიუსი, აღნიშნული მიზეზით, უარყოფდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახარებას და აპოკალიფსს. წმ. ეპიფანე კვიპრელი, როგორც ჩანს იყენებდა წმ. იპოლიტეს აღნიშნულ შრომას ”უსიტყვოთა” ერესის მხილების დროს (იხ. მისი ”ერესების შინააღმდეგ”, 51).

 

7. გაიუსის წინააღმდეგ

ზემოხსენებული ებედიესუს ცნობით (კატ. 7) იპოლიტეს დაუწერია თხზულება: ”თავები გაიუსის წინააღმდეგ”. ამ ძეგლის ხუთი ფრაგმენტი შემონახულია XII ს-ის სირიელი ავტორის, დიონისე ბარ სალიბის მიერ. ხუთივე ფრაგმენტი ეხება აპოკალიფსს. როგორც ჩანს, აღნიშნულ ნაშრომში წმ. იპოლიტე რომაელი კვლავაც ”აპოკალიფსის” ჭეშმარიტებას იცავდა.

 

8. ”განგებულების შესახებ”

ებედიესუ ასახელებს წმ. იპოლიტეს შრომას ”განგებულების შესახებ”, რაც სხვა წყაროებით ცნობილი არ არის.

 

9. ”გალობანი ყოველთა წერილთა მიმართ”

ეს სათაური ამოკვეთილია ქანდაკებაზე, თუმცა ძეგლის რაობა გაურკვეველია.

 

10. თეოფანიის (ღვთის გამოჩინების) შესახებ (ბერძნ. ”პერი თეოფანიას”).

ხსენებულ ქანდაკებაზე დასახელებული სათაურებიდან უკანასკნელი დაზიანებულია. იკითხება ბოლო ოთხი ასო: ”...ნიას”, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ თხზულების სათაური: ”პერი თეოფანიას” და გაუიგივონ იგი სრული სახით მოღწეულ შრომას ”სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ”, რომელიც ბერძნულ ხელნაწერშიც და სირიული ტრადიციითაც წმ. იპოლიტეს მიეკუთვნება.

 

* * *

აღვნიშნავთ, რომ ანასტასი აპოკრისასრიოსის ეპისტოლე შეიცავს ექვს ციტატას წმ. იპოლიტეს ავტორობით დამოწმებული შრომებიდან: "ბერონ და ჰელიკონ მწვალებლების წინააღმდეგ ღმერთმშობელობისა და განკაცების შესახებ ელემენტარული სიტყვა" (დაცულია "მამათა სწავლანში". მიიჩნევა, რომ აღნიშნული თხზულება არ მიეკუთვნება წმ. იპოლიტეს).

შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ სომხურ ენაზე წმ. იპოლიტეს ავტორობით მოღწეულია თხზულება ”სულის სახის შესახებ”, თუმცა, როგორც გარკვეულია, ესაა აფრაატ სპარსის ჰომილია ”აღთქმის ძეთა შესახებ”.

წმ. იპოლიტე რომაელს აკუთვნებენ აგრეთვე ე.წ. მურატორის ფრაგმენტსაც.

 

ედიშერ ჭელიძე

”I-VII ს-ის ლათინი საეკლესიო მწერლები”, ნაწილი IV.

კატეგორია: † იპოლიტე რომაელი | დაამატა: vasoelis (03.09.2013)
ნანახია: 911 | ტეგები: იპოლიტე რომაელი, სხვადასხვა ხასიათის შრომები, ლიტურგიკული შრომა, ისააკისა და იაკობის კურთხევათა შესა, ჰომილიები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: