† წმიდა იოანე ოქროპირი - სიტყვა მარხვის შესახებ

† წმიდა იოანე ოქროპირი - სიტყვა მარხვის შესახებ

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს.

კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი.

მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად" (მათე 6, 17-18).

ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმიდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმიდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატებით ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმიდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი" (1 იოანე 2, 15). ნუ გექნება სიყვარული ამა სოფლის სიამეთა, მძიმე ტვირთივით რომ აწევს ჩვენს სულს და ჩაძირული ხომალდივით ფსკერისკენ მიაქანებს. განა არ იცი, რომ საჭმლის გემოს მხოლოდ ყელი გრძნობს, ხოლო სასჯელი, რომელიც მოჰყვება მას სასტიკ ტანჯვას განგვაცდევინებს? თავშეუკავებლობა ბილწავს მათ, ვინც არ ინახავს მარხვას; იგი ამახინჯებს სულის მშვენებას, გვამად აქცევს სიცოცხლით აღვსებულს. იგი უკეთურებისაკენ მოუწოდებს ადამიანს, აღაგზნებს სიამოვნებებს, ამრავლებს ომებს, აღვივებს მტრობას და ბოლოსდაბოლოს, სათნოების უნარს უკარგავს კაცს, რადგან, როცა სხეული უძლურდება და ღვინის ჭარბი სმით განსჯა იკარგება, ადამიანი ვეღარ პოულობს წინააღმდეგობის ძალას და მტერთათვის იოლი დასაძლევი ხდება. ამ დროს იგი ემსგავსება ქარით გატაცებულ ხომალდს, რომელსაც არა ჰყავს მესაჭე, რომ შეებრძოლოს აზვირთებულ ტალღებს და ზღვის სივრცეში უგზოუკვლოდ დაკარგული დასაღუპადაა განწირული.

ამიტომ გევედრები, მარხვის შემდგომ ნუ შეუდგები განცხრომით ცხოვრებას, უზრუნველობის გამო ნუ გადაჰყრი წყალში შრომას, არამედ საქმეს საქმე დაამატე და იმედი გქონდეს, რომ მოგეგება. ნუ დავღუპავთ მარხვის ძალას და ნუ მივცემთ ნებას ჩვენს გონებას, განსჯა დაჰკარგოს სოფლიური სიამოვნებებით, რათა სულს გამოუსწორებელი ბოროტება არ ვაგემოთ. თუ გსურს მარხვის შემდგომ განიკურნო სხეული, დაუძლურებისას თავშეკავებით უნდა უწამლო მას, რათა მსუბუქად დატვირთული ხომალდის მსგავსად, სული ბიწიერი ტალღების ზემოთ მოექცეს, რათა მან განაგოს ზრახვანი და მზად იყო წინ აღუდგე მათ შემოტევას, რომ განსაცდელისაგან იხსნა ხომალდი.

მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს - ესაა ლოცვა. სიკვდილის ჟამი იქნება თუ რაიმე სხვა განსაცდელისა, მარხვითა და ლოცვით ყველაფერი ნადგურდება; მარხვით ძრწიან და ილტვიან ბოროტნი სულნი, იმუსრება დემონური ძალების მეუფება; მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით. მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა; მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე; მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა - ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან. თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა, არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით. მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა.

მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. და, რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის.

ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენ თანა, რომელსაც შვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჟურნალი „ჯვარი ვაზისა", №4, 1991 წ.

კატეგორია: † იოანე ოქროპირი | დაამატა: vasoelis (06.09.2013)
ნანახია: 834 | ტეგები: † წმიდა იოანე ოქროპირი - სიტყვა მარ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: