† წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - პოეზია და წერილები

† წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - პოეზია და წერილები

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ჰიმნი ღმრთისადმი[1]

რაჲ ვიუბნო შენს წინაშე, ყოვლის მიღმურო, რაღა გითხრა შენი საშვენი?
ვითარ გამოთქვას სიტყვამ გალობა, რამეთუ შენ ხარ სიტყვისგან გამოუთქმელი,
ვითარ შეგბედოს გონმა მოხილვა, რამეთუ შენ ხარ გონისგან მოუხილველი.
ოდენ შენ ჰგიე იდუმალქმნილი, გარნა შენგან არს ყოველივე განცხადებული,
ოდენ შენ ჰგიე უცნაურქმნილი, გარნა შენგან არს ყოველივე შემეცნებული.

ქეყნად ყოველი გიგალობს: მდუმარედ მყოფიც და სიტყვებით ღაღადმყოფელიც,
ქვეყნად ყოველი განგადიდებს: საცნობელთაგან მიდრეკილიც და ცნობიერიც.
წინაშე შენსა შეკრბებიან სალმობიერნი, სულით ლმობილნი და სურვილით თანაზიარნი,
შენ შემოგვედრებს, შენდამი ივლტის მთელი სოფელი და ნიშნად შენი შეცნობისა, შეუცნობელო,
მდუმარება-მოძალებულ ჰიმნს აღავლენენ და უხმო სათქმელს ღაღადყოფენ მოახლოებულნი.
შენსავ წიაღში დაიუნჯებს არსი ყოველი[2] და, ღმრთეებრივად ყოვლისმომცველი,
სასრულ ყოველთა ხარ და კუალად ერთი მთლიანი - ყოველივე და არცა ყოველი.
არც ერთი ხარ და არც მრავალი, ნაირგვარად სახელდებულო, ვითარ გიწოდო?
ან ზენაარი სახილველი მიუწვდომელი, ციურ საბურველს მიღმურს იქით დავანებული,
ვითარმა გონმა მოიხილოს, ვით საცნაურ-ყოს?... მეყავ ლმობიერ!
რაჲ ვიუბნო შენს წინაშე, ყოვლის მიღმურო, რაღა გითხრა შენი საშვენი?!

 


[1] - ამ ჰიმნს (PG 37, carm. I, 1, n.29) პროკლესაც მიაწერენ. უკანასკნელი ხანის სამეცნიერო ლიტერატურაში დამტკიცებულია გრიგოლის ავტორობა. საკითხის ისტორიის შესახებ იხ. ქ. ბეზარაშვილი, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობიდან. თსუ შრომები, 269 (ლიტერატურათმცოდნეობა), 1987, გვ. 85-89.

[2] - შდრ. პავლე, რომ. 11, 36.

 

მწუხრის გოდება[1]

ვეცრუვე შენსა მე სიწრფოებას, ო, სიტყვაო[2]
და შენთვის ესრეთ განწმენდილი დღისა დასავალს
არ შემიწყნარა მე წყვდიადმა, სრულ ნათელ-ქმნილი,
თუმცა ვესევდი წრფელის ზრახვით და სასოდ ვრაცხდი;
ო, არ აღმიჩნდა იგი არსად და გზაშეცდომილს
ბნელი მომადგა გარს, მოშურნე მაცხოვარების.
ქრისტეო, კუალად გარდმომევლინე,
გამომიბრწყინე, ვითარცა უწინ, ციაგი ნათლის.

 


[1] - PG 37, Carmen II, 1, n. 25, 382 წ.

[2] - λογος - ლოგოსი, სიტყვა, ძე ღმრთისა, ქრისტე.

 

გოდება ქრისტესადმი[1]

რა მემართება, ღმრთის სიტყვაო, მითხარ, რა მომდის.
სულში წყვდიადი ჩამომიდგა და მადლიც ტკბილი
აზრთა კეთილთა, გონიერთა განქარდა უმალ.
და თუმცა ილტვის ჩემგან სწრაფვით ბოროტი სული,
გული ეული, ცარიელქმნილი მაინც მზად არის
სამყოფლად ექმნას მეუფებას ბიწიერების.
ნუღარ მომაგებ, ღმერთო უარესს,
შენის წყალობით აღმომივსე სიღრმე სულისა.

 


[1] - PG 37, Carmen II, 1, n. 66; 383 წლის შემდგომ.

 

გოდება[1]

ხატება ღმრთისა განქარდება, უქმია განსჯა,
ხატება ქრება ჩემსა შორის, უხრწნელის ღმრთისა
შეგინებული საბოძვარი. ჰოჲ, უბადრუკო,
უცხო მოძღვრებით ტყვედ პყრობილ ვარ, სულო ბოროტო!
ო, ნეტავ დაწყდეს წყარო შურის, ამაო აზრის,
შეუბილწავი რომ მეხმარა ოდესმე ენა,
არ შევხებოდი ცოდვილ ხელით ცოდვას უარესს,
შევირაცხოდი კუალად სახედ და ხატად ღმრთისა.[2]



[1] - PG 37, Carmen II, 1, n. 61. 383 წლის შემდგომ.

[2] - სახე და ხატი ღმრთისა - εικων... θεου. შდრ. დაბადება 1,27.

 

გოდება და ვედრება ქრისტესადმი თავისა თვისისათვის[1]

მოვტყუვდი, ქრისტე[2], ფრიად მაღლა ვისწრაფე
გარდარეულად მინდობითა შენითა.
უფსკრულს შთავვარდი, კუალად აღმომიყვანე,
რამეთუ თავით თვისით ვარ შეცთომილი.
და თუ მიხილო მეტად აღზევებული,
კუალად დავეცე დაცემით უმძიმესით.
თუ შემიწყალებ და დამიხსნი, ცხოველ ვარ,
ხოლო თუ არა - მარადის წარწყმედული.
დაიშრიტება ნუთუ წყალობა შენი
მართ ოდენ ჩემთვის - ღელვა-გვემულისათვს?

 


[1] - PG 37, Carmen II, 1, n. 67. 383 წლის შემდგომ.

[2] - დედანშია: χριστε μου - ქრისტე ჩემო.

 

გოდება თავისა თვისისათვის[1]

მოყვასნო, მტერნო, მთავარნო და თანამცხოვრებნო!
ტანჯულ ვარ თქვენგან. ისიც ვუწყი, არ მეთანხმებით.
დამარხულია ეს წიგნებში. ვერ დაიმალვით.

 


[1] - PG 37, Carmen II, 1, n.58. 383 წლის შემდგომ.

 

თავისა მიმართ თვისისა[1]

ვცოცხლობ და ვკვდები, დამემოწმოს, ვინაც არს ბრძენი.
სულით მომკვდარ ვარ, უკეთუ ხორცი მზვაობრობს,
სულით ცხოველი მიჯობს ვიყო, დე, მოკვდეს ხორცი.

 


[1] - PG 37, Carmen II, 1, n.48. 383 წლის შემდგომ.

 

ადამიანური ბუნების შესახებ[1]
(ნაწყვეტი)


ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და საით მივდივარ? -
არა უწყი და არც არავინ არს მაუწყებელი.

 


[1] - PG 37, Carmen II, 2, n.14. 381 წ.

 

დედის - ნონნას ეპიტაფია[1]

ნონნა, ასული ფიტატესი. სად მიიცვალა? - ტაძარში ღმრთისა.
როგორ? - ლოცვისას. რამდენი ხნისა? - ხანმოთეული.
აჰა, სიცოცხლე მშვენიერი და აღსასრულიც ღმრთივ სასურველი.

 


[1] - PG 37, Carmen II, 2, n.99. 374 წ.

 

მაქსიმეს[1]


ვერც კი ვიჯერებ, შენ წერაც კი გაბედე?
მაქსიმ-მწერალი? საოცარია მეტად!
ურცხვინოება ძაღლთა[2] ახლოს ვერ მოვა.
ეჰა, დროებავ, ყოვლის ნების დამრთველო!
ვით ნაწვიმარზე სოკომ, ისე იმრავლეს
ეპისკოპოსთა, ბრძენთა მხედართმთავართა,
თვინიერ გარჯის და ქმნის კეთილ საქმეთა
ამას რას ვხედავთ? სიბრძნე და სათნოება
მიუჩქმალავთ და ფეხით გაუთელიათ,
ყბადაღებული სითავხედე ბატონობს,
უგუნურება კი ზეიმობს და ზვაობს.
განუსწავლელად ვითარ გამოვიდოდა
მუშაითი ან მოისარი? ან იქნებ
საქმისათვის ცოდნა აღარცაა საჭირო?[3]
იქნებ მუზებმა ძველი დროის უეცრად
სიბრძნით აღგავსეს, ვითარ უწინ სჩვეოდათ?
ან გაგახელა წმინდა დაფნით შემოსვამ?
ან იქნებ წყარომ გრძნეულ ძალით აღგავსო,
რომ უწიგნური მაქსიმე წერად დაჯექ,
თხზვად ლექსებისა თვინიერ საზომისა?
ჰოჲ, გიკვირდეთ საქმე განსაკვირველი:
საულ - წინასწარმეტყველ[4], ხოლო ბრძენ - მაქსიმ!
ამის შემდგომად წერას ვინ არ დაიწყებს?
ყველას აქვს სახლში საწერელი, ქაღალდი,
მოხუცსაც შესწევს ძალი წერის, აზრის თქმის.
მიდი, გაბედე, ნუღარც შენ დააყოვნებ!
ბრბო შეიკრიბე, ტაში გაიძლიერე!
ნუ შიშობ, მცირედ არიან გონიერნი,
ბრბო აწინდელი მაქსიმთაგან შედგება.
ბრბოს მოაწონე თავი, ხოლო წიგნიერთ
დაცინვის შემდგომ მშვიდობის გზა უსურვე!
საქმე რომ სწორედ სასაცილოდ გაგვიხდა,
მაგრამ როდესაც გარე-მოიცავს მტერი,
გამბედაობა ბრძენსაც მართებს, ჰოდა, შენც,
კადნიერებით გაგიცნობენ, მაქსიმე!
(მართლაც რომ ბორგავს ბრიყვი მაგინებელი)
ჩვენ კი, ნეტავი, აღარც უნდა ვიცინოთ?
რამდენი რამ არს ამქვეყნად საცინელი!
იყავ მჭევრმეტყველი, ხოლო მტერთათვის - ძაღლი!
ამგვარ საქმეში ხომ ვერც ვერავინ გაჯობებს.
კვლავაც შევძახებ, ათასჯერაც: სიტყვანო![5]
თუმც ამით ნაღველს სრულად ვერ განვიქარვებ.
წერაც გაბედე? სად და როდის ისწავლე?
ვისგან გებოძა, ნეტავ, ეს საბოძვარი?
ჯერ კიდევ გუშინ სულ სხვა იყო: ცხოვრება
ბორგნეული და მასთან ზნეც ბორგნეული
ღარიბულ ლუკმას გაჭმევდა, გახარებდა.
ხოლო სიტყვები შენთვის იყო იგივე,
რაც არის ლირა სახედრისთვის და ტალღა -
ხარისთვის, ხოლო ზღვის მხეცთათვის - უღელი.
ახლა გაგვიხდი ყოვლის მძვრელი ორფევსიც
და ამფიონიც, კედელთა აღმმართველი
თვისი სიმებით[6]. დახეთ ძაღლთა საქციელს!
ურცხვინოება ესე ალბათ გიბოძეს
თანამოღვაწეთ ძველთა და თანამთხზველთა.
მათთვის შენ გედიც იქნებოდა და, ალბათ,
ზეფირის ფრთათა სინარნარით ფენილი[7]
მუსიკალურად მოესმოდათ ხმაც შენი.
გარნა რასა წერ, ძაღლო, ვის წინააღმდეგ?
ნუთუ შენა ხარ წინააღმდგომ იმ კაცის,
ვისთვისაც წერა ისე ბუნებრივია,
ვით წყლისათვის დენა, სიმხურვალე ცეცხლისათვის.
მხდომ ხარ იმისთვის, ვინაც არის ყვედრებულ
შენგან და არა შენი მაყვედრებელი.
ჰოჲ, უგუნურებავ, მასთან კადნიერებავ!
ძვირფასო, ცხენთან გაჯიბრებას ინებებ[8],
ლომის დაკოდვას უუძლურესი ხელით.
ერთია მხოლოდ, რასაც ალბათ ფიქრობდი:
არ მოელოდი პასუხს მაგინებელი.
ჭკვიანურს მხოლოდ ამას ვხედავ მე შენში,
ვინ შეგებმოდა, აბა, ძაღლს გონიერი?[9]

 


[1] - PG 37, Carm. II, 1, n.41. 383 წ. მაქსიმე კინიკოსი - პოეტის პირადი მტერი, საეკლესიო ავანტურისტი, ლიტერატურულ პაექრობას უმართავდა გრიგოლს. ლექსში შთამბეჭდავია ანტიკური რიტორიკული დინამიკა.

[2] - აქ და ქვემოთაც, სადაც სიტყვა ძაღლი (κυων) გვხვდება, სიტყვათა თამაშია: ეს სიტყვა ბერძნულად ”კინიკოსსაც” ნიშნავს.

[3] - შდრ. ჰორაციუსი, პოეტური ხელოვნებისათვის 379...412... (ა. ურუშაძის თარგმანი, თბილისი, 1981).

[4] - საული - იუდეველთა მეფე (ძვ. წ. XI ს.), უმადურობისა და არაშორსმჭვრტელობის განსახიერება (I მეფეთა, თ. 8-31).

[5] - λογοι - ორატორთა მეტყველება იგულისხმება.

[6] - ორფევსი - ლეგენდარული თრაკიელი მომღერალი, აპოლონისა და კალიოპეს ვაჟი, მუსიკისა და პოეზიის გამომგონებელი, რომლის მუსიკის ძალა ხეებს ტოტებს ახრევინებდა, ქვებს ამოძრავებდა, მხეცებს ათვინიერებდა. ამფიონი - ზევსისა და თებეს მეფის ქალიშვილის ვაჟი, კითარაზე საუცხოოდ დამკვრელი, რომლის სიმთა ხმაზე ქვები თავისით ლაგდებოდნენ ერთიმეორეზე თებეს გარშემო კედლის მშენებლობისას. შდრ. ჰორაციუსი, პოეტური ხელოვნებისათვის, 391.

[7] ძეფირიოსი - დასავლეთის სუსტი საამო ქარი (სიო)

[8] მელექსეობის ცხენთა რბოლაში შეჯიბრთან შედარებისათვის იხ. რუსთაველიც: ”ვითა ცხენსა შარა გრძელი...” იხ. აგრეთვე Ovidius, Amores, III, 15.

[9] - დედანშია: ευ φρονων - კეთილგონიერთაგანი.

 


წერილები

ნიკობულოსს[1]
(ლაკონურად წერის შესახებ)

ლაკონურად წერა ის არ არის, შენ რომ გგონია. ეს სიტყვათა სიმცირეს კი არ ნიშნავს, არამედ ცოტა სიტყვებით დიდი სათქმელის გადმოცემას. ამისდა მიხედვით, ჰომეროსს ყველაზე მოკლედმეტყველ მწერალს ვუწოდებ, ანტიმაქოსს[2] კი - მრავალმეტყველს. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელის სიგრძეზე შინაარსის მიხედვით ვმსჯელობ, ასოთა სიმრავლით კი არა.[3]

 


[1] - PG 37, epist. 54. 372 წ. ნიკობულოი - გრიგოლის სიძე.

[2] - ანტიმაქოს კოლოფონელის ელეგიებს (ძვ. წ. V-IV სს.) მიმნერმეს მცირე ფორმის ელეგიებთან შედარებით ვრცლად წერის ნიმუშად ასახელებს ”მიზეზებში” კალიმაქეც. ანტიმაქოსი გრძელ პოემებსაც წერდა. ამ თვალსაზრისითაა იგი დაპირისპრებული ჰომეროსთან.

[3] - შდრ. რუსთაველი: ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”. ასოთა სიმრავლეში ელეგიებთან შედარებით ნაწერის სიგრძე იგულისხმება. შდრ. ჰორაციუსი, პოეტური ხელოვნებისათვის, 24.

 

მასვე[1]
(მასზედ, თუ როგორ უნდა იწერებოდეს წერილი)

წერილის მწერალთაგან (შენ ამასაც მეკითხები) ზოგი სასურველზე უფრო გრძლად წერს, ზოგი - ძალზე შემოკლებულად. მათგან ვერცერთი ზომიერებას[2] ვერ იცავს ისრის მსროლელთა დარად[3], რომელთაგან ერთნი ვერ უწვდენენ მიზანს, მეორენი კი გადააცდენენ მას, ორსავე შემთხვევაში ერთნაირად თანაწარხდებიან სამიზნეს, თუმცა მარცხი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზებით წარმოიშობა. წერილის ზომას საჭიროება განსაზღვრავს. არ ეგების გრძელი წერილის წერა, როცა სათქმელი არა გაქვს, და არც შემოკლება ეგების, როცა სათქმელი ბევრია. რაღა გამოდის? საჭიროა განა სიბრძნის გაზომვა სპარსული ვერსით ანდა ბავშვის წყრთით[4] და ისე არასრულყოფილად წერა, რომ ნაწერი წერილს კი არა, შუადღის ჩრდილებს ან იმგვარ ხაზებს დაემსგავსოს, რომელთა სიგრძე გარეგნულად, წარმოსახვითაა თანაბარი და არა სინამდვილეში და, შეიძლება ითქვას, მსგავსის მსგავსია? ზომიერების დასაცავად აუცილებელია ორსავე შემთხვევაში ვერიდოთ არათანაშეზომილებას. აი, რაც ვიცი სიმოკლის შესახებ. რაც შეეხება სიცხადეს[5], ცნობილია, რომ ხამს შეძლებისდაგვარად თავი ავარიდოთ წიგნების ენას და უფრო დავუახლოვდეთ სასაუბრო მეტყველებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ის წერილია სრულყოფილი და მშვენიერი, რომელიც განუსწავლელისთვისაც და განსწავლულისთვისაც ერთნაირად სასურველი იქნება: პირველისთვის იმით, რომ მიესადაგება უმრავლესობის გაგებას, მეორისთვის კი იმით, რომ უმრავლესობის გაგებაზე ამაღლებულია და თავდაპირველი სახითვე გასაგებია, რადგან უვარგისია წერილი, რომელიც ამოსახსნელი გამოცანასავით საჭიროებს ამოხსნასა და განმარტებას. წერილის მესამე თავისებურება ისაა, რომ სასიამოვნო[6] უნდა იყოს. ამას კი დავიცავთ, თუ დავწერთ არა მშრალად და ტლანქად, არა მოუკაზმველად, არა ხელოვანების გარეშე და მოუწესრიგებლად, არამედ დავწერთ ისე, რომ ნაწერს არ აკლდეს სენტენციები, ანდაზები, აპოფთეგმები, ასევე მახვილგონივრულობა (სიტყვათა თამაში), იგავები, რითაც ყველა შეიგრძნობს სიტყვის სიტკბოებას. თუმცა არ ეგების ამ სამკაულების მოჭარბებული გამოყენებაც. უმაგათოთ წერილი მდარეა, მათი სიჭარბით კი - მეტისმეტად გადაპრანჭული[7]. ისინი ისეთი ზომით უნდა ჩავრთოთ ნაწერში, როგორც მეწამული ფერი ქსოვილში. დასაშვებია ქარაგმული გამონათქვამებიც, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და მასთან უხამსოებისაგან თავისუფალი. ხოლო დაპირისპირება, სიტყვათა შეთანხმება და ნაწილთა თანაშეზომილება სოფისტებისათვის მიგვინდვია. და თუ სადმე მაინც მივმართავთ ამას, ისე უნდა გავაკეთოთ, თითქოს ვთამაშობთ და არა საგანგებოდ მოვიძიებთ მას. და ბოლოს, რაც შეეხება იმავე დახვეწილობას, არწივზე გამიგონია, რომ, როცა ფრინველები სამეფო ძალაუფლებაზე ბჭობდნენ და თავყრილობაზე ნაირგვარად მორთულ-მოკაზმულნი გამოცხადდნენ, არწივს დიდი ღირსება იმით გამოუჩენია, რომ ლამაზად თავის ჩვენება არც უფიქრია. ასევე უნდა მოვიქცეთ წერილებშიც ძირითადად. ვგულისხმობ იმას, რომ წერილს არ უნდა გააჩნდეს ზედმეტი სამკაულები და ბუნებრიობისაკენ უნდა იხრებოდეს უმეტესად. აი, რას გაუწყებ წერილთა შესახებ წერილითვე. შესაძლოა, ჩემს საქმეს არ მოვკიდე ხელი, რადგან არსებითს შევეხე. დანარჩენს თვით შეიტყობ საკუთარი შრომისმოყვარეობით, როგორც შეგნებული კაცი. ამასვე გასწავლიან აგრეთვე ამ აქმეში გამოცდილი სხვა ადამიანებიც.

 


[1] - PG 37, epist. 51. 372 წ.

[2] - შდრ. Aristot. Eth. Nic. I, 6. Rhet. III 1414 a 27.

[3] - ეს ტროპი პოეტურ ოსტატობასთან დაკავშირებით სხვა კონტექსტი იხ. რუსთაველთანაც: "ვამსგავსე მშვიდი ბედითი...". შდრ. აქვე ლექსი ”მაქსიმეს” - ტაეპი 13.

[4] - ზომის ერთეულები.

[5] - შდრ.  Arist. Rhet. III 1404 b; Poet.§ 22 init.

[6] - შდრ.  Arist. Poct. 1448 b 8-10; 1453 d; Rhet, I 1366 a 33

[7] - შდრ. ფსევდო-ლონგინე, ამაღებულისათვის, თ. VIII და შემდეგ (ბ. ბრეგვაძის თარგმანი, თბილისი, 1975). არისტოტელე, პოეტიკა, § 22,§ 24... (ს. დანელიას თარგმანი, თბილისი, 1979).

 


მასვე[1]
(აუწყებს ბასილისადმი თავის პატივისცემას)

მუდამ ჩემზე პატივსაცემ პიროვნებად მივიჩნევდი დიდ ბასილს, თუმცა იგი საწინააღმდეგო აზრისაა. ასევე ვფიქრობ ახლაც როგორც მეგობრობის გამო, ისე ჭეშმარიტების გულისთვისაც. ამიტომ ვათავსებ მის წერილებს წინ, ჩემსას კი ბოლოს დავურთავ, რამეთუ ძლიერ მწადია და მსურს სხვებს ვუჩვენო ნიმუში თავმდაბლობისა და მორჩილებისა.

 


[1] - PG 37, Epist. 53, 372 წ. ნიკობულოსის თხოვნით გრიგოლმა შეკრიბა თავისი წერილები, რომელთა წინ ბასილის წერილები მოათავსა.

 

მასვე[1]
(პასუხად იმისა, რომ თავის ცოლს ალიპიანეს, გრიგოლის დის, გორგონიას ასულს, პატარა ტანის გამო დასცინოდა)

დასცინი ჩვენს ალიპიანეს, რომ პატარაა და არა ღირს არს შენი სიდიადისა, დიადო და უზომოდ გოლიათო ტანითაც და ძლიერებითაც! ახლა გავიგე მხოლოდ, რომ წონით იზომება სული და მითვე ფასდება სათნოება, რომ უბრალო ქვები მარგალიტზე ძვირფასია და ყვავნი უმჯობეს ბულბულთა არიან. მიიმატე კიდევ რამდენიმე წყრთა სიდიდეში და არაფრით ჩამორჩე ალოადებს[2]. შენ რომ ცხენზე ამხედრებულხარ, შენ რომ ისარს ტყორცნი და გაქვს ისეთი საზრუნავი, როგორიცაა მხეცებზე ნადირობა, მას ასეთი საქმე არა აქვს. ხოლო მაქოს ჭერას, სართავი ჯარის მოვლას და ქსლის საბეჭველთან ჯდომას დიდი ძალა არ უნდა. ”ქალთა მოვალეობაც ეს არის”[3]. და თუ იმასაც დავძენთ, თუ როგორაა იგი დადრეკილი ლოცვისას და გონების მაღალი მოძრაობით მუდამ ღმერთს ესაუბრება, რაღა იქნება ამასთან შენი სიმაღლე და სიდიდე სხეულისა? იხილე მისი დროული დუმილი, უსმინე, როცა საუბრობს, თავად განსაჯე, თუ რაოდენ ნაკლებად ემონება მორთულობას, რა ქალურად ვაჟკაცურია, როგორ ზრუნავს ოჯახზე, როგორ უყვარს ქმარი, და მაშინ გაიმეორებ ლაკედემონელის სიტყვებს: ”ჭეშმარიტად, სული არ იზომება. გარეგანი კაცი უნდა გულისხმობდეს შინაგანსაც”.[4] თუ ამას ჩასწვდები, აღარ აიგდებ მას საცინრად, აღარ იხუმრებ მის ტანმორჩილებაზე და თავს ბედნიერად ჩათვლი, რომ წილად გხვდა მისი მეუღლეობა.

 


[1] - PG 37, Epist. 12, დაახლოებით 365 წ.

[2] - ალოადები - ალოევსის ძენი ოტოსი და ეფიალტე, გამოირჩეოდნენ დიდი ძალღონით. მთების ერთმანეთზე შედგმა და ზეცამდე ამაღლება განიზრახეს, რისთვისაც აპოლონმა ისრით განგმირა. აქ გრიგოლი მიანიშნებს ნიკობულოსის კადნეირებაზე.

[3] - ნაწყვეტი თავად გრიგოლის ლექსიდან ”მორთულობათა მოყვარულ ქალებზე”. PG 37, c. I,2,n. 29, v. 267. შდრ. ილიადა, IV, 323, XVI, 457.

[4] - შდრ. პავლენი, რომ. 7,22; II კორ. 4,16; ეფეს. 3,16.

 

რიტორ ევდოქსიოსს[1]
(მასზედ, რომ საკუთარი სიბრძნისმოყვარეობის დაფარვა უმაღლესი სიბრძნისმოყვარეობაა)

შენ, ჩემო საყვარელო შვილო, რამდენდაც ვუწყი, კარგი მამა გყავს. გამხნევდი მხოლოდ, სწავლობდე და სუფევდე.[2] ჩვენ კი მზადა ვართ შენად საქებად, თუმცა ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შენი სიბრძნისმოყვარეობა, რადგან შენს ნათქვამს კი არ მივაპყრობთ ხშირად გულისყურს ჩვენსას, არამედ იმას, რასაც იქმ. არ ცნობა საკუთარი სიბრძნისმოყვარეობისა ფრიად სიბრძნისმოყვარულია. კრიტიკოსი დიონისე ამბობს რიტორ ლისიაზე: მისი სისადავეც ფრიად მაღალმხატვრულიაო.[3]

 


[1] - PG 37, Epist. 180, 383 წ. მეორე ევდოქსიოსია ადრესატი, - სახელგანთქმული რიტორის ევდოქსიოსის ვაჟი, თავადაც რიტორი.

[2] - შდრ. ფსალმ. 44,5.

[3] - სიტყვათა თამაშია: ατεχνον (უხელოვნო) და εντεχνον (ხელოვანებით შექმნილი). იგულისმება დიონისე ჰალიკარნასელის (ძვ. წ. I ს.) De Lysia, 8. ლისია (ძვ. წ. V-IV სს.) ატიკურ დიალექტზე წერდა სადად, გასაგებად, არქაიზმების გარეშე.

 

ევლალიოსს[1]
(ლამისიდან გამგზავრებისას, სადაც აღასრულა დუმილის აღთქმა, სურს ევლალიოსთან გასაუბრება)

რაღაც უჩვეულო ხდება ჩემს თავს: როცა შენთან ვდუმვარ, გული მთხოვს უხილავთან გასაუბრებას, რათა კდიეც გითხრა სიტყვა და კიდეც ვისმინო შენგან. რადგან სასურველია, საწყისი ყოველივესი და სიტყვისაც პირველად სიტყვასვე[2] მივუძღვნათ, ხოლო ამის შემდეგ - ღმრთისმოშიშთა.

 


[1] - PG 37, Epist. 117, 382 წ.

[2] - იგულისხმება ღმერთი - λογος

 

კლიდონიოსს[1]
(ნებას რთავს ეწვიოს დუმილის შემდეგ)

არ ვეწინააღმდეგები შეყრას ჩვენსას და, თუმცა ენა მდუმარებს, ყურნი ნეტარებით განმზადებულ არიან შენი სიტყვების სასმენლად. რამეთუ სასარგებლო საუბრის გაგონება ისევე მარგებელია, როგორც რაიმე სასარგებლოს თქმა.

 


[1] - PG 37, Epist. 109, 382 წ.

 

ბოსპორიოსს, კოლონიას ეპისკოპოსს[1]
(აუწყებს კონსტანტინეპოლის ეკლესიის დატოვების შესახებ მიღებულ მტკიცე გადაწყვეტილებას)

უკვე მეორედ ვებმები თქვენს მიერ დაგებულ მახეში და ვრჩები გაცრუებული. თქვენ უწყით, რასაც ვგულისხმობთ, და, თუ სამართლიანად ვამბობ, ”იყნოსოს უფალმან ღმერთმან” თქვენმან ”სული სულნელებისა” [2], ხოლო, თუ უსამართლოდ განვსჯი, უფალმანვე მომიტევოს. ასე ხამს თქვენს შესახებ საუბარი, რამეთუ ბრძანებულ არს ჩვენთვის გულისწყრომათა დათმენაც. თუმცა დამოუკიდებელი აზრი თქვენსავით გამაჩნია. აწ აღარ შეგაწუხებთ მძიმე გრიგოლი. განვმარტოვდები ღმერთთან, რომელიც ერთადერთია უმზაკვრო და წმინდა. ჩავღრმავდები საკუთარ თავში. აი, რა გადავუწყვიტე ჩემს თავს, რადგან ნათქვამია: მხოლოდ უგუნური თუ წამოჰკრავს ფეხს ორჯერ ერთსადაიმავე ქვას.

 


[1] - PG 37, Epist. 153, 381/382 წ.

[2] - დაბადება 8,21.

 

ფილაგრიოსს[1]
(კესარიოსისა და თავის მეგობარს ანდობს კესარიოსის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას)

აღარა მყავს კესარიოსი[2] და, თუმცა ტანჯვა არაკეთილგონივრულია, მაინც ვიტყვი: ყოველივე კესარიოსისეული ძველებურად მიყვარს და ვეხვევი და ვკოცნი, რასაც არ უნდა ვხედავდე მის მოსაგონარს. წარმოვიდგენ, რომ მას ვუმზერ, მასთან ვიმყოფები და ვესაუბრები კიდეც. ახლაც ასე დამემართა შენი წერილის მიღებისას. ვერც კი მოვასწარი ზედწარწერილის წაკითხვა - ფილაგრიოსის, ჩემთვის ესოდენ საყვარელი სახელისა, რომ ყოველივე, რაც ოდესმე ასე სასურველი იყო, უმალ თვალწინ წარმომიდგა: ცხოვრება ჩვენი, საუბრები, საერთო ტაბლა, სიღარიბე და, როგორც ჰომეროსი ამბობს, კეთილი მეგობრობა,[3] ხუმრობანი და საქმენი, მეცნიერული შრომა, საერთო მოძღვარნი, დიდი იმედები და ყოველივე მაშინდელი, რაც წრფელი და მართალია და მეტად მახარებს მოგონებისას. გული რომ ვიჯეროთ ამაზე საუბრით, გეედრები, ნუ გადადებ კალამს და მომწერე, გეთაყვა. ეჭვი არ გეპარებოდეს, ეს ჩემთვის არც ისე უმნიშვნელოა. თუმცა შურმა, რომელმაც ასე უნუგეშოდ მოაქცია საქმენი ჩემნი, მომაკლო  უმთავრესს - შენთან ყოფნას.

 


[1] - PG 37, Epist. 30, 368/369 წ.

[2] - კესარიოსი - გრიგოლის ძმა.

[3] - ჰომეროსი, ილიადა, III, 175.

 

რიტორ ევდოქსიოსს[1]
(გაანდობს ბასილის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას)

იკითხავ, თუ როგორ მიდის ჩვენი საქმე - ძალზე ცუდად. აღარა მყავს ჩემი ბასილი, აღარც კესარიოსი - ძმა ჩემი სულიერი და ხორციელი. ”მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე”,[2] - ვღაღადებ დავითთან ერთად. მელმის ხორცი, კარს მომადგა სიბერე. ირგვლივ საზრუნავია, დამიმონეს საქმეებმა. მეგობარნი უნდონი, ეკლესია უმწყემსო. განქარდა მშვენიერი, დაშთა ბოროტი. მივცურავთ ბნელში და სხივიც არსითა ჩანს. ქრისტემ მიიძინა.[3] მოველოდე აწ რაღას? ბოროტებათაგან თავდაღწევის ერთადერთი გზა სიკვდილია, მაგრამ მაშინვე იმქვეყნიურიც, თუ გავიხსენებ ჩემს ამქვეყნიურ საქმეებსაც.

 


[1] - PG 37, Epist. 80, 375 წ. ხელნაწერთა უმრავლესობის მიხედვით წერილის ადრესატი ფილაგრიოსია.

[2] - ფსალმუნნი 26,10.

[3] - შდრ. მათე 8,24.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ბუზარაშვილმა

”ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I, 1994 წ.

კატეგორია: † გრიგოლ ღვთისმეტყველი | დაამატა: vasoelis (06.09.2013)
ნანახია: 1124 | ტეგები: † წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - პოეზ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: