† ევაგრე პონტოელი






ევაგრე პონტოელი (346-399)


წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი



ჩვენი თემისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააცნია ევაგრე პონტოელის თხზულებებს, რომელიც ასკეტურ-მჭვრეტელობითი ცხოვრების პირველი ყველაზე მსხვილი თეორეტიკოს-სისტემატიკოსი და აღმოსავლეთის ეკლესიის სულიერი მოძღვრების ერთ ერთი დამფუძნებელი იყო (42).



საინტერესოა აღინიშნოს თუ როგორი ვრცელი ადგილი უჭირავს დემონებთან ბრძოლის საკითხს ამ უაღრესად კულტურული და ინტელექტუალური ადამიანის სულიერ სწავლებაში. კარგად არის ცნობილი დემონთა სხვადასხვაობის მისეული აღწერილობანი, რომლებიც ჩვენს უმთავრეს ვნებებთან არიან დაკავშირებულნი (მაგ.: სული უდებებისა ან სულიერი მცონარებისა) (43). ევაგრე აქ ამჟღავნებს ადამიანის სულისა და დემონთა მოქმედების ღრმა ცოდნას. თუმცა, ჩვენთვის უფრო საინტერესოა მისი დაკვირვებები ანგელოზთა და ეშმაკთა მონაწილეობა გონებისმიერ ლოცვასა და ჭვრეტაში. 



ევაგრეს თანახმად აქ მდებარეობს სწორედ დემონური ბრძოლის მთავარი ობიექტი. "მთელი ომი, - ამბობს ევაგრე, - რომელსაც ჩვენ და ეშმაკნი ვაწარმოებთ ერთმანეთთან, მიმდინარეობს წმ. სამების შემეცნების ჭვრეტასთან დაკავშირებით. მათ უნდათ რომ ხელი შეგვიშალონ ცოდნის შეძენაში, ჩვენ კი ვცდილობთ ვისწავლოთ და გავმდიდრდეთ ცოდნით" (44).



დემონებს განსაკუთრებულად არ უყვართ გონისმიერი ლოცვა. "თუ შენ განსაკუთრებულად ცდილობ შეუდგე ლოცვით მოსაგრეობას, დემონთა თავდასხმისთვის მოემზადე, - ამბობს ევაგრე პონტოელი თავის "თავებში ლოცვის შესახებ", - რადგან ისინი შენსკენ გამოეშურებიან, ვითარც გამძვინვარებული მხეცები და ტანჯვას მიაყენებენ შენს სხეულს" (45). "დემონი განსაკუთრებულად არის გაბოროტებული მლოცველ ადამიანზე და ყოველ ღონეს ხმარობს ხელი შეუშალოს მას ამ მიზნის განხორციელებაში... რათა დააბრკოლოს იგი ღმრთისკენ სულიერ ასვლაში" (46).



მთელი ომი, რომელიც სწარმოებს ჩვენსა და უწმინდურ სულთა შორის, გამართულია არა სხვა რამის, არამედ სულიერი ლოცვის გამო" (47).



დემონები მრავალ ხერხს მიმართავენ, რათა დაგვაბრკოლონ ჩვენს ლოცვებში. ლოცვის დროს შთაგვაგონებენ სხვადასხვა აზრებს, მოგვაგონებენ მრავალფეროვან საგნებთ, ვნებებს, ხორციელ გრძნობებს და ა. შ. რათა შეასუსტოს ჩვენი გონება და შეუძლებელი გახადოს გულდასმითი ლოცვის მისი მცდელობა (48). კიდევ უფრო საშიშია წარმოდგენები და ჩვენებანი, რომელსაც დემონი ჩვენს გონებაში აღძრავს ლოცვის დროს, რადგან მათ შედეგად მოსდევს განსაზღვრულ სივრცეში ღმრთაების წარმოდგენის ცდომილება. "უფრთხოდე მტრის ხაფანგს, - გვაფრთხილებს ევაგრე, - რადგან ხდება, რომ როდესაც გულწრფელად და აღუშფოთველად ლოცულობ, უეცრად მოგევლინება უცნაური და უცხო ჩვენება იმ მიზნით, რათა შთაგაგდოს თავდაჯერებულობაში და მოგიმწყვდიოს იმ წარმოდგენათა ტყვეობაში, რომლის თანახმადაც ღმერთი სივრცესა და რაოდენობას არის დაქვემდებარებული მაგრამ, უწყოდე, რომ ღმერთი მარტივია, არც სივრცესაა დაქვემდებარებული და არც რაოდენობას" (49).



ასეთ წარმოდგენას საფუძვლად ყოველთვის უდევს რაღაც გრძნობისმიერი, რომელიც დაკავშირებულია სხეულთან... "როდესაც შურიან დემონს არ ძალუძს მოატყუოს მოსაგრე გონისმიერი წარმოდგენებით, მაშინ ის ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ჩვენს ხორცზე, რათა გონებაში წარმოქმნას ერთგვარი, უცნაური წარმოსახვანი და მისცეს მას გარკვეული ხატი. აზროვნებას მიუჩვეველი მოსაგრე ადვილად ეგება ამ ანკესზე და უსაგნოსა და უხილავის შემეცნებისკენ მსწრაფი, ტყუვდება და ნათლის მაგიერ ხელთ რჩება კვამლი" (50). 



ასეთი ცდუნებანი განსაკუთრებულად ხშირია გონიესმიერი ლოცვის პროცესში. "როდესაც გონება უკვე წმიდად და ჭშმარიტად ლოცულობს, ცდომილების გარეშე, დემონები უკვე მას მიეახლებიან არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხრიდან. ისინი წარმოუდგენენ მას ღმრთის დიდებას და ისეთ ხილვებს, რომელიც სასიამოვნოა გრძნობათათვის. ამდენად, მლოცველს ეჩვენება, თითქოსდა ლოცვითი მოსაგრეობით მიაღწიეო მიზანს" (51). ამგვარი ხრიკებით დემონები მაქსიმალურად ცდილობენ ამპარტავნების ვნებას დაუქვემდებარონ მლოცველი.



მაგრამ, ძალიან საინტერესოა, აღინიშნოს, რომ გონებრივ წარმოსახვებს, ევაგრეს მიხედვით, დემონები წარმოქმნიან ხორციელი გრძნობების მეშვეობით.  ევაგრე გვაძლევს მეტად საინტერესო განმარტებას, როგორ ეხებიან ბოროტი სულები ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ტვინის ერთ ნაწილს, "სადაც სისხლძარღვები სჩქეფენ" (52). "ჩემის აზრით, - ამბობს ის, - დემონი, როცა ზემოთხსენებულ ნაწილს ეხება, თავისი სურვილისამებრ მიაქცევს ჩვენი გონების ახლოს მდებარე ნათელს და აზროვნებასთან მიმართებაში მოქმედებაში მოჰყავს ამპარტავნების ვნება, რომელიც გონებას წარმოუქმნის წარმოსახვებს, რადგან ის უკვე მოკლებულია მართვას, რათა შეიმეცნოს ღვთაებრივი და არსებითი. ასეთი გონება, რომელსაც არ აშფოთებს ხორციელი და უწმინდური ვნებები, არამედ თითქოსდა წმიდად ლოცულობს, ფიქრობს, რომ უკვე თავისუფალია მტრის ზემოქმედებისგან. ამიტომაც, მისი აზრით, ის მოვლენა, რომელიც მასში ხდება დემონის მზაკვარებით და აძლევს მას წარმოსახვას, - არის ღვთიური" (53).



დემონები სულიერი ჭვრეტის დროსაც ცდილობენ ჩვენი გონების აღშფოთებას და "და ბნელი ღრუბელივით ეფარებიან აზროვნებას, რათ გონება განაშორონ მჭვრეტელობას" (54). როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ დემონურ საცდურებს? ფრთხილად უნდა ვიყოთ და ღმერთს ვთხოვოთ შემწეობა. "იფხიზლე, რათა მზაკვარმა დემონებმა არ მოგატყუონ რაიმე ხილვის მეშვეობით. არამედ გონება მოიკრიბე, დადექ ლოცვაზე და ევედრე უფალს, რათა ის, რაც შენს გონებაში ხდება თუ ღვთისგანაა თვით უფალმავე განგანათლოს; ხოლო თუ არ არის მისგან, მყისვე განგაშოროს შენ მაცდური ეშმაკი" (55).



"თავმდაბლობა და მორჩილება ასევე დაგვიცავს ჩვენ ეშმაკთა შეურაცხყოფისგან"(56). "გონიერი სულის უვნებობა არის ის სულიერი კედელი, რომელიც მას დემონთაგან იცავს" (57). თუმცა, ამავე დროს, ლოცვა არის ყველაზე ქმედითი იარაღი დემონთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით ძლიერია მოკლე და გულითადი ლოცვა. ის წვავს დემონებს, ვითარც ცეცხლი. "ასეთი განსაცდელის ჟამს, - ამბობს ევაგრე, - ისარგებლე მოკლე და გულითადი ლოცვით" (59). დემონის ძალისხმევა არ უნდა განაშორებდეს ჩვენ გონებას ლოცვისგან. ეს აზრი განიმარტება ზოგიერთი მეუდაბნოვის მაგალითზე, რომლებსაც დემონთა ვერანაირი თავდასხმები ვერ განაშორებდნენ ლოცვას (60).



ევაგრე არ ივიწყებს წმიდა ანგელოზთა შეწევნასაც, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან ამ სულიერ ბრძოლაში. "ღმრთის ანგელოზს, - ამბობს ის, - ერთი სიტყვით ძალუძს შეწყვიტოს ჩვენში სუპოსტატის ყოველგვარი მზაკვარება და აამოქმედოს გონების ნათელი, რათა უცდომელად იღვაწდეს" (61).



ანგელოზები შეგვეწევიან ჩვენ ლოცვებში. ლოცვის მადლი მათგან გვეძლევა. ისინი გვაძლევენ ჩვენ ჭეშმარიტი ლოცვის შემეცნებას ისე, რომ ამის შემდეგ წარვსდგებით ყოველგვარი უწესივრო მოძრაობის, უდებებისა თუ გონებრივი მცონარების გარეშე (62). "უწყოდე, - ამბობს ის სხვა ადგილას, - რომ წმიდა ანგელოზები გვაქეზებენ ჩვენ ლოცვისკენ და ჩვენთან ერთად წარსდგებიან ლოცვის ჟამს, ჩვენთან ერთად ხარობენ და ლოცულობენ ჩვენთვის. ამიტომაც, თუკი ჩვენ ვიქნებით უდებნი და მივიღებთ უჯერო აზრებს, ძალიან განვანაწყენებთ მათ. ისინი ხომ ამდენს იბრძვიან ჩვენთვის, ჩვენ კი საკუთარი თავისთვისაც ვერ ვიცლით, არამედ უგულებელვყოფთ მათ მსახურებას და ვტოვებთ ღმრთისა და უფლის წინაშე, სამაგიეროდ ბილწ და დაცემულ ანგელოზებს ვეგებებით" (63). 



ანგელოზები ჭვრეტაშიაც გვეხმარებიან. ისინი იმგვარად განგვანათლებენ, რომ შემძლებელნი ვხდებით მივიღოთ ქმნილ არსებათა იდეალური საფუძვლები. ევაგრეს სწავლებაში ეს არის სულიერი ჭვრეტის ერთ ერთი საფეხური. "თუ შენ ჭეშმარიტად ლოცულობ, - ამბობს ის, ჰპოვებ სრულ სიმტკიცეს, ანგელოზები ჩამოვლენ შენთან და ნათელსჰყოფენ შენთვის ქმნილებათა იდეალურ საფუძვლებს ("ლოგოსებს") (64). 



"რელიგიური ცხოვრების ჭვრეტისას, რომელიც ეხება ღმრთის მცნებებს (ანუ მოღვაწეობას), - ამბობს ის სხვა ადგილას, - წმიდა ანგელოზნი განგვწმენდენ ცოდვისგან და ვნებათაგან გვათავისუფლებენ, ხოლო ბუნებათა და "ლოგოსთა" (იდეალურ საფუძველთა) ჭვრეტაში, რომელიც ღმერთთან ახლოსაა, უმეცრებისგან გვათავისუფლებენ, განგვაბრძნობენ და შემეცნების უნარს გვაძლევენ" (65).



მიუხედავად ამისა, თვით ანგელოზნი არ წარმოადგენენ ევაგრესთვის ჭვრეტის საგანს. უმაღლეს სტადიაში ეს ყოველთვის ღმერთია, ყოვლადწმიდა სამებაა, რომელიც არის ყოველთვის ჭვრეტის ობიექტი. საღმრთო ქმედებანი, როგორიცაა მაგალითად, განგებულება, სიბრძნე, სამსჯავრო, ასევე ღმრთის ანარეკლი ქმნილებებში, ქმნილ არსებათა იდეალურ საფუძვლებში, ეს ყოველივე ჭვრეტის უქვემოესი საფეხურებია. ამიტომაც, "უხორცო" ძალთა ჭვრეტა, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია ევაგრეს სულიერი სწავლებისთვის, სამყაროს არანივთიერი აგებულების ამგვარი ჭვრეტის ნაწილად უნდა აღვიქვათ და არა ანგელოზთა ხილვად. ამგვარი ხილვა მთლიანად როდია უარყოფილი. ევაგრეს ანგელოზთა ჭეშმარიტი გამოცხადების მრავალი მაგალითი მოჰყავს. "ძლიერ ნუ ისურვებ, - ამბობს ევაგრე, - გრძნობისმიერად იხილო ანგელოზი ან ძალნი ცათანი, ან ქრისტე, რათა ჭკუიდან არ შეიშალო და მგელი მწყემსად არ მიიღო და დემონი ნათლის ანგელოზად" (66).



ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს გონისმიერი ლოცვის ეს საფუძველი, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ წარმოსახვას და რომელსაც გონების ღმერთთან ერთობისკენ მივყავართ, რათა სწორად შეფასდეს ყოველივე, რასაც ევაგრე ამბობს ანგელოზთა და დემონთა როლზე ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. 



მიუხედავად მთელი თავისი ინტელექტუალიზმისა, ევაგრე, უეჭველად იყო უდიდესი სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანი. ეს უფლებას აძლევს მას ილაპარაკოს ავტორიტეტით და ბნელ ძალთა მოქმედებათა ცოდნით, ასევე იმის ცოდნით თუ რა შეწევნას გვაძლევენ წმიდა ანგელოზები სულიერ ბრძოლაში. მისი ფიზიოლოგიური განმარტებანი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად როდი არიან მოკლებულნი ღირებულებას, გარკვეულწილად მაინც იმ დროინდელი მეცნიერული იდეების ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.







შენიშნვები:



42. აღმოსავლელი მამების ასკეტური სწავლების განვითარებისა და ფორმულირების საქმეში ევაგრეს მნიშვნელობაზე (განსაკუთრებით გონებრივი ლოცვისა და ჭვრეტის სფეროში) ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ბევრი რამ დაიწერა დასავლეთში. იხ. ჰაუსჰერრის (შენიშვნა 7-ე) ზემოთხსენებული ნაშრომი). ასევე: M. Viller : "Aux sources de la spiritualite de Saint Maxime", "Revue d'Ascetique et de Mystique", 11 (1930). ამ საკითხის გარკვევას ხელი შეუწყო ევაგრეს მრავალრიცხოვანი შრომების გამოცემამ, რომელთა ბერძნული ორიგინალები დაკარგულია, თუმცა შენარჩუნებულია ასურულ და სომხურ თარგმანებში. მიუხედავად ამისა, ევაგრეს ასეთი შეფასება მაინც გადაჭარბებული მგონია. ევაგრეს ზეგავლენის დაკნინების გარეშე, მიმაჩნია, რომ სულიერი მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია ღირ. მაკარის "სულიერ საუბრებში" (იხ. ქვემოთ შენიშვნებში) და წმ. დიადოხოსის თხზულებებში, უფრო მეტი ზეგავლენისა და მისტიკური მნიშვნელობისა იყო. მისგან მოდის პირდაპირი ხაზი ღირ. სიმეონ ახალ ღვთისმეტყველთან (949-1022), ბიზანტიური ეკლესიის უდიდეს მისტიკოსთან. მეორეს მხრივ, "იესუს ლოცვის" მისტიკამ, რომელიც უკვე ღირ. ნილოს ანკვირელთან († 430) გვხვდება და უცხოა ევაგრესთვის, უფრო ღრმა და ხანგრძლივი კვალი დატოვა აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში, ვიდრე ევაგრეს მთელმა "ჭვრეტამ" თავისი მრავალრიცხოვანი ქვეგანყოფილებებითურთ. ასევე არ შეიძლება ღირ. მაქსიმე აღმსარებელში (580-662) ევაგრეს უბრალო მიმბაძველი დავინახოთ, როგორც ამას ფიქრობს М. Viller თავის ზემოთხსენებულ ნაშრომში. იხ. Hans Urs von Balthasar : "Liturgie Cosmique. Maxime le Confesseur", Paris. 1947. 



43.  Евагрий. "О восьми помыслах к Анатолию". Гл. 7 (P. G. 40. 1273 BC). 



44. ევაგრე "ასეული", 3.41 გამომც. W. Frankenberg. Abhandlungen der K. Gesellschaft der Wissenschaften zu Gottingen. Philol.-Hist. Klasse. N. F. B. 12 920. C. 217. ევაგრეს ამ თხზულებამ (ზოგიერთი ნაწყვეტის გარდა) ჩვენამდე მხოლოდ ასურული თარგმანით მოაღწია. ფრანკენბერგი გამოსცემს ასურულ ტექსტს და თვითონვე თარგმნის ბერძნულ ენაზე. დაკარგული ბერძნული ტექსტის ამგვარი რეკონსტრუქცია წარუმატებლად უნდა ვაღიაროთ. ფრანკენბერგის "ბერძნული" ტექსტი ძალიან უხეშია, მძიმეა და სტილისტურად საკმაოდ განსხვავდება ევაგრეს ჩვენამდე მოღწეული ბერძნული თხზულებებისგან. თუმცა, თვით ასურული თარგმანი უკვე წარმოადგენდა ბერძნული ორიგინალის თავისებურ გადამუშავებას (ხშირად ტენდენციურსაც) რაც ჩანს მისი შედარებიდნ ევაგრეს თხზულების ბერძნულ მონაკვეთებთან. ერთი - თავდაპირველი და უფრო ზუსტი (შენარჩუნებულია მხოლოდ ერთ ხელნაწერში), სხვა - უფრო მკითხველის გემოვნებასთან შეთანაწყობილი (მასში სისტემატურად არის გამოტოვებული ორიგენესეული გამოთქმები, იდეები და ა. შ.), რის გამოც ფართოდ გავრცელდა. იხ. ამის შესახებ A. Guillaumont-ის საკმაოდ საინტერესო ნაშრომი: "Le texte veritable des "Gnostica" d'Evagre le Pontique", - "Revue de l'Histoire des Religions". 142 (1952), 156-205.



45. Евагрий. "153 главы о молитве", 91 (P. G. 79. 1188 A). 



46. იქვე, 46 (1176 D). 



47. იქვე, 49 (1177 AB). 



48. იქვე, 46 и 50 (1176 D - 1177 B). 



49. იქვე, 67 (1181 AB). 



50. იქვე, 68 (1181 B). 



51. იქვე, 72 (1181 D). 



52. იქვე, 72 (1181 D).  53. Там же, 73 (1184 A). 



54. Евагрий. "Сотницы". 3. 90 (Frankenberg. C. 259). 



55. Евагрий. "153 главы о молитве". 94 (P. G. 79. 1188 BC). 



56 იქვე, 96 (1188 D).  57. Евагрий. "Сотницы". 5. 80 (Frankenberg. C. 355). 



58. Евагрий. "153 главы о молитве". 94 (P. G. 1188 C). 



59. იქვე, 98 (1189 А). 



60. იქვე, 111 (1192 BC). C. 106-107 (1189 D-1192 A). 



61. იქვე, 74 (1184 В). 



62. იქვე,  75 (1184 В). 



63. იქვე,  81 (1185 А). 



64. იქვე, 80 (1184 D). 



65. Евагрий. "Сотницы". 6. 35 (Frankenberg. C. 383). 



66. Евагрий. "153 главы о молитве". 115 (P. G. 79. 1192 D-1193 A).

კატეგორია: † ევაგრე პონტოელი,პალადი ჰელენოპოლელი | დაამატა: vasoelis (05.09.2013)
ნანახია: 1230 | ტეგები: † ევაგრე პონტოელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: