დოგმატი და დოქსა 4-5

Тройца

 

 

 

4-5

 

ტერმინ “დოგმატისა” და ტერმინ “დოქსას” თარგმნის ისტორია ქართულენოვან საეკლესიო ლიტერატურაში

განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ, ეს გახლავთ რიგით მეოთხე საუბარი და ერთგულ მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ შევჩერდით საკითხზე იმის შესახებ თუ როგორ ითარგმნებოდა ქართულად ტერმინი დოგმატი. აღვნიშნავდით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ მთარგმნელობით მოღვაწეობას და რომ საეკლესიო ტრადიციაში მთარგმნელობითი მოღვაწეობა თავისი სულიერებით, თავისი ღვთივსულიერი არსით გათანაბრებული იყო ორიგინალთან, იმ საღვთისმეტყველო მოვლენსათან რასაც საკუთრივ შრომის დაწერა და არა თარგმნა ჰქვია. თარგმნა და თხზულების დაწერა ფაქტობრივად იგივეობრივია ეკლესიის მამათა სწავლებით და ამის ერთი უდიდესი ნიმუში ჩვენ დავიმოწმეთ უკვე, ეს გახლავთ წმ. Gიორგი მთაწმინდელის ანდერძი, რაც მან დაურთო ბასილი დიდის “ექვსთა დღეთას” მისეულ თარგმანს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგადად თხზულებების, როგორც მთლიანი ძეგლების თარგმნას არ უკავშირდება ღვთივსულიერება, იგივე გაგებაა ცალკეული ტერმინების გადმოტანისას, იმიტომ რომ ამა თუ იმ ძეგლს სწორედ ტერმინი ქმნის. საკუთრივ დოგმატიც გახლდათ ის ტერმინი რომლის შინაარსშიც ჩაღრმავებაც საუკუნეთა მანძილზე აღესრულებოდა ქართველ მთარგმნელთა მიერ. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ “დოგმატის” ქართულად თარგმნის ისტორიაში სიახლე შემოდის XII ს-ის დამდეგიდან, ანდა XII ს-ის შუა წლებიდან. ვიდრე ამ ეპოქამდე ფაქტობრივად დოგმატი ერთნაირად ითარგმნებოდა ქართველ ავტორთა მიერ სხვადასხვა ეპოქაში და გამოკვეთილია არსებითად ორი ძირითადი შესატყვისი, ეს გახლავთ, თანამედროვე ფონეტიკური ფორმით თუ ვიტყვით: “რჯული” და “ბრძანებაი”. ბრძანებაიც და რჯულიც ბერძნული დოგმატის ძველი ქართული ტერმინოლოგიური შესატყვისებია, ვიდრე XII საუკუნემდე. რა თქმა უნდა რჯული რომ ვთქვით თანამედროვე ფონეტიკური სახით ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სიტყვას სხვადასხვა ფორმობრივი ვარიაციები ახასიათებდა, მაგრამ XII საუკუნემდე ჩვენ გვხვდება ძირითადად ეს სიტყვა ფორმით “შჯული”, გვხვდება აგრეთვე “რჩული” და შედარებით იშვიათია “სჯული”.Aაი ეს “შჯული”, “რჩული” თუ “სჯული” გახლდათ დოგმატის ყველაზე უფრო დაკანონებული შესატყვისი, ვიდრე XII საუკუნის შუა წლებამდე, რასაც საკმაოდ ხშირად ენაცვლებოდა აგრეთვე ტერმინი “ბრძანებაი”. მაგრამ ამ ტერმინების ტერმინოლოგიური ღირსება საკუთრივ დოგმატთან მიმართებით იმით იჩრდილებოდა, რომ იგივე ტერმინები ამავე დროს გადმოსცემდნენ სხვა ბერძნულ ტერმინებსაც, კერძოდ რჯული პირველ რიგში ტერმინოლოგიური შესატყვისია ბერძნული სიტყვისა “ნომოს”, ამიტომაა რომ ბერძნული კომპოზიტი “ნომოკანონი” ქართულად ითარგმნება როგორც “რჯულისკანონი”. რაც შეეხება “ბრძანებას”, მასაც ასევე თავისი სხვა ბერძნული შესატყვისებიც აქვს, პირველ რიგში რომ იმათ გადმოსცემს. თუნდაც მაგალითად “ეპიტაქსის”, “დიატაქსის”, “დიატაგე” და სხვა. ამიტომ რადმენდაც აღნიშნული ქართული ტერმინები: “ბრძანებაი” და “რჯული” ერთცნებითნი არ იყვნენ, ანუ მხოლოდ ამ ბერძნული ტერმინის, “დოგმატის” შესატყვისები არ იყვნენ, ხოლო ენის ტერმინთდაზუსტებითი მიდრეკილება ყოველთვის იმისკენ ისწრაფვის, რომ ერთ უცხოენოვან ტერმინს რამდენადაც ეს შესაძლებელია ერთი შესატყვისი ქონდეს მეორე ენაზე, მეორე ტერმინს მეორე შესატყვისი და ცნებითი გამიჯნულობა გამოკვეთილი იყოს ტერმინთ შორის, აქეთკენ ისწრაფვის ენის ტერმინოლოგიური წიაღი და ამას აცნობიერებენ სხვადასხვა ეპოქაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით მოღვაწეები, ამის საფუძველზე XII საუკუნეში აშკარად წარმოჩნდება მცდელობა “დოგმატის” სხვა ტერმინით თარგმნისა. პირველ ეტაპზე “დოგმატის” ყველაზე უფრო გავრცელებული ადრინდელი შესატყვისი “რჯული” ერთბაშად დავიწყებას ვერ ეძლევა და ჩვენ ვიღებთ ორსიტყვედ შესატყვისს, ორი სიტყვით რომ ერთი ტერმინი, ერთი სიტყვა გადმოიცემა. ეს ორი სიტყვა გახლავთ “რწმენითი რჯული”, ანუ შემოდის სიტყვა “რწმენითი”. “რწმენითნი სჯულნი”, ანდა “რწმენითნი შჯულნი” მრავალ შემთხვევაში გვხვდება ჩვენ XII ს-ში თარგმნილ ძეგლებში. შეგვიძლია ამის ნიმუშად დავასახელოთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მესამე სიტყვა, ე.წ. “სიტყუაი პასუხისგებითი”, რომელიც სწორედ XII ს-ში თარგმნილა ქართულად გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში, და აქ ყველგან ბერძნული ტექსტის, ე.ი. გრიგოლ ღვთისმეტყველისეული ორიგინალის “დოგმატი” (“ტა დოგმატა”) თარგმნილია როგორც “რწმენითნი სჯულნი”. მაგრამ რამდენადაც ორსიტყვიანი შესატყვისი ერთი სიტყვისთვის ყოველთვის გარკვეულ ხარვეზიანობას გულისხმობს და ამ შემთხვევაშიც სწრაფვა ერთ ცნებითობისაკენ სრულიად აშკარაა, მალე “სჯული” საერთოდ ჩამოშორდა ამ ორსიტყვედ შესატყვისს და “დოგმატის” ქართულ ეკვივალენტად წარმოჩნდა სიტყვა “რწმენაი”. სიტყვა “რწმენაი” ამ ფორმით XII ს-მდე უცნობია ქართულ მწერლობაში. ეს სიტყვა ამ დროს შემოდის, დღემდე არსებობს და დღესაც უაღრესად ფართო გამოყენება აქვს, მაგრამ რა შინაარსსაც დღეს ამ ტერმინში ვდებთ, რა თქმა უნდა, ის თავის დროზე იმავე შინაარსით არ გამოიყენებოდა. როგორც უკვე ვთქვით XII ს-ში “რწმენაი” გახლდათ “დოგმატის” აღმნიშვნელი ტერმინი. მაშინ როცა დღეს სიტყვა “რწმენაში” ჩვენ რაღაც რწმუნებას, დაჯერებას, დაჯერებულობას, სარწმუნოებას ვგულისხმობთ, თუმცა არა დოგმატს. მაგრამ XII ს-ში ეს ტერმინი სწორედ ამ უკანასკნელი გაგებთ შემოდის ქართულენოვან საეკლესიო ლიტერატურაში და ცალკეული ტიპის ძეგლებში, კერძოდ გელათის საღვთისმეტყველო სკოლიდან გამოსულ ტექსტებში (ეს ტექსტები უდიდესწილად თარგმანებია) ტერმინი “რწმენაი” და მისი მრავლობითი ფორმა “რწმენანი” გახლავთ ბერძნული “დოგმატის” და მისი მრავლობითი ფორმის “დოგმატა”-ს თითქმის უცვლელი შესატყვისი. აი ასეთი გზა განვლო ბერძნული “დოგმატის” ქართულად თარგმნამ.

რაც შეეხება მეორე ტერმინს “დოქსა”, აქ კიდევ უფრო გართულებულ სურათთან გვაქვს საქმე. როგორც უკვე აღვნიშნეთ “დოქსა” “დოგმატს” უკავშირდება იმით, რომ ორივე გარკვეულ აზრს, სწავლებას გულისხმობს, თუმცა “დოგმატში” ეს სწავლება უცვლელობას აუცილებლად მოასწავებს, ხოლო “დოქსა”-ში აქცენტია შეხედულებაზე, მოსაზრებაზე, ვარაუდზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მყარი თვალსაზრისი ფაქტობრივად უცვლელობას იძენს. და თუ “დოგმატი” უადრეს პერიოდში ქართულად “რჯულად” ითარგმნებოდა, ხოლო “რჯული” სწორედ უცვლელ მოძღვრებას ნიშნავს, რამდენადაც ცალკეულ შემთხვევებში “დოქსა”-ც ამავე გაგებას უახლოვდებოდა, მაღლდებოდა ამგვარ გაგებამდე (ამაზე ჩვენ მოგვიანებითაც ვისაუბრებთ), შესაბამისად ვხედავთ, რომ უადრეს პერიოდში (ვგულისხმობთ დაახლ. V საუკუნეს, პირველდაწყებით ეპოქას ქართულად საღვთისმეტყველო შრომების თარგმნისა) “დოქსა”-ს შესატყვისადაც ასევე სახეზეა “რჩული”. მაგრამ ეს რომ უფრო დავაკონკრეტოთ, რა შემთხვევაში მოხდა ამგვარი თარგმნა, ყურადღებას მივაქცევთ იმ კარგად ცნობილ ფაქტს, რომ ბერძნული ტერმინი “დოქსა” არსებობს დამოუკიდებელი სახითაც, მაგრამ არსებობს კომპოზიტურ ერთიანობაში. ვგულისხმობთ ცნობილ, საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს “ორთოდოქსია”. “ორთოდოქსია” გახლავთ კომპოზიტი, რომლის პირველი ნაწილი არის “ორთოს”, რაც ნიშნავს “მართალს”, “წრფელს”, ხოლო “დოქსია” არის იგივე “დოქსა” და “ორთოდოქსია”, ეს კომპოზიტი, და მისი ქართულად თარგმნის ისტორია ჩვენ იმის გაცნობიერების საშუალებასაც გვაძლევს, თუ საკუთრივ “დოქსა” როგორ შეიძლებოდა ეთარგმნათ ძველქართველ მოღვაწეებს.

ამ უადრეს პერიოდში, V ს-ში, ქართულად თარგმნილი გახლავთ ერთ-ერთი საკმაოდ ვრცელი მოცულობის თხზულება, IV-V ს-ის მიჯნის საეკლესიო ავტორის სევერიანე გაბალონელის შრომა ასევე ექვსი დღის შესახებ (ასევეს ვამბობთ იმიტომ, რომ ცოტა ზემოთ ბასილი დიდის “ექვსთა დღეთა ვახსენეთ”). ეს შრომა თარგმნილია ქართულად V ს-ის შუა წლებში. ეს ერთ-ერთი თავისთავად საყურადღებო ფაქტი გახლავთ, რომ V ს-ის შუა წლებში ასეთი ვრცელი თეოლოგიური შრომა ქართულ ენაზე არსებობს. ჩვენ, სხვათაშორის, გვქონდა შემთხვევა, რომ ეს თარგმანი დეტალურად შეგვესწავლა და ფაქტობრივად ამ შესწავლაზეა დაფუძნებული ჩვენი მონოგრაფია სათაურით “ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია”, რაც წიგნად არის გამოცემული (დაინტერესებულმა მსმენელმა ალბათ იცის ამის შესახებ). სათაურის ქვემოთ ახლავს დაზუსტება: “სევერიანე გაბალონელის “ექვსთა დღეთაის” ძველი ქართული თარგმანის საფუძველზე”. შესაბამისად ამ თარგმანის შესახებ შესაძლებელია სწორედ იქ ნახოს დაინტერესებულმა მკითხველმა გაცილებით დაწვრილებითი უწყება. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იმ საკითხთან დაკავშირებით მოვიხმეთ ეს ძეგლი, რომ სწორედ ამ ძეგლის ბერძნულ ტექსტში გვხვდება რამდენჯერმე ტერმინი “ორთოდოქსია”. ქართულ თარგმანში, რომელიც საეკლესიო ლიტერატურის უადრეს პერიოდს ეკუთვნის, ჩვენ საკუთრივ “ორთოდოქსიის” შესატყვისად გვაქვს ტერმინი “სიმართლეი შჯულისაი”, სადაც “სიმართლე” ბერძნული “ორთოდოქსიის” პირველ ნაწილს (“ორთოს”) გადმოსცემს, ხოლო “დოქსა” თაგმნილია აშკარად როგორც “შჯული”. ეს “ორთოდოქსიის” შესატყვისად, მაგრამ საკუთრივ “ორთოდოქსის” შესატყვისად აღნიშნულ უძველეს ქართულ თარგმანში გვაქვს “რჩულმართალი”. აქაც “რჩული” კვლავ “დოქსას” შესატყვისია. ამგვარი შესატყვისობის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უადრეს პერიოდში, კერძოდ V ს-ში, ამ კომპოზიტში (“ორთოდოქსია”) ტერმინი “დოქსა” ქართულად ითარგმნებოდა როგორც “რჩული”.

შემდეგ ტერმინი “დოქსა” სხვადასხვა აზრით ძველქართველ მთარგმნელებთან ჩვენ შეიძლება გვხვდებოდეს (ამ თარგმანთა შესწავლა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ უფრო საყურადღებოა საკუთრივ ამ კომპოზიტური ტერმინის (“ორთოდოქსია”) ქართულად თარგმნის ისტორიაზე თვალის გადევნება. იმიტომ, რომ ტერმინი “დოქსა” ყველაზე უფრო ღირსეული სახით სწორედ ამ ტერმინშია შესული. ესაა ისეთი მდგომარეობა ამ ტერმინისა, როცა ის ყოველგვარი უარყოფითი გაგებისაგან დაცლილია. სხვა შემთხვევაში ცალკე აღებული დამოუკიდებლად “დოქსა”, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა გაუკუღმართებული შინაარსითაც დაიტვირთოს, როცა ის ამა თუ იმ ერეტიკოსის შეხედულებას დაუკავშირდება, ამა თუ იმ მცდარი მოძღვრების ცრუ სწავლებას და სხვა. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამ ტერმინის მართლმადიდებლური შინაარსი გვაინტერესებს ანუ ღირსეული, დადებითი შინაარსი, უკლებლივ ყველა შემთხვევაში ეს დადებითი შინაარსი მას აქვს, რა კონტექსტიც არ უნდა იყოს, ზემოხსენებულ კომპოზიტში (“ორთოდოქსია”). ეს კომპოზიტი, როგორც უკვე ვთქვით, V ს-ში ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით “სიმართლეი სჯულისა”, მაგრამ უკვე VI საუკუნიდან სრულიად აშკარაა, რომ ქართულ საღვთისმეტყველო ცნობიერებაში ბერძნულის კვალობაზე (ამას შემდეგ განვმარტავთ) მკვიდრდება ტერმინ “დოქსას” ახალი გაგება არა აზრთან დაკავშირებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, არამედ დიდებასთან დაკავშირბით, “დოქსა” გაიგება როგორც “დიდება”. საკუთრივ ცალკე აღებული ტერმინი “დოქსა” “დიდებად” გაგებულია არა მხოლოდ VI ს-დან, გაცილებით ადრეც და ეს დასაბამიერ ეპოქას გულისხმობს. თვით ის ძეგლიც, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, სევერიანე გაბალონელის “ექვსთა დღეთაის” უძველესი თარგმანი, სადაც საკუთრივ ტერმინ “ორთოდოქსიაში” ტერმინი “დოქსა” “რჯულად” არის გაგებული, იმავე ტექსტის ბერძნულ დედანში “დოქსა” გვხვდება ცალკეც, ე.ი. არა კომპოზიტში, არამედ დამოუკიდებლად. გვხვდება ძალიან ხშირად, დაახლოებით 30-ჯერ და ის ყველგან ქართულად თარგმნილია, როგორც “დიდებაი”. ძველი და ახალი აღთქმის უადრეს ბიბლიურ წიგნებში, თუ გვხვდება მათში “დოქსა” ქართულად ასევე “დიდებად” ითარგმნება. უძველესი ქართული თარგმანები უეჭველად ადასტურებენ, რომ V საუკუნისთვის ბერძნული ტერმინი “დოქსა” უკვე არსებითად “დიდება”-ს ნიშნავს და არა “აზრს”. საკუთრივ ბერძნულენოვან საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ეს გაგება გაცილებით ადრე მოხდა. ჩვენ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგჯერ ტერმინ “დოქსა”-ში “დიდება” (ამგვარი გაგება) I საუკუნიდანვე წარმოჩნდება. მაგრამ ეპოქალური დაზუსტება ამ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც განმარტება იმისა თუ როგორ მოხდა, რომ ტერმინ “დოქსას”, რომელიც “აზრს, მოძღვრებას, სწავლებას” აღნიშნავდა დაუკავშირდა ამგვარი გაგება: “დიდება”, “მადიდებლობა. ვფიქრობთ, ამას ასეთი ახსნა აქვს:

ამგვარი დაკავშირება “დოქსასთან”, რაც არ უნდა მინიშნებითად, რაც არ უნდა აჩრდილისებრ სხვა გარემოშიც თითქოს ჩანდეს, მაინც თავისი გამოვლენითი სახით დაფიქსირებულია საკუთრივ საეკლესიო ტრადიციაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ “დოქსა” “დიდების” მნიშვნელობით ნიშანდობლივია მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურისთვის. ამ გაგებამ შემდეგ შეაღწია თვით ტერმინ “ორთოდოქსიაშიც”. “ორთოდოქსია” “მართალ რჯულად” არც ქართულად არ ითარგმნებოდა მოგვიანებით და არც ბერძნულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გამოიყენებოდა ამ გაგებით. ტერმინ “ორთოდოქსიაში” ტერმინი “დოქსა” მყარად მკვიდრდება სწორედ “დიდების” მნიშვნელობით და არა “აზრის” მნიშვნელობით (“ორთოდოქსია” – “მართალი დიდება”, “მართლმადიდებლობა”). აქ რომ აშკარად შინაარსობრივ ცვლილებასთან გვაქვს საქმე და არა დასაბამიდანვე არსებულ გაგებასთან ტერმინ “დოქსასთან” დაკავშირებით, ამას სწორედ ამ კომპოზიტის (ე.ი. “ორთოდოქსი”-ს) ბერძნულენოვანი ისტორია გვიდასტურებს. საქმე ის გახლავთ, რომ ტერმინი “ორთოდოქსია” არსებობდა ქრისტიანული ლიტერატურის აღმოცენებამდეც ანტიკურ პერიოდში. მაგრამ მასში ჩაიდებოდა ერთადერთი გაგება, “ორთოდოქსია” – “მართალი აზრი”, “სწორი აზრი”, “სწორი შეხედულება”. ამ გაგებითვე შემოვიდა ის ქრისტიანობაში, მაგრამ ძალიან მალე “მართალი აზრის” მნიშვნელობა დაჩრდილა “მართალმა დიდებამ”, “აზრი” დაჩრდილა “დიდებამ” ანუ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, “აზრი” შეცვალა “დიდებამ”. იმიტომ, რომ ეკლესიური ლიტერატურა ეს არ გახლავთ თეორიული, აბსტრაქტული, ფილოსოფიური ლიტერატურა თავისი სწორედ აბსტრაქტულობის ნიუანსით. არამედ ესაა სარწმუნოებრივი ლიტერატურა, ცხოველმყოფელობითი ლიტერატურა, სულიერი ლიტერატურა ანუ სხვაგვარად ცოცხალი ლიტერატურა. ამას ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ მხრივ, რომ განვმარტოთ რატომ შეიცვალა სწორედ საეკლესიო ტრადიციაში “დოქსა” აზრის მნიშვნელობიდან “დიდების” მნიშვნელობით. ეს მოხდა იმიტომ, რომ მართებული აზრი, რასაც ტერმინი “ორთოდოქსია” აღნიშნავდა ანტიკურ პერიოდში, ქრისტიანულ მოძღვრებაში ასე მშრალი გაგებით არ დარჩენილა. ყოველი მორწმუნისათვის ჭეშმარიტი აზრი იგივე დიდებაა ღვთისა. იმიტომ, რომ ეს ჭეშმარიტი აზრი სარწმუნოებრივ აზრს გულისხმობს უპირველეს ყოვილისა, ცოცხალ აზრს გულისხმობს, ცხოველმყოფელ აზრს გულისხმობს და შესაბამისად ეს ცხოველმყოფელი აზრი ცხოველჰყოფს ანუ განაღმრთობს ამ აზრის შემთვისებელსაც, მსმენელსაც. მართალი საეკლესიო აზრი, იგივე გამოცხადებითი მოძღვრება, იგივე საუფლო მოძღვრება ადამიანის განმაღმრთობელია. და ადამიანი, რომელიც ამგვარ მართალ აზრს, რა თქმა უნდა, გამოცხადებითი გზით ღვთისგან იღებს და უწყის ისიც, რომ ღვთისგან მონიჭება ამგვარი მართალი აზრისა კაცთმოყვარული მიზნით აღესრულება, რომ დაცემულობასა და გაუკუღმართებაში მყოფი ადამიანი აცხოვნოს და შესაბამისად ამაზე დიდი საბოძვარი ადამიანისთვის არაფერი არ არსებობს, ადამიანი რომ იღუპება ვინც მას გადაარჩენს და რითაც მას გადაარჩენენ, ეს ყველაზე დიდი სიკეთეა მისთვის და ყველაზე დიდ საგანძურად წარმოუჩნდება, ასევე ეს მართალი აზრიც, რომელიც გადამრჩენელია დაცემულობაში მყოფი ქრისტიანისა, მისთვის იმდენად დიდი სიკეთეა, რომ იგი უსაზღვრო მადლიერებით აღივსება ამ მართალი აზრის მომნიჭებლისადმი, მხსნელისადმი, რომელმაც ეს აზრი, ჭეშმარიტი, მართალი სწავლება ხელის შესაშველებლად ზეაღყვანის მიზანდასახულობით გაუწოდა მას, და ეს მადლიერება, რა თქმა უნდა, უფლისმიერ დიდებაში ვლინდება, ის ადიდებს უფალს ამ მართალი სწავლების გადაცემის გამო, მინიჭების გამო. ამიტომ საეკლესიო მართლაზროვნება იგივე ღვთის ჭეშმარიტი დიდებაა. იმიტომ, რომ ამ აზროვნებას რაღაც დამოუკიდებელი გაგება არა აქვს, მას აქვს გადამრჩენლობითი, გამომხსნელობითი ანუ, როგორც ეს ითქმის ბერძნულად, სოტერიოლოგიური დანიშნულება. სხვა არის მოწესრიგებულ, ყოველგვარი ვნებისა და ზიანისგან თავისუფალ გარემოში რაღაც თეორიული აზრის გამოთქმა და ასეთ გარემოში ტერმინი “ორთოდოქსია” ჩვენ შეიძლება მართლაც გავიგოთ როგორც “მართალი აზრი” (ანუ “დოქსა” გავიგოთ “აზრად”), მაგრამ სხვა არის როცა პიროვნება დაღუპვის პირასაა, დაღუპვაშია, წარწყმედაშია და ასეთ დროს გამოუბრწყინდება მას მართალი აზრი. არა როგორც თეორია, არა როგორც რაღაც ლოგიკური არგუმენტი, არამედ როგორც გამომხსნელობითი საშუალება, როგორც მადლისმიერი გარდამოფენა მასზე, რომ იგი ამოყვანილი იქნეს დაცემულობის წყვდიადიდან. აი ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი ამ მართალ აზრს მხოლოდ თეორიულად და გონებით კი არ იმეცნებს და თორიულად და გონებითად კი არ იაზრებს მას, არამედ ამ მართალ აზრს სულიერი გრძნობადობით აღიქვამს, შეიგრძნობს მას ცხოვლად და რამდენადაც თვითვე ცხოველიქმნება ამ აზრით, ღვთიურდება ამ აზრით, სიტყვიერად თუ უსიტყვოთ, მთელი თავისი არსებით სადიდებელს აღმოთქვამს ანუ მადლიერებას გამოხატავას ღვთისადმი. სადიდებელის აღმოთქმა ესაა მხოლოდ და მხოლოდ მადლიერების გამოხატულება ღვთისადმი მონიჭებული სიკეთის გამო, გამომხსნელობითი ღვაწლის გამო.

ამრიგად, საეკლესიო მოძღვრება არის არა მხოლოდ მართალი აზრი, არამედ ამავე დროს ჭეშმარიტი გამომხსნელობითი გზაც ღვთისკენ და ამ გზაზე დადგომა ადამიანში აღმოაცენებს მადლიერების დაუწყვეტელ ნაკადს და ეს მადლეირება სწორედ ღვთის დიდებად აღმოითქმის მისგან. ყოველი ქრისტიანი, კვლავ აღვნიშნავთ, საკუთარი გულით მარადიულად ადიდებს უფალს იმ სიკეთისთვის, რასაც კაცობრიობისათვის უცთომელი მოძღვრების მინიჭება გულისხმობს.

ჩვენ ამ შემთხვევაში ამით დავასრულებთ საუბარს, რადგან ამოიწურა საუბრის დრო და მომდევნო საუბარში უფრო უკეთ გამოვკვეთთ სამომავლო ისტორიას ტერმინ “ორთოდოქსიისას” ქართულენოვან სინამდვილეში, ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.

 

4–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=IX3UB_qLW_M

 

 

ტერმინ “დოგმატისა” და ტერმინ “დოქსას” თარგმნის ისტორია ქართულენოვან საეკლესიო ლიტერატურაში. მათი საღვთისმეტყველო რაობა

 

მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ შევჩერდით ტერმინ “ორთოდოქსიის” ქართულად თარგმნის საკითხზე და როგორც აღვნიშნავდით უადრეს პერიოდში (კერძოდ V ს-ში) ქართული საეკლესიო ლიტერატურის საწყის ეტაპზე ტერმინი “ორთოდოქსია” ითარგმნებოდა როგორც “სიმართლეი სჯულისაი”. საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პერიოდში არა კომპოზიტი “ორთოდოქსია”, არამედ ცალკე აღებული ტერმინი “დოქსა” უკვე საყოველთაოდ გაიგებოდა როგორც “დიდება”. ამის ასახსნელად შევეცადეთ საკუთრივ ბერძნულენოვანი ტერმინის – “ორთოდოქსიის” ისტორიას შევხებოდით, რომ ბერძნულშიც ტერმინი “დოქსა” საეკლესიო ლიტერატურის უადრესი პერიოდიდან უკვე “დიდებად” გაიგება. მაგრამ ამ შინაარსის ცვალებადობას ჩვენ დამოუკიდებლად “დოქსა” კი არ გვიმხელს, არამედ კომპოზიტი “ორთოდოქსია”. “ორთოდოქსია”, რომელიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უკვე გამოიყენება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ “მართებული აზრის”, არამედ “დიდების” შინაარსით, ამგვარი არ გახლდათ ქრისტიანობამდე. ეს ტერმინი ყოფითი გაგებით ქრისტიანობამდელი ეპოქისაა, ანტიკურ პერიოდშიც არსებობდა და არსებობდა მხოლოდ მართებული აზრის მნიშვნელობით.

წინა საუბარში ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, თუ რატომ მოხდა, რომ “ორთოდოქსიის” ამგვარი გაგება (როგორც “მართალი აზრი”) შეიცვალა საეკლესიო ტრადიციაში, როგორც “მართალი დიდება”. განვმარტავდით, რომ საეკლესიო მოძღვრებაში ესა თუ ის სწავლება წარმოჩნდება არ რაღაც თეორიული, დამოუკიდებლად არსებული აბსტრაქტული გონებითი ძიება, არამედ გამოცხადებითი უწყება, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება აქვს – კაცობრიობა და კონკრეტული პიროვნება გადაარჩინოს წარწყმედისგან, დაღუპვისგან, ანუ ცოდვით დაცემული ბორკილებისგან გამოიხსნას იგი. ამ აზრით, როდესაც ეს მართალი მოძღვრება სწორედ გადამრჩენლობით, გამომხსნელობით ანუ სოტერიოლოგიურ მნიშვნელობას შეიცავს, პიროვნება ვინც სწორედ ამ მოძღვრების საფუძველზე იქნება გამოხსნილი, უდიდეს მადლიერებას გამოხატავას ამგვარი მოძღვრების მიმნიჭებლისამდი, ამგვარი მოძღვრების, როგორც გამომხსნელობითი საშუალების მიმნიჭებლისადმი, თავად უფლისადმი და შესაბამისად მისთვის ეს მოძღვრება მხოლოდ მართებული აზრი კი არაა, არამედ ღვთის ჭეშმარიტი დიდებაცაა. სწორედ ამგვარი სარწმუნოებრივი ცხოველყოფა ამ ტერმინისა გახდა საფუძველი იმის, რომ ტერმინი “ორთოდოქსია”, გარდა “მართალი მოძღვრებისა”, დაიტვირთა აგრეთვე “მართალი დიდების” მნიშვნელობით. მაგრამ მართალი მოძღვრების აღნიშვნა ამ ტერმინს გვიანდელ საუკუნეებამდე და დღემდე გაჰყვება, თუმცა პირველ ადგილზე მაინც “აზრის” ნაცვლად “დიდების” მნიშვნელობა დგას, “დოქსას” გაგება როგორც “დიდება” და არა როგორც “აზრი”.

ქართული საეკლესიო ლიტერატურის პირველ ეტაპზე, როგორც ვთქვით, “ორთოდოქსიაში” მაინც ძირითადად “მართალი მოძღვრების” შინაარსი ჩაიდებოდა და ამიტომ ითარგმნებოდა იგი როგორც “სიმართლეი სჯულისაი”. მაგრამ დაუყონებლივ ხდება რა ქართველ მთარგმნელთა მიერ წვდომა ბერძნულენოვანი ტერმინის “ორთოდოქსიის” საკუთრივ ქრისტიანული გაგებისა (საკუთრივ ქრისტიანული გაგება უკვე აღვნიშნეთ, რომ “ორთოდოქსია” არის არა მხოლოდ მართებული აზრი, არამედ მართალი დიდება ღვთისა, ანუ “დოქსა” უკვე არის არა მხოლოდ “აზრი”, არამედ “დიდებაც”), ამის საფუძველზე ტერმინი “ორთოდოქსია” დაახლოებით VI საუკუნიდან ქართულად ითარგმნება “დიდების” შემცველი ტერმინით. ჩვენ ასეთი რთული ფრაზა იმიტომ ვთქვით, რომ “დიდებითი” შინაარსის აღმნიშვნელმა საკუთრივ ქართულმა შესატყვისებმა გარკვეული ფორმობრივი ევოლუცია განვლეს, თუმცა “დიდებითი” შინაარსი გამოკვეთილია. ეს ფორმობრივი ევოლუცია ამგვარი გახლავთ: სწრაფვა უფრო მეტი ფორმობრივი დახვეწილობისკენ, რომ დაახლოებით VI-VII სს-ის მიჯნაზე ბერძნული “ორთოდოქსია” ითარგმნებოდა, როგორც “მართლდიდებაი”. დაახლოებით ამავე ეპოქაში, ან შესაძლოა მცირედით ადრე ითარგმნებოდა, როგორც “მართლიად დიდებაი”, ხოლო დაახლოებით VII ს-ის მიწურულიდან უკვე საბოლოოდ კანონდება ფორმა “მართლმადიდებლობაი”. ქართული ტერმინი “მართლმადიდებლობა”, თუნდაც ფორმის თვალსაზრისით, ძალიან ძველია და როგორც უკვე გითხარით ის მკვიდრდება VII-VIII სს-ის მიჯნაზე. აქედან უცვლელად მკვიდრდება საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენაში.

მიუხედავად მისი უცვლელობისა, მაინც გარკვეული კერძოობითი ცვლილება ამ ტერმინის ქართულად თარგმნასაც შეეხო. შეეხო სწორედ იმის გამო, რომ ბერძნული ტერმინი “დოქსა” ერთმნიშვნელოვანი არ გახლდათ. ჩვენ აღვნიშნეთ უკვე, რომ ეს ბერძნული ტერმინი ნიშნავდა “აზრს”, “თვალსაზრისს”, “მოსაზრებას”, მაგრამ დავძენდით, რომ ამგვარი გაგება თავისთავად აუცილებლად გულისხმობს არჩევითობას, რომ მე ვიჩევ რაღაც თვალსაზრისს, რაღაც მოძღვრებას, ის უფრო მაჯერებს და შესაბამისად ის ჩემი არჩევანია. რასაც ვირჩევ იმას ვიწონებ კიდეც. ამიტომ ტერმინი “დოქსა”, გარდა “თვალსაზრისისა”, გახდა ამავე დროს “მოწონების”, “სათნოყოფის” აღმნიშვნელი სიტყვა. ეს გაგება ტერმინ “დოქსასი” ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში განსაკუთრებით გამოიკვეთა XI ს-ის მიწურულიდან არსენ იყალთოელის თარგმანებში, რომელიც უკვე ტერმინ “დოქსას” ქართულად თარგმნის სწორედ როგორც “თნებაი”. აქ საყურადღებოა ასეთი პარალელი: არსენ იყალთოელმა და ეფრემ მცირემ (ორივე წმინდანი და დიდი ღვთისმეტყველია. მათ შორის ეფრემი უწინარესია არსენზე და მისი აღმზრდელია) ერთი და იგივე შრომა თარგმნეს, სადაც ბერძნულში ერთგან გვხვდება ტერმინი “დოქსა” არა დიდების, არამედ სწორედ აზროვნებითი ქმედების, მოსაზრებულობის მნიშვნელობით. ეფრემი მას თარგმნის როგორც “ნებაი”, ხოლო არსენი თარგმნის როგორც “თნებაი”. “დოქსასტური” ანუ აზროვნებითი გაგებით ტერმინი “დოქსა” “თნებად” თარგმნა ქართულად პირველად, რამდენადაც ეს დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არსენ იყალთოელმა. ასეთ შემთხვევაში ტერმინი “თნება” უკვე ყოფითი გაგებით სათნოყოფას კი არ ნიშნავს, არამედ აქ “თნება” ნიშნავს იმავე თვალსაზრისს, იმავე შეხედულებას, ოღონდ ამა თუ იმ პიროვნებისგან მოწონებულს: “ჩემგან მოწონებული შეხედულება”, “ჩემგან არჩეული შეხედულება” – აი ესაა “თნებაი”. ამ გაგებით “თნებაი” თანდათანობით ფართოვდება XII ს-ის გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში. შეიძლება ითქვას აბსოლუტიზებას აღწევს იოანე პეტრიწთან XII ს-ის II ნახევარში და შემდეგ ტერმინ “თნების” და “დოქსას” ამგვარი ტერმინოლოგიური ურთიერთმიმართება თვით ტერმინ “ორთოდოქსიაშიც” კი აღწევს. ე.ი. “თნებად” გაგება “დოქსასი” თავდაპირველად იწყება იმ კონტექსტებში, სადაც ტერმინი “დოქსა” ბერძნულში დამოუკიდებლად გვხვდება, არა კომპოზიტში, არამედ დამოუკიდებლად. მაგრამ იმდენად მყარად აღმოჩნდება დაკავშირებული ბერძნული “დოქსა” და ქართული “თნებაი”, რომ ის ამ უზენაეს კომპოზიტურ ტერმინ “ორთოდოქსია”-შიც კი აღწევს. “დოქსას” გადმომცემად “თნებაი” ზმნურ ფორმებშიც იჩენს თავს. მაგალითად პეტრიწის თარგმანებში ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს ასეთი ფრაზები: “ვითარცა ითნო არისტოტელიმ” ანუ როგორც იფიქრა არისტოტელემ, როგორც მოისაზრა, როგორც გამოთქვა ვარაუდი; “თნებაი პლატონისა”, იგულისხმება პლატონის შეხედულება, მოსაზრება და სხვა. აი ასეთი მჭიდრო კავშირი აისახა ტერმინ “ორთოდოქსიაშიც” და გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში რამდენიმე შემთხვევაში (ეს არ ყოფილა ფართოდ გავრცელებული) ეს ცხადად გამოჩნდა და ამ ტერმინის (“ორთოდოქსია”) შესატყვისად მივიღეთ ახალი ქართული შესატყვისი, ე.ი. არა ის თავდაპირველი, რაც უკვე ვთქვით, “სიმართლეი სჯულისაი”, არა შემდგომი ვარიაციები “მართლიად დიდებაი”, “მართლდიდებაი”, “მართლმადიდებლობაი”, არამედ ახალი ტერმინი დაფუძნებული “დოქსა” – “თნებას” შესატყვისობაზე და ეს ტერმინი გახლავთ ამგვარი: “მართლმთნებელობაი”, სადაც “მართლ”, კვლავ აღვნიშნავთ, ბერძნული ტერმინის პირველ ნაწილს უკავშირდება (“ორთოს”), ხოლო “დოქსა” “მთნებელობადაა” გადმოტანილი. მაგალითად გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში დაიწერა იამბიკო წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შესახებ და იქ წმინდა ათანასეს ეწოდება ასეთი ეპითეტი: “მართლმთნებელობისა მზე, მეხი წვალებათა”, სადაც გამოკვეთილად “მართმთნებელობისა მზე” სხვა არაფერია, თუ არა “მართლმადიდებლობის მზე, მეხი წვალებათა”. მაგრამ ეს მხოლოდ კერძოობითი შემთხვევები იყო, ის, რა თქმა უნდა, არ დაკანონებულა და არც მათ მთარგმნელებს (ე.ი. ამ ახალი ტერმინის შემქმნელთ) ჰქონიათ ეს პრეტენზია. მათ უბრალოდ სამუშაო ტერმინი შემოგვთავაზეს და ამით ბერძნული “ორთოდოქსიის” კიდევ ერთი ასპექტის გაცნობიერება დაადასტურეს, თორემ ტერმინი “მართლმადიდებლობა” კვლავ უცვლელად რჩებოდა თვით ამ ეპოქაშიც კი.

აი ამგვარი გახლავთ ტერმინ “ორთოდოქსიის”, შესაბამისად ტერმინ “დოქსას”, რომელიც ამ კომპოზიტის მეორე ნაწილია, ქართულად თარგმნის ისტორია. ხოლო რაც შეეხებოდა ტერმინ “დოგმატის” თარგმნას, მასაც ასევე ჩვენ შევეხეთ წინა საუბრებში და ზოგადი სურათი გამოკვეთილია, რომ “დოგმატი” ითარგმნებოდა როგორც “ბრძანებაი”, “რჯული”, “რწმენითი რჯული”, “რწმენაი” (ეს ოთხი ძირითადი შესატყვისი ვიცით ჩვენ ძველი ქართულიდან), რაც შეეხება “დოქსას” ის ითარგმნებოდა ძირითადად როგორც “რჯული”, შემდეგ “დიდებაი”, შემდეგ “თნებაი”.

ამგვარი ტერმინოლოგიური ასპექტები, თავისთავად ცხადია, საინტერესოა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვესაჭიროება ამ ორი ტერმინის საღვთისმეტყველო რაობა. თარგმანებშიც, ვფიქრობთ, ეს სავსებით ცხადად წარმოჩნდა, რომ “დოგმატი” ესაა საეკლესიო მოძღვრების ის ნაწილი, რომელიც გამოცხადებითია, რომელიც აბსოლუტურად უცვლელია, უმყარესია არა მხოლოდ თავისი შინაარსით, არამედ გამოთქმის ფორმითაც. თუმცა ამ გამოთქმის ფორმის ისტორიას ჩვენ შემდეგში კვლავ შევეხებით. მაგრამ ამჯერად დასკვნის სახით ვთქვათ, რომ “დოგმატი” ეს გახლავთ უცვლელი სწავლება თავისი შინაასითაც და თავისი გამოთქმითი ფორმითაც, ხოლო “დოქსა” ეს გახლავთ იმავე საეკლესიო მოძღვრების ძიებითი ნაწილი, მოსაზრებითი ნაწილი, რომლის კეთილნაყოფიერება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად არის ამგვარი ძიებითი მოღვაწეობა წარმართული უცვალებელ დოგმატთა უმყარესი საზღვრებით. ამის მნიშვნელობაზეც დოგმატთა, როგორც ღვთივმომადლებულ და მაცხოვნებელ საზღვართა დანიშნულების შესახებ, ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ და ამჯერად აღარ შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ეს ორი ტერმინი საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო მოძღვრების ორ ნაწილსაც წარმოგვიჩენს და ამიტომ ვამბობდით დასაწყისში, რომ ტერმინ “დოგმატისა” და ტერმინ “დოქსას” რაობის წვდომა საკუთრივ საეკლესიო მოძღვრების წვდომას ნიშნავს. მართლაც საეკლესიო მოძღვრება სხვა არაფერია თავისი მოცულობით, თუ არა დოგმატურისა და დოქსასტურის ერთიანობა, ანუ გამოცხადებითისა და ძიებითის მთლიანობა. ოღონდ ისეთი ძიებითისა (ამას ყოველთვის გავუსვამთ ხაზს), რომელიც გამოცხადებითი მოძღვრების შუქზე წარიმართება. ეს ძიებითი ნაწილი რომ აშკარად გამოკვეთილია საეკლესიო ტრადიციაში, ამის მრავალი ნიმუშია და ამჯერად ორ მკვეთრ მაგალითს დავასახელებთ.

IV ს-ის 70-იანი წლების მიწურულს და 80-იანი წლების დამდეგს წმინდა გრიგოლ ნოსელმა, ბასილი დიდის ხორციელმა ძმამ, დაწერა თავისი ცნობილი შრომა “პასუხი ექვსი დღის შესახებ”. ეს შრომა მან დაწერა იმ ისტორიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობისგან გამომდინარე, რაც უკავშირდება ჩვენს მიერ ადრე ხსენებულ ბასილი დიდის შრომას “ექვსთა დღეთათვის”. ექვსი დღის განმარტება ბასილი დიდმა მოგვცა თავის ცნობილ 9 ჰომილიაში, მაგრამ როდესაც ეს ჰომილიები გამოქვეყნდა, ბასილი დიდი მალევე აღესრულა (379 წლის 1 იანვარს) და ის ვეღარ მოესწრო იმ მოვლენებს, რაც მისი შრომის გამოქვეყნებას მოჰყვა. წარმოიქმნა გარკვეული უთანხმოებანი და ცალკეულმა პირებმა, ე.წ. მართლმადიდებლებმა, რომლებიც თავიანთ თავს განსაკუთრებით განბრძნობილებად წარმოაჩენდნენ მიიჩნიეს, რომ ბასილის სწავლებანი ცალკეულ შემთხვევებში ძალიან მარტივია, პრიმიტიულია და არ არის იმ საღვთისმეტყველო სიმაღლისა, რაც დიდ ღვთისმეტყველს შეეფერბა. შესაბამისად წმინდა გრიგოლ ნოსელმა თავს იდო ამგვარ გაუგებრობათა განმარტება და ამ მიზნით დაწერა შრომა “პასუხი ექვსთა მათ დღეთათვის” (სხვათაშორის ამ შრომის გიორგი მთაწმინდელის მიერ შესრულებული ძველი ქართული თარგმანი მეცნიერული გამოცემის სახით გამოქვეყნდა საქართველოს ეკლესიის 1989 წლის კალენდარში). საფუძველი ამ შრომის დაწერისა თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ ჩვენთვის ამჯერად მნიშვნელოვანია ის, რომ გრიგოლ ნოსელი კვლავ უბრუნდება ზოგიერთი იმგვარი საკითხის განხილვას, რაც ბასილიმ უკვე განიხილა თავის შრომაში. ამ საკითხთა შორის ზოგჯერ შესამჩნევია გარკვეული სხვაობა. მაგრამ გრიგოლ ნოსელი ამის შესახებ მკითხველებს მიმართავს და ეუბნება: “ბასილი დიდის განმარტებანი ანუ ბასილი დიდის შრომა თქვენს წინაშე იყოს დადებული, როგორც მეორე რჯული” (მოსეს შემდგომ). მოგეხსენებათ მოსეს რჯულს უცვლელი ღირებულება აქვს და ამგვარივე ღირებულებისად განაწესებს გრიგოლი ბასილის შრომას. სხვაგვარად რომ ითქვას გრიგოლის თქმით “ბასილი დიდის შრომა იყოს თქვენთვის დოგმატი”. ხოლო ჩემი შრომა, - განაგრძობს ის, ამ საკითხების ჩემეული განმარტება, რომელიც “საწურთელად ხოლო გონებისა აღვსწერე” (ე.ი. მხოლოდ გონების საწვრთნელად აღვწერე), ეს პიროვნული მოსაზრებების გადმოცემაა და ბასილი დიდის შრომის სიმაღლეს არ უთანაბრდებაო. ე.ი. ამ ორი თხზულების სახით (ერთი ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაი” და მეორე გრიგოლ ნოსელის “პასუხი ექვსთა დღეთათვის”) ჩვენ საქმე გვაქვს საეკლესიო ლიტერატურის სწორედ ამ ორ ნაწილთან, დოგმატურ ნაწილთან, რომელსაც განეკუთვნება ბასილის შრომა და ძიებით, “დოქსასტურ” ნაწილთან, რასაც საკუთრივ გრიგოლ ნოსელის თხზულება გულისხმობს, “საწურთელად ხოლო გონებისა აღწერილი”.

მეორე მსგავსი შემთხვევა, ასევე მკვეთრად გამოხატული, ჩვენ გვაქვს წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი შრომა “ადამიანური პიროვნული სულის შესახებ”. შრომის დაბოლოებისას მაქსიმე აღმსარებელი ასეთ განმარტებას გვაწვდის (ძველ ქართულად): “ესე ყოველნი არა რჯულდებით, არამედ მეძიებლობით ითქუნეს ჩუენ მიერ”. სრულიად აშკარაა, რომ არსებობს რჯულდებითი, როგორც პირველადი, თავადი წყარო მოძღვრებისა და საეკლესიო ლიტერატურისა და მასთან ერთად და მისგან განუყოფლად ძიებითი, მეძიებლობითი, რომელიც ასევე კეთილ ნაყოფს მოიმუშაკებს, თუკი დოგმატთა მაცხოვნებელ შუქზე, დოგმატთა მიერ გაკვალულ კალაპოტში წარედინება ის.

აი ამ ორი ნაწილის მთლიანობა გახლავთ საეკლესიო ლიტერატურა. სხვა ნაწილი საეკლესიო მოძღვრებას არა აქვს. ორივე ეს ნაწილი თავისი ღირსებისაა და თავისი მიმართულებისაა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ბუნებითი ღირსება აქვს მხოლოდ დოგმატს, ძიებით ნაწილს ღირსება აქვს იმდენად რამდენადაც დოგმატთა სულიერების წიაღში აღესრულება ის. ეს ძიებანი, ძიებითი პროცესები, გონებითი მოქმედებანი როდესაც აუცილებელ დოგმატურ მიმართულებასა და წინამძღვრობას გულისხმობს თავის თავში, მაშინ ისიც უაღესად კეთილი ნაყოფის მომმუშაკებელი ხდება ჩვენთვის. ამიტომ თქმა იმისა, რომ საეკლესიო მოძღვრება, საუფლო სწავლება ან მხოლოდ ძიებითია, ან მხოლოდ გამოცხადებითია, რა თქმა უნდა, მოკლებულია ჭეშმარიტებას. ის არსებითად და არსობრივად არის გამოცხადებითი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ცალკეული გონებითი მოქმედებანი წარიმართება და ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი ღირებულება აქვს. ამიტომ აღვნიშნავდით, რომ ტერმინები “დოგმატი” და “დოქსა” ჩვენ საეკლესიო ლიტერატურის რაობის, მისი შინაარსის წვდომის თვალსაზრისით მეტად ფასეულად გვეჩვენება და მსმენელსაც ვთხოვთ, რომ მცირედით მაინც ის განმარტებანი, რაც აქ წარმოვადგინეთ ამ ტერმინებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს.

ამით დავაბოლოებთ ჩვენს წინამდებარე საუბარს და შემდგომ საუბარში განვაგრძობთ მსჯელობას საეკლესიო ლიტერატურის რაობის შესახებ. ეს რაობა ჯერ ჩვენ სიღრმისეულად არ წარმოგვიჩენია, მხოლოდ მინიშნებით შევეხეთ მას რამდენიმე ტერმინის განმარტებისას, მაგრამ შემდეგ საუბარში უკვე კონკრეტულად, თუ რა არის საეკლესიო ლიტერატურა, რაობა მისი, მისი დანიშნულება, აი ამას განვიხილავთ.

5–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=yPIx6Q1nJDE


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

 

კატეგორია: † დოგმატი და დოქსა | დაამატა: vasoelis (22.10.2021)
ნანახია: 101 | ტეგები: დოგმატი და დოქსა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: