არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება


არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?
(შემოკლებული ვერსია. ვრცლად იხ. გაზ. "მართლმადიდებელი" 1998 წ. # 4 (15) და "მართლმადიდებელი" # 5 (16))

გაბატონებული ეკლესიის პრაქტიკაში მასობრივ დამკვიდრებული მწვალებლურ-ლათინური წესის, წყლის თავზე გადასხმითი ან მიპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ჩვენი ოპონენტები ხშირად გვიმოწმებენ "12 მოციქულთა მოძღვრებად" სახელდებულ ძეგლს ("დიდაქეს"), რომელშიც წყლის თავზე დასხმა ნათლობის სამგზისი შთაფლვის წესთან არის გათანაბრებული.

ეს ძეგლი როგორც ეს მისი სათაურიდანვე ჩანს, მასში გადმოცემულ მოძღვრებას წმ. მოციქულებს მიაწერს (რასაც სხვათა შორის მკვლევართა ნაწილი არ იზიარებს). შევეცდებით ამ ძეგლის გარშემო ჩვენს ხელთ არსებული გამოკვლევების საფუძველზე ვაჩვენოთ, რომ იგი არა მარტო ნათლისღების, არამედ სხვა მრავალ საკითხებშიც კი ეწინააღმდეგება წმ. მოციქულთა სწავლებას, მათ შორის პირველდაწყებითი ეკლესიის დამოკიდებულებებსაც კი საეკლესიო მსახურების საკითხების ამა თუ იმ ფორმებისადმი.

ჩვენი სურვილია, ქართველ მორწმუნე საზოგადოებას გავაცნოთ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობის უარმყოფელი მოსაზრებები, რათა მარტოოდენ ბ-ნი ედ. ჭელიძის თვალით კი არ აღიქვას იგი, არამედ მის გარშემო დაგროვილ გამოკვლევათა, ეკლესიის კანონიკურ განწესებათა და ეკლესიის კრებითი ცნობიერების ფონზე შეაფასოს მისი სულიერი ღირებულება.

დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია "დიდაქეს" მთავარი აპოლოგეტის, ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "დიდაქე" დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმ. მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთ მოძღვრება ეწოდება, რადგანაც ყოველივე ის, რაც ძეგლშია თქმული, წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.). 

"ასე რომ, - ირწმუნება ბ-ნი ედ. ჭელიძე, - "დიდაქე" წერილობით, სიტყვიერად წმ. მოციქულთა კალამს ეკუთვნის (აქ წინააღმდეგობა ხომ არ არის? - ზემოთ ბ-ნი ჭელიძე ძეგლს არა მოციქულთა, არამედ "წმიდა მამათა" დაწერილად მიიჩნევს, მაშ როგორღა გავიგოთ ის, რომ ეს "დიდაქე" "წერილობით" "მოციქულთა კალამს" ეკუთვნის? - არქიეპ. პ.), ხოლო შედგენილობით წმ. მამებს" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". "მეცნიერება", თბილისი, 1990 წ., გვ. 57).

ვეცადოთ გავარკვიოთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მოციქულებს ამ ძეგლში გადმოცემული სწავლება და მართლაც წმიდა მამათა დაწერილია თუ არა იგი?!


"დიდაქეს" აღმოჩენა და გამოკვლევები

1873 წელს (ზოგიერთი მონაცემებით 1875 წ.) კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტმა ფილოთეოს ბრიენიოსმა აღმოაჩინა პერგამენტზე გადაწერილი 120 გვერდიანი კრებული, რომელიც მე-11 საუკუნეში გადაუწერია ვინმე ლეონ ნოტარიუსს (კრებული 1056+ წლის 11 ივნისითაა დათარიღებული) და შეიცავს რიგ ნაწარმოებებს, რომელთა შორის არის ძველი და ახალი აღთქმის სინოპსისი, "წმ. მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე", კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეთა მთელი კორპუსი და სხვები. ამ თხზულებათა შორის აღმოჩნდა "დიდაქეც", ანუ "მოძღვრება თორმეტთა მოციქულთა".

ხსენებული ძეგლი ნათლობის წყალპკურებით წესს დასაშვებად მიიჩნევს რაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული არ არის, ამიტომაც ამგვარი "ნათლობით" შებილწული "ეკლესიების" აპოლოგეტები მცდელობას არ აკლებენ მიაკუთვნონ იგი მოციქულებს და მას კანონიერი სტატუსი მიანიჭონ.

"დიდაქეს უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, - წერს ბ-ნი ედ. ჭელიძე, - რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სჯულისკანონის მოწმობებს. მეცნიერული კვლევა სწორედ ამგვარ პირთათვის გამოდგა სასარგებლო, რადგან მათ წინაშე ურყევად დაასაბუთა საეკლესიო რწმენა ხსენებული ძეგლის I საუკუნეში დაწერის შესახებ" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 54).

თავიდანვე, სანამ ძეგლის შედგენის თარიღს შევეხებოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მარტოდენ სახელწოდებაში გაცხადებული პრეტენზია (გაიხსენეთ ძეგლს ეწოდება "12 მოციქულთა მოძღვრება") არ კმარა იმისთვის, რომ ძეგლი მაინცდამაინც წმ. მოციქულებს მივაწეროთ. მართლმადიდებელთათვის ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც ამა თუ იმ ერეტიკული შინაარსის თხზულებას ხან მოციქულებს, ხან კიდევ წმიდა მამებს მიაწერდნენ. მაგალითად, პირველ საუკუნეში ცნობილი იყო უამრავი (დაახლ. 50-მდე) ყალბი "სახარება", რომლებიც სამოციქულო წარმომავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკლესიამ უარყო ისინი და წმ. წერილის კანონში მხოლოდ ოთხი სახარება შეიტანა (Еп. Аверкий. "Руководство к изучению священного Писания Нового Завета", часть I, Четвероевангелие. Москва 1995 г., стр. 14).

ცნობილია იოანე ღვთისმეტყველის სახელით წარწერილი ცრუ "აპოკალიფსისები, "მოციქულთა მიმოსვლად" ცნობილი ყალბი თხზულება, რომელსაც თავიანთი მწვალებლობების დასამტკიცებლად იმოწმებდნენ ხატთმებრძოლნი და რომელიც მე-7 მსოფლიო კრების განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცა.

ან როგორ გავიგოთ "დიდაქეს" "უძველესობა"? რას გულისხმობს ამ სიტყვებში ჩვენი ოპონენტი? ბ-ნ ედ. ჭელიძეს და მის მომხრეებს უნდა შევახსენოთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების კანონიკურობას მისი შინაარსი გვიდასტურებს და არა "სიძველე". ყველა ის "სახარებაც" ხომ რომლებიც ეკლესიამ აპოკრიფებად შერაცხა "უძველესია"!

"დიდაქეს" სახელწოდებით მართლაც ცნობილია თხზულება, რომელსაც ეკლესიის ზოგიერთი წმ. მამა საკითხავ წიგნად მიიჩნევდა (მაგ. ათანასე ალექსანდრიელი), მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?

ზოგიერთი მეცნიერის მცდელობა წარმოგვიჩინოს დღევანდელი "დიდაქე", იმ ძველი "დიდაქის" ზუსტ ასლად უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა. გავიხსენოთ ისიც, რომ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობაზე ყველა მეცნიერი ერთი აზრისა არ არის.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოსდა ""დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სულისკანონის მოწმობებს", ეს პირდაპირ მკრეხელობას შეიცავს, რამეთუ "დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ ევსები კესარიელს (IVს), წმ. ანასტასი ანტიოქელს († 599), წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს († 828), ხოლო წმიდა და უგანათლებულესმა პატრიარქმა ფოტიმ († 891) თავის საკმაოდ ვრცელ "ბიბლიოთეკაში" "დიდაქე" ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალა ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информативный, экуменический центр апостола Павла. 1996 г. Введение, стр. 39).

ასე, რომ თუ ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცებას დავიჯერებთ ეკლესიის ზემოთ ხსენებული და საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მამებისთვის "ძველბერძენ მამათა და სჯულის კანონის მოწმობებს არავითარი ფასი" არ ჰქონიათ.

შეუძლებელია ბ-ნ ედ. ჭელიძეს არ სცოდნოდა ზემოთ ხსენებულ მამათა, "დიდაქესადმი" დამოკიდებულება, რამეთუ ეს მკლევართათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ვეჭვობთ, რომ ჩვენი ოპონენტი ამით მხოლოდ თავს იზღვევს, მეტიც, არაკანონიკური ძეგლის კანონიკურად წარმოჩენის გამო პასუხისმგებლობის აცილებასაც ცდილობს, როცა წერს: "საზოგადოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა ისეთი სიებით სარგებლობა, რომელიც სჯულისკანონში არ შესულა, მეტად საფრთხილოა. მაგალითად, აღვნიშნავთ გელასი პაპის ავტორობით ცნობილ სიას, რომელიც მე-6 საუკუნეს ეკუთვნის. მასში აპოკრიფთა შორის იხსენიება, სხვათა შორის, "მოციქულთა კანონები" (Canones Apostolorum), რაც ცხადია, სრულიად უმართებულოა, რადგან ეს ძეგლი "სჯულისკანონის" საფუძველს წარმოადგენს" (დასახ. ნაშრ. გვ. 60). 

მიზანი გარკვეულია, გელასი პაპის მიერ დაშვებული "შეცდომის" წარმოჩენით ბ-ნი ჭელიძე ეკლესიის სხვა მამათა მიერ შედგენილი სიებისადმი მკითხველის უნდობლობის გამოწვევას ცდილობს.

მაგრამ აქ იგი არ გვიმხელს, რომ მეცნიერულ წრეებში აკრძალულ (ანუ აპოკრიფულ) წიგნთა ამ კოდექსის გელასისეული ავტორობა ეჭვქვეშაა დაყენებული (იხ. Полный православный богосл. энциклопедический словарь, т. 1, репр., 1992, стр. 624). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გელასის დროისათვის (მე-5 ს.) "მოციქულთა კანონებად" სახელდებული რამდენიმე კრებულია ცნობილი. 

ასევე ცნობილია, რომ მოციქულთა კანონების ის კრებული, რომელიც 85 განწესებას შეიცავს და "დიდ რჯულისკანონშია" შეტანილი შედგენილია იოანე III სქოლასტიკოსის მიერ, არსებობს დიონისე მცირის მიერ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნილი "მოციქულთა კანონების" იგივე კრებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასში მხოლოდ 50 კანონია მოცემული. ასე რომ, ბ-ნ ჭელიძეს უნდა განემარტა, მისი აზრით, "მოციქულთა კანონების" რომელი კრებული უნდა ეგულისხმა გელასის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ამ საკითხზე უფრო კონკრეტული საუბარი.

მაგრამ, ყველაზე უმთავრესი მაინც ის არის, რომ "დიდაქე", ანგარიშგასაწევ ძეგლად არ აღიარა თვით მსოფლიო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ამ ფაქტს ერთხმად აღიარებენ მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე მკვლევარები. "როგორც ჩანს, - წერს ერთ-ერთი მკვლევარი, - მე-5 საუკუნიდან "დიდაქე" საეკლესიო გამოყენებიდან გამოდის, წყვეტენ მის კითხვას და გადაწერას... ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს ნაწარმოები "სახელმძღვანელო" წიგნად დაიწერა ერთი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის, რომელიც შემდგომ სხვა თემებშიც გავრცელდა, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო ცნობიერების მიერ აღიარება ვერ მოიპოვა" (А. И. Сидоров. "Курс патрологии", изд. "Русские огни" 1996 , с. 55).

რაც შეეხება "დიდ რჯულისკანონში" შეტანილ წმ. ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლეს, რომელშიც "დიდაქეც" მოიხსენიება, უნდა ითქვას, რომ ეს გარემოება ამ ძეგლს კანონიკურ ხასიათს მაინც ვერ მიანიჭებს, რამეთუ, ჯერ ერთი, თვით წმ. ათანასე მას არაკანონიკურ (საკითხავ) წიგნად მიიჩნევს და მეორეც, წმ. ათანასე თავის ეპისტოლეში ჰერმესის "მწყემსსაც" ("პიმენი") ახსენებს, რომელიც ასევე არაკანონიკურია და რომელშიც სინანულის საიდუმლოსთან დაკავშირებული მიუღებელი დებულებაა გამოთქმული ("უფლის მონას მხოლოდ ერთი ჟამი აქვს მიცემული სინანულისთვის". იხ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", ტ. 2, თბილისი 1991 წ. გვ. 10).

დასახელებულ გამოცემაში, სქოლიოში, მითითებული ადგილს ასე განმარტავენ: "ჰერმესის წიგნი... არაა კანონიკური. აქ ზოგიერთი ადგილი აშკარად დაცილებულია საერთოდ ეკლესიურ სწავლებას, ამიტომაც იყო, რომ წმიდა მამებმა იგი არ განაკუთვნეს კანონიკურ წიგნთა რიცხვს. აღნიშნული ადგილებიც, სადაც მიტევებაზეა ლაპარაკი, მცდარია და საეკლესიო სწავლებისგან სრულიად განსხვავებული და უცხოა, რადგან ეკლესია აღიარებს მხოლოდ ნათლობის ერთჯერადობას და არა მიტევებისას" (დასახ. გამოც. გვ. 10).

შეგახსენებთ, რომ "დიდაქეს" მსგავსად ჰერმესის "მწყემსიც" ათანასე ალექსანდრიელის მიერ სადღესასწაულო ეპისტოლეში საკითხავ წიგნთა სიაშია შეტანილი, ხოლო ეს ეპისტოლე, თავის მხრივ, შეტანილია "დიდ რჯულისკანონში", რომლის გამო ბ-ნი ჭელიძე აცხადებს: "დიდაქეს", როგორც მართებული კატეხიზმო აღიარება რჯულდებით განამტკიცა "დიდმა სჯულისკანონმა", რომელმაც ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლე თავის წიაღში შეიერთა" (დასახ. ნაშრ. გვ. 57). მაგრამ ამავე ეპისტოლეშია "მწყემსიც", რომელიც, როგორც ვნახეთ, თურმე ბევრ ადგილას აშკარად დაცილებულია საერთო-საეკლესიო სწავლებას. და თუ ვიტყვით, რომ "დიდაქე" "მართებულ კატეხიზმოდ არის აღიარებული", მაშინ ასეთივე მართებულ და უეჭველ წიგნად უნდა ვაღიაროთ, "მწყემსიც", რომელიც "დიდაქესავით" (დღეისთვის ჩვენამდე მოღწეული ვერსიის მიხედვით) საეკლესიო სწავლებას აშკარადაა დაცილებული.

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ არაკანონიკური (საკითხავი) წიგნები, სარწმუნოებრივი დოგმატების დასასაბუთებლად არ გამოდგება, ხოლო ნათლობის წესი, რამდენადაც მისი შესრულების ფორმაში ქრისტეს სამდღიანი დაფლვისა (დამარხვისა) და აღდგომის დოგმატური შინაარსია ჩადებული, დოგმატიკას ეხება.

რაც შეეხება "დიდაქეს" დაწერის თარიღს და მის ავტორს, ბ-ნ ედ. ჭელიძე იზიარებს იმ მეცნიერთა აზრს, რომელთაც მიაჩნდათ რომ "დიდაქე" პირველი საუკუნის მიწურულს დაიწერა. "დიდაქეს იცნობდა და იყენებდა ქრისტიანული სამყარო I ს. მიწურულიდანვე", - წერს იგი (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 541).

მაგრამ მეცნიერთა მიერ არც ეს აზრია ერთსულოვნად გაზიარებული. ძეგლის თარიღთან დაკავშირებით დიდი კამათია მეცნიერ-მკვლევართა შორის. ერთნი მას I ს. მიწურულს, ანუ დაახლ. 70-90 წწ. აკუთვნებენ, მაგ., რიჩარდსონი (C. C. Richardson, ZNTW, S – 111-116, p. 161), რომელიც, ამავე დროს, აკეთებს მეტად საყურადღებო შენიშვნას, კერძოდ, მისით თქმით "დიდაქეს" ახლანდელი ფორმა ეკუთვნის II საუკუნეს (იქვე). ამავე აზრს იზიარებს ა. სიდოროვიც (დასახ. ნაშრ.).

ა. კარაშევი მათზე უფრო შორს მიდის და ძეგლს 50-იანი წლების ქმნილებად მიიჩნევს, მაგრამ ასეთი აზრი არაა გაზიარებული არცერთი მკვლევარის მიერ, რამეთუ მათი აზრით შეუძლებელია ძეგლი ჯერ კიდევ მოციქულთა სიცოცხლეში ყოფილიყო დაწერილი (Учение 12 апостолов, "Крмментарии", დასახ. შრომა. გვ. 20).

თავად ძეგლის აღმომჩენი, მიტროპოლიტი ფილოთეოს ბრიენიოსი და ცნობილი მეცნიერი ჰარნაკი ძეგლის დაწერის თარიღად 120-160 წწ. შუალედს მიიჩნევენ (Учение 12 апостолов, "Крмментарии", გვ. 14). ადრეული მონტანიზმის ეპოქას (II ს.) განაკუთვნებენ ამ ძელგს ფ. ვუკისი (F. E. Vokes, "The riddle of the Didache", London 1938) და დეკანოზი ნიკოლოზ აფანასიევი ("Церковь Духа Святого", YMCA – PRESS, Paris, 1971 репр. Рига. 1994 г., стр. 67).

წარმოდგენილი მასალები ვფიქრობთ საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ხსენებული ძეგლის დაწერის თარიღად I ს. მიწურულის მიჩნევა საყოველთაოდ გაზიარებული არ არის. ბ-ნმა ედ. ჭელიძემ შეიძლება გაიზიაროს შეხედულება, რომელიც ამ ძეგლს პირველი საუკუნის მიწურულს განაკუთვნებს, მაგრამ ჩვენ უფრო დეკანოზ ნ. აფანასიევის მტკიცებებს დავეყრდნობით, რომელიც ამ ძეგლის არა სამოციქულო, არამედ მონტანისტურ წარმომავლობას წარმოაჩენს (იხ. ქვემოთ).

ასეთივე აზრთა სხვადასხვაობაა ძეგლის ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით. მეცნიერნი მხოლოდ ერთ საკითხში არიან აბსოლუტურად თანხმიერნი: "მიუხედავად იმისა, რომ ძეგლს ეწოდება "12 მოციქულთა მოძღვრება", სრულიად ცხადია, რომ ის უშუალოდ მოციქულთა წრიდან არაა გამოსული... ასევე ცხადია, რომ მისი ავტორია იუდეოქრისტეანი" ("Учение 12 апостолов", 1996 г., დასახ. გამოცემა. გვ. 17).

უფრო მეტიც, ძეგლი არა თუ არ ეკუთვნის მოციქულებს (რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად საკმაოდ ორაზროვანი განმარტებისა, არც ბ-ნი ჭელიძე უარყოფს, (იხ. მისი ნაშრომი გვ. 57), არამედ მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმება კიდევაც მოციქულებს და არც პირველდაწყებითი ეკლესიის ცხოვრების რეალობასთან არის თანხმობაში. ქვემოთ შევეცდებით, ჩვენი ამ აზრის დადასტურებას.


უთანხმოება პირველი

"დიდაქეს" მე-11 თავის მე-3-6 მუხლები ეხება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს. უფრო ზუსტად საწინასწარმეტყველო და სამოციქულო ქარიზმას, სადაც ამ მისიასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის მოთხოვნაა მოცემული. ამ მუხლებშივე "დიდაქე" ითხოვს, რათა მოციქული ადგილობრივ ეკლესიაში ერთ დღეზე (უკიდურეს შემთხვევაში - ორ დღეზე) მეტ ხანს არ დაყოვნდეს, თორემ ის ცრუწინასწარმეტყველად ჩაითვლება: "მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების ცნების თანახმად იმოქმედეთ" - ვკითხულობთ ხსენებულ ძეგლში, კერძოდ - "ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შეიწყნარეთ როგორც უფალი, მაგრამ ერთ დღეზე მეტ ხანს ნუ დარჩება თქვენთან (თუ საჭიროა მომდევნო დღესაც დარჩეს) და თუ სამი დღით დაყოვნდება - ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი" ("დიდაქე" 11:3-6) პირველდაწყებითი ეკლესიისთვის როგორც ისტორიულად, ასევე იდეურად სრულიად შეუსაბამოა ასეთი განწესება.

ისტორიულ ჭრილში თუ განვიხილავთ, წმ. მოციქულთა წერილისა და ღვაწლისთვის სრულიად უცხოა ამგვარი მოთხოვნა: "არსად, მოციქულთა ეპისტოლეებში არ გვხვდება მითითება, რომ მათ ამა თუ იმ ეკლესიაში  ხანგრძლივი დროით დარჩენა ეკრძალებოდეთ" (დეკ. ნ. აფანასიევი. "Церковь Духа Святого", დასახ. გამოც. კომენტარები. გვ. 91). "თუ ვივარაუდებთ, რომ "დიდაქეს" მე-11 თავის მე-3-6 მუხლებში მოხსენიებულ მოციქულთა მიზანი ახალ ეკლესიათა ხელმძღვანელობა იყო, ცხადია, ამ მიზნისთვის ერთი და ორი დღით დარჩენა არ იქნებოდა საკმარისი, - მითუმეტეს, იმ პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც "მოციქულთა საქმეებში" და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებშია აღწერეილი" ("Учение 12 апостолов", 1996 г., დასახ. გამოცემა. გვ. 107).

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სულთმოფენობის შემდეგ, მოციქულებმა 15 წელიწადი დაჰყვეს იერუსალემში. ჩვენთვის ამჯერად არაა მნიშვნელოვანი თუ რამდენად ზუსტია ეს ციფრი; უბრალოდ, უეჭველია, რომ მოციქულები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ იერუსალემში. რაიმე ვადით ამა თუ იმ ეკლესიაში ყოფნა არც წმიდა მოციქულ პავლეს ჰქონია განსაზღვრული, არც წმ. პეტრეს და არც სხვა მოციქულებს. იხილეთ ამის დამადასტურებელი ადგილები წმ. წერილიდან.

წმიდა მოციქულ პეტრეზე ნათქვამია, რომ "იყო მრავალ დღე დადრომილ იოპეს შინა სვიმონ მეპრატაკისა თანა" (საქმე 9:43).

"და ხვალისაგან შევიდეს კესარიად ხოლო კორნილიოს მოელოდა მათ... და იყო შესვლასა მას პეტრესსა მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერხთა მისთა და თაყუანისცა მას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი... და შე-რაი-ვიდოდა შინა, პოვნა მუნ მრავალი შემოკრებულნი... და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე" (საქმე 10:24-27, 48).

"იკონიას შინა... მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი (მოციქულნი - არქიეპ. პ.) განცხადებულად უფლისა მიმართ..." (საქმე 14:1-3).

"...მივიდეს ანტიოქიად... და მო-რაი-ვიდეს შეკრბეს კრებული იგი... და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირედთა მოწაფეთა მათ თანა" (საქმე 14:26-28). "ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავლიდეს და ახარებდეს სხუათა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა" (საქმე 15:35).

"აღვხედით ნავსა ტროადას - ბრძანებს წმ. ლუკა მახარობელი - და მართლ-მივისწრაფედ სამოთრაკედ, და ხვალისაგან - ახალქალაქად, და მიერ ფილიპედ, რომელი იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაი, ქალაქი კოლონიაი, ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდით დღეთა რავდენთამე" (საქმე 16:11, 12).

"და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაი (პავლემ და ბარნაბამ - არქიეპ. პ.) მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაი და ვითარცა ჩვეული იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან" (საქმე 17:1, 2).

"ამის შემდეგ გამოვიდა პავლე ათონელთა მათგან და მოვიდა კორინთედ... და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა" (საქმე 18:14).
"ხოლო კრიპოსს... დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა" (საქმე 18:8, 11).

"და შთავიდა კესარიად, აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაი და შთავიდა ანტიოქიად და დაყო ჟამი რავდენმე" (საქმე 18:22, 23).

"მოიწია ეფესოდ... შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამი თუე, ეტყოდა, არწმუნებდა სასუფეველისათვის ღმრთისა" (საქმე 19:10).

"...მიავლინა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტროს (ალბათ არა ერთი და ორი დღით - არქიეპ. პ.); ხოლო იგი (პავლე - არქიეპ. პ.) დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა" (საქმე 19:22).

ლუკა მახარობლის ცნობით, წმ.მოციქული პავლე ელადაში იყო "სამ თუე" (საქმე 20:3), ხოლო ჩუენ, წერს ლუკა - ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაით და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ვიყვენით ჩუენ მუნ შვიდ დღე" (საქმე 20:6).

ხოლო ტიროსში "... მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შვიდ დღე..." (საქმე 21:4).

ამის შემდეგ... "შევედით კესარიად ... და ვიყოფოდით მუნ მრავალ დღე" (საქმე 21:10).

წმ. მოციქული პავლე კორინთელებს აუწყებს: "... მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაი განვვლო; რამეთუ მაკედონიას განვვლი, და ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაითა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდეცა ვიდოდი... ხოლო ვესავ რავდენსამე ჟამსა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გვიბრძანოს" (1 კორინთ. 16:5-7), ხოლო ტიტეს წერს. "ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტვიქიკი, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაი" (ტიტეს: 3:12).

ყოველივე ამის ფონზე ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ ტიმოთეს, რომელიც შესაძლებელია მისულიყო კორინთელებთან ორ დღეზე მეტ ხანს არ დააყოვნებდა პავლე, რამეთუ ასე ბრძანა: "უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ რათ უშიშრად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარმცა - ესე მე" (1 კორინთ. 16:10); ასევე აპოლოსისათვის ძმისა, "...რაითამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა" (1 კორინთ. 16:12); ან ტვიქიკოსს, რომელიც მოუვლინა კოლოსელებს, რათა "ნუგეშინის-სცეს გულთა მათთა" (კოლას. 4:8).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე "12 მოციქულთა მოძღვრებად" წოდებული ძეგლის მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ეკლესიაში მოციქული ორ დღეზე მეტ ხანს თუ დარჩება შეირაცხოს ის ცრუმოციქულად და ცრუწინასწარმეტყველად, მოციქულთა სწავლებას არ წარმოადგენს; აქედან ბუნებრივია, საკამათოა ის გაფრთხილებაც, რომელსაც "დიდაქე" იძლევა და, რომლის თანახმადაც: "ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია" ("დიდაქე" 11:10), - რამეთუ იგი ეწინააღმდეგება წმ. წერილს და არ შეესაბამება "მოციქულთა საქმეს", ვინაიდან "დიდაქეს" მოთხოვნის საპირისპიროდ, რომელიც თურმე "12 მოციქულის მოძღვრებაა", თვით თორმეტნი მოციქულნი და "ქრისტეს ბაგედ" წოდებული მოციქულთა თავი პავლეც (რომლებიც ჭეშმარიტად წინასწარმეტყველების ქარიზმითაც იყვნენ მადლმოსილნი), "დიდაქე"-ში გადმოცემული განწესებისამებრ არ მოქმედებდნენ, და ამა თუ იმ თემში არათუ ორი ან სამი დღით, კვირაობით, თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი ყოვნდებოდნენ; არა და თუ ზემორეხსენებულ განწესებას დავუჯერებთ ისინი ცრუმოციქულებად და ცრუწინასწარმეტყველებად უნდა შეირაცხონ.

უკეთურებაა ფიქრი, თითქოსდა მოციქულნი საკუთარ განწესებებს თვითონვე არ ასრულებდნენ; ეს წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი "12 მოციქულთა მოძღვრებად" ცნობილ ძელგს ქრისტეს ჭეშმარიტ მოციქულთა მოძღვრებად არ მივიჩნევთ.

იდეური თვალსაზრისით, "დიდაქეს" ზემორეხსენებული მოთხოვნა, როგორც ჩანს ამავე ძეგლის ავტორის (ან ავტორთა) იმ შეხედულებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც ეკლესია აღიქმება, როგორც უნივერსალური დაწესება და ბუნებრივია მის მსახურებსაც უნივერსალურ მნიშნველობას (ანუ დანიშნულებას) აწერენ.


უთანხმოება მეორე

ის წინააღმდეგობა, რომელიც "დიდაქეს" პირველდაწყებითი ეკლესიის ცნობიერებისა და მოციქულთა პრაქტიკისგან განასხვავებს, ბევრმა მკვლევარმა შეამჩნია, რის გამოც მას მონტანისტებს აკუთვნებენ (F. E. Vokes "The riddle of the Didache", London, 1938. Прот. Н. Афанасьев. "Церковь Духа Святого". Рига, стр. 67) (თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ), მაგრამ "დიდაქეს", როგორც ყოველგვარ სიყალბეს, თავისი აპოლოგეტებიც ჰყავს, მათ შორისაა მკვლევარი კარაშევი, რომელიც თვლის, რომ "დიდაქე"-ს XI თავის 3-6 მუხლებში ლაპარაკია არა მოციქულებზე, არამედ მახარობლებზე, რომელთაც "მეორე რანგის მოციქულებს" უწოდებდნენ ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информ. центр. ап. Павла. 1996 г., Коментарий, стр. 107).
მაგრამ, ასეთი განმარტება ვერ ხსნის პრობლემას, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვით მოციქულნი "დიდაქეს" XI:10 მუხლის შესაბამისად XI:3-6 მუხლებში მოცემული მოთხოვნის შემსრულებელნი უნდა ყოფილიყვნენ (იხ. ზემოთ. "უთანხმოება პირველი"). მეორეც, ასეთი განმარტება ვერ აუქმებს "დიდაქეს" XI:3-6 მუხლებით გადმოცემულ იდეურ დატვირთვას. და მესამე, დეკანოზ ნ. აფანასიევის დასკვნით, ავტორი, რომელიც შესაძლებელია მახარობელთ ტერმინ "მოციქულით" მიანიშნებს, ამით, უბრალოდ, თავის ნაწარმოებს "სამოციქულო" ფიქციას ანიჭებს (ნ. აფანასიევი. დასახ. ნაშრ. გვ. 124).

მაგრამ ამჯერად ისევ ხსენებული ძეგლის წინასწარმეტყველებს დავუბრუნდეთ. "12 მოციქულთა მოძღვრების" შემდგენელი წინასწარმეტყველთა მსახურების დეტალურ აღწერას არ იძლევა, მაგრამ ზოგიერთი ნიშანი აქაც ეწინააღმდეგება მოციქულებს. ცხადია, რომ ადგილობრივ ეკლესიაში მოსული წინასწარმეტყველი ექვემდებარება განსჯას - ჭეშმარიტია თუ ცრუ. თუ იგი ჭეშმარიტია, უნდა ასწავლიდეს იმას, რაც "დიდაქეშია" მოცემული: "ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი" (XI:1).

"ეს პირველი მოთხოვნა, რომელსაც ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს უყენებენ, როგორც ჩანს წმ. მოციქულ პავლეს სიტყვათა რემინისცენციას წარმოადგენს, რომელიც ბრძანებს: "დაღაცა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალატ. 1:8). რადგანაც ეს "მოძღვრება" არავითარ მოძღვრებას არ გვთავაზობს იმ მორალურ განწესებათა გარდა, რომელთც არა აქვთ განსაკუთრებულად ქრისტეანული ხასიათი (J. P. Audet, "affinites Litteraires et doctrinales du "Manuel de Discipline", "Rev. Biblique", 59 (1952),p.219-238. ციტ. ნ. აფანასიევი. იქვე. გვ. 130).

ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ზნეობრიობის მაგალითი უნდა იყოს მორწმუნეთათვის, რისთვისაც იგი უნდა ფლობდეს "უფლის წესებს" ("დიდაქე" XI:8). ცრუ წინასწარმეტყველი არ უნდა იქნეს შეწყნარებული ეკლესიაში, ხოლო ჭეშმარიტი "შეწყნარებულ უნდა იქნეს როგორც უფალი" (XI:4) და აქ "12 მოციქულთა მოძღვრება"-დ სახელდებული ძეგლი მთლიანად ეწინააღმდეგება წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც წინასწარმეტყველის ყოველ წინასწარმეტყველების განჩხრეკას ბრძანებს (იხ. 1 კორინთ. 14:6; 14:1-5).

"წინასწარმეტყველთაგან კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო დანარჩენებმა განსაჯონ" (1 კორინთ. 14:29) - ამბობს მოციქული პავლე; "თქვენ ნუ განსჯით", - გვმოძღვრავს "დიდაქე". 

წინასწარმეტყველებისადმი დამოკიდებულების ასეთი ცვლილება მიუთითებს საწინასწარმეტყველო მსახურების ეკლესიური ხასიათის დაკარგვაზე, რამაც გზა გაუხსნა წინასწარმეტყველებს ევქარისტული საკრებულოს გარეთ. წმ. მოციქულ პავლესთვის წინასწარმეტყველური გამოცხადება ეკლესიის წინასწარმეტყველის მეშვეობით გადმოიცემა, ხოლო "დიდაქეს" შემდგენელისთვის - ეკლესიისგან დამოუკიდებლად. ამის გამოა, რომ, თუკი მოციქულ პავლესთვის ღვთის ნებას (რომელიც ეუწყება წინასწარმეტყველს) ეკლესია განახორციელებს, "დიდაქეს" შემდგენელისთვის წინასწარმეტყველება, ანუ ღვთის ნება თავისთავად უნდა განხორციელდეს. ამიტომაც წინასწარმეტყველი ("დიდაქეს" მიხედვით) თავს უფლებას აძლევს, მოითხოვოს ეკლესიისგან ის, რაც მას აუწყეს. ამ კუთხით "დიდაქეს" შემდგენელი მონტანისტების თვალსაზრისზე დგას.


უთანხმოება მესამე

"დიდაქეს მიხედვით საწინასწარმეტყველო მსახურების ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ მისი შემდგენელი მღვდელმთავრად აღიარებს წინასწარმეტყველს. ის მას აძლევს სამადლობელი ძღვენის იმ ზომით შეწირვის უფლებას, რა ზომითაც ეს წინასწარმეტყველს სურს ("დიდაქე" XIII:3); მაგრამ წინასწარმეტყველისთვის "ძღვენის შეწირვის" უფლების მინიჭება ნიშნავს, მიანიჭო მას წინამძღვრის ფუნქცია, რაც "დიდ ეკლესიაში" მხოლოდ ეპისკოპოსს ხელეწიფება. თუ ვინმე აქ აღაპებს იგულისხმებს (რომელიც საკუთრივ ევქარისტიისგან განსხვავებულია), მივუგებთ, რომ აღაპები მთელი ადგილობრივი ეკლესიის საკრებულოს წარმოადგენს, რომელსაც ეპისკოპოსი მეთაურობს. მხოლოდ III საუკუნიდან გახდა დასაშვები კერძო აღაპები, ისიც რომის ეკლესიაში, მაგრამ ამ პერიოდს უკვე თვით "დიდაქეს" ვერ მივაკუთვნებთ. მით უმეტეს, რომ ასეთი კერძო აღაპები აღმოსავლეთში დასაბამს იღებს IV საუკუნიდან.

სამადლობელ აღაპებზე, როგორც ევქარისტულ შეკრებაზე, მეთაურობა განეკუთვნებოდა ეპისკოპოსს და თუ "დიდაქე" ამ უფლებას წინასწარმეტყველს მიაკუთვნებს, ამით წინასწარმეტყველს ანიჭებს მეთაურის ფუნქციას.

გამოდიც, რომ "დიდაქეს" შექმნისას ევქარისტიის ჩვეული შემსრულებელი ყოფილა ეპისკოპოსი, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როცა იქ არ იმყოფებოდა წინასწარმეტყველი, "რამეთუ ისინი (ე. ი. ეპისკოპოსები - არქიეპ. პ.) - ამტკიცებს "დიდაქეს" შემდგენელი, - თქვენთვის წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მსახურებას აღავლენენ" ("დიდაქე").

"წინასწარმეტყველის მსახურების საცერდოტალური ხასიათი არა თუ საერთოდ უცნობია წმ. მოციქულ პავლესთვის, არამედ ჩვენთვის ცნობილი მთელი ქრისტეანული სწავლებისთვისაც კი ის "დიდაქისეულ" გამონაკლისს წარმოადგენს. ანუ, მას მთელ ძველქრისტეანულ მწერლობაში არა აქვს ანალოგი და ასწავლის მხოლოდ "დიდაქე". 

ქრისტეანობაში არსად გვხვდება წინასწარმეტყველის ეპისკოპოსზე უპირატესობის სწავლება, ეკლესიაში მღვდელმთავრები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსები და არა წინასწარმეტყველები! ამის დამადასტურებელია ძველი საეკლესიო მწერლობა, რომელიც არსად არ ართმევს ეპისკოპსს ამ პატივს და მას წინასწარმეტყველს არ ანიჭებს.

მიუხედავად იმ უდიდესი პატივისა, რომლითაც ეკლესიაში წინასწარმეტყველნი სარგებლობდნენ, ისინი არასოდეს არ ყოფილან ეპისკოპოსების თანასწორნი, მეტიც, ჰერმესი (II ს.) თავის "მწყემსში" განიკითხავს იმ წინასწარმეტყველს, ვინც საეკლესიო საკრებულოში "პროტოკათედრონ"-ის მიღებას ეშურვის (იხ. ხილვა III, მცნება მე-11).

მართალია, წინასწარმეტყველი ეკლესიაში პატივდებულია, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ ეწევა სხვა სახის მსახურებას, მითუმეტეს სამღვდელმთავროს, განსხვავებით "დიდაქესგან", რომელშიც წინასწარმეტყველს, როგორც უკვე ვთქვით, ეკლესიის სწავლების საპირისპიროდ ასეთი ფუნქცია ეკისრება.

დეკ. აფანასიევის მტკიცებით, პირველდაწყებით ეკლესიაში მსახურებათა შეერთება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებოდა აღრევა, რაც საწინააღმდეგოა ღვთის ნებისა, რომელმაც ეკლესიაში სხვადასხვა სახის მსახურებანი დააწესა.

ჩვენთვის დღემდე გამოცანად რჩება, - წერს ნ. აფანასიევი, - როგორ წარმოიშვა სწავლება წინასწარმეტყველთა მღვდელმთავრობის შესახებ; ან რა გზებით შეაღწია მან იმ გარემოში, სადაც წარმოიშვა "დიდაქე", თუ ამ ძეგლის დაწერის ტრადიციულ თარიღს (I ს. მიწურული) დავეყრდნობით, ეს მოვლენა გაუგებარი რჩება ისევე, როგორც გაუგებარი რჩება ის ფაქტი, რომ ამ ძეგლმა ზოგადსაეკლესიო ცნობიერებაზე ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა. ერთადერთი გარემო, სადაც შეიძლებოდა დაწერილიყო ეს მოძღვრება, მონტანისტური წრეებია, მაგრამ მაშინ ამ ძეგლის დაწერის თარიღი უფრო გვიანდელ პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ" (ნ. აფანასიევი. იქვე. გვ. 132).

ამრიგად, მეცნიერებისთვის "დიდაქეში" გადმოცემული, ეკლესიისთვის უცხო სწავლებანი თავსამტვრევ ამოცანად რჩება, რომელზეც მანამდე უნდა იმტვრიონ თავი, სანამ ამ მოძღვრების სამოციქულო წარმომავლობაზე ხელს არ აიღებენ. 

"დიდაქე" არათუ მოციქულთა მოძღვრებას არ წარმოადგენს, ის მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკასთანაც შეუსაბამოა, რასაც ავლენს ჩვენს მიერ ქრისტეანულ საეკლესიო პრაქტიკასთან მისი შეუსაბამობის წარმოჩენა და არც წმიდა მამათა ხელით არის დაწერილი, როგორც ცდილობს ამაში ჩვენს დარწმუნებას ბ-ნი ედ. ჭელიძე. 

ხსენებული ძეგლი სამართლიანად მიაკუთვნეს აპოკრიფებს და, როგორც ძეგლშივე მოცემულ სწავლებათა განხილვა გვიჩვენებს, მისი ავტორები არიან მონტანისტი მწვალებლები

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ხსენებული მონტანისტური წარმომავლობის ძეგლი ნათლობისას წყლის თავზე გადასხმას ნათლობის სამგზისი დაფლვის ფორმას უთანაბრებს. "დიდი რჯულისკანონიდან" კი ცნობილია, რომ მონტანისტებს წმიდა ეკლესია, მოქცევის შემთხვევაში, შეიწყნარებდა პირველი ჩინით (წესით), ანუ ნათლისღებით. ანუ, მონტანიზმიდან გადმოსულებს თავიდან ნათლავდნენ (იხ. II მსოფლიო კრების 7-ე კანონი. ლაოდიკიის 7-ე და მე-8 კანონები (Алфавитная Синтагма Матфея Фластаря. Москва. 1996 г., стр. 51).

დასასრული

კატეგორია: † „დიდაქეს“ შესახებ | დაამატა: vasoelis (31.08.2013)
ნანახია: 1073 | ტეგები: არის თუ არა, მოციქულთა მოძღვრება, დიდაქე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: