† წმიდა ბასილი დიდი – ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან

† წმიდა ბასილი დიდი – ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ბევრი რამ მაქეზებს, ყრმანო, თქვენთვის რჩევის მოსაცემად, იმის შესახებ, თუ რას ვთვლი საუკეთესოდ და რაც, უკეთუ შეიწყნარებთ, მჯერა, სარგებლობას მოგიტანთ: ასაკი, რომელიც მაქვს, წვრთნა, რომელიც მრავალი საქმით მივიღე, ყოველთა განმსწავლელი ცვალებადობანი, რომელთაც საკმაოდ ვეზიარე, რადგან ყოველივე ამან კაცობრივ საქმეთა შინა გამოცდილება შემძინა. ამიტომაც შემიძლია, მას, ვინც ცხოვრებას ეს-ეს არის შეუდგა, ყველაზე უსაფრთხო გზა ვუჩვენო. გარდა ამისა, რამდენადაც ბუნებით ნათესაობის გამო თქვენთვის მშობლების შემდეგ ვდგავარ, თქვენ მიმართ თქვენს მამებზე ნაკლებად კეთილგანწყობილი არც მე ვარ, და თუ არ ვცდები, ვფიქრობ, თქვენც, როცა მე მხედავთ, მშობლებიც ისე აღარ გენატრებათ. ასე რომ, უკეთუ ჩემს ნათქვამს სიამოვნებით მიიღებთ, ჰესიოდეს მიერ შექებულთა შორის მეორე დასში აღმოჩნდებით, ხოლო უკეთუ – არა, არასასიამოვნოს არაფერს გეტყვით, მაგრამ თავადვე გაიხსენეთ ის სტრიქონები, რომელშიც ამბობს: რჩეულთა შორის რჩეულია, ვინც თვითონვე ჭვრეტს იმას, რაც სჭირდება, ჩინებულია ისიც, ვინც სხვათაგან ნაჩვენებს მისდევს, ხოლო ვისაც არც ერთი ძალუძს და არც მეორე, სავსებით უვარგისია.1

ნუ გაიკვირვებთ, თუკი თქვენ, რომელნიც მასწავლებელთან ყოველ დღე დადიხართ და ურთიერთობას ძველი დროის გამოჩენილ კაცებთან მათ მიერ დატოვებულ თხზულებათა მეშვეობით ამყარებთ, გეტყვით, რომ, ჩემი მხრივ, მათთან რაღაც უფრო სასარგებლო ვიპოვე. სწორედ ამის შესახებ მინდა გირჩიოთ: სახელდობრ, საჭირო არაა საჭე თქვენი აზროვნებისა, ვითარცა ხომალდისა, ერთხელ და სამუდამოდ ამ კაცებს გადასცეთ და საითკენაც არ უნდა წაგიყვანოთ, გაჰყვეთ; არამედ, მიიღებთ რა მათგან იმას, რაც სასარგებლოა, ისიც უნდა იცოდეთ, რა უგულებელყოთ, ხოლო რა არის ეს სასარგებლო და რა უგულებელსაყოფი და როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან, ამას ახლა გასწავლით.

ყრმანო, ვფიქრობთ რა, რომ ამ კაცობრივ ცხოვრებას არავითარი ფასი არა აქვს, ჩვენ საერთოდ არ მივიჩნევთ და არც ვუწოდებთ სიკეთეს იმას, რაც კმაყოფილებას მხოლოდ ამ ცხოვრებასა შინა გვანიჭებს. არც სახელგანთქმულობა წინაპრებისა, არც სიძლიერე, სილამაზე და სიდიდე სხეულისა, არც პატივის მოხვეჭა ყოველთა კაცთაგან, არც ეს სამეფო და არც კიდევ სხვა რამ, რასაც კაცობრივ საქმედ იტყვიან, არა თუ დიდად, არამედ სასურველობის ღირსადაც კი არ მიგვაჩნია და მზერას იმათ კი არ ვაპყრობთ, რომელთაც ეს ყოველივე აქვთ, არამედ სასოებას უფრო შორეულზე ვამყარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სხვა ცხოვრებისათვის მოვემზადოთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ის უნდა შევიყვაროთ, რაც ამაში შეგვეწევა და ყოველი ღონით მას უნდა მივსდიოთ, ხოლო ის, რაც ამისთვის არ გამოგვადგება, ვითარცა სრულიად უფასური, უგულებელვყოთ.

რა არის ის ცხოვრება და სად და როგორ გავატარებთ მას? ამაზე საუბარი უფრო მომავლის საქმეა, ჩვენს ახლანდელ განზრახვას ნაკლებად შეეფერება და მოსმენითაც თქვენზე უფროსებმა უნდა მოისმინონ. თუმცაღა, შეიძლება საკმარისად წარმოგიდგინოთ იგი, თუკი გეტყვით: ვინმემ რომ შესძლოს სიტყვით მოიცვას და ერთად შეკრიბოს კაცთა მიერ განცდილი ყველა ბედნიერება დაბადებიდან მოყოლებული, აღმოჩნდება, რომ ოდნავადაც ვერ გაუსწორდება სიკეთეებს იმ ცხოვრებისა და, რომ, პირიქით, ერთად აღებული აქაური სიკეთენი იქაურ სიკეთეებთან ყველაზე მცირესაც კი, უფრო დიდად ჩამორჩება, ვიდრე აჩრდილი და სიზმარი – სინამდვილეს. უკეთესად რომ ითქვას, შედარებით თვალსაჩინო მაგალითს გამოვიყენებ: რამდენადაც სული ყოველმხრივ უფრო პატივსაცემია სხეულზე, იმდენად განსხვავდება აქაური ცხოვრება იქაურისაგან.

ამ ცხოვრებისაკენ, რაღა თქმა უნდა ჩვენ წმინდა წერილს მივყავართ, რომელიც საიდუმლოთა საშუალებით გვზრდის; მაგრამ, ვიდრე ასაკის გამო, მისი ღრმა აზრის წვდომას შევძლებდეთ, გარკვეული დროის განმავლობაში სულიერ თვალს წინასწარ, ვითარცა აჩრდილებითა და სარკეებით, მათგან არც თუ ძალიან დაშორებული თხზულებებითაც ვწვრთნით, ვბაძავთ რა ამ დროს სამხედრო წყობაში დახელოვნებისათვის მოვარჯიშეებს. ისინი ხელებისა და ფეხების მოქნილი მოძრაობით გამოცდილებას იძენენ და ამ სპორტული თამაშისაგან მიღებულ სარგებელს ნამდვილ ბრძოლებში იყენებენ.

ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წინ ყველა ბრძოლაზე დიდი ბრძოლა გველის, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ და მისთვის მოსამზადებლად, ძალისაებრ ჩვენისა, გავისარჯოთ; გონებით ვესაუბროთ პოეტებს, ისტორიკოსებს, ორატორებსა და საერთოდ ყველა ადამიანს, ვისგანაც კი სულზე ზრუნვისათვის რაღაც სასარგებლოს შეძენა შეიძლება. მსგავსად ხელოვანთა, რომელნიც თავდაპირველად რაღაც საშუალებებით იმას ამზადებენ, რამაც ფერი უნდა მიიღოს და ფერს, მეწამული იქნება ის თუ სხვა რომელიმე, მერე ადებენ, ასევე ჩვენც, რათა დიდება ჩვენი სათნოებისა წარუშლელი დარჩეს, ამ გარეშე მწერალთა შესწავლის გზით უკვე მომზადებულნი, წმინდასა და საიდუმლო გაკვეთილებს ყურადღებით მოვისმენთ, და ვითარცა მზის წყალში ცქერას შეჩვეულები, ბოლოს თვალს თავად მის ნათელსაც შევავლებთ. ამიტომ, უკეთუ სწავლებათა შორის რამდენადმე ნათესაობა არსებობს, მათი ცოდნა სწორედაც რომ გვმართებს, ხოლო უკეთუ არა, - შესწავლა სხვაობისა, რომელიც დაპირისპირებულებს ქმნის, არანაკლებ გვჭირდება უკეთესის განსამტკიცებლად.

მაგრამ შესაცნობად მათი სახისა, თითოეული ამ სწავლებათაგანი რას შევადაროთ? რა თქმა უნდა, ხის საკუთარ სილამაზეს სიუხვე მწიფე ნაყოფისა წარმოადგენს, მაგრამ მას რამდენადმე სხვა სამკაულიც აქვს – ფოთლები, რომლენიც რტოებზე შრიალებენ. ასევე სულისთვისაც უწინარესად ნაყოფი ჭეშმარიტებაა, მაგრამ უსიამოვნო არც ის იქნება, თუ იგი გარეშე სიბრძნით შეიმოსება, ვითარცა ფოთლებით, რომლენიც ნაყოფის საფარველსაც წარმოადგენენ და არც შეუფერებელ სანახაობას ქმნიან. ამიტომ ამბობენ, რომ სახელგანთქმულმა მოსემ, ვისი სახელიც, სიბრძნის წყალობით, კაცთა შორის უდიდესია, გონება ჯერ ეგვიპტური მეცნიერებებით გაწვრთნა და არსებულის2 ჭვრეტას შემდეგ მიეახლა. მოგვიანებით მსგავსად მოგვითხრობენ ბრძენი დანიელის3 შესახებაც, ვინც ჯერ ბაბილონში ქალდეველთა სიბრძნე შეისწავლა და ღმრთეებრივ გაკვეთილებს მერე ეზიარა.

მაგრამ იმის შესახებ, რომ გარეშე მეცნიერებანი სულისათვის უსარგებლო როდია, უკვე საკმარისად ითქვა. ახლა ის ვთქვათ, როგორ უნდა შეისწავლოთ ისინი, უწინარესად პოეტები. მათგან დავიწყებ; რამდენადაც თავიანთ თხზულებათა მიხედვით პოეტები სხვადასხვაგვარად წარმოდგებიან, გონება მიმდევრობით ყოველთვის ყველაფერზე კი არ უნდა შეაჩეროთ, არამედ მაშინ, როცა კარგი ვაჟკაცების საქმეებსა ან გამონათქვამებს გადმოსცემენ. ისინი უნდა შეიყვაროთ, მოშურნეობდეთ და ძალიან უნდა შეეცადოთ, რომ მათ დაემსგავსოთ; ხოლო როცა სულმდაბალ კაცებს ასახავენ, თავი უნდა აარიდოთ და ყურებიც ისე დაიცოთ, როგორც ეს ოდისევსმა გააკეთა, როგორც თავადვე ამბობენ, სირინოზთა სიმღერისას.4

შეჩვევა უშვერი სიტყვებისა ხომ ერთგვარი გზაა [უშვერ] საქმეებზეც გადასასვლელად. ამიტომ სული ყოველი ღონით უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, რათა სასიამოვნო სიტყვების შეწყნარებისას, ვითარცა მათ, რომელნიც თაფლთან ერთად საწამლავსაც იღებენ, რაიმე ბოროტიც არ შემოგვეპაროს. ასე რომ, პოეტებს ჩვენ ყოველივესათვის როდი ვაქებთ, არ ვაქებთ მაშინ, როცა ისინი ცუდსიტყვაობენ, ვნებით აგზნებულებსა და მთვრალებს ასახავენ, ან კიდევ, როცა ბედნიერებას უხვი ტაბლითა და თავაშვებული სიმღერებით საზღვრავენ. ყველაზე ნაკლებად კი ყური მაშინ უნდა დავუგდოთ, რაჟამს ღმერთებზე საუბრობენ, განსაკუთრებით, თუ მათ სიმრავლითა და ამასთანავე ერთმანეთთან დაპირისპირებულად წარმოგვიდგენენ. მათთან ხომ ძმა ძმას უმხედრდება, მშობლები შვილებს, შვილებს კი, თავის მხრივ, გამოუცხადებელი ომი აქვთ მშობლებთან. ხოლო მრუშობა ღმერთებისა, სასიყვარულო თავგადასავალნი და აშკარა აღრევანი ერთმაენთს შორის, განსაკუთრებით ყოველთა ღმერთთა წინამძღოლისა და მბრძანებლისა, როგორც ისინი მას უწოდებენ, ზევსისა, ვითარცა იმგვარი საქმენი, რომელთა მოყოლაც კაცს საქონელთა შესახებაც კი გააწითლებდა, თეატრის სცენას დავუტოვოთ.

იგივე უნდა ვთქვათ ისტორიკოსთა შესახებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავიანთ თხზულებებს მსმენელთა გასართობად თხზავენ. ვერც ორატორებს მივბაძავთ ტყუილის თქმის ხელოვნებაში, რადგან ჩვენ, რომელთაც ცხვრების სწორი და მართალი გზა ავირჩიეთ, ტყუილი არც სამსჯავროთა შინა და არც სხვა საქმეებში არ შეგვფერის, მით უმეტეს, როცა სჯულით გვაქვს დაწესებული საერთოდ არ განვსაჯოთ.

უმჯობესი იქნება პოეტების თხზულებებიდან ის ადგილები შევიწყნაროთ, სადაც მათ სათნოება შეაქეს ან ბოროტება გაკიცხეს. რადგან, ვითარცა ყველა სხვა დანარჩენი ყვავილების მხოლოდ სურნელებითა და ფერადოვნებით ტკბება, ხოლო ფუტკრებს მათგან თაფლის მიღებაც ხელეწიფებათ, ასევე ამ შემთხვევაშიც, ვინც ამ თხზულებებში არა მხოლოდ ტკბობისა და სიამოვნების მიღებას გამოედევნება, მათგან რამდენადმე სულისთვის სასარგებლოსაც დაიუნჯებს. ამიტომ, ყოველმხრივ უნდა დავემსგავსოთ რა ფუტკრებს, ეს თხზულებებიც უნდა შევისწავლოთ. არც ფუტკარი მიეახლება ხომ თანაბრად ყველა ყვავილს, და იმათგანაც, რომლებზეც ჯდება, ყოველივეს წაღებას კი არ ცდილობს, არამედ იმას იღებს, რაც საქმისათვის გამოადგება, ხოლო დანარჩენს ხელუხლებლად ტოვებს.

ასევე ჩვენც, უკეთუ კეთილგონიერები ვართ, ამოვკრებთ რა ამ თხზულებებიდან იმას, რაც ჩვენთვის დამახასიათებელია და ჭეშმარიტად გვენათესავება, დანარჩენს გვერდს ვუვლით. ვითარცა ვარდის ბუჩქიდან ყვავილის მოწყვეტისას ეკლებს თავს ვარიდებთ, ასევე ამ თხზულებებიდანაც იმას, რაც სასარგებლოა ვიძენთ, ხოლო ვნების მომტანისაგან თავს ვიცავთ. ამიტომ ყოველი მეცნიერება თავიდანვე უნდა განვიხილოთ და დორიული ანდაზის მიხედვით – ქვა გავუსწირით თოკს,5 – ჩვენი მიზნის შესაბამისად გამოვიყენოთ.

რამდენადაც ჩვენ სხვა ცხოვრებას სათნოებით უნდა მივაღწიოთ, რომლისთვისაც მრავალი ქება შეუსხამს პოეტებს, მრავალიც ისტორიკოსებსა და კიდევ უფრო მრავალი სიბრძნისმოყვარე კაცებს, ამგვარი თხზულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.

მცირე სარგებელს როდი მოუტანს ახალგაზრდების სულებს შეთვისება და მიჩვევა სათნოებისა, რადგან სწავლებანი მის შესახებ, სიფაქიზისა გამო, მათს სულებში ღრმად აღიბეჭდება და წარუშლელნი რჩება. განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოდესღაც ეს სიტყვები, რომელთაც ყველა მღერის, ჰესიოდეს სხვა აზრით შეუთხზეს და არა ახალგაზრდების წასაქეზებლად სათნოებისაკენ? "დასაწყისში უსწორმასწოროა და მიუვალი, მუდმივად ოფლის ღვრითა და ჯაფით გასავლელი გზა, რომელსაც სათნოებისაკენ მივყავართ; ამიტომაც ყველას როდი შეუძლია მას შეუდგეს ციცაბოობისა გამო, ხოლო უკეთუ შეუდგა, მწვერვალს ადვილად მიაღწევს. მაგრამ მაღლა ასული დაინახავს, რომ გზა სწორია და მშვენიერი, ადვილი და მოხერხებული და უფრო სასიამოვნო, ვიდრე მეორე გზა, რომელსაც ბოროტებისაკენ მივყავართ და რომელზეც შედგომა, - როგორც თავად პოეტი ამბობს, - მყისვე შეიძლება მისი სიახლოვის მიზეზით”.6

მე ვფიქრობ, რომ მან ეს არა სხვა განზრახვით, არამედ სათნოებისაკენ ჩვენს წასაქეზებლად დაწერა და ყველას მოგვიწოდა კეთილნი ვყოფილიყავით, რათა ჯაფისათვის უძლურებს წიანსწარ არ გვეთქვა უარი მიზნისკენ სვლაზე. ასე რომ, უკეთუ ვინმე სხვაც სათნოებას მსგავსად შეაქებს, ჩვენ ისიც უნდა შევიწყნაროთ.

როგორც ერთი კაცისაგან მოვისმინე, ვინც ჩინებულად შეისწავლა აზროვნება პოეტისა, ჰომეროსის მთელი შემოქმედება ქება-დიდებაა სათნოებისა და მასთან ყოველივეს, გარდა იმის, რაც მეორეხარისხოვანია, მისკენ მივყავართ. ნაკლებად როდი მეტყველებს ამაზე ის ადგილი, სადაც ხომალდის დაღუპვისას გადარჩენილ სამოსელშემოძარცულ კეფალენიელთა ბელადს პირველად მეფის ასული დაინახავს და ნაცვლად იმისა, რომ სირცხვილის გრძნობა განეცადა, რადგან შიშველს უყურებდა, მისდამი პატივისცემას იგრძნობს. ეს იმიტომ, რომ პოეტმა ოდისევსი სანაცვლოდ სამოსისა სათნოებით შემკობილად წარმოადგინა.7 შემდეგ იგი დანარჩენმა ფეაკელებმაც იმდენად ღირსეულად მიიჩნიეს, რომ ნებიერი ცხოვრება დათმეს, ყველანი მას შეჰყურებდნენ და ბაძავდნენ. არცერთ ფეაკელს მაშინ იმაზე მეტად არაფერი უნდოდა, ვიდრე ის, რომ ოდისევსი ყოფილიყო, თანაც ხომალდის დაღუპვისას გადარჩენილი.8 ამ ადგილას, როგორც ამას პოეტის აზრის განმმარტებელი ამბობდა, ჰომეროსი ღაღადებს და ამბობს: "კაცნო, თქვენ სათნოებისათვის უნდა იზრუნოთ, რომელიც ხომალდის დაღუპვის დროსაც გადაგარჩენთ და ხმელეთზე შიშვლებად გამოღწეულებსაც პატივით სვებედნიერ ფეაკელებზე ამაღლებულადაც წარმოგაჩენთ.” – რადგან ასეთია იგი! სხვა სახის შენაძენი დანარჩენებზე მეტად ოდნავადაც არ ეკუთვნით თავად მფლობელებს, ისევე როგორც თამაშისას კამათელი ხან ერთ მხარეზე ვარდება და ხან მეორეზე. კაცის შენაძენთაგან ხელშეუხებელი მხოლოდ სათნოებაა, რომელიც სიცოცხლეშიც მასთანაა და სიკვდილის შემდგომაც.

ვფიქრობ, ამიტომაც ამბობს სოლონი მდიდრების მისამართით:

"ჩვენ სათნოებას ვერ გავუცვლით მათ სიმდიდრეზე,

მას ხომ მარადის ვერავინ ხელყოფს,

კაცთა ქონებას კი ხან ერთი ფლობს, ხანაც მეორე”.9

ამასთან ძლიერ ახლოსაა სტრიქონები თეოგნიდესი,10 რომელშიც ამბობს: "ღმერთი (ამ შემთხვევაში სულერთია რომელს გულისხმობს) სასწორს კაცთათვის ზოგჯერ აქეთ ხრის და ზოგჯერ იქეთ, რათა ისინი ხან მდიდარნი იყვნენ, ხანაც არაფრის მქონენი”. სათნოებისა და ბოროტების შესახებ მსგავსადვე სიბრძნისმეტყველებს თავის თხზულებებში ერთ ადგილას კეოსელი11 სოფისტიც; მის ნათქვამსაც ყურადღებით უნდა მოვეპყრათ, რადგან უგულებელსაყოფელი კაცი როდია იგი. ამგვარად, მასთან ერთგან ნათქვამია, რამდენადაც მისი შინაარსი მახსოვს, რადგან სიტყვა-სიტყვით არ ვიცი და ვიცი მხოლოდ ის, რომ თქვა მან ეს უბრალოდ, გარეშე რიტმისა: როცა ყმაწვილი ჰერაკლე, თითქმის იმავე ასაკისა, რომელშიც თქვენ ხართ, გულმოდგინედ არჩევდა, გზათაგან რომელს შესდგომოდა, - ჯაფით წამყვანს სათნოებისაკენ, თუ ყველაზე ადვილს, ორი ქალი წარმოუდგა; ისინი იყვნენ სათნოება და ბოროტება, რადგან თუმცაღა დუმდნენ, სხვაობას მათ შორის გარეგნობაც მყის წარმოაჩენდა; ერთის სილამაზე მორთულ-მოკაზმულობით იყო შექმნილი, ფუფუნებით ცხოვრებისაგან მოუძლურებული, მთელ სიმრავლეს ტკბობათა ზედასხმულს თან ატარებდა, მათი წარმომჩენი ჰერაკლეს კიდევ მეტს ჰპირდებოდა და მის მოზიდვას ცდილობდა. ხოლო მეორე – გამხდარი, მოუკაზმავი და მკაცრად მზირალი, სულ სხვა რამეს გამოხატავდა, რადგან არცა თავაშვებულობასა და არცა ტკბობას არ აღუთქვამდა, არამედ მრავალ ოფლისღვრას, ჯაფასა და საფრთხეებს, ყველგან – ხმელეთსა და ზღვაზე, რის საფასურადაც ღმერთი გახდებოდა, როგორც ამას ავტორი გვიყვება. ბოლოს ჰერაკლე მაინც მას გაჰყვა.

ასე რომ, თითქმის ყველა, ვინც სიბრძნით რამდენადმე ყურადღებას იქცევს, ყოველი მათგანი, ძალისაებრ მისისა, თავის თხზულებებში მეტ-ნაკლებად სათნოების ქებას გადმოსცემს. მათ უნდა ვერწმუნოთ და მათ სწავლებათა ცხოვრებით წარმოჩენას შევეცადოთ, რადგან ვინც სხვათა მიერ სიტყვებით გადმოცემულ სიბრძნეს განამტკიცებს, ის ცოცხლობს, დანარჩენები კი მოძრავი აჩრდილები არიან მხოლოდ.

ვფიქრობ, ეს იმას ემსგავსება, მხატვარმა რომ განსაცვიფრებელი რამ, მაგალითად, სილამაზე კაცისა ასახოს და ადამიანი სინამდვილეშიც ისეთი იყოს, როგორიც მან სურათზე წარმოაჩინა. ვინც კაცთა წინაშე სათნოებას ქებას მგზნებარედ ასხამს და მასზე განგრძობილად საუბრობს, ხოლო საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი კეთილგონიერებასა და სამართლიანობაზე უფრო მეტად პატივს ტკბობასა და მოგებას ანიჭებს, მე ვიტყოდი, მსგავსია მსახიობებისა, რომელნიც თუმცა სცენაზე დრამების თამაშისას ხშირად გამოდიან, ვითარცა მეფენი და მმართველები, მაგრამ სინამდვილეში არათუ მეფენი და მმართველები, არამედ უმეტესწილად თავისუფალნიც კი არ არიან.

მუსიკოსი ხალისით როდი შეიწყნარებს იმას, რომ ლირა აუწყობელი იყოს და არც კორიფევსს სურს ჰყავდეს ქორო, რომელიც რაც შეიძლება, ხმაშეწყობილად არ იმღეერებს. ასე ხომ ყოველი მათგანი თავის თავს დაუპირისპირდება და წარმოჩნდება, რომ მისი ცხოვრება მისსავე სიტყვებს არ ეთანხმება? და მსგავსად ევრიპიდესი იტყვის: "ენამ ჩემმა კი დაიფიცა, მაგრამ გულს ჩემსას არ დაუფიცია”.12

ამგვარად, მას ბრალი დაედება იმაში, რომ ნაცვლად იმისა, მართლაც კეთილი იყოს, კეთილი მხოლოდ გარეგნულადაა და ეს უკიდურესი ზღვარი უსამართლობისა, უკეთუ პლატონს დავუჯერებთ, სამართლიანი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის.13 ამიტომაც უნდა შევიწყნაროთ თხზულებანი, რომელნიც სათნოებათა შესახებ სწავლებებს შეიცავენ. რამდენადაც სახელოვანი საქმენი ძველი კაცებისა ჩვენამდე, ან ადამიანთა უწყვეტი ხსოვნით არიან შემონახულნი, ან კიდევ პოეტთა და ისტორიკოსთა თხზულებებში არიან დაცულნი, სარგებლობა, რომლის მიღებაც მათგან შეიძლება, არ უნდა მოვიკლოთ. მაგალითად, ერთი კაცი სახალხო კრებაზე პერიკლეს ლანძღავდა, მაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდა. ასე გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში: ერთი მეორეს საყვედურებით უშურველად ავსებდა, ხოლო მეორეს ეს არ აწუხებდა. შემდეგ კი, როცა საღამო დადგა და ჩამობნელდა, ძლივს შეწყვიტა რა ლანძღვა-გინება, პერიკლემ იგი ლამპრით შინ გააცილა, რათა ვარჯიში სიბრძნისმოყვარეობაში წყალში არ ჩაყროდა.14

და კიდევ: ვიღაც განრისხებული კაცი ევკლიდე მეგარელს სიკვდილით ემუქრებოდა და იფიცებდა კიდეც, რომ აღასრულებდა;15 თვითონ ევკლიდემ კი საპირისპირო ფიცი დადო იმის თაობაზე, რომ მას მოალმობიერებდა და მტრობას, რომელიც მის მიმართ ჰქონდა, შეაწყვეტინებდა. და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მაგალითებისაგან რომელიმეს გახსენება ადამიანის მიერ, რომელიც რისხვითაა შეპყრობილი! არ უნდა დავუჯეროთ ტრაგედიას, რომელიც ამბობს: "ადვილად აიარაღებს რისხვა ხელს მტრებზე აღსამართად”,16 არამედ პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ არ განვრისხდებით, ხოლო უკეთუ ეს გაგვიძნელდება, მრისხანება, ვითარცა აღვირით, გონებით უნდა მოვთოკოთ, რათა მან საზღვრები არ გადალახოს.

მაგრამ სიტყვა ისევ სახელოვან საქმეთა მაგალითებზე მივაქციოთ. ერთი კაცი სოფრონისკოსის ძეს სოკრატეს თავს დაესხა და სახეში დაუზოგავად ურტყამდა, მან კი არა თუ წინააღმდეგობა არ გაუწია, არამედ მთვრალს ნება მისცა მრისხანებით დამტკბარიყო; ასე რომ, ცემისაგან სახე დაუსივდა და დაუწყლულდა. ხოლო როცა მან ცემა შეწყვიტა, როგორც ამბობენ, სოკრატეს სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ვითარცა ქანდაკებას აწერენ ხოლმე ხელოვანის სახელს, შუბლზე დაიწერა: "ეს ამან და ამან ჩაიდინა” და შური ამგვარად იძია.17 რამდენადაც ეს თითქმის ჩვენი მცნებების იგივეობრივია, ვამბობ, რომ ამგვარ კაცთა მიბაძვა ფრიად კარგია. სოკრატეს საქციელი ხომ ახლოს დგას იმ მცნებასთან, რომლის მიხედვითაც, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მას მეორეც უნდა მიუშვირო და შურიც ამგვარად იძიო (მთ. 5.39);  პერიკლესა და ევკლიდეს მაგალითები მსგავსია მცნებისა: მოუთმინე მდევნელებს და მშვიდად გადაიტანე მათი მრისხანება; და: ნუ დაწყევლი მტრებს, არამედ სიკეთე უსურვე (მთ. 5.44). ამრიგად, ამათ მიერ წინასწარგანსწავლული არც სახარებისეული მცნებების მიმართ, ვითარცა რაღაც შეუძლებელისადმი, იქნება ურწმუნო.

გვერდს ვერ ავუვლი ალექსანდრეს მაგალითსაც: ტყვედ ჩაიგდო რა დარიოსის ქალიშვილები, რომელთა შესახებაც ამოწმებენ, რომ განსაცვიფრებელი სილამაზისანი იყვნენ, ნახვის ღირსადაც კი არ ჩათვალა ისინი, რადგან მამაკაცებზე გამარჯვებულმა ქალებისგან დამარცხება სამარცხვინოდ მიიჩნია.18 ეს იმ მცნებაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც, ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, კიდევაც რომ მრუშობა საქმით არ აღასრულოს, დანაშაულისაგან მაინც არ თავისუფლდება (მთ. 5.28).

ძნელია ირწმუნო, რომ კლინიასის,19 ვინც პითაგორას ახლობელთაგან ერთ-ერთი იყო, საქციელის მსგავსება ჩვენს მცნებებთან შემთხვევითია და არა მათი გულმოდგინე მიბაძვა. და როგორ მოიქცა იგი? თუ დაიფიცებდა, შეეძლო თავიდან აერიდებინა სამი ტალანტის გადახდა, მაგრამ დაფიცებას, თუმცა სიმართლეზე უნდა დაეფიცა, გადახდა ამჯობინა, თითქოს მცნება, რომელიც ჩვენ დაფიცებას გვიკრძალავს, მოსმენილი ჰქონდა.

მაგრამ ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც თავიდანვე ვთქვი. ჩვენ მყისვე ყოველივე მიყოლებით კი არ უნდა მივიღოთ, არამედ მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა. სამარცხვინოა უარვყოთ საკვებთაგან მავნებელი, ხოლო სწავლებათაგან, რომელნიც ჩვენს სულს ასაზრდოებენ, არაფერი გამოვარჩიოთ, მსგავსად ნიაღვრისა, რაც კი შეგხვდება, ყოველივე მივიტაცოთ და დავიტვირთოთ. თუკი მესაჭე უგუნურად კი არ მიჰყვება ქარებს, არამედ ხომალდს პირდაპირ ნავსაყუდელისკენ წარმართავს, მშვილდოსანი ისარს მიზანში ისვრის და მესპილენძეცა და დურგალიც თავიანთი ხელოვნების შესაფერისი შედეგისაკენ ისწრაფვიან, რა გონივრული მიზეზი გვექნება იმისათვის, რომ ამ შემოქმედთ ჩამოვრჩეთ, მაშინ, როცა შეგვიძლია ჩვენს საქმეებს ყურადღებით მოვეპყრათ? უკეთუ ხელოსანთა საქმეს რაღაც დასასრული აქვს, კაცობრივ ცხოვრებას არ ექნება მიზანი, რომლის შესაბამისადაც ყველაფერი უნდა აკეთოს და ილაპარაკოს მან, ვისაც განზრახული არა აქვს ყოველმხრივ პირუტყვებს დაემსგავსოს?

ამგვარად, თუ საჭეს სულისა, მსგავსად აღუჭურველი ხომალდებისა, არავის გონებას არ მივანდობთ,** იღბალზე, აღმა-დაღმა გვატარებს ცხოვრება. სპორტულ, ან თუ გნებავთ, მუსიკალურ ხელოვნებაშიც შეჯიბრებისას, სწორედ იმ თამაშობებში ვარჯიშობენ, რისთვისაც გვირგვინებია დაწესებული და არავინ, ვინც ჭიდაობაში ან ორივეში ერთად – მუშტიკრივსა და ჭიდაობაში ვარჯიშობს, კითარასა და ფლეიტაზე დაკვრის სწავლას არ შეუდგება. ყოველ შემთხვევაში ასე არ მოქცეულა პოლიდამე,20 არამედ მან ოლიმპიური შეჯიბრების წინ ეტლის სრბოლა დააყენა და ძალა ამით განიმტკიცა. არც მილონი21 ჩამოსულა ზეთით გაპოხილი ფარიდან, არამედ იქიდან მის ჩამოთრევას ნაკლებ წინააღმდეგობას როდი უწევდა, ვიდრე ტყვიით მორჩილული ქანდაკებანი. და საერთოდ, მათთვის ვარჯიში მზადება იყო შეჯიბრებისათვის. მათ რომ ქვიშამოყრილი ასპარეზი და ფიზიკური ვარჯიშები მიეტოვებინათ და მარსიასის22 ან ფრიგიელი ოლიმპოსის23 მსგავსად დაკვრისათვის მიეკიდათ ხელი, გვირგვინებსა და დიდებას მიემთხვეოდნენ, თუ გაიქცეოდნენ, რათა დასაცინნი არ გამხდარიყვნენ?

მაგრამ თავის მხრივ არც ტიმოთევსს24 დაუთმია ხომ ტკბილად მღერა და არ გაუტარებია დრო საჭიდაო მოედანზე. სხვაგვარად ვერც ის, ვინც იმდენად დიდი ხელოვანი იყო, რომ თანახმიერობითა და მკაცრი სიმწყობრით ჯერ მრისხანებას აღძრავდა, ხოლო შემდეგ კვლავ ამშვიდებდა და ლმობიერი ჟღერადობით ამსუბუქებდა, ვერ შეძლებდა ყველასაგან ასე გამორჩეული ყოფილიყო მუსიკალურ ხელოვნებაში. ამბობენ, რომ მან, უკრავდა რა ალექსანდრეს წინაშე ფრიგიულ მელოდიას, სადილობისას აიძულა იგი აღმდგარიყო და  იარაღისათვის მოეკიდა ხელი, ხოლო როცა ჟღერადობა შეარბილა, ალექსანდრე კვლავ თანამეინახეთ დაუბრუნდა.25 ასეთ ძალას ანიჭებს ვარჯიში მიზნის მისაღწევად კაცს მუსიკალურსა და სხეულებრივ შეჯიბრებებში.

რამდენადაც გვირგვინები და მოჭიდავენი გავიხსენე, ვიტყვი: უკეთუ ისინი მრავალ შემთხვევაში დიდ გასაჭირს ითმენენ და საკუთარი ძალის გაზრდას ყოველი გზით ცდილობენ, სხეულის ვარჯიშისას ოფლს უხვად ღვრიან, საწვრთნელ მოედანზე ცემა-ტყეპასაც ხშირად იტანენ, არა ყველაზე სასიამოვნო, არამედ მწვრთნელთა მიერ შერჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, და, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, სხვა მხრივაც შეჯიბრებამდე დროს შეჯიბრებისათვის მზადებაში ატარებენ, ხოლო შემდგომად ყოველივე ამისა, ასპარეზზე გასულთ ყოველგვარი ჯაფისა და საფრთხის დათმენა უხდებათ, რათა ჯილდოდ ველური ზეთისხილის, დაფნის (ςελίνου)*** ან სხვა რაღაც მსგავსისგან დაწნული გვირგვინები და მაცნეთაგან გამარჯვებულთა სახლების ხმამაღლა გამოცხადება მიიღონ, ჩვენ, რომელთაც ცხოვრებისეულ ღვაწლთათვის სიმრავლითაც და სიდიდითაც ისე საკვირველი ჯილდოები გველოდება, რომ მათი სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია, მაშინ, როცა ყურზე გვძინავს და ფრიად თავშეუწუხებულად ვცხოვრობთ, რატომღა ველოდებით, რომ ამ ჯილდოებს მარცხენა ხელითაც ავიღებთ.

ამ შემთხვევაში ხომ უსაქმურად ცხოვრება დიდად ღირსეული იქნებოდა, სარდანაპალა26 და, თუ გნებავთ, მარგიტეც27, ვის შესახებაც ჰომეროსმა თქვა, თუ ეს სიტყვები მართლაც ჰომეროსს ეკუთვნის, რომ არც მხვნელი იყო, არც მთესველი და ცხოვრებაში არც სხვა რამ შეეძლო, ბედნიერების თვალსაზრისით პირველობას ყველას წაართმევდა! მაგრამ განა უფრო მართალი არაა პიტაკეს28 გამონათქვამი, რომელმაც თქვა: "ძნელია იყო პატიოსანი”. მართლაც, ღირსი იმ სიკეთეთა მიმთხვევისა, რომელთაც, როგორც ზემოთ ითქვა, კაცობრივ სიკეთეთა შორის ნიმუში არა აქვს, მრავალი ჯაფის გადატანის შემდეგაც ძლივს ვხდებით; ამიტომაც არ გვმართებს უქნარობა და არც ხანმოკლე მოსვენებაზე გაცვლა დიდი იმედებისა, თუ არ გვინდა მოვისმინოთ საყვედურები და დავითმინოთ სასჯელი არა აქ, ადამიანებისაგან (თუმცაღა, ვისაც გონება აქვს, მისთვის მცირე არც ეს იქნება), არამედ იქაურ სამსჯავროთა შინა, სადაც არ უნდა გაიმართონ ისინი, მიწისქვეშეთსა თუ სადმე სხვაგან. ვინც ცოდვას უნებლიეთ ეხება, შესაძლებელია, ღმრთისაგან შეწყალება მიიღოს, ხოლო ვინც ცუდს განზრახ ირჩევს, შენდობასაც ვერ ითხოვს, იმისათვის, რომ დიდი სასჯელი არ დაითმინოს.

მაშ, რა გავაკეთოთ? – იკითხავს ვინმე. სხვა რა, თუ არა ის, რომ ყველა სხვა საზრუნავთაგან განთავისუფლებულმა სულზე ვიზრუნოთ?

ამიტომ, სხეულს თუ ეს მართლაც აუცილებელი არაა, არ უნდა ვემსახუროთ, ხოლო სულს ყოველი, რაც საუკეთესოა, მივუძღვნათ; ხორციელ, სხეულის ვნებებთან მჭიდრო კავშირისაგან, ვითარცა საპყრობილიდან, სიბრძნისმოყვარეობით განვათავისუფლოთ და ამასთან, სხეულიც ისე გავწვრთნათ, რომ ვნებებისათვის დაუძლეველი გახდეს. აუცილებელი მუცელსაც უნდა მივაწოდოთ, მაგრამ არა ძალიან სასიამოვნო, იმათ მსგავსად, რომელნიც ტრაპეზის გამწყობ მონებსა და მზარეულებს ეძებენ და, ვითარცა ვინმე სასტიკი მბრძანებელისათვის ხარკის შემგროვებელნი, მთელს ხმელეთსა და ზღვას ჩხრეკენ ხოლმე. ჯოჯოხეთსა შინა წამებულებზე არანაკლები ტანჯვის დამთმენნი ეს საწყალობელნი მუშაკნი მართლაც რომ მატყლს ცეცხლზე ჩეჩენ,29 წყალს ცხრილით ეზიდებიან და დაზიანებულ თიხის ჭირჭლებში ასხამენ, რის გამოც მათ ჯაფას ბოლო არა აქვს.

თმის ვარცხნილობასა და შესამოსელზე გარჯა კი, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, დიოგენეს სიტყვით, უბედურებს ან კიდევ გზააბნეულებს ახასიათებთ.30 ამიტომაც ვამბობ, რომ იყო პეწენიკი და იწოდებოდე ასეთად, ისევე სამარცხვინოდ უნდა ჩავთვალოთ, როგორც გარყვნილება, ან სწრაფვა სხვისი საქორწინო სარეცელისაკენ. რადგან მისთვის, ვისაც გონება აქვს, რა სხვაობა ექნება – თეატრალური31 სამოსელით იმოსება თუ მდაბიოთა მოსასხამს მოისხამს, თუკი სამოსი სიცივისა და სიცხისგანაც საკმარისად იცავს? კაცისათვის, რომელიც მართლაც ღირსია ამ სახელისა, კოპწიაობა და გარეგნობაზე ზრუნვა ნაკლებ სასაყვედურო როდია, ვიდრე მონური დამოკიდებულება რომელიმე სხვა ვნებისადმი. რადგან ყველა მცდელობა მიმართული იმისკენ, რომ სხეული, რაც შეიძლება გამშვენებული იყოს, თვისებაა იმისა, ვისაც ვერც თავისი თავი შეუცვნია და ვერც ის ბრძნული სწავლება გაუგია, რომ კაცი ის კი არ არის, რაც იხილვება, არამედ რამდენადმე უმაღლესი სიბრძნეა საჭირო, რომლის მიერაც თითოეული ჩვენგანი თავის თავს, როგორიცაა, ისე შეიცნობს; ხოლო ეს განუწმედელი გონებისათვის უფრო შეუძლებელია, ვიდრე სნეული თვალებისათვის მზერის გასწორება მზისათვის; განწმენდა სულისა კი, ზოგადად და თქვენთვის საკმარისად რომ გითხრათ, შეგრძნებებით მიღებულ სიამოვნებათა უგულებელყოფას ნიშნავს: თვალი არ უნდა განვაძღოთ სანახაობებით ილუზიონისტებისა, ან ცქერით სხეულებისა, რაც ტკბობის სურვილს აღძრავს; სულში სასმენელთა მეშვეობით არც წარწყმედული მელოდია უნდა ჩავიღვაროთ, რადგან ამგვარი მუსიკიდან ნაყოფნი – ვნებანი მონობისა და სულმდაბლობისა წარმოიშობიან. ჩვენ სხვაგვარ მუსიკას უნდა ვესწრაფვოდეთ, უკეთესს, რომელიც უკეთესისკენ წაგვიყვანს, რომლითაც დავითი სარგებლობდა, შემთხზველი წმინდა საგალობლებისა და რომლითაც, როგორც წმინდა წერილი ამბობს, მან მეფე სიშმაგისაგან იხსნა.

ყვებიან, რომ პითაგორამ, რომელიც ნადიმზე მთვრალებს შორის აღმოჩნდა, ლხინის წამყვან ფლეიტიტს კილოს შეცვლა და დორიული ჰანგის დაკვრა უბრძანა. ამ მელოდიით ისინი გონს ისე მოეგნენ, რომ გვირგვინები გადაყარეს და დარცხვენილნი დაიშალნენ. ზოგიერთები კი ფლეიტის დაკვრისას კორიბანტებისა32 და ბახუსის მხლებელთა მსგავსად სიშმაგეს ეძლევიან. აი, რამდენად დიდია სხვაობა, რითი აივსება სასმენელი – ჯანსაღი თუ უვარგისი მელოდიებით. ამიტომაც, სრულიად ცხადია, რომ ახლა გაბატონებულ მელოდიათა შესრულებაში კიდევ უფრო ნაკლებ მონაწილეობას უნდა იღებდეთ, ვიდრე სამარცხვინო საქმეთაგან რომელიმეში; ხოლო ჰაერთან სხვადახვაგვარი ანაორთქლის შეზავებისა, რაც ყნოსისთვის სასიამოვნოა, და ნელსაცხებელთა წასმის აკრძლავას პატივს მიაგებ.

სხვას რას იტყოდა ვინმე იმის შესახებ, რომ არაა საჭირო გამოდევნება შეხებითა და გემოთი ტკბობისა, თუ არა იმას, რომ ამ სიამვონებათა მონადირებისათვის გადაგებულებს ისინი მუცლისა და რაც მის ქვემოთაა, მისი ახირებული სურვილებით ცხოვრებას აიძულებენ. ერთი სიტყვით მან, ვისაც, ვითარცა ჭაობში, ხორციელ ტკბობათა შინა ჩაძირვა არ უნდა, ყოველივე სხეულებრივი უნდა უგულებელყოს. სხეული იმდენად უნდა გვიყვარდეს, - ამბობს პლატონი, - რამდენადაც იგი ფილოსოფიის სამსახურში იღებს მონაწილეობას და ამ შემთხვევაში, აზრს რამდენადმე პავლე მოციქულის მსგავსად გამოხატავს, რომელიც გვირჩევს, ხორციელი ზრახვა არ ვყოთ საბაბად წადილისა.33

ისინი, რომელნიც სხეულზე ზრუნავენ, რათა რაც შეიძლება ლამაზი იყოს, ხოლო სულს, რომელიც მას მოქმედებისათვის იყენებს, უგულებელყოფენ, რითი განსხვავდებიან იმათგან, რომელნიც იარაღს გულმოდგინედ უვლიან, ხოლო ხელოვნებას, რომელიც მათი საშუალებითYმოქმედებს, უსულგულოდ ეპყრობიან? ამიტომ, პირიქით, სხეულს, ისევე როგორც მისწრაფებებს მხეცისა, ლაგამი უნდა ამოვდოთ და დავაოკოთ ამბოხნი, რომელთაც იგი სულში წარმოშობს, ვითარცა მათრახით, გონებით დავამარცხოთ და ჩავაწყნაროთ და არა ის, რომ სადავეები ტკბობისმოყვარეობისა მივუშვათ და სხეულს უფლება მივცეთ იმისა, რომ გონება მსგავსად იმ მეეტლისა წარიტაცოს, რომელსაც ცხენები თავს წაართმევენ და თავის ნებაზე მიაქანებენ.

პითაგორაც გავიხსენოთ; გაიგო რა, რომ მისი ერთი ნაცნობთაგანი ვარჯიშისა და ბევრი ჭამისაგან მეტისმეტად სუქდებოდა, უთხრა: "არ შეწყვეტ საკუთარი თავისათვის ამ ფრიად მძიმე საპყრობილის მშენებლობას?”34 ამბობენ, პლატონმა წინასწარ განჭვრიტა რა ზიანი, რომელსაც სხეული სულს მიაყენებდა, აკადემიისათვის ატიკაში ჯანმრთელობისათვის მავნე ადგილი განზრახ შეარჩია, რათა სხეული ზედმეტად არ განებივრებულიყო, ისევე როგორც ვაზს სხლავენ ხოლმე, რტოები ზედმეტად რომ არ გაეზარდოს. ხოლო როგორც მე ექიმებისაგან მოვისმინე, თავის მხრივ, უკიდურესი ჯანმრთელობაც არამდგრადია.

ასე რომ, თუკი სხეულზე გადაჭარბებული მზრუნველობა თვით სხეულისთვისაც კი უსარგებლოა, ხოლო სულისათვის დამაბრკოლებელი, მაშინ მისი მორჩილებაცა და მსახურებაც ცხადი სიგიჟე ყოფილა. ჩვენ რომ მისი უგულებელყოფა გვესწავლა, კაცობრივთაგან ძნელად რომ რაიმეს გავეკვირვებინეთ; მაგალითად, ჩვენ, რომელთაც ხორციელი ტკბობა არაფრად გვიღირს, სიმდიდრე რისთვისთა დაგვჭირდებოდა? მე ვერ ვხედავ საჭიროებას, გარდა მითებისა, სადაც დრაკონებზეა საუბარი, რაც გარკვეულწილად სიამოვნებასაც გვანიჭებს, საგანძურის ფხიზლად დარაჯობისა. ვინც ამგვარ საგნებზე მსჯელობისას თავის ღირსეულად დაჭერა ისწავლა, მას საერთოდ არ შეუძლია საქმითა თუ სიტყვით ოდესმე რაიმე მდაბიური და სამარცხვინო აირჩიოს; რადგან საჭიროზე მეტს – ლიდიური ქვიშა იქნება ეს თუ ოქროსმატარებელი ჭიანჭველების შრომა – იმდენად უფრო არად ჩააგდებს, რამდენადაც ნაკლებად დასჭირდება; თვით საჭიროებას კი იგი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი და არა სიამოვნებათა განცდის მოთხოვნილებებით შემოსაზღვრავს.

ისინი, რომელნიც აუცილებელ მოთხოვნილებათა საზღვრებს გარეშე აღმოჩნდებიან, მსგავსად ფერდობზე დაქანებულისა, რომელსაც არაფერი ეღობება რომ შეაკავოს, სრბოლისას ვერსად ჩერდებიან. რაც უფრო წინ მიიწევენ, მით უფრო მეტად განიცდიან საჭიროებას ახალი სურვილის დაკმაყოფილებისა, რომელიც წინას თანაბარია, ან მასზე მეტი, როგორც ამას სოლონი, ექსეკესტიდეს ძე, ამბობს: "ადამიანებისათვის სიმდიდრეს ზღვარი არ უჩანს”.35

ამ თვალსაზრისით მასწავლებლად გამოგვადგება თეოგნიდეც, რომელიც ამბობს: "არ მიყვარს და არც მსურს სიმდიდრე, არამედ, თუნდაც ხანმოკლე ცხოვრება მქონდეს, ოღონდ ცუდი არაფერი შემემთხვეს”.36 მე მაოცებს დიოგენე, ვინც საერთოდ ყოველივე ადამიანური უგულებელყო და დაამტკიცა, რომ დიდი მეფეზეც უფრო მდიდარი იყო, რადგან მასზე ცოტა რამ სჭირდებოდა ცხოვრებისათვის; ხოლო ჩვენ, თუ იმდენი ტალანტი არ გვაქვს, რამდენიც პითია მიზიელს37 ჰქონდა, არც ამდენი და ამდენი პლეთრონი38 მიწა და არც აღურაცხელი ჯოგი საქონელისა, არაფერი გვყოფნის.

მე ვფიქრობ, უკეთუ არ გვაქვს ქონება, არც უნდა გინდოდეს, ხოლო თუ გაქვს, იმის ფიქრზე მეტად, რომ მას ფლობ, როგორ განაგო იგი, ის უნდა იცოდე. მშვენიერი გამონათქვამი აქვს სოკრატეს; მან ერთ მდიდარ კაცზე, ვინც ფულს დიდად აფასებდა, თქვა, რომ მანმადე არ გაოცდებოდა მისით, ვიდრე არ გამოცდიდა, იცოდა თუ არა მისი სარგებლობა. ფიდიასსა39 და პოლიკლეტეს40 იმ ოქროსა და სპილოსძვლის გამო, რომლითაც ერთმა ელეელეებს41 ზევსის, ხოლო მეორემ არგოსელებს42 ჰერას ქანდაკება შეუქმნა, თავისთავზე დიდი წარმოდგენა რომ შექმნოდათ, სასაცილონი გახდებოდნენ, რადგან სხვისი სიმდიდრით თავმომწონეებს, უგულებეყოფილი ექნებოდათ ხელოვნება, რომლის წყალობითაც ოქროც უფრო სასიამოვნო და ძვირფასი წარმოჩნდა. ხოლო ჩვენ, რომელთაც კაცობრივი სათნოება ჩვენთვის საკმარის სამკაულად არ მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქციელი ნაკლებად სამარცხვინოა? სიმდიდრე რომ მართლაც უგულებელგვეყო და გრძნობისმიერი სიამოვნებანი არად ჩაგვეგდო, ნუთუ პირფერობასა და ლიქნას მაინც გამოვედევნებოდით და ანგარებასა და გაიძვერობაში არქილოქეს43 მელიის მიმბაძველნი გავხდებოდით?

ადამიანი, რომელიც აზროვნებს, ყველაზე უფრო იმას უნდა გაურბოდეს, რომ დიდებისათვის იცხოვროს და უმრავლესობის თვალსაზრისს ეთანხმებოდეს; მან ცხოვრების წინამძღვრად მართალი გონება უნდა გაიხადოს. კიდევაც რომ ყველა ადამიანს დაუპირისპირდეს, ან მშვენეირებისათვის დიდებაც დაკარგოს და საფრთხეშიც ჩავარდეს, რაც სწორედ შეიცნო, იმის ურყევად დაცვას არაფერი უნდა ამჯობინოს. მაგრამ ვისაც ეს არ შეუძლია, მასზე ვიტყვით: განა რითი ჩამორჩება იგი ეგვიპტელ სოფისტს, რომელიც, როცა კი მოისურვებდა, მცენარე, ცხოველი, ცეცხლი, წყალი და ყოველგვარი საგანი ხდებოდა? ამგვარი კაცი მათ წინაშე, რომელნიც პატივს სამართლიანობას სცემენ, სამართლიანობას აქებს, მაგრამ როგორც ეს მლიქვნელებს სჩვევიათ, საპირისპიროს იტყვის იქ, სადაც შეამჩნევს, რომ მხარს უსამართლობას უჭერენ. ვითარცა მრავალფეხა, რომელზეც ამბობენ, რომ იმ მიწის ფერს იღებს, რომელიც მის ქვეშაა, ასევე ისიც აზრს იმათ შეხედულებებისამებრ იცვლის, რომელთა შორისაც იმყოფება.

თუმცა ჩვენ ამას უფრო სრულყოფილად ჩვენი წმინდა წერილის წიგნებიდან ვსწავლობთ, მაგრამ ამჯერად სათნოების აჩრდილის კონტურებს რამდენადმე გარეშე სწავლებათა მეშვეობით შემოვხაზავთ. ისინი, რომელნიც სარგებელს თითოეული საგნიდან კრებენ, მსგავსად დიდი მდინარეებისა, ყოველი მხრიდან მრავალი შენაერთით იზრდებიან, რადგან უნდა ვიფიქროთ, რომ გამონათქვამი პოეტისა: "ცოტას ცოტა მიუმატე”, ვერცხლის დაგროვებაზე უფრო მეტად ცოდნის დაგროვებას გულისხმობს და შეეფერება.44 ასევე, ბიასმაც,45 როცა შვილმა, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრებოდა, ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ იგი, რაც შეიძლება მეტად გაეხარებინა, უპასუხა: "შეიძინე საგზალი სიბერისათვის”, საგზალი კი მან სათნოებას უწოდა, ოღონდ ვიწრო საზღვრებში მოაქცია – რადგან მისი სარგებელი კაცობრივი ცხოვრებით შემოსაზღვრა.

ხოლო უკეთუ ვინმე მე ტითონის, არგანთონიოსის, ან ჩვენ შორის ყველაზე დღეგრძელი მათუსალას,46 რომელზეც ამბობენ, რომ თითქმის ათასი წელი (ოცდაათი წლით ნაკლები) იცოცხლა, ასაკს დამისახელებს, ან ვინმე მთელ დროს ადამიანთა დაბადებიდან გამოითვლის, ვითარცა ბავშვურ აზროვნებაზე, გამეცინება, რადგანაც ჩემი მზერა უფრო შორს – გრძელი და უბერებელი საუკუნისაკენ მიემართება, რომლის საზღვრებსაც გონებით ვერ მივწვდებით, ისევე, როგორც უკვდავი სულისათვის დასასრულის დადგენაა შეუძლებელი. მე თქვენ საგზლის შეძენას ამ საუკუნისთვის გირჩევდით, როგორც ანდაზა ამბობს: "დასძარი ყოველი ქვა, რომლისგანაც კი, რაიმე სარგებელი გექნებათ”.47 ნუ შეყოვნდებით იმის გამო, რომ ეს ძნელია და ჯაფას მოითხოვს, არამედ გავიხსენოთ რჩევა იმისი, ვინც თქვა, რომ ყოველმა რაც შეიძლება საუკეთესო ცხოვრება უნდა აირჩიოს და დაელოდოს, რომ მიჩვევა მას სასიამოვნოს გახდის და ყველაზე საუკეთესოს გამოცდის. სამარცხვინოა ხომ, დრო ახლა დაკარგო და წარსულის დაბრუნებას შემდეგ ეცადო, რასაც, რაც არ უნდა წუხდე, ვეღარ შეძლებ.

ამგვარად, ის, რასაც მე უმნიშვნელოვანესად მივიჩნევ, ნაწილობრივ ახლა გითხარით, ხოლო დანარჩენის შესახებ რჩევას მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგცემთ. ხოლო თქვენ, რამდენადაც სამი სახის სნეულება არსებობს, ნუ დაემსგავსებით განუკურნებელ სნეულებს და ნურც ნების უძლურებას გამოიჩენთ, მსგავსს იმათი სნეულებისა, რომელნიც ხორციელად იტანჯებიან; რადგან მსუბუქად დაავადებულნი თვითონვე მიდიან ექიმთან, შედარებით მძიმე სნეულებით შეპყრობილნი მკურნალებს თავისთან იხმობენ, ხოლო შავი ნაღველის სრულიად უკურნებელი სენის მქონენი მათთან მისულთაც არ იღებენ. დაე, ახლა თქვენ ნუ შეგემთხვევათ ეს; ნუ გაექცევით ადამიანებს, რომელნიც სწორედ აზროვნებენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------

* თარგმანი შესრულებულია ტექსტიდან: TLG 2040.002/F. Boulenger, Saint Basile. Aux jeunes gens sur la maniere de tirer profit des lettres Helleniques. Paris: Les Belles Lettres, 1935 (repr. 1965): 41-61

** როგორც ჩანს, ბასილი დიდი აქ ცხოვრების გზაზე ახალგაზრდობისათვის წინამძღვრის არსებობის აუცილებლობას გულისხმობს.

*** apium graveolens - მისგან დაწნული გვირგვინებით ისთმოსურსა და პითიურ თამაშობებში გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ და საფლავებზე ძეგლებს ამკობდნენ.

შენიშვნები

1 – ჰესიოდე, ბერძენი ეპოსის პოეტი (VIII-VII ს. ძვ. წ.), "სამუშაონი და დღენი”, სტრ. 239-244.

2 – იგულისხმება ღმერთი, რადგან ჭეშმარიტად არსებული მხოლოდ იგია.

3 – ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი.

4 – სირინოზები – ბერძნული მითოლოგიის დემონური არსებანი მდინარის ღმერთისა და ერთ-ერთი მუზის – მელპომენეს, ან ტერპსიქორეს ასულები იყვნენ. ნახევრად ფრინველებმა და ნახევრად ქალებმა მამისგან ველური სტიქიურობა იმეკვიდრეს, ხოლო დედისაგან ღმრთეებრივივი ხმა. კლდოვანი კუნძული, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ, სავსე იყო იმ მეზღვაურთა ძვლებით, რომელთაც თავიანთი ტკბილი სიმღერით აცდუნებდნენ და სასიკვდილოდ განწირულებს კუნძულზე გადასვლას და იქ დარჩენას აიძულებდნენ. ჰომეროსი "ოდისეაში” მოგვითხრობს, რომ სირინოზთა კუნძულთან გავლისას ოდისევსმა თანამგზავრებს ყურები ცვილით საიმედოდ დაუგმანა, ხოლო თვითონ თავისი თავი ანძაზე მიაბმევინა, რათა სირინოზების სიმღერითაც დამტკბარიყო და არც კუნძულზე გადასვლისა და იქ სამუდამოდ დარჩენის საფრთხე შექმნოდა (ოდისეა, XII, 166-200).

5 – ანდაზა მოტანილია სადურგლო საქმის სფეროდან და გულისხმობს სიზუსტის დაცვას.

6 – ჰესიოდე, სამუშაონი და დღენი, სტრ. 285-290.

7 – ოდისეა, VI.

8 – ოდისეა, VIII.

9 – სოლონი, ათენელი პოეტი (VII-VI ძვ. წ.).

10 – თეოგნიდე, მეგარელი პოეტი (VI ს. ძV. წ.).

11 – იგულისხმება სოფისტი პროდიკე კეოსელი, V ს. ძვ. წ. (კეოსი – კიკლადების კუნძულებიდან ერთ-ერთს ერქვა), რომელმაც სახელი გაითქვა როგორც რიტორიკული პროზის სტილის შესანიშნავმა მცოდნემ და პედაგოგმა.

12 – ევრიპიდე, ტრაგიკოსი პოეტი (V ს.). ციტატა მოხმობილია მისი ტრაგედიიდან ”ჰიპოლიტე”.

13 - პლატონი, სახელმწიფო, II, 361 A.

14 - პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფები, ჰერიკლე, V.

15 - ევკლიდე, ფილოსოფოსი (V-IV სს. ძვ. წ.), სოკრატეს მოწაფე.

16 - ევრიპიდე.

17 - საიდანაა აღებული სოკრატეს ცხოვრებიდან ეს ეპიზოდი, უცნობია, ხოლო რაც წარწერას შეეხება, ბასილი დიდი გულისხმობს ფიდიასის ქანდაკებას - ოლიმპიელი ზევსი, რომელსაც ჰქონდა წარწერა: "მე შემქმნა ათენელმა ფიდიასმა, ქარმიდეს ძემ".

18
- ამ ეპიზოდს ალექსანდრე დიდის ცხოვრებიდან რომაელი მწერალი ავლუს გელიუსი (II ს. ახ. წ.) მოგვითხრობს თხზულებაში "ატიკური ღამეები", VI, 8.

19 - კლინიასი პითაგორას მოწაფე იყო, რომელსაც კლავდიუს ელიანე იხსენიებს თავის თხზულებაში "ნაირ-ნაირი ამბები", XIV, 23.

20 - პოლიდამე - ტროელი მეომარი და წინასწარმეტყველი, რომელიც გონიერებასა და მჭევრმეტყველებას განასახიერებდა ("ილიადა", XVI, 535; XVIII, 294 და ა.შ.).

21 - მილონ კროტონელი (VI ს. ძვ. წ.) ძლიერებითა და ღორმუცელობით ცნობილი ათლეტი. იხსენიებს პავსანია "ელადის აღწერაში", VI, 14 და სტრაბონი "გეოგრაფიაში", VI, 263.

22 - მარსიასი, ფრიგიელი სატირი, ფლეიტაზე დაკვრის ოსტატი, რომელმაც გაბედა და მუსიკალურ შეჯიბრში თვით აპოლონი გამოიწვია. აპოლონმა იგი არა მხოლოდ დაამარცხა, არამედ ტყავიც გააძრო.

23 - ოლიმპოსი, ფრიგიელი მუსიკოსი, მარსიასის მოწაფე.

24 - ტიმოთევს მილეტელი, ცნობილი მუსიკოსი ევრიპიდეს თანამედროვე იყო. სპარტიდან იმის გამო გააძევეს, რომ ლირას მეათე სიმი მიუმატა.

25 - მსგავს ეპიზოდს იხსენიებს პლუტარქე, "ალექსანდრეს ბედნიერებისა და სიქველის შესახებ", II,2.

26 - სარდანაპალი უკანასკნელი მეფე ძველი ასურეთისა (IX ს. ძვ. წ.). ანტიკური ხანის ავტორებთან მისი სახელი ფუფუნებასა და ნებივრობასთან იყო გაიგივებული.

27 - მარგიტე - მთავარი მოქმედი პირი სატირული პოემისა, რომელიც შეცდომით ჰომეროსს მიეწერებოდა. მარგიტე, რომელსაც თავის გონიერებაზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა, სინადმვილეში სულელი და უგუნური იყო.

28 - პიტაკე შვიდ ბრძენ ელინთაგან ერთ-ერთი იყო (VI ს. ძვ. წ), მისი ეს გამონათქვამი მოყავს პლატონს "პროტაგორაში", 343 A.

29 - ანდაზა, რომელიც შინარსით იგივეობრივია ანდაზისა, "წყლის ნაყვა როდინში".

30 - დიოგენეს გამონათქვამს ამის თაობაზე იმოწმებს დიოგენე ლაერტელი თხზულებაში "ფილოსოფოსთა ცხოვრებანი", VI, 54.

31 - ტექსტშია ἡ ξυστίς - ქსისტიდა, გრძელი კაბა, რომელსაც თეატრში ქოროს მსახიობები, ქალები და გამარჯვებული ათლეტები ატარებდნენ.

32
- οἱ κορύβανιες - კორიბანტები კიბელეს ქურუმები იყვნენ, რომელთა თაყვანისცემასაც ღვთაების მიმართ შმაგი, ველური ხასიათი ჰქონდა.

33 - ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.  (რომ. 13,14).

34 - ელიანე, "ნაირ-ნაირი ამბები", II, 18.

35
- სოლონის ფრაგმენტულად მოღწეული ლექსის ამ სტრიქონს იყენებდნენ, აგრეთვე, არისტოტელე ("პოლიტიკა" I, 8 1256) და პლუტარქე (სიმდიდრის წყურვილის შესახებ, IV).

36 - თეოგნიდე, ელეგია, სტრ. 1155-1156.

37
- პითია მიზიელი - ლიდიელი მდიდარი, ცნობილი, აგრეთვე, თავისი სისასტიკით (ჰეროდოტე, ისტორია, VII, 27).

38 - τὸ Πλέθρον - პლეთრონი სიგრძის ერთეული იყო, რომელიც 30,38 მ-ს ანუ სტადიონის ერთ მეექვსედს უდრიდა.

39 - ὁ Φειδίας - ფიდიასი, სახელგანთქმული ბერძენი მოქანდაკე (ძვ. წ. V ს.).

40
- ὁ Πολύκλειτος - პოლიკლეტე, ცნობილი არგოსელი მოქანდაკე და ხუროთმოძღვარიი (ძვ. წ. V ს.).

41 - ὁ 'Ηλεΐος - ელეელი, ἡ 'Ηλεία (Ηλις) - ელიდა, მხარე აღმოსავლეთ პელოპონესში.

42 - ὁ 'Αργεΐος - არგოსელი; Αργος - არგოსი, ქალაქი პელოპონესზე.

43 - იგულისხმება არქილოქეს იგავი "მელა და არწივი" (ფრაგმ. 89).

44 - ჰესიოდე, სამუშაონი და დღენი, სტრ. 359.

45 - ბიასი - შვიდ ელინ ბრძენთაგან ერთ-ერთი. მისი სიტყვები შემონახულია თხზულებაში "ფილოსოფოსთა ცხოვრებანი", 1,5).

46 - ტითონი - მეუღლე ქალღმერთ ეოსისა, სიმბოლო დღეგრძელობისა; არგანთონიოსი - მეფე ტარტესისა (VII-VI სს. ძვ. წ.); გადმოცემით 120 წელი იცხოვრა (ჰეროდოტე, ისოტრია, I, 163). მათუსალა - ბიბლიური მამამთავარი, ნოეს პაპა, რომლის ამქვეყნიური ცხოვრებაც 969 წელი გაგრძელდა.

47 - ფიგურალური გამოთქმაა, რომელიც იგივეა, რაც "ყოველი ღონე ეცადე".

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
და შენიშვნები დაურთო

გვანცა კოპლატაძემ

თბილისი, 2011 წ.

კატეგორია: † ბასილი დიდი | დაამატა: vasoelis (05.09.2013)
ნანახია: 1361 | კომენტარი: 5 | ტეგები: ბასილი დიდი, ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული , წმიდა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: