† კლიმენტი ალექსანდრიელი - სტრომატა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წიგნი V

თავი X

 

[9]მართებულად ამბობს საღვთო მოციქული: “გამოცხადებით არის ნაუწყები ჩემდამი საიდუმლო, როგორც ადრეც მოგწერეთ მოკლედ, რის მიხედვითაც, წაიკითხავთ რა, შეძლებთ შეიცნოთ ჩემი წვდომა ქრისტეს საიდუმლოში, რაც არ გამჟღავნებია ადამიანის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გაეცხადათ მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს” (ეფეს. 3, 3-5)1.

ამგვარად, არსებობს სრულთა რამ სწავლებაც, რის შესახებ კოლასელთა მიმართ მიწერილში ამბობს იგი: “არ ვცხრებით თქვენთვის მლოცველნი და მთხოვნელნი, რომ მისი ნების შემეცნებით სავსე იყოთ თქვენ ყოველგვარ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, მიმოდიოდეთ ღირსად უფლისა ყოველნაირი სათნოყოფით, ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფისგამომღებლები და აღორძინებულები ღვთის შემეცნებაში, მთელი ძალით გაძლიერებულები მისი დიდების ძალმოსილებისამებრ” (კოლ. 1, 9-11)2. და კიდევ: “ღვთის განგებულებისა[10]მებრ, რაც თქვენდამი მომეცა მე, რომ აღვასრულო სიტყვა ღვთისა, - საიდუმლო, დაფარული საუკუნეთაგან და თაობათაგან, ამჟამად რომ გაეცხადათ მის წმინდანებს, რომელთათვისაც ინება ღმერთმა, ეუწყებინა, რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის” (კოლ. 1, 25-27)3.

ამგვარად, სხვანია, ერთი მხრივ “საიდუმლონი”, ვიდრე მოციქულებამდე “დაფარულნი” (ხოლო “დაფარულნი” – ძველ აღთქმაში) და მათგან გადმოცემულნი, ისე როგორც [მათვე] უფლისაგან მიიღეს, რაც “ამჟამად გაეცხადათ მის წმინდანებს”, და სხვა არის, მეორე მხრივ, “სიმდიდრე იმ საიდუმლოს დიდებისა, რაც არის წარმართთა შორის”, რაც რწმენაა და სასოება ქრისტესადმი და რაც სხვაგან “საძირკვლად” თქვა (I კორ. 2,10; ებრ. 6,1)[1]. და კიდევ, თითქოსდა ეშურება რა “ცოდნის” ცხადჩენას, როგორღაც ასე წერს: “ვმოძღვრავთ ყოველ კაცს ყოველ სიბრძნეში, რომ წარვადგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტეში”4, - არათუ უბრალოდ “ყოველი კაცი” (რადგანც აღარავინ იქნებოდა ურწმუნო), არცთუ “ყოველი” მორწმუნე “ქრისტეში სრულიად”, არამედ ამბობს “ყოველ კაცს”, როგორც ვთქვით “მთელ კაცს”, ვითარცა განწმენდილს სხეულითა და სულით, რამეთუ რადგან “ყველასი არ არის ცოდნა” (I კორ. 8,7)5, გარკვევით დასძენს: “შეერთებულნი სიყვარულში და წვდომის გულსავსების მთელ სიმდიდრეში, ღვთის საიდუმლოს შესაცნობად ქრისტეში, რომელშიც არის სიბრძნისა და ცოდნის ყველა საუნჯე” (კოლ. 2, 2-3)6, და კვლავ: “მტკიცე იყავით ლოცვაში, იფხიზლეთ მასში მად[11]ლიერებით” (კოლ. 4,2)7; “მადლიერება” არის არა მხოლოდ სულისათვის და სულიერ სიკეთეთა გამო, არამედ, აგრეთვე, სხეულის გამო და სხეულებრივ სიკეთეთათვის.

და კიდევ, უფრო ნათლად ცხადყოფს მოციქული, რომ ყველასი არ არის ცოდნა, დასძენს რა: “ილოცეთ, აგრეთვე, ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს ჩვენ კარი ქრისტეს საიდუმლოს სათქმელად, რისთვისაც შებორკილი ვარ; რომ გავაცხადო იგი, როგორც მმართებს მე თქმა” (კოლ. 4, 3-4)8, რადგან იყო რაღაც დაუწერლად გადმოცემული. ახლა ებრაელებისადმი ამბობს: “და გმართებდათ რა, მოძღვარნი ყოფილიყავით ხნოვანების გამო (როგორც დაბერებულებს ძველ აღთქმაში), კვლავ გაქვთ საჭიროება ისწავლოთ თქვენ, რა არის საფუძვლები ღვთის სიტყვათა დასაბამისა და გახდით მსაჭიროებელნი რძისა და არა მაგარი საკვებისა, რადგან ყველა, რძესთან ზიარებული, უმეცარია სამართლიანობის სიტყვისა, რადგან ჩვილი არის”9, [როგორც] პირველ სწავლებებს რწმუნებული; “ხოლო სრულთა არის მაგარი საკვები, რომლებსაც ჩვევითად გაწვრთნილი აქვთ გრძნობის ორგანოები კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ამიტომ, დავტოვოთ სიტყვა ქრისტეს დასაბამისა და მივისწრაფოთ სისრულისაკენ” (ებრ. 5,14-6,1)10. თვით ბარნაბაც, მოციქულთან ერთად თანამქადაგებელი სიტყვისა, მსახურებდა რა წარმართებს, ამბობს: “უფრო მარტივად გწერთ თქვენ, რომ ჩაწვდეთ (“ბარნაბას ეპისტოლე” 6,5). შემდეგ ქვემოთ, უფრო ცხადად წარმოაჩენს რა უკვე გნოსტიკური გადმოცემის11 კვალს, ამბობს:

[12]“რას ეუბნება მათ სხვა წინასწარმეტყველი მოსე? “აჰა, ამას ამბობს უფალი ღმერთი: შედით კეთილ მიწაზე, რომელიც ჰფიცა უფალმა ღმერთმა, ღმერთმა აბრაამისმა, ისააკისმა და იაკობისმა, და იმემკვიდრეთ იგი, - მიწა, რომელსაც გამოსდის რძე და თაფლი” (გამოსვლ. 33, 1-3). რას ამბობს ცოდნა? ისწავლეთ: “სასოებდეთ, ამბობს, იესოს, რომელიც ხორცში უნდა გამოგიჩნდეთ თქვენ, რადგანც ადამიანი არის ვნებადი მიწა; რადგან ადამის შეძერწვა მიწის ზედაპირისაგან მოხდა. ამრიგად, რატომ ამბობს: “მიწა კეთილი, რომელსაც გამოსდის რძე და თაფლი?” კურთხეულია ჩვენი უფალი, ძმანო, რომელმაც ჩადო ჩვენში მის დაფარულთა სიბრძნე და გონება, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი: “ვინ შეიცნობს უფლის იგავს, თუ არა ბრძენი, მეცნიერი და საკუთარი უფლის მოყვარე?” (შდრ. იგავ. 1,6; ესაია 40,13) (“ბარნაბას ეპისტოლე” 6, 8-10).

ასე რომ, მცირედთათვის არის ამგვართა წვდომა; რადგან, ამბობს, “შურით არ გამოუცხადებია უფალს” რომელიღაც სახარებაში: “ჩემი საიდუმლო ჩემთვისაა და ჩემი სახლის შვილებისათვის” (შდრ. ესაია 24,16); საიმედოობაში და უზრუნველობაში ჰყო მან რჩეულობა, რომ იგი (რჩეულობა), მიმღები ყოველივე იმისა, რაც კი ეთვისებათ მათ, რომლებიც გამოირჩია (უფალმა), შურზე უფრო მაღლა ყოფილიყო; ვისაც არა აქვს სიკეთის ცოდნა, უკეთურია, რადგანაც “ერთია კეთილი” – მამა! ხოლო უმეცრება მამისა არის სიკვდილი, როგორც მცოდნეობა არის საუკუნო ცხოვრება უხრწნელ ძალასთან თანაარსებობით, უხრწნელება კი არის ზიარება ღვთიურობასთან, ხოლო ხრწნილებას იწვევს განდგომა საღვთო ცოდნისაგან[2].

კვლავ წინასწარმეტყველი: “და მოგცემ შენ დაფარულ, ბნელ, უხილავ საუნჯეებს, რათა შეიცნონ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი” (ესაია 45,3)12. ამათვე თანმხვედრს ფსალმუნებს დავითი: “რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და ფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე” (ფს. 50,8). რადგან: “დღე დღეს ამოუნთხევს სიტყვას”, - ცხადად დაწერილს, - “და ღამე ღამეს აუწყებს ცოდნას13” – საიდუმლოდ დაფარულს, “და არ არის სიტყვები, არც [13]ნათქვამები, რომელთა ხმებიც არ გაიგნება” უფლის მიერ, რომელიც ამბობს: “იქმს ვიღაც ფარულად, და განა არ ვხედავ მას?”14.

ამიტომ ეწოდება სწავლებას “განათლება”, რადგანაც დაფარულს აცხადებს იგი. მხოლოდ მოძღვარმა გახსნა თავი კიდობნისა, პოეტები კი, პირიქით, იმას ამბობენ, რომ ზევსმა თავი დაუცო სიკეთის ჭურჭელს, გახსნა კი [ჭურჭელი] უკეთურებათა15. მოციქული ამბობს: “ვიცი, რომ თქვენთან მომავალი მოვალ ქრისტეს კურთხევის სავსებაში” (რომ. 15,29), “ქრისტეს სავსებად” უწოდა რა იმ “სულიერ მადლსა” და იმ მცოდნეობით გადმოცემას (τὴν γνωστικὴν παράδοσιν), რის განდობაც სურს მათთვის, იქ მყოფთათვის, იქ მისულს (რადგანაც არ შეიძლებოდა, რომ ეპისტოლის მიერ გაემხილა იგი) – “გამოცხადებისამებრ საიდუმლოებისა, საუკუნოვან დროთა წიაღ დადუმებულისა, აწ კი საჩინოქმნილისა წინასწარმეტყველურ ნაწერთა მიერ საუკუნო ღვთის განჩინებით, ნაუწყებისა ყველა წარმართის დასამორჩილებლად რწმენისადმი” (რომ. 16, 25-26)16.

პლატონიც ეპისტოლეებში მართებულად მსჯელობს ღვთის შესახებ, რადგანც ამბობს: “იგავურად უნდა ითქვას, რათა ნაწერი გრაგნილები, თუკი მათ ვნება რამ შეემთხვევათ ზღვაზე ან ხმელეთზე, წამკითხველმა ვერ შეიმეცნოს”17, რადგანაც ყოველთა ღმერთი, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვას, აზრს თუ ზრახვას, წერილობით არასოდეს გადმოიცემა, არამედ ჰგიეს იგი, თავისი ძალით გამოუთქმელი. ესეც ნათელყო პატონმა, როდესაც თქვა: “ამათ შესახებ განჭვრეტ რა, ფრთხილად იყავი, რომ არ გაგიხდეს ოდესმე სანანებლად აწ უღირსად სააჯმნოქმნილნი. ყველაზე დიდი უსაფრთხოებაა არდაწერა და ზეპირსწავლა. არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ ნაწერები არ გახმაურდეს (ეკპესეინ)”18. მსგავსადვე ამბობს წმ. მოციქული პავლეც, დამცველი წინასწარმეტყველური და ჭეშ[14]მარიტად ძველი ფარულსწავლებისა (ἡ ἐπίκρυψις), საიდანაც გაიღვარა ელინთა შორის სასიკეთო სწავლებანი[3]. [ასე ამბობს იგი]: “სიბრძნეს ვმეტყველებთ სრულთა შორის, ხოლო სიბრძნეს არათუ ამ საუკუნის, არცთუ ამ საუკუნის გამგებელთა, რომლებიც უნდა განადგურდნენ, არამედ ვმეტყველებთ საიდუმლოდ ღვთის სიბრძნეს, დაფარულს” (I კორ. 2, 6-7)19. ცოტა ქვემოთ როგორღაც იმასაც გვასწავლის მოციქული, რომ ვერიდოთ მრავალთა წინაშე სიტყვების გათქმას: “და მე, ძმანო, ვერ შევძელი მეთქვა თქვენთვის, როგორც სულიერთათვის (πνευματικοῖς), არამედ – როგორც ხორციელთათვის, როგორც ქრისტეში ჩვილთათვის. რძე გასვით თქვენ, არათუ საჭმელი, რადგანაც არ ძალგიძდათ ჯერ, თუმცა არც ახლა ძალგიძთ ჯერ კიდევ, რადგან ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ” (I კორ. 3, 1-3)20.

ამგვარად, თუკი მოციქულის მიერ “რძე” ჩვილთა საზრდოდ ითქვა, “საჭმელი” კი სრულთათვის, “რძედ” კატეხიზმო იგულისხმება, როგორც სულის პირველი საზრდო, “საჭმელად კი არის “ზემხედველი მჭვრეტელობა” (ἡ ἐποπτική θεωρία), თვით ხორცნი და სისხლი სიტყვისა ანუ საღვთო ძალისა და არსების წვდომა.


შენიშვნები

1 - შდრ. ძვ. თარგ.: ”გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲღა მით ქრისტესითა, რომელიც ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელღა”.

2 - შდრ. ძვ. თარგ.: ”არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა სულიერითა, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა, ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა”.

3 - შდრ. ”მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელიც მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა, საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, რომელთაჲ იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ - იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის”.

4 - შდრ. ”ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ” (კოლ. 1,28).

5 - შდრ. ”არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ”.

6 - შდრ. ”თანაშეტუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულსავსებისა გულისხმისყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისა და მეცნიერებისანი დაფარულნი”.

7 - შდრ. ”ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით”.

8 - შდრ.: ”ილოცევდით მათ თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ - იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად”.

9 - ”და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისაგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა და იქმნენით მოქენე სძისა და არა მტკიცისა საზრდელისა, რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებენ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისა, რამეთუ ჩჩჳლ არს” (ებრ. 5, 12-13).

10 - შდრ.: ”ხოლო სრულთაჲ არს მტკიცჱ იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა. ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ”.

11 - ცხადია, იგულისხმება ჭეშმარიტი საეკლესიო მცოდნეობითი (”გნოსტიკური) გადმოცემა და არა ცრუგნოსტიკური, სექტანტური.

12 - შდრ.: ”და მიგცნე შენ საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი, - განგიხუნე შენ, - რაჲთა სცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი”.

13 - შდრ.: ”დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა (”ანანგელლეი გნოსინ”) და არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რომელთაჲ - იგი არა ესმა ჴმაჲ მათი” (ფს. 18. 3-4); ჩვენი თარგმანი ”ამოუნთხევს” გადმოსცემს ბერძნულ ἐρεύγεται (ἐρεύγομαι - ”ამობოყინება”, ”ამონთხევა”, გადატ. ”სიტყვის ამოტყორცნა”).

14 - შდრ. იერ. 23,24: ”ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა და მე არა ვიხილო იგი?”

15 - იხ. ჰომეროსი, ილიადა, 24, 527-533.

16 - შდრ. ”გამოჩინებისაებრ საიდუმლოჲსა მის ჟამთა მათ საუკუნეთაჲსა დადუმებულისა, რომელი-ესე გამოჩნდა აწ წიგნებითა საწინაჲსწარმეტყუელოთაჲთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა მიმართ წარმართთა გამოცხადებული” (რომ. 16, 25-26).

17 - პლატონი, მეორე ეპისტოლე, 312 d 6-8.

18 - იქვე, 314 d 6-c2.

19 - შდრ. ”ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან აწ, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ, დაფარულსა მას.

20 - შდრ. ”და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ხორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ხორციელვე ხართ.

 


[15][1] - კლიმენტის მოძღვრების არსია სწავლება “გნოსიზის” ან“ცოდნის”, “მცოდნეობის” (ἡ γνῶσις) შესახებ, მაგრამ აღნიშნული სწავლების სრული წვდომისათვის საჭიროა განვიხილოთ კლიმენტის თვალსაზრისი “ცოდნის შესახებ, რადგანაც “რწმენა” და “ცოდნა” ანუ “პისტის” და “გნოსის” მასთან მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს1.

მკვლევართა მიერ შენიშნულია, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი სრულად აცნობიერებდა იმ ორმაგ დაპირისპირებას, რაც “რწმენის” ევანგელური შინაარსის მიმართ აღმოცენდა: (1) ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი მკაცრად განაქიქებდა ქრისტიანთა სწრაფვას სარწმუნოებისაკენ, მაცხოვრისეული სიბრძნისკენ, კიცხავდა ამ სიბრძნის ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას ფილოსოფიური დასაბუთების გარეშე, ანუ კიცხავდა ქრისტიანთა მზადყოფნას, ყოველგვარი მტკიცების გარეშე ერწმუნათ მაცხოვრის სწავლება; (2) სექტანტი გნოსტიკოსები, განსაკუთრებით კი ვალენტინელები, მკაცრად განასხვავებდნენ მარტივ მორწმუნეთა “რწმენსა” და იმ უზენაეს “ცოდნას”, რაც თითქოს წინდაწინვე ბუნებრივად, არსობრივად იყო შთანერგილი მხოლოდ ზოგ პიროვნებაში, რომლებსაც ისინი “სულიერებს”, “პნევმატიკოსებს” (πνευματικοί) უწოდებდნენ.

მესამე დაპირისპირება, რაც არანაკლებ რთულად გადასალახავი იყო კლიმენტის მიერ, გულისხმობდა საკუთრივ ეკლესიის წიაღში არსებულ ქრისტიანთა იმ ნაწილს, რომელიც მთლიანად უარყოფდა [16]სარწმუნოების ამა თუ იმ ასპექტის რაიმე მეცნიერულ გაშინაარსებას და “რწმენის” “ცოდნად” ქცევას.

აღნიშნული სამი დაპირისპირებიდან პირველი, - ელინური ბრალდება ქრისტიანთა მიმართ, - თავს იჩენს კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “ელინები გმობენ რწმენას, რასაც ფუჭად და ბარბაროსულად რაცხენ” (πίστις δέ... διαβάλλουσιν κενὴν καὶ βάρβαροννομίζοντες Ἕλληνες, Str. II, 8, 4; Pg. VIII, col. 940 A).

რაც შეეხება “რწმენის” გნოსტიკურ, კერძოდ, ვალენტინურ განქიქებას, ამ მხრივ საყურადღებოა კლიმენტის შემდეგი სიტყვები: “ვალენტინელები, ერთი მხრივ, რწმენას განგვიკუთვნებენ ჩვენ, მარტივთ, ხოლო, მეორე მხრივ, თავიანთ თავში, როგორც რჩეული თესლის სიუხვისამებრ ბუნებითად გამოხსნილებში “ცოდნის” (“გნოზისის”) არსებობას მოსურნეობენ და ამ ცოდნას რწმენისაგან ისე დიდად დაშორებულს ამბობენ, როგორც დაშორებულია მშვინვიერისგან სულიერი (“პნევმატიკოს”) (შდრ. οἱ δὲ ἀπὸ Οὐαλεντίνου τὴν μὲν πίστιν τοῖς ἁπλοῖς ἀπονείμαντες ἡμῖν, αὑτοῖς δὲ τὴν γνῶσιν τοῖς φύσει σῳζομένοις2 κατὰ τὴν τοῦ διαφέροντος πλεονεξίαν σπέρματος ἐνυπάρχειν βούλονται, μακρῷ δὴ κεχωρισμένην πίστεως, ᾗ τὸ  πνευματικὸν τοῦ ψυχικοῦ, λέγοντες, Str. III, 10, 2; Pg. VIII, col. 941 B).

თუკი ორივე ზემორე საფრთხე “რწმენის” განქიქებას მოასწავებდა, მესამე საფრთხე, აღმოცენებული საკუთრივ ქრისტიანობის წიაღში, პირიქით, მარტოდენ “რწმენის” მნიშვნელობას აღიარებდა და შეუვალად და სავსებით უარყოფდა ყველაფერს დანარჩენს. ამგვარ ქრისტიანთა შესახებ მრავალგზის გვაუწყებს კლიმენტი. საგულისხმოა მისი შემდეგი სიტყვები: “ზოგიერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიმადლებულნი არიან, უგულებელყოფენ როგორც ფილოსოფიასთან შეხებას, ასევე, განსჯას და, აგრეთვე, ბუნებითი მეცნიერების შესწავლასაც. ისინი მოითხოვენ, მხოლოდდამხოლოდ ლიტონ რწმენას” (Ἔνιοι δὲ εὐφυεῖς οἰόμενοι εἶναι ἀξιοῦσι μήτε φιλοσοφίας ἅπτεσθαι μήτε διαλεκτικῆς, ἀλλὰ μηδὲ τὴν φυσικὴν θεωρίαν [17]ἐκμανθάνειν, μόνην δὲ καὶ ψιλὴν τὴν πίστιν ἀπαιτοῦσιν, Pg. VIII, I, cap. IX, col. 740 B).

“სტრომატას” I წიგნის II თავში კლიმენტი ალექსანდრიელი უფრო ვრცლად საუბრობს გარკვეულ ქრისტიანთა შორის არსებულ ამგვარ უკიდურესობაზე. ასე მსჯელობს იგი:

“იმ კომენტარების თაობაზე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოიცავენ ელინურ აზროვნებას, ამგვარად ვუპასუხებ გაკიცხვის მოყვარულებს: ... ელინთა დაგმობა არ ხელეწიფებათ მათ, რომლებიც ელინური ნააზრევის შესახებ ლიტონი სიტყვებით იფარგლებიან და არ ცდილობენ მის გაცნობიერებასა და დაწვრილებით გამოკვლევას (სიტყვ. “დაწვრილებით გაცხადებას”)3, მაშინ როცა სარწმუნოა სწორედ გამოცდილებით მხილება, რადგანაც სრულყოფილი გამოაშკარავება გულისხმობს იმის ცოდნას, რაც იგმობა” (Pg. VIII, col. 709 A).

სამი ზემოაღნიშნული საფრთხის უარსაყოფად თავს იდვა კლიმენტიმ მოძღვრებითი სახით განემარტა, თუ რა არის “რწმენა” და როგორ შეერთვის იგი “ცოდნას”.

მკვლევართა მიერ ცხადყოფილია, რომ “რწმენა” კლიმენტის შრომებში სამგვარი შინაარსით გვხვდება:

1. რწმენის პირველი მნიშვნელობა არის, შეიძლება ითქვას, აქსიომატური რწმენა ანუ რწმენა იმისა, რაც უშუალო ცოდნის სახით გვეძლევა და რაც გულისხმობს მსჯელობის პირველსაფუძვლებს.

2. რწმენა არის ღრმა დარწმუნებულობა, რასაც იძენს ადამიანის გონება ამა თუ იმ მოვლენის მეცნიერული დასაბუთების შემდეგ. ესაა რწმენა, რომელიც ეფუძნება არგუმენტაციას და მომდინარეობს მისგან.

3. რწმენა არის საღვთო წერილის უწყებათა და სწავლებათა სრულად მიღება მათში უფრო ღრმად წვდომის მცდელობის გარეშე.

“რწმენის” პირველი ორი მნიშვნელობა მოიცავს ეპისტემოლოგიურ ანუ მეცნიერულ საკითხებს, ხოლო მესამე მიეკუთვნება რელიგი[18]ურ სფეროს, თუმცა სამივე მათგანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. შევეხოთ ცალკეულად მათ:

1. “რწმენის” პირველი მნიშვნელობა თავს იჩენს შემდეგ სიტყვებში:

“ან ყველაფერი დასაბუთებას საჭიროებს ანდა რაღაცეები მათგანვე არიან სარწმუნონი” (Ἤτοι δὲ πάντα ἀποδείξεως δεῖται ἢ καί τινα ἐξ αὑτῶν ἐστι πιστά, Str. VIII, 9, 7-7,2; Lib. VIII, cap. III. col. 565 c).

ამგვარ აზრს კლიმენტი შემდეგ მსჯელობას ურთავს: “თუკი პირველს დავეყრდნობით, მაშინ ყოველგვარი მტკიცების მტკიცება გახდება საჭირო, რაც უსასრულობაში გადაგვიყვანს (εἰς ἄπειρον ἐκβησόμεθα) და რითაც გაუქმდება თვით მტკიცება (ἀνατραπήσεται ἡ ἀπόδειξις); თუ მეორე თვალსაზრისს მივიღებთ, მაშინ ის მოვლენები, რომლებიც მათგანვე არიან სარწმუნონი, მტკიცებათა სათავეები გახდებიან (ταῦτα αὐτὰ τὰ ἐξ αὑτῶν πιστὰ τῶν ἀποδείξεων ἀρχαὶ γενήσονται, col. 565). ფილოსოფოსები დაუმტკიცებლად არიარებენ ყოვლიერების საწყისებს. ასე რომ, თუკი არსებობს მტკიცება, მაშინ აუცილებელია, რომ უპირველესად არსებობდეს რაღაც ისეთი, რაც სარწმუნოა თავისთავად, რასაც ეწოდება “პირველი” და “დასაბუთებული” (ἀναπόδεικτον). მთელი დასაბუთება მომდინარეობს დაუსაბუთებელი რწმენიდან (სიტყვ. “ადის დაუსაბუთებელ რწმენამდე”, - ἐπὶ τὴν ἀναπόδεικτον ἄρα πίστιν ἡ πᾶσα ἀπόδειξις ἀνάγεται, col. 568 A).

“სტრომატას” II წიგნში კლიმენტი დაწვრილებით მსჯელობს “რწმენისა” და “დასაბუთების” (ანუ “მტკიცების”) ურთიერთმიმართების შესახებ:

“არსებობს ოთხი რამ, რაშიც ჰგიეს ჭეშმარიტება: გრძნობა, გონება, მეცნეირება, ვარაუდი (ὑπόληψις - opinio). ბუნებით პირველია გონება, ხოლო ჩვენთვის და ჩვენთან დამოკიდებულებაში კი – გრძნობა; გრძნობისა და გონებისაგან შედგება მეცნიერების არსება, რადგანაც გონებისა და გრძნობისათვის საერთოა ცხადლივობა (τὸ ἐναργές - evidentia)4. გრძნობა არის კიბე მეცნიერებისაკენ (ἡ μὲν αἴσθησις ἐπιβάθρα τῆς ἐπιστήμης - ...ad scientiam);, ხოლო რწმენა, [19]რომელსაც მეგზურობს გრძნობა, მოკლებულია ვარაუდს. იგი ისწრაფვის უტყუარ საქმეთაკენ და მკვიდრობს ჭეშმარიტებაში. თუკი ვინმე იტყვის, რომ მეცნიერება ისაა, რაც სიტყვის მიერ მტკიცდება, ისმინოს მან, რომ თვით სათავეებიც დაუმტკიცებელნი არიან (... ὅτι καὶ αἱ ἀρχαὶ ἀναπόδεικτοι). ვერც ოსტატობით (τέχνῃ), ვერც აზროვნებით (φρονήσει) ვერ შევიმეცნებთ მათ... მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რწმენით მიიღწევა ყოველივეს დასაბამი (πίστει οὖν  ἐφικέσθαι μόνῃ οἷόν τε τῆς τῶν ὅλων ἀρχῆς, col. 944 c), რადგან ყოველგვარი მეცნიერება სწავლებადია, ხოლო სწავლებადობა გამომდინარეობს იმისგან, რაც უწინარეს უკვე შემეცნებულ იქნა. მაგრამ ელინთა მიერ არ იყო წინაშემეცნებული ყოველივეს დასაბამი, - არც თალესის მიერ, რომელმაც პირველ მიზეზად წყალი დააწესა, არც შემდგომი დროის სხვა ბუნებისმეტყველთა მიერ; ასევე, თუმცა ანაქსაგორამ პირველმა განუკუთვნა მოვლენებს გონება (πρῶτος ἐπέστησε τὸν νοῦν τοῖς πράγμασιν), არც მას დაუცავს შემოქმედებითი ღირსება, რდგანაც გონების უმოქმედობასთან და უგუნურებასთან ერთად რაღაც აზრსმოკლებული წრებრუნვები წარმოსახა... მეცნიერება არის მტკიცებითი გვარი, ხოლო რწმენა მადლია, რომელიც დაუმტკიებელთა წიაღ ყოვლად მარტივისკენ ზეაღგვიძღვება, რაც არც ნივთთან არის, არც ნივთია, არც ნივთის ქვეშაა” (შდრ. ἡ μὲν γὰρ ἐπιστήμη ἕξις ἀποδεικτική, ἡ πίστις δὲ χάρις ἐξ ἀναποδείκτων εἰς
τὸ καθόλου ἀναβιβάζουσα τὸ ἁπλοῦν, ὃ οὔτε σὺν ὕλῃ ἐστὶν οὔτε ὕλη οὔτε ὑπὸ ὕλης, str. 1. II, c. IV, col. 945).

კლიმენტი ალექსანდრიელი მიიჩნევს იმასაც, რომ, რწმენისეულ წყაროსთან ერთად, შესაძლებელია ცალკეულ მტკიცებათა სათავეებად მივიჩნიოთ აგრეთვე ყველაფერი ის, რაც გრძნობასა და აზროვნებას ცხადად წარმოუჩნდება. აი, მისი სიტყვები: “ალბათ არის მტკიცებათა სხვა სათავეებიც რწმენითი წყაროს შემდეგ (ე.ი. რწმენითი სათავის გარდა, ე.ჭ.), კერძოდ გრძნობასა და აროვნებაში ცხადლივად ჩენილი [მოვლენები] (εἶεν δ' ἂν καὶ ἄλλαι τῶν ἀποδείξεων ἀρχαὶ μετὰ τὴν ἐκ πίστεως πηγήν, τὰ πρὸς αἴσθησίν τε καὶ νόησιν ἐναργῶς φαινόμενα)5. ის, რაც გრძნობას თანხვდება, მარტივია და დაუშლელი, ხოლო გონებასთან დაკავშირებული მოვლენები არის მარტივი, აზროვნებითი (λογικός - rationalis) და პირველი; რაც მათ[20]გან იშვება (ე.ი. ერთობლივად გრძნობისაგან და გონებისაგან, ე.ჭ.), შედგენილია, მაგრამ ესეც არანაკლებ ცხადია, სარწმუნოა და ლოგიკურია, ვიდრე პირველი. თუკი მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც უკვე სარწმუნოა საქმეთა გზით დამაჯერებლობას შესძენს ჯერ კიდევ არასარწმუნო მოვლენებს, სწორედ ამგვარ სიტყვას ვიტყვით მტკიცების არსებად. თქმულია ისიც, რომ რწმენისა და მტკიების გვარი მრჩობლია: პირველი მათგანი დარწმუნებულობას სძენს მსმენელთა სულებს, მეორე კი – მეცნიერებას. თუკი ვინმე გრძნობისა და გონებისათვის ცხადი მოვლენებიდან დაიწყებს და შემდეგ შესაბამის დასკვნასაც მოადევნებს მათ, მართებულად იმსჯელებს იგი; მაგრამ თუ [დაეყრდნობა] მხოლოდ მოსაზრებებს და არა “პირველთ”, ანუ არა მათ, რომლებიც ცხადდებიან გრძნობასა და აზრში, და თუ, ამასთან, შესბამის დასკვნასაც მოადევნებს, მიზეზშედეგობრივად იმსჯელებს იგი (συλλογιεῖται), თუმცა მისი მტკიცება მეცნიერული არ იქნება, - ხოლო თუ შეუსაბამოა დასკვნა, მთლიანად არასილოგისტური იქნება მისი მსჯელობაც” (Pg. IX, col. 568).

კლიმენტის დასკვნა ასეთია: “ყოველ საძიებელ საკითხში არის რაღაც შემეცნებაზე უწინარესი, რაც სარწმუნოა თავისთავად და რაც ირწმუნება კიდეც დაუმტკიცებლად, რისი ამოსავალ წერტილად მიჩნევაც გვმართებს მათი (ამ საკითხების, ე.ჭ.) კვლევის ჟამს” (ἐν πᾶσιν οὖν τοῖς ζητουμένοις ἔστι τι  προγινωσκόμενον (τὸ πάντως ἐξ ἑαυτοῦ πιστὸν ὂν ἀναποδείκτως πιστεύεται), ὃ χρὴ ποιεῖσθαι τῆς  ζητήσεως αὐτῶν ὁρμητήριον, Pg. IX, col. 569).

აქსიომატურ რწმენასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით საყურადღებოა კლიმენტი ალექსანდრიელის განმარტება თუ რა არის “ანალიზი” (ἡ ἀνάλυσις). განმარტება ასეთი სახისაა:

“ყოველი მტკიცება გარკვეულ მტკიცებათა მიერ მტკიცდება, რომლებიც ადრე დამტკიცდნენ სხვა მტკიცებათა გზით. ასე ავდივართ თავისთავად სარწმუნო მოვლენებამდე... ამას ეწოდება ანალიზი” (Str. VIII, 8,1).

სხვაგან კლიმენტი “რწმენას” განმარტავს, როგორც გრძნობითი აღქმის ჭეშმარიტებისადმი გონების “თანხმობას”. ეს “თანხობა” ბერძნულად გადმოიცემა ტერმინით “συγκατάθεσις”, რაც ლათინურად ითარგმნება, როგორც “adsensio”. კლიმენტი აღნიშნავს:

“რწმენა არის... ნებაყოფლობითი წინასწარ აღქმა” (πρόληψις) [21](11,8,4).

სხვაგან აღნიშნულია:

“ყოველგვარი მოსაზრება, განსჯა, ვარაუდი და სწავლება წარმოადგენს “თანხმობას” (συγκατάθεσις), რაც სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა რწმენა” (11,54. 5-55,1)..

ამგვარად, მკვლევართა შეჯამებით, კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში ტერმინი “πίστις” (“რწმენა”) თავისი პირველი მნიშვნელობით გულისხმობს: (1) მტკიცების პირველსათავეებს, რომლებიც თავისთავად დაუმტკიცებელნი არიან; (2) მტკიცების სათავეებს, რომლებიც ცხადია გონებისა და გრძნობისათვის და, აგრეთვე (3) ყოველგვარ უშუალო ცოდნას, დაფუძნებულს გრძნობად აღქმაზე, რასაც აღნიშნავს ტერმინები “თანხმობა” (συγκατάθεσις) და “წინასწარ აღქმა” (πρόληψις).

2. მეცნიერულ მტკიცებას ახასიათებს დამაჯერებელი დასკვნა. ამიტომ, ტერმინი “რწმენა” აღნიშნავს, აგრეთვე, არგუმენტირებული დასკვნის შედეგად მიღებულ მტკიცე დამაჯერებლობას. კლიმენტი გვაუწყებს:

“უძირითადესი აზრით, მტკიცება ეწოდება მას, რაც მეცნიერულ რწმენას (ἡ ἐπιστημονικὴ πίστις) უნერგავს შემსწავლელთა სულებს” (Str. VIII, 5.3)..

კლიმენტი სხვაგან იშველებს არისტოტელეს სიტყვებს და გვაუწყებს:

“არისტოტელე ამბობს, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული (სიტყვ. “მეცნიერებას მოდევნებული”) გადაწყვეტილება, როგორც რამ ჭეშმარიტი, რწმენას წარმოადგენს” (Str. 11, 15.5).

კლიმენტის აზრით, რწმენა, რომელიც მტკიცებას ეფუძნება, მხოლოდ მაშინ იქნება “მეცნიერული რწმენა”, თუკი თავად მტკიცება არის მეცნიერული. კლიმენტი განასხვავებს მეცნიერულ მტკიცებას და მტკიცებას, დაფუძნებულს ვარაუდზე (δόξα). შესაბამისად, იგი გამოყოფს “რწმენის” ორ სახეს: მეცნიერულსა და ვარაუდისეულს.

“რწმენა არის ორგვარი – მეცნიერული (“ეპისტომენიკე”) და ვარაუდისეული (”დოქსატიკე”). ამიტომაც, არაფერია ხელისშემშლელი, ორგვარად წარმოვაჩინოთ მტკიცებაც, კერძოდ, როგორც ”მეცნიერული” (ἐπιστημονικὴ) და ”ვარაუდისეული” (δοξαστική), რადგანაც თვით ”ცოდნა” (γνῶσις) და ”წინასწარცოდნაც” (πρόγνωσις) ორგვარია: ერ[22]თია ზედმიწევნითი (ἀπηκριβωμένη) ბუნების მქონე, მეორე კი – ნაკლული” (ἐλλιπῆ) (Str. 11, 48; 1; VIII, col. 984 c).

სხვაგან კლიმენტი აღნიშნავს: ”არა მხოლოდ მტკიცება, რწმენა და ცოდნა, არამედ ”წინასწარცოდნაც” ორგვარად ითქმის, - ერთია ”მეცნიერული” და მყარი, მეორე კი მხოლოდ ”სასოებითი” (”ელპისტიკე” - ἐλπιστική) (Pg. IX, col. 564 c).

რადგანაც, კლიმენტის სწავლებით, ”რწმენა” არის პირდაპირი შედეგი მეცნიერული მტკიცებისა, ამდენად იგი უიგივდება მეცნიერულ ცოდნას, მაგრამ კლიმენტი უფრო ღრმად ჭვრეტს ”მეცნიერული რწმენის” არსს და მას ”მეცნიერულ ცოდნაზე” მაღლა აყენებს, რადგანაც ”მეცნიერული ცოდნა” ეფუძნება ”მეცნიერულ რწმენას”. ამიტომ ამბობს კლიმენტი: ”რწმენა არის უფრო ძალმოსილი, ვიდრე მეცნიერება და იგი წარმოადგენს ამ უკანასკნელის კრიტერიუმს” (κυριώτερον οὖν τῆς ἐπιστήμης ἡ πίστις καὶ ἔστιν αὐτῆς  κριτήριον, Str. II, 15.5).

3. კლიმენტისათვის, ცხადია, არსებითია ”რწმენის” საკუთრივ რელიგიური მნიშვნელობით გულისხმისყოფა. ამგვარი შინაარსით ”რწმენა” განმარტებულია კლიმენტის შემდეგ სიტყვებში:

”რწმენა არის შინაგანი სიკეთე, რომელიც ღვთის ძიების გარეშე აღიარებს, რომ არსებობს იგი და ადიდებს მას, როგორც არსებულს” (πίστις μὲν οὖν ἐνδιάθετόν τί ἐστιν ἀγαθόν, καὶ  ἄνευ τοῦ ζητεῖν  τὸν  θεὸν ὁμολο γοῦσα εἶναι τοῦτον καὶ δοξάζουσα ὡς  ὄντα, Str. VII, 55.2).

ესაა ის რწმენა, რომელსაც კლიმენტი უწოდებს ”ლიტონს” (ψιλή), ”ზოგადს” (κοινή) და რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ეს ”რწმენა თუმცა წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების ”საფუძველს” (θεμέλιος)6 და იგი საკმარისია ხსნისათვის, მაინც, კლიმენტის სწავლებით, მას აკლია სრულყოფილება. კლიმენტი ხშირად აღნიშნავს ლიტონი რწმენის სრულყოფილ რწმენად ანუ მისი ”ცოდნად” ქცევის აუცილებლობას. ”სტრომატას” V წიგნში ვკითხულობთ:

”ჩანს, რომ მოციქული ორგვარ რწმენას აცხადებს, უფრო კი [აცხადებს] ერთს, რომელიც მიმღებია ზრდისა და სრულყოფისა, რამეთუ ზოგადი რწმენა ქვე-დადებულია, როგორც საფუძველი. [23]უფალმა ასე უთხრა მათ, რომლებიც ესწრაფოდნენ კურნებას და სარწმუნოებით იყვნენ აღძრულნი: ”სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ” (მათე 9,22); მეორე მხრივ, ის რწმენა, რომელიც უპირატესად ზედაშენია, სრულიქმნება მორწმუნესთან ერთად და კვლავაც მასთანვე სრულყოფას იღებს შეძენილი სწავლის გზით” (Pg. IX, col. 12 B)7.

ცოტა ქვემოთ კლიმენტი გვმოძღვრავს”

”ვიცით, რომ საუკეთესოა რწმენით შემცნობელი ძიება, რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას” (τὴν μὲν γὰρ μετὰ πίστεως συνιοῦσαν ζήτησιν,  ἐποικοδομοῦσαν  τῷ  θεμελίῳ  τῆς  πίστεως  τὴν  μεγαλοπρεπῆ  τῆς  ἀληθείας  γνῶσιν, ἀρίστην ἴσμεν, Pg. IX, col. 13 c).

საგულისხმოა, აგრეთვე, კლიმენტის შემდეგი სიტყვები: ”ვამბობთ რწმენას, არა მხოლოდღა უქმს, არამედ მას, რომელიც ძიებასთან ერთად უნდა წარემატებოდეს” (Τὴν πίστιν τοίνυν οὐκ ἀργὴν καὶ  μόνην,  ἀλλὰ  σὺν  ζητήσει δεῖν προβαίνειν, PG. IX, col. 24 c).

”სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი გვამცნობს:

”ისინი, რომლებიც მარტივად იგემებენ წერილს, მხოლოდ რწმენას ფლობენ, ხოლო რომლებიც წინ მიიწევენ, წარემატებიან ჭეშმატიების ზედმიწევნით გამორჩევაში. ესენი არიან ”მცოდნეები” (γνωστικοί) (VII, 95, 9; Lilla, 137).

კლიმენტის მოძღვრებით, საღვთო წერილი არის არა მხოლოდ მარტივად სარწმუნო თხრობა, არამედ დაუსრულებლად გამოსაძიებელი და უღრმესი მისტიკური ჭვრეტით საწვდომი წიგნი. შრომაში ”ვინ არის გამოხსნილი მდიდარი”? კლიმენტი გვაუწყებს:

”რადგან მაცხოვარი მისიანებს საღვთო, მისტიკური სიბრძნით (θείᾳ σοφίᾳ καὶ μυστικῇ) ასწავლის ყველაფერს და არა კაცობრივად, მართებთ ცხადად მცოდნეებს, რომ არათუ ხორციელად ისმინონ მისი სიტყვები, არამედ სათანადო ძიებისა და წვდომის გზით გამოიკვლიონ და შეისწავლონ მათში დაფარული აზრი, რადგანაც ისიც კი [24]იგავურად გაზრახულთაგან, რაც ჩანს, რომ თვით უფალმა განუმარტა მოწაფეებს, ამჟამადაც არათუ ნაკლები, არამედ უმეტესი ყურადრების ღირსია მათში [არსებული] აზრის ზეგარდამატებული აღმატებულების გამო... არათუ ზედაპირულად სმენა გვმართებს, არამედ გონება უნდა მივაახლოთ მაცხოვრის სულსა და აზრის იდუმალებას” (δεῖ δὲ σαφῶς εἰδότας ὡς οὐδὲν ἀνθρωπίνως ὁ σωτήρ, ἀλλὰ πάντα θείᾳ σοφίᾳ καὶ μυστικῇ διδάσκει τοὺς ἑαυτοῦ, μὴ σαρκί νως ἀκροᾶσθαι τῶν λεγομένων, ἀλλὰ τὸν ἐν αὐτοῖς κεκρυμμένον νοῦν μετὰ τῆς ἀξίας ζητήσεως καὶ συνέσεως ἐρευνᾶν καὶ καταμαν θάνειν. καὶ γὰρ τὰ ὑπ' αὐτοῦ τοῦ κυρίου δοκοῦντα ἡπλῶσθαι πρὸς τοὺς μαθητὰς τῶν ᾐνιγμένως ὑπειρημένων οὐδὲν ἥττονος ἔτι καὶ νῦν, ἀλλὰ πλείονος ἔτι καὶ νῦν τῆς ἐπιστάσεως  εὑρίσκεται  δεόμενα διὰ  τὴν ὑπερβάλλουσαν τῆς φρονήσεως ἐν αὐτοῖς ὑπερβολήν. ὅπου δὲ καὶ τὰ νομιζόμενα ὑπ' αὐτοῦ διοῖχθαι τοῖς ἔσω καὶ αὐτοῖς τοῖς τῆς βασιλείας τέκνοις ὑπ' αὐτοῦ καλουμένοις ἔτι χρῄζει φροντίδος πλείονος, ἦ πού  γε  τὰ  δόξαντα  μὲν ἁπλῶς  ἐξενηνέχθαι  καὶ  διὰ  τοῦτο μηδὲ  διηρωτημένα  πρὸς τῶν ἀκουσάντων, εἰς ὅλον δὲ τὸ τέλος αὐτὸ τῆς σωτηρίας διαφέροντα, ἐσκεπασμένα δὲ θαυμαστῷ καὶ ὑπερουρανίῳ διανοίας βάθει, οὐκ ἐπιπολαίως δέχεσθαι ταῖς ἀκοαῖς προσῆκεν,  ἀλλὰ  καθιέντας  τὸν  νοῦν  ἐπ'  αὐτὸ  τὸ  πνεῦμα  τοῦ  σωτῆ  ρος  καὶ  τὸ  τῆς γνώμης ἀπόρρητον, Pg. IX, col. 609; cap. V).

კლიმენტი ზოგან ”ცოდნად” უწოდებს ”მეცნიერულ მტკიცებას” (ἀπόδειξις ... ἐπιστημονικήν). აი მისი სიტყვები: “უზენაესი მტკიცება, რაშიც ვგულისხმობთ “მეცნიერულს”, წერილთა თანაშეწყობისა (παραθέσεώς) და განმარტების გზით რწმენას უნერგავს სწავლისმოსურნეთა სულებს, რაც იქნება “ცოდნა” (ἡ γὰρ ἀνωτάτω ἀπόδειξις, ἣν ᾐνιξάμεθα ἐπιστημονικήν, πίστιν ἐντίθησι διὰ τῆς τῶν γραφῶν παραθέσεώς τε καὶ διοίξεως ταῖς τῶν μανθάνειν ὀρεγομένων ψυχαῖς, ἥτις  ἂν εἴη γνῶσις, Str. II, 49. 3).

ამგვარად, კლიმენტის აზრით, ერთი მხრივ, არსებობს რწმენა მტკიცების გარეშე, ანუ რწმენა საღვთო წერილისა თავისთავად, რომელიც სრულ ქრისტიანთა შორის “ცოდნამდე” მაღლდება8, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს რწმენა, რაც მოსდევს “მეცნიერულ მტკიცებას” ანუ საღვთო წერილის ღრმა განმარტებას. პირველ შემთხვევაში “ცოდნა” მომდინარეობს “რწმენიდან” და აღმატებულია მასზე ანუ წარმოადგენს “რწმენის” სრულყოფას, სწორედ ეს იგულისხმება კლიმენტის სიტყვებში: “ცოდნა უმჯობესია რწმენაზე” (πλέον δὲ ἐστι τοῦ πιστεῦσαι τὸ γνῶναι, Str. VI, 109); “რწმენის მწვერვალამდე მისული, - თვით ცოდნამდე” (ἐπὶ τὴν ἀκρότητα τῆς πίστεως χωρήσας, [25]τὴν γνῶσιν αὐτήν... Str. VI. 164.3); “ცოდნა... არის სრულყოფა რწმენისა” (τὴν γνῶσιν... τελείωσιν οὖσαν τῆς πίστεως, VI. 165.1); “ამის (“ცოდნის”, ე.ჭ.) მიერ სრულიქმნება რწმენა, რადგანაც მხოლოდ მისგან არის სრული მორწმუნე” (διὰ ταύτῆς [sc. τῆς γνώσεως] γὰρ τελειοῦται ἡ πίστις, ὡς τελείου τοῦ πιστοῦ ταύτῃ μόνως γιγνομένου.

მეორე მხრივ, თვით “რწმენა” გამომდინარეობს “ცოდნიდან”, როდესაც სწავლისმოყვარე სული “ირწმუნებს” რაიმეს “მეცნიერული მტკიცების” ანუ განმარტებითი მოძღვრების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში თვით “რწმენაა” “ცოდნის” სრულყოფა, რაც მინიშნებულია კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “რწმენა უფრო ძალმოსილია მეცნიერებაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის კრიტერიუმს” (κυριώτερον οὖν τῆς ἐπιστήμης ἡ πίστις καὶ ἔστιν αὐτῆς  κριτήριον, Str. II, 15. 5).

ამგვარად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მარტოდენ “რწმენა” რელიგიური აზრით, კლიმენტისათვის არ არის სრუყოფის ნიმუში. ეს სრულყოფა მას “ცოდნით” ეძლევა. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა “რწმენა” მოსდევს “ცოდნას”, ამოსავალი წერტილი მაინც “რწმენაა”, რადგანაც როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყოველგვარი ცოდნა აუცილებლად გულისხმობს აქსიომატურ რწმენას, ანუ “რწმენას” მეცნიერულად დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო პირველსაფუძვლებისადმი. სწორედ ესაა ის ორი “რწმენა” (ერთია “რწმენა” დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო დასაბამიერი პირველსაფუძვლებისადმი და მეორეა “რწმენა” დაფუძნებული “ცოდნაზე”, გამომდინარე მეცნიერული მტკიცებიდან, განმარტებითი მოძღვრებიდან), რაზეც ზემოთ იყო საუბარი და რასაც კლიმენტი არსობრივად ერთ რწმენად წარმოგვიდგენს, ანუ უფრო ზუსტად, მეორე “რწმენას” პირველის სრულყოფად დაგვისახავს. ესაა იგივე “მცოდნეობითი რწმენა”, რაც სრულქმნილი ქრისტიანის თვისებაა9 და რაც თავს იჩენს კლიმენტის სიტყვებში: “ამგვარად, სარწმუნოა ცოდნა და მცოდნეობითი რწმენა” (πιστὴ τοίνυν ἡ γνῶσις, γνωστὴ δὲ ἡ πίστις, Str. II. 16.2). ამ სიტყვებით [26]შეიძლებოდა დაგვესრულებინა ზემორე მოკლე მიმოხილვა “რწმენის” კლიმენტისეული გააზრების თაობაზე.


1 - კლიმენტის მოძღვრება ”რწმენისა” და ”ცოდნის” შესახებ წყაროდმცოდნეობითად თავმოყრილია ს. ლილას მიერ მის ცნობილ შრომაში Clement of Alexandria, Oxford, 1971. წინამდებარე და მომდევნო შენიშვნა წარმოადგენს შეჯამებას ს. ლილად დასახ. შრომის მესამე თავისას, სათაურით ”რწმენა, ცოდნა, კოსმოლოგია და თეოლოგია” (იხ. დასახ. შრომა, გვ. 118-189). საკუთრივ კლიმენტის სიტყვები ვთარგმნეთ ჟ. მინის გამოცემიდან (Patrologia Graeca, t. VIII, t. IX).

2 - ეს სიტყვები სექტანტ გნოსტიკოსთა მიმართ სხვაგანაც გვხვდება კლიმენტისთან, მაგალითად: ”სულიერი ბუნებით ხსნილია” (τὸ μὲν πνευματικὸν φύσει σωζόμενον, Pg. VIII, col. 941, n. 41); ასევე წმ. ირინეოსის უწყებით, ”ისინი არა საქმეთა მიერ, არამედ იმის გამო, რომ ბუნებით არიან სულიერნი, ყოველნაირად და ყოვლითურთ გამოიხსნებიან”, Lib. I, c. II; იქვე, გვ. 41.

3 - შდრ. ...ψιλῇ τῇ περὶ  τῶν  δογματισθέντων  αὐτοῖς  χρωμένους  φράσει,  μὴ  συνεμβαίνοντας  εἰς  τὴν κατὰ  μέρος  ἄχρι  συγγνώ σεως  ἐκκάλυψιν.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული თავის დასასრულს კლიმენტი იმოწმებს პავლე მოციქულის სიტყვებ: ”ებრაელები სასწაულს ითხოვენ, ელინები კი სიბრძნეს ეძიებენ” (I კორ. 1.22). მოტანილ ბერძნულ სიტყვათა ზედმიწევნითი თარგმანი ასეთია: ”მათ მიერ (ელინთა მიერ, ე.ჭ.) სწავლებულთა შესახებ ლიტონ ფრაზას იყენებენ, არ შედიან რა [მათ] ნაწილ-ნაწილ განცხცადებაში ვიდრე შეგნებამდე”.

4 - ეს არის სექსტუს ემპირიკუსის სიტყვათა ციტირება: ”ორივესთვის (გრძნობისა და გონებისათვის, ე.ჭ.) საერთოა, როგორც თქვა თეოფრასტემ, ცხადლივობა” (Adv. Math. VII, 218; იხ. Lilla, p. 194).

5 - იხ. PG. IX, col. 568 A.

6 - კლიმენტი ამგვარ რწმენას უწოდებს ”გამოხსნის საფუძველს” (ὁ θεμελιος τῆς σωτηρίας, Pg. VIII, col. 944 A).

7 - შდრ. φαίνεται οὖν ὁ ἀπόστολος διττὴν καταγγέλλων πίστιν, μᾶλλον δὲ  μίαν, αὔξησιν καὶ τελείωσιν ἐπιδεχομένην· ἡ μὲν γὰρ κοινὴ πίστις καθάπερ θεμέλιος ὑπόκειται τοῖς γοῦν θεραπευθῆναι ποθοῦσιν ὁ κύριος πιστῶς κινουμένοις ἐπέλεγεν· ἡ πίστις σου σέσωκέν σε·, ἡ δὲ  ἐξαίρετος ἐποικοδομουμένη συντελειοῦται τῷ πιστῷ καὶ συναπαρτίζεται αὐτῇ ἡ ἐκ μαθήσεως  περιγινομένη. კლიმენტის ეს განმარტება ახლავს წმ. პავლეს სიტყვებს: ”სარწმუნოებიდან სარწმუნოებისაკენ” (რომ. 1.17).

8 - შდრ. ”[პავლე მოციქული] ასწავლის ცოდნას, რაც სრულყოფაა რწმენისა” (...τὴν γνῶσιν διδάσκει, τελείωσιν οὖσαν τῆς πίστεως, Pg. IX, 397 B).

9 - ამგვარი ქრისტიანი იგულისხმება, აგრეთვე, კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: ”ჭეშმარიტების წინდად მტკიცებას ითხოვენ ბევრნი, რომლებიც არ კმაყოფილდებიან რწმენისმიერი ლიტონი ხსნით” (ἐνέχυρον γὰρ τῆς ἀληθείας τὴν ἀπόδειξιν ἀπαιτοῦσιν οἱ πολλοὶ οὐκ ἀρκούμενοι ψιλῇ τῇ ἐκ πίστεως σωτηρίᾳ, Str. V. 18.3).

 

[2] - ზემოთ ჩვენ შევეხეთ “რწმენისა” და “ცოდნის” ურთიერთმიმართების კლიმენტისეულ განმარტებას. როგორც ცხადი გახდა, კლიმენტი ალექსანდრიელისთვის “ცოდნა” ანუ “გნოზისი”, უპირველესად გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების ღრმა წვდომასა და ცოდნას, რაც მიიღწევა საღვთო წერილის დაფარული აზრის შეცნობის, ბიბლიურ საიდუმლოთა საცნაურყოფის გზით. კლიმენტის აზრით, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ძალისამებრ განვჭვრიტოთ უზენაესი ღვთიურობა; სწორედ ეს შეცნობა, ეს განჭვრეტა არის “ცოდნა” და სწორედ იგია უზენაესი მიზანი ქრისტიანული სიბრძნისმეტყველებისა ანუ ფილოსოფიისა1.

კლიმენტის მოძღვრებაში გამოიყოფა “ცოდნის” ორი ხარისხი: ეს “ცოდნა” გარკვეულწილად, რაღაც ნაწილით საწვდომია ამქვეყნად მყოფი ადამიანისათვის და ესაა ხსენებული ცოდნის პირველი ხარისხი, მაგრამ იგივე ცოდნა სრულყოფილად ვლინდება და სრულად ცნაურდება მხოლოდ ხორციელი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტი γνωστικός-ის ანუ “მცოდნე” ქრისტიანის სული (არ აგვერიოს სექტანტ გნოსტიკოსებში) თავის დასაბამიერ წიაღს მიუბრუნდება და მადლით ღმერთქმნილი ანუ განღმრთობილი ილხენს მარადიული, სრული სიწყნარითა და უზენაესი ღვთიურობის “პირისპირ” ჭვრეტით სხვა ღმერთქმნილ არსთა შორის.

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება “ცოდნის” შესახებ, რომლის ზოგადი სახეც ზემოთ წარმოჩნდა, სპეციალურ ლიტერატურაში კონკრეტული ასპექტით დაკავშირებულია ექვს ძირითად საკითხთან:

1. შემეცნებითი ანუ წვდომითი შინაგანობა (არ აგვერიოს სექტანტურ ეზოტერიზმში); საღვთო წერილის სიმბოლიზმი; საიდუმლო მოძღვრება.

2. ღვთის სიტყვის, როგორც “ცოდნის” დასაბამისა და როგორც ამ “ცოდნის” მასწავლებლის მისია.

3. მჭვრეტელობითი ცხოვრების მიზანი, რაც დაკავშირებულია [27]გრძნობადი სამყაროდან გათავისუფლებულისა და სულიერ არსებებთან თანაზიარების საკითხთან.

4. მნიშვნელობა ფილოსოფიისა და ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა “ცოდნის” ჩამოყალიბებაში.

5. “ძველი აღთქმისეული” კიდობნისა და მღვდელმთავრის “წმიდათა წმიდაში” შესვლის ალეგორიული განმარტება.

6. “მცოდნეობითი” სულის ზეცად ამაღლება და მისი განღმრთობა.

ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი საკითხი მოიცავს “ცოდნის” პირველ ხარისხს, ე.ი. იმ ხარისხს, რაც საწვდომია ამქვეყნად მყოფი კაცისათვის; მეექვსე საკითხი გულისხმობს “ცოდნის” მეორე ხარისხს, რაც მიიღწევა მხოლოდ იმქვეყნად. მეხუთე საკითხი უკავშირდება ორივე ხარისხს.

“ცოდნის” სწავლებათა დაფარულობა განაპირობებს იმას, რომ კლიმენტი ხშირად განმარტავს ხსენებულ სწავლებებს, როგორც “საიდუმლოებებს” (τὰ μυστήρια), ხოლო მათში წვდომას “განდობად” სახელდებს (μυεῖσθαι), თავად “მცოდნეებს” კი “განდობილებს” (μύσται) უწოდებს. ამ თვალსაზრისით კლიმენტისათვის უდიდესი მნიშვნელობისაა სახარების შემდეგი სიტყვები: “თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ (γνῶναι τὰ μυστήρια) სასუფეველისა ცათაჲსა, ხოლო მათდა არა მიცემულ არს” (მათე 13,11). ძველი ქართული “ცნობა” არის ტერმინული შესატყვისი ბერძნული “გნოზისისა” (γνῶσις, γνῶναι), რაც დღეისათვის “ცოდნად” გამოითქმის. ზემორე მუხლი სწამებს, რომ მაცხოვარმა არა მხოლოდ რწმენა მისცა მოციქულებს, არამედ, სხვებისაგან განსხვავებით, უზენაეს საიდუმლოთა “ცოდნაც”. ამიტომ უწოდებს კლიმენტი მოციქულებს სწორედ “მცოდნეებს” (γνωστικοί) და არა “ლიტონად მრწმუნეებს”. ასევე უდიდესი მნიშვნელობისაა მისთვის პავლე მოციქულის სიტყვები: “სიბრძნესა მას ვიტყჳ სრულთა მათ (τοῖς τελείοις) მიმართ... ვიტყჳ ღმრთისა სიბრძნესა საიდუმლოდ, დაფარულსა მას” (...σοφίαν ἐν μυστηρίῳ τὴν ἀποκεκρυμμένην, I კორ. 2, 6-7). მომდევნო თავში პავლე მოციქული კვლავ აღნიშნავს განსხვავებას ქრისტიანთა შორის: “მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ; სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცა[28]ღა აწ გიძლავს” (I კორ. 3, 1-2).

კლიმენტის სწავლებით “სძე” გულისხმობს “ლიტონ რწმენას”, ხოლო “საჭმელი” - ამაღლებულ “ცოდნას” (Str. V, 66,1)2. ამიტომ აღნიშნნავს კლიმენტი ზემორე ტექსტში: “არის რაღაც სწავლება სრულთა” (ἔστι γάρ τις τελείων μάθησις, Str. V. 60.1). ეს სიტყვები როგორც ვნახეთ, კომენტარის სახით ერთვის პავლე მოციქულის სიტყვებს: “რამეთუ გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლოჲ იგი... რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა... აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყველთა სულითა წმიდითა” (ეფეს. 3-5).

კლიმენტი აღნიშნულ მუხლებს აკავშირებს რომაელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებთან: “აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ” (9,23) და მოძღვრებითი სახით აყალიბებს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ პავლე მოციქულის სიტყვები “საიდუმლოჲ დაფარული”, რომელიც “აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა”, გულისხმობს, ერთი მხრივ, “ცოდნის” ტრადიციას, რომელსაც მაცხოვრის მიერ ჩაწვდნენ მოციქულნი და რასაც შეიცნობენ “სულიერნი”, ხოლო, მეორე მხრივ, პავლესვე სიტყვები “სიმდიდრე იგი დიდებისა მისისიაჲ” აღნიშნავს მარტივ მორწმუნეებს.

“მაღალ ცოდნას”, კლიმენტის სწავლებით, ახასიათებს “დაფარულობა” ანუ “აპოკრიფულობა”, სიღრმისეულობა, შინაგანობა ანუ “ეზოტერულობა” (ბერძნ. ἐσωτέρος - ”უფრო შიგნითა”), რაც ცხადდება და ვლინდება მხოლოდ აღმატებული, განბრძნობილი გონების წინაშე. ზემოაღნიშნული სხვაობა “ლიტონ რწმენსა” და “ცოდნას” შორის, ცხადია, გულისხმობს სხვაობას საკუთრივ “ლიტონ მორწმუნეთა” და “მცოდნეთა” შორისაც. ეს აზრი, მკვლევართა მითითებით, კლიმენტისეული მოძღვრების ლეიტმოტივია.

ქრისტიანული “ცოდნის” დაფარუობა კლიმენტის მიერ ასეა დასაბუთებული: თუკი ელინი ფილოსოფოსები თავიანთ მოძღვრებას მხოლოდ რჩეულთ გადასცემდნენ და არა ყველას, რაოდენ უფრო მართებთ ჭეშმარიტ ფილოსოფიას, რომ დაფარული დარჩეს არაზნე[29]ობრივი და უმეცარი სიმრავლისაგან? ეს აზრი მჟღავნდება მათეს სახარების სიტყვებში: “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ” (მათე 22,14). კლიმენტი ყურადღებას აქცევს, აგრეთვე, სახარების ცნობილ სიტყვებს: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს” (მათე 10,26). ალექსანდრიელი მოძღვრის განმარტებით, ეს წინადადება გულისხმობს “მცოდნე” ქრისტიანებს, რომლებსაც ეცხადებათ ჭემარიტების უღრმესი წიაღი. იგი აღნიშნავს: “ამ სიტყვით იწინასწარმეტყველა, რომ “დაფარულად” მსმენელს “დაფარული გამოუჩნდება” და ვინც შემძლეა “საიდუმლოდ” შეიწყნაროს გადმოცემები, “გაეცხადება დაფარული”, როგორც ჭეშმარიტება, და იგი, მრავალთაგან “დაფარული”, მცირედთათვის “ცხადი გახდება” (τῷ κρυπτῶς  ἐπαίοντι  τὸ κρυπτὸν φανερωθήσεσθαι διὰ τοῦδε προεθέσπισεν τοῦ λογίου, καὶ τῷ παρακεκαλυμμένως τὰ παραδιδόμενα οἵῳ τε παραλαμβάνειν δηλωθήσεται τὸ κεκαλυμμένον ὡς ἡ ἀλήθεια, καὶ τὸ τοῖς πολλοῖς κρυπτόν, τοῦτο τοῖς ὀλίγοις φανερὸν γενήσεται, Str. I. 13. 3).

მოგვაქვს ანალოგიური გამონათქვამები კლიმენტისა:

Str. V. 35.5-7. “წმინდა კიდობნის შესახებ უწყებანი მოასწავებს გონისეულ სოფელს, რაც დაფარულია და დახშულია მრავალთათვის” (τά τε ἐπὶ τῆς ἁγίας κιβωτοῦ ἱστορούμενα  μηνύει τὰ τοῦ νοητοῦ κόσμου τοῦ ἀποκεκρυμμένου καὶ ἀποκεκλεισμένου τοῖς  πολλοῖς).

Str. V. 80.3. “ნუთუ რაღაცით ამასვე არ გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებდა “დაფარულ უცომოთა” (გამოსვლ. 12.39) ქმნას, რითაც იმას მოასწავებდა, რომ წმიდა სიტყვა, როგორც ჭეშმარიტად მესაიდუმლე დაუბადებელი არსისა და მის ძალთა შესახებ, დაფარული უნდა იყოს (καὶ μή τι τοῦτ' ἦν ὃ ᾐνίσσετο ὁ προφήτης, ἐγκρυφίας κελεύων ποιεῖν ἀζύμους, μηνύων ὅτι τὸν ἱερὸν ὡς ἀληθῶς  περὶ  τοῦ  ἀγενήτου  καὶ  τῶν  δυνάμεων αὐτοῦ  μύστην  λόγον ἐπικεκρύφθαι  δεῖ). ... კვლავაც ამბობს სახარება, რომ ჩვენი მაცხოვარი საიდუმლოდ ეტყოდა სიტყვას მოციქულებს” (შდრ. I კორ. 2,7) (καὶ πάλιν φησὶ τὸ εὐαγγέλιον, ὡς ὁ σωτὴρ ἡμῶν ἔλεγεν τοῖς ἀποστόλοις τὸν λόγον ἐν μυστηρίῳ).

Str. VI. 70.2. “გნოსტიკოსი, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ, წვდება იმას, რაც მიუწვდომელია სხვათათვის”.

[30]Str. VI. 116.1: “წმიდა დოგმატები დაფარულია”.

Str. VI. 126. 1-2: “წერილი ფარავს თავის მნიშვნელობას რამდენიმე მიზეზით: პირველი, იმიტომ, რომ ძიებას ვესწრაფოდეთ და მარადის ვიჩენდეთ გულმოდგინებას მაცხოვნებელ სიტყვათა აღმოსაჩენად; მეორეც, იმიტომ, რომ ყველასათვის გასაგები ვერ იქნება... ამიტომაც წმიდა საიდუმლონი დაფარულია იგავებში და დამარხულია ისინი რჩეულთათვის და, აგრეთვე, მათთვის, რომლებიც, რწმენიდან მოსულნი, გზახსნილნი არიან ცოდნაში;

Str. VI. 129.4: “რადგანაც ჭეშმარიტება არ ეკუთვნის ყველას, იგი დაფარულია მრავალგვარად და ნათელყოფს მხოლოდ მათ, რომლებიც განდობილნი არიან ცოდნაში, სახელდობრ, რომლებიც, სიყვარულით აღძრულნი, ეძებენ მას”.

კლიმენტის სწავლებით, მაცხოვარი მეტყველებდა იგავებით, რომ ამ გზით საღვთო ჭეშმარიტება უღირსთაგან შეურყვნელად დაეცვა. აი, მისი სიტყვები: “არც თვით მაცხოვარს აღმოუთქვამს მარტივად საღვთო საიდუმლონი, არამედ იგავებით მეტყველებდა იგი, რომ შემთხვევით პირებს ადვილად არ მოეხელთებინათ [ეს საიდუმლოებანი]” (οὔτε ὁ σωτὴρ αὐτὸς  ἁπλῶς οὕτως, ὡς τοῖς  ἐπιτυχοῦσιν εὐάλωτα εἶναι, τὰ θεῖα μυστήρια ἀπεφθέγξατο, ἀλλ' ἐν παραβολαῖς διελέξατο, Str. VI. 124.6).

ამგვარი აღმატებულება საღვთო ცოდნისა კარგად მჟღავნდება, აგრეთვე კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “არათუ ბევრს გამოუცხადა (უფალმა) ის, რაც ბევრისთვის არ იყო, არამედ გაენდო იგი მხოლოდ მცირე [ნაწილს], კერძოდ მათ, რომლებიც შესაფერისებიც იყვნენ და ხელეწიფებოდათ კიდეც როგორც მიღება [საიდუმლოთა], ასევე მათდამი დასახვა თავისა” (οὐ πολλοῖς  ἀπεκάλυψεν ἃ μὴ πολλῶν ἦν, ὀλίγοις δέ, οἷς προσήκειν ἠπίστατο, τοῖς οἵοις τε ἐκδέξασθαι καὶ  τυπωθῆναι πρὸς αὐτά, Str. I. 13.2)

უაღრესად ყურადღებამისაქცევია კლიმენტის სწავლება იმის თაობაზე, რომ საღვთო წიაღის შესახებ “მცოდნეობითი” გადმოცემა მომდინარეობს ანუ “გაცხადებულია” უშუალოდ მაცხოვრის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მიიღწევა მხოლოდ მაცხოვრის გზით, ლოგოსის, ძე ღმერთის, მეორე ჰიპოსტასის წიაღ.

აი კლიმენტის სიტყვები:

1. Str. 1. 97.2: “აღმოჩენა [ჭეშმარიტებისა] ხდება ძის მიერ” (ἡ δὲ εὕρεσις [sc. ἀληθείας] δι' υἱοῦ).

[31]2. Str. V. 12.3: “ძის მიერ მამა შეიცნობა” (δι' υἱοῦ ὁ πατὴρ γνωρίζεται).

3. Str. VII. 2.2: “რომლის (ძის, ე.ჭ.) მიერაც უნდა მივიღოთ სწავლება მიღიმიერი მიზეზის, ყოველთა მამის შესახებ” (παρ' οὗ ἐκμανθάνειν ἔστιν τὸ  ἐπέκεινα αἴτιον, τὸν πατέρα τῶν ὅλων).

4. Str. VII. 13.2: “ვუკავშირდებით ღმერთს დიდი მღვდელმთავრის მიერ” (προσομιλεῖν τῷ θεῷ διὰ τοῦ  μεγάλου ἀρχιερέως).

5. Str. VII. 16.6: “თვით ჭეშმარიტად მხოლოდშობილი... შთაბეჭდავს მცოდნეში სრულ მჭვრეტელობას” (οὗτος ὁ τῷ ὄντι μονογενής... ἐναποσφραγιζόμενος τῷ γνωστικῷ τὴν τελείαν θεωρίαν).

კლიმენტის რწმენით, სწორედ მაცხოვარია “მცოდნე მოძღვარი”, რომელიც განკაცდა სრული ცოდნის გასაცხადებლად. თავად ჯვარცმაა კლიმენტისთვის უდიდესი “ცოდნა”, უდიადესი “გნოზისი”. ასე ამბობს იგი: - “ჯვრის გარეშე ვერ მიგვაახლებდა ჩვენ (უფალი) ცოდნასთან” (μηδὲ ἄνευ τοῦ ξύλου εἰς γνῶσιν ἡμῖν ἀφῖκται, Str. V. 72.3).

ეს აღმატებული “ცოდნა” გულისხმობს მჭვრეტელობას, ხედავს, ხილვას, რის წინაპირობაცაა სრული განშორება გრძნობადობისაგან. კლიმენტი გვამცნობს:

“უკვე კორიფე გნოსტიკოსი ლოცვას აღავლენს, რომ აღაორძინოს მჭვრეტელობა და დაიმკვიდროს მასში” (κορυφαῖος δ' ἤδη ὁ γνωστικὸς θεωρίαν εὔχεται αὔξειν τε καὶ παραμένειν, Str. VII. 46.4)3.

სხვაგან თქმულია: “ამიერიდან კი საჭიროა, რომ მჭვრეტელობის მარადიულ და უცვლელ გვარად გაიწვრთანეს ცოდნა ან სიბრძნე” (Ἐντεῦθεν δὲ ἄρα γνῶσιν εἴτε σοφίαν συνασκηθῆναι χρὴ εἰς ἕξιν θεωρίας ἀίδιον καὶ ἀναλλοίωτον, Str. VI. 61.3).

კლიმენტის სწავლებით, ეკლესიური გნოზისის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვან წინაპირობას უქმნის ენციკლური სწავლებანი (τὰ ἐγκυκλικὰ μαθήματα). მაგალითად, ერთერთი ენციკლური საგნის, ასტრონომიეს შესახებ კლიმენტი აღნიშნავს: “ასტრონომიის გზით გონებრივად დედამიწიდან ზე ადის ადამიანი, მაღლდება იგი ცამდე, [32]თანამიმოიქცევა წრებრუნვაში და მარადიულად იმეცნებს როგორც საღვთო [საიდუმლოებებს], ასევე [სამყაროს] ურთიერთშეწყობას” (ἔκ τε αὖ τῆς ἀστρονομίας  γῆθεν  αἰωρούμενος  τε  τῷ  νῷ συνυψωθήσεται οὐρανῷ καὶ τῇ περιφορᾷ συμπεριπολήσει, ἱστορῶν ἀεὶ τὰ θεῖα καὶ τὴν πρὸς ἄλληλα συμφωνίαν, Str. VI. 80.3). სხვაგან კლიმენტი ცხადად გვმოძღვრავს, რომ ასტრონომია არის მიმაახლებელი ყოვლისშემოქმედ ძალთან: “ყოველივე იმის შესწავლით, რაც ეხება ზეციურ [სხეულებს], აგრეთვე ყოვლიერების აღნაგობას, ცის ბრუნვასა და ვარსკვლავთა მოძრაობას, უფრო ახლოს მიჰყავს მას [ასტრონომიას, ე.ჭ.] სული შემოქმედ ძალთან” (αὕτη γάρ, μετὰ τὴν τῶν μεταρσίων ἱστορίαν περί τε σχήματος τοῦ παντὸς καὶ φορᾶς οὐρανοῦ τῆς τε τῶν ἄστρων κινήσεως  πλησιαίτερον τῇ κτιζούσῃ δυνάμει προσάγουσα τὴν ψυχήν, Str. VI. 90.3). სწორედ ცის ჭვრეტამ მიიყვანა აბრაამი საღვთო ცოდნასთან: “შემდეგ კი აღიხილა მან ცისაკენ... შეიცნო ღმერთი, უმჯობესი შესაქმეზე და მის ყოველგვარ წესზე, მიიღო... ცოდნა ერთი და მხოლოდ ღვთისა” (ὕστερον δὲ ἀναβλέψας εἰς τὸν οὐρανόν... ἐπιγνοὺς  θεὸν  κρείττονα τῆς ποιήσεως καὶ πάσης τῆς ἐν αὐτῇ τάξεως, προσλαμβάνει... τὴν γνῶσιν τοῦ ἑνὸς καὶ μόνου  θεοῦ, Str. V. 8.6). ეს აზრი სხვაგანაც გვხვდება: “მათგან (ციურ სხეულთაგან) აღძრული აბრაამი შემოქმედის ცოდნამდე ამაღლდა” (ἀφ' ὧν ὁρμώ6μενος Ἀβραὰμ εἰς τὴν τοῦ κτίσαντος ὑπεξανέβη γνῶσιν, Str. VI. 80.3). კიდევ: “აბრაამი ციურთა ჭვრეტიდან ღვთისეულ რწმენამდე მივიდა”; მსგავს ფუნქციას აკისრებს კლიმენტი გეომეტრიას, რომელიც მისი თქმით “გრძნობადთაგან გონისეულთაკენ გადაგვიყვანს” (ἐπὶ τὰ νοητὰ μετατίθησιν ἀπὸ τῶν αἰσθητῶν, Str. VI. 90.4). სხვაგან კლიმენტი გვაუწყებს: “გეომეტრიის მიერ [ადამიანი] არსებას ჭვრეტს თავისთავად, რითაც იგი ეჩვევა... სხეულთაგან განსხვავებული უცვლელი არსის მოაზრებასაც” (ἐν δὲ  τῇ γεωμετρικῇ οὐσίαν αὐτὴν ἐφ' ἑαυτῆς θεωρῶν καὶ ἐθιζόμενος... νοεῖν καὶ οὐσίαν ἀμετάβλητον, ἑτέραν  τῶνδε τῶν σωμάτων οὖσαν, Str. VI. 80.2)4.

კლიმენტის თანახმად, ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება ენციკლური სწავლებანი, ფილოსოფია და “ცოდნა” ანუ “გნოზისი”. დია[33]ლექტიკა, ასტრონომია და გეომეტრია ადამიანს ათავისუფლებს გრძნობადობისაგან და გონისეულთა შესაცნობად აღძრავს მას. ასე რომ, ეს საგნები საფუძველს უმზადებს ფილოსოფიას, ხოლო ფილოსოფია, თავის მხრივ, არის ქვესაფეხური “ცოდნისა”. ამის შესახებ დაწვრილებით ვიმსჯელეთ ზემოთ.

ამგვარად, კლიმენტის მოძღვრების თანახმად, ენციკლური სწავლებანი და ფილოსოფია ქრისტიანს ამზადებს “ცოდნის” ანუ სულიერ, გონისეულ არსთა ჭვრეტის, მჭვრეტელობითი მეცნიერების დასაუფლებლად. საკუთრივ “ცოდნის” მოპოვება, კლიმენტის განმარტებით, იგივეა, რაც ადამიანის გულმოდგინე მცდელობა, მისი გარჯა იმისათვის, რომ “იყოს ღმერთი” (μελετᾷ εἶναι θεός, Str. VI. 113.3). უფრო ზუსტად, ჭეშმარიტი გნოსტიკოსი, ჭეშმარიტი “მცოდნე”, როგორც ნამდვილი ხატი “მოძღვრისა”, ანუ ღვთის სიტყვისა, მაცხოვრისა, მადლით უკვე “ღმერთია”: სავსებით სრულიქმნება იგი ხატად მოძღვრისა და ხორციელად მიმოდის ღმერთი” (τελέως ἐκτελεῖται κατ' εἰκόνα τοῦ διδασκάλου ἐν σαρκὶ περιπολῶν θεός, Str. VII. 101.4)5. ამგვარად ღმერთქმნილი ადამიანისათვის არსებითია ღვთისებრ “მარადიული აზროვნება” (τὸ ἀεὶ νοεῖν), რასაც კლიმენტის სახისმეტყველებით, მოასწავებს მღვდელმთავრის შესვლა “წმიდათა წმიდაში”, სადაც სჯულის კიდობანი ჰგიეს. ესაა მდგომარეობა გნოსტიკური სულისა, რმელიც “ივსება განუძღომელი მჭვრეტელობით” (ἐμπίπλαται τῆς ἀκορέστου θεωρίας, Str. V. 40.1)6.

კლიმენტის რწმენით, ანგელოზები თვალს ადევნებენ სულის ზეაღსვლას ცათა წიაღ. იგი ასეთი ეპითეტით წარმოაჩენს ანგელოებს: “აღმასვლის ზედამხედველი ანგელოზები” (τοῖς ἐφεστῶσι τῇ ἀνόδῳ ἀγγέλοις, Str. IV. 116.2). ამ ანგელოზებს მართებთ ან დააბრკოლონ აღმასვლა იმ სულებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან ნივთისაგან და ხორციელი ვნებებისაგან, ანდა პირიქით, გზა მისცენ და ქებისმეტყველებით შეამკონ გნოსტიკოსთა სრულიად წმიდა სუ[34]ლები. “სტრომატას” IV წიგნში ვკითხულობთ: “ისინი აჩერებენ მათ, რომლებსაც თან მოაქვთ რაიმე ქვეყნიური და ბაჟს თხოვენ საკუთარ ვნებათაგან დამძიმებულებს, ხოლო მას, ვინც თავისუფალია საბაჟო საზღაურთაგან, - აღსავსეს ცოდნითა და საქმეთამიერი სამართლიანობით, - გაატარებენ, თანაც მასთან ერთად ლოცულობენ და ამ კაცს საქმითურთვე ნეტარყოფენ” (τοὺς μὲν γὰρ ἐπαγομένους τινὰ τῶν κοσμικῶν κατέχουσιν οἱ τὸ  τέλος ἀπαιτοῦντες τοῖς σφετέροις  βαρουμένους πάθεσι, τὸν δὲ γυμνὸν μὲν τῶν ὑποπιπτόντων  τῷ  τέλει, πλήρη δὲ γνώσεως καὶ τῆς ἐξ ἔργων δικαιοσύνης συνευχόμενοι παραπέμπουσι, τὸν ἄνδρα σὺν καὶ τῷ ἔργῳ μακαρίσαντες, Str. IV. 117.2).

სულმა რომ აღმასვლა განაგრძოს, მან უნდა უჩვენოს ანგელოზებს ანდა ძალებს “ნიშანი” (τὸ σύμβολον), მომასწავებელი და ცხადმყოფელი მისი სიწმინდისა და საქმით სამართლიანობისა:

“იგი წარმოუჩენს აღმასვლას ზედამხედველ ანგელოზებს წმიდა სიმბოლოს, სამართლიანობის ნათელ ნიშანს” (σύμβολον ἅγιον τὸν χαρακτῆρα τῆς δικαιοσύνης τὸν φωτεινὸν ἐπιδεικνύμενος τοῖς ἐφεστῶσι τῇ ἀνόδῳ ἀγγέλοις, Str. IV. 116.2). სხვაგან, განწმენდილი სულის შესახებ კლიმენტი მოგვითხრობს: “არ ერცხვინება მას სიკვდილისა და ძალთა წინაშე გამოჩენისა, რადგანაც მართალი აქვს მას სინდისი და, ასე ვთქვათ, განწმენდილია იგი ყველა სულიერმიერი ზადისაგან” (οὐδὲ αἰσχύνεται ἀποθανεῖν, εὐσυνείδητος ὢν ταῖς  ἐξουσίαις  ὀφθῆναι, πάντας ὡς  ἔπος εἰπεῖν τοὺς τῆς ψυχῆς  ἀποκεκαθαρμένος σπίλους, Str. VII. 83.1).

“სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი გვამცნობს, რომ ადამიანი, რომელიც ამქვეყნად სრულყოფის მწვერვალს მიაღწევს (μετὰγοῦντὴνἐν σαρκὶ τελευταίαν προκοπήν), ამის შემდეგ იგი მიისწრაფვის მამისეული სავანისა და საუფლო ტაძრისაკენ (εἰς τὴν πατρῴαν αὐλὴν ἐπὶ τὴν κυριακὴν... ἐπείγεται μονήν) და გაივლის წმიდა “ჰებდომადს” (ἑβδομάς) (διὰ τῆς ἁγίας ἑβδομάδος) (იხ. Str. VII. 57.5). “სტრომატას” VI წიგნში კლიმენტი აკონკრეტებს, რომ სრული ადამიანები არ რჩებიან “ჰებდომადში”, არამედ გადადიან “ოგდოადში” ანუ “მერვეში”, სადაც ისინი ნეტარებენ “განუძღომელი მჭვრეტელობითა” და “წმიდა ხედვით”: “ისინი, რომლებიც არ დაივანებენ მოსვენების ჰებდომადში, საღვთო მსგავსების ქველმოქმედებით ოგდოატიკური კეთილმყოფელობის სამემკვიდრეოსაკენ აღიხილავენ და [35]აუმღვრეველი მზერით შეეკერტებიან განუძღომელ მჭვრეტელობას” (οἱ μὴ καταμείναντες ἐν ἑβδομάδι ἀναπαύσεως, ἀγαθοεργίᾳ δὲ θείας ἐξομοιώσεως εἰς ὀγδοαδικῆς εὐεργεσίας κληρονομίαν ὑπερκύψαντες, ἀκορέστου θεωρίας εἰλικρινεῖ  ἐποπτείᾳ προσανέχοντες, Str. VI. 108.1).

კლიმენტისათვის “ჰებდომადი” ნიშნავს როგორც პირველ შვიდ პლანეტარულ ცას, ასევე, საკუთრივ მეშვიდე ცას ან კვირის მეშვიდე დღეს, შაბათს, ხოლო “ოგდოადი” – მერვეს, უძრავ ვარსკვლავთა ცას და კვირადღეს. ეს მერვე ცა იწოდება “საუფლო ცად”. ამგვარ ხვედრს ზიარებული სულები, კლიმენტის თქმით, მახოვრის ქვემოთ პირველდაწესებულთა შორის დამკვიდრდებიან” (τῶν ὑπὸ τῷ σωτῆρι πρώτων τεταγμένων, γενησόμενοι, Str. VII. 56.7). ეს “ოგდოადი” კლიმენტის თქმით, ემეზობლება “გონისეულთა სამყაროს” (ἡ ἀπλανὴς χώρα ἡ πλησιάζουσα τῷ νοητῷ κόσμῳ, Str. IV. 159.2) ღმერთქმნილი სული, კლიმენტის სწავლებით, “პირისპირ მეცნიერებით ჭვრეტს ღმერთს” (πρόσωπον πρὸς πρόσωπον ἐπιστημονικῶς τὸν  θεὸν  ἐποπτεύειν, Str. VII. 57.1). ამგვარ სულს “ანგელოზად” სახელდებს კლიმენტი: “რაჟამს სული ზეაღვლის შესაქმეს და თავისთავად მყოფი შეერთვის იდეებს... როგორც უკვე ანგელოზქმნილი, ქრისტესთან დაიმკვიდრებს” (ὅταν γὰρ ψυχὴ γενέσεως ὑπεξαναβᾶσα καθ' ἑαυτήν τε ᾖ καὶ ὁμιλῇ τοῖς εἴδεσιν... οἷον ἄγγελος ἤδη γενόμενος σὺν Χριστῷ τε ἔσται, Str. IV. 155.4).

ამგვარ წმიდაქმნილ სულებს კლიმენტი, “ფსალმუნისებრ” (81,6), სიმბოლურად “ღმერთებად” უხმობს:

Str. VII. 13.1: “ღმერთის ნეტარი სავანეები” (αἱ μακάριαι θεῶν οἰκήσεις).

Str. VII. 56.6: ”და სახელად ეწოდათ მათ ღმერთები და იქნებიან თანამოსაყდრენი სხვა ღმერთთა, მაცხოვრის ქვეშ პირველდაწესებულთა” (καὶ θεοὶ τὴν προσηγορίαν κέκληνται, οἱ σύνθρονοι τῶν ἄλλων θεῶν, τῶν ὑπὸ τῷ σωτῆρι πρώτων τεταγμένων, γενησόμενοι).

კლიმენტის მოძღვრებით, ”ცოდნისა” და ”მჭვრეტელობის” უშუალო გამოვლინებაა ”მოსვენება” (ἡ ἀνάπαυσις).

Paed. 1.29.3 - ”ცოდნის ზღვარია მოსვენება” (τὸ δὲ πέρας τῆς γνώσεως ἡ ἀνάπαυσις).

Str. VII. 57.1: ”ამგვარად, ცოდნა ადვილად მიუძღვის ადამიანს იმისაკენ, რაც ენათესავება სულს, რაც საღვთოა და წმიდა; და იგი [36][ცოდნა] თავისი საკუთარი სინათლით შეეწევა მას, რომ განვლოს სულმა ნაირგვარი საიდუმლო ხარისხები, ვიდრე არ მიიყვანს მას მოსვენების უზენაეს ადგილას”.

Str. VII. 68.5: ”სული, რომელიც გახდა სავსებით სულიერი და მიაღწია მისთვის მონათესავეს, დაივანებს სულიერ კრებულში, საღვთო მოსვენებაში”.

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება მორწმუნის ”მცოდნეობითი ზრდის” შესახებ თავის უღრმეს გამოვლინებას, თავის გამოთქმით ზედმიწევნითობასა და ყოვლის გამჭოლ იდუმალსურნელვან სულიერებას აღწევს ხსენებული ”ცოდნის” ლიტურგიკულ მჭვრეტელობაში: ”სული უკვე თვით ზრდის თავის თავს, რადგანაც საღვთო სიტყვის ჭამა და სმა საღვთო არსების ცოდნას ნიშნავს” (βρῶσις γὰρ καὶ πόσις τοῦ θείου λόγου ἡ γνῶσίς ἐστι τῆς θείας οὐσίας, Str. V. 66.3).


1 - საგულისხმოა კლიმენტის ამგვარი გამონათქვამი: ”ცოდნა, როგორც რწმენით მიღებულ (საქმეთა) მტკიცება, ძალმოსილია და მყარი. იგი საუფლო მოძღვრების მიერ დაშენებულია რწმენაზე და გვიმეგზურებს იმისკენ, რაც უცვლელია და რაც მეცნიერულად არის საწვდომი” (εἰς τὸ ἀμετάπτωτον καὶ μετ' ἐπιστήμης καταληπτὸν, Str. VII. 57.3).

2 - ამგვარადვე განმარტავს კლიმენტი პავლე მოციქულის სხვა სიტყვებსაც, სადაც კი ”საიდუმლო” (τὸ μυστήριον) გვხვდება: რომ. 16,25,26; კოლ. 1.25-27; ეფეს. 1.9; 3.3-5; 3.9.

3 - შენიშნულია, რომ კლიმენტის ეს სიტყვები ენათესავება საშუალო პლატონიზმის წარმომადგენლის ალბინოსის შეგონებას: ”შეჰფერის... ფილოსოფოსს, რომ არასოდეს გამოაკლდეს მჭვრეტელობას, არამედ მარადის ასაზრდოოს და ზარდოს იგი” (Did. 153, 18-20; Lilla, p. 169).

4 - ანალოგიური შეხედულებანი ენციკლურ საგნებზე გვხვდება პლატონთან, ფილონთან, პლოტინთან, ჰერმეტიკულ კორპუსში და სხვა.

5 - ესაა სწორედ ის ”ანღმრთობა” (θέωσις), ”ღმერთყოფა”, ღმერთქმნა” (θεοποίησις), რაც ხშირად გვხვდება წმიდა მამათა შრომებში. ყველა ასეთ შემთხვევაში იგულისხმება ბუნებით ანუ ჭეშმარიტი ღმერთის მადლით წმიდა ადამიანთა ღმერთყოფა, მათი სიმბოლურად ღმერთად ქცევა. საღვთო წიაღში დამკვიდრებულ წმინდანთა ეპითეტად ”ღმერთნი” გვხვდება ”ფსალმუნთა” წიგნში: ”ღმერთი დადგეს შორის ღმერთთასა”.

6 - შდრ. VI. 108.1; 186.8; VII. 13.1; 10.13: ”განუძღომელი ცქერა” (ἀκόρεστος θέα).

 

[3] - აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ, ერთი მხრივ, ეკლესია უარყოფდა გნოსტიციზმს, როგორც უკვე გაცხადებული მაცხოვენებლი ჭეშმარიტების დამახინჯებით მიმღებელსა და შემბილწველს, მეორე მხრივ, ანტიკურ ფილოსოფიაში ჭეშმარიტების თვისობრივ მარცვალს ჭვრეტდა, იმ მარცვალს, რაც თავად ელინებისათვის, წარმართი ფილოსოფოსებისათვის თავისი ნამდვილი აზრით ბოლომდე გაუხსნელი და ბუნდოვანი რჩებოდა და რაც სწორედ მაცხოვნებელი მადლის, იესო ქრისტეს მიერ მოფენილი სინათლის შუქზე იძენდა საცნაურობასა და სულთმარგებლობას1.

კლიმენტი ალექსანდრიელი პირდაპირ ამბობდა: “ფილოსოფია, როგორც მრავალსასარგებლო რამ საქმე, ძველად გაიფურჩქნა ბარბაროსთა შორის და გაიბრწყინა ერიდან ერში, მოგვიანებით კი ჩამოვიდა იგი ელინებთანაც” (Φιλοσοφία  τοίνυν πολυωφελές τι χρῆμα πάλαι μὲν ἤκμασε παρὰ βαρβάροις κατὰ τὰ ἔθνη διαλάμψασα, ὕστερον δὲ καὶ εἰς Ἕλληνας κατῆλθεν, Str. I.71.3-4).

კლიმენტი ალექსანდრიელი ფილოსოფიის წარმოშობის სამ გზას წარმოგვიდგენს.

1. ბერძენმა ფილოსოფოსებმა აღმოაჩინეს ჭეშმარიტების მარცვა[37]ლი და მიაღწიეს ცოდნის გარკვეულ ხარისხს, როგორც მათივე გულმოდგინებით, ასევე საღვთო შთაგონებით.

2. მათ “მოიპარეს” აზრები “ძველი აღთქმიდან” და თავისად გაასაღეს ისინი. ამ ასპექტით ყველა მათგანი დამოკიდებულია მოსეზე.

3. ფილოსოფია, რომელსაც ფლობდა ღმერთი, ქვემორე ძალებმა ანუ ანგელოზებმა გადასცეს ადამიანებს, რაც არ დაუბრკოლებია საღვთო ნებას.

რაც შეეხება პირველ გზას, ცხადია, რომ კლიმენტის აზრით ბერძნებს ჰქონდათ შესაძლებლობა და უნარი ღვთის შესახებ შეექმნათ მართებული რამ წარმოდგენა და გამოეთქვათ ზოგი მართებული საღვთისმეტყველო აზრი, რადგანაც ისინი, ყველა ადამიანის მსგავსად, ფლობდნენ “ბუნებით აზროვნებას” (ἡ φυσικὴ ἔννοια), ანუ “საზოგადო გონებას” (ὁ κοινὸς νοῦς). “სტრომატას” I წიგნში კლიმენტი სხვისი პირით გვაუწყებს: “თქმულია, რომ ელინები ან ბუნებით აზროვნებას ფლობდნენ ანდა საზოგადო გონებას” (εἴτ' αὖ φυσικὴν  ἔννοιαν ἐσχηκέναι  τοὺς Ἕλληνας  λέγοι... εἴτε μὴν κοινὸν ἐσχηκέναι νοῦν, Str. I.94.2).

V წიგნში უკვე თავად კლიმენტი გამოთქვამს იმავე შეხედულებას: “ერთი ყოვლისმპყრობელი ღმერთის გამოჩინება იყო, ყოვლითურთ ბუნებითი, ყველა მართებულად მოაზროვნესთან” (θεοῦ μὲν γὰρ ἔμφασις ἑνὸς ἦν τοῦ παντοκράτορος παρὰ πᾶσι τοῖς εὖ φρονοῦσι πάντοτε φυσική, Str. V.87.2).

კლიმენტის აზრით, ყოველი ადამიანის “გონება” არის “ხატი” და “მსგავსება” ღვთის სიტყვისა. აი, მისი სიტყვები:

“ადამიანი იქმნა “ხატისაებრ და მსგავსებისაებრ”; ხატი ღვთისა არის საღვთო და სამეუფო სიტყვა,.. ხოლო ხატი ხატისა – ადამიანური გონება” (V. 94.4-5); შდრ. κατ' εἰκόνα καὶ ὁμοίωσιν τὸν ἄνθρωπον γεγονέναι. εἰκὼν μὲν γὰρ θεοῦ λόγος θεῖος καὶ βασιλικός... εἰκὼν δ' εἰκόνος ἀνθρώπινος νοῦς.

ამგვარად, კლიმენტის სწავლებით არსებობს კავშირი კაცობრივ გონებასა და ღვთის სიტყვას, ძე ღმერთს შორის. ამიტომ, ზოგმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ჭეშმარიტი რამ შეიცნო ღვთის შესახებ სწორედ მასში არსებული საღვთო ხატოვნების ანუ ღვთის სიტყვის ხატის, გონების გზით. ამგვარად ამბობს კლიმენტი: “ჩვენში არსებული საღვთო [ნაწილის] გზით ძალისამებრ ვჭვრეტთ შემოქმედებით [38]მიზეზს” (κἀκ τοῦ ἐν ἡμῖν θείου τὸ ποιητικὸν αἴτιον ὡς οἷόν τε συνθεωροῦντες, Str. I. 94.4).

ასე რომ, კლიმენტის მოძღვრებით, ფილოსოფია არის ღვთის სიტყვის გამოშუქება ანუ საღვთო მადლი, რაც ეწყალობათ ბერძნებს: “ფილოსოფია... არის ჭეშმარიტების ცხადი ხატი, ელინთათვის ბოძებული საღვთო ძღვენი”. (φιλοσοφίαν... ἀληθείας οὖσαν εἰκόνα ἐναργῆ, θείαν δωρεὰν Ἕλλησι δεδομένην, Str. I. 20.1).

კლიმენტი გვასწავლის, რომ ბერძნებმა ჭეშმარიტების მარცვალი აღმოაჩინეს არა მხოლოდ თავიანთი “გონებით”, არამედ აგრეთვე, საღვთო შთაგონების წიაღ, რაც აგრეთვე ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს. სწორედ ამგვარად გაიგება კლიმენტის სიტყვები: “ერთი მხრივ, ბუნებისათვის ნიშანდობლივ რამ თვისებას ფლობენ “ბრძენნი გონებითა”, ხოლო მეორე მხრივ, უმეტესად სამეუფო სიბრძნისაგან იღებენ ისინი “მგრძნობელობის სულს” (1.26.2: ἔχουσι μέν τι οἰκεῖον φύσεως ἰδίωμα οἱ σοφοὶ τῇ διανοίᾳ, λαμβάνουσι δὲ πνεῦμα αἰσθήσεως παρὰ τῆς κυριωτάτης σοφίας). ეს სიტყვები ეფუძნება “გამოსვლათა” წიგნის XXVIII,3 მუხლს. შდრ. “მოუწოდა ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღივსენ სულითა მგრძნობელობისაჲთა”. კლიმენტის სიტყვებში ფრაზა “ბრძენნი გონებითა” (οἱ σοφοὶ τῇ διανοίᾳ), ცხადია, გულისხმობს ბერძენ ფილოსოფოსებსაც. “სული მგრძნობელობისა” (πνεῦμα αἰσθήσεως) მიანიშნებს საღვთო შთაგონებას, ხოლო “უმეტესად სამეუფო სიბრძნე” (ἡ κυριωτάτη σοφία) არის იგივე სიტყვა ღვთისა, ძე ღმერთი. ზემორე ფრაზა “ბრძენნი გონებითა” კლიმენტისათვის რომ აუცილებლად გულისხმობს “ფილოსოფოსებსაც”, ამას ცხადყოფს მისი შემდეგი სიტყვბი: “ფილოსოფოსები განიწვრთნენ “მგრძნობელობის სულით” (οἱ τοίνυν φιλόσοφοι... πνεύματι αἰσθητικῷ συνασκηθέντες, Str. VI.154.1).

სხვაგან თქმულია, რომ ამგვარი საღვთო შთაგონება “გადმოღვრის” (ἀπόῤῥοια) შედეგად მიემადლათ ადამიანებს: “ყველა ადამიანში... ერთბაშად არის ჩაპკურებული საღვთო რამ გადმოღვრა” (πᾶσιν γὰρ ἁπαξαπλῶς ἀνθρώποις… ἐνέστακταί τις ἀπόῤῥοια θεϊκή, Protrepticus, 62.2). უფრო ცხადად იგივე აზრი გამოთქმულია შემდეგ სიტყვებში: “ელინებმა შეიწყნარეს საღვთო სიტყვის რაღაც ნაპერწკლები, და მცირე რამ წარმოთქვეს ჭეშმარიტებისა” (ἐναύσματά τι[39]να τοῦ λόγου τοῦ θείου λαβόντες Ἕλληνες ὀλίγα ἄττα τῆς ἀληθείας ἐφθέγξαντο, Protrepticus, 74.7). საღვთო ნაპერწკლის შეწყნარებას კლიმენტი წარმოსახავს, როგორც “წვიმისებრ გადმოსხმას”. ასე გვაუწყებს იგი: “ჩანს, რომ ელინური პირველსწავლება (ἡ προπαιδεία) თვით ფილოსოფიასთან ერთად ღვთისაგან მოიწია ადამიანებზე... ისე, როგორ წვიმები გადმოისხმება” (Καταφαίνεται τοίνυν προπαιδεία ἡ Ἑλληνικὴ σὺν καὶ αὐτῇ φιλοσοφίᾳ θεόθεν ἥκειν εἰς ἀνθρώπους, Str. 1.37.1; Pg. 732 B).

მოტანილი ბოლო ციტატა კლიმენტის მიერ დაკავშირებულია მთესავის იგავთან. მოგვაქვს ამ მეტად საყურადღებო ადგილის თარგმანი ზემორე ციტატის ჩართვით:

“ამგვარად, ჩანს, რომ ელინური პირველსწავლება, თვით ფილოსოფიასთან ერთადაც, ღვთისაგან მოიწია ადამიანებზე, თუმცა არა გამორჩევითად (οὐ κατὰ προηγούμενον), არამედ ისე, როგორც წვიმები გადმოისხმება კეთილ მიწაზე, სანეხვეზეც და სახლებზეც. აღმოაცენებს იგი ბალახსაც და თავთავსაც... ამჯერადაც სარგებლობის მომტანია “თესვის” იგავი, რაც განგვიმარტა უფალმა, რამეთუ ერთია მუშაკი კაცობრივი მიწისა (სიტყვ. “კაცთა შიგნით მიწისა”), ვინც სამყაროს დაფუძნებიდან ზეგარდმო თესავს მასაზრდოებელ თესლებს, ვინც აწვიმა საუფლო სიტყვა ჟამსა ყოველსა, ხოლო ჟამთა და შემწყნარებელ ადგილთა მიერ განსხვავებები იშვა. სხვაგვარად თესავს მიწის მუშაკი არა მხოლოდ ხორბლებს (თუმცა თვით მათშიც მრავალგვარი სხვაობაა), არამედ აგრეთვე, დანარჩენ თესლებსაც: ქერს, პარკოსნებს, ბარდას, მუხუდოს, ბაღჩეულსა და საყვავილე თესლებს. იმავე მიწადმოქმედებას განეკუთვნება მენერგეობა (მოშენება ნერგებისა, ბაღებისა, ხეხილისა) ანუ მთლიანად ყველაფერი ის, რაც ხეთა ბუნებასა და ზრდას უკავშირდება. მსგავსადვე, არა მხოლოდ მწყემსობის ხელობა, არამედ მენახირეობაც, მეცხენეობაც, მეძაღლეობაც და მეფუტკრეობაც, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა მეჯოგეობითი და მეცხოველეობითი საქმიანობა ურთიერთისაგან მეტნაკლებად სხვაობს, თუმცა ყოველი მათგანი სასარგებლოა ცხოვრებაში. რაც შეეხება ფილოსოფიას, ჩვენ ფილოსოფიად ვამბობთ არა სტოიკურ მოძღვრებას ანდა პლატონურს, ეპიკურულსა თუ არისტოტელურს, არამედ ვამბობთ რჩეულს “ფილოსოფიად” ანუ ერთობლივად ყოველსავე იმას, რაც კი აღნიშნული [40]სკოლებიდან თითოეულმა კეთილად თქვა და რაც სამართლიანობისა და კეთილმსახურებითი მეცნიერების შესახებ ასწავლეს მათ (სიტყვ. “ასწავლიდნენ რა სამართლიანობას კეთილმსახურებით მეცნიერებასთან ერთად”)2; მაგრამ რაც კი ადამიანური აზრებიდან ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, არასოდეს გვითქვამს ღვთიურად. ეხლა ისიც განვჭვრიტოთ, ცხოვრობენ თუ არა კარგად ისინი, რომლებმაც არ იციან კეთილის ქმნა. ხდება ხოლმე, რომ კეთილს იქმან ისინიც, ხოლო მათგან ზოგნი გამჭრიახობის წყალობით (δὶα συνέσεως ) ჭეშმარიტების შესახებ სიტყვასაც უმიზნებენ (εὐστοχοῦσι), თუმცა აბრაამი სარწმუნოების მიერ გამართლდა და არა საქმეთაგან (რომ. IV). ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ არავის არგებს ამჟამინდელი ქველმოქმედება, თუკი არა აქვს მას სარწმუნოება. სწორედ ამიტომ, ელინთა ენაზეც ითარგმნა წერილი, რომ აღარ ჰქონოდათ შესაძლებლობა უცოდინარობის მომიზეზებისა; მხოლოდ უნდა ენებათ მათ და შეძლებდნენ კიდე მოსმენას ჩვენსას, რადგანაც, ერთი მხრივ, სხვაგვარად ამბობს ვინმე ჭეშმარიტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ჭეშმარიტება სხვაგვარად განმარტავს თავის თავს. ასევე სხვა არის ვარაუდი ჭეშმარიტებისა და სხვა არის ჭეშმარიტება; სხვა არის მსგავსება და სხვა არის თავად არსი. პირველი მათგანი სწავლითა და წვრთნით მიიღწევა, მეორე კი ძალითა და რწმენით (καὶ ἣ μὲν μαθήσει καὶ ἀσκήσει περιγίνεται, ἣ δὲ δυνάμει καὶ πίστει), რადგანაც საღვთისმსახურო სწავლება საბოძვარია, სარწმუნოება კი – მადლი (δωρεὰ  γὰρ  ἡ διδασκαλία τῆς θεοσεβείας, χάρις δὲ ἡ πίστις) ... სამართლიანობისაკენ მიმართული გზები მრავალია და მრავალგვარი, ღმერთიც მრავალგვარად იჩენს მფარველობას, რადგანაც კეთილია იგი, ხოლო ამ გზებს მივყავართ საუფლო გზისა და კარიბჭისკენ. თუკი სამეუფო და ჭეშმარიტ (αὐθεντικὴ) შესასვლელს ეძიებ, ისმინე: “ეს არის კარიბჭე უფლისა. მართალნი შევლენ მასში” (ფს. 117,20), ამიტომ, თუმცა მრავალი კარიბჭეა გახსნილი, [კარიბჭე] სამართლიანობისა ეს იყო, - ქრის[41]ტეს წიაღ (πολλῶν τοίνυν ἀνεῳγμένων πυλῶν ἡν ἐν δικαιοσύνῃ αὕτη ἦν ἐν Χριστῷ). ნეტარი იყვნენ ყველანი, რომლებიც მასში შევიდნენ და რომლებმაც წარმართეს მათი მსვლელობა მცოდნეობით სიწმინდეში (...καὶ  κατευθύνοντες τὴν πορείαν αὐτῶν ἐν ὁσιότητι γνωστικῇ). მაგალითად კლიმენტი (რომაელი, ე.ჭ.) “კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში” განსხვავებას აწესებს ეკლესიურად გამოცდილ პირთა შორის (...τὰς  διαφορὰς ἐκτιθέμενος τῶν κατὰ τὴν ἐκκλησίαν δοκίμων) და სიტყვა-სიტყვით ამბობს: “იყოს ზოგი საიმედო, ზოგი იყოს შემძლე ცოდნის გადმოცემისა (...ἤτω δυνατὸς τις γνῶσιν ἐξειπεῖν), იყოს ბრძენი სიტყვათგანმრჩეველობაში, იყოს განსაცვიფრებელი საქმეთა მიერ” (Pg. VIII, col. 732-736).

ზემომოტანილ ვრცელ ციტატაში მრავალ სხვა უაღრესად საყურადღებო აზრთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია სწავლება მამაღმერთის მიერ ღვთის სიტყვის მთელ კაცობრიობაზე “წვიმების” შესახებ. ეგევე აზრი სრულიად აშკარად აქვს გამოთქმული კლიმენტის შრომაში “პედაგოგი”: “კეთილმოყვარე და კაცთმოყვარე მამამ აწვიმა სიტყვა” (Paed. I.41.3)3.

ამგვარად, კლიმენტი ალექსანდრიელი მამა ღმერთს წარმოგვიდგენს “მთვესელად”, ხოლო ღვთის სიტყვას, ძე ღმერთს კი – თესლთა ერთობლიობად, რაც წვიმისავით ეცემა “მიწას” ანუ ადამიანთა გონებას, ადამიანთა სულს. კლიმენტის კონკრეტული წყაროებია: “სიბრძნე სოლომონისა” (7.22-27), ეკლესიასტე 1,19, ფილონ ალექსანდრიელისა და წმ. იუსტინე მარტვილის შრომები.

რაც შეეხება ბერძნული ფილოსოფიის მეორე წყაროს, - ”ძველი აღთქმიდან” მოძღვრების ”მოპარვას”, - ამგვარი შეხედულება უფრო ადრე გამოთქმული იყო ჯერ ფილონის, შემდეგ წმ. იუსტინეს მიერ. მაგალითად, წმ. იუსტინე მიიჩნევდა, რომ პლატონის ფრაზა ”ღმერთი არის უმიზეზო” (θεὸς ἀναίτιος) (იხ. Rep .X. 617 e) მომდინარეობს მოსე წინასწარმეტყველიდან (იხ. Apol. 11,44). იუსტინე სრულიად აშკარად ამბობს, რომ მთელი პლატონური მოძღვრება სამყაროს წარმოშობის შესახებ ნასესხებია საღვთო წერილიდან (Apol. 1,59). როგორც ავღნიშნეთ, ამგვარი აზრი ხშირად გვხვდება კლი[42]მენტისთანაც. ეს უკანასკნელი უპირველესად ბერძენ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის ხანას განსაზღვრავს, ყურადღებას ამახვილებს ბევრი მათგანის არაბერძნულ წარმომავლობაზე, შემდეგ კი აღნიშნავს: “მათი უმეტესობა ბარბაროსია წარმოშობით და ბარბაროსთა შორის განისწავლნენ ისინი. ... გაირკვა, რომ პითაგორა ტვირინელია (Τυῤῥήνιος), ანტისთენე – ფრიგიელი, ორფევსი – ოდრისელი ან თრაკიელი, ჰომეროსი – ეგვიპტელი, როგორც ამას გვიჩვენებს ბევრი, ხოლო თალესი ფინიკიელი იყო ტომით, შემდეგ კი იგი ეგვიპტელ წინასწარმეტყველებს დაუკავშირდა, პითაგორას მსგავსად, რომელმაც ხსენებულ წინასწარმეტყველთა მიერ წინადაიცვითა რომ შეუვალთა შიგნით შესულიყო და ეგვიპტელთაგან ესწავლა საიდუმლო ფილოსოფია (...εἰς τὰ ἄδυτα κατελθὼν τὴν μυστικὴν παρ' Αἰγυπτίων ἐκμάθοι φιλοσοφίαν, Pg. VIII, 768 B). დაუკავშირდა იგი, აგრეთვე, ქალდეველთაგან რჩეულთ, მისი “ჰომაკოიონი”4 კი მოასწავებდა მას, რასაც ამჟამად ეკლესიას ვუწოდებთ. არც პლატონი უარყოფს, რომ რაც საუკეთესოა ფილოსოფიაში, ბარბაროსთაგან მოივაჭრა მან (Πλάτων δὲ οὐκ ἀρνεῖται τὰ κάλλιστα εἰς φιλοσοφίαν παρὰ τῶν βαρβάρων ἐμπορεύεσθαι ). აღიარებს კიდეც, რომ ეგვიპტემდე მიაღწია მან... ამიტომ უწოდა მან ბარბაროსთა ტომებს “ფილოსოფოსთა ტომები...” (γένη φιλόσοφον..., col. 769 C)... ამბობენ, რომ დელფოში სენატეს გვერდით მოჩანს რაღაც კლდე, სადაც თურმე იჯდა პირველი სიბილა, რომელიც ჰელიკონიდან5 მოსულა მუზების მიერ გამოზრდილი. ზოგიერთები მას ლამია სიდონელის ასულად და მალიანიდან მოსულად ამბობენ. სერაპიონი თავის ეპოსში გვაუწყებს, რომ სიბილა არ დამცხრალა წინასწარმეტყველებისაგან მაშინაც კი, როდესაც კვდებოდა (μηδὲ  ποθανοῦσαν λῆξαι  μαντικῆς  φησι τὴν Σίβυλλαν). ... ფილოსოფიაში უწინარესნი იყვნენ ეგვიპტელთაგან წინასწარმეტყველები, ასირიელთაგან – ქალდეველები, გალატელთაგან – დრუიდები, ბაქტრიელთაგან – სამანაიები (Σαμαναῖοι), აგრეთვე, კელტთა ტომიდან – სიბრძნისმეტყველნი, სპარსთა შორის მოგვები (ამ უკანასკნელებმა წინასწარ მოასწავეს მაცხოვრის შობა და ვარსკვლავის წინამძღვრობით იუდეის ქვეყანაში მოვიდნენ), ინდოელთა[43]გან – შიშველმართალნი (Ἰνδῶν τε οἱ γυμνοσο φισταί), და სხვა ბარბაროსი ფილოსოფოსები, რომელთა ტომი ორგვარია: სარმანები და ბრახმანებად წოდებულნი (οἳ μὲν Σαρμᾶναι αὐτῶν, οἳ δὲ  Βραχμᾶναι καλούμενοι)6. სარმანთაგან ცნობილი არიან “ალლობიოები” (Αλλοβιοι), რომლებიც არც ქალაქებში სახლობენ, არც თუ ჭერი აქვთ მათ რამე, არამედ იმოსებიან ხეთა ფოთლებით და ხილით იკვებებიან, ხოლო წყალს ხელებით სვამენ. არ იციან მათ არც ქორწინება, არც შვილების გაჩენა, როგორც მათ, რომლებსაც ამჟამად ენკრატიტები ეწოდებათ. ინდოელთაგან ზოგნი ერწმუნებიან ბუდას (Βούττα) სწავლებას (πάραγγελμα) და მას ზეაღმატებული სიწმინდის გამო ღმერთად პატივყოფენ. სკვითელი იყო ანახარისისი, რომლის შესახებაც წერია, რომ აღემატებოდა იგი მრავალ ბერძენ ფილოსოფოსს. ჰელანიკოსი მოგვითხრობს, რომ რიპეის მთებში7 მკვიდრობდნენ ჰიპერბორეელები8, რომლებიც ასწავლიდნენ სამართლიანობას (ἡ δικαιοσύνη), არ ჭამდნენ ხორცს, არამედ მხოლოდ ხილს. სამოცწლიანებს ისინი კარიბჭის გარეთ გაიყვანდნენ და უჩინოჰყოფდნენ. ასევე არიან გერმანელთა შორის ე.წ. წმიდა ქალები (αἱ ἱεραὶ καλούμεναι γυναῖκες), რომლებიც ჩააცქერდებოდნენ მდინარეთა წრებრუნვებს და ნაკადთა ტრიალისა და ხმაურის მიხედვით მიანიშნებდნენ და წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ამათ ყოველთა დიდად უხუცესი არის იუდეველთა ტომი. პითაგორელმა ფილონმა9 აშკარად ცხადყო, რომ იუდეველთა ფილოსოფია, დაწერილი სახით, აღმოცენდა უწინარეს ელინთა ფილოსოფიისა. ამასვე ამბობს არისტობულე პერიპატეტიკოსიც, და კიდევ ბევრი სხვა... უცხადესად წერს მწერალი მეგასთენე, თანამედროვე სელევკოს ნიკატორასი, “ინდიელთა შესახებ” შრომის მესამე ნაწილში: “ყოველივე ის, რაც ბუნების შესახებ ითქვა ძველების მიერ, თქმულია, აგრეთვე, არაელინ ფილოსოფოსთა მიერ. ნაწი[44]ლი ინდოელთა შორის ბრახმანთა მიერ, ნაწილი კი სირიაში მათგან, რომელთაც იუდეველები ეწოდებათ10... არა მხოლოდ ფილოსოფიის, არამედ თითქმის ყველა ხელობის აღმომჩენი ბარბაროსები არიან” (Str. XVI; Pg. VIII, col. 784 B).

ბერძნული ფილოსოფიისადმი კლიმენტის დამოკიდებულება კარგად ჩანს იოანეს სახარების შემდეგ სიტყვათა კომენტარში: “უფლის მოსვლამდე ყველანი მპარავნი არიან და ავაზაკები” (იოანე X,8); მოგვაქვს კლიმენტის განმარტება: “ამბობენ, რომ წერილს არს უფლის მოსვლამდე ვინ იყვნენ, ყველანი მპარავნი არიან და ავაზაკები”... მაგრამ წინასწარმეტყველები, რადგანაც ისინი უფლის მიერ წარმოიგზავნენ და სულიერიქმნენ, არიან არა მპარავნი, არამედ მსახურნი. ამბობს წერილი: “წარგზავნა სიბრძნემ მისი მსახურნი და თანაუწოდა მაღალი მოძღვრებით ღვინის სასმისისაკენ” (იგავ. 9,3); ხოლო ფილოსოფია არ მოვლინებულა უფლის მიერ, არამედ მოვიდა, როგორც ამბობს, მოპარულად (κλαπεῖσα) ანდა გადმოცემულ იქნა მპარავის მიერ. ამგარად, ძალმა თუ ანგელოზმა, რომელმაც ისწავლა ნაწილი ჭეშმარიტებისა, მაგრამ ვერ დაიმკვიდრა მასში (ჭეშმარიტებაში, ე.ჭ.), ეს ნაწილი შთაბერა და პარვით ასწავლა ფილოსოფოსებს, ხოლო უფალი, რომელმაც თითოეული არსების დასაფუძვლებამდე სამომავლო საქმეთა სასრულიც უწყოდა, ცხადია არ იყო უმეცარი [მპარველობისა], მაგრამ არ დააბრკოლა მან იგი, რადგანაც მაშინ რამდენადმე სასარგებლო იყო ადამიანებამდე მოსული ნაქურდალი” (col. 796-797).

კლიმენტი ალექსანდრიელი აკონკრეტებს აღნიშნულ აზრს “სტრომატას” V წიგნში:

“პირველ სტრომატაში ვაჩვენეთ, რომ ელინი ფილოსოფოსები მპარავებად იწოდებიან, რამდენადაც მათ მოსესაგან და წინასწარმეტყველთაგან უმადლოდ (οὐκ  εὐχαρίστως) აიღეს უმთავრესი დოგმატები (τὰ  κυριώτατα τῶν δογμάτων). დავძენთ, აგრეთვე, რომ იმ ანგელოზებმა, რომლებიც ზენა ნაწილის წილხვედრნი იყვნენ და რომლებიც ვნებამდე ქვედაცურდნენ, ქალებს გაუცხადეს საიდუმლონი, რაც კი მათ იცოდნენ (სიტყვ. “მათ ცოდნამდე იყო მიღწეული”) და რასაც სხვა ანგელოზები ფარავდნენ ან, უფრო, იცავდნენ უფლის [45]მოსვლამდე (οἱ ἄγγελοι ἐκεῖνοι οἱ τὸν ἄνω κλῆρον εἰληχότες  κατολισθήσαντες εἰς  ἡδονὰς ἐξεῖπον τὰ ἀπόρρητα ταῖς γυναιξίν, ὅσα γε εἰς γνῶσιν αὐτῶν ἀφῖκτο, κρυπτόντων τῶν ἄλλων ἀγγέλων, μᾶλλον δὲ τηρούντων εἰς τὴν τοῦ κυρίου παρουσίαν). აქედან გამოიღვარა მოძღვრება წინაგანგების შესახებ და ზეციურთა აპოკალიფსი (ἐκεῖθεν ἡ τῆς προνοίας διδασκαλία ἐρρύη καὶ ἡ τῶν μετεώρων ἀποκάλυψις, V.10.2-3). წინასწარმეტყველება გადაეცათ ელინთა პოეტებს, ხოლო აზროვნებითი მოღვაწეობა – ფილოსოფოსებს (ἡ δογματικὴ πραγματεία τοῖς φιλοσόφοις, იქვე).

ზემოგანხილული სამი გზა ბერძნული ფილოსოფიის წარმოშობისა კლიმენტი ალექსანდრიელთან წინააღმდეგობაში არ არის, როგორც ეს ზოგ მკვლევარებს წარმოუდგენია. არც შეიძლება, რომ წინააღმდეგობა იყოს ერთი ავტორის მიერ მოწოდებულ კომენტარში, მითუმეტეს, რომ ბერძნული ფილოსოფიის სამივე წყარო ხშირად გვერდიგვერდ არის განხილული კლიმენტის მიერ. საქმე ისაა, რომ ბერძენ ფილოსოფოსთა მოძღვრებაში კლიმენტი ალექსანდრიელი ჭვრეტს როგორც (I) ნასესხობას “ბარბარსოთა” ფილოსოფიიდან, ასევე (II) საკუთარი გონების (როგორც ყველა ადამიანში არსებული საღვთო ხატის) ძალისხმევით მოპოვებულ რაღაც ნაწილს ჭეშმარიტებისას და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, (III) ღვთის სიტყვის მიერ მომადლებულ საბოძვარს, რაც სიმბოლურად “წვიმის” სახით წარმოუდგენია კლიმენტის.

ეს მესამე გზა მეტად საყურადღებოა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ზოგან კლიმენტი ბერძნულ ფილოსოფიას სრულიად აშკარად უწოდებს ღვთის სიტყვის, ძე ღმერთის საბოძვარს, ზოგან კი ამ საბოძვარს არა უშუალოდ ძე ღმერთისგან, არამედ ქვემორე ანდა დაცემულ ანგელოზთა მეშვეობით მონიჭებულად დაგვისახავს. ამგვარ აზრს გამოთქვამს კლიმენტი “სტრომატას” VII წიგნში: “საღვთო წინასწარმეტყველებანი ცხადად წარმოაჩენს, რომ ჰგიეს სიტყვა ღვთისა, რომელიც არის ჩვენს მიერ თქმული უფალი და მაცხოვარი... იგია, ვინც მისცა, აგრეთვე, ელინებს ფილოსოფია ქვენა ანგელოზთა მიერ (...οὗτός ἐστιν ὁ διδοὺς καὶ τοῖς Ἕλλησι τὴν φιλοσοφίαν διὰ τῶν ὑποδεεστέρων ἀγγέλων, Pg. IX, 409 B).

ზემოთ აღნიშნული იყო, რომ ქვენა ანგელოზთა მიერ ელინებისათვის ზეციურ საიდუმლოთა გაცხადება უფლის ნებით ხდება, რადგანაც სარგებლობა მოაქვს მას; ამიტომ, თუნდაც მარტოდენ და[46]ცემულ ანგელოზთაგან გადასცემოდათ ბერძნებს ფილოსოფია, ეს ფილოსოფია მაინც არსობრივად საღვთო საბოძვარი, საღვთო წარმოშობისა იქნებოდა, რადგანაც, კვლავ გავიმეორებთ, რომ თვით ანგელოზურ ძალთა მიერ საუფლო ჭეშმარიტბიდან რაღაც ნაწილის “მოპარვა” და მისი “შთაბერვა” ელინებისადმი უზენაესი ყოვლისმცოდნეობის წინაშე აღსრულდება და ღვთის ნებით, ღვთის ნებართვით დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ “მპარველ” ანგელოზთა დაცემულობა თავისთავად გულისხმობს ამ ანგელოზთა გავლით მომდინარე “ცოდნის” არასრულყოფილებასა და ხსენებულ ანგელოზთა დაცემით განპირობებულ უმეცურლ ბუნდოვანებას, რის გამოც ელინურ და, საზოგადოდ, არაბიბლიური, არაქრისტიანული სიბრძნე მხოლოდ ნაპერწკლებს შეიცავდა ჭეშმარიტებისას და ეს ნაპერწკლები, ცხადია, შეზავებული იყო ცრუსიბრძნესთან, უმეცრულ ცრუმორწმუნეობასთან. ანტიკური ფილოსოფიის, წარმართული სიბრძნის ჭეშმარიტება სწორედ ამ მიმოფანტული “ნაპერწკლების” ერთობლიობაში გამოიხატება, რასაც კლიმენტი ალექსანდრელი, როგორც ვნახეთ, “რჩეულ ფილოსოფიას” (ἡ ἐκλεκτικὴ φιλοσοφία) უწოდებს. აი, ეს “რჩეული ფილოსოფიაა” ჭეშმარიტი საბოძვარი ღვთისა ელინებისადმი, ზოგადად კაცობრიობისადმი. აი, ამ “ფილოსოფიას” უწოდებს კლიმენტი “ჭეშმარიტების ცხად ხატს, ელინებისადმი ბოძებულ საღვთო ძღვენს” (... ἀληθείας οὖσαν εἰκόνα ἐναργῆ, θείαν δωρεὰν Ἕλλησί δεδομένην, Pg. VIII, col. 709 B).

ზემოთქმული, ვფიქრობთ, გასაგებს ხდის, რომ ელინები ეზიარნენ არა უშუალოდ ძე ღმერთის საიდუმლოს, არა მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას, არა იესო ქრისტეს მაცხოვარებას, არამედ მათ ხსენებულ უზენაესი სიბრძნის მხოლოდ შორეულ ანარეკლს, შორეულ მსგავსებას გაუსწორეს თვალი, მხოლოდ “ნაპერწკლები” მოისთველეს საუფლო დიდებისა.

ღვთისმცოდნეობის კლიმენტისეული მოძღვრება ეფუძნება მის სწავლებას კაცობრიობის სულიერი შემთვისებლობითი ხარისხების შესახებ, რაც ნიშნავს: შემეცნების მიზანი ყველასათვის ყოველჟამს ერთია, რადგანაც ერთი ღმერთი სუფევს ყოველთა ზედა. ამიტომ განსხვავებას ქმნის არა შემეცნების მიზანი ანუ შემეცნების არსი, არამედ თავად შემმეცნებელი სულიერი მდგომარეობა ანუ ის, [47]თუ რა სულიერ სიმაღლეზეა ესა თუ ის შემმეცნებელი პირი, რა ზომით ძალუძს მას ჭეშმარიტების შეწყნარება, რაოდენ განხმული აქვს მას შემეცნებითი თვალი. სწორედ ეს იგულისხმება კლიმენტის სიტყვებში: “... ერთი და მხოლოდ ღმერთი ელინთა მიერ წარმართულად, იუდეველთა მიერ იუდეურად, ჩვენს მიერ კი (ქრისტიანთა მიერ, ე.ჭ.) ახლად და სულიერად (“პნევმატიკოს”) შეიმეცნება” (...τὸν ἕνα καὶ μόνον θεὸν ὑπὸ μὲν Ἑλλήνων ἐθνικῶς, ὑπὸ δὲ  Ἰουδαίων Ἰουδαϊκῶς, καινῶς δὲ ὑφ' ἡμῶν καὶ  πνευματικῶς γινωσκόμενον, Pg. IX, 261 B).

ზემორე ციტატას უშუალოდ წინ უძღვის კლიმენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ფილოსოფია ელინებისათვის პირობითად, სიმბოლურად არის ღვთისაგან მომდინარე რამ “აღთქმა”, მსგავსი ჭეშმარიტი “ძველი აღთქმისა”, რომლის შემდეგ ქრისტიანებს ეძლევათ “ახალი აღთქმა”. აი კლიმენტის სიტყვები: “ახალი [აღთქმა] ჩვენ დაგვიდო [ღმერთმა], რადგანაც ელინთა და იუდეველთა [აღთქმანი] ძველია, ხოლო ჩვენ, ქრისტიანები, როგორც მესამე ტომი, ახლად თაყვანისვცემთ მას” (νέαν ἡμῖν διέθετο· τὰ γὰρ Ἑλλήνων καὶ Ἰουδαίων παλαιά, ἡμεῖς δὲ οἱ καινῶς αὐτὸν τρίτῳ γένει σεβόμενοι Χριστιανοί, Pg. IX, col. 261 A).

იქვე კლიმენტი ბერძნულ ფილოსოფიას კვლავ ადარებს ორ აღთქმას (“ძველსა” და “ახალს”) და ამ უკანასკნელთა მსგავსად ფილოსოფიასაც ღვთივბოძებულად აღიარებს: “თვით ღმერთი არის ორივე აღთქმის მომნიჭებელი, რომელიც არის აგრეთვე ელინებისათვის მიმცემელი ფილოსოფიისა, რითაც ელინთა შორის იდიდება ყოვლისმპყრობელი” (ὁ αὐτὸς θεὸς ἀμφοῖν ταῖν διαθήκαιν χορηγός, ὁ καὶ τῆς Ἑλληνικῆς φιλοσοφίας δοτὴρ τοῖς  Ἕλλησιν, δι' ἧς ὁ παντοκράτωρ παρ'  Ἕλλησι δοξάζεται, col. 261 B).

კლიმენტი ალექსანდრიელი მოტანილო მსჯელობას ასე აგრძელებს: “როგორც ელინური სწავლებისაგან, ასევე რჯულისეულისაგანაც ისინი, რომლებიც რწმენას იღებენ, შემოკრბებიან გამოხსნილი ერის ერთ ტომში, რადგანაც არათუ დროში იყოფა ეს სამი ერი, რაც თითქოს სამმაგ ბუნებას გულისხმობს, არამედ სხვადასხვა აღთქმათა მიერ განისწავლნენ ისინი, თუმცა კი არიან ერთი უფლის, ერთი უფლის სიტყვისაგან, რადგანაც, ისევე, როგორც ნებავდა ღმერთს იუდეველთა გამოხსნა და ამიტომაც მიანიჭა მათ წინასწარმეტ[48]ყველნი, ასევე, ელინთა შორის უმეტესად სახელგანთქმულნი მათ მშობლიურ ენაზე წინასწარმეტყველებად წარმოაჩინა (რამდენადაც ძალუძდა მათ შეწყნარება ღვთისმიერი ქველმოქმედებისა) და მდაბიო კაცთაგან გამოარჩია ისინი” (ἐκ γοῦν τῆς Ἑλληνικῆς παιδείας, ἀλλὰ καὶ ἐκ τῆς νομικῆς εἰς τὸ ἓν γένος τοῦ σῳζομένου συνάγονται λαοῦ οἱ τὴν  πίστιν προσιέμενοι, οὐ χρόνῳ διαιρουμένων τῶν τριῶν λαῶν,  ἵνα τις φύσεις  ὑπολάβοι τριττάς, διαφόροις δὲ  παιδευομένων διαθήκαις τοῦ ἑνὸς κυρίου, ὄντας ἑνὸς κυρίου ῥήματι· ἐπεί, ὅτι καθάπερ Ἰουδαίους σῴζεσθαι  ἠβούλετο ὁ θεὸς τοὺς προφήτας διδούς, οὕτως καὶ Ἑλλήνων τοὺς δοκιμωτάτους οἰκείους αὐτῶν τῇ διαλέκτῳ  προφήτας  ἀναστήσας, ὡς οἷοί τε ἦσαν δέχεσθαι τὴν παρὰ τοῦ θεοῦ εὐεργεσίαν, τῶν χυδαίων ἀνθρώπων διέκρινεν, Pg. IX, col. 264 A).

“სტრომატას” VI წიგნის VI თავის დასაწყისში კლიმენტი ალექსანდრიელი კვლავ გვასწავლის: “ისევე, როგორც ახლა დროულად მოდის მოძღვრება, ასევე დროულად მიეცა რჯული და წინასწარმეტყველნი ბარბაროსებს, ელინებს კი – ფილოსოფია, რაც მოძღვრებისათვს (ე.ი. ქრისტიანობისათვის, ე.ჭ.) აჩვევს მათ ყურებს” (ὡς κατὰ καιρὸν ἥκει τὸ κήρυγμα νῦν, οὕτως κατὰ καιρὸν ἐδόθη νόμος μὲν καὶ προφῆται βαρβάροις, φιλοσοφία δὲ  Ἕλλησι, τὰς ἀκοὰς ἐθίζουσα πρὸς τὸ κήρυγμα, t. IX, col. 265 A).

როგორც ვხედავთ მოტანილი ციტატიდან აშკარად იკვეთება აზრი ელინური ფილოსოფიის, როგორც მოძღვრებისათვის ანუ ქრისტიანობისათვის ელინთა მოსამზადებელი სწავლების შესახებ, ბოძებულისა ღვთისაგან შესაფერის დროს. ეს აზრი სხვა ადგილას უფრო ცხადადაა გამოთქმული: “არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ზოგადი აზრით, ყოველივე ის, რაც საჭიროა და სასარგებლოა ცხვრებაში, ღვთისაგან მოდის ჩვენამდე, ფილოსოფია კი, რომელიც ელინებს უფრო მათთვის შესაფერისი “აღთქმის”მსგავსად მიეცათ, არის ქვესაფეხური ქრისტესმიერი ფილოსოფიისა” (Pg. IX, 283-284).

ერთგან კლიმენტი ფილოსოფოსებს მხატვრებს ადარებს, რომლებიც მხოლოდ მსგავსებას გამოსახავენ: “ფილოსოფოსებიც, თითქსდა [49]ხატვით, ჭეშმარიტების მსგავსებას წარმოაჩენენ” (καὶ οἱ φιλόσοφοι ζωγραφίας δίκην ἀπομιμοῦνται τὴν ἀλήθειαν, col. 277 C).

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებით, ყოველგვარი მართებული აზრი უფლისმიერი წარმომავლობისაა, რადგანაც “ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, რომელმაც სათავე დაუდო ყოველივეს”. კლიმენტი იმოწმებს მათე მახარებლის სიტყვებს: “ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ” (23,10) და დასძენს: “ხედავ, საიდან მომდინარეობს ჭეშმარიტი ფილოსოფია? ... როგორც შემოქმედი ღმერთისაკენ აღისწრაფებს ყოველი ტომი, ასევე უფლისაკენ [აღისწრაფებს] მოძღვრება კეთილ საქმეთა შესახებ, მოძღვრება მართლმყოფელი, აქეთკენ ხელამპყრობელი და შემწევნელი. თუკი ვიღაცეები რომელიმე ქმნილებისაგან მიღებულ ჭეშმარიტების თესლებს ვერ ააღორძინებენ და ნაცვლად ჩააგდებენ ამ თესლებს უნაყოფო და ურწყლ მიწაში, სადაც ველური ბალახები მოსპობენ მათ (მსგავსად ფარისეველთა, რომლებმაც კაცობრივი სწავლებანი შემოიტანეს და რჯულისაგან გადაუხვიეს), დამნაშავე იქნება არა მაგვარ კაცთა მოძღვარი, არამედ თავად ისინი, რომლებმაც ურჩება ამჯობინეს. როდესაც ვინმე მათგანი ირწმუნებს უფლის მოსვლასა და წერილთა ცხადლივობას (ἡ σαφηνεία), იგი შეიცნობს რჯულსაც (ἐν ἐπιγνώσει γίνονται τοῦ νόμου, IX, col. 281 A). ფილოსოფიისაგან [მოქცეულებიც] საუფლო მოძღვრების მიერ ჭეშმარიტი ფილოსოფიის შეცნობას მიაღწევენ (καθάπερ καὶ οἱ ἀπὸ φιλοσοφίας διὰ τῆς τοῦ κυρίου διδασκαλίας ἐν ἐπιγνώσει τῆς  ἀληθοῦς  φιλοσοφίας καθίστανται, col. 281 A), რაც ნიშნავს, რომ მცოდნეობითი სული (ἡ γνωστικὴ ψυχή) მრავალგვარად განიწმინდება მიწიერ განხურვებათაგან განდგომის გზით”11.

კლიმენტისათვის “ფილოსოფია” არის ქვესაფეხური ჭეშმარიტი “მცოდნეობისა”, “გნოსტიკურობისა” (არ აგვერიოს “ცრუგნოსტიციზმში”), “ცოდნისა”. ამიტომ, გნოსტიკურობამდე ანუ “მცოდნეობითობამდე” ამაღლებული “ფილოსოფოსი” კვლავ აღარ უნდა მიიქცეს “ფილოსოფიისაკენ”, რადგანაც ეს იქნებოდა ძველისაკენ ქვედადაბლე[50]ბა, უკუსვლა. ამიტომ აღნიშნავს კლიმენტი: “თვით პავლეც თავის ეპისტოლეებში არ ჩანს ფილოსოფიის მგმობელი, მაგრამ იგი მას, ვინც ეზიარა “მცოდნეობით” სიმაღლეს (“გნოსტიკურ სიმაღლეს” - τοῦ γνωστικοῦ ὕψους), აღარ უსურვებს კვლავ მიბრუნებას (παλινδρομεῖν) ელინური “ფილოსოფიისაკენ”, იმ ფილოსოფიისაკენ, რასაც სახეობრივად აღნიშნავს სამყაროს სტიქიონები ანუ პირველსაფუძვლები, რადგანაც ეს ფილოსოფია სწორედ პირველსაფუძვლების შემცველია (στοιχειωτικήν  τινα  οὖσαν) და იგი წარმოადგენს ჭეშმარიტების წინამორბედ სწავლებას (“პროპაიდეა” - προπαιδείαν  τῆς  ἀληθείας; col. 284 C)12. ამიტომ, როდესაც მისწერს პავლე ებრაელებსაც, რომლებიც სარწმუნოებიდან (ე.ი. ქრისტიანობიდან, ე.ჭ.) რჯულისაკენ (აქ: იუდაიზმისაკენ) მიდრკებოდნენ, ასე ამბობს იგი: “ნუთუ კვლავ გმართებთ თქვენ სწავლა, თუ როგორია ღვთის სიტყვათა დასაბამის პირველსაფუძვლები? ნუთუ გმართებთ რძე და არა მაგარი საკვები?” (ებრ. 5,12). მსგავსადვე მიმართავს იგი ელინთაგან მოქცეულ კოლასელებს: “გაფრთხილდით, არავინ წარგიტაცოს თქვენ ფილოსოფიის ანდა ფუჭი ცთომილების მიერ ადმაიანთა გადმოცემის კვალბაზე, თანახმად ამ სამყაროს სტიქიონებისა და არა ქრისტეს თანახმად” (კოლას. 2,8).

მთელი ზემორე მსჯელობა ცხადყოფს, რომ კლიმენტის აზრით ელინური ფილოსოფია არის მოსამზადებელი ეტაპი ანუ წინასაფეხური ქრისტიანობისა, რაც ეფუძნება მისსავე თვალსაზრისს ფილოსოფიის საღვთო წარმომავლობის შესახებ. ასე გვაუწყებს კლიმენტი: “თუნდაც თქვას ვინმემ, რომ კაცობრივი გონებით აღმოაჩინეს ელინებმა ფილოსოფია, საღვთო წერილი, როგორც მასში ვპოულობთ, საკუთრივ გონებას ღვთივმომლენილად ამბობს (κἂν λέγῃ τις κατὰ σύνεσιν ἀνθρώπων φιλοσοφίαν ηὑρῆσθαι πρὸς Ἑλλήνων, ἀλλὰ τὰς γραφὰς  εὑρίσκω  τὴν  σύνεσιν θεόπεμπτον εἶναι λεγούσας, Pg. IX, col. 284). მეფსალმუნე უდიდესი საბოძვარად რაცხს გონებას (ὁ  γοῦν  ψαλμῳδὸς μεγίστην ἡγεῖται δωρεὰν τὴν σύνεσιν) და თხოვნით ამბობს: “შენი მონა ვარ მე, გონიერ – მყავს მე” (ფს. 118,125) (col. 285 A).

[51]აქვე კლიმენტის მოაქვს პეტრე მოციქულის სიტყვები “საქმე მოციქულთას” წიგნიდან: “ყველა ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი შემწყნარებელია მისი” (საქმე 10, 34-35), შემდეგ იგი იშველიებს ფსალმუნის სიტყვებს: “”ხმაი უფლისაი წყალთა ზედა” (ფს. 28,3) და დასძენს: “ეს საწინასწარმეტყველო სიტყვაც იმავე მნიშვნელობისაა და იგი გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა “აღთქმებს”, არამედ მოძღვრების ნაირსახეობებსაც ბარბაროსთა და ელინთა შორის, რაც კი სამართლიანობისკენ მიგვიძღვის. დავითი კვლავაც აშკარად ემოწმება ჭეშმარიტებას და ფსალმუნებს: “მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი” (ფს. 9,18); ცხადია, რომ [წარმართებმა] “დაივიწყეს” ის, რაც ადრე ახსოვდათ, და რაც დავიწყებამდე იცოდნენ, ის უგულებელყვეს. ასე რომ, იყო რაღაც ბუნდვანი ცოდნა ღვთისა წარმართთა შორისაც” (ἦν ἄρα εἴδησίς τις ἀμαυρὰ τοῦ θεοῦ καὶ παρὰ τοῖς ἔθνεσι, 285 C).

ამგვარად, რომ შევაჯამოთ, კლიმენტის მოძღვრებით, ბერძნული ფილოსოფია ანუ “რჩეული ფილოსოფია” ელინთა შორის არსობრივად ღვთივმომდინარეა, მაგრამ ეს არსობრივი ნაწილი, ჭეშმარიტების ნაპერწკლები, მიმოფანტულია ცრუსბრძნის წიაღში ანუ უფლისაგან დათესილი კეთილი თესლი ღვარძლის თესლში არის შერეული. თუ ვინ არის ღვარძლის ანუ უკეთურების მთესველი და ჯეჯილის გვერდით სარეველად დამნერგველი, ამის შესახებ კლიმენტი გვაუწყებს: “როგორც ბარბარულ ფილოსოფიაში, ასევე ელინურში “დაითესა ღვარძლი” (მათ. 13,25) იმ მიწადმოქმედის მიერ, ვინ ღვარძლთა თვისებისაა. ამის შედეგად, ერთი მხრივ, ჩვენს შორის ნაყოფიერ თავთავთან ერთად თანააღმოცენდა მწვალებლობანი, ხოლო, მეორე მხრივ, ელინურ ფილოსოფიაში ქადაგებულ იქნა ეპიკურეს უღმერთოება და ჰედონიზმი, აგრეთვე, ყველაფერი ის, რაც მართალი სიტყვის გვერდით დაითესა და რაც ღვთისაგან ელინთათვის ბოძებული მიწადმოქმედების ცრუ ნაყოფად წარმოადგენენ. მას “ამ საუკუნის სიბრძნეს” სახელსდებს მოციქული, - [სიბრძნედ] სიამტკბილობისა და თავმოყვარეობისა... ასე რომ, ეს ნაწილობრივი ფილოსოფია არის ჭეშმარიტად სრული მეცნიერების პირველსაფუძველთა შემცველიც, - [იმ მეცნიერებისა], რომელიც სამყაროს მიღმა [არსებულ] გონისეულ და, კიდევ მათზე უსულიერეს [52][ძალთა] ირგვლივ მიმოიქცევა13, “რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და ადამიანთა გულამდე არ მისულა” (I კორ. 11,9).

დასასრულს მოვტანთ თავად კლიმენტი ალექსანდრიელის შემაჯამებელ სიტყვებს ელინური ფილოსოფიის რაობის შესახებ14:

“ამგვარად, უფლის მოსვლამდე ელინებში ფილოსოფია იყო, როგორც სამართლიანობისათვის აუცილებელი რამ, აწ კი იგი სასარგებლო არის ღვთისმსახურებისათვის, რადგანაც წარმოადგენს გარკვეულ მოსამზადებელ სწავლებას (“პროპაიდეა”) მათთვის, რომლებიც სარწმუოებას დამტკიცების გზით შეიწყნარებენ, რამეთუ წერილი ამბობს: “ფერჴი შენი არა წარსცე” (იგავ. 3,23). ამით იგი წინაგანგებას განუკუთვნებს ყოველსავე კარგს, ელინური იქნება იგი, თუ ჩვენეული, რადგანაც ყოველივე კარგის მიზეზი არის ღმერთი, თუმცა ზოგისა უშუალოდ (“განსაკუთრებით” - κατὰ προηγούμενον), როგორც ძველი და ახალი აღთქმისა, ზოგისა კი – შედეგობრივად (κατ' ἐπακολούθημα), როგორც ფილოსოფიისა, თუმცა მაშინ, ალბათ, ელინებსაც უშუალოდ მიეცათ იგი, ვიდრე უფალი უხმობდა მათაც, რადგანაც ისევე “უწინამძღვრებდა” (“პედაგოგობდა” - ἐπαιδαγώγει) ფილოსოფია ელინებს ქრისტესკენ, როგორც “რჯული” ებრაელებს. ასე რომ, წინაშეამზადებს (“პროფარასკეუაძეი” - προπαρασκευάζει) და წინამეგზურობს (προοδοποιοῦσα) ფილოსოფია მას, ვინც ქრისტეს მიერ სრულიქმნება (προπαρασκευάζει τοίνυν ἡ φιλοσοφία προοδοποιοῦσα τὸν ὑπὸ Χριστοῦ τελειούμενον, col. 720 A). ... ერთია ჭეშმარიტების გზა, მაგრამ ამ გზას, როგორც მარადიულ მდინარეს, სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ნაკადი თანაშეედინება” (μία μὲν οὖν ἡ τῆς ἀληθείας ὁδός, ἀλλ' εἰς αὐτὴν καθάπερ εἰς ἀέναον ποταμὸν ἐκρέουσι τὰ  ῥεῖθρα ἄλλα ἄλλοθεν, col. 720 A).


1 - ეს შენიშვნა ეფუძნება ს. ლილას ზემოდასახელებული შრომის 1 თავს, სათაურით: ”კლიმენტის შეხედულებები ბერძნული ფილოსოფიის წარმოშობისა და ღირსების შესახებ” (გვ. 9-60).

2 - შდრ. ორიგინალი: φιλοσοφίαν δὲ οὐ τὴν Στωϊκὴν λέγω οὐδὲ  τὴν Πλατωνικὴν ἢ τὴν Ἐπικούρειόν τε καὶ Ἀριστοτελικήν, ἀλλ' ὅσα  εἴρηται παρ' ἑκάστῃ τῶν αἱρέσεων τούτων καλῶς, δικαιοσύνην μετὰ εὐσεβοῦς ἐπιστήμης ἐκδιδάσκοντα, τοῦτο σύμπαν τὸ ἐκλεκτικὸν φιλοσοφίαν φημί, Pg. VIII, col. 732 D.

3 - ფილოსოფიის ზეცით ”წვიმების” შესახებ გვაუწყებს ფილონ ალექსანდრიელიც: ”ფილოსოფია აწვიმა ცამ, ხოლო შეიწყნარა ადამიანის გონებამ” (φιλοσοφίαν ὤμβρησε ὁ οὐρανός, ἐχώρησε δὲ ὁ ἀνθρώπινος νοῦς, De Spec. Leg. III, 185).

4 - ”ჰომაკოიონი” - ὁμακοεῖον ან ὁμακοϊον - პითაგორელთა სასწავლებელი. თვით სიტყვა ნიშნავს ”თანამოსმენას”, ”თანამსმენელობას”.

5 - ჰელიკონი (’Ελϊκών) - მთა ბეოტიაში, მუზათა სამყოფელი.

6 - ამ ორი ინდური ტომის შესახებ გვაუწყებს ორიგენეც, რომელიც ”სარმანების” ნაცვლად ”სამანებს” ამბობს: ”ეგვიპტელთა ბრძენნი ანდა სპარსთა შორის სწავლული მოგვები (μάγων οἱ λόγιοι) ანდა ინდოელ ფილოსოფოსთაგან ბრახმანები თუ სამანები (ἤ τῶν παρ’ ‘Ινδῶν φιλοσοφύντων βραχμᾶνες ἢ Σαμαναῖοι) (იხ. Origenes, Contra Celsum, Lib, I. p. 19; P. VIII, col. 779, n. 29).

7 - რიპე - Ριπαί - მითიური მთა უკიდურეს ჩრდილოეთში.

8 - ჰიპერბორეელები - ‘Υπερβόρεοι - ეტიმოლოგიურად ნიშნავს უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრებთ.

9 - ალბათ, იგულისხმება იუდეველი ფილოსოფოსი ფილონ ალექსანდრიელი (I-II სს.).

10 - კლიმენტი მოსეს მოძღვრებას უწოდებს ”უძველეს ფილოსოფიას” (ἡ ἀρχαιοτάτη φιλοσοφία).

11 - ”მცოდნეობით” ანუ გნოსტიკურ სულად კლიმენტი რაცხს იმ სულს, რომელმაც შეიწყნარა ”მცოდნეობითი გადმოცემა”. კლიმენტი ასე მსჯელობს: ”თუკი თავად ქრისტეს ღვთის ”სიბრძნედ” და ”მოქმედად” (ἐνέργεια) ვამბობთ... რომლის მიერაც გვმართებს ვისწავლოთ ”მცოდნეობითი გადმოცემა” (...δἰ ἧς ἐστι τὴν γνωστικὴν παράδοσιν ἐκμανθάνειν), როგორც მან ქვეყნად მოსვლის ჟამს განსწავლა წმიდა მოციქულები, მაშინ ”სიბრძნე” უნდა იყოს ”ცოდნა” (col. 281-284).

12 - სხვაგან კლიმენტი ფილოსოფიას სახელდებს, როგორც ”ელემენტარულ სწავლებას” (ἡ στοιχειώδης διδασκαλία, IX, 284 C).

13 - διὸ καὶ στοιχειωτική τίς ἐστιν ἡ μερικὴ αὕτη φιλοσοφία, τῆς τελείας ὄντως ἐπιστήμης  ἐπέκεινα κόσμου περὶ τὰ  νοητὰ καὶ ἔτι τούτων τὰ πνευματικώτερα ἀναστρεφομένης, col. 289 B.

14 - იხ. P. VIII, col. 717-720; = ch. 5.

 

თარგმანი შესრულებულია ორიგინალის უახლესი კრიტიკული გამოცემიდან:

Clement d' Alexandrie, Les Stromates, V, y. I, intr., texte

critique et index, par A. Le Boulluec, Paris 1981, pp. 122-134

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალი "გზა სამეუფო", №2, 1994წ.

კავებში ჩასმული ([]) ნუმერაცია აღნიშნავს ჟურნალის გვერდებს