† წმ. ირინეოს ლიონელის ღვთისმეტყველება

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმ. ირინეოსის, როგორც ღვთისმეტყველის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ორი ასპექტით განისაზღვრება: (1) მან გამოააშკარავა გნოსტიციზმის ფსევდოქრისტიანული არსი; (2) მწვალებლობათა განქიქების ჟამს მან დაიცვა ჭეშარიტება ქრისტიანული მოძღვრების ისეთი დოგმატებისა, რომლებიც უარყოფილი ან შეცვლილი იყო გნოსტიკოსთა მიერ. სწორედ ამის გამო იმსახურებს იგი ქრისტიანული ღვთისმეტყველების მესაფუძვლის სახელს. ეს გულისხმობს არა რაიმე ახლის აღმოჩენას, არამედ, პირიქით, ყოველივე სამოძღვრო სიახლის უარყოფას და მხოლოდ ძველი, სამოციქულო გადმოცემის განმარტება-დასაბუთებას. წმ. ირინეოსის მოღვაწეობის სახე ზედმიწევნით ვლინდება მის შემდეგ სიტყვებში:

უმჯობესია და უფრო სასარგებლო, რომ უმეცარნი ან მცირედსწავლულნი ვიყოთ და სიყვარულის გზით მახლობელნი ვიქმნეთ ღვთისა, ვიდრე მრავალსწავლულებად და გამოცდილებად წარმოვაჩინოთ თავი, ჩვენს უფალს კი ცილს ვსწამებდეთ” (Adv.Haer. 2.26.1).

ირინეოსი არის პირველი საეკლესიო მწერალი, რომელმაც ცნებითი ენით, დოგმატური ტერმინებით გამოთქვა მთელი ქრისტიანული მოძღვრება.

 

1. წმინდა სამება

მიუხედავად იმისა, რომ ირინეოსის თანამედროვე თეოფილე უკვე იყენებს ტერმინსამებას” (”ტრიას”), თავად ირინეოსი არსად არ სარგებლობს იმავე ტერმინით სამპიროვნების აღსანიშნავად. გნოსტიკოსებთან კამათის დროს იგი ამჯობინებს განსაკუთრებით გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ ჭეშმარიტი და ერთი ღმერთი არის იგივე ძველი აღთქმის ღმერთი, სამყაროს შემოქმედი და მამა სიტყვისა ანუ ლოგოსისა. ამასთან, იგი აშკარად გამოთქვამს იმ აზრს, რომ მამა, ძე და სული მარადარსებულია, კერძოდ ისინი არსებობდნენ სამყაროსშექმნამდე, რადგანაც მისი განმარტებით, ”შესაქმისსიტყვები: ”ვქმნეთ კაცი სახედ და ხატად ჩვენდამიმართულია მამის მიერ ძისა და სულისადმი, რომლებსაც ირინეოსი სიმბოლურად უწოდებსხელებს ღვთისას” (Adv.Haer. 5,1,3; 5,5,1; 5,28,1). ირინეოსი არაერთგზის იმეორებს, რომ სულიწმიდა არის მობერვა წინასწარმეტყველთა და რომ მამა, ძე და სული, როგორც ერთი ღვთის სამი პირი, სრულად ცხადდება გამოსყიდვის წინაგანგებაში.

 

2. ქრისტოლოგია

) მამისა და ძის ურთიერთობის შესახებ ირინეოსი სრულიად აშკარად ამბობს:

თუკი ვინმე გვეტყვის ჩვენ: ”როგორ არის, რომ ძე გამომდინარეობს (prolatus est) მამისაგან”? ვეტყვით, მას, რომ ეს გამომდინარეობა, თუ წარმოშობა (generatio) ანთუ წარმოთქმა, ანდა გახსნა ან კიდევ სხვა რამ სახელი, რითაც შეიძლება იწოდოს გამოუთქმელი წარმოშობა, არავინ უწყის, არც ვალინტინუსმა, არც მარკიონმა, არც სატურნინუსმა, არც ბასილიდემ, არც ანგელოზებმა, არც მთავარანგელოზებმა, არც მთავრობანმა, არც ხელმწიფებანმა, არამედ მხოლოდ მისმა მშობელმა მამამ და ით მან, შობილმა ძემ. ამგვარად, რადგანაც გამოუთქმელია მისი წარმოშობა, ვინც კი ცდილობს გამოთქვას წარმოშობანი და გამოსვლანი, დაკარგული აქვს მას გონება, რადგანაც გამოუთქმელთა გამოთქმას ესწრაფვის” (Adv.Haer. 2,28,6).

ადამიანური ენით გამოთქმა ღვთის წიაღისა ირინეოსთან ასეა მოცემული: ”ამგვარად ძის მიერ, რომელიც არის მამაში და რომელსაც აქვს თავის თვში მამა, ცხადდება ის, რომელიც არის - ღმერთი!” (Per Filium itaque qui, est in Patre, et habet in se Patrem, in qui est, manifestum est, Deus; Adv.Haer. 3,VI,2, col. 861,B).

ირინეოსის ქრისტოლოგია ეფუძნება მოძღვრებასშემოკრებისანურეკაპიტულაციისშესახებ, რაც მომდინარეობს პავლე მოციქულისაგან და რაც ცხადადაა გამოთქმული ირინეოსის მიერ. ”რეკაპიტულაცია” (ბერძნ. ”ანაკეფალაიოსის”) ანუშემოკრებანიშნავს იმას, რომ ქრისტეშიშემოკრებილიაყოველივე დასაბამიდან განკაცებამდე. ირინეოსი გვაუწყებს:

როდესაც ხორცი შეისხა მან (სიტყვამ) და კაცი გახდა, თავის თავში შემოკრიბა ადმაიანთა ხანგრძლივი სერია და კრებსითად მოგვმადლა ხსნა, რამეთუ რაც დავკარგეთ ადამის მიერ, კერძოდ, ღვთის ხატად და მსგავსებად ყოფნა - შევიძენთ ქრისტეში” (შდრ.: quando incarnatus est, et homo factus, hongaum lominum expositionem in sierso recapitulavit, in compendio nobis salutem praestans, ut quod perdideramus in Adam, id est secundum imaginem et similitudinem esse Dei, hoc in Christo lesu reciperemus (col. 932,B) (Adv.Haer. 3,18,1).

ირინეოსის სწავლებით, დაცემული ადამიანის გამოსახსნელად ღმერთი შემოკრებს მთელ კაცობრიობას დასაბამიდან, რომ განაახლოს, აღადგინოს და გარდაქმნას იგი განკაცებულ იესუ ქრისტეში, რომელიც ამგვარად არის მეორე ადამი, მთელი კაცობრიობის თავის თავში მომცველი. როგორც ადამმა, კაცობრიობის მომცველმა, თავისი დაცემით ყველა მომდევნო ადამიანის ცოდვილობა და დაცემული მდგომარეობა მოიტანა, ასევე, ქრისტემ, მომცველმა მთელი კაცობრიობისა, თავისი აღდგომით გამოიხსნა მთელი კაცობრიობა (.. კაცობრივი ბუნება), რადგანაც გააუქმა ადამის ურჩება და პირველცოდვა.

ირინეოსი გვაუწყებს:

ქრისტემშეაერთა ადამიანი ღმერთთან, რადგანაც თუკი ადამიანივე არ დაძლევდა ადამიანის მოწინააღმდეგეს, მაშინ სამართლიანად ვერ იძლეოდა მტერი. ამასთან, გამოხსნა რომ ღვთივმონიჭებული არ ყოფილიყო, მტკიცე არ იქნებოდა იგი ჩვენთვის. კიდევ, ღმერთს რომ არ შეერთებოდა კაცი, ვერ შეძლებდა იგი უხრწნელებასთან ზიარებას. ასე რომ, საჭირო იყოშუამდგომელიკაცსა და ღმერთს შორის, რომ მას თავისი ორმხრივი მთვისებლობით (.. თავისიღმერთობითადაკაცობითანუღმერთკაცობით”, ..) ორივე მათგანი სიყვარულისა და ერთზრახვისაკენ წარემართა, რაც ნიშავს: ღვთისადმი წარედგინა კაცი, კაცთათვის კი საცნაურ-ეყო ღმერთი... და როგორც ერთი კაცის ურჩობის გამო, რომელიც დაუმუშავებელი მიწისგან პირველად შემზადდა, მრავალნი გახდნენ ცოდვილნი და განშორდნენ ცხოვრებას, ასევე, მორჩილებას ერთი კაცისას, რომელიც პირველად იშვა ქალწულისაგან, უნდა განემართლებინა მრავალნი და მიეგო მათთვის გამოხსნა. სწორედ ამიტომ სიტყვა ღვთისა კაცი გახდა... ღმერთმა თავის თავში შემოკრიბა ადამიანის ძველი ქმნილება, რომ მოეკლა ცოდვა, გაეუქმებინა სიკვდილი და გაეცოცხლებინა კაცი” (3,18,7; P.G. 7. სვ. 937-938).

სხვაგან ირინეოსი დასძენს: ”ვინც შეგვძერწა ჩვენ დასაბამში, მოავლინა მან ბოლოჟამს თავისი ძე, უფალი, რომელმაც აღასრულა მამის განჩინება, შეიძერწა (.. განხორციელდა, ..) ქალწულისაგან, დაამხო ჩვენი მოწინააღმდეგე და ამავე დროს სრულყო კაცი ხატად და მსგავსად ღვთისა” (5,21,2).

ქრისტემ ყოველივე განაახლა ამგვარი შემოკრებით:

ასე რომ, რა მოიტანა მოვლენილმა უფალმა? უწყოდეთ, რომ მან მოიტანა ყოველი სიახლე (omnem novitatem), რომელმაც მოიტანა თავისი თავი... რამეთუ ნაწინასწარმეტყველები იყო სწორედ ეს, რომ მოვიდოდა სიახლე, კაცის განმაახლებელი და ცხოველმყოფელი” (hoc enim ipsum praedicabatur, quoniam novitas veniet innovatura et vivificatura hominem 4,34,1 col. 1080 A).

მაცხოვრის მიერ თავის თავში პირველქმნილი კაცის კვლავშემოკკრებაცხადად არის უწყებული შემდეგ სიტყვებში:

თუკი პირველ ადამს ეყოლებოდა მამად კაცი და თუკი ადამიანის თესლისგან იქნებოდა იგი ნაშობი, მაშინ მართებული იქნებოდა იმის თქმაც, რომ მეორე ადამი იშვა იოსებისგან; მაგრამ თუკი პირველი ადამი მიწიდან იქნა აღებული, ხოლო თუკი მისი შემძერწველი (.. შემქმნელი, ..) თავად ღმერთი იყო, შესაბამისად, ისიც, ვინც თავისი თავის მიმართ შემოკრიბა ღვთის მიერ შეძერწილი (ქმნილი, ..) კაცი, მისეული შობით მსგავსი უნდა ყოფილიყო პირველისა. რატომ არ აიღო ღმერთმა კვლავ მიწა და რატომ განაგო მან, რომ მარიამისგან ქმნილიყო აგებულება? იმიტომ, რომ არ მომხდარიყო შექმნა სხვა ნაძერწობისა (აგებულებისა, ..), არცთუ სხვა გამოსახსნელისა, არამედ შემოკრებილ იქნა (”ანაკეფალაიოთე”) ით იგივე და დაცულ იქნა მსგავსება” (col. 955 A.B).

მოძღვრებაშემოკრებისშესახებ მრავალგან იჩენს თავს წმ. ირინეოსის ანტიერეტიკულ შრომაში.

 

3. მარიოლოგია

რეკაპიტულაციის ანუშემოკრებისშესახებ მოძღვრებამ გამოვლინება ჰპოვა წმ. ირინეოს ლიონელის მარიოლოგიაში. თუ წმ. იუსტინე მარტვილმა პირველმა შეუდარა ერთმანეთს ევა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, ისევე როგორც პავლე მოციქულმა - ადამი და იესუ ქრისტე, ირინეოსმა ღვთისმშობლისა და ევას შედარება ასეთ მოძღვრებად გამოთქვა:

”...შემდეგ, ქალწული მარიამიც მორჩილი წარმოჩნდა, როდესაც თქვა: ”აჰა მჴხევალი უფლისაჲ; მეყავნს მე სიტყჳსაებრ შენისა” (ლუკა 1,38). ევა იყო ურჩი. ის ურჩ-იქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალწული იყო. თუკი ევა, რომელსაც ქმრად ჰყავდა ადამი და რომელიც ჯერაც ქალწული იყო (”რამეთუ შიშვლები იყვნენ ორნივესამოთხეშიდა არ რცხვენოდათ” (შესაქ. 2,25), რადგან ისინი, როგორც სულ ახლახანს ქმნილნი, უმეცარნი იყვნენ შვილთა დაბადებისა, მართებდათ რა მათ ჯერ გაზრდა, შემდეგ კი ამგვარად გამრავლება (...paulo ante facti, non intellectum habebant filiorum generations; oportebat enim illos primo adolescere dehinc cic multiplicari VII 959, A), ურჩობის გამო როგორც თავის თავს, ასევე კაცობრიობის მოდგმას სიკვდილის მიზეზად გაუხდა, მარიამი, რომელსაც მსგავსადვე ჰყავდა დაწინდული ქმარი და რომელიც, ასევე, ქალწული იყო, მორჩილების გზით თავის თავსაც და მთელ მოდგმასაც ხსნის მიზეზად ექმნა. სწორედ ამიტომ, ვინც შეერთებული იყო ქმართან, იმისცოლადუწოდებს რჯული, ვინც შეიერთა იგი, თუმცა (ასე უწოდებს) მას ჯერ კიდევ ქალწულს და ამით მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას (”რეცირკულაციო”), რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუკი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. წინარე ნასკვები სწორედ მომდევნოთა გზით გაიხსნება, ანუ პირიქით, რომლებიც მეორენი არიან, თავისუფალჰყოფენ პირველთ. ასე რომ, პირველი ნასკვი მეორე ნასკვის გზით გაიხსნება. ანუ მეორე ნასკვი არის საშუალება პირველის გახსნისა (შდრ. eam quae est a Maria in Evam recirculationem significans; quia non aliter quod colligatum est solveretur, nisi ipsae compagines alligationis refiectantur retrorsus; ut primae conjunctiones solvantur per secundas, secundae rursus liberent primas. Et evenit primam quidem compaginem a secunda colligatione solvere, secundam vero colligationem primae solutionis habere locum (P.G. VII. col. 959 B). სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი, რომწინანი უკანა და უკანანი წინა”. ამასვე მოასწავებდა წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობდა: ”მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი” (ფს. 44,17), რადგანაც უფალი არისპირმშო მკვდართა” (კოლ. 1,48), რომელიც იშვა და რომელმაც თავის წიაღში შეიწყნარა წინარე მამანი (in sinum suum recipiens pristinos patres), ახლად შვა ისინი ღვთის ცხოვრებაში (regeneravit eos in Vater Dei) და გახდა დასაბამი ცოცხალთა, ისევე როგორც ადამი გახდა დასაბამი მკვდართა. სწორედ ამიტომ ლუკამაც, შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ მან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში (in Evangelium vitae), ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო, ანუ რაც შეკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა სარწმუნოების მიერ გახსნა”.

წმ. ირინეოსის სწავლებით, რადგანაც მარიამისაგან იშვა ახალი ადამი, თვით იგი არის ახალი ევა, ჭეშმარიტი ევა, ჭეშმარიტი დედა ცოცხლთა და დასაბამი მათი ხსნისა (cause salutis) ანუ ზოგადად, გამომხსნელი ევასი, მის გამო სიტყვისმგებელი (advocata Evae 5,19,1). ასე რომ, მარიამი, ირინეოსის განჭვრეტით, არის ახალი დედა კაცობრიობისა, "წიაღი კაცობრიობისა". ირინეოსი ასაჩინოებს მარიამის სამარადისო დედობას. მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით იგი ამბობს: "სიტყვა ხორცი გახდა და ძე ღვთისა - ძე კაცისა; წმიდამ წმიდად განაღო წმიდა საშო, ის საშო, რომელმაც ახლად შვა ადამიანები ღმერთში, და რომელიც წმიდაყო მანვე” (4.39.11; col. 1080).

აქვე ყურადღებას იქცევს წმ. ირინეოსის მსჯელობა იესუ ქრისტესა და ღვთისმშობლის სისხლხორცეული კავშირის შესახებ:

”...ძლიერ ცდებიან ისინიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაცხოვარს არაფერი მიუღია ქალწულისაგან და რომლებიც ამ გზით უარყოფენ როგორც ხორცის მემკვიდრეობას (”სარკოს კლერონომიან”), ასევე, მსგავსებასაც... თუკი ზედმეტი იყო მისი მარიამამდე ჩამოსვლა (”კათოდოს”), თუ მისგან არაფრის მიღებას არ განიზრახავდა იგი, მაშინ რატომ გარდამოხდა მასზე? კიდევ, თუკი არაფერი მიუღია მას მარიამისაგან, მაშინ არც მიწიდან აღმოცენებულ საზრდოს შეიწყნარებდა იგი, იმ საზრდოს, რითაც სწორედ მიწიდან აღებული სხეული საზრდოობს, არც მოსესა და ელიას მსგავსად, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ მოშივდებოდა მას (ხოლო მოშივდა, რადგანაც სხეული ეძიებდა თავის საკვებს), არცთუ მისი მოწაფე იოანე დაწერდა მასზე: ”ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა” (იოანე 4,6), არც დავითი იწინასწარმეტყველებდა მის შესახებ: ”სალმობათა წყლულთა ჩემთასა შესძინეს” (ფს. 68,27), არც ლაზარეს გამო აცრემლდებოდა იგი, არც გამოადინებდა სისხლის წვეთებს, არც იმას იტყოდა, რომშეწუხებულ არს სული ჩემი” (მათე 26,38), არც სისხლი და წყალი გადმოვიდოდა ლახვარსობილი გვერდიდან. ყოველივე ეს ნიშნებია ხორცისა (”სიმბოლა სარკოს”), მიწიდან აღებულისა, რომელიც მან თავისი თავის მიმართ შემოკრიბა (”ანაკეფალაიოსატო”) და იხსნა თავისი ქმნილება” (3.22.1-2; col. 955-958).

 

4. ეკლესიოლოგია

) ირინეოსის ეკლესიოლოგია უკავშირდება მის მოძღვრებასშემოკრებისანურეკაპიტულაციისშესახებ. ღმერთიშემოკრებსქრისტეში არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ქრისტე არის თავი ეკლესიისა, რომ მან ეკლესიის გზით მარადიულჰყოს განახლების საქმე ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე. ირინეოსი ამბობს:

ამგვარად, როგორც ვაჩვენეთ, ერთია ღმერთი-მამა და ერთია ქრისტე იესუ, უფალი ჩვენი, მოვლენილი საყოველთაო წინაგანგებით და ყოვლიერების თავის თავში შემომკრებლად (veniens per universam dispositionem, et omnia in semetipsum recapitulans, შდრ. ეფეს. 1,10 - ”ანაკეფალაიოსასთაი”). ყოვლიერებაში არის, აგრეთვე, კაციც, ნაძერწობა (plasmatio) ღვთისა, ასე რომ, მან თავის თავში შემოკრიბა კაციც; უხილავი ხილული გახდა, შეუცავი შეცვული, უვნებელი ვნებული და სიტყვა კი - კაცი, თავის თავში ყოველივეს შემომკრებელი, რომ სიტყვას ღვთისას, რომელიც არის მოთავე ზეციურთა, სულიერთა და უხილავთ შორის, ასევე მოთავეობა ჰქონოდა ხილულთა და ხორციელთა შორისაც, თავის თავში შეეწყნარებინა მას პირველობა (primatum), ეკლესიის თავად დაედგინა თავისი თავი და ხელსაყრელ ჟამს თავისი თავისაკენ მიეზიდა ყოველივე” (3.16; col. 925-926).

) ირინეოსს მტკიცედ სწამს, რომ სამოციქულო მოძღვრება უცვლელად განაგრძობს სიცოცხლეს. სწორედ სამოციქულო ტრადიციაა სარწმუნოების წყარო და ნორმა. ის არის კანონი ჭეშმარიტებისა. ირინეოსისათვის, ეს კანონი არის ნათლისღებითი სიმბოლო, რადგანაც, მისი თქმით, ხსენებულ კანონს ნათლისღების გზით ვიღებთ: ”ვინც განუხრელად იპყრობს თავის თავში ჭეშმარიტების კანონს, რაც მან ნათლისღების მიერ მიიღო, ასეთი ვინმე წერილის სახელებს, სიტყვებსა და იგავებსაც გულისხმა-ჰყოფს” (1.94; col. 545).

ირინეოსი გადმოგვცემს საეკლესიო მრწამსს, რაც, მისი სწავლებით, ზედმიწევნით მიჰყვება სამოციქულო სიმბოლოს:

ეკლესიამ, რომელიც გავრცობილია მთელს მსოფლიოში დედამიწის კიდეებამდე, მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან მიიღო სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე მათ შორის; და ერთი იესუ ქრისტესი, ღვთის ძისა, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის; და ერთი სულიწმიდისა, რომელიც წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებდა წინაგანგებას ღვთისას, მის მოვლინებას, ქალწულისაგან მის შობას, ვნებას, მკვდრეთით აღგომას, და ჩვენი უფლის, საყვარელი იესუ ქრისტეს ცათა მიმართ ხორციელ ამაღლებას, შემდეგ ცათაგან მის მოვლინებას მამის დიდებით, რომშემოკრიბოს ყოველივე” (ეფეს. 1,10), რომ აღადგინოს მთელი კაცობრიობის ყოველი სხეული, რომმოდრკეს ყოველი მუხლი ზეციურთა, მიწიერთა და ქვესკნელის მკვიდრთა და ყოველმა ენამ აღიაროს იგი”, ქრისტე იესუ, უფალი ჩვენი და ღმერთი, მაცხოვარი და მეუფე, სათნოყოფითა უხილავისა მამისა, რომ ქმნას მან განსჯა მართალი ყოველთა შორის, რომ მარადიულ ცეცხლში წარგზავნოს უკეთური სულები, გაუკუღმართებული და განდგომილებაში მყოფი ანგელოზები, უღმერთონი, უსამართლონი, ურჯულონი, ავმეტყველნი კაცთა შორის, ხოლო მათ, რომლებიც მართალნი, წმიდანი მისთა მცნებათა დამცველნი არიან და მის სიყვარულში მკვიდრობენ - ზოგნი თავიდანვე ზოგნი კი სინანულის გზით - ყველა მათგანს ცხოვრება მიანიჭოს, უხრწნელება მიჰმადლოს და სამარადისო დიდება შესძინოს.

ეს სწავლება შეიწყნარა ეკლესიამ დ თუმცა იგი მთელს ქვეყანაზე გავრცობილია, მაინც გულმოდგინედ იცავს ამ სარწმუნოებას, როგორც ერთ სახლში დამკვიდრებული. სწამს მას ყოველივე ეს, როგორც ერთი სულისა და ერთი გულის მქონეს და ერთხმობით, თითქოსდა ერთი პირით ქადაგებს, ასწავლის, გადასცემს ყოველივე ამას. ამქვეყნიური ენებიც არამსგავსია, მაგრამ ერთი და იგივეა თავად გადმოცემის ძალა (”დნამის ტეს პარადოსკოს”). არ სწამთ სხვადასხვაგვარად ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანიაში, იბერთა შორის (”ენ ტაის იბერიაის”) თუ კელტებში, აღმოსავლეთის მხარეებში, თუ ეგვიპტეში, ლიბიაში თუ ქვეყნის შუაში, - არცთუ სხვადასხვაგვრად გადასცემენ ისინი რამეს, არამედ ისევე, როგორც მთელ ქვეყანაზე ერთია მზე, ქმნილება ღმრთისა, ასევე, მოძღვრება ჭეშმარიტებისა ყოველგან ნათობს და ნათელყოფს ყოველ კაცს, ვინც კი ესწრაფვის შეიმეცნოს ჭეშმარიტება. თუნდაც რომ იყოს ვინმე ფრიად მახვილმესიტყვე ეკლესიის წინამძღვართაგან, ამათ გარდა (იგულისხმება ირინეოსის მიერ გადმოცემული დოგმატები, ..) სხვას არას იტყვის (რადგანაც არავინ არის უპირატესი მოძღვრისა), არც ენაბრგვილი დაამცირებს ამ გადმოცემას. ერთი და იგივე რწმენა ჰგიეს, რომელსაც ვერ განავრცობს ვერც მის შესახებ მრავალმესიტყვე და ვერ დაამცრობს ვერც სიტყვაძუნწი” (1.10.1-2; col. 549-553).

) წმ. ირინეოსის მოძღვრებით მხოლოდ მოციქულთა მიერ დაფუძნებული ეკლესიები ფლობენ სარწმუნოების შესახებ ჭეშმარიტ სწავლებას და ეს ეკლესიები ჩვენს წინაშე წარმოდგებიან, როგორც მოწამენი ჭეშმარიებისა, რადგანაც ხსენებულ ეკლესიებში მღვდელთა უწყვეტი მიმდევრობა განაპირობებს მათეული მოძღვრების საუფლო ნამდვილობას. ირინეოსი გვაუწყებს:

ვისაც კი სურს, რომ იხილოს ჭეშმარიტება, ყველა ეკლესიაში ძალუძს მას განჭვრეტა სამოციქულო გადმოცემისა, რაც მთელ ქვეყანას გაეცხადა. ჩვენ შეგვიძლია აღვრიცხოთ ისინი, რომლებიც ეპისკოპოსებად დაინიშნენ მოციქულთა მიერ, აგრეთვე, მათი მონაცვლეებიც ვიდრე ჩვენამდე, რომლებსაც არაფერი უფიქრიათ, არაფერი სცოდნიათ იმგვარი, რასაც ესენი (გნოსტიკოსები, ..) ბოდავენ. თუკი მართლაც უწყოდნენ მოციქულებმაღრმა საიუდმლონი” (recondita mysteria), რაც მათ თითქოსდა მრავალთაგან ფარულად ცალკე ასწავლეს სრულთ (...perfectos), განა ისინი პირველ რიგში იმ პირებს არ გადასცემდნენ ამ საიუმლოებებს, რომლებსაც ანდეს მათ ეკლესიები. მოციქულებს სურდათ, რომ ყოვლითურთ სრულნი და ყოვლად უმწიკვლონი ყოფილიყვნენ ისინი, რომლებიც შეენაცვლებოდნენ მათ და რომლებსაც მოციქულთაგან გადაეცემოდათ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე მოძღვრობის ნება. თუკი ისინი შეუცთომლად იმოღვაწებდნენ, სარგებლობასაც ბევრს მოიტანდნენ, მაგრამ თუკი დაეცემოდნენ, ეს იქნებოდა მეტისმეტი უბედურება” (III. 3.1. col. 848 A-B).

ამგვარად, ირინეოსის აზრით, ერეტიკოსებს არ ჰქონდათ მადლი ჭეშმარიტებისა, რადგანაც მათ არ მიუღიათ სამოციქულო კურთხევა, საეკლესიო სამღვდელობის მადლი კი სწორედ მოციქულთაგან მომდინარე ხელდასხმის გამოვლინებაა. ირინეოსი გვმოძღვრავს:

სწორედ ამიტომ, გვმართებს, რომ დავემორჩილოთ მღვდლებს, რომლებიც ეკლესიაში არიან, რომლებსაც, როგორც ვაჩვენეთ, მოციქულთაგან აქვთ მონაცვლეობა და რომლებმაც საეპისკოპოსო მონაცვლეობასთან ერთად, მამისეული სათნოყოფით, მიიღეს ჭეშმარიტების გარკვეული ნიჭიც” (charisma).

 

5. ევქარისტია

წმ. ირინეოსი ვრცლად საუბრობს ევქარისტიის შესახებ თავისი ანტიერეტიკული შრომის მეოთხე წიგნში. მოგვაქვს სათანადო ციტატა, რაც განაქიქებს ხორციელი აღგომის უარმყოფელთ:

როგორ ამბობენ ისინი, რომ ხორცი ხრწნილებას მიეცემა და არ ეზიარება იგი ცხოვრებას, - ხორცი, რომელიც უფლის სხეულისა და სისხლისაგან არის ნასაზრდოები? მათ ან უნდა შეიცვალონ აზრი, ანდა უარყონ ზემოთქმულთა (.. პურისა და ღვინის, ..) შეწირვა. ჩვენი აზრი თანხმობაშია ევქარისტიასთან და ევქარისტიაც განამტკიცებს ჩვენს აზრს. შევწირავთ მისადმი მისთა, რითაც ჯეროვნად ცხადვყოფთ ზიარებასა და შეერთებას; და ვაღიარებთ ხორცისა და სულის აღდგინებას. ისევე, როგორც მიწიერი პური შეიწყნარებს გარდამოწვევას ღვთისას და იგი უკვე არის არა ეულებრივი პური, არამედ ევქარისტია, შედგენილი ორი რამისგან: მიწიერისა და ციურისგან, ასევე ევქარისტიასთან ნაზიარები ჩვენი სხეულები უკვე აღარ არიან ხრწნადნი, რადგანაც ფლობენ საუკუნოდ აღდგომის სასოებას” (4,18,5; col. 1027-1029).

ირინეოსი სწამებს, რომ პური და ღვინო იკურთხება ეპიკლეზისის ანუ "გარდამოწვევის" გზით. ევქარისტია არის უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ანუ მალაქიას მიერ ნაწინასწარმეტყველები "ახალი მსხვერპლი". ირინეოსი გვაუწყებს:

მისცა რა უფალმა განჩინება თავის მოწაფეებს, ღვთისადმი მიეძღვნათ პირველნაყოფნი მისივე შესაქმისა, - არათუ იმიტომ, რომ სჭირდებოდა მას რამ, არამედ იმიტომ, რომ უნაყოფონი და უმადლონი არ ყოფილიყვნენ ისინი, - აიღო მან პური, რომელიც ქმნილებათაგანაა, ჰმადლობდა (gratias egit) და თქვა: ”ესე არს პური ჩემი” (მათე 26,26). მსგავსადვე, სასმისის, რომელიც არის ჩვენეული შესაქმისა, მან გააცხადა თავის სისხლად და ასწავლა (მოწაფეებს) ახალი მსხვერპლი ახალი აღთქმისა, რაც მოციქულებისგან ეკლესიამ მიიღო და რასაც მთელ მსოფლიოში სწირავს იგი ღმერთს, რომელიც გვანიჭებს ჩვენ საზრდოს, - მისეულ ძღვენთა პირველნაყოფთ ახალ აღთქმაში”.

 

6. წმიდა წერილი

”ახალი აღთქმის” კანონი, ირინეოსის სწავლებით შეიცავს ოთხ სახარებას, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, ”საქმე მოციქულთას”-ს, იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეებს და მის აპოკალიფსს, პეტრეს პირველ ეპისტოლეს და ერმის ”მწყემსს”.

ირინეოსი არ ასახელებს პავლეს ეპისტოლეთა შორის ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ.

ირინეოსი ”წერილს” უწოდებს ”ახალ აღთქმას”, რადგანაც ისიც ისევე ღმრთივსულიერია, როგორც ”ძველი აღთქმა”. ოთხი სახარების აღმოცენების შესახებ ლიონის ეპისკოპოსი გვაუწყებს:

”მათემ ებრაელთა შორის, მათსავე მშობლიურ ენაზე, გამოაქევეყნა აგრეთვე წერილი სახარებისა, მაშინ როცა პეტრე და პავლე რომში მახარებლობდნენ და აფუძნებდნენ ეკლესიას. მათი მიცვალების შემდეგ პეტრეს მოწაფემ და განმმარტებელმა მარკოზმაც პეტრეს სწავლებანი წერილობით გადმოგვცა ჩვენ. ლუკამაც, პავლეს თანმხლებმა, მისგან ქადაგებული სახარება წიგნად დაგვიდო. შემდეგ იოანემ, უფლის მოწაფემ, რომელიც მიეყრდნო მის მკერდს, - მანაც გამოაქვეყნა სახარება, როდესაც იმყოფებოდა აზიის ეფესოში” (3,1,1. col. 844-845).

ირინეოსი განმარტავს, რომ არსებობს ზუსტად ოთხი სახარება, არც მეტი, არც ნაკლები:

”არ შეიძლება, რომ სახარებათა რიცხვი ან მეტი იყოს იმაზე, რაც არის, ანდა ნაკლები, რადგანაც ოთხი კიდეა ამ ქვეყნისა, სადაც ჩვენ ვართ. არის ოთხი უმთავრესი ქარი. რადგანაც ეკლესია განთესილი მთელ ქვეყანაზე, ხოლო ბურჯი და სიმტკიცე ეკლესიისა არის სახარება და სული ცხოვრებისა, მართებულია, რომ ოთხი ბურჯი (ე.ი. ოთხი სახარება, ე.ჭ.) ჰქონდეს მას, რომლებიც ყოველ მხარეს მოჰბერავენ უხრწნელებას და აღატყინებენ ადამიანებს. აქედან ცხადია, რომ ყოველივეს მქმნელმა სიტყვამ, რომელიც მჯდომარეა ქერუბიმთა ზედა და მპყრობელია ყოველივესი, რომელიც გაეცხადა ადამიანებს, მან მოგვანიჭა სახარება ოთხსახოვანი და ერთი სულით შემტკიცებული. მსგავსადვე, დავითიც, რომელიც ეშურება მის მოვლინებას, ამბობს: ”რომელი ჰზი ზედა ქერუბინთა, განსცხადენ!” (ფს. 79,2). ქერუბიმებიც ოთხი პირისახისანი არიან, ხოლო მათი პირისახენი ხატებია ძე ღვთისას მოქმედებისა: ”პირველი ცხოველი, ამბობს, მსგავსია ლომისა”, რითაც აღნიშნა მისი ქმედითობა, ხელმწიფობა და მეუფება; ”მეორე - მსგავსია ხბოსი”, რითაც საჩინოჰყო მისი მღვდელმოქმედებითი და სამღვდელო წესი; ”მესამე - ადამიანის პირისახის მქონე”, რითაც უცხადესად აღწერა მისი კაცებრი მოსვლა; ”მეოთხე - მსგავსია მფრინავი არწივისა”, რითაც ეკლესიაზე დაფრენილი სულის მადლი გააცხადა. სახარებებიც, რომელთა შორისაც მჯდომარეა ქრისტე, ეთანხმებიან ზემოთქმულს. იოანეს სახარება მამისაგან მის (ქრისტეს) ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს და ამბობს: ”დასაბამად იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ, იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო დასაბამად ღმრთისა თანა” (იოანე, 1, 1-2). ლუკას სახარება, რადგანაც იგი სამღვდელო თვისებისაა (”ჰიერატიკუ ხარაკტეროს”), იწყება ზაქარიასგან, მღვდელისგან, რომელიც სწირავდა ღმერთს. მათე ქადაგებს მის კაცებრ შობას, როდესაც ამბობს: ”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი...”; აგრეთვე: ”ხოლო იესუ ქრისტეს შობა ესრეთ იყო”; ეს სახარება, ამგვარად, კაცისსახოვანია. ხოლო მარკოზმა მაღლიდან ადამიანებზე მოვლენილი საწინასწარმეტყველო სულისგან ქმნა დასაბამი და თქვა: ”დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტესი; ვითარცა წერილს არს ესაია წინასწარმეტყუელისა”, რითაც გააცხადა სახარების ფრთოვანმყოფელი ხატი (”პტეროტიკენ ეიკონა”). ამიტომაც, შემოკლებულად და გაკვრით გვაუწყებს იგი, რამეთუ წინასწარმეტყველურია ამგვარი თვისება. თვით სიტყვა ღვთისა მოსეს წინარე მამამთავრებს საღვთოდ და დიდებულად ეზრახებოდა, რჯულში მყოფთ კი სამღვდელო წესი განუყო. ამის შემდეგ კაცი გახდა იგი, მთელს ქვეყანას მოუვლინა ნიჭი სულიწმიდისა და დაგვიფარა ჩვენ თავისი ფრთებით. ასე რომ, როგორიცაა მოქმედება ღვთის ძისა, ისეთივეა ცხოველთა სახეც, ხოლო როგორიცაა სახე ცხოველთა, ისეთივეა თვისება სახარებისა. ოთხსახოვანია ცხოველები, ოთხსახოვანია სახარება და მოქმედება უფლისა. ამიტომაც ოთხი კათოლიკე აღთქმა მიეცა კაცობრიობას: ერთი წარღვნისა ნოესი მშვილდზე, მეორე - აბრაამისა წინადაცვეთის ნიშანზე, მესამე - რჯულდება მოსეს ჟამს, ხოლო მეოთხე - სახარებისა უფლის ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ” (III, 11,8).

ირინეოსის სწავლებით, ეკლესია მოიცავს უცთომელ განმარტებას ბიბლიისას. მისეული სახისმეტყველებით, ”ძველი აღთქმა” და ”ახალი აღთქმა” არის ორი ხე, დანერგილები ეკლესიის ბაღში.

”ეკლესია ამა ქვეყანაზე სამოთხისებრ არის დანერგილი. ამიტომ ამბობს სული ღვთისა: ”ყოვლისაგან ხისა სამოთხისა სჭამოთ”, რაც ნიშნავს: ”ჭამდეთ უფლის მთელი წერილიდან”, მაგრამ ნუ ჭამთ ამპარტავნებით და ნუ გექნებათ კავშირი რაიმე ერეტიკულ გაუგებრობასთან” (5,20,2).

 

7. ანთროპოლოგია

წმ. ირინეოსს უაღრესად საყურადღებო სწავლება აქვს ჩამოყალიბებული ადამიანის სულიერ და ხორციელ ბუნებათა შესახებ. იგი აღნიშნავს:

”თუკი სამშვინველი დაკლებულია სულისაგან, მაშინ ამგვარ ვითარებაში მყოფი არსება არის ცხოველური ბუნებისა, რომელიც იმყოფება ხორციელ მდგომარეობაში და უთუოდ არასრულყოფილია, რადგანაც, თუმცა იგი სხეულის ნაძერწობაში შეიცავს ხატს ღვთისას, მაგრამ ვერ იწყნარებს სულისმიერ ”მსგავსებას”. ისევე, როგორც არასრულყოფილია ამგვარი არსება, მსგავსადვე, თუკი უკუვაგდებთ სხეულის ნაძერწობას და უარვყოფთ ხატს, არსება, რომელსაც ამ გზით მივიღებთ, შეირაცხება არა კაცად, არამედ კაცის ნაწილად, როგორც ეს ზემოთ უკვე ვთქვით, ანდა კაცისგან განსხვავებულ სხვა რამედ.

ხორცი, რომელიც შეიძერწა, არ არის თავისთავად სრული კაცი, არამედ არის იგი ხორცი კაცისა, ე.ი. მისი ერთი ნაწილი. ასევე სამშვინველიც, თავისთავად, უკვე აღარ არის კაცი, არამედ სამშვინველი კაცისა, ანუ ერთი ნაწილი მისი. სულიც, ცხადია, არ არის ”კაცი”, რადგანაც ეწოდება მას ”სული” და არა კაცი. სწორედ ამ სამი ელემენტის ერთობლიობა და შეერთება შეადგენს სრულ კაცს” (5,6,1. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ირინეოსი ბუნებითად განაშორებს ურთიერთისგან პნევმას ანუ სულს და ფსიხეს ანუ სამშვინველს. სხვა ტრიქოტომისტ მამათა მსგავსად ისიც, ცხადია, აღიარებს ადამიანის ორ ბუნებას - ხორციელსა და სულიერს, ხოლო ამ უკანასკნელის სამი ნაწილიდან ყველაზე ღირსეულს, პნევმას, ცალკე გამოყოფს არა ბუნებითად, არამედ - ღირსებითად).

სხვაგან წმ. ირინეოსი კვლავ აღნიშნავს:

”როგორც ვაჩვენე, სრული კაცი შედგება სამი ნაწილისაგან: ხორცის, სამშვინველისა და სულისაგან (აქაც, პნევმა ანუ სული გამოყოფილია ფსიხესგან ანუ სამშვინველისგან არა ბუნებითად, არამედ - პირობითად, მისი განსაკუთრებული ღირსების გამო, ე.ჭ.). ერთი მათგანი, სული, იცავს და სახეს აძლევს კაცს, მეორე კი - ხორცი შეერთებულია მასთან (სულთან) და მისგანვე სახემიღებულია; კიდევ სხვა, რომელიც მათ შორის არის - სამშვინველი - ზოგჯერ მაღლდება სულის მიერ, რაჟამს მიჰყვება იგი ამ უკანასკნელს, ზოგჯერ კი ხორცს ემოყვსება და ეცემა ხორციელ ვნებებამდე. ამიტომ, ყველა ისინი, რომლებიც არ ფლობენ ”დამცველსა” და ”დამსახველს” (ე.ი. სულს, ე.ჭ.) და არც ერთობას, ასეთები წარმოჩნდებიან უთუოდ ხორცად და სისხლად და ამგვარადაც უნდა ეწოდოთ მათ, რადგანაც შიგნით არა აქვთ მათ სული ღვთისა” (5,9,1).

ამ ემსამე ე.წ. ნაწილის, სულის შეწყნარება და პყრობა არის პირობა ადამიანის არსებისეული სრულყოფისა. სამშვინველის მარადიული არსებობა დამოკიდებულია ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, რადგანაც სამშვინველი თავისთავად არ არის უკვდავი. უკვდავება მიიღწევა სათნოებითი სრულყოფის გზით. სამშვინველს აქვს შესაძლებლობა გაუკვდავებისა, უკეთუ იგი სათნო-ეყოფა თავის შემოქმედს. ირინეოსი გვაუწყებს:

”ისევე, როგორც ზემდებარე ცამ, აგრეთვე, სამყარომ, მზემ, მთვარემ, სხვა ვარსკვლავებმა და მთელმა მათმა ბრწყინვალებამ, რაც კი უწინარეს არ არსებობდა, არსებობა მიიღო და ხანგრძლივი დროის მანძილზე კვლავაც ჰგიეს ღვთის ნებელობით, ასევე, არავინ შეცდება, თუკი მსგავსადვე განსჯის სამშვინველთა და სულთა, ერთი სიტყვით, მთელი შესაქმის შესახებ, რადგანაც ყოველმა ქმნილებამ დასაბამი მიიღო მაშინ, რაჟამს შეიქმნა და კვლავაც ჰგიეს, ვიდრე ნებავს ღმერთს, რომ იარსებონ მათ... ასე რომ, არსებობა არ მოდის ჩვენგან, არც ჩვენი საკუთარი ბუნებიდან, არამედ გვეწყალობა იგი როგორც საბოძვარი ღვთისა. ამიტომ, ვინც დაიმარხავს სიცოცხლის საბოძვარს და მადლობას აღავლენს მწყალობლისადმი, მოიხვეჭს იგი ხანგრძლივმყოფობას და იარსებებს უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ ვინც უარყოფს ხსენებულ საბოძვარს და უმადლო იქნება დამბადებლისადმი... ასეთი ვინმე თვით განაშორებს თავის თავს არსებობისგან ერთხელ და სამუდამოდ” (2,34,3).

დავძენთ, რომ წმ. ირინეოსის ანთროპოლოგიური სწავლება საჭიროებს უფრო ვრცელ განხილვა-განმარტებას, რისი საშუალებაც ამჯერად არ გვაქვს.

 

8. სოტერიოლოგია (მოძღვრება გადარჩენის, ცხონების შესახებ)

წმ. ირინეოსის სოტერიოლოგიური მოძღვრების ღერძს წარმოადგენს რწმენა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ძალუძს და ვალდებულიცაა, რომ გადარჩეს, ცხონდეს. პირველმშობელთა დაცემამ ცოდვა და სიკვდილი დაუმკვიდრა შთამომავლებს, რამაც დაუკარგა მათ ხატება ღვთისა. ”რედემპცია”, ”სოტერია” ანუ ”გამოხსნა”, ”გადარჩენა”, ”ცხონება”, რაც მოიტანა მაცხოვარმა, ნიშნავს კაცობრიობის განთავისუფლებას სატანის ტყვეობისგან, გამოხსნას ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებისგან. ამ მისიამ მთელი კაცობრიობა შემოკრიბა ქრისტეში, რაც გახდა საფუძველი საღმრთო ერთობისა და ღვთის შვილობისა. აღვნიშნავთ, რომ ირინეოსთან არ გვხვდება ტერმინი ”ღმერთქმნა” (”თეოპოიესის”). იგი იყენებს ასეთ გამოთქმებს: ”ღმერთთან დაკავშირება”, ”ღმერთს მიმხრობა”, ”ზიარება ღვთის დიდებასთან”. როგორც ჩანს, ირინეოსი ითვალისწინებს ტერმინ ”ღმერთქმნის” პირდაპირი გაგების საფრთხეს, რაც ნიშანდობლივი იყო წარმართული რელიგიებისთვის, აგრეთვე გნოსტიკოსებისთვის, რომლებიც ადამიანის არსობრივ ღმერთყოფას, მის ნამდვილ ღმერთად ქცევას მოძღვრობდნენ. ამიტომ, ირინეოსი ფრთხილობს, არ გაფერმკრთალდეს ბუნებითი ზღვარი ღმერთსა და ადმაიანს შორის.

საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ წმ. ირინეოსი განასხვავებს ”ღვთის ხატსა” და ”ღვთის მსგავსებას”. ადამიანი ბუნებით, თავისი არამატერიალური სულის ასპექტით, არის ”ხატი ღვთისა”, ხოლო ”მსგავსება ღვთისა” გულისხმობს ღმერთთან ზებუნებრივ მიმსგავსებას, რაც ჰქონდა ადამს (წმ. ირინეოსის და, ზოგადად, ეკლესიის მამათა ხატმეტყველების შესახებ დაწვრილებით იხ. ჩვენი შრომა ”მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, თბ. 2002).

პიროვნების ცხონება ანუ ხსნა, გადარჩენა, აღსრულდება ქრისტეს მიერ ეკლესიისა და მის საიდუმლოთა წიაღ. საეკლესიო საიდუმლო (”მისტერიონ”) ანუ ”საკრამენტი” (საკრამენტუმ) იმგვარსავე მიმართებაშია ბუნებასთან, როგორც ეს არის ახალ ადამსა და ძველ ადამს შორის. საკრამენტი წარმოადგენს მთელი შესაქმის ქრისტეში შემოკრების უმაღლეს წერტილს. ნათლისღების გზით ადამიანი სულიერად იშვება ღვთისგან. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ირინეოსი პირველია ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, რომელიც ადასტურებს ბავშვების ნათლისღებას. აი, მისი სიტყვები:

”იგი (მაცხოვარი, ე.ჭ.) მოვიდა, რომ თავის მიერ ეხსნა მას ყოველი კაცი, - ყოველი კაცი, ვამბობ, ვინც კი მის მიერ ახლად იშვება ღვთისთვის, - ახალშობილნი, ჩვილნი, ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები” (2,22,4).

 

9. ესქატოლოგია

ესქატოლოგიური მოძღვრებაც წმ. ირინეოსისა ეფუძნება ”შემოკრების” ანუ ”რეკაპიტულაციის” შესახებ სწავლებას. ანტიქრისტე წარმოადგენს მაცხოვრის, ქრისტეს მოპირისპირე ქმნილებას. ანტიქრისტეც ”შემომკრებელია” ქრისტეს მსგავსად, მაგრამ მაცხოვრის საპირისპიროდ. იგი ”შემოკრებს” ყოველგვარ ბოროტებას, უკეთურებას, უსამართლობას, ცრუ წინასწარმეტყველებას, ცრუმორწმუნეობას, ყოველგვარ ცთომილებას დასაბამიდან აღსასრულამდე. ირინეოსი გვაუწყებს:

”ასე რომ, ამ მხეცში, როდესაც ის მოვა, შემოიკრიბება ყოველგვარი უსამართლობა და ყოველგვარი ცთომილება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ყოველი ძალა განდგომილებისა, რაც კი შეღვრილია მასში და მასშივეა განგრძობილი, მიეცეს სახმილს ცეცხლისას. ამიტომაც მართებულად შეიცავს მისი სახელი რიცხვს 666, რადგანაც იგი თავის თავში შემოკრებს უსამართლობის ყოველგვარ ნარევს, რასაც სათავე დაედო წარღვნამდე ანგელოზთა განდგომილების სახით... ამგვარად ექვსასი წელი... აღნიშნავს ამ კაცის (ანტიქრისტეს, ე.ჭ.) სახეს, რომელშიც შემოიკრიბება ექვსიათასი წლის წინასწარმეტყველება, ცთომილება და ყველა ის საქმე, რომელთა მიზეზითაც მოიწევა ცეცხლისმიერი წარღვნა” (5,29,2).

ესქატოლოგიას უკავშირდება ირინეოსის მილენარისტული ცთომილებაც. აი, მისი სიტყვები:

”ისინი (უკეთურნი, ე.ჭ.) ვერ ცნობენ ღვთის განგებულებას, ვერც მართალთა აღდგომისა და სასუფევლის საიდუმლოს, რაც არის დასაბამი უხრწნელებისა და რომლის მიერაც ღვთის შემეცნებაში წარემატებიან ღირსეულნი... ამ განახლებულ შესაქმეში, ღვთის გამოჩინების ჟამს, უპირველესად აღდგებიან მართალნი და დაიმკვიდრებენ კიდეც იმას, რაც ღმერთმა აღუთქვა მამებს ანუ იმეუფებენ მასთან (მაცხოვართან, ე.ჭ.) ერთად, ხოლო განკითხვა შემდეგ იქნება, რადგანაც მართებულია, რომ თვით შესაქმეში მიიღონ მათ ნაცვალგება მათი ღვაწლისა, სადაც აწამეს და გვემეს ისინი და ტანჯეს ყოველგვარი სახის სატანჯველით,  რომ ამავე შესაქმეში, სადაც სიკვდილი უსაჯეს ღვთის სიყვარულისათვის, ახლად იცხოვრონ მათ, რომ ამავე შესაქმეში, სადაც დაითმინეს მათ მონობა, იმეუფონ, რადგანაც ღმერთი ყოვლად მდიდარია და ყოველივე მას ეკუთვნის. ამიტომაც ხამს, რომ ეს შესაქმე, აღდგენილი პირველსახეში, იყოს მართალთა სამფლობელო შეუზღუდველად” (5,32,1).

 

* * *

წმ. ირინეოსის ღვთისმეტყველება მოიცავს კიდევ მრავალ უმნიშვნელოვანეს სწავლებას, რომელთა სრულყოფილი წვდომა ხსენებული მოძღვრის უმთავრესი ანტიერეტიკული შრომის ვრცელ სისტემურ ანალიზს გულისხმობს, რისკენაც შესაძლოა მცირედით მაინც გვიწინამძღვროს ზემოწარმოდგენილმა მიმოხილვამ.

 

ედიშერ ჭელიძე

I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I I