† ერმი - მწყემსი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წიგნი I

ხილვები

ხილვა პირველი

1.

1. ჩემმა აღმზრდელმა მიმყიდა რომში ვინმე როდის. მრავალი წლის შემდეგ ვიცანი იგი, მივედი და შევიყვარე როგორც და1. 2. რაღაც დროის შემდეგ ტიბრზე ბანაობისას დავინახე, ხელი გავუწოდე და ამოვიყვანე მდინარიდან. მისი სილამაზის მხილველი ჩემს გულში განვსჯიდი და ვამბობდი: „ბედნიერი ვიქნებოდი, ამგვარი სილამაზისა და ზნის ცოლი მყოლოდა“. მხოლოდ ეს მოვისურვე, სხვა არაფერი.

3. რაღაც დროის შემდეგ კუმასკენ2 მივემართებოდი და ვადიდებდი ღვთის შესაქმეს, როგორც უდიდესს, განსაკუთრებულსა და ძალმოსილს. მოარულს მიმეძინა. სულმა ამიტაცა და წამიყვანა გაუვალი რამ გზით, რომლის გადალახვაც არ ძალუძს ადამიანს. ციცაბო და წყლების მიერ მოწყვეტილი ადგილი იყო. მდინარეზე გადავედი და გავედი დაბლობზე, მუხლი მოვიყარე, ღვთისადმი ლოცვა დავიწყე და ჩემს ცოდვებს ვაღიარებდი. 4. ჩემი ვედრებისას ცა გაიხსნა და ვხედავ იმ ასულს, რომელიც მოვისურვე, მომეგება ზეციდან და მითხრა: „გამარჯობა, ერმ“. 5. შევხედე მას და ვეუბნები: „ქალბატონო, აქ რას აკეთებ?“ მან კი მიპასუხა: “ზეაღვიტაცე3, რომ შენი ცოდვები გავამხილო ღვთის წინაშე”. 6. მე ვუთხარი: “ახლა შენ ჩემი მამხილებელი ხარ?” „არა,- მომიგო, - არამედ ისმინე სიტყვები, რომელნიც მსურს გითხრა: ღმერთი, რომელიც ცათა შინა მკვიდრობს (შდრ. ფს. 2.4; 122.1), რომელიც არაფრისგან ქმნის არსებებს, განამრავლებს და ზრდის მათ (შდრ. დაბ. 1.28; 8.17) თავისი წმინდა ეკლესიის მიერ, განრისხებულია შენზე, რადგან შესცოდე ჩემდამი“. 7. ვუპასუხე მას და ვუთხარი: „შენდამი შევცოდე? სად ან როდის ვთქვი შენზე შეურაცხმყოფელი სიტყვები? განა მუდამ ღვთაებად (θεάν) არ მიმაჩნდი? მარადის როგორც დას არ გეკრძალვოდი შენ? ცილს რად მწამებ, ასულო, ასეთ უკეთურებასა და უწმინდურობაში?“ 8. მოცინარი მეუბნება: „შენს გულში უკეთური გულისთქმა შევიდა. ნუთუ არ გგონია, რომ შენებრ მართალი მამაკაცისთვის სიბილწეა, თუკი მის გულში უკეთური გულისთქმა შევა?“ „ცოდვაა, -თქვა, - თანაც დიდი, რადგან მართალი კაცი სიმართლეს იზრახავს, ხოლო რაჟამს არის იგი მართლის მზრახველი, მისი დიდება ცათა შინა წარემატება და ჰყავს მას უფალი კეთილად მომადლიერებული ყველა საქმეში; ხოლო რომლებსაც გულით სწადიათ უკეთური, მონობასა და სიკვდილს მოიწევენ საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ისინი, რომელნიც ამა საუკუნეში იუნჯებენ და თავიანთი სიმდიდრით გაამპარტავნებულნი, არ მიილტვიან მომავალი სიკეთეებისკენ. 9. ინანებენ მათი სულები, რომლებსაც არ აქვთ სასოება და სასოწარკვეთისთვის მიუციათ თავისი თავი და თავისივე სიცოცხლეც4. ხოლო შენ ილოცე უფლისადმი და განგკურნავს შენს ცოვებს (შდრ. რჯლ. 30.3) და მთელი შენი სახლეულისას და ყველა წმინდანის“5.

 

2.

1. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ცა დაიხურა, ხოლო მე ყოვლითურთ შეძრწუნებული და დამწუხრებული ვიყავი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუკი ეს ცოდვად შემერაცხა, როგორღა ძალმიძს გადარჩენა? როგორ მოვიწყალობო ღმერთი ჩემ მიერ აღსრულებული [სხვა] ცოდვების გამო? ან რაგვარი სიტყვებით მივმართო უფალს, რომ შემიწყალოს?“ 2. გულში ამას ვიზრახავდი და განვსჯიდი და ვხედავ, ჩემ წინ თოვლივით სპეტაკი, დიდი მატყლის სავარძელია. მოვიდა უბრწყინვალესი კაბით [მოსილი] ასაკოვანი ქალბატონი. ხელთ წიგნი ეპყრა, მარტოკა დაბრძანდა და მომესალმა: „გამარჯობა, ერმ“. მე დამწუხრებულმა და ატირებულმა მივუგე: „გამარჯობა, ქალბატონო“. 3. მეუბნება: „რატომ ხარ პირქუში, ერმ? სულგრძელს, უთქმელსა და ყოვლად მოცინარს რად გაქვს სახე ეგზომ ქუფრი და განუხარელი?“ მე ვუპასუხე: „უმშვენიერესი ასულის ნათქვამის გამო: რომ ვცოდე მისდამი“. 4. მან მომიგო: „არანაირად  არ შეჰფერის ღვთის მონას ამგვარი საქმე, მაგრამ ყოვლითურთ აღწევნილა6 შენს გულამდე მის გამო ეგზომი ზრახვა, რაც ღვთის მონებზე ცოდვას მოაწევს. ბილწი და შემაძრწუნებელი სურვილი ყოვლადპატიოსანისა7 და უკვე გამოცდილ სულს უკეთური საქმისადმი აღაგზნებს. განსაკუთრებით ერმს, მხნესა და ყოველგვარი უზნეო სწრაფვის უარმყოფელს და აღსავსეს ყოველნაირი უბრალოებითა და დიდი სიმშვიდით.


3.

1. მაგრამ ამიტომ როდი მრისხანებს შენზე ღმერთი, არამედ - შენი უსამართლო სახლეულის გამო, რომელიც ღვთისგან და თქვენგან, თავისი მშობლებისგან, განდგა. მიუხედავად იმისა, რომ შვილთმოყვარე იყავი, არ უფრთხილდებოდი შენს სახლეულს, ხოლო მიუშვი რა, საშინლად გაირყვნა იგი. ამიტომაც მრისხანებს შენზე უფალი. მაგრამ განკურნავს შენს ადრე ქმნილ ყველა უკეთურებას შენს სახლეულში. მათ ცოდვათა და უკანონობათა გამო ქვეყნიურ საქმეთაგან შენც გაირყვენი. 2. მაგრამ უფლის მრავალმოწყალებამ შეგიწყალა შენ და შენი სახლეული და განგამტკიცებს და დაგასაძირკვლებს თავის დიდებაში. მხოლოდღა ნუ მომედგრები, არამედ სულიერად გაამხნევე და განაძლიერე შენი სახლეული. როგორც კვერისდამკვრელი მჭედელი8 თავისი შრომით სურვილის შესაბამის ნივთს გამოკვერავს, ამგვარადვე ყოველდღიური მართალი სიტყვა სძლევს ყოველგვარ უკეთურებას. ნუ შეწყვეტ შენი შვილების განსწავლას და იხილავ, რომ თუ მთელი გულით შეინანებენ, ჩაიწერებიან წმინდანებთან ერთად ცხოვრების წიგნში“. 3. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ამგვარად მომმართა: „გსურს, მოისმინო ჩემგან წაკითხული?“ მე მივუგე: „მსურს, ქალბატონო“. მიპასუხებს: „ისმინე დიდება ღვთისა“. ვისმენდი უდიდეს და საკვირველ რამეს, რომლის დამახსოვრებაც არ ძალმიძდა, რადგან ყოველი სიტყვა შემაძრწუნებელი იყო, რომელთა ტვირთვაც არ ხელეწიფება ადამიანს. დამამახსოვრდა უკანასკნელნი, ჩვენთივს სასარგებლო და გასაგები სიტყვები: 4. „აჰა, ღმერთი ძალთა (შდრ. ფს. 58.6), რომელმაც უხილავი და ძლიერი ძალითა და თავისი დიდი გონიერებით დააფუძნა სამყარო და დიდებული ზრახვით გარეშემოწერა თავის ქმნილებას მშვენიერება (შდრ. ეს. 42.5). მტკიცე სიტყვით დაამყარა მან ზეცა და წყალთა ზედა დააფუძნა ქვეყანა (შდრ. ფს. 135.6) და თავისი სიბრძნითა და წინასწარმხედველობით შექმნა თავისი წმინდა ეკლესია, რომელიც აკურთხა. აჰა, ცვლის ცასა და მთებს, მაღლობებსა და ზღვებს (შდრ. ფს. 45.3); ყოველივე მოსწორდება მისი რჩეულებისთვის, რომ გადასცეს [უფალმა] მათ დანაპირები აღთქმისამებრ დაუსრულებელ დიდებასთან და სიხარულთან ერთად, თუკი დაიცავენ ღვთის მცნებებს, რაც მიიღეს დიდი სარწმუნოებით“9.

 

4.

1. როდესაც კითხვა დაასრულა და სავარძლიდან წამოდგა, მოვიდა ოთხი ჭაბუკი, აიღეს სავარძელი და წავიდნენ აღმოსავლეთისკენ. 2. ხოლო მე მიმიხმო, მკერდზე შემეხო და მეუბნება: „კმაყოფილი ხარ წაკითხულით?“ მე ვიპასუხე: „ქალბატონო, ეს უკანასკნელი საამო იყო, ხოლო ადრინდელი - მძიმე და მკაცრი“. მან მომიგო და მითხრა: „ეს უკანასკნელნი - მართალთათვის, ხოლო ადრინდელნი - წარმართთა და განდგომილთათვის“. 3. ამის თქმისას ჩვენთან ვიღაც ორი მამაკაცი გამოცხადდა, ხელთ იპყრეს იგი და წავიდნენ აღმოსავლეთისკენ (საითაც სავარძელი წააბრძანეს). მხიარული მიდიოდა და შემომძახა: „გამხნევდიო, ერმ!“.

ხილვა მეორე

5. (1).

1. მივემგზავრებოდი რა კუმისკენ იმავ ჟამს, როგორც შარშან, მოარულს მაგონდებოდა ადრინდელი ხილვა, და კვლავ ამიტაცა სულმა და იმ ადგილისკენ წამიყვანა, სადაც ერთი წლის წინ [ვიმყოფებოდი]. 2. ადგილზე მისულმა მუხლი მოვიყარე, უფლისადმი ლოცვა დავიწყე და ვადიდებდი მის სახელს (შდრ. ფს. 85. 9.12; ეს. 24.15; 2თესალ. 1.12), რომელმაც ღირსი გამხადა განწმენდისა და შემაცნობინა ჩემი ადრინდელი შეცოდებანი. 3. ლოცვის დასრულების შემდეგ წამოვდექი და ვხედავ ჩემ პირისპირ მოხუც [ქალბატონს], რომელიც შარშანაც ვიხილე, მიმოვიდოდა და წიგნს კითხულობდა. მეუბნება მე: „შეგიძლია, ეს ღვთის რჩეულებს შეატყობინო?“ მივუგე მას: „ქალბატონო, ამდენის დამახსოვრება არ ძალმიძს. მომეცი წიგნი, რომ გადავწერო იგი“. მითხრა: „აიღე და დამიბრუნე“. 4. მე გამოვართვი და რომელიღაც უდაბურ ადგილზე განმარტოებული ვიწერდი ყოველივეს ასო-ასო, თუმცა კი მარცვალთ ვერ განვარჩევდი10.  გადაწერის დასრულებისას მოულოდნელად წიგნი ხელიდან წამერთვა, ხოლო ვის მიერ, არ მინახავს.

 

6.(2).

1. ჩემი თხუთმეტდღიანი მარხვისა და უფლისადმი მრავალჯერადი ვედრების შემდეგ დაწერილის ცოდნა განმეცხადა, ხოლო დაწერილი იყო ეს: 2. „შენმა სახლეულმა11 , ერმ,  ღმერთი შეურაცხყო და უფალი დაგმო, საკუთარი მშობლები დიდი უკეთურებით გასცა, მშობელთა გამყიდველებად იწოდნენ და გამცემთ არაფერი უხეირიათ12, არამედ კიდევ მეტად შეჰმატეს თავიანთ ცოდვებს აღვირახსნილობანი და მრავალგვარი უკეთურობა13. ამგვარად აღივსო მათი უსამართლობა. 3. გამოუცხადე ეს სიტყვები შენს ყველა შვილს, მეუღლეს, რომელიც შენი და უნდა გახდეს14, რადგან იგი არ იოკებს ენას რომლითაც სცოდავს (შდრ. იაკ.1.26; 3.2,8); მაგრამ ამგვარი სიტყვების მსმენელი განერიდება15 და მიიღებს წყალობას. 4. ამ სიტყვათა უწყების შემდეგ, რომელთა გამოცხადებაც შენთვის მეუფემ დამავალა, მიეტევებათ მათ და ყველა წმინდანს შეცოდებანი ვიდრე ამ დღემდე16, ყოველი ცოდვა, რომლითაც უწინ უცოდავთ, თუკი მთელი გულით შეინანებენ და განიძარცვავენ თავიანთი გულიდან ორჭოფობას. 5. თავისი დიდებით შეჰფიცა მეუფემ მის რჩეულებს: თუკი, განსაზღვრულია რა ეს დღე, კვლავ შეცოდება იქნება, არ ექნებათ მათ ცხონება, რადგან სინანულს მართალთა მიმართ  აქვს დასასრული. დასრულებულია ყველა წმინდისთვის სინანულის დღეს17 ხოლო წარმართთათვისაც სინანული უკანასკნელ ჟამამდეა18. 6. შეატყობინე ეკლესიის წინამძღოლებს, სიმართლით წარმართონ თავიანთი გზები, რომ მიიღონ აღთქმათა სისავსისგან სრულ დიდებასთან ერთად. 7. სიმართლის მოქმედნი მტკიცედ უნდა იდგეთ (შდრ. ფს. 14.2) და ნუ შეორგულდებით, რომ წმინდა ანგელოზებთან ერთად გადახვიდეთ19 [სასუფეველში]. ნეტარნი ხართ, ვინც დაითმენთ თქვენზე აღძრულ განსაცდელთა სიმრავლეს და არ უარყოფთ საკუთარ ცხონებას. 8. დაიფიცა უფალმა თავისი ძის მიერ: უარმყოფელნი თავიანთი უფლისა საკუთარი ცხონების შეუმეცნებელნი ხდებიან, რომელნიც ახლაც მზად არიან, მომავალ დღეებში [უფალს] განუდგნენ; ხოლო ადრე განდგომილთათვის მწყალობელი გახდა მრავალმოწყალების გამო.20

 

7.(3).

1. ხოლო შენ, ერმ, ნუ იქნები ავმეხსიერი შენი შვილებისადმი, ნურც შენს დას უარყოფ21, რომ განიწმინდონ თავიანთი უწინარესი ცოდვებისგან; თუკი არ იქნები ავმეხსიარი მათ მიმართ, განისწავლებიან სამართლიანი განსწავლით. ავმეხსიარება სიკვდილს მოიმუშაკებს. შენ, ერმ, დიდი შეჭირვება გადაიტანე შენი სახლეულის პიროვნული დანაშაულებების გამო, ვინაიდან არ ზრუნავდი მათზე, არამედ უგულებელყოფდი მათ და შენი უკეთური საქმეებით თანააღრეული იყავი მათთან222. შენი უბრალოება, მრავალი თავშეკავება და ცხოველი ღმერთისგან გარემიუქცეველობა23 დაგიხსნის შენ (შდრ. ებრ. 3.12). ესენი შეგეწევიან, თუკი [მათში] დაადგრები, და ყველას დაიხსნის, ვინც კი დაიწყებს ამგვარად მოქმედებასა და სრბოლას უმანკოებასა და უბრალოებაში. ასეთნი სძლევენ ყოველგვარ უკეთურებას და დაცულნი იქნებიან საუკუნო ცხოვრებისთვის. 3. ნეტარია სიმართლის ყველა მოქმედი (შდრ. ფს. 105.3.), არ გაიხრწნებიან უკუნისამდე. 4. უთხარი მაქსიმეს:24 „ვხედავ, დევნა ახლოვდება. თუკი შენ იხილავ, კვლავ უარყოფ. ახლოსაა უფალი მოქცეულებთან, როგორ აღწერეს ელდადდმა და მოდატმა25, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ხალხისთვის უდაბნოში“.

 

8.(4).

1. გამომეცხადა მე, ძმანო, მძინარეს უკეთილმშვენიერესი ჭაბუკი და მითხრა: „როგორ გგონია ვინაა მოხუცი [ქალბატონი], რომლისგანაც წიგნი მიიღე?“ მე ვუთხარი: „სიბილა“26. „შეცდიო, - მომიგო, - არააო [სიბილა]“. ვკითხე: „ვინაა - მეთქი?“ „ეკლესიააო“ - მიპასუხა. კვლავ ვკითხე: „რატომაა ასაკოვანი?“ მომიგო: „რადგან ყველაზე ადრე დაფუძნდა, ამიტომაცაა ასაკოვანი, და მისდა კვალად შეიქმნა სამყარო“.  2. ამის შემდეგ ჩემს სახლში ჩვენება ვიხილე: მოვიდა მოხუცი [ქალბატონი] და მკითხა, გადავეცი თუ არა ხუცესებს წიგნი. უარი მივუგე. „კეთილად მოქცეულხარ, მეუბნება, ვინაიდან სიტყვები მაქვს ჩასართავი. როდესაც ყველა სიტყვას დავასრულებ, შენი გზით განცხადდება იგი ყოველი რჩეულისთვის. 3. დაწერე ორი წიგნი და გადაეცი კლიმენტისა და გრაპტის27. კლიმენტი გააგზავნის გარე ქალაქებში28, მას ასე ებრძანა; გრაპტის კი ქვრივთა და ობოლთა შეგონება დაევალა, ხოლო შენ ამ ქალაქში ეკლესიის წინამძღოლ ხუცესებთან ერთად წაიკითხე“.

 

ხილვა მესამე

9.(1).

1. ამგვარი რამ ვიხილე, ძმანო.  2. მრავალი ვიმარხე და ვევედრე უფალს, რომ განცხადებულიყო ჩემთვის საიდუმლო29, რაც მოხუცი [ქალბატონის] მიერ მეუწყა. იმ ღამით გამომეცხადა იგი30 და მითხრა: „ვინაიდან არ ხარ კმაყოფილი და ჯეროვნად გსურს, ყოველივე გაიგო, ველად მოდი, სადაც თესლი ითესება. ხუთი საათისთვის განგიცხადებ და გიჩვენებ შენ, რისი ხილვაც გჭირდება“. 3. ვკითხე მას: „ქალბატონო, რომელ ველზე მოვიდე?“ მიპასუხა: „სადაც მოგესურვება“. გამოვირჩიე მშვენიერი, განმარტოებული ადგილი. სანამ მას ვეტყოდი და ადგილს ვაუწყებდი, მეუბნება: „მოვალ იქ სადაც კი გსურს“. 4. გავედი, ძმანო, ველად, დრო მოვინიშნე და მივედი ადგილზე, რომელიც დავთქვი მასთან შესახვედრად. ვხედავ, სპილოს ძვლისგან გამოკვეთილი სავარძელი დგას და სავარძელზე სელის ბალიში დევს. მაღლიდან სელის ფაქიზი ზეწარი ადევს. 5. ვუმზერ ყოველსავე წინამდებარეს, ადგილზე არავინაა. შევძრწუნდი, როდესაც იქ მისული მარტო აღმოვჩნდი; დავითრგუნე, თითქოს კანკალმა ამიტანა, თმები ყალყზე დამიდგა. გონს მოვეგე, ღვთის დიდებულება მოვიგონე და გავმხნევდი. მუხლი მოვიყარე და უფლისადმი კვლავ ჩემს ცოდვებს ვაღიარებდი, როგორც ადრე. 6. მოვიდა [მოხუცი ქალბატონი] ექვს ჭაბუკთან ერთად, რომელნიც უწინაც მინახავს. ჩემთან დადგა და ყურადღებით ისმენდა ჩემი ცოდვების აღიარებასა და ლოცვას უფლისადმი. შემეხო მე და მითხრა: „ერმ, შეწყვიტე შენი ცოდვების გამო ყველანაირი ვედრება და ილოცე სიმართლისთვის, რომ გერგოს წილი მისგან შენი სახლეულისთვის“.  7. ხელით წამომაყენა, სავარძელთან მიმიძღვა და ჭაბუკებს მიმართა: „წადით და აღმართეთ“.  8. ჭაბუკთა განშორების შემდეგ ჩვენ მარტონი დავრჩით მე მეუბნება: „დაბრძანდი აქ“. მე მივუგე: „ქალბატონო, დაე, პირველად ხუცესნი დასხდნენ“. მომიგო: „შენ გეუბნები, აქ დაჯექი“.  9. მარჯვენა მხარეს მოვისურვე დაჯდომა, მაგრამ არ დამანება და ხელით მიმანიშნა მარცხენა მხარეს დაჯექიო. ჩავფიქრდი და დავნაღვლიანდი (რადგან არ დამრთო ნება მარჯვნივ დაჯდომისა). მეუბნება: „მწუხარებ, ერმ? მარჯვენა მხარეს ადგილი სხვებისთვისაა, რომელნიც უკვე სათნოეყვნენ ღმერთს და იტანჯნენ [მისი] სახელის გამო. ხოლო შენ მრავალი რამ გაკლია, რომ მათთან ერთად დაბრძანდე. შეინარჩუნე შენი უბრალოება, დაიცადე და დაჯდები მათთან ერთად და მრავალნი [დასხდებიან] თუკი აღასრულებენ მათ საქმეებს და დაითმენენ იმას, რაც მათ დაითმინეს.

 

10.(2).

1. ვიკითხე, რა დაითმინეს - მეთქი? მომიგო: „მისმინე: გვემა, პატიმრობანი, უდიდესი შეჭირვებები, ჯვარცმანი31, მხეცთაგან [დაგლეჯა] მისი სახელის გამო32. ამიტომაც სიწმინდის მარჯვენა მხარე იმათია, [უფლის] სახელისთვის ვინც იტანჯა, ხოლო დანარჩენებისთვის მარცხენა ნაწილია. მაგრამ ორივეგან მსხდომნი (მარჯვენა და მარცხენა მხარეს) იმავე ძღვენსა და იმავე აღთქმულთ [მიიღებენ]. მხოლოდ ისინი, რომელნიც მარჯვნივ სხედან, ფლობენ იმგვარ დიდებას, [რაც მარცხნივ მყოფთ არ აქვთ]. 2. შენ კი მარჯვნივ, მათთან ერთად გსურს დაჯდომა, მაგრამ მრავალი ნაკლულევანება გაქვს. განიწმინდე თავი ნაკლოვანებისგან. ნურავინ შეორგულდება, ყოველგვარი ცოდვისგან განიწმინდონ იმ დღისთვის“.  3. ეს თქვა და წასვლა დააპირა, ხოლო მე მის ფერხთით დავეცი და ვევედრებოდი, უფლის გულისთვის ეჩვენებინა ჩემთვის აღთქმული ხილვა. 4. კვლავ იპყრო ჩემი ხელი, წამიძღვა და დამსვა სავარძელთან მარცხენა მხარეს; თავად მარჯვნივ ჩამოჯდა. რომელიღაც ბრწყინვალე კვერთხი ზეაღმართა და მითხრა: „ხედავ დიად საქმეებს?“ ვიპასუხე, ქალბატონო ვერაფერს ვხედავ - მეთქი. მომიგო: „ვერ ხედავ? აჰა, შენს პირდაპირ, წყალზე ბრწყინვალე ოთხკუთხა ქვებისგან დიდი კოშკი შენდება“.  5. ოთხკუთხა კოშკს მასთან ერთად მოსული ექვსი ჭაბუკი აშენებდა. სხვებს, ათასობით მამაკაცს ზოგიერთს წყლის ფსკერიდან, ხოლო ზოგს ხმელეთიდან მოჰქონდა ქვები და იმ ექვს ჭაბუკს აწვდიდა, ხოლო ისინი იღებდნენ და აშენებდნენ.  6. წყლის ფსკერიდან ამოტანილ ყველა ქვას ამგვარადვე განათავსებდნენ ნაგებობაზე, რადგან მოტანილი [ქვები] სხვა ქვებთან ერთად  ურთიერთშეხების ადგილით სრულ სიმწყობრეს ქმნიდნენ. კოშკის შენობაც თითქოს ერთიანი ქვისგან ნაშენი ჩანდა.  7. ხმელეთიდან მოტანილი ქვების სხვა ნაწილს განაგდებდნენ, შენობასთან ალაგებდნენ. სხვებს ანაწევრებდნენ და კოშკიდან შორს ისროდნენ.  8. სხვა მრავალი ქვა კოშკთან წრიულად დალაგდა და შენობისთვის მათ არ იყენებდნენ, რადგან მათგან ზოგიერთი ხორკლიანი იყო, სხვები დაბზარულიყვნენ, ნაწილი - უწახნაგო, სხვებს თეთრი ფერი და მრგვალი ფორმა [ჰქონდა] და გამოუსადეგარნი იყვნენ შენობისთვის.  9. ვიხილე, კოშკიდან შორს გადაყრილი სხვა ქვები გზისკენ მიემართებოდნენ და, არ ჩერდებოდნენ რა გზაზე, უდაბური ადგილისკენ მიგორავდნენ. სხვები ცეცხლში ცვივდებოდნენ და იწვოდნენ. სხვანი წყალთან ახლოს ეცემოდნენ და არ ძალუძდათ, წყლამდე მიღწევა, თუმცა კი სურდათ გადაგორება და წყალში შესვლა.

 

11.(3).

1. ეს მიჩვენა და წასვლა დააპირა. ვუთხარი მას: „დედოფალო, რა სასარგებლოა ჩემთვის ნანახი, თუკი ვერ ჩავწვდი“. მიპასუხა და მითხრა მე: „ჭკუამახვილი33 ყოფილხარ, ადამიანო, გსურს რა შეიტყო კოშკის შესახებ“. მივუგე: „დიახ, დედოფალო, - რომ ჩემს ძმებს ვამცნო, რომ დიდი სიხარულით გაიხარონ და ამის მსმენელებმა ღმერთი შეიმეცნონ მრავალი დიდებით“.  2. მიპასუხა: „ბევრი მოისმენს, მაგრამ მსმენელებთაგან ზოგიერთები გაიხარებენ, ხოლო ზოგიერთნი ატირდებიან. თუმცა თუკი ისინი მოისმენენ და შეინანებენ თავადაც გაიხარებენ. ისმინე იგავი34 კოშკის შესახებ; ყოველივეს განგიცხადებ შენ. მეტად ნუღარ დამაშვრალობ გამოცხადების გამო, რადგან ამ გამოცხადებებსაც აქვთ დასასრული, ვინაიდან აღსრულებულნი არიან, მაგრამ ხარ რა კადნიერი35, არ წყვეტ გამოცხადებათა მოთხოვნას. 3. მაშ ასე, მშენებარე კოშკი, რომელსაც ხედავ, მე ვარ - ეკლესია, გეცხადები რა ახლაც და - უწინაც. მკითხე კოშკის შესახებ, რაც გსურს, და განგიცხადებ შენ,  რომ იხარო წმინდანებთან ერთად“. 4. ვუთხარი მას: „დედოფალო, მას შემდეგ, რაც ერთგზის ღირსმყავ, გეწინამძღვრა ჩემთვის ყოველგვარ გამოცხადებაში, [კვლავ] განმიცხადე“.  მომიგო: „თუკი გამოცხადების მიმღები იქნები, განგეცხადება; მხოლოდ შენი გული ღმერთთან იყოს და ნანახის გამო ნუ დაეჭვდები“. 5. ვკითხე მას: „ქალბატონო, კოშკი წყალზე რატომ შენდება?“.  „უწინაც გითხარი, -  მომიგებს, - და გულმოდგინედ გამოეძიებ, ხოლო მაძიებელი აღმოაჩენ ჭეშმარიტებას. იმის გამო შენდება კოშკი წყალზე, რომ თქვენი სიცოცხლე წყლის მიერ დაიხსნა და დაიხსნება. კოშკი ყოვლისმპყრობელის სიტყვითა და დიდებულის სახელით დაფუძნდა და მეუფის უხილავი ძალის მიერ იმართება“.

 

12.(4).

1. მივუგე მას და ვუთხარი: „დიდი და საკვირველია ეს საქმე! ქალბატონო, ექვსი მშენებელი ჭაბუკი ვინ არის?“  „ისინი ღვთის პირველქმნილი წმინდა ანგელოზები არიან, რომელთაც უფალმა ასაღორძინებლად, აღსაშენებლად და სამართავად ყოველი თავისი ქმნილება გადასცა. მათ მიერ განსრულდება კოშკის შენება“. 2. „სხვები - ქვებს რომ ეზიდებიან?“ „ისინიც ღვთის წმინდა ანგელოზები არიან, მაგრამ ის ექვსი ამათზე აღმატებულია. როდესაც კოშკის შენება დასრულდება, ყველანი ჩემსა და კოშკის გარშემო მხიარულებას მიეცემიან და ღმერთს განადიდებენ, რადგან დასრულდება კოშკის შენობის აგება“. 3. ვუთხარი მას: „დედოფალო, მსურს ვიცოდე ქვების წარმომავლობა, საიდან არიან, და მათი ძალა“. მიპასუხა: „განა ყველაზე უღირსეულესი შენ ხარ, რომ განგიცხადო. არიან სხვები, შენზე უპირატესნი და სახიერნი, რომელთათვისაც ხამს ამ ხილვათა უწყება, მაგრამ ღვთის სახელის სადიდებლად შენთვის  და დაეჭვებულთათვის განცხადდება, რომლებიც განსჯიან თავიანთ გულებში: იქნება ეს ასე თუ არ იქნება? უთახარი მათ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა და არაფერია გარეშე ჭეშმარიტებისა, არამედ ყოველივე ძლიერად და მყარადაა დასაძირკვლებული.

 

13.(5).

1. ახლა კი ისმინე კოშკთან მოტანილი ქვების შესახებ. ოთხკუთხა, თეთრი და თავიანთი კავშირებით შეწყობილნი, ესენი, როგორც შესვენებულნი, ასევე ჯერ კიდევ [ხორცში] მყოფნი, მოციქულნი, ეპისკოპოსები, მოძღვარნი და დიაკონნი არიან, ღვთივპატიოსნად მავალნი, რომლებიც უბიწოდ და წმინდად მწყსიან, განსწავლიან და ემსახურებიან ღვთის რჩეულთ; [მათ], მარადჟამ ერთმანეთთან თანხმობაში მყოფთ, ურთიერთში მშვიდობა აქვთ და ერთურთს უსმენენ. ამიტომაა კოშკის შენობაში მათი თანაშერთულობის ადგილი მწყობრი“. 2. „წყლის ფსკერიდან ამოტანილი და შენობაში განთავსებულნი, თავიანთი ზედაპირით სხვა, უკვე ნაშენებ ქვებთან თანაშეწყობილნი ვინ არიან?“  „ესენი ღვთის სახელის გამო ტანჯულნი არიან“. 3. „ქალბატონო, მსურს გავიგო სხვა, ხმელეთიდან მოტანილი ქვები ვინ არიან?“ მიპასუხა: „შენობასთან მოტანილნი და დაუნაწევრებელნი უფლისგან გამოცდილები არიან, რომელთაც უფლის სიმართლით ისრბოლეს [წუთისოფელში] და ღირსეულად აღასრულეს მისი მცნებები“36. 4. „შენობასთან მოტანილი და დალაგებულები?“ „სარწმუნოებაში ახლადმოქცეული მორწმუნეები არიან, რომელთაც ანგელოზები კეთილმოქმედებას შთააგონებენ, რის გამოც მათში არ იპოვება უკეთურება“. 5. „განგდებულნი და გადაყრილნი ვინ არიან?“ „ესენი არიან, რომელთაც შესცოდეს და სურთ შეინანონ. ამიტომაც არ მიაქვთ კოშკიდან შორს, რადგან სასარგებლონი იქნებიან შენობისთვის, თუკი შეინანებენ. თუ სინანულის მზრახველნი ახლა, კოშკის შენებისას, მოინანიებენ, განძლიერდებიან სარწმუნოებაში; ხოლო თუკი შენობა განსრულდება, აღარასოდეს ექნებათ ადგილი, არამედ განიდევნებიან და მხოლოდ კოშკის მიღმა დაიდებიან37.

 

14.(6).

1. გსურს, იცოდე დანაწევრებული და კოშკიდან შორს გადაყრილი [ქვების] შესახებ? ესენი ურჯულოების ძენი არიან, რომელთაც თუალღებით სწამთ. არ უარყოფილა მათგან არანაირი უკეთურება. იმიტომ არ გააჩნია ხსნა, რომ შენობას არაფერში გამოადგებიან თავიანთი უზნეობით; ამიტომაც თანადანაწევრებულები შორს განიგდებიან უფლის გულისწყრომის გამო, რადგან განარისხეს იგი. 2. ხოლო სხვა მრავალნი, დახორკლილნი, რომლებიც დალაგებულნი იხილე და შენობაში არ შეჰქონდათ, ისინი არიან, რომელთაც შეიმეცნეს ჭეშმარიტება და არ დაადრგნენ მასში, არც წმინდანებს შეუერთდნენ38. ამიტომაც არიან გამოუსადეგარნი“. 3. „დაბზარული [ქვები] ვინ არიან?“ „ესენი არიან, რომელთაც გულებში ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობა აქვთ და ურთიერთში მშვიდობის გარეშე ცხოვრობენ (შდრ. მარკ. 9.50; 1 თესალ.5.13); გარეგნულად სიმშვიდის მატარებელნი, როდესაც ერთურთს განშორდებიან, მათი უკეთურება გულებში ნარჩუნდება. ესაა ბზარები, რომლებიც ქვებზეა. 4. დასახიჩრებულნი ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს და სიმართლეში სავსე საწყაულის მქონენი ურჯულოების წილსაც ფლობენ. ამის გამო სახიჩარნი39 არიან და არა სრულყოფილნი“. 5. „ქალბატონო, თეთრნი მომრგვალებულნი და ნაგებობისთვის შეუსაბამონი ვინ არიან?“ მიპასუხა მე და მითხრა: „როდემდე იქნები უგუნური და უგულისხმო? ყოველივეს მეკითხები და ვერარას გულისხმაყოფ. ესენი არიან, რომელთაც რწმენა აქვთ, მაგრამ ამ საუკუნის სიმდიდრესაც ფლობენ. როდესაც დევნა იქნება, სიმდიდრისა და საზრუნავთა გამო40 თავიანთ უფალს უარყოფენ“. 6. მივუგე მას და ვკითხე: „ქალბატონო, როდისღა იქნებიან შენობისთვის სასარგებლონი?“ მიპასუხა: „როცა მათი სულები დამატყვევებელ სიმდიდრეს მოიკვეთენ, მაშინ სასარგებლონი გახდებიან ღვთისთვის;  რადგან ისევე როგორც  მომრგვალებულ ქვას, თუკი  რამ არ გამოეკვეთა და გამოეხშირა მას, არ ძალუძს გახდეს ოთხკუთხა, ამგვარადვე ამ საუკუნეში გამდიდრებულნი, თუკი არ მოიკვეთენ თავიანთ სიმდიდრეს, ვერ შეძლებენ, სასარგებლონი გახდნენ უფლისთვის. 7. შენი თავისგან შეიცანი უპირველესად, რადგან მდიდრდებოდი რა უსარგებლო იყავი, აწ კი გამოსადეგი ხარ და სასარგებლო ცხოვრებისთვის. სასარგებლონი უნდა გაუხდეთ ღმერთს, რადგან თავად შენც ირგე ამ ქვათაგან41.

 

15.(7).

1. სხვა ქვები, რომლებიც კოშკიდან შორს გადაყრილნი, გზაზე დაცემულნი და გზიდან უდაბური ადგილისკენ ჩაგორებულნი იხილე, ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს, მაგრამ თავიანთი ორგულობის გამო დაუტევეს ჭეშმარიტი გზა მიიჩნიეს რა, რომ ძალუძდათ უკეთესი გზა ეპოვათ; დაეხეტებიან და იტანჯებიან უკაცრიელ ადგილებში მოარულნი. 2. ცეცხლში ჩავარდნილნი და ალმოდებულნი ისინი არიან, რომლებიც საბოლოოდ განუდგნენ ცხოველ (ცოცხალ, ი.ო.) ღმერთს (ებრ. 3,12). მეტად აღარც მიეახლება მათ გულს სინანული უზნეო ცხოვრების წესისა და უკეთურად აღსრულებული საქმეების გამო. 3. გინდა იცოდე სხვები, წყალთან ახლოს დაცემული [ქვები], რომელთაც არ ძალუძდათ წყალში გადაგორება, ვინ არიან? ესენი არიან, რომელნიც სიტყვას ისმენენ42 (მთ. 13. 20,22; მრ. 4.18) და სურთ ნათლისღება უფლის სახელით, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ჭეშმარიტი სიწმინდის ხსოვნა მიეახლება, შეხედულებას იცვლიან და კვლავ უკან სრბოლობენ თავიანთი უკეთური სურვილებისკენ.43 4. დაასრულა განმარტება კოშკის შესახებ. 5. გაკადნიერებულმა44 კვლავ ვკითხე მას: “ყველა ეს განგდებული და კოშკის შენობასთან შეუკავშირებელი ქვა – თუ არის მათთვის სინანული და თუ ექნებათ ამ კოშკში ადგილი?” მიპასუხა: “ხელეწიფებათ სინანული, მაგრამ არ ძალუძთ ამ კოშკთან ერთობა. 6. სხვა, ფრიად კნინ ადგილს შეეწყობიან და ესეც მაშინ, რაჟამს განიკითხებიან და აღასრულებენ თავიანთ შეცოდებათა დღეებს. იმის გამოც ინაცვლებენ, რომ მართალი სიტყვა შეიწყნარეს. უკეთუ აღწევნილა მათ გულში საქმენი, რითაც უკეთურებას მოქმედებდნენ45, მოხდება ამ ტანჯვათაგან გადანაცვლება, ხოლო თუკი არ აღწევნილა მათ გულამდე [სინანული], ვერც ცხონდებიან თავიანთი გულფიცხელობის (σκληροκαρδίαν) გამო”.46

16.(8).

1. რაჟამს ამ ყოველივეს შესახებ მისდამი შეკითხვები შევწყვიტე, მეუბნება მე: “გსურს, სხვა რამ იხილო?” ხილვის მოსურნემ ძლიერ გახარებულის გამომეტყველება მივიღე.47 2. ჩემკენ მზირალმა გაიღიმა და მომიგო: “ხედავ კოშკის გარშემო შვიდ ასულს?”48 ვუპასუხე: “ვხედავ, ქალბატონო”. “ეს კოშკი უფლის ბრძანებისამებრ მათ მიერ აღიმართება. 3. ახლა კი ისმინე მათ მოქმედებათა შესახებ: მათგან პირველს, რომელსაც [კოშკი] ხელთ უპყრია, რწმენა ეწოდება. მის მიერ დაიხსნებიან ღვთის რჩეულნი.49 4. მეორეს, წელშემოსარტყლულსა და განმტკიცებულს, თავშეკავება ჰქვია. იგი რწმენის ასულია. ვინც მას შეუდგება, ნეტარი იქნება თავის სიცოცხლეში, რადგან ყოველგვარ უკეთურ საქმეს უარყოფს. [მასზე] მიმნდობი, რაჟამს ყველანაირი უზნეო სურვილისგან შორს დადგება, საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს”. 5. “ქალბატონო, სხვები ვინ არიან?” “ერთიმეორის ასულები არიან. ეწოდებათ: უბრალოება, მეცნიერება, უმანკოება, უბიწოება, სიყვარული.50 როდესაც მათი მშობლის ყველა საქმეს აღასრულებ,51 ძალგიძს ცხონება”. 6. მივუგე: “ქალბატონო, მსურს ვიცოდე, მათგან ვის როგორი ძალა აქვს?” მიპასუხა: “ისმინე ძალთა შესახებ, რომელსაც ფლობენ. 7. მათ ძალებს ერთმანეთი უპყრიათ და ურთიერთს შობის შესაბამისად მიედევნებიან:52 რწმენისგან თავშეკავება იშვება, თავშეკავებისგან – უბრალოება, უბრალოებისგან – უმანკოება, უმანკოებისგან – უბიწოება, უბიწოებისგან – მეცნიერება, მეცნიერებისგან კი – სიყვარული.53 მათი საქმეები წმინდა, უბიწო და ღვთაებრივნი (θεῖά) არიან. 8. ვინც მათ ემონება და მათ საქმეებს ძლიერად იპყრობს, ღვთის წმინდანებთან ერთად კოშკში დამკვიდრდება”. 9. შევეკითხე მას დროთა შესახებ, არის კი უკვე დასასრული. დიდი ხმით შემრისხა: “უგუნურო ადამიანო, განა ვერ ხედავ, რომ კოშკი ჯერ კიდევ შენდება? განსრულდება რა შენობა, აღსასრულიც მოაწევს, მაგრამ სწრაფად აღიმართება. მეტად ნურაფერ შემეკითხები. საკმარისია ამის ხსოვნა შენთვის და წმინდანებისთვის თქვენი სულების განსაახლებლად.54 10. მაგრამ ეს განა მარტო შენ განგეცხადა, არამედ რათა სამი დღის შემდეგ ყველას გააგებინო. 11. პირველად საჭიროა, რომ შენ გაიაზრო. ერმ, იმ სიტყვებს გამცნებ, რომელთა თქმა მსურს შენთვის. ეს ყოველივე წმინდანთა სასმენელს აუწყე,55 რომ ამის მსმენელნი და აღმსრულებელნი განიწმინდონ თავიანთი უკეთურებებისგან, და შენ მათთან ერთად.

 

17.(9).

1. ისმინეთ ჩემი, შვილებო: მე აღგზარდეთ თქვენ მრავალ უბრალოებაში, უმანკოებასა და უბიწოებაში ღვთის მოწყალებით, რომელმაც თქვენზე გადმოღვარა სამართლიანობა,56 რომ სიმართლეს იქმოდეთ და განიწმინდოთ ყოველგვარი უზნეობისა და ყველანაირი გულარძნილებისგან (ἀπὸ πάσης σκολιότητος), მაგრამ თქვენ არ გსურთ თქვენი უკეთურების შეწყვეტა. 2. ახლა კი ჩემი ისმინეთ და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან, მიხედეთ ურთიერთს და ერთურთი იტვირთეთ (I თესალ. 5.13), ღვთის ქმნილებებს მარტო კი ნუ მიიღებთ,57 არამედ სიმდიდრისგან უპოვართაც58 უწილადეთ. 3. ზოგიერთები საკვების სიმრავლით საკუთარ სხეულს აუძლურებენ და წაახდენენ, ხოლო საკვების არმქონეთ საზრდელის უკმარისობის გამო სხეული უავადდებათ და მათი გვამი59 მოუძლურდება. 4. ეს სიხარბე დამღუპველია თქვენთვის გაქვთ რა შესაძლებლობა და არ უწილადებთ უპოვართ. 5. ეკრძალეთ60 მომავალ სამსჯავროს. მდიდრებმა61 მშივრები მოიძიეთ, ვიდრე კოშკი არ განსრულებულა, რადგან უკეთუ კოშკის დასრულების შემდეგ მოინდომებთ ქველმოქმედებას,62 არ გექნებათ ადგილი.63 6. თქვენ, რომლებიც თქვენი სიმდიდრით ამპარტავნებთ, იხილავთ, რომ უპოვარნი არასოდეს დაიკვნესებენ64 და მათი სულთქმა უფალთან აღიწევა65 (იაკ, 5.4) და თქვენს სიკეთეებთან ერთად განიდევნებით კოშკის კარს გარეთ.66 7. ახლა კი თქვენ, ეკლესიის წინამძღოლებსა და მოთავეებს,67 მოგმართავთ: ნუ მიემსგავსებით გრძნეულებს. ისინი68 თავიანთ საწამლავს ბზის ჭურჭლებით დაატარებენ, ხოლო თქვენ კი შხამსა და საწამლავს – გულით. 8. გაუხეშებულნი ხართ და არ გსურთ საკუთარი გულების განწმენდა და მასში (განწმენდილ გულში) თქვენი გონების თანაშერთვა, რომ დიდი მეუფის წყალობას ეუფლოთ (ფს. 46.3). 9. ეკრძალეთ, შვილებო, რომ თქვენმა ასეთმა განხეთქილებებმა არ დაგაკარგინონ ცხონება. 10. თქვენ, თავად უსწავლელთ, რაგვარად ძალგიძთ ღვთის რჩეულთა განსწავლა? ერთმანეთი დამოძღვრეთ და მშვიდობა გქონდეთ ურთიერთთან (I თესალ. 5.13), რომ მე მამის წინაშე სიხარულით წარვდგე და სიტყვა გადავცე თქვენს უფალს ყველა თქვენგანის შესახებ”.


18.(10).

1. შეწყივიტა რა ჩემთან საუბარი, მოვიდა ექვსი მშენებელი ჭაბუკი და იგი კოშკისკენ წააბრძანეს. სხვა ოთხმა სავარძელიც იმ კოშკთან მიიტანა. მათი სახე არ მინახავს, რადგან შებრუნებულიყვნენ. 2. წასვლისას ვთხოვე, განეცხადებინა ჩემთვის სამი სახის თაობაზე, რომლითაც მე გამომეცხადა. მიპასუხა მე და მითხრა: “ამათ შესახებ საჭიროა, სხვას დაეკითხო”. 3. პირველი, შარშანდელი ხილვისას, ძმანო, ძლიერ მოხუცი და სავარძელზე მჯდომი ვიხილე. 4. მეორე ჩვენებისას აზალგაზრდა გარეგნობა ჰქონდა, ხოლო სხეული და თმები – მოხუცებულის, და მე [ფეხზე] მდგომი მესაუბრებოდა, თუმცა მეტად უხაროდა, ვიდრე უწინ. 5. მესამე ხილვისას სრული ახალგაზრდობითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა, მხოლოდ თმები ჰქონდა ასაკოვანის; სიხარულით აღვსილიყო და სავარძელზე იჯდა. 6. ამათ შესახებ ძლიერ ვდარდობდი [მსურდა რა], შემეცნო ეს გამოცხადება და ღამის ხილვაში ვხედავ მოხუცს, რომელმაც მომმართა: “ყოველგვარ ლოცვას სიმდაბლე სჭირდება. იმარხულე და მიიღებ, რასაც უფლისგან ითხოვ”. 7. ერთი დღე ვიმარხე და იმ ღამით გამომეცხადა ჭაბუკი და მითხრა: “რატომ ითხოვ შენს ვედრებაში, რომ გამოცხადებები განიკუთვნონ?69 ეკრძალე, რომ მრავლისმთხოვნელმა არაფერი ავნო საკუთარ სხეულს.70 8. საკმარისია შენთვის ეს გამოცხადებანი. განა ძალგიძს მეტად ძლევამოსილი საიდუმლოს71 ხილვა, ვიდრე გინახავს?” 9. ვკითხე მას და ვუთხარი: “უფალო, მხოლოდ მოხუცის სამი სახის შესახებ გევედრები, რომ სრულიქმნას გამოცხადება”. მიპასუხა და მომიგო: “როდემდე იქნებით უგუნურები? მაგრამ თქვენი ორგულობა უგულისხმოგყოფთ (ἀσυνέτους) და თქვენი გული არაა უფალთან”. 10. ვუპასუხე მას და კვლავ ვუთხარი: “უფალო, შენგან გავიგებ ამას უზუსტესად”.

 

19.(11).

1. მომიგო: “ისმინე ამ სამი სახის შესახებ, შენ რომ ეძიებ. 2. რატომ გამოგეცხადა შენ პირველი ხილვისას ასაკოვანი და სავარძელში მჯდომი? იმიტომ, რომ თქვენი სული მობერდა72 და უკვე დაძაბუნებულს აღარ აქვს ძალა თქვენი უძლურებისა და ორგულობის გამო. 3. როგორც მოხუცებს არ გააჩნიათ იმედი გაახალგაზრდავებისა73 და სხვა არაფერზე ფიქრობენ, თუ არა საკუთარ განსვენებაზე,74 ამგვარადვე თქვენც, ქვეყნიურ საქმეთაგან ღონემიხდილნი, საკუთარი თავი უზრუნველობას გადაეცით და თქვენი საზრუნავი უფალს არ მიანდეთ (ფს. 54.23; I პეტრ. 5.7). მოისრა75 თქვენი გონება და თქვენს მწუხარებებს შეაბერდით”. 4. “უფალო, მსურს ვიცოდე, რატომ იჯდა სავარძელში”. “ყოველი უძლური თავისი სნეულების გამო ზის სავარძელში, რომ იპყრას სხეულის სისუსტე. მიიღე სახე პირველი ხილვისა.

 

20.(12).

1. მეორე ხილვისას იგი [ფეხზე] მდგომი, გარეგნობით ახალგაზრდა და ადრინდელზე მეტად მხიარული იხილე, ხოლო სხეული და თმები მოხუცის ჰქონდა. ისმინე, - მეუბნება, - ეს იგავი. 2. როგორც ვინმე მოხუცი თავად უკვე უიმედოდაა საკუთარი უძლურებისა და სიღარიბის გამო და სხვას არაფერს ელის, თუ არა საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს,76 შემდეგ მოულოდნელად მას მემკვიდრეობა გადაეცემა. მსმენელი ზეაღიმართება და ფრიად გახალისებული77 სიმტკიცით შეიმოსება; ამიერიდან მეტად აღარ დაწვება, არამედ წამოდგება, და განახლდება ადრინდელ საქმეთაგან გახრწნილი მისი სული. არათუ ჩამოჯდება, არამედ გამხნევდება.78 ამგვარადვე [უნდა იყოთ] თქვენც, უფლის მიერ თქვენთვის განცხადებულთა მსმენელნი, 3. რადგან შეგიწყალათ და განაახლა თქვენი სულები; უარყავით უძლურება, რადგან მოგეახლათ თქვენ მხნეობა, განმტკიცდით რწმენაში და თქვენი სიძლიერის მხილველი უფალი იხარებს. ამიტომაც გიჩვენათ თქვენ კოშკის ნაგებობა და სხვასაც განგიცხადებთ, უკეთუ მთელი გულით მშვიდობას ჰყოფთ ურთიერთში (I თესალ. 5.13).

 

21.(13).

1. მესამე ხილვისას იგი ახალგაზრდა, მშვენიერი, მხიარული და თავისი ლამაზი გარეგნობით იხილე. 2. რაჟამს ვინმე დამწუხრებულს მიეახლება რა რაიმე კეთილი ამბავი, მყისვე განირიდებს უწინდელ დარდს და არც სხვა რამეს შეიწყნარებს თვინიერ ცნობისა, რაც ესმა; გაძლიერდება მოსალოდნელი სიკეთისგან და შეწყნარებული სიხარულის მიერ განახლდება მისი სული; ამგვარადვე თქვენც, ამ სიკეთეთა მხილველებმა, განიახლეთ თქვენი სული. 3. ძლიერად დამყარებულ სავარძელზე მჯდომი რომ იხილე, რომელსაც ოთხი ფეხი ჰქონდა და მტკიცედ იდგა, [მიუთითებს], რომ სამყაროც ოთხი სტიქიონის მიერ შემყარდება. 4. სრულად, მთელი გულით მონანულნი გაახალგაზრდავდებიან და დასაძირკვლდებიან. მიიღე სრული გამოცხადება. მეტად ნურაფერს ითხოვ გამოცხადების შესახებ. უკეთუ რამე დაგჭირდა, განგეცხადება შენ.

ხილვა მეოთხე

22.(1).

1. წინა ხილვიდან ოცი დღის შემდეგ მომავალი დევნის სახე ვიხილე, ძმანო. 2. მივდიოდი კამპანის გზით ველისკენ, სახელმწიფო გზიდან დაახლოებით ათ სტადიონზე.79 ადვილად სამოგზაურო მიდამო იყო. 3. მარტო მოარული უფალს ვადიდებდი, რომ სრულეყო ჩემთვის მისი წმინდა ეკლესიის მიერ ნაჩვენები გამოცხადებები და ხილვები, რომელმაც განმაძლიერა მე და სინანული მოგვმადლა თავის ცდომილ მონებს, რათა იდიდებოდეს მისი დიდი და დიდებული სახელი (ფს. 85. 9.12; 98.3), ღირსეულად მიწინამძღვრა რა თავისი საოცარი ხილვებით. 4. ჩემი მისდამი დიდებისა და მადლიერებისას თითქოს დიდმა ხმამ მომიგო: ”ნუ შეორგულდები, ერმ!” ჩემს თავთან დავიწყე მსჯელობა და საუბარი: ”მე რაში უნდა შევორგულდე უფლის მიერ ეგზომ განძლიერებული და დიდებულ საქმეთა მხილველი?” 5. მცირედი გავიარე, ძმანო, და ვხედავ, მტვერია ცამდე. საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი: ”ცხოველი ხომ არ მიახლოვდება, რომელმაც მტვერი აღმართა?” ჩემგან ასე, როგორც სტადიონზე, იქნებოდა. 6. მტვერი დიდდებოდა და დიდდებოდა. ღვთაებრივ რამედ მივიჩნიე. მზემ გამოანათა და აჰა, ვხედავ უდიდეს მხეცს, როგორც რამ ვეშაპს. მისი პირიდან ცვეცხლოვანი კალიები გადმოდიოდნენ. მხეცი სიგრძეში დაახლოებით ასი ფუტი80 იქნებოდა, ხოლო თავი თითქოს კეცის ჭურის81 ჰქონდა. 7. ტირილი დავიწყე და უფალს ვევედრებოდი, რომ მისგან გადავერჩინე. მოსმენილი სიტყვა მომაგონდა: ”ნუ შეორგულდები, ერმ”. 8. ღვთის რწმენა შევიმოსე, ძმანო, და გავიხსენე დიდებულებანი, რითაც განმსწავლა. თავს მხნეობა შევმატე და ცხოველისკენ [გავემართე]. მხეცმა ხმაური იმგვარად დაიწყო, თითქოს ძალუძდა, ყოველივე დაემხო. 9. მასთან ახლოს მივედი. უზარმაზარი ვეშაპი მიწას განერთხა და საერთოდ არ შერხეულა, მხოლოდ ენა გადმოაგდო წინ. მას მივუახლოვდი. 10. ცხოველს თავზე ოთხი ფერი ჰქონდა: შავი, შემდეგი – ცეცხლისფერ – სისხლისფერი, მორიგი – ოქროსი, ამის შემდეგ კი – თეთრი.

 

23.(2).

1. ცხოველს გავუარე და დაახლოებით ოცდაათი ფუტით82 დავშორდი. აჰა, ჩემ პირდაპირ თითქოს სასძლო პალატიდან გამოსული თეთრი ხამლით და მთლიანად ვიდრე შუბლამდე (ἕως τοῦ μετώπου) თეთრებში მოსილი ქალწულია (გამოცხ. 21.2). მიტრაში იყო მისი საბურველი,83 ხოლო თმები კი ჭაღარა ჰქონდა. 2. ვიცანი იგი ადრინდელი ხილვიდან, რომ ეკლესიაა, და უმხიარულესი გავხდი. მომესალმა მე და მეუბნება: “გამარჯობა შენი, ადამიანო”. მეც მივესალმე მას: “გამარჯობა, ქალბატონო”. 3. მომიგო მე და მითხრა: “არავინ შეგხვედრია შენ?” ვუპასუხე მას: “ქალბატონო, უზარმაზარი ცხოველი, რომელსაც ხალხების განადგურება ძალუძს, მაგრამ უფლის ძალითა და მისი მრავალმოწყალებით განვერიდე მას”. 4. “კეთილად განშორებულხარ, - მპასუხობს, - რადგან შენი საზრუნავი ღმერთს მიანდე (ფს. 54.23) და გული შენი უფალთან დაამკვიდრე (ფს. 61.9) ირწმუნე რა, რომ ვერავის ძალუძს ხსნა, თუ არა დიდისა და დიდებულის სახელის მიერ. ამიტომაც უფალმა თავისი ანგელოზი წარმოგზავნა მხეცებზე,84 რომლის სახელიცაა თეგრი, და პირი დაუყო85 მას (მხეცსს, ი.ო.), რომ შენ არ შთაენთქი86 (დან. 6.23; ებრ. 11.33). დიდ შეჭირვებას გაერიდე შენი რწმენის გამო, რადგან უზარმაზარი ცხოველის მხილველი არ შეორგულდი. 5. წადი და შეატყობინე უფლის რჩეულებს მისი დიდებულებანი (τὰ μεγαλεῖα) და უთხარი მათ, რომ ეს ცხოველი მომავალი დიდი დევნის სახეა. უკეთუ დროულად განემზადებით87 და მთელი გულით შეინანებთ უფლის წინაშე, თუ თქვენი დარჩენილი ცხოვრების ჟამს უბიწო უფალს დაემონებით და თქვენი გული წმინდა და უმწიკვლო იქნება, ძალგიძთ, მას (დევნას, ი.ო.) განერიდოთ. მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის წარმართავს მათ (ფს. 54.23). 6. ირწმუნეთ ყოვლიშემძლე უფალი, ორგულნო, და გარემიაქცევს88 თავის რისხვას თქვენგან, ხოლო ორგულთ გვემას მოუვლენს. ვაი ამ სიტყვების მსმენელთ და არ აღმსრულებელთ. მათთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყვნენ” (მთ. 26.24; მრ. 14.21).

 

24.(3).

1. ვკითხე მას ოთხი ფერის შესახებ, რომელიც ცხოველს ჰქონდა თავზე. მიპასუხა მე და მითხრა: “კვლავ ცნობისმოყვარეობ ამ საქმეთა შესახებ”. მივუგე: “დიახ, ქალბატონო, გამაგებინე მე, თუ რა არის ეს”. 2. “ისმინე, - მიპასუხა, - შავი [ფერი] ეს სამყაროა, სადაც მკვიდრობთ. 3. ცეცხლისფერ-სისხლისფერია, რადგან ეს სამყარო საჭიროა, რომ სისხლითა და ცეცხლით განადგურდეს. 4. ხოლო მოოქროვილი ნაწილი თქვენ ხართ, რომელნიც განერიდეთ ამ წუთისოფელს (II პეტრ. 2.20), რადგან როგორც ოქრო გამოიბრძნობა ცეცხლის მიერ და სასარგებლო ხდება (I პეტრ. 1.7; სიბ. ზირაქ. 2.5; იგავ. 17.3; იობ. 23.10), ასევე გამოიცდებით თქვენც, მათთან მცხოვრებნი.89 მტკიცედ მდგომნი და მათგან გამობრძმედილნი განიწმინდებით;90 როგორც ოქროს განეშორება მისი მინარევები, ამგვარადვე თქვენც დაუტევებთ ყოველგვარ დარდსა და შეჭირვებას,91 განსპეტაკტებით და სასარგებლონი იქნებით კოშკის შენობისათვის. 5. თეთრი ნაწილი კი მომავალი საუკუნეა, რომელშიც ღვთის რჩეულები დამკვიდრდებიან, რადგან ღმერთის მიერ საუკუნო ცხოვრებისთვის შემოკრებილნი უბიწო და წმინდანი არიან. 6. შენ კი ნუ შეწყვეტ წმინდანთადმი უწყებას.92 გაქვთ თქვენ სახე მომავალი დიდი დევნისა. უკეთუ მოისურვებთ, არ იქნება [იგი თქვენთვის საზიანო].93 გახსოვდეთ ნაუწყები”. 7. ესენი მიამბო და წავიდა, ხოლო რომელ მხარეს, არ მინახავს, რადგან ღრუბელი ჩამოწვა.94 მეც შეშინებული უკან გავტრიალდი, ვიფიქრე, ცხოველი მიახლოვდებოდა.

გამოცხადება მეხუთე95

1. სახლში ვილოცე და საწოლზე ჩამოვჯექი. ვიღაც დიდებული შესახედაობის მამაკაცი მოვიდა მწყემსის გარეგნობით. თხის თეთრი ტყავით იყო გარშემორტყმული, მხრებზე გუდა (πήραν) ჰქონდა და ხელში კვერთხი [ეჭირა]. მომესალმა. მეც მივესალმე მას. 2. მყისვე ჩემთან ჩამოჯდა და მეუბნება: “უპატიოსნესი ანგელოზის მიერ წარმოვიგზავნე96, რომ შენი ცხოვრების დარჩენილი დღეები შენთან ერთად გავატარო. 3. მივიჩნიე, რომ ჩემს გამოსაცდელად მოვიდა და ვეუბნები მას: “შენ ვინ ხარ? მე ვიცი, - განვაგრძე, - ვისაც მიმაბარეს”. მპასუხობს: “ვერ მიცანი?”. “ვერა”, მივუგე. “მე ვარ, - მეუბნება, - მწყემსი, რომელსაც მიგაბარეს”. 4. ამის თქმისას მისი გარეგნობა შეიცვალა და ვიცანი იგი, რომ ის იყო, ვისაც ჩამაბარეს. მყისვე ძრწოლამ და შიშმა მომიცვა. მწუხარებისგან მთლიანად გონი დავკარგე, რადგან უკეთური და უგუნური ამგვარად შევეპასუხე მას. 5. მან მომიგო და მითხრა: “ნუ შეძრწუნდები, არამედ ჩემს მცნებებში გაძლიერდი, რომლებიც მსურს გაუწყო, რადგან მომვივლინე, - განაგრძო, - რომ კვლავ გიჩვენო, რაც ადრე გინახავს, მთავარნი და თქვენთვის შემოკრებილნი. შენ უპირველეს ყოვლისა ჩემი მცნება და იგავი ჩაიწერე. სხვებიც, როგორც გიჩვენებ, იმგვარად აღწერე. განაგრძო, - პირველად მცნებებისა და იგავების წერა იმიტომ დაგავალე, რომ ხელდახელ97 იკითხო ისინი და ძალგიძდეს მათი დაცვა”. 6. მე დავალებისამებრ ჩავიწერე მცნებები და იგავები. 7. რაჟამს მსმენელნი დაიცავთ, მათში ისრბოლებთ98 და წმინდა გულით იმუშაკებთ, უფლის აღთქმისამებრ მოგეცემათ. ხოლო თუკი მოისმენთ, არ შეინანებთ, არამედ თქვენს ცოდვებს გაამრავლებთ, უფლისგან საპირისპიროს მიიღებთ99. ამ ყოველივეს აღწერა ამგვარად დამავალა მე მწყემსმა, სინანულის ანგელოზმა.

 

წიგნი II

მცნებები

მცნება I

26.

1. უპირველეს ყოვლისა გწამდეს, რომ ერთია ღმერთი, რომელმაც დააფუძნა და მოაწესრიგა ყოველივე (ეფეს. 3.9). უმყოფობიდან მყოფად შექმნა ყველაფერი (II მაკ. 7.28), მხოლომ ყოვლისმომცველმა და შემოუსაზღვრელად მყოფმა. 2. ირწმუნე იგი და გეშინოდეს მისი. მოშიშებით [აღასრულე] თავშეკავება. ესენი დაიცავი100 და საკუთარი თავიდან ყოველგვარ უკეთურებას განაგდებ, შეიმოსები სიმართლის სათნოებით და იცხოვრებ ღმერთში, რაჟამს ამ მცნებას იმარხავ.

მცნება II

27.

1. მეუბნება მე: “უბრალოება გქონდეს, გახდი უბოროტო და იყავი ვითარცა ყრმა, რომელსაც არ შეუმეცნებია ადამიანთა ცხოვრების დამღუპველი უკეთურება. 2. უპირველესაცდ ნურავისზე იბოროტმეტყველებ, ნურც ავმეტყველისას მოისმენ სიამოვნებით, ხოლო რაჟამს ირწმუნებ ბოროტმეტყველებას, რასაც ისმენ, შენ, მსმენელი, თანამდები იქნები ძვირადმეტყველის ცოდვისა (იაკ. 4.11), რადგან მიმნდობი, შენც თავად შენი ძმისამებრ განიკუთვნებ.101 ამგვარად იქნები თანამდები ავმეტყველის ცოდვისა. 3. ბოროტმეტყველება უკეთურებაა, დაუოკებელი დემონია, არასოდეს მშვიდობისმყოფელობს,102 არამედ მუდმივად დაპირისპირებაში მკვიდრობს. განერიდე მას და მარადის ნაყოფიერი იქნები ყველაფერში. 4. უბიწოება103 შეიმოსა, რომელშიც არაა უკეთურების საცდური, არამედ – სისწორე და სიხარული. სიკეთე აკეთე და შენს ნაყოფთაგან, რასაც ღმერთი მოგიბოძებს, უპოვართ სიწრფელით უწილადე, ნუ მერყეობ, ვის მისცე ან ვის არა. ყველას უწილადე, რადგან ღმერთს ჰსურს, თითოეულს მიუბოძოს თავის ძღვენთაგან. 5. მიმღებნი სიტყვას აგებენ უფალთან, თუ რატომ და რისთვის მიიღეს. უკეთუ შეჭირვებულთ მიემადლათ, არ განისჯებიან; ხოლო თვალთმაქცობით მიმღებთ სასჯელი მიეზღვებათ. 6. გამცემი104 უდანაშაულოა, რადგან უფლისგან მიმადლებული მსახურება აღასრულა, წრფელად განასრულა იგი, არც განსაჯა, ვისთვის მიეცა ან არ მიეცა. ეს მსახურება გულმოდგინედ აღსრულებული დიდებულად შეირაცხება ღვთის წინაშე. ამგვარად, წრფელად მომსახურე ღმერთს ეძიებს. 7. დაიცავი ეს მცნება, შენთვის ნამცნები, რომ შენი და შენი სახლეულის სინანული უბრალოებაში წარმოჩნდეს სიწმინდით, უმანკოებითა და შეუბღალავად”.

მცნება III

28.

1. კვლავ მეუბნება მე: “გიყვარდეს ჭეშმარიტება და შენი ბაგეებიდან მხოლოდ სიმართლე გამოვიდეს, რომ სული, რომელიც ღმერთმა ამ სხეულში დაამკვიდრა, სიმართლით წარმოჩნდეს ყოველი ადამიანის წინაშე და ამგვარად იდიდებოდეს შენში დამკვდირებული უფალი, რადგან ჭეშმარიტია იგი105 ყოველ სიტყვაში და სიცრუე არაა მასთან. 2. მტყუარნი უფალს განუდგებიან და უფლისას მიიტაცებენ და არ უბრუნებენ მას მინდობილს, რომელიც მიიღეს. რადგან შეიწყნარეს მისგან სული ჭეშმარიტებისა და რაჟამს მას სიცრუით აბრუნებენ, რყვნიან ღვთის მცნებას და ხდებიან მიმხვეჭელნი”. 3. ამის მოსმენისას მე ძლიერ ავტირდი. იხილა რა ჩემი ცრემლები,106 მომიგო: “რატომ ტირი?” ვუპასუხე: “უფალო, არ ვიცი, თუ ძალმიძს გადავრჩე”. “რატომ?” – შემეკითხა. “ჩემს ცხოვრებაში, უფალო, ჯერ არ მითქვამს მართალი სიტყვა, არამედ მარადის ცბიერებით ვცხოვრობდი ყველასთან და ჩემს სიცრუეს სიმართლედ წარმოვაჩენდი ყოველი ადამიანის წინაშე. არც არასოდეს წინააღმდგომია ვინმე, არამედ ჩემს სიტყვას ყველა ენდობოდა. – განვაგრძე, - უფალო, როგორღა ძალმიძს ამგვარი საქმეებით ცხონება?”107 4. მიპასუხა: “შენ კეთილად და ჭეშმარიტად განსჯი, რადგან ვითარცა ღვთის მონას, სიმართლე უნდა აღგესრულებინა და უკეთური სინდისი სიმართლის სულთან ერთად არ დაგემკვიდრებინა, არც დარდი უნდა მიგეახლებინა წმინდა და ჭეშმარიტი სულისთვის”. ვუპასუხე: “უფალო, არასოდეს მსმენია ასეთი ზუსტი სიტყვები”. 5. მომიგო: “ახლა ისმინე! დაიცავი ისინი, რომ უწინდელნიც, რაც შენი საქმიანობისას სიცრუით გითქვამს, ამათ მიერ განმართლდნენ და ისინიც სარწმუნონი შეიქმნან, რადგან მათაც ძალუძთ გახდნენ სანდონი.108 თუკი მათ დაიცავ და ამიერიდან ყოველივე წრფელს იტყვი, ძალგიძს, საკუთარ თავს ცხონება მოუპოვო. ვინც მოისმენს ამ მცნებას და დიდად უკეთურ სიცრუეს განირიდებს, ძალუძს, იცოცხლოს ღმერთში.109

მცნება IV

29.(1).

1. გაუწყებ შენ, - განაგრძო, - დაიცავი უმანკოება, ნურც ზეაღიმართება შენს გულზე [სურვილი] სხვისი ცოლისა, ან სიძვა ვინმესადმი, ანთუ ამ უკეთურებათა რაიმე მსგავსი, რადგან ამის შემოქმედი დიდ ცოდვას იქმს. შენი ცოლის მარადის მხსენებელი არასოდეს შესცოდავ.110 2. ხოლო რაჟამს ეს ზრახვა ან სხვა ამგვარი უკეთურება შენს გულში შევა, შესცოდავ,111 რადგან ღვთის მონისთვის თავად განსჯაც დიდი დანაშაულია. უკეთუ ვინმე ამ უკეთურ საქმეს აღასრულებს, საკუთარ თავს სიკვდილს უმუშაკებს. 3. ეკრძალე, განუდექი ამ ზრახვას, რადგან იქ, სადაც კეთილკრძალულებაა დამკვიდრებული (სამართლიანი ადამიანის გულში), უჯეროა, ურჯულოება აღმოცენდეს”. 4. მივუგე მას: “უფალო, ნება მიბოძე, მცირედი შეგეკითხო”. “თქვი!” – მპასუხობს. “უფალო, თუკი მავანს უფალში მორწმუნე ცოლი ჰყავს112 და იგი ვინმესთან მსიძავი აღმოჩნდა, ნუთუ სცოდავს მასთან თანამცხოვრები ქმარი?” 5. “ვიდრე არ იცის, - მომიგებს, - არ სცოდავს, ხოლო რაჟამს შეიტყობს ქმარი მის ცოდვას და ცოლი არ მოინანიებს, არამედ დაადგრება113 თავის სიძვაში და ქმარი მასთან ერთად იცხოვრებს, თანამდები გახდება მისი ცოდვისა და ზიარი მისი სიძვისა”. 6. ვკითხე: “უფალო, რა გააკეთოს ქმარმა, თუკი ცოლი ამ ცნებაში114 დარჩება?” მიპასუხა: “განირიდოს იგი და განმარტოვდეს,115 ხოლო რაჟამს ცოლის დამტევებელი სხვაზე იქორწინებს, თავადაც იმრუშებს” (მთ. 5.32; 19.9; მრ. 10.11; I კორ. 7.11). 7. შევეკითხე: “უფალო, თუ ცოლი განტევების შემდეგ შეინანებს და მოისურვებს თავის ქმართან დაბრუნებას, აღარ შეიწყნაროს?”116 8. “უკეთუ ქმარი არ მიიღებს მას, შესცოდავს და საკუთარ თავს დიდ ცოდვას განუკუთვნებს. ხამს შემცოდებლისა და მონანიეს მიღება, მაგრამ არა მრავალგზის, რადგან ღვთის მონათათვის სინანული ერთხელაა. ქმარი, სინანულის გამო ვალდებულია, არ დაქორწინდეს,117 ამგვარი ქმედება ქალსაც და მამაკაცსაც განემწესება. 9. მაგრამ სიძვა არა მხოლოდ ისაა, - განაგრძო, - როცა ვინმე საკუთარ სხეულს ბილწავს, არამედ ისიძავს, ვინც მსგავსად წარმართებისა მოქმედებს.118 რაჟამს ვინმე ასეთ საქმეებში დაადგრება და არ ნანობს, განერიდე და ნუ თანაიცხოვრებ მასთან, ხოლო უკეთუ არა, შენც თანამდები იქნები მისი ცოდვისა. 10. იმის გამო განგიკუთვნებთ თქვენ, ქმარსა თუ ცოლს, განმარტოებას, რომ [ამგვარად] ძალუძს სინანულს მათში119 იყოს. 11. მე არ ვიძლევი საბაბს, რომ ეს საქმე ასე აღსრულდეს,120 არამედ შემცოდე მეტად ნუღარ შესცოდავს. არის ძლიერი, რომელსაც ხელეწიფება კურნება მისი121 უწინარესი ცოდვისა, რადგან თავად ფლობს ყოველგვარ ხელმწიფებას”.

 

30.(2).

1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “მას შემდეგ, რაც უფალმა ღირსმყო, რომ მარადის ჩემთან ერთად დამკვიდრებულიყავი, კვლავ იტვირთე ჩემი მცირედი სიტყვები, რადგან ვერაფერს ვხვდები და გული ჩემი გაუხეშდა (მრ. 6.52) ჩემს უწინდელ საქმეთაგან. განმსწავლე122 მე, რადგან ყოვლითურთ უგუნური ვარ და ვეღარაფერს ვიაზრებ”. 2. მიპასუხა მე და მითხრა: “მე სინანულისთვის ვარ [დადგენილი] და ყოველ მონანულს გულისხმისყოფას ვანიჭებ.123 არ მიგაჩნია შენ, რომ თავად ეს სინანულია გონიერება? – განაგრძო, - სინანული დიდი გონიერებაა, რადგან შემცოდე, რომელიც მიხვდება, რომ უკეთურება უფლის წინაშე აღასრულა (მსაჯ. 2.11; 3.12; 4.1; 10.6; 13.1), განიძარცვავს თავისი გულიდან საქმეს, რასაც ასრულებდა, შეინანებს და მეტად აღარ მოიმოქმედებს უზნეობას, არამედ დაუზოგავად სიკეთეს იქმს, დაიმდაბლებს და დათრგუნავს საკუთარ სულს, რადგან სცოდავდა. ხომ ხედავ, რომ სინანული დიდი გონიერებაა”. 3. მივუგე: “უფალო, პირველი არის ის, რომ ცოდვილი ვარ, ამიტომაც გამოვეძიებ შენგან ყოველივეს, რომ გავიგო, როგორი საქმის აღმსრულებელი ვცხონდები, რადგან აღურაიცხავნი არიან ცოდვანი ჩემნი და მრავალფეროვანნი”. 4. “ცხონდები, - მპასუხობს, - რაჟამს ჩემს მცნებებს დაიცავ და მათ აღასრულებ. ვინც ამ მცნებებს მოისმენს დ დაიცავს, ღმერთში იცოცხლებს.

 

31.(3).

1. მივუგე: “უფალო, კითხვას შეგმატებ”. “თქვი”. - მპასუხობს. “უფალო, მსმენია ზოგიერთი მასწავლებლისგან124, რომ არაა სხვა სინანული, თუ არა ის, როდესაც წყალში ჩავედით (κατέβημεν) და ჩვენი უწინდელი ცოდვებისგან დახსნა მივიღეთ”. 2. მეუბნება: “კეთილად გსმენია, ასეც არის, მაგრამ საჭიროა, ცოდვათა გამო შენდობის მიმღებმა მეტად აღარ შესცოდოს, არამედ უბიწოებაში დამკვიდრდეს. 3. რადგან ყოველივეს გამოიკითხავ (ἐξακριβάζῃ), ამასაც განგიცხადებ შენ, მაგრამ არ ვაძლევ საბაბს მათ, ვინც უფალი ახლა იწამა ან მსურველია რწმენისა, რადგან ისინი, რომლებიც ახლა ირწმუნებენ ან მზრახველობენ სწამდეთ, არ ფლობენ ცოდვათა გამო სინანულს, ხოლო თავიანთი უწინდელი ცდომილებებისთვის შენდობას მიიღებენ125. 4. ამ დღეთა უწინარეს ხმობილებს კი სინანული განუწესა გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნე უფალმა126, უწყის რა ადამიანთა უძლურება და ვერაგობა დემონისა, რომელიც ბოროტებას მოქმედებს და უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 5. მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალა თავისი ქმნილება და ეს სინანული განუწესა, მეც ამ სინანულის ხელმწიფება მომიბოძა. 6. მაგრამ მე გეუბნები შენ, - ამბობს, - ამ დიდი და წმინდა მოწოდების შემდეგ127, რაჟამს ვინმე, დემონის მიერ განცდილი, შესცოდავს, შეუძლია ერთგზის შეინანოს, ხოლო უკეთუ ხელდახელ სცოდავს128 და ინანიებს, უსარგებლოა ასეთი ადამიანისთვის, რადგან ძნელად თუ ცხონდება”129. 7. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, განვცხოველდი130 შენგან ეგზომ სიზუსტით ამის მსმენელი, გავიგე რა, რომ თუ მეტად აღარ გავამრავლებ ჩემს ცოდვებს, ვცხონდები”. მპასუხობს: “ყველა ცხონდება, ვინც მცნებებს აღასრულებს”.


32.(4).

1. ვკითხე მას კვლავ და ვუთხარი: “უფალო, მას შემდეგ, რაც ერთგზის მიმიახლე, კვლავ ესეც განმიცხადე”. “თქვი”! - მომიგებს. “უფალო, თუკი ცოლი ან პირიქით, ქმარი გარდაიცვალა და მათგან რომელიმე დაქორწინდა, ნუთუ სცოდავს შეუღლებული?” 2. მპასუხობს: “არ შესცოდავს, ხოლო თუ იგი განმარტოვდება131, უფლისგან საკუთარ თავს აღმატებულ პატივსა და უდიდეს ბრწყინვალებას განუკუთვნებს (I კორ. 7. 38-40), მაგრამ თუკი დაქორწინდება, არ შესცოდავს. 3. უბიწოება და სიწმინდე დაიცავი და ღმერთში იცოცხლებ. ის, რაც შენ გითხარი და მსურს გითხრა, ამიერიდან აღასრულე, რა დღიდანაც ჩემთვის ხარ მობარებული, და შენს სახლში დავმკვიდრდები. 4. უკეთუ ჩემს მცნებებს დაიცავ, აღიხოცება შენი უწინდელი შეცოდებანი; და ყველას მიეტევება, რაჟამს დაიმარხავენ ამ მცნებებს და უმწიკვლოდ აღასრულებენ მათ.


მცნება V

33.(1).

1. გახდები რა სულგრძელი და გონიერი, - ამბობს, - ყველა უკეთურ საქმეზე იხელმწიფებ და ყოველგვარ სიმართლეს აღასრულებ. 2. თუკი სულგრძელი გახდები, შენში დამკვიდრებული წმინდა სული სპეტაკი იქნება; განა შეირყვნება სხვა უკეთური სულის მიერ, არამედ სისავსეში132 დამკვიდრებული გახალისდება და გაიხარებს სხეულთან ერთად, რომელშიც მკვიდრობს; ნაყოფი ექნება საკუთარ თავში და ემსახურება ღმერთს მრავალი სიხარულით. 3. ხოლო რაჟამს აღგზნება133 მოგეახლება, ფაქიზი, წმინდა სული მყისვე დაითრგუნება, არ ექნება რა სუფთა ადგილი, და შეეცდება მისგან განლტოლვას, რადგან უკეთური სულისგან შეჭირვებულს აღარ აქვს ალაგი სურვილისამებრ ღვთისმსახურებისთვის შერყვნილს აღგზნების მიერ. სულგრძელებაში უფალი მკვიდრობს, ხოლო აღგზნებულობაში დემონი. 4. შესაბამისად, როდესაც ვინმეში ორივე სული დაივანებს, არაფერია სასარგებლო და ვარგისიანი ამ ადამიანისთვის, ვისთანაც ბინადრობს. 5. რაჟამს აიღებ ძალზე მცირე აბზინდს და თაფლიან ჭურჭელში ჩაასხამ, განა მთლიანად არ გაირყვნება? თაფლის ეგზომი სიმრავლე მცირედი აბზინდის მიერ შეირყვნება და განქარდება მისი სიტკბოება და მეტად აღარც პატრონს გამოადგება იგი, ვინაიდან გამწარდა და თავისი სარგებლიანობაც დაკარგა. მაგრამ თუკი თაფლს აბზინდი არ შეემატა, ტკბილი აღმოჩნდება და სასარგებლო გახდება მისი მფლობელისთვის. 6. ხომ ხედავ, სულგრძელება თაფლზე უტკბესია და სასარგებლო, უფალი ასეთში მკვიდრობს, ხოლო აღგზნება კი მწარეა და გამოუსადეგარი. ამრიგად, თუკი აღგზნება სულგრძელებას შეუზავდა, სულგრძელება წაიბილწება და მეტად აღარ იქნება შედეგიანი მისი ვედრება ღვთისადმი”. 7. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო აღგზნებულობის ძალა, რომ დაცული ვიყო მისგან”. მპასუხობს: “უკეთუ შენ და შენი სახლეული არ განეკრძალებით მას, განქარდება ყოველგვარი შენი სასოება134. ერიდე აღგზნებას, რადგან მე შენთან ერთად ვარ. ყველა, ვინც მთელი გულით შეინანებს, განერიდება მას, ვინაიდან დავიცავ და მათთან ერთად ვიქნები. ყველანი გამართლდებიან უპატიოსნესი ანგელოზის მიერ.

 

34.(2).

1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - აღგზნების ძალის შესახებ, თუ როგორი უკეთურებაა, რაგვარად დასცემს ღვთის მონებს საკუთარი მოქმედებით და სიმართლისგან გარემიაქცევს მათ. სრწმუნოებაში სრულყოფილთ ვერ გადააცდენს, არც ზემოქმედება ძალუძს, ვინაიდან ჩემი ძალაა მათთან ერთად, ხოლო მიდრეკს არასრულებსა და ორგულებს, 2. რადგან როგორც კი ასეთ ადამიანებს დამშვიდებულებს იხილავს, თავად ამ ადამიანის გულში შთაეკვეთება და არაფრისთვის, ქვეყნიური საქმეების მიზეზით, ქმარი ან ცოლი დადარდიანდება: საკვების, ან უმნიშვნელო რამ სიტყვის, რომელიმე მეგობრის, ანთუ საჩუქრის, შემოსავლის, ან ასეთი უგუნური საქმეების გამო, ვინაიდან ყოველივე ეს უგუნურება, არარაობა, უაზრობა და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. 3. დიდი და მტკიცეა სულგრძელება, ძლიერ ძალას ფლობს და დიდ სიფართოვეში ნაყოფიერებს. მხიარული, მოზეიმე და უზრუნველად მყოფი135 ყოველ ჟამს უფალს განადიდებს (ტობ. 4.19; ფს. 33.2), არც სიმწარეა მასში და მიუხედავად ყველაფრისა მშვიდია და მყუდრო. ეს სულგრძელება სრული სარწმუნოების მქონესთან მკვიდრობს. 4. აღგზნება კი უპირველესად სიბრიყვე, სიმსუბუქე და უგუნურებაა. შემდეგ უგუნურებისგან დარდი იშვება, დარდისგან - გაღიზიანება, გაღიზიანებისგან - რისხვა, ხოლო რისხვისგან – გულისწყრომა136. მერე ეს გულისწყრომა, ეგზომ ბოროტებათაგან თანაშემოკრებილი, დიდსა და გამოუსწორებელ ცოდვას შობს. 5. რაჟამს ყველა ეს სული ერთ ჭურჭელში137 შთამკვიდრდება, სადაც წმინდა სულიც ბინადრობს, ვეღარ იტევს ჭურჭელი (ἄγγος) მათ, არამედ გარდაემატება. 6. ფაქიზ სულს არ აქვს ჩვევა უკეთურ და ულმობელ სულთან ერთად დამკვიდრებისა; განშორდება ამ ადამიანს და სიმშვიდესა და სიმყუდროვეში ეძებს სავანეს. 7. როცა განუდგება ასეთ ადამიანს, რომელშიც ბინადრობდა, ეს ადამიანი, დატევებული სიმართლის სულის მიერ, უზნეო სულთაგან აღვსილი, მომავალში დაუდგრომელია ყოველ საქმეში. ამრიგად, აღმოჩნდება რა გაძარცული უკეთურ სულთაგან, ყოვლითურთ დაბრმავდება კეთილი განსჯისთვის. ასე ემართება ყველა აღგზნებულს. 8. უარყავი, დაუპირისპირდი აღგზნბებულობასა და დარდს, უუკეთურეს სულს, ხოლო შეიმოსე სულგრძელება და აღმოჩნდები უფლისგან შეყვარებულ წმინდანთა შორის. ეკრძალე, ნურასოდეს უგულებელყოფ ამ მცნებას, ვინაიდან რაჟამს მას ეუფლები, ძალგიძს, დანარჩენი მცნებებიც დაიცვა, რომლებიც მსურს გაუწყო. მათგან გაძლიერდი და გამტკიცდი. ყველა მომძლავრდება, ვინც მოისურვებს, მათში ისრბოლოს.


მცნება VI

35.(1).

1. პირველივე მცნებაში გაუწყებდი შენ, - ამბობს, - რომ რწმენა, მოშიშება და თავშეკავება დაგეცვა". მივუგე: "დიახ, უფალო". "ახლა კი მსურს, - მეუბნება, - მათი ძალებიც განგიცხადო, რომ შეიმეცნო, მათგან რომელი როგორ ძალასა და მოქმედებას ფლობს, რადგან ორმაგია მათი მოქმედება და სიმართლესა და უსამართლობაში მდგომარეობს138 2. ამრიგად, სიმართლის გწამდეს, ხოლო უსამართლობას ნუ მიენდობი, ვინაიდან სამართლიანობას სწორი გზა აქვს, ხოლო უსამართლობას მრუდე. შენ მართალი და პირდაპირი გზით იარე, ხოლო გამრუდებული უარყავი. 3. მრუდე გზას ბილიკები არ გააჩნია, გაუვალია და მრავალი დაბრკოლებაა მასზე, უსწორმასწორო და ეკლიანია, დამღუპველია მეგზურთათვის. 4. ხოლო სწორ გზაზე მოარულნი პირდაპირ და დაუბრკოლებლად სრბოლობენ, რადგან არც უსწორმასწოროა იგი, არც ეკლიანი. ხომ ხედავ, ფრიად სასარგებლოა მასზე რონინი”. 5. ვეუბნები: “შემაძლებინე მე ამ გზაზე სიარული”. “ივლი! - მომიგებს, - ვინც მთელი გულით უფლისკენ მიიქცევა (იერ. 24.7; იოელ. 2.12; ფს. 21.9; 50.15),  ამ გზაზე ისრბოლებს”.

 

36.(2).

1. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - რწმენის შესახებ. ორი ანგელოზია ადამიანთან, ერთი სიმართლის და ერთი უკეთურების”139. 2. “როგორ გავარჩიო, - ვეკითხები, - მათი მოქმედება, უკეთუ ორივენი ჩემთან ერთად მკვიდრობენ?" 3. მომიგებს: “ისმინე და გაიგებ. სიმართლის ანგელოზი ფაქიზი, უბრალო, თვინიერი და მყუდროა. რაჟამს შენს გულში შემოვა იგი, მყისვე სამართლიანობის, უბიწოების, სიწმინდის, ზომიერების, ყოველი კეთილი საქმისა და აღმატებული დიდების შესახებ გემეტყველება. როდესაც ყოველივე ეს შენს გულს მიეახლება, შეიმეცნე, რომ სიმართლის ანგელოზია შენთან. ესენია სიმართლის ანგელოზის საქმენი. მას და მის საქმეებს მიენდე. 4. ახლა კი უკეთურების ანგელოზის მოქმედებაც იხილე: უპირველეს ყოვლისა აღგზნებულია (ὀξύχολός), დაუნდობელი და უგუნურია. უზნეობაა მისი საქმე, რაც დასცემს ღვთის მონებს. როცა შენს გულში შევა იგი, გულისხმაჰყავ მის მოქმედებათაგან”. 5. ვეკითხები: "უფალო, როგორ ვიცნო გამოუცდელმა?" "მისმინე, - მპასუხობს, - რაჟამს აღგზნება ან დარდი (πικρία) შემოგაწვება, გაიაზრე, რომ ისაა შენში. შემდეგ, განზრახვა მრავალი საქმისა, ძვირფასი საკვებისა და სასმელის სიმრავლე, ხშირი მემთვრალეობა, მრავალგვარი და უსარგებლო ფუფუნება, გულისთქმა დედაკაცთა მიმართ, სიხარბე, ფრიადი ქედმაღლობა, მაქებელობა და რაც რამ ამის მსგავსი და თანასწორია. უკეთუ გულში ეს აღწევნილა, მიხვდი, რომ უკეთურების ანგელოზია შენში. 6. შენ, მცოდნე მისი საქმეებისა, განუდექი მას და ნუ მიენდობი, რადგან ბილწია მისი ქმედება და უსარგებლოა ღვთის მონათათვის. გაქვს ორივე ანგელოზის საქმე. შეიმეცნე ისინი და მიენდე სიმართლის ანგელოზს. 7. უკეთურების ანგელოზს განუდექი, ვინაიდან მისი სწავლება უზნეოა ყოველ საქმეში. თუკი მავანი დიდად მორწმუნე მამაკაცია და ამ ანგელოზის ზრახვა მის გულში აღწევნილა, ასეთი მამაკაცი ან დედაკაცი ცოდვითაა შეკრული. 8. ხოლო რაჟამს ვინმე, დიდად ცოდვილი მამაკაცი ან დედაკაცი, საკუთარ გულს კვლავ სიმართლის ანგელოზის საქმეებს მიაახლებს, გარდაუვალად ხამს, სიქველე აღასრულოს. 9. ხომ ხედავ, - ამბობს, - კარგია სიმართლის ანგელოზის მიდევნება, უკეთურების ანგელოზი კი უარყავი. 10. ეს მცნება რწმენის გამო განცხადდა, რომ სიმართლის ანგელოზს მიენდო, და მისი აღმსრულებელი ღმერთთან იცოცხლებ. გჯეროდეს, მძიმეა უკეთურების ანგელოზის საქმენი; მათი უარმყოფელი კი ღვთისთვის იცოცხლებს.


მცნება VII

37.

1. უფლის გეშინოდეს, - ამბობს, - და მისი მცნებები დაიმარხე (ეკლეს. 12.13). ღვთის მცნებათა დამცველი გაძლიერდები ყოველივეში და შეუდარებელი იქნება შენი საქმე. უფლისმოშიში ყოველივეს კეთილად აღასრულებს. ესაა შიში, რითიც საჭიროა, შენ გეშინოდეს, და ცხონდები. 2. დემონის ნუ გეშინია. ღვთისმოშიში დემონზე იხელმწიფებ, რადგან უძლურია იგი, ხოლო ვისშიც არაა ძალა, არც შიშია, მაგრამ ვისაც დიადი ხელმწიფება აქვს, მოშიშებაც მისდამია140. ყოველი ძალის მფლობელი შიშის მომგვრელია, ხოლო უძლური ყველასგან უგულებელყოფილია. 3. დემონის საქმეებმა შეგზაროს, ვინაიდან უკეთურებაა. ამიტომაც უფლისმოშიში არათუ აღასრულებ მათ, არამედ განეკრძალები. 4. შიში ორგვარია: რაჟამს ცოდვის აღსრულებას ისურვებ, ღვთის გეშინოდეს და არ იმოქმედებ მას, ხოლო უკეთუ იზრახებ, კვლავ კეთილი აკეთო, უფალს ეკრძალე და იმუშაკებ. როგორი ძლიერია, დიდი და ძალმოსილია ღვთის შიში! უფლის გეშინოდეს და მასთან იცოცხლებ. ყველა მოშიში და მისი მცნებების დამცველი, ღმერთში იცხოვრებს”. 5. “უფალო, - ვეკითხები, - რად ამბობ მისი მცნებების აღმსრულებელთა შესახებ: ღვთისთვის იცოცხლებენო?” მომიგებს: “ყოველ ქმნილებას ეშინია უფლის, მის მცნებებს კი არ იცავს. ამიტომაც ღვთის წინაშეა მისი მოშიშებისა და მცნებების აღმსრულებელთა სიცოცხლე, ხოლო ვინც მის მცნებებს არ იმარხავს, არც სიცოცხლეა ასეთში.


მცნება VIII

38.

1. გითხარი, - ამბობს, - რომ ორმაგია ღვთის ქმნილებანი, თავშეკავებაც ორგვარია. ნაწილისგან თავშეზღუდვაა საჭირო, ხოლო ზოგიერთისგან არაა საჭირო”. 2. ვეკითხები: “უფალო, გამაგებინე, რას უნდა ვეკრძალო და რას არა?” “ისმინე! - ამბობს. - ცოდვას ეკრძალე და ნუ აღასრულებ მას, ხოლო სიკეთეს ნუ ერიდები, არამედ აკეთე იგი, რადგან რაჟამს სიკეთეს უარყოფ და არ აღასრულებ, დიდ ცოდვას იმოქმედებ; ხოლო თუ უკეთურებას განეკრძალები და არ შეასრულებ, დიად სიმართლეს მოიპოვებ. ყოველგვარი უზნეობისგან თავშეზღუდვა სიკეთის მომმუშაკებელია”. 3. შევეკითხე: “უფალო, რა არის უკეთურება, რასაც ჩვენ უნდა ვერიდებოდეთ?” “ისმინე, - მომიგებს, - სიძვა და მრუშობა, ურჯულო მემთვრალეობა, უზნეო ფუფუნება, მრავალგვარი საკვები და დიდძალი სიმდიდრე, მაქებელობა, ამპარტავნება და სიძულვილი, ტყუილი, ავმეტყველება, მზაკვრობა, ავმეხსიერება და ყოველგვარი ცილისწამება. 4. ყველა ეს საქმე ფრიად უზნეოა ადამიანის ცხოვრებაში. ღვთის მონა ასეთ ქმედებებს უნდა ერიდებოდეს, ვინაიდან მათგან თავშეუკავებელს არ ძალუძს, ღმერთში იცოცხლოს. ისმინე მათ თანმდევთა შესახებ”. 5. ვეუბნები: “უფალო, ნუთუ კიდევაა უკეთური საქმენი?” "ჭეშმარიტად არის, - მომიგებს, - და მრავლადაც, რასაც საჭიროა, მონა ღვთისა განეკრძალოს: ქურდობა, სიცრუე, ძარცვა, ცრუდდამოწმება, ვერცხლისმოყვარება, ბილწი გულისთქმა, ეშმაკობა, პატივმოყვარება, ტრაბახი და რაც რამ ამის მასგავსია. 6. არ ფიქრობ შენ, რომ ისინი უზნეონი არიან? დიდი ბოროტებაა, - ამბობს, - ღვთის მონათათვის. ვინც ღმერთს ემონება, საჭიროა, ყოველივე ამას განეშოროს; ხამს ამ ყველაფრისგან თავშეზღუდვა, რომ ღმერთში იცოცხლო და ჩაეწერო ეგევითართაგან განკრძალულთა შორის. ესაა, რასაც შენ უნდა ერიდო. 7. ისმინე ის, რასაც არათუ განრიდება, არამედ აღსრულება სჭირდება: სიკეთეს არ განეკრძალო და იქმოდე მას". 8. შევეკითხე: "უფალო, განმიცხადე მე სიკეთეთა ძალაც, რომ დავემონო და მათში ვისრბოლო, აღმსრულებელს კი ცხონება ძალმიძდეს". "ისმინე, - მომიგებს, - კეთილი საქმეები, რაც შენ უნდა შეასრულო და არ განერიდო: 9. უპირველეს ყოვლისა რწმენა, შიში ღვთისა, სიყვარული, ერთსულოვნება, სიმართლის სიტყვა, ჭეშმარიტება, მხნეობა. არაფერია ადამიანის ცხოვრებაში ამაზე უკეთესი. რაჟამს ვინმე მათ დაიცავს და არ განეკრძალება, ნეტარი იქნება თავის ცხოვრებაში. 10. შემდეგ მათ თანმდევთა შესახებ ისმინე: ქვრივების შემწეობა, ობოლთა და უპოვართა პატრონობა, ღვთის მონათა გამოხსნა შეჭირვებისას, სტუმართმოყვარება (რადგან კეთილმოქმედება სტუმართმოყვარებაში გამოვლინდება), არავითარი დაპირისპირება, მყუდროება, კაცთა შორის უნარჩევესობა, მოხუცების პატივისცემა, სიმართლეში წვრთნა, დაცვა ძმობისა, ტვირთვა უპატიობისა, სულგრძელება, ავმეხსიერების შეუწყნარებლობა, სულით მოუძლურებულთა გამხნევება, სარწმუნოებაში ცდომილთა არათუ განგდება, არამედ მოქცევა და კეთილგანწყობის აღდგენა, შემცოდეთა დამოძღვრა, მოვალეთა და უპოვართა შეუვიწროებლობა და რაც რამ ამის მსგავსია. 11. განა არ მიგაჩნია შენ, - ამბობს, - რომ ესაა სიკეთე". მივუგე: "უფალო, არის რა ამაზე უსახიერესი?!" "მათში ისრბოლე, ნუ განეკრძალები და ღმერთში იცოცხლებ. 12. ეს მცნება დაიცავი. რაჟამს სიკეთეს აღასრულებ და არ განერიდები, უკეთურებას არ იმოქმედებ და უკუაგდებ მას, უფალთან დამკვიდრდები; და ყველა, ვინც ამგვარად იმუშაკებს, ღმერთში იცოცხლებს. და კვლავ. ვინც ამ მცნებებს დაიცავს და მათში ისრბოლებს, ღმერთთან დამკვიდრდება".


მცნება IX

39.

1. ამბობს: "განირიდე თავიდან ორჭოფობა და საერთოდ ნურაფერზე დაეჭვდები, როდესაც ღვთისგან ითხოვ რამეს, ეუბნები რა საკუთარ თავს, რომ მისდამი ეგზომ მცოდველს, როგორ ძალმიძს უფლისგან თხოვნა და მიღება? 2. ნუ განსჯი ასე, არამედ შენი გული ყოვლითურთ უფლისკენ მიაქციე (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), უეჭველად ითხოვე და შეიმეცნებ მის მრავალმოწყალებას, რადგან არათუ დაგიტევებს, არამედ შენი სულის სურვილს აასრულებს. 3. ღმერთი განა ავმეხსიერი ადამიანივითაა; ძვირუხსენებელია თავად და სწყალობს საკუთარ ქმნილებას. 4. ამრიგად, შენ ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისა და შენთვის წინარეგაცხადებული სიტყვებისგან141 გული განიწმინდე, უფლისგან ითხოვე და ყოველივეს მიიღებ, ყველა ვედრება აგისრულდება, რაჟამს უეჭველად შეჰღაღადებ მას; 5. ხოლო თუკი შენს გულში დაეჭვდები, ვერაფერს შეიწყნარებ ნავედრებთაგან. ღმერთში დაეჭვებული მერყევია და საკუთარი თხოვნით არაფერს აღწევს. 6. სარწმუნოებაში ყოვლადსრული კი უფალზე დანდობილი ითხოვს ყოველივეს (ფს. 2.13) და ღებულობს, ვინაიდან უეჭველად ევედრება და არ ორგულობს. ძნელად ცხონდება მერყევი ადამიანი, თუ არ შეინანებს. 7. განიწმინდე შენი გული ორჭოფობისგან, რწმენა შეიმოსე, სადაც ძლიერებაა, და ღმერთს მიენდე, რომ ყველა შენი შენავედრი შეიწყნარო, რასაც კი ითხოვდი. უკეთუ უფლისკენ მღაღადებელმა ზოგჯერ რაიმე თხოვნა ფრიადი დაგვიანებით მიიღე, ნუ შეორგულდები, სწრაფად რომ არ მოგებოძა სურვილი შენი სულისა, რადგან სრულად გამოცდის ან რაღაც გადაცდომის გამო, რაც შენ არ იცი, დიდი დაგვიანებით ღებულობ ნავედრებს142. 8. ვედრებას შენი სულის სურვილისა ნუ შეწყვეტ და შეიწყნარებ მას, ხოლო რაჟამს მთხოვნელი მომედგრდები და შეორგულდები, საკუთარ თავს აბრალე და არა შენთვის მოცემაზე უარისმთქმელს143. 9. ეკრძალე ამ ორგულობას, რადგან უკეთურება და უგუნურებაა და მრავალს, ძლიერსა და ჭეშმარიტად ფრიად მორწმუნეს, რწმენიდან აღმოფხვრის, ვინაიდან ორჭოფობა თავად  დემონის ასულია და დიდად უკეთურობს ღვთის მონათა წინააღმდეგ. 10. მოიძულე ორგულობა და მის ყველა საქმეზე იხელმწიფე144. შეიმოსე ძლიერი და ძალმოსილი რწმენა, რადგან იგი ყოველიცეს განგიცხადებს, ყველაფერს სრულყოფს, ხოლო საკუთარი თავისადმი მიუნდობელი ორჭოფობა მცდარია ყოველ საქმეში, რასაც აღასრულებს. 11. ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ რწმენა უფლისგანაა ზეგარდამო და დიდ ძალას ფლობს, ხოლო ორგულობა დემონისმიერი მიწიერი სულია და ძლიერება არ გააჩნია. 12. შენ კი ძლევამოსილ რწმენას დაემონე და განეკრძალე ორჭოფობას, სადაც უძლურებაა, და ღმერთში იცხოვრებ; ამგვარად განმსჯელნი, ყველანი ღმერთისთვის იცოცხლებენ.


მცნება X

40.(1).

1. განირედე თავიდან მწუხარება, - ამბობს, - რდაგან იგი ორჭოფობისა და აღგზნების (τῆς ὀξυχολίας) და არის". 2. "უფალო, როგორაა მათი და? - ვეკითხები. - მე მიმაჩნია, სხვა არის აღგზნება, სხვაა ორჭოფობა და სხვაც მწუხარება". "უგულისხმო ადამიანი ხარ. - მომიგებს, - ვერ ხვდები, რომ მწუხარება ყველა სულზე უუკეთურესია და ფრიად საშიშია ღვთის მონათათვის, რომ ყოველ სულზე მეტად ღუპავს ადამიანს, განდევნის145 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის” (II კორ. 7.10)? 3. მივუგე: "უფალო, მე უგუნური ვარ და ვერ ვიმეცნებ ამ იგავებს. ვერ ვხვდები, როგორ ძალუძს განდევნა და კვალად ხსნა". 4. 'ისმინე! - მპასუხობს, - ისინი, რომლებსაც არასოდეს უძებნიათ ჭეშმარიტება, არც ღმრთეება146 გამოუძიებიათ, არამედ მხოლოდ იწამეს და [კვლავ] შეერივნენ წარმართთა საქმეებს, სიმდიდრეს, მეგობრობასა თუ ამა საუკუნის სხვა მრავალ საზრუნავს, ვეღარ იმეცნებენ საღმრთო იგავებს (და ისიც, ვინც ასეთებს უკავშირდება), რადგან ამ საქმეთა მიერ დაბნელდებიან, შეირყვნებიან და უნაყოფოები ხდებიან. 5. როგორც ვენახი კეთილი, აღმოჩნდება რა უზრუნველად, ეკლებისა და ბალახთა სიმრავლის გამო გაავრეზდება147, ამგვარადვე მორწმუნე ადამიანები ზემოთხსენებულ მრავალ საქმეში შთაკვეთებულნი თავიანთ ზრახვას გადაცდებიან და საერთოდ ვერაფერს იმეცნებენ სიმართლის შესახებ, არამედ რაჟამს ისმენენ ღმრთეებისა და ჭეშარიტების თაობაზე, მათი გონება მათი საქმეების ირგვლივ მიმოეხეტება და ვერაფერს ხვდებიან; 6. ხოლო ღვთისმოშიშნი, ღვთაებრივისა და ჭეშმარიტების მაძიებელნი და გულით უფალთან მყოფნი ყოველივე გაცხადებულს მყისვე იაზრებენ და გულისხმაჰყოფენ, ვინაიდან ღვთის შიშია მათში (ფს. 110.10; იგავ. 1.7). სადაც უფალი მკვიდრობს, იქ გონიერებაც მრავლადაა. უფალს შეუერთდი და ყოველივეს გაიგებ და შეიმეცნებ.

 

41.(2).

1. ისმინე, უგულისხმოვ, - ამბობს, - თუ როგორ დევნის მწუხარება148 წმინდა სულს და კვლავ დაიხსნის (II კორ. 7.10). 2. რაჟამს ორგული რაიმე საქმეს ეწაფება და საკუთარი ორჭოფობის გამო მასში ვერ წარემატება, ეს მწუხარება ეკვეთება ადამიანს, ამწუხრებს წმინდა სულს და განდევნის მას. 3. შემდეგ, როცა ადამიანს აღგზნება მიეახლება რაიმე საქმის მიზეზით და დიდად გაამწარებს, განრისხებული ადამიანის გულს კვლავ წუხილი მიემთხვევა და დაამწუხრებს საკუთარი ქმედების გამო, რასაც ასრულებდა, და შეინანებს, რადგან უკეთურება იმოქმედა.149 4. ვფიქრობ, ამ წუხილშია ხსნა, ვინაიდან უზნეო საქმეებს გარდაქმნის; მაგრამ სულს ორივე მოვლენა ამწუხრებს - ორგულობა, რითიც ვერ წარემატება საკუთარ საქმეში, ხოლო აღგზნება, რადგან უკეთურებას იქმს. ამრიგად, ორივენი, ორგულობა და აღგზნებულობა, შეჭირვებაა წმინდა სულისთვის. 5. განირიდე თავიდან წუხილი და ნუ შეავიწროებ შენში დამკვიდრებულ წმინდა სულს (ეფეს. 4.30), რომ არ შეჰღაღადოს შენ შესახებ ღმერთს და არ მიგატოვოს, 6. რადგან ღვთის სული, რომელიც ამ სხეულს ებოძა, ვერ იტევს მწუხარებას, ვერც იწროებას.

 

42.(3).

1. შეიმოსე სიხარული, რომელსაც მარადჟამ მადლი აქვს (სიბ. ზირაქ. 26.4) ღვთის წინაშე და კეთილსასურველია მისთვის, და დატკბი მისით, ვინაიდან ყოველი მხიარული კაცი სიკეთეს მოქმედებს, კეთილს იზრახავს და წუხილს მოიძაგებს; 2. ხოლო მწუხარე კაცი მარადის უკეთურობს. პირველად უკეთურობს, რადგან შეაჭირვებს იგი ადამიანისთვის ბოძებულ მხიარულ წმინდა სულს; მეორე, წმინდა სულის მაჭირვებელი უშჯულოებას იქმს, არ ევედრება და არც აღმსარებლობს ღვთისადმი. მწუხარე ადამიანის თხოვნას არასოდეს აქვს ძალა, ღვთის საკურთხევლამდე აღიწიოს". 3. შევეკითხე: “რატომ არ ამაღლდება საკურთხევლამდე დამწუხრებულის ვედრება?" “იმიტომ რომ, - მომიგებს, - წუხილია დავანებული მის გულში. მწუხარება ლოცვასთან შეერთებული არ უტევებს ლოცვას, ამაღლდეს წმინდა საკურთხევლამდე, რადგან როგორც ურთიერთში შეზავებულ ძმარსა და ღვინოს არ აქვს თავისი სიტკბოება, ამგვარადვე შეერევა რა მწუხრაება წმინდა სულს, აღარ ძალუძს მავანს ვედრება. 4. განიწმინდე საკუთარი თავი ამ უკეთური წუხილისგან და იცოცხლებ ღმერთში. ყველა, ვინც თავიდან განირიდებს მას, ღმერთში იცოცხლებს და ყველანაირი სიხარულით შეიმოსება.


მცნება XI

43.

1. მიჩვენა მე სავარძელში მსხდომი ადამიანები და სხვა, კათედრაზე მჯდომი ადამიანი და მეუბნება: “ხედავ სავარძელში მსხდომთ?” ვუპასუხე: “ვხედავ, უფალო”. “ისინი, - ამბობს, - მორწმუნეები არიან, ხოლო კათედრაზე მჯდომი ცრუ წინასწარმეტყველია და ღვთის მონათა გონების გამხრწნელი. ღუპავს შეორგულებულთ, ხოლო მორწმუნეებს ვერა. 2. შეორგულებულნი როგორც მისანთან მიდიან და ეკითხებიან მას, თუ რა იქნება მათთვის150. ამ ცრუ წინასწარმეტყველს საკუთარ თავში არანაირი ღვთაებრივი ძალა არა აქვს, ხოლო პასუხობს მათ თავიანთი შეკითხვისა და უკეთური წადილისამებრ და აკმაყოფილებს ასეთ სულებს, როგორც თავად ისურვეს. 3. ის, უნაყოფოდ მყოფი, ფუჭად პასუხობს უნაყოფოებს, რადგან რაჟამს ვინმე, ამაო ადამიანი, დაეკითხება, მიუგებს. ჭეშმარიტ რამ სიტყვებსაც გამოთქვამს, ვინაიდან დემონი აღავსებს მას თავისი სულით, რომ ძალუძდეს მართალთაგან თუნდაც ვინმეს დამხობა151. 4. ისინი, რომლებიც ძლიერნი არიან უფლის რწმენაში და ჭეშმარიტება შეუმოსავთ, განა ასეთ სულებს უკავშირდებიან, არამედ განილტვიან მათგან; ხოლო რომელნიც ორჭოფობენ და მძლავრად მიმოიქცევიან, მისნობენ მსგავსად წარმართებისა და კერპთაყვანისმცემლობის შემოქმედნი საკუთარ თავს უდიდეს ცოდვას განუკუთვნებენ, ვინაიდან ვინც რაიმე საქმის შესახებ ცრუ წინასწარმეტყველს დაეკითხება, კერპმსახურია, დაცლილია ჭეშმარიტებისგან (κενὸς ἀπὸ τῆς ἀληθείας) და უგუნურია. 5. ღვთისგან ბოძებული ყოველი სული არათუ მკითხაობს, არამედ მფლობელია რა საღვთო სიმტკიცისა, თავად განაცხადებს ყოველივეს, რაც ზეგარდამოა (იაკ. 3.15) ღვთარბრივი სულის ძალისგან152. 6. ხოლო სული შემკითხველი და ადამიანთა წადილისამებრ მოპასუხე მიწიერია და მსუბუქი (ἐλαφρόν), არმქონე ძალისა, და საერთოდ ვერაფერს ამბობს, თუკი არ გამოიკითხა”. 7. “უფალო, - ვეუბნები, - როგორ შეიცნობა ადამიანი, თუ ვინაა მათგან წინასწარმეტყველი და ვინ - ცრუ წინასწარმეტყველი?” “ორივეს შესახებ ისმენე, - მომიგებს, - და რისი თქმაც მსურს შენთვის, ამით განასხვავებ მათ. საღვთო სულის მქონე ადამიანი ცხოვრების წესით გამოიკვლიე153. 8. პირველი. ის, ვინც ზეგარდამო სულს ფლობს, თავშეკავებული, მშვიდი, მდაბალი და ყოველგვარი უკეთურებისა და ამა საუკუნის ამაო სურვილის უარმყოფელია; საკუთარ თავს ყველა ადამიანზე მეტად იმდაბლებს და შეკითხვაზე არავის არაფერს პასუხობს, განმარტოებითაც არ ლაპარაკობს, წმინდა სული არც მაშინ ღაღადებს, რაჟამს ადამიანი ისურვებს ამას, არამედ ამეტყველდება, როცა ღმერთი ისათნოვებს მის ლაპარაკს. 9. როდესაც საღვთო სულის მფლობელი ადამიანი ღვთის რწმენის მქონე მართალ კაცთა კრებულს უერთდება და ეს შეკრებილი ადამიანები ღმერთს ვედრებას აღუვლენენ, მაშინ მასთან მყოფი წინასწარმეტყველების სულის ანგელოზი ამ ადამიანს აღავსებს და ეს წმინდა სულით აღვსილი ადამიანი სისავსისგან ისე ამეტყველდება, როგორც უფალი ისურვებს. 10. ასე საჩინოვდება ღვთაებრივი სული. ამგვარია უფლის ღვთაებრივი სულის ეს ძალა. 11. ახლა კი ისმინე, - ამბობს, - მიწიერი, ფუჭი და უძლური სულის შესახებ, რომელიც უგუნურია. 12. პირველი. ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაა მფლობელი ზე სულისა, პირველობის მოსურნეა, პირდაპირ თავხედი, უსირცხვილო და მრავლისმეტყველია, მრავალგვარ განცხრომასა და უამრავ განსხვავებულ ტყუილში მიმოიქცევა, საკუთარი წინასწარმეტყველებისთვის სასყიდელს ღებულობს, ხოლო თუკი ვერ ეუფლა, არ წინასწარმეტყველებს. განა ძალუძს საღვთო სულს სასყიდლის მიღება და წინასწარმეტყველება? ღვთის წინასწარმეტყველი არ დაუშვებს ამის აღსრულებას, მაგრამ ასეთში მიწიერი სულია. 13. შემდეგ, საერთოდ არ ეკარება მართალი ადამიანების კრებულს, არამედ გაურბის მათ; ხოლო უკავშირდება ორგულებსა და უნაყოფოებს, დაფარულში154 უწინასწარმეტყველებს და სიცრუეს ეუბნება ყოველი თავიანთი ამაო წადილისამებრ, რადგანაც უნაყოფოებს პასუხობს. რაჟამს ცარიელ ჭურჭელთან ერთად მოთავსდება ცარიელი ჭურჭელი, არათუ ტყდება, არამედ თანაშეეწყობა ურთიერთს. 14. ხოლო როცა [ცრუ წინასწარმეტყველი] საღვთო სულით აღვსილ მართალ ადამიანთა კრებულს მიეახლება და მათგან ლოცვა აღევლინება, დაცარიელდება ეს ადამიანი, რადაგნ მიწიერი სული შიშით განილტვის მისგან155, მოუძლურდება იგი და ყოვლითურთ დაემხობა156 და არაფრის თქმა ძალუძს. 15. უკეთუ საკუჭნაოში ღვინოს ან ზეთს განათავსებ, ხოლო მათ შორის ცარიელ ჭურჭელს განალაგებ და კვლავ მოისურვებ საკუჭნაოს გახსნას, იმ ჭურჭელს, რომელიც ცარიელი იდგა, ცარიელს აღმოაჩენ. ასევე ამაო წინასწარმეტყველნი, რაჟამს მართალ სულებს ეახლებიან, როგორც მიდიან, იმგვარადვე წარმოჩინდებიან. 16. გაქვს ორივე წინასწარმეტყველის ცხოვრების წესი. საქმეებისა და ცხოვრებისამებრ გამოსცადე თავად სულმოსილი მეტყველი ადამიანი. 17. მიენდე ღვთისგან გარდამომავალ და ძლიერების მქონე სულს, ხოლო სულს მიწიერსა და ამაოს ნურაფერში ერწმუნები, რადგან უძლურია იგი. 18. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო: აიღე ქვა და ზეცად ატყორცნე. იხილე, თუ ძალგიძს მისი აწვდენა; ან კვლავ, წყლის ტუმბო აიღე და ცისკენ ატუმბე, უმზირე, თუ შეძლებ, ცა გაარღვიო”. 19. ვეუბნები: “უფალო, ეს ვის ხელეწიფება? შეუძლებელია ორივე, რაც ბრძანე”. მომიგებს: “როგორც ესაა შეუძლებელი, მიწიერი სულიც ასეთივე უძლური და უღონოა. 20. ახლა კი შეიწყნარე ძალა ზეგარდამო მომავალი: სეტყვა უმცირესი მარცვალია, მაგრამ რაჟამს ადამიანს თავზე ეცემა, როგორ ტკივილს აყენებს?! ანთუ კვლავ, აიღე წვეთი, რომელიც სახურავიდან მიწაზე ეშვება და ქვას ხვრეტს. 21. ხომ ხედავ, სიმაღლიდან მიწაზე დაცემული უმცირესი უდიდეს ძალას ფლობს. ამგვარადვე ძლიერია ზეგარდამო მომავალი საღვთო სული. ამ სულს მიენდე, ხოლო სხვას განეკრძალე”.


მცნება XII

44.(1).

1. მეუბნება მე: "განიძარცვე თავიდან ყოველგვარი უზნეო ზრახვა, ხოლო შეიმოსე კეთილი და წმინდა სურვილი, ვინაიდან ასეთი წადილით მოსილი მოიძულებ უკეთურ გულისთქმას და სურვილისამებრ ალაგმავ მას. 2. უზნეო გულისთქმა მძვინვარეა და ძნელად თვინიერდება; საზარელია და თავისი სისასტიკით ფრიად ავნებს ადამიანებს. განსაკუთრებით რაჟამს მისკენ მიიდრიკება მონა ღვთისა და არ იქნება გულისხმიერი, საშინლად იზარალებს მისგან. აზიანებს მათ, ვისაც არ გააჩნია სამოსელი კეთილი სურვილისა და ამა საუკუნეს შეთვისებია. სიკვდილს მიეცემიან ისინი”. 3. ვეუბნები: “უფალო, რომელი უკეთურად განზრახული საქმეებია, სიკვდილს რომ გადასცემენ ადამიანებს? შემაცნობინე, რომ ვერიდო მათ”. “ისმინე, - ამბობს, - თუ რაგვარი საქმეებით აკვდინებს უზნეო სურვილი ღვთის მონას.

 

45.(2).

1. უწინარეს ყოვლისა, სხვისი ცოლის ან ქმრის მიმართ გულისთქმა, ძვირადღირებული ქონების, მრავალგვარი ამაო საკვებისა და სასმელის, სხვა მრავალი და უაზრო სიამოვნების სურვილი. ყოველგვარი სიამოვნება უგუნურება და არარაობაა ღვთის მორჩილთათვის. 2. ესენია უკეთური ზრახვები, რაც ღვთის მონებს აკვდინებს; რადგანაც უზნეო გულისთქმა დემონის ასულია, ამიტომაა საჭირო ბილწი სურვილის უარყოფა, რომ თავშეკავებულებმა ღმერთში იცხოვროთ. 3. ვინც მათგან იძლევა და არ შეეწინააღმდეგება, ბოლომდე (εἰς τέλος) დაიღუპება, ვინაიდან მომაკვდინებელია ეს გულისთქმები. 4. შენ სიმართლის სურვილი შეიმოსე და ღვთის შიშით შეჭურვილი წინააღუდექი მათ (ეფეს. 6.13), რადგან ღვთის კრძალვა კეთილ ზრახვებში მკვიდრობს. რაჟამას უკეთური სურვილი ღვთის შიშით შეიარაღებულსა და მასთან დაპირისპირებულს გიხილავს, შორს განგელტვის (იაკობ. 4.7) და შენი საჭურველით შეძრწუნებული მეტად აღარც გაგეცხადება. 5. ამრიგად, შენ, გამარჯვებულმა და მის მიერ გვირგვინოსანმა, მართალი სურვილისკენ ისწრაფე. გამარჯვება, რასაც ეუფლე, უფალს მიანიჭე და დაემონე ისე, როგორც თავად ისურვებს. რაჟამს კეთილ გულისთქმას დაემონები და დაემორჩილები, შეძლებ უკეთური ზრახვების ძლევას და სურვილისამებრ იხელმწიფებ მასზე”.

 

46.(3).

1. ვეუბნები: “უფალო, მსურს გავიგო, რა არის საჭირო, რომ კეთილ სურვილს დავემორჩილო”. “ისმინე! - ამბობს, - სიმართლისა და სათნოების აღსრულება (ფს. 14.2), ჭეშმარიტება, შიში ღვთისა, რწმენა, სიმშვიდე და რაც რამ მათი მსგავსია სახიერებაა. ამის მოქმედი ღვთის სათნო მსახური იქნები, მასთან იცხოვრებ და ყველა, ვინც კეთილ სურვილს დაემონება, ღმერთში იცოცხლებს”. 2. თორმეტი მცნება განასრულა და მეუბნება მე: “გეპყრას ეს მცნებები, ისრბოლე მათში და მსმენელებს მოუწოდე, რომ უბიწო გახდეს მათი სინანული ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე. 3. შენთვის ბოძებული მსახურება გულმოდგინედ შეასრულე, ყოველივე აღასრულე და მადლს მოიპოვებ სინანულის მსურველთა შორის და შენს სიტყვებს დაენდობიან, რადგან მე შენთან ერთად ვიქნები და შენს მორჩილებაში დავარწმუნებ მათ”. 4. ვეუბნები სინანულის ანგელოზს: “დიადი, მშვენიერი და დიდებულია ეს მცნებები და ძალუძს, იმ ადამიანის გული გაახაროს (ფს. 18.9; 103.15), ვისაც მათი დამარხვა ხელეწიფება; მაგრამ არ ვიცი, უფალო, შეუძლია კი ადამიანს ამ მცნებათა შესრულება, ვინაიდან ფრიად მძიმენი არიან”. 5. მიპასუხა და მომიგო მე: “რაჟამს შენ საკუთარ თავს განუწესებ, რომ შეგიძლია დაიცვა, ადვილად დაიმარხავ და არ იქნებიან მძიმენი; ხოლო თუკი შენს გულში უკვე აღწევნილა [აზრი იმისა], რომ არ ძალუძს ადამიანს ისინი იტვირთოს, ვეღარ დაიცავ. 6. ახლა კი შენ გეუბნები: თუკი მცნებებს უგულებელყოფ და არ აღასრულებ მათ, არც შენს შვილებს, არც შენს სახლეულს არ გექნებათ ხსნა, რადგან უკვე განუსაზღვრე საკუთარ თავს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ეს მცნებები იმარხოს”.


47.(4).

1. ამას დიდი წყრომით მეუბნებოდა. შევძრწუნდი და ძლიერ შემეშინდა, ვინაიდან შესახედაობა ისე შეეცვალა, რომ არ ძალუძდა ადამიანს მისი რისხვის დათმენა. 2. მხედავდა რა მე ყოვლითურთ დამწუხრებულსა და შეძრწუნებულს, ფრიად დამშვიდებულმა და გახარებულმა დაიწყო ლაპარაკი და მეუბნება: “უგუნურო, უგულისხმოვ და ორგულო, ნუთუ ვერ იმეცნებ ღვთის დიდებას, როგორი დიდი (ფს. 20.6; 56.12; 107.6; 112.4), ძლიერი და გასაოცარია, ვინც ადამიანისთვის შექმნა სამყარო და თითოეული თავისი ქმნილება მას (ადამიანს, ი. ო.) დაუმორჩილა (ფს. 8.7) და ყოველი ხელმწიფება მთელს ცისქვეშეთში საუფლებლად გადასცა? 3. თუკი, - ამბობს, - ადამინი ღვთის ყველა ქმნილების უფალია და ყოველივეზე მეუფებს, განა არ ძალუძს ამ მცნებებსაც ეუფლოს? უკეთუ ადამიანს საკუთარ გულში ჰყავს უფალი, შეუძლია, თითოეულსა და ყველა ამ მცნებას ხელმწიფებდეს, 4. ხოლო ვინც მას [მხოლოდ] ბაგეებით ატარებს, გაქვავებულა ასეთის გული (მრ. 6.52; 8.17) და განშორებია ღმერთს; ძნელი და დაუძლეველია მისთვის ეს მცნებები. 5. ამრიგად, რწმენაში ამაონო და სუსტნო, თქვენს გულში ღმერთი დაიმარხეთ და გაიგებთ, რომ არაფერია ამ მცნებებზე უადვილესი, უტკბესი, არც უფაქიზესი. 6. ხოლო თქვენ, დემონის მცნებებით მსრბოლელნო, სიძნელეების, სიმწარის, მძვინვარებისა თუ გარყვნილებებისგან მოიქეცით და ნუ შეგეშინდებათ დემონის. მას არა აქვს თქვენზე ხელმწიფება; 7. რადგან მე, სინანულის ანგელოზი, თქვენთან ერთად ვარ და ვმეუფებ მასზე. დემონი მხოლოდ შიშის მფლობელია, ხოლო ეს შიში კი უძლურია. ასე რომ, არ შეგეშინდეთ მისი და განილტვის თქვენგან” (იაკობ. 4.7).

 

48.(5).

1. ვეუბნები მას: "უფალო, ისმინე ჩემი მცირედი სიტყვები". მომიგებს: "თქვი, რაც გწადია". "უფალო, ადამიანი ღვთის მცნებათა დაცვის მოსურნეა და არავინაა ისეთი, ვინც არ ითხოვს უფლისგან, რომ მის მცნებებში გამტკიცდეს და მორჩილებდეს, მაგრამ სასტიკია დემონი და მძლავრობს მათზე". 2. ამბობს: “ღვთის მონებზე, რომლებიც მას მთელი გულით სასოებენ, არ ხელეწიფება მძლავრება. დემონს წინააღმდეგობა შეუძლია, მაგრამ გამარჯვება არ ძალუძს. ამრიგად, რაჟამს დაუპირისპირდებით, სძლევთ მას და შერცხვენილი განგელტვით თქვენ (იაკობ. 4.7). ისინი, რომლებიც უნაყოფონი არიან, დემონის ვითარცა ძალმოსილის ეშინიათ. 3. რაჟამს ადამიანი თიხის ჭურჭლებს კარგი ღვინით ბოლომდე შეავსებს და ამ თიხის სასმისებს შორის მცირედით ნაკლულებიც არიან, მიდის რა მათთან, არათუ სავსეებს მოიკითხავს, რადგან იცის, რომ შევსებულია, არამედ შეშინებული ნაკლულთ მოიხილავს, რომ არ ამჟავდეს, ვინაიდან შეუვსებელ თიხის ჭურჭლებში ღვინო მალე ძმარდება და სიტკბოებაც ეკარგება. 4. დემონიც ასევე მიეახლება ღვთის ყველა მონას, რომ განსცადოს ისინი (I პეტრ. 5.8). რწმენაში სრულყოფილნი მძლავრად უპირისპირდებიან მას და ის განილტვის, რადგან არ აქვს ადგილი, სადაც შეაღწევდა. მაშინ იგი ნაკლულებს მიაკითხვას, ალაგის მქონე მათში შთაეკვეთება და რასაც ისურვებს, იმას მოქმედებს და ემორჩილებიან მას.


49.(6).

1. მე კი, სინანულის ანგელოზი, გეუბნებით თქვენ: ნუ გეშინიათ დემონის, ვინაიდან მოვივლინე, რომ თქვენთან ერთად ვიყო, რომლებიც მთელი გულით ინანიებთ, და განძლიერდებიან ასეთნი რწმენაში. 2. თქვენ, რომლებიც საკუთარი ცოდვების გამო უსასოჰყოფთ თქვენს ცხოვრებას, ცოდვებს ამრავლებთ და საკუთარ სიცოცხლეს იმძიმებთ, ღმერთს მიენდეთ, ვინაიდან რაჟამს მთელი გულით უფლისკენ მიიქცევით (იერემ. 24.7; იოელ. 2.12), ცხოვრების დარჩენილი დღეების მანძილზე სიმართლეს აღასრულებთ (ფს. 14.2) და მას მისი ჭეშმარიტი ნებისამებრ დაემონებით, განკურნავს თქვენს ადრინდელ შეცოდებებს და დემონის საქმეთა მძლეველ ძალას ეუფლებით. დემონის მუქარის საერთოდ ნუ შეგეშინდებათ, რადგან უღონოა, როგორც გარდაცვლილის ძარღვები157. 3. ჩემი ისმინეთ და იმის გეშინოდეთ, ვისაც ყოველივე ძალუძს, ხსნაც და დაღუპვაც (მთ. 10.28; ლკ. 6.9; იაკობ. 4.12). დაიცავით ეს მცნებები და იცხოვრებთ ღმერთში”. 4. ვეუბნები ანგელოზს: “უფალო, ახლა კი ღვთის ყველა მცნებაში განვმტკიცდი, რადაგნ შენ ჩემთან ერთად ხარ და ვიცი, რომ განკვეთ დემონის ძალას და ჩვენ ვიუფლებთ მასზე და ვძლევთ ყველა მის საქმეს. ვსასოებ, რომ უფლისგან გაძლიერებულს შემიძლია დავიცვა მცნებები, რომლებიც დაგვავალე”. 5. მომიგებს: “დაიცავ, თუკი შენი გული წმინდა იქნება უფლის წინაშე. და ყველა, ვინც საკუთარ გულს ამა საუკუნის ამაო ზრახვებისგან განიწმენდს, მცნებებს დაიცავს და ღმერთთან იცხოვრებს.

 

წიგნი III

იგავები
იგავები, რომლებიც თქვა ჩემდამი158

50.

1. მეუბნება მე: "თქვენ იცით, რომ ღვთის მონანი უცხოობაში მკვიდრობთ, რადგან  თქვენი ქალაქი შორსაა ამ ქალაქიდან. თუკი იცით, - ამბობს, - თქვენი ქალაქი, სადაც დამკვიდრება მოგელით, აქ რად იმზადებთ ადგილ-მამულებს159, ძვირადღირებულ კეთილმოსაწყობელთ, ნაგებობებსა თუ ამაო საცხოვრისებს? 2. ვინც ამ ქალაქში ეგევითართ იმარაგებს, აღარ განიზრახავს თავის მამულში დაბრუნებას. 3. უგუნურო, ორგულო და საწყალობელო ადამიანო, განა ვერ ხვდები, რომ ეს ყოველივე სხვისია და სხვისი ხელმწიფების ქვეშაა? ამ ქალაქის უფალი ამბობს160: "არ მსურს შენი დამკვიდრება ჩემს მამულში, არამედ განვედ ამ ქალაქიდან, რადგან ჩემს კანონებს არ აღასრულებდი”. 4. ამრიგად, შენ, ადგილ-მამულთა, საცხოვრებლებისა და სხვა მრავალი ქონების მქონე, მისგან გაძევებული, რას მოუმოქმედებ იმას, რაც საკუთარი თავისთვის იმზადე? სამართლიანად გეუბნება ამ ქვეყნის უფალი: "ან ჩემი კანონები მიიღე, ან განერიდე ჩემს სამფლობელოს”. 5. ასე რომ, შენ, რომელსაც შენს მამულში გაქვს რჯული, რის აღსრულებას იზრახავ? ნუთუ შენი მინდვრებისა და დანარჩენ მოსახვეჭელთა გამო შენეულ რჯულს ყოვლითურთ უარყოფ და ამ ქალაქის კანონებს შეუდგები?161 ეკრძალე, რომ საზიანო არ იყოს უარყოფა შენი რჯულისა, რადგან რაჟამს უკან, შენს მამულში, მიბრუნებას ისურვებ, არ მიგიღებენ, ვინაიდან უარყავი შენეული მამულის რჯული. და გაგაძევებენ მისგან. 6. ასე რომ, გაფრთხილდი, ვითარცა უცხოობაში მცხოვრები, საკუთარი თავისთვის ზედმეტს ნურაფერს დაიუნჯებ, არამედ საკმარისით დაკმაყოფილდი, და მზად იყავი, რომ რაჟამს ამ ქალაქის მბრძანებელი იზრახებს, შენ, მისი კანონის ურჩი, გაგაძევოს, დატოვე მისი ქალაქი, საკუთარ მამულში დაბრუნდი და მხიარულმა შენეული რჯული აღასრულე უდრტვინველად. 7. ასე რომ, ეკრძალეთ თქვენ, უფალს დამონებულებმა, და ვისაც გულში გყავთ იგი, ღვთის საქმენი იმუშაკეთ მისი აღთქმებისა და გაცხადებული მცნებების  მომგონებლებმა (ფს. 102.18) და მიენდეთ, ვინაიდან აღასრულებს მათ, უკეთუ მის მცნებებს დაიცავთ. 8. ადგილ-მამულთა ნაცვალ შეჭირვებული სულები შეიძინეთ, ვისაც როგორ ძალგიძთ; ქვრივები და ობლები მოიკითხეთ და ნუ უგულებელჰყოფთ მათ (იაკ. 1.27). თქვენი სიმდიდრე და ყოველგვარი მონაგები, ეს ადგილ-მამულნი და საცხოვრისები, იმისთვის გაიღეთ, რისთვისაც უფლისგან გებოძათ, 9. რადგან იმის გამო გაგამდიდრათ თქვენ მეუფემ, რომ ეს მსახურებანი აუსრულოთ მას. ფრიად სახიერია იმ მამულის, სიმდიდრისა თუ საცხოვრისების შეძენა, რასაც შენს ქალაქში აღმოაჩენ, რაჟამს მასში გადასახლდები162. 10. მშვენიერია და სამხიარულო ასეთი სიმდიდრე, სადაც არათუ დარდი და შიშია, არამედ სიხარული. მაშ ასე, წარმართთაებრ სიმდიდრეს ნუ დაიუნჯებთ, ვინაიდან თქვენ, ღვთის მონებს, არაფერში გამოგადგებათ იგი. 11. საკუთარი სიმდიდრე კი ამუშაკეთ, რითიც ძალგიძთ სიხარული. ნუ იყალბისმქნელებთ163, ნურც სხვისას შეეხებით, არც ინდომოთ მისი, რადგან უკეთურებაა სხვათა [საკუთრების] სურვილი. ხოლო შენ საქმე აკეთე და გადარჩები.

სხვა იგავი164

51.

1. ველისკენ მივემგზავრებოდი და თელა და ვაზი შევნიშნე. მათი და მათი ნაყოფების შესახებ განმსჯელს მწყემსი გამომეცხადა და ამბობს: "თელასა და ვაზის შესახებ რას ეძიებ საკუთარ თავში? "მივუგე: "უფალო, მიმაჩნია, რომ ერთიმეორეზე უმშვენიერესნი არიან". 2. "ეს ორი ხე, - ამბობს, - ღვთის მორწმუნეებს ნიშნად განეწესათ". ვეუბნები: "მსურს შევიმეცნო ამ ხეთა სახეობები, რაზეც ლაპარაკობ". 'ხედავ, - მპასუხობს, - თელასა და ვაზს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო".  3. "ეს ვაზი ნაყოფს იძლევა, ხოლო თელა უნაყოფო ხეა, მაგრამ თუკი ვაზი თელაზე არ ამაღლდა, მიწაზე გართხმულს აღარ ძალუძს ფრიადი ნაყოფმსხმოიარობა და რასაც მოისხამს, დამპალი იქნება, რადგან თელას ვერ დაეყრდნო. მაგრამ რაჟამს ვაზი თელას დაენდობა, საკუთარი თავისთვისა და თელასთვისაც იძლევა მტევანს. 4. ასე რომ, ხედავ, თელაც მრავალ მოსავალს იძლევა, ვაზზე არა ნაკლებს, გაცილებით მეტს". ვეკითხები: "თელა, უფალო?" მომიგებს: "როგორც თელაზე დაყრდნობილი ვაზი მრავალ და კეთილ მტევანს მოგვიბოძებს, ამგვარადვე, მიწაზე გართხმული, მცირესა და დამპალს მოისხამს. ამრიგად, ეს იგავი ღვთის მონებს, ღარიბებსა და მდიდრებს, განეკუთვნებათ". 5. 'როგორ, უფალო, - ვეუბნები, - გამაგებინე მე?" "ისმინე! - მომიგებს, - მდიდარი სიმდიდრის მფლობელია, მაგრამ უპოვარია უფლის წინაშე. საკუთარი სიმდიდრით გატაცებულს ძალიან ცოტა ლოცვა და აღმსარებლობა აქვს უფალთან და რაც აქვს, ისიც სუსტია და უმნიშვნელო, არც სხვა რამ ძალას ფლობს. მაგრამ თუკი მდიდარი ღარიბს მწყალობლობს და საჭიროებისამებრ ამარაგებს მას, სწამდეს, რომ რაჟამს ღარიბისთვის იმუშაკებს, ძალუძს სასყიდელი ღმერთის წინაშე იპოვოს, რამეთუ ღარიბი მდიდარია საკუთარი ლოცვითა და აღმსარებლობით და დიდი ძალა აქვს მის ვედრებას ღვთისადმი. მდიდარი კი, შეეწევა რა ღარიბს ყოველივეში უეჭველად, 6. მდიდრის მიერ ნაწყალობები ღარიბი ღმერთს ევედრება და მადლობს იმისთვის, რაც მისგან მიიღო. ის კვლავაც და კვლავც მოშურნეობს ღარიბის გამო, რომ დაუბრკოლებელი იყოს მისი საჭიროება, ვინაიდან იცის, რომ ღარიბის ლოცვა საამოა და ნაყოფიერი უფლის წინაშე. 7. ორივენი ერთდროულად აღასრულებენ საქმეს: ღარიბი ლოცვით მუშაკობს, რაშიც მდიდარია, და იმით მსახურებს, რაც უფლისგან მიიღო165; მდიდარიც ღვთისგან შეწყნარებულ სიმდიდრეს ასევე დაუბრკოლებლად უწყალობებს ღარიბს. დიდი და საამოა ეს საქმე უფლის წინაშე, რადგან შეიმეცნა [მდიდარმა], რომ უფლის ძღვენთაგანაა მისი სიმდიდრე, ღარიბს მოახმარა და მსახურება სწორად აღასრულა. 8. ადამიანებს თელა უნაყოფოდ მიაჩნიათ, არ იციან, ვერც ხვდებიან, რომ რაჟამს გვალვა იქნება, ვაზს წყლის შემცველი თელა კვებავს და დაუბრკოლებლად სინოტივის მქონე ვაზი ორმაგ ნაყოფს იძლევა საკუთარი თავისა და თელასთვის. ასევე ღარიბნიც უფალს შეჰღაღადებენ მდიდართა გამო, რომ გამრავლდეს მათი სიმდიდრე. და კვლავ, ღარიბთა საჭიროებისამებრ მომსახურე მდიდარნი მათ სულებს განამტკიცებენ. 9. ამრიგად, მართალი საქმის ზიარნი ხდებიან ორივენი. ამგვარად მოქმედს არ მიატოვებს უფალი, არამედ ცოცხალთა წიგნებში ეწერებიან. 10. ნეტარ არიან შეძლებულნი და გულისხმისმყოფელნი, რომ ღვთისგან მდიდრდებიან, რადგან ძალუძს ამის მცოდნეს, სათნო რამ იმსახუროს.

 

იგავი III

52.

1. მიჩვენა მე მრავალი უფოთლო ხე. იფიქრებდი, თითქოს გამხმარნი არიანო, ვინაიდან ყველანი მსგავსნი იყვნენ. მეუბნება: 'ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო, - მივუგე, - ერთნაირებსა და გამხმარებს". მპასუხობს: "ეს ხეები, რასაც ხედავ, ამა საუკუნეში მკვიდრნი არიან". 2. ვეკითხები: "უფალო, რატომაა, რომ თითქოს გამხმარან და [ურთიერთს] დამსგავსებიან?" მომიგებს: "რადგან არც მართალნი და არც ცოდვილნი ამ საუკუნეში არ განირჩევიან, არამედ ერთნაირები არიან. ზამთარია ეს საუკუნე მართალთათვის და ცოდვილებთან ერთად დამკვიდრებულნი არ სხვაობენ მათგან, 3. ვინაიდან როგორც ზამთარში  ემსგავსებიან და არ განირჩევიან ფოთლებდაცვენილი ხეები, რომელია გამხმარი ანთუ ცოცხალი, ასევე არ წარმოჩინდებიან ამა საუკუნეში არც მართალნი, არც ცოდვილნი, არამედ ყველანი მსგავსები არიან166.  

სხვა იგავი167

53.

1. კვლავ მიჩვენა მე მრავალი ხე, რომლებიც ყვაოდნენ, [სხვანი] კი გამხმარიყვნენ, და მეუბნება: "ხედავ ამ ხეებს?" "ვხედავ, უფალო,- მივუგე, - გამხმარებსა და აყვავებულებს". 2. "ეს აყვავებული ხეები, - ამბობს, - მართალნი არიან, რომლებიც მომავალ საუკუნეში დამკვიდრებას ელიან, რადგან სამომავლო საუკუნე ზაფხულია მართალთათვის, ხოლო ცოდვილთათვის - ზამთარი. ამრიგად, რაჟამს ღვთის წყალობა გამობრწყინდება168, მაშინ საჩინონი იქნებიან ღმერთს დამონებულნი და ყველაფერი გაცხადდება. 3. ასე რომ, როგორც ზაფხულობით მოიხილება ყოველი ხის ნაყოფი და ცნაურდება, თუ როგორია, ასევე წარმოჩინდება მართალთა ნაყოფი და ყველა შეიცნობა, ვინც იმ საუკუნეში კეთილყვავილოვანი იქნება. 4. ხოლო წარმართები და ცოდვილები, რომლებიც გამხმარ ხეებს ემსგავსებიან, ამგვარადვე ხმელნი და უნაყოფონი აღმოჩნდებიან იმ საუკუნეშიც და, ვითარცა ხმელი შეშა, დაიწვებიან და გაცხადებული იქნება, რომ უკეთური ყოფილა მათი საქმენი მათსავე ცხოვრებაში. ცოდვილნი დაიწვებიან, რამეთუ შესცოდეს და არ შეინანეს, ხოლო წარმართნი დაიწვებიან იმიტომ, რომ არ შეიცნეს თავიანთი შემოქმედი. 5. შენ კი საკუთარ თავში ინაყოფიერე, რომ იმ ზაფხულს გახდეს საცნაური შენი ნაყოფი. განეკრძალე მრავალ საქმეს და არასოდეს შესცოდავ, რადგან ისინი, რომლებიც მრავალს მოქმედებენ, მრავლადაც სცოდავენ და საკუთარ საქმეებზე მზრუნველნი არ მორჩილებენ თავიანთ უფალს. 6. როგორ ძალუძს, - ამბობს, - ასეთს რამე ითხოვოს უფლისგან და მიიღოს, როდესაც არ ემონება მას? ისინი კი, რომელნიც ღმერთს მორჩილებენ, თავიანთ ნავედრებს ღებულობენ, ხოლო დაუმორჩილებელნი ვერაფერს იწყნარებენ. 7. ამრიგად, თუკი ვინმე ერთ საქმეს იმუშაკებს, ძალუძს უფალსაც ემონოს, ვინაიდან არ შეირყვნება უფლისგან მისი ჩანაფიქრი, არამედ მისი წმინდა აზრების მტვირთველი დაემონება მას169. 8. რაჟამს ამას აღასრულებ, მომავალ საუკუნეში ძალგიძს ნაყოფმსხმოიარობა. ვინც ამგვარად მოიქცევა, ინაყოფიერებს.

სხვა იგავი V170

54.(1).

1. მარხვისას ერთ-ერთ მთაზე ვიმყოფებოდი და უფალს ვმადლობდი ყველაფრის გამო, რაც ჩემთვის აღესრულებინა. ვხედავ, ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და მეუბნება: "დილაადრიან აქ რად მოსულხარ?" ვუპასუხე: "უფალო, მედეგობა მაქვს"171. 2. მეკითხება: "მედეგობა რა არის?". მივუგე: "ვმარხულობ, უფალო". "ეს, რასაც მარხულობ, - ამბობს, - განა მარხვაა?" ვუთხარი: "უფალო, რაცაა ჩვეულება, ისე ვმარხულობ". 3. "არ იცი, - მპასუხობს, - მარხვა ღვთისათვის. ეს მარხვა, რითიც მარხულობ, ფუჭია მისთვის". მივუგე: "ასე რად ამბობ, უფალო?" "შენ გეუბნები, - ამბობს, - განა მარხვაა, რაც მარხვა გგონია; მაგრამ მე გასწავლი, თუ როგორი მარხვაა საამო და სრული ღვთისთვის". "ნეტარმყოფ მე, - ვეუბნები, - უკეთუ უფლისთვის საამო მარხვას მასწავლი". "ისმინე! - მომიგებს, 4. - განა ეს ფუჭი მარხვა ჰსურს ღმერთს, რადგან ამგვარად მმარხველი არ მუშაკობს სიმართლეს. ეს მარხვა იმარხე: 5. შენს ცხოვრებაში არასოდეს იუკეთურო, არამედ განწმენდილი გულით ემონე უფალს, მცნებები დაიცავი (მთ. 19.17) და მის განჩინებებში ისრბოლე, ნურასოდეს აღიწევა შენს გულში საქმე უკეთური, ღმერთის გწამდეს. უკეთუ ამას შეასრულებ და უფლის მოშიში ყოველგვარი უზნეო საქმისგან თავს განიკრძალავ, ღმერთთან იცოცხლებ. რაჟამს ასე იმუშაკებ, დიდსა და ღვთისთვის საამო მარხვას აღასრულებ.                        

55.(2).

1. ისმინე იგავი, რომელიც მსურს შენ გაუწყო, მარხვის შესაბამისი. 2. ვინმე [ადამიანს] მამული და მრავალი მონა ჰყავდა. მიწის გარკვეულ ნაწილზე ვენახი დარგო. გამოარჩია ფრიად სარწმუნო და სათნო მსახური. უცხოობაში წასვლის განმზრახმა მოიხმო იგი და ეუბნება მას: "ეს ვენახი, რომელიც გავაშენე, ჩაიბარე; ვიდრე მოვიდოდე, შემოზღუდე იგი, ხოლო სხვა ვენახში ნუ იმუშაკებ. ჩემი ეს მცნება დაიცავი და თავისუფალი იქნები ჩემგან". და უცხოობაში წავიდა მონის მბრძანებელი. 3. ხოლო გაემგზავრა რა იგი, აიღო მონამ და ვენახი გარშემოზღუდა. როცა განასრულა ვაზის მოზღუდვა, იხილა, რომ ვენახი სავსე იყო ბალახით. 4. საკუთარ თავთან მსჯელობდა და ამბობდა: 'ბატონის ეს მცნება შევასრულე. ახლა კი ამ ვენახსაც გადავბარავ და დაბარული უმშვენიერესი გახდება. უკეთუ სარეველა არ იქნება, ნაყოფსაც სრულად მოგვცემს ბალახისგან დაუშთომელი". აიღო და ვაზი დაბარა, მთელი ბალახი ამოძირკვა ვენახში. და გახდა ვაზი უმშვენიერესი და კეთილყვავილოვანი, არ ჰქონდა რა ბალახი დამაშთობელი. 5. რაღაც დროის შემდეგ მამულისა და მონის მბრძანებელი მოვიდა და ვენახისკენ ისწრაფა. იხილა ვაზი კეთილად გარშემოზღუდული და მეტიც - დაბარული, ხოლო ბალახი ამოძირკული და ვენახი აყვავებული. დიდად გაიხარა მონის საქმიანობით. 6. მოიხმო თავისი საყვარელი ძე, რომელიც მემკვიდრედ ჰყავდა, და თანამზრახველი მეგობრები. ეუბნება მათ, თუ რა დაავალა საკუთარ მონას და რა აღმოაჩინა აღსრულებული. მონაზე დამოწმებულით, რასაც ბატონი ადასტურებდა მასზე, ისინიც თანამოხარულობდნენ. 7. და ეუბნება მათ: 'მე ამ მონას თავისუფლებას შევპირდი, თუკი ჩემს მცნებას დაიცავდა, რომელიც მას დავავალე. ჩემი მცნება აღასრულა და ვენახს კეთილი საქმეც თანაშეჰმატა, რაც ჩემთვის ფრიად სათნოა. იმ საქმის წილ, რაც იმუშაკა, მსურს, ჩემი ძის თანამემკვიდრედ დავადგინო, რადგან კეთილად განმსჯელმა არათუ უგულებელჰყო, არამედ აღასრულა იგი"172. 8. ბატონის ძეც დაეთანხმა ამ აზრს, რომ ძის თანამემკვიდრე გახდეს მონა. 9. მცირე დროის შემდეგ სერი ამზადა მისი (მონის, ი. ო.) სახლის მბრძანებელმა173 და ტრაპეზიდან მრავალი სანოვაგე გაუგზავნა მას; მიიღო რა მონამ საკუთარი ბატონის წარგზავნილი საკვები, მისთვის საკმარისი იხმია, ხოლო დანარჩენი თავის თანამონებს უწილადა. 10. საკვების შემწყნარებელმა თანამსახურებმა გაიხარეს და ლოცვა დაიწყეს მისთვის, რომ აღმატებული მადლი ეპოვა მბრძანებლის წინაშე, ვინაიდან ამგვარად მოექცა მათ. 11. ეს ყოველივე მომხდარი ბატონმა შეიტყო და მისი საქმე კვლავ დიდად ეამა. ბატონმა ისევ თანამოიხმო მეგობრები, საკუთარი ძე და მონის საქმე შეატყობინა, რაც მიღებული საკვებით მოიმოქმედა მან. ისინი კი უფრო მეტად დაეთანხმნენ ძის თანამემკვიდრედ მონის დადგენას".

 

56.(3).

1. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, მე ამ იგავებს ვერ ვიმეცნებ, არც გაგება ძალმიძს მათი, თუკი არ განმარტავ". 2. "ყველაფერს განგიმარტავ შენ, - ამბობს, - რასაც კი გეტყვი და გიჩვენებ. უფლის მცნებები დაიცავი და სათნო იქნები მისთვის და მისი მცნებების დამცველთა რიცხვში ჩაეწერები, 3. ხოლო რაჟამს ღვთის მცნების გარდა რამ სიკეთეს აღასრულებ (ეკლეს. 12.13; მთ. 19.17), საკუთარ თავს უაღმატებულეს დიდებას შესძენ და ღვთის წინაშე იმაზე უდიდებულესი იქნები, ვიდრე ისურვებდი. ამრიგად, როდესაც ღვთის მცნებათა დამცველი ამ მსახურებებსაც გაამრავლებ, გაიხარებ, თუკი ჩემი უწყებისამებრ დაიმარხავ მათ"174. 4. ვეუბნები მას: "უფალო, დავიცავ იმას, რაც კი რამ მამცნე, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემთან ერთად ხარ". ‘შენთან ერთად ვიქნები, - მომიგებს, - ვინაიდან კეთილმოქმედების ასეთი სურვილი გაქვს, და ყველასთან ვიქნები, ვინც ამ ზრახვას იტვირთავს. 5. ეს მარხვა, - ამბობს, - ღვთის მცნებათა დამცველთათვის ფრიად სახიერია. მარხვა, რომელიც გსურს იმარხო, ამგვარად უნდა აღასრულო. 6. უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ უკეთურ სიტყვას და ყველანაირ უზნეო სურვილს ერიდე; გული შენი განიწმინდე ამა საუკუნის ყოველგვარი ამაოებისგან. რაჟამს ამას დაიცავ, სრული იქნება მარხვა. 7. ხოლო იმოქმედე ამგვარად: წინარეგანცხადებულნი აღასრულე, იმ ჟამს, როცა მარხულობ, ნურაფერს იგემებ გარდა პურისა და წყლისა. შენი საზრდელიდან, რითიც გსურს იკვებო, იმ დღის საჭმლის ხარჯი გამოთვალე, რის გაღებასაც აპირებდი, და დამზოგველმა იგი ქვრივს, ობოლს, ან უპოვარს უწილადე და ასე დამდაბლდები, ვინაიდან შენი სიმდაბლისგან მიმღები, დაინაყრებს რა საკუთარ სულს, ილოცებს შენთვის უფლის წინაშე175. 8. თუკი იმ მარხვას აღასრულებ, რასაც გამცნებ, შენს მსხვერპლს უფალი შეიწირავს (სიბრძ. ზირაქ. 35.9; 4.18; ეს. 56.7; მთ 5.24; I პეტრ. 2.5) და ეს მარხვა აღწერილი იქნება; ასე შესრულებული მსახურებაა სათნო, სასიხარულო და შეწირული უფლისგან. 9. ესენი ამგვარად დაიცავი შენს შვილებთან და მთელს შენს სახლეულთან ერთად, ხოლო მათი აღმსრულებელი ნეტარი იქნები; და ყველა, ვინც მოისმენს და მას დაიცავს, ინეტარებს და რასაც კი უფალს შეევედრება, მიიღებს".

 

57.(4).

1. მრავალს ვევედრებოდი მას, რომ გაეცხადებინა ჩემთვის იგავი მამულის, ბატონის, ვაზის, მონის მიერ გარშემოზღუდული ვენახის, დაბარვის, ვენახიდან ამოძირკული ბალახის, ძისა და თანამზრახველი მეგობრების შესახებ, რადგან მივხვდი, რომ რაღაც იგავია ეს ყოველივე. 2. მიპასუხა და მომიგო: ‘ფრიად თამამი ხარ შეკითხვაში. საერთოდ არ გევალება იკითხო, ვინაიდან თუკი მითითება იქნება შენთვის საჭირო, განგეცხადება". ვეუბნები მწყემსს: "უფალო, უკეთუ იმას, რასაც მიჩვენებ, არ განმიმარტავ, ფუჭი იქნება ამგვარი ხილვა და ვერ მივხვდები, თუ რომელი რა არის. ამგვარადვე, რაჟამს იგავს მეტყვი და არ განმარტავ, ამაოა შენგან სმენილი". 3. კვლავ მპასუხობს და მეუბნება: "ვინც ღმერთს ემონება და საკუთარ გულში ჰყავს უფალი, ითხოვს რა მისგან გულისხმისყოფას (იაკობ. 1.5-6), იგავის განმარტებას ღებულობს და უფალთან ერთობით ხდება მისთვის გასაგები იგავებით გამოთქმული. ხოლო ის, ვინც ვედრებაში უძლურია და ზარმაცი, ღვთისადმი თხოვნისას ორჭოფობს. 4. მრავალმოწყალეა უფალი და მისგან ყველა უეჭველად მთხოვნელს მწყალობლობს. შენ კი, დიდებული ანგელოზის მიერ გამტკიცებული და მისგან ესოდენ მეოხების შემწყნარებელი, ზარმაცი რომ არ იყო, რად არ ითხოვ უფლისგან გონიერებას? განა ისე მიიღებ?" 5. ვეუბნები მას: "უფალო, მე, გამაჩნია რა შენთან ერთობა, მაქვს საჭიროება, რომ შენ გევედრო და შეგეკითხო, რადგან ყოველივეს მიმითითებ და მეუბნები, მაგრამ უკეთუ ამას შენგან ეული ვიხილავდი ან მოვისმენდი, მაშინ უფალს დავეკითხებოდი, რომ გაეცხადებინა ჩემთვის".



58.(5).

1. "ახლახან გეუბნებოდი, რომ ჭკუამახვილი და თამამი ხარ-მეთქი, - ამბობს, - ითხოვდი რა იგავთა განმარტებას, მაგრამ შენი ასეთი სიმტკიცის გამო განგიმარტავ იგავს მამულსა და დანარჩენ ყოველივე თანმდევზე, რომ გასაგები გახადო ისინი ყველასთვის. ახლა კი ისმინე და შეიმეცნე: 2. მამული ეს სამყაროა (მთ. 13.38). მამულის უფალი ყოვლის შემოქმედი (ეფეს. 3.9; აპოკალ. 4.11; ებრ. 3.4; ეკლეს. 18.1), მათი შემაკავშირებელი და განმაძლიერებელია (ფს. 67.29)176. ძე სულიწმინდაა. მონა ძე ღვთისაა. ვენახი ის ხალხია, რომელიც მან დარგო. 3. ზღუდეები უფლის წმინდა ანგელოზები არიან, მის ხალხთან მჭიდრო კავშირში მყოფნი. ვენახიდან ამოძირკული ბალახი ღვთის მონათა უკეთურებანია. საკვები, რომელიც სუფრიდან გაუგზავნა მონას, მცნებებია, რაც თავისი ძის მიერ გადასცა საკუთარ ხალხს. მეგობრები და თანამზრახველები პირველქმნილი წმინდა ანგელოზები არიან. ბატონის მოგზაურობა მის მოსვლამდე დარჩენილი ჟამია"177. 4. ვეუბნები მწყემსს: "უფალო, დიადი, გასაოცარი და დიდებულია ყოველივე. განა ძალმიძდა მე, ეს გამეგო? არც სხვა ადამიანს, თუნდაც რომ ფრიად გონიერი იყოს მავანი, არ შეუძლია ამის შემეცნება. ამრიგად, უფალო, კვლავაც განმიცხადე ის, რაც მსურს, შენ შეგეკითხო". 5. "მკითხე, - მომიგებს, - თუ რამ გწადია". "უფალო, რატომ წარმოგვიდგება იგავში ძე ღვთისა მონის სახით?"               

59.(6).

1. "ისმინე, - მპასუხობს, - ღვთის ძე არათუ მონის სახით, არამედ დიადი ხელმწიფებითა და მეუფებით წარმოგვიდგება". "როგორ, - ვეუბნები, - ვერ ვხვდები?". 2. "ღმერთმა რომ ვენახი დარგო, ესაა ხალხი, რომელიც შექმნა და საკუთარ ძეს გადასცა. ძემ კი თითოეულ მათგანზე მცველად ანგელოზები დაადგინა. ფრიად დამაშვრალმა და მრავალი შრომით დაქანცულმა მათი ცოდვები განწმინდა (რადგან არავის ძალუძს, ვენახი ჯაფისა და შრომის გარეშე დაბაროს). 3. თავად ხალხის ცოდვათა განმწმენდელმა მათ სიცოცხლის გზები უჩვენა (ფს. 15.11; იგავ. 16.17), რჯული მიჰმადლა, რომელიც საკუთარი მამისგან მიიღო (ინ. 10.18; 12.49; 14.31; 15.10). ხომ ხედავ, - ამბობს, - რომ ისაა ხალხის უფალი, რომელმაც ყოველი ხელმწიფება საკუთარი მამისგან შეიწყნარა (მთ. 28.18; ეფეს. 1.20-23). 4. ისმინე, თუ რატომ იახლა უფალმა თანამზრახველად საკუთარი ძე და დიდებული ანგელოზები მონის მემკვიდრეობის თაობაზე. 5. დაუსაბამო სულიწმინდა178, ყოველი ქმნილის შემოქმედი, ღმერთმა იმ სხეულში დაამკვიდრა, რომელიც ისათნოვა. ამრიგად, ეს სხეული, სადაც სულიწმინდამ დაივანა, სიწმინდესა და უბიწოებაში მავალი, კეთილად დაემორჩილა სულს179 და საერთოდ არაფრით შეუბღალავს იგი. 6. შესაბამისად, ის180, კეთილად და უბიწოდ მცხოვრები და სულთან თანადამაშვრალი და ყოველ საქმეში თანამოქმედი, ძლიერად და მამაცურად მიმოიქცეოდა, რადგან სულიწმინდასთან ერთობისთვის გამოირჩა, რომელმაც ამ სხეულის მეგზურობა ისათნოვა, რომ არ შებღალულიყო დედამიწაზე მყოფი სულიწმინდა181. 7. თანამზრახველად კი ძე და დიდებული ანგელოზები შეიწყნარა, ვინაიდან სულს უბიწოდ დამონებულ ამ სხეულს თავშესაფარად ჰქონოდა რამ ადგილი და მისი მორჩილების სასყიდელი დაკარგულად არ მიეჩნია, რათა მთელ სხეულს, აღმოჩენილს უმწიკვლოდ და შეუბღალავად, სადაც სულიწმინდა მკვიდრობდა, სასყიდელი მიეღო182. 8. ამ იგავის ახსნაც მიიღე".

 

60. (7).

1. ვეუბნები: "ვხარობ, უფალო, ამ განმარტების მსმენელი". მომიგებს: "ახლა კი ისმინე. ეს შენი სხეული წმინდად და შეუბღალავად დაიცავი, რომ სულმა, რომელიც მასში დამკვიდრდა, მასზე დაამოწმოს და გამართლდეს შენი სხეული. 2. ეკრძალე, არასოდეს აღიწიოს შენს გულში [აზრი], რომ სხეული შენი არის გახრწნადი და რაიმე ბიწით შებღალავ მას183. რაჟამს შენს სხეულს წაბილწავ, წმინდა სულიც შეირყვნება და უკეთუ სხეულს წაახდენ, ვეღარ ცხონდები". 3. ვეკითხები: "უფალო, უწინარეს ამ სიტყვების მოსმენისა, თუკი მავანი უმეცარი იყო, საკუთარი სხეულის წამბილწავი ადამიანი როგორღა ცხონდება?" "ადრინდელი უმეცრებების გამო, - ამბობს, - ოდენ ღმერთს ძალუძს კურნება მიანიჭოს, რადგან მისია ყოველი ხელმწიფება. 4. მაგრამ ამიერიდან დაიცავი და მარადმოწყალე უფალი უწამლებს მათ, უკეთუ მომავალში არ წაბილწავ შენს სხეულსა და სულს, რადგან ორივენი ზიარნი არიან და არ შეიძლება, ერთი შეირყვნას მეორის გარეშე. ამრიგად, სიწმინდე დაიცავი და ღმერთთან იცოცხლებ".

იგავი VI

61.(1).

1. ჩემს სახლში ვიჯექი და ღმერთს ვადიდებდი ყველაფრის გამო, რაც მინახავს, და მცნებების შესახებ ვმსჯელობდი, რადგან სათნონი, ძლიერნი, მხიარულნი, დიდებულნი არიან და ადამიანის სულის ხსნა ხელეწიფებათ (იაკობ. 1.21). ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი: "ნეტარი ვიქნები, რაჟამს ამ მცნებებში ვისრბოლებ, და ბედნიერია, ვინც მათ შეუდგება" (ფს. 1. 1-2; 118.1). 2. ვიდრე ამას ვეზრახებოდი საკუთარ თავს, ვხედავ, მოულოდნელად ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და ამბობს: ‘რატომ ორჭოფობ მცნებების გამო, რომლებიც დაგავალე? სათნონი არიან ისინი. საერთოდ არ დაეჭვდე, არამედ უფლის რწმენა შეიმოსე და მათში ისრბოლებ, რადგან მე განგამტკიცებ. 3. სასარგებლოა ეს მცნებები სინანულის მსურველთათვის; ფუჭია სინანული, უკეთუ მათ არ აღასრულებენ. 4. მონანულებმა ამა საუკუნის წარმწყმედელი უკეთურებანი მოირიდეთ; ყოველგვარი სიმართლის სათნოებაში შემოსილებს კი ძალგიძთ, ეს მცნებები დაიცვათ და ნურც თქვენს შეცოდებებს გაამრავლებთ. ჩემს მცნებებში ისრბოლეთ და ღმერთში იცოცხლებთ. ამ ყოველივეს მე გეუბნებით თქვენ". 5. მას შემდეგ, რაც ასე მომმართა, ამბობს: "ველად წავიდეთ და ცხვართა მწყემსებს გიჩვენებ". მივუგე: "წავიდეთ, უფალო". ერთ-ერთ დაბლობზე გავედით და ყვითელი ფერის ნაქსოვი სამოსით მოსილ ახალგაზრდა მწყემსზე მიმითითა. 6. ძალზედ ბევრ ცხვარს აბალახებდა. ეს ცხვრები თითქოს იშვებდნენ, ფრიად ნებივრობდნენ და მხიარულნი ხტუნავდნენ აქეთ და იქით. თავად მწყემსიც ძლიერ გახარებული იყო საკუთარი სამწყსოთი. იგი თავისი გარეგნობით დიდად მოხარული ჩანდა და ცხვრებს შორის მიმორბოდა. ერთ ადგილზე სხვა ნებიერა და მხიარული ცხვრებიც ვიხილე, თუმცა არ დახტოდნენ.

62.(2).

1. მეუბნება მე: "ხედავ ამ მწყემსს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო". "ის, - ამბობს, - შვებისა და სიცრუის ანგელოზია. წარხოცავს ღვთის მონათა სულებს და ჭეშმარიტებისგან გადააცდენს მათ, ატყუებს რა უკეთური სურვილებით, რითიც წარწყმედს; 2. ცხოველი ღმერთის მცნებებს ივიწყებენ, სიცრუითა და ამაო განცხრომით სრბოლობენ და იღუპებიან ამ ანგელოზის მიერ, ზოგი სასიკვდილოდ, სხვანი კი გასახრწნელად". 3. ვეუბნები მას: "უფალო, ვერ გავიგე, რას ნიშნავს სასიკვდილოდ და რას - გასახრწნელად". "ისმინე, - მომიგებს, - ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ უხაროდათ და ხტუნავდნენ, ისინი არიან, ვინც ბოლომდე განუდგა ღმერთს და ამა საუკუნის ზრახვებს გადასცა საკუთარი თავი. ამრიგად, აღარაა მათში ცხოველი სინანული, რადგან თავიანთი შეცოდებანი ამრავლეს და დაგმეს უფლის სახელი. სწორედ ესაა სიკვდილი. 4. ხოლო ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ არათუ დახტოდნენ, არამედ ერთ ადგილზე ბალახობდნენ, ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი შვებასა და სიცრუეს გადასცა, მაგრამ უფალი არ დაუგმია. ასეთნი გახრწნილი არიან სიმართლისთვის, მაგრამ არის მათში იმედი სინანულისა, რომელსაც გადარჩენა ხელეწიფება. ხრწნილებაში არის რამ იმედი განახლებისა, ხოლო სიკვდილი კი საუკუნო წარწყმედის მფლობელია". 5. კვლავ გავიარეთ მცირედი და თხის თეთრი ტყავით გარშემორტყმული დიდი მწყემსი მიჩვენა, თითქოს ველური გარეგნობის. აბგა ჰქონდა მხარზე, ხელში ფრიად მძიმე, დატოტილი კვერთხი და დიდი მათრახი ეჭირა. ისეთი დამწუხრებული გარეგნობა ჰქონდა, რომ შემეშინდა მისი. ასეთი შესახედაობისა იყო. 6. ეს მწყემსი ახალგაზრდა მწყემსისგან იწყნარებდა ნებიერა და განცხრომილ ცხვრებს, რომლებიც არ დახტოდნენ, და რომელიღაც ციცაბო, ეკლიანი და ნარშავიანი ადგილისკენ მიერეკებოდა მათ, ამიტომაც ცხვრებს ეკლებისა და ნარშავებისგან არ ძალუძდათ დახსნილიყვნენ და ებმებოდნენ მათში. 7. ამრიგად, ბალახობისას ეკლებსა და ნარშავებს შორის გაბმულნი ფრიად იტანჯებოდნენ, მწყემსისგან გალახულნი. აქედანაც და იქიდანაც უვლიდა, მოსვენებას არ აძლევდა მათ და საერთოდ არ აჩერებდა ამ ცხვრებს.

63.(3).

1. ვიხილე რა ისინი ამგვარად გამათრახებულნი და გატანჯულნი, მათზე ვდარდობდი, რადგან ასე იტანჯებოდნენ და განსვენება საერთოდ არ გააჩნდათ. 2. ჩემთან მოსაუბრე მწყემსს ვეკითხები: "უფალო, ვინ არის ეს მწყემსი, რომელიც ასეთი უმოწყალო და მრისხანეა და ამ ცხვრებს საერთოდ არ იბრალებს?" "იგი, - მომიგებს, - შურისგების ანგელოზია, მართალ ანგელოზთაგანაა, ხოლო დადგენილია შურისგებისთვის. 3. ის ღმერთისგან განდგომილებს და ამა საუკუნის სურვილებითა და სიცრუით მოგზაურთ იწყნარებს და ისე სჯის მათ, როგორც ღირსია მავანი, საშინელი და სხვადასხვა შურისგებით". 4. ვეუბნები: ‘უფალო, მსურს ვიცოდე, თუ როგორია ეს მრავალგვარი შურისგება". "ისმინე, - ამბობს, - სხვადასხვა ტანჯვისა და შურისგების შესახებ. ცხოვრებისეულნი არიან ტანჯვანი184: ზოგიერთი დანაკარგით ისჯება, სხვანი - სიღარიბით, ნაწილი - სხვადასხვა უძლურებით, მავანი - გამუდმებული შფოთით, ზოგიერთი უღირსთაგანაა შეურაცხყოფილი და მრავალი სხვა საქმის დამთმენია. 5. მრავალი, საკუთარ სურვილებში დაუდგრომელი, ბევრს ტვირთულობს, თუმცა საერთოდ ვერაფერს წარემატება მათგან; და საკუთარ თავთან მსჯელობენ, რომ ვერ კმაყოფილდებიან თავიანთ საქმეებში, არც აღწევნილა მათ გულზე, უკეთურებას რომ იქმოდნენ, არამედ უფალს ადანაშაულებენ185. 6. რაჟამს მრავალი შეჭირვებით განიკითხებიან, მაშინ კეთილად განსწავლისთვის მე გადმომეცემიან და გაძლიერდებიან უფლის რწმენაში, ხოლო თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს სუფთა გულით უფალს დაემონებიან (ფს. 51.10). ამრიგად, როცა შეინანებენ, მაშინ აღიწევა მათ გულებზე უკეთური საქმენი, რასაც იქმოდნენ, და მაშინ განადიდებენ ღმერთს, რადგან სამართლიანი მსაჯულია (ფს. 7.12; II მაკაბ. 12.5; II ტიმ. 4.8) და სიმართლით განსჯის ყველას, თითოეულს თავისი საქმისამებრ (მთ. 16.27; აპოკალ. 2.23; ფს. 61.13). მომავალში კი სუფთა გულით უფალს დაემონებიან და წარემატებიან თავიანთ ყველა საქმეში და რასაც ითხოვენ უფლისგან, ყოველივეს მიიღებენ (მთ. 21.22; I ინ. 3.22). და განადიდებენ მაშინ ღმერთს, რომ მე გადმომეცნენ, და მეტად აღარც განიკითხებიან უკეთურებათა გამო".     

64.(4).

1. ვეუბნები მას: "უფალო, ესეც განმიმარტე". მომიგებს: "რა გაინტერესებს?" "უფალო, ნუთუ იმდენ ხანს იტანჯებიან შვებითა და ტყუილით მცხოვრებნი, რაც შვებასა და სიცრუეში გაატარეს?" ამბობს: "ეს დრო დაიტანჯებიან”. 2. ვპასუხობ: "უფალო, ნუთუ უმნიშვნელოდ განიკითხებიან? რადგან საჭიროა, ამგვარად განცხრომილნი და ღვთის დამვიწყებელნი შვიდწილად დაისაჯონ”. 3. ამბობს: "უგუნური ხარ და ვერც კი ხვდები ტანჯვის ძალას". ვეუბნები: "თუკი გავიგებდი, უფალო, აღარც გკითხავდი, რომ გაგეცხადებინა ჩემთვის". "ისმინე, - მომიგებს, - ორივეს ძალის შესახებ. 4. შვებისა და სიცრუის დრო ერთი საათია, ხოლო სასჯელის საათს ოცდაათი დღის ძალა აქვს. თუკი ვინმე ერთი დღე იშვებდა და ცრუობდა, ერთი დღე დაისჯება, მაგრამ სასჯელის დღეს მთელი წლის ძალა აქვს. რამდენ დღესაც ისიამოვნებს მავანი, იმდენ წელს დაიტანჯება. ხომ ხედავ, - ამბობს, - სიამოვნებისა და სიცრუის დრო ძალზედ მცირეა, ხოლო შურისგებისა და სასჯელისა კი - მრავალრიცხოვანი"186.

 

65.(5).

1. "უფალო, - ვეუბნები, - საერთოდ ვერაფერს ვხვდები სიცრუის, სიამოვნებისა და ტანჯვის დროის შესახებ, უფრო ცხადად განმიმარტე". 2. მპასუხობს და მეუბნება მე: "ხანგრძლივია (παράμονός) შენი უგუნურება და არ გსურს, რომ გული შენი განიწმინდო და უფალს ემონო. ეკრძალე, - ამბობს, - რომ ჟამი არ განსრულდეს და შენ კი უგუნური არ აღმოჩნდე. მაშ ასე, ისმინე და გაიგე ისე, როგორც მოგსურვებია. 3. ვინც ერთი დღე იშვებდა თუ ცრუობდა და რასაც იზრახავდა, იმას აღასრულებდა, ფრიადი სიშლეგით შემოსილა და ვერ იმეცნებს საქმეს, რომელსაც მოქმედებს, ივიწყებს რა ხვალამდე, თუ რას იქმოდა ერთი [დღის] წინ, რადგან სიამოვნებასა და ტყუილს უგუნურების გამო, რაშიც იმოსება, მოსაგონარი არ გააჩნია, ხოლო როცა ადამიანს ერთი დღის შურისგება და სასჯელი მიეახლება, წლის მანძილზე სჯის და სტანჯავს, რამეთუ დიდი ხსოვნა აქვს მას. 4. ამრიგად, მთელი წლის მანძილზე ტანჯული და დასჯილი, რაჟამს შვებასა და ტყუილს იხსენებს, ხვდება, რომ ამ უკეთურებათა გამო განიკითხება. ყველა განცხრომილი და მტყუარი ადამიანი ამგვარად დაისჯება, რადგან სიცოცხლის მფლობელებმა საკუთარი თავი სიკვდილს გადასცეს". 5. შევეკითხე: უფალო, როგორი შვებაა დამღუპველი?" "ნებისმიერი საქმე, - მომიგებს, - შვებაა ადამიანისთვის, რაჟამს სიამოვნებით ასრულებს მას, რადგან აღგზნებულიც (ὁ ὀξύχολος ) საკუთარი ვნებით არამცირედი განცხრომით მოქმედებს. მრუში, მემთვრალე, ავმეტყველი, მატყუარა, ანგარი თუ მძარცველი და მათ მსგავსად მქმნელი თავის უკეთურებას საკმარისად აღასრულებს და სწორედაც რომ ტკბება საკუთარი საქმით. 6. ყველა ეს შვება დამღუპველია ღვთის მონათათვის. ამრიგად, დასჯილნი და ტანჯულნი ამ საცთურთა გამო განიკითხებიან. 7. მაგრამ არის შვება, რომელიც იხსნის ადამიანს, რადგან მრავალი, ვინც სიკეთეს იქმს, საკუთარ თავს შვებას სიამოვნებით ანიჭებს. ასე რომ, ეს შვება სასარგებლოა ღვთის მონათათვის და სიცოცხლეს ანიჭებს ამ ადამიანს. წინარეგანცხადებული დამღუპველი განცხრომანი კი სასჯელსა და შურისგებას შემოიკრებენ. ხოლო ვინც შეყოვნდება და არ შეინანებს, საკუთარ თავს სიკვდილს მიაახლებს".


იგავი VII

66.

1. რამდენიმე დღის შემდეგ იმ დაბლობზე ვიხილე იგი, სადაც მწყემსებიც მენახა, და მეუბნება: "რას ეძიებ?" "უფალო, - ვპასუხობ, - მოვედი, რომ შურისგების მწყემსს ჩემი სახლიდან წასვლა უბრძანო, რადგან ძლიერ მტანჯავს მე". მომიგებს: "უნდა დაისაჯო, ასე ბრძანა შენ შესახებ დიდებულმა ანგელოზმა, ჰსურს რა შენი გამოცდა". ვუთხარი: "უფალო, ასეთი რა უკეთურება აღვასრულე, რომ იმ ანგელოზს მიმაბარეს?" 2. "ისმინე. - ამბობს, - მრავალია შენი შეცოდება, თუმცა არა ეგზომ ფრიადი, რომ ამ ანგელოზს გადასცემოდი, მაგრამ დიდი ცოდვა და ურჯულოება შენმა სახლეულმა აღასრულა. დიდებული ანგელოზი კი განრისხებულია მათი საქმეებით და ამიტომაც ბრძანებს შენ დასჯას გარკვეული დროით, რათა მათ შეინანონ და ამა საუკუნის ყოველგვარი სურვილისგან განიწმინდონ საკუთარი თავი. ამრიგად, რაჟამს მოინანიებენ და განსპეტაკდებიან, მაშინ გაგერიდება შურისგების ანგელოზი". 3. ვეუბნები მას: "უფალო, თუკი ისინი აღასრულებდნენ იმას, რამაც დიდებული ანგელოზი განარისხა, მე რა გავაკეთე?". მომიგებს: ‘წარმოუდგენელია, ისინი სხვაგვარად დაისაჯონ, თუკი შენ, ოჯახის თავი, არ განიკითხე, რადგან შენი ტანჯვით გარდაუვალად ისინიც იტანჯებიან, ხოლო შენი განსვენებით კი შეუძლებელია რაიმე მწუხარების განკუთვნა". 4. "მაგრამ აჰა, უფალო, - ვპასუხობ, - მთელი თავიანთი გულით შეინანეს". "ვიცი, - ამბობს, - რომ მთელი გულით მოინანიეს. ნუთუ გგონია, რომ მონანულებს შეცოდებანი მყისვე მიეტევებათ? ერთიანად არა, რადგან საჭიროა, მონანულმა ტანჯოს საკუთარი სული, ყოველ საქმეში ძლიერ დამდაბლდეს და ივნოს მრავალი და განსხვავებული სასჯელით. რაჟამს მასზე მოწევნად სასჯელებს დაითმენს, ყოვლისშემოქმედი (ეფეს. 3.9; ფს. 67.29) და განმაძლიერებელი უეჭველად შეიბრალებს და კურნებას მიჰმადლებს მას. 5. ესეც, უდაოდ, როდესაც იხილავს ყოველი უკეთური საქმისგან განწმენდილ მონანულის გულს. შენ და შენი სახლეული კი კარგია ახლა დაისაჯოთ, მაგარამ რაღა გითხრა მეტი? უნდა იტანჯო, როგორც ბრძანა უფლის იმ ანგელოზმა, ვინც შენი თავი მე გადმომცა. ამისთვისაც მადლობდე უფალს, რომ მწუხარების გაცხადების ღირსი გაგხადა, რადგან წინასწარმცოდნემ მამაცურად აიტანო იგი". 6. ვეუბნები: "უფალო, ჩემთან ერთად იყავი და ძალმიძს, ყოველგვარი შეჭირვება ვიტვირთო". "მე, - ამბობს, - შენთან ერთად ვიქნები. შურისგების ანგელოზსაც შევევედრები, რომ შენ უმსუბუქესად187 დაგსაჯოს. მცირე დროით განიკითხები და კვლავ შენს სახლეულს დაუბრუნდები. მხოლოდ სიმდაბლე შეინარჩუნე, უფალ ღმერთს სუფთა გულით ემსახურე შენი შვილებითა და შენი სახლეულით, ჩემს მცნებებში ისრბოლე, რომლებიც შენ გაუწყე, და ძალუძს შენს სინანულს, იყოს წმინდა და ძლიერი. 7. რაჟამს ამას დაიცავ შენს სახლეულთან ერთად, ყოველგვარი შეჭირვება განილტვის შენგან. და ყველას განეშორება მწუხარება, ვინც კი ჩემს მცნებებში ისრბოლებს.

იგავი VIII

67.(1).

1. მიჩვენა მე დიდი ტირიფი, რომელიც მთასა და ბარს ფარავდა. ყველა, უფლის სახელით მოწოდებული, ტირიფის საფარქვეშ იკრიბებოდა. 2. ტირიფთან ფრიად მაღალი, უფლის დიდებული ანგელოზი იდგა, დიდი ნამგალი ჰქონდა, ტირიფს ტოტებს ათლიდა და ტირიფქვეშ თავშეფარებულ ხალხს აწვდიდა. პატარა რტოებს გადასცემდა მათ, დაახლოებით მტკაველის ზომისას. 3. ანგელოზმა მას შემდეგ, რაც რტოები ყველას მიაწოდა, ნამგალი დადო, ის ხე კი მთელი იყო, როგორც მენახა. 4. მე გავოცდი, საკუთარ თავთან ვმსჯელობდი: "ხეს ამდენი ტოტი მოეკვეთა, როგორაა მთელი?" მწყემსი მეუბნება: "ნუ გიკვირს, რომ ეს ხე, ეგზომ ტოტებმოკვეთილი, ჯანსაღი დარჩა. მოითმინე, - ამბობს, - ხოლო რაჟამს ყველაფერს ნახავ, გეუწყება შენ, თუ რა არის". 5. ხალხისთვის რტოთა მიმწოდებელმა ანგელოზმა უკან მოითხოვა ისინი. როგორც მიეღოთ, ასევე მოიხმობოდნენ მასთან. თითოეული მათგანი რტოს უბრუნებდა; უფლის ანგელოზი კი ჩამოართმევდა და აკვირდებოდა მათ. 6. ზოგიერთისგან გამხმარი და თითქოს ჩრჩილისგან გამოხრული რტოები დაიბრუნა. ანგელოზმა ამ რტოთა მიმწოდებლებს ცალკე განთავსება უბრძანა. 7. სხვები ხმელ [ტოტებს] აძლევდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩრჩილისგან დაზიანებულნი. მათაც განცალკევებით დადგომა განუწესა. 8. სხვანი ნახევრად ხმელს გადასცემდნენ. ისინიც განმარტოებით დგებოდნენ. 9. ნაწილი სანახევროდ გამხმარ და ბზარების მქონე რტოებს აწვდიდა. მათაც განმხოლოება დაევალა. 10. სხვები მწვანე ტოტებს აბრუნებდნენ, მაგრამ ბზარები ჰქონდათ. ისინიც მოშორებით დააყენეს. 11. ნაწილი სანახევროდ ხმელსა და ნახევრად მწვანე რტოებს აძლევდა. მათაც განმარტოება განეწესა. 12. სხვებმა თავიანთი ტოტები მოიტანეს. გამწვანებული იყო რტოს მეორედი ნაწილი, ხოლო მესამედი კი - ხმელი. ისინიც ცალკე განთავსდნენ. 13. სხვები კი მეორედი ნაწილით ხმელს, ხოლო მესამედით მწვანეს აწვდიდნენ. მათაც განმარტოება განეწესა. 14. ნაწილი თავის ტოტებს თითქმის მთლიანად მწვანეს გადასცემდა, მხოლოდ მცირედი, ტოტის უმნიშვნელო [ნაწილი] იყო გამხმარი, მისი კენწერო, მაგრამ ბზარები ჰქონდა მათ. ისინიც განზე გადგნენ. 15. სხვების მცირედით მწვანე იყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტოტებისა კი ხმელი. მათაც ცალკე აყენებდნენ. 16. სხვები მოდიდოდნენ და მწვანე ტოტები ისე მოჰქონდათ, როგორც ანგელოზისგან შეეწყნარებინათ. ხალხის უდიდესი ნაწილი ასეთ ტოტებს აბრუნებდა. ძლიერ ხარობდა ანგელოზი მათ გამო. ცალკე განაწესეს ისინი. 17. ნაწილი  მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდა. ისინიც მოშორებით დააყენეს. მათ გამოც ფრიად მხიარულობდა ანგელოზი. 18. სხვები მწვანე და კვირტების მქონე რტოებს გადასცემდნენ, ხოლო მათ კვირტებს კი თითქოს რამ ნაყოფი ჰქონდა. ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთი ტოტებით წარმოჩინდნენ, ძლიერ უხაროდათ; ანგელოზიც მხიარულობდა. მწყემსიც მათთან ერთად ფრიად გახალისებულიყო.

 

68.(2).

1. უფლის ანგელოზმა გვირგვინების მოტანა ბრძანა. გვირგვინები მიართვეს, თითქოს პალმის ფოთლებისგან დაემზადებინათ, და იმ ადამიანებს დაადგა, რომლებმაც კვირტისა და ნაყოფის მქონე ტოტები გადასცეს. კოშკისკენ გააგზავნა ისინი. 2. სხვებიც, ვინც კვირტებიან, მაგრამ უნაყოფო ტოტებს აბრუნებდა, კოშკისკენ გაისტუმრა. მათ ბეჭედი მისცა188. 3. ყველას, ვინც კი კოშკისკენ მიემართებოდა, ისეთი თეთრი სამოსელი ჰქონდა, როგორც თოვლი. 4. ისინიც განუტევა, რომლებმაც ისეთივე მწვანე ტოტები დააბრუნეს, როგორიც მიიღეს. თეთრი სამოსი და ბეჭედი გადასცა მათ. 5. ამის დასრულების შემდეგ ანგელოზი მწყემსს ეუბნება: "მე წავალ, შენ კი ისინი კედლებთან მიუშვი, რომ სადაც ღირსია, იქ დამკვიდრდეს მავანი. გულმოდგინედ დააკვირდი მათ ტოტებს და ასე გაისტუმრე. ყურადღებით მოიხილე, უყურე, რომ არავინ გაგცდეს, ხოლო თუკი ვინმე ჩაგივლის, - ამბობს, - მე გამოვცდი მათ საკურთხეველთან". მწყემსს ეს უთხრა და გაგვშორდა. 6. ანგელოზის წასვლის შემდეგ მწყემსი მეუბნება: "ტოტები ყველას გამოვართვათ და დავრგოთ ისინი, თუ ძალუძს მათგან რომელიმეს იცოცხლოს". ვპასუხობ: "უფალო, ამ გამხმართ როგორღა ძალუძთ სიცოცხლე?" 7. მომიგებს და მეუბნება მე: "ეს ხე ტირიფია და სიცოცხლისმოყვარე ჯიშისაა189. ამრიგად, რაჟამს დავრგავთ და ტოტები მცირე ტენიანობას მიიღებენ, მათგან მრავალი გაცოცხლდება. შემდეგ ვეცადოთ და წყლით მოვრწყათ ისინი. უკეთუ რომელიმე მათგანს ხელეწიფება სიცოცხლე, გავიხარებ მათით, ხოლო თუკი არ იცოცხლებენ, არ გამოვჩნდები მე უზრუნველი". 8. მწყემსმა მათი ხმობა ისე მიბრძანა, როგორც იდგა მავანი. მწყობრი-მწყობრ მოდიოდნენ და რტოებს მწყემსს გადასცემდნენ. მან რტოები მიიღო და მწყობრადვე დარგო ისინი. დარგვის შემდეგ წყალი მრავლად დაასხა, ისე რომ, აღარ ჩანდა ტოტები წყალში. 9. ტოტების მორწყვის შემდეგ მეუბნება: ‘წავიდეთ, რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდეთ და თითოეული ეს ტოტი მოვიხილოთ, რადგან ამ ხის შემოქმედს ყველას სიცოცხლე ჰსურს, ვინც ამ ხისაგან რტოები მიიღო. მეც ვიმედოვნებ, რომ დატენიანებული და წყლით დარწყულებული ტოტების უდიდესი ნაწილი იცოცხლებს".

 

69.(3).

1. ვეუბნები მას: "უფალო, გამაგებინე მე, თუ რა არის ეს ხე, რადგან გაოცებული ვარ მის გამო, ამდენი ტოტი ჩამოჭრეს, ხე კი მთელია და არაფერი ეტყობა მას მოკვეთილი. ამით ვარ გაოგნებული". 2. "ისმინე! - ამბობს, - ეს დიდი ხე, რომელიც მთასა და ბარს და მთელ დედამიწას ფარავს, მთელი სამყაროსთვის ბოძებული ღვთის რჯულია. ეს რჯული კი ძე ღვთისაა, რომელიც დედამიწის დასასრულამდეა ნაქადაგები. საფარქვეშ მყოფი ხალხი კი ისინი არიან, ვინც ქადაგება ისმინა და ირწმუნა იგი. 3. ხოლო დიდი და დიდებული ანგელოზი მიქაელია, რომელსაც აქვს ხელმწიფება ამ ხალხზე და განაგებს მათ, რადგან თავად ანიჭებს რჯულს მორწმუნეთა გულებს. ამრიგად, აკვირდება, ვისაც რჯული გადასცა, იცავენ თუ არა მას. 4. ხომ ხედავ თითოეულის ტოტს, ტოტებიც რჯულია. შეხედე რტოთაგან მრვალ უსარგებლოს და მიხვდები, რომ მათგან არავის დაუცავს რჯული. თითოეულის სამკვიდრებელსაც იხილავ". 5. ვეუბნები მას: "უფალო, რატომ გაგზავნა ზოგიერთები კოშკისკენ, ხოლო ნაწილი კი შენთან დატოვა?" მომიგებს: "ისინი, ვინც მისგან მიღებულ რჯულს გარდახდა, ჩემს ხელმწიფებაში რჩებიან სინანულისთვის; ხოლო ვინც უკვე აღასრულა რჯული და დაიმარხა იგი, ასეთები საკუთარი ხელმწიფების ქვეშ ჰყავს". 6. შევეკითხე: "უფალო, გვირგვინოსანნი და კოშკისკენ მავალნი ვინ არიან?" მომიგებს: "გვირგვინოსანნი ისინი არიან, რომლებმაც დემონის წინააღმდეგ იბრძოლეს და სძლიეს მას. რჯულისთვის ვნებულნი არიან ისინი190. 7. სხვები, რომლებიც მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდნენ, მაგრამ ნაყოფი არ გააჩნდათ, რჯულის გამო დევნილნი არიან, არა ვნებულნი, მაგრამ არც თავიანთი რჯულის უარმყოფელნი191. 8. ხოლო ისინი, ვინც მწვანე [ტოტები] როგორიც მიიღო, ისეთივე დააბრუნა, უბიწონი და მართალნი არიან, ფრიად განწენდილი გულით მავალნი და ღვთის მცნებათა აღმსრულებელნი (ეკლეს. 12.13)192. დანარჩენს მაშინ გაიგებ, როდესაც ამ დარგულ და დარწყულებულ რტოებს მოვიხილავ".

70.(4).

1. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე დავბრუნდით. მწყემსი დიდი ანგელოზის ალაგზე დაჯდა, მეც მასთან დავდექი და ამბობს: "ტილო შემოირტყი და მე მემსახურე". ძაძის სუფთა ტილო მოვირტყი. 2. მიხილა რა მე წელშემოსარტყლული და მასთან მოსაგრეობისთვის მზადმყოფი, მეუბნება: "მამაკაცები, რომელთა ტოტებიც დარგულია, რიგისამებრ მოიხმე, როგორც გვაწვდიდა რტოებს მავანი". დაბლობისკენ წავედი და ყველას მოვუწოდე. ისინი მწყობრში ჩადგნენ. 3. ეუბნება მათ: "თითოეულმა თავისი ტოტები იპყრას და ჩემთან მოიტანოს". 4. პირველად მოსულებს, რომლებსაც საკუთარი [რტოები] გამხმარი და გამოხრული გადაეცათ, კვლავაც ისეთივე გამხმარნი და გამოხრულნი აღმოაჩნდათ. მათ ცალკე დადგომა უბრძანა. 5. შემდეგ ის ტოტები მიაწოდეს, რომლებიც ხმელი, მაგრამ გამოუხრავი იყო. ზოგიერთი მათგანი მწვანე რტოებს აბრუნებდა, ხოლო ნაწილი გამხმარსა და თითქოს ჩრჩილისგან დაზიანებულ ტოტებს აწვდიდა. მწვანე [რტოების] მიმწოდებლებს განცალკევებით დგომა უბრძანა, ხოლო ხმელისა და გამოხრულის დამბრუნებლებს პირველებთან ერთად განთავსება მოსთხოვა. 6. შემდეგ ის [რტოები] მიართვეს, რომელნიც გამხმარი და ბზარების მქონენი იყვნენ. მრავალი მათგანი მწვანესა და ბზარების არმქონეს აბრუნებდა. ზოგიერთები მწვანესა და ყლორტებიანს და ყლორტებთან ნაყოფის მქონე [ტოტებს] აწვდიდნენ, როგორც კოშკისკენ მიმავალ გვირგვინოსნებს ჰქონდათ. ვიღაცეები ხმელებსა და გამოხრულთ აბრუნებდნენ, ხოლო ნაწილი - გამხმარსა და გამოუხრავს, ზოგიერთებს ნახევრად გამხმარი და დაბზარული მიჰქონდათ. უბრძანა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე, საკუთარ რიგებში ჩამდგარიყო.

71.(5).

1. შემდეგ იმათ მიართვეს, რომელთაც მწვანე, მაგრამ დაბზარული ტოტები ჰქონდათ193. ყველა ისინი მწვანე [რტოებს] იძლეოდნენ და თავიანთ რიგში დგებოდნენ. უხაროდა მწყემსს მათ გამო, რომ ყველანი შეიცვალნენ და აღხოცილიყო მათი ბზარები. 2. ისინიც აწვდიდნენ, რომელთაც ნახევრად მწვანე, მაგრამ სანახევროდ ხმელი [ტოტები] ჰქონდათ. ზოგიერთების რტოები ყოვლითურთ აყვავებული აღმოჩნდა, ნაწილის - სანახევროდ ხმელი, ვიღაცეების - ხმელი და გამოხრული, სხვებს მწვანე და ყლორტიანი [რტოები] ჰქონდათ. ყველანი სათითაოდ მიემართებოდნენ თავიანთი რიგებისკენ. 3. შემდეგ ისინი აბრუნებდნენ, რომელთაც მეორედი ნაწილი მწვანე, ხოლო მესამედი გამხმარი ჰქონდათ. მათგან მრავალმა მწვანე დააბრუნა, ბევრმა - ნახევრად ხმელი, სხვებმა - ხმელი და გამოხრული. ყველანი თავიანთი რიგებისკენ იგზავნებოდნენ. 4. სხვები, ვისაც თავისი ტოტები მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე მიეწოდებინა, მრავალი მათგანი სანახევროდ გამხმარს, ვიღაცეები ხმელსა და გამოხრულს, კიდევ სხვანი ნახევრად ხმელსა და ბზარის მქონე ტოტებს აბრუნებდნენ, მცირე რაოდენობა გამწვანებულებს გადასცემდა. ყველა ისინი საკუთარ რიგში დგებოდნენ. 5. მწვანე, მაგრამ მცირედი [ნაწილით] გამხმარი და ბზარის მქონე ტოტების მიმწოდებელთაგან ზოგი მწვანეს, ვიღაცეები მწვანესა და ყლორტის მქონეს აბრუნებდნენ. ისინიც თავიანთი რიგებისკენ მიემართებოდნენ. 6. შემდეგ იმათაც დააბრუნეს, რომელთაც ოდნავ გამწვანებული, ხოლო დანარჩენი ნაწილით ხმელი [რტოები] ჰქონდათ. მათი ტოტების უდიდესი ნაწილი გამწვანებული, ყლორტის მქონე და ნაყოფიერი აღმოჩნდა, სხვები მთლიანად მწვანე იყო. დიდად ხარობდა მწყემსი მათი ტოტების გამო, რადგან ამგვარად წარმოჩინდნენ.  ისინიც სათითაოდ საკუთარი რიგისკენ მიემართებოდნენ.

72.(6).

1. მწყემსი, მას შემდეგ, რაც ყველა ტოტი მოიხილა, ამბობს: "გეუბნებოდი შენ, რომ ეს ხე სიცოცხლისმოყვარეა. ხედავ, რამდენმა შეინანა და გადარჩა?" ვპასუხობ: "ვხედავ უფალო". ამბობს: "უფლის მრავალმოწყალება იხილე, რომ დიდი და დიდებულია, და სული მიჰმადლა სინანულის ღირსებს"194. 2. "უფალო, - ვეკითხები, - რატომ ყველამ არ შეინანა?" მომიგებს: "ვისაც იხილავს უფალი, რომ მოსურნეა გულის განწმენდისა და მთელი გულით მას დაემონება, ეგევითარს უწყალობებს სინანულს, ხოლო თუკი მზაკვარობით, უკეთურებითა და ცბიერებით მონანიების მზრახველთ დაინახავს, არ ანიჭებს ასეთებს სინანულს, რომ კვლავ არ შეურაცხჰყონ მისი სახელი”. 3. ვეუბნები მას: "უფალო, ახლა უკანდაბრუნებული ტოტები განმიმარტე, თუ ვინ არიან ისინი და [სადაა] მათი სამკვიდრებელი, რომ მსმენელებმა, რომლებმაც ირწმუნეს, ბეჭედი მიიღეს, მაგრამ წარხოცეს იგი და სიმრთელე არ დაიცვეს, შემმეცნებლებმა საკუთარი საქმეებისა შეინანონ, ბეჭედი შენგან მიიღონ და განადიდონ უფალი, რადგან შეიბრალა ისინი და მათი სულების განსაახლებლად შენ წარმოგგზავნა". 4. "ისმინე! - ამბობს, - ტოტები, რომლებიც ხმელი და ჩრჩილისგან გამოხრული აღმოჩნდა, განდგომილნი, ეკლესიის გამყიდველნი, თავიანთი ცოდვებით უფლის მგმობელნი და ასევე ისინი არიან, რომლებსაც შერცხვათ უფლის სახელისა, რითიც იწოდნენ (საქმ. მოც. 15.17; იაკობ. 2.7; დაბ. 48.16). ამრიგად, ასეთნი ბოლომდე მოუკვდნენ ღმერთს. ხედავ, რომ მათგან არავინ შეინანა, მიუხედავად იმისა, სიტყვა, რომელიც შენ გეუწყა და მათთვის ითქვა, მოისმინეს. ასე რომ, განერიდა ასეთებს სიცოცხლე. 5. მათთან ახლოს არიან ხმელი და ულპოლველი [რტოების] დამბრუნებელნიც, რადგან ისინი ცბიერები, სხვა მოძღვრებათა შემომტანნი და ღვთის მონათა გარემიმაქცეველნი იყვნენ. განსაკუთრებით შემცოდეებისა, რადგან არ ანებებდნენ მათ სინანულს, არამედ უგუნურ სწავლებას უმორჩილებდნენ. მაგარამ ფლობენ ისინი იმედს სინანულისა. 6. ხედავ, რომ მათგან მრავალმა შეინანა მას შემდეგ, რაც ჩემი მცნებები განუცხადე; კვლავაც შეინანებენ. ისინი, რომლებიც არ მოინანიებენ, საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედენ, ხოლო ვინც მათგან შეინანებს, სახიერი შეიქმნება და მათი სამკვიდრებელი პირველი კედლები გახდება, ზოგიერთნი კი კოშკისკენაც ზეაღიწივნენ. ხედავ, - ამბობს, - რომ ცოდვილთა სინანული სიცოცხლეს ფლობს, ხოლო მოუნანიებლობა - სიკვდილს195.

 

73.(7).

1. მათ შესახებ ისმინე, ვინც ნახევრად ხმელ, ბზარების მქონე [ტოტებს] აბრუნებდა. ბევრი მათგანი, რომლებსაც სანახევროდ ხმელი ტოტები ჰქონდათ, ორგულნი არიან, არც ცოცხალნი, არც გარდაცვლილნი. 2. ისინი, რომლებსაც სანახევროდ გამხმარი და დაბზარული [ტოტები] ჰქონდათ, ორგულნი და ავმეტყველნი არიან, საკუთარ თავში არასოდეს მშვიდობისმყოფელობენ, არამედ მუდამჟამ მეამბოხეობენ. მათთვის ჯერაც განწესებულია სინანული. ხედავ, რომ ზოგიერთმა უკვე შეინანა. ასეთებისთვის კვლავაც არის იმედი სინანულისა. 3. ამრიგად, ბევრი მათგანი შეინანებს და სამკვიდრებელი კოშკში ექნება. ისინი, რომლებიც ფრიად დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან განლაგდებიან, ხოლო მრავალი, ვინც არ შეინანა, არამედ კვლავაც საკუთარ საქმეებში შეყოვნდა, სიკვდილით აღესრულება196. 4. ამრიგად, - ამბობს, - ვინც მწვანე და ბზარების მქონე ტოტები დააბრუნა, მარადჟამ მორწმუნენი და სახიერნი არიან, მაგრამ პირველობისა და რამ დიდების გამო ურთიერთიერთისადმი შური გააჩნდათ. ყველა ისინი, ვისაც პირველობის მიზეზით ერთურთში მოშურნეობა აქვს, უგუნურები არიან; 5. მაგარამ მოისმინეს რა ჩემი მცნებები, სახიერნი გახდნენ, რადგან განიწმინდეს საკუთარი თავი და მყისვე შეინანეს. ასე რომ, კოშკშია მათი სამკვიდრებელი. თუკი რომელიმე მათგანი კვლავ განხეთქილებისკენ მიიქცევა, კოშკიდან განიდევნება და საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედს. 6. უფლის მცნებათა ყოველი დამმარხველისთვის არის სიცოცხლე (ეკლეს. 12.13). არაფერია მცნებებში პირველობის ან რაიმე დიდების შესახებ, არამედ ადამიანის სულგრძელებისა და სიმდაბლის თაობაზეა. ასე რომ, მათშია უფლის სიცოცხლე, ხოლო განხეთქილებასა და ურჯულოებაში სიკვდილია197.

74.(8).

1. სანახევროდ მწვანე და ნახევრად ხმელი ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომლებიც საქმეებით აღრეულან და არც წმინდანებს შეერთებიან. ამიტომაცაა მათი [რტოების] ნახევარი ცოცხალი და ნახევარიც - მკვდარი. 2. მრავალმა მსმენელმა ჩემი მცნებებისა შეინანა. ასე რომ, ვინც უკვე მოინანია, კოშკშია მათი სამკვიდრებელი, ხოლო ზოგიერთი მათგანი ბოლომდე განდგა. ისინი სინანულს ვერასოდეს ეუფლებიან, რადგან თავიანთი საქმეებით უფალი შეურაცხჰყვეს და უარყვეს იგი. ამიტომაც წარიწყმიდეს თავიანთი სიცოცხლე უკეთურების გამო, რასაც აღასრულებდნენ. 3. ორჭოფობდა მრავალი მათგანი, მაგრამ ისინი კვლავაც ფლობენ სინანულს. თუკი მყისვე შეინანებენ, კოშკში იქნება მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ ფრიადი დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან დამკვიდრდებიან, მაგრან თუ არ შეინანებენ, საკუთარ სიცოცხლეს ისინიც წარიწყმედენ. 4. მეორედი ნაწილით მწვანე, მაგრამ მესამედით ხმელი [რტოების] დამბრუნებელნი ისინი არიან, ვინც მრავალი განდგომით უარყო. 5. ამრიგად, მათგან ბევრმა შეინანა და კოშკთან მივიდა დასამკვიდრებლად; მრავალი კი ბოლომდე განუდგა ღმერთს. საბოლოოდ წარიწყმიდეს მათ სიცოცხლე. ზოგიერთი მათგანი ორგულობდა და მეამბოხეობდა. ასეთებისთვის ჯერაც არის სინანული, თუკი სწრაფად შეინანებენ და არ შეყოვნდებიან თავიანთ ვნებებში, ხოლო უკეთუ საკუთარ საქმეებში დარჩებიან, სიკვდილს შეამთხვევენ თავიანთ თავს.

75.(9).

1. მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე ტოტების დამბრუნებელნი ის მორწმუნეები არიან, რომლებიც გამდიდრდნენ და განდიდებულნი გახდნენ წარმართთაგან, დიდი ამპარტავნება შეიმოსეს, გაამაყდნენ, ჭეშმარიტება დაუტევეს და არათუ მართალთ შეუერთდნენ, არამედ წარმართებთან ერთად თანამოქალაქეობდნენ და ეს გზა უტკბესი გახდა მათთვის; მაგრამ ღვთისგან არ განდგომილან, რწმენაში დარჩნენ, ხოლო რწმენის საქმეებს კი არ მუშაკობდნენ. 2. ამრიგად, მათგან მრავალმა შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 3. სხვანი კი, ბოლომდე წარმართებთან ერთად თანამცხოვრებნი და წარმართთა პატივმოყვარეობასთან აღრეულნი, ღმერთს განუდგნენ და წარმართთა საქმეებს მუშაკობდნენ. ასე რომ, წარმართთა შორის აღირიცხნენ ისინი. 4. კიდევ სხვანი მერყეობდნენ, არ ჰქონდათ რა იმედი გადარჩენისა საქმეების გამო, რასაც იქმოდნენ. სხვები მერყეობდნენ და ურთიერთში მეამბოხეობდნენ. ორგულთათავის თავიანთი საქმეების გამო სინანული ჯერაც არის, მაგრამ სინანული დაჩქარებას საჭიროებს, რომ კოშკი გახდეს მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ არ შეინანებენ, არამედ საკუთარ ვნებებში შეყოვნდებიან, ახლოსაა სიკვდილი.

 

76.(10).

1. ისინი, ვინც მწვანე ტოტები დააბრუნა, მაგრამ ხმელი კენწერო და ბზარები ჰქონდა, მარადის სახიერნი, მორწმუნენი და დიდებულნი არიან ღვთის წინაშე. მცირედით შესცოდეს უმნიშვნელო სურვილის გამო და ერთურთისადმი უმნიშვნელო რამ [წყენა] გააჩნდათ, მაგრამ მოისმინეს რა ჩემი სიტყვები, უდიდესმა ნაწილმა მყისვე შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 2. ზოგი მათგანი შეორგულდა, ხოლო ზოგიერთმა შეორგულებულმა დიდი განხეთქილება მოიმოქმედა, მაგრამ კვლავ არის ასეთებში იმედი სინანულისა, რადგან მუდამ სახიერნი (ἀγαθοὶ) იყვნენ. ამიტომაც ძნელად თუ მოკვდება ვინმე მათგანი198. 3. ხმელი, მაგრამ მცირედი სიმწვანის მქონე ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომელთაც მხოლოდ ირწმუნეს, მაგრამ უკეთურ საქმეებს აღასრულებდნენ. ისინი ღვთისგან არასოდეს განდგომილან, სიხარულით ატარებდნენ სახელს და სიამოვნებით ღებულობდნენ თავიანთ სახლებში ღვთის მონებს. ასე რომ, ამ სინანულის მსმენელებმა შეუორგულებლად შეინანეს და სიმართლის ყოველგვარი სათნოება აღასრულეს (საქმ. მოც. 10.15; ებრ. 11.33). 4. ზოგიერთი მათგანი სიხარულით იტანჯა და მწუხარებდა, შემმეცნებელი საკუთარი საქმეებისა, რასაც იქმოდა. ამრიგად, კოშკშია ყველა მათგანის სამკვიდრებელი".

77.(11).

1. მას შემდეგ, რაც მან ყველა ტოტის შესახებ განასრულა განმარტებები, მეუბნება მე: "წადი და ყველას უთხარი, რომ შეინანონ და ღვთისთვის იცხოვრონ, რადგან მოწყალეა უფალი და თითოეულისთვის სინანულის მისანიჭებლად წარმომგზავნა (II პეტრ. 3.9), თუნდაც რომ არ იყოს მავანი ღირსი ხსნისა თავისი საქმეების გამო; მაგარამ სურს სულგრძელ უფალს, დაიხსნას თავისი ძის მიერ ხმობილი". 2. ვეუბნები მას: "უფალო, ვიმედოვნებ, რომ ყოველი, ვინც კი ამას მოისმენს, შეინანებს, რადგან მჯერა, ყოველი, საკუთარი საქმის შემმეცნებელი და მოშიში ღვთისა, მოინანიებს". 3. მომიგებს მე და მპასუხობს: "მათგან მრავალნი მთელი გულით შეინანებენ და განიწმენდენ თავს თავიანთ წინარეგანცხადებულ უკეთურებათაგან და მეტად ნურავინ ამრავლებს საკუთარ შეცოდებებს, რომ კურნება მიიღოს უფლისგან უწინარეს ცდომილებათა გამო. თუკი არ შეორგულდებიან ამ მცნებებში, ღმერთთან იცოცხლებენ. მაგარამ, - ამბობს, - მრავალნი გაამრავლებენ საკუთარ ცოდვებს და იმოგზაურებენ ამა საუკუნის გულისთქმებით და თავიანთ თავს სიკვდილს განუწესებენ. 4. შენ კი ჩემს მცნებებში ისრბოლე და ღმერთთან იცოცხლებ. და ვინც მათში იმეგზურებს და სწორად აღასრულებს, ღმერთში იცოცხლებს". 5. მიჩვენა რა და მითხრა ყოველივე ეს, მეუბნება მე: "დანარჩენს რამდენიმე დღის შემდეგ განგიცხადებ".

 

იგავი IX

78.(1).

1. მწყემსის, სინანულის ანგელოზის, მცნებებისა და იგავების აღწერის შემდეგ იგი ჩემთან  მოვიდა და მეუბნება: "მსურს გიჩვენო, რაც სულიწმინდამ გაგიცხადა და ეკლესიის სახით საუბრობდა შენთან ერთად, რადგან ეს სული ძე ღვთისაა. 2. ვინაიდან სხეულით უუძლურესი იყავი, არ გიცხადდებოდა ანგელოზის საშუალებით, ხოლო რაჟამს სულის მიერ მოღონიერდი და შენი ძალით განმტკიცდი, ანგელოზის ხილვა შეძელი. სწორედ მაშინ გამჟღავნდა შენთვის ეკლესიის მიერ კოშკის მშენებლობა. კეთილია და წმინდა ყოველივე, რაც ქალწულმა გიჩვენა, მაგრამ ახლა ანგელოზის მიერ ხედავ, კვალად იმავე სულისა199. 3. საჭიროა, რომ შენ ჩემგან უზუსტესად შეიმეცნო ყველაფერი, რადგან ამიტომაც მერგო დიდებული ანგელოზისგან შენს სახლში მკვიდრობა, რათა ნათლად იხილო ყოველივე და არაფრის გეშინოდეს, როგორც ადრე". 4. და წამიყვანა მე არკადიისკენ, სფეროსებრი (μαστῶδες) მთისკენ. დამსვა მე მთის მწვერვალზე და დიდი დაბლობი მიჩვენა. დაბლობის ირგვლივ კი თორმეტი მთაა. მთებს სხვადასხვა შესახედაობა ჰქონდათ. 5. შავი ფერის იყო პირველი, როგორც მური. მეორე გაშიშვლებულიყო, არ გააჩნდა ბალახი. მესამე ეკლებითა და სარეველათი დაფარულიყო. 6. მეოთხეს ნახევრად გამხმარი ბალახი ჰქონდა, ბალახი ზევიდან მწვანე იყო, ხოლო ძირისკენ - ხმელი. ხმებოდა ბალახის ნაწილი, რაჟამს მზე დააცხუნებდა. 7. ფრიად უსწორმასწორო იყო მეხუთე მთა, მაგრამ მწვანე ბალახი ჰქონდა. მეექვსე მთა როგორც დიდი, ასევე მცირე ბზარებით მოფენილიყო მთლიანად. ბზარებში ბალახი ამოვიდა, მაგრამ ბალახი არა ფრიად აყვავებული, არამედ უმეტესობა - დამჭკნარი. 8. მეშვიდე მთას ლამაზი200 ბალახი ჰქონდა, მთელი მთა იყო აყვავებული. ყველა ჯიშის ცხოველი და ფრინველი ამ მთაზე იკვებებოდა და რამდენსაც შეექცეოდნენ ცხოველები და ფრინველები, იმ მთაზე მეტი და მეტი ბალახი ყვაოდა. ნაკადულებით იყო სავსე მერვე მთა და ყველა სახის უფლის ქმნილება იმ მთის წყაროებიდან რწყულდებოდა. 9. მეცხრე მთას წყალი საერთოდ არ გააჩნდა და მთლიანად გაუდაბურებულიყო. მხეცები და ადამიანის მომაკვდინებელი შხამიანი ქვეწარმავლები იყვნენ მასზე. მეათე მთას კი უდიდესი ხეები ჰქონდა და მთლიანად დაჩრდილულიყო. ხეების საფარქვეშ ცხვარი იწვა, ისვენებდა და იცოხნებოდა. 10. ხოლო მეთერთმეტე მთას ძალზე ხშირი ტყე201 ჰქონდა და ნაყოფიერი იყო ეს ხეები. სხვადასხვა ნაყოფით გამშვენებულებს, თუკი ვინმე იხილავდა, ამ ნაყოფთაგან დაგემოვნებას ისურვებდა. მთლიანად თეთრი იყო მეთორმეტე მთა, ხოლო მისი შეხედულება - გასაოცარი (ἱλαρὰ) და ფრიად სასიხარულო.

 

79.(2).

1. დაბლობის შუაში მინდვრიდან ზეაზიდული დიდი, თეთრი კლდე მიჩვენა. კლდე მთებზე უფრო მაღალი იყო და ოთხკუთხა, თითქოს ძალუძდა, მთელი სამყარო მოეცვა. 2. ძველი იყო ეს კლდე და კარი ჰქონდა გამოკვეთილი. იფიქრებდი, თითქოს კარის ახლადამოკვეთილიაო. მზეზე მეტად ბრწყინავდა კარი, ისე რომ, კარის ბრწყინვალებით მე გაოცებული ვიყავი. 3. კარის ირგვლივ თორმეტი ქალწული იდგა. მე კუთხეებთან მდგომი ოთხი [ქალწული] უფრო დიდებულად მეჩვენა, მაგრამ სხვებიც დიდებულები იყვნენ. კარის ოთხივე მხარეს იდგნენ, ხოლო მათ შორის კი - ორ-ორი ქალწული. 4. სელის სამოსი ემოსათ და ლამაზად იყვნე წელშემოსარტყლულნი. მარჯვენა მხარი ჰქონდათ გაშიშვლებული, თითქოს რაღაც ტვირთის წაღებას იზრახავდნენ. ამგვარად მომზადებულიყვნენ. ფრიად მხიარულნი და გულმოდგინენი იყვნენ. 5. მას შემდეგ, რაც ისინი დავინახე, საკუთარ თავს გავუოცდი, რომ დიდი და დიდებული საქმენი ვიხილე. კვლავაც დაბნეული ვიყავი ქალწულთა გამო, რადგან ნაზად მყოფნი, ისე მამაცურად იდგნენ, თითქოს აპირებდნენ, მთელი ზეცა ეტვირთათ. 6. მწყემსი მეუბნება: "რატომ განსჯი, მწუხარებ და საკუთარ თავს დარდს მოუზიდავ? რისი გაგებაც არ ძალგიძს, ნუ იტვირთავ ვითარცა გონიერი; არამედ უფლისგან ითხოვე, რომ ამის განმსჯელი კეთილგონიერება მიიღო. 7. განა ძალგიძს უკან იმზირო?! ხოლო იმას, რაც შენ წინაა, დაინახავ. ამრიგად, იმისთვის, რისი ხილვაც არ შეგიძლია, საკუთარ თავს ნუ დატანჯავ; მაგრამ ეუფლე იმას, რასაც განჭვრეტ, და დანარჩენის შესახებ ამაოდ ნუ დაშვრები, რადგან ყოველივეს გაგიცხადებ, რასაც გიჩვენებ. მაშ ასე, დანარჩენს უმზირე".

 

80.(3).

1. ვხედავ, მაღალი, დიდებული და შეხედულებით მსგავსი ექვსი მამაკაცი მოემართება. ადამიანების სიმრავლეს მოუწოდეს. ეს ხმობილი კაცები მაღლები, მშვენიერნი (καλοὶ) და ძლიერები იყვნენ. ექვსმა მამაკაცმა მათ კლდის ზემოთ კოშკის აგება უბრძანა. კოშკის ასაშენებლად მოსული კაცები დიდად ხმაურობდნენ და კარის გარშემო აქეთ და იქით მიმორბოდნენ. 2. კარის ირგვლივ მდგომი ქალწულები კაცებს ეუბნებოდნენ, რომ კოშკი სწრაფად აეშენებინათ. ქალწულები ხელებს იწვდიდნენ, თითქოს მათგან რაღაცის მიღება სურდათ. 3. ექვსი მამაკაცი ერთ-ერთი დაბლობიდან ქვების მოტანასა და კოშკის შენობაში შეტანას ბრძანებდა. ათი ოთხკუთხა, ბრწყინვალე და გამოუკვეთელი ქვა ამოიტანეს. 4. ექვსმა მამაკაცმა ქალწულები მოიხმო და ყველა კოშკთან მიტანილი ქვის აღება, კარის გავლით შეტანა და კოშკის შენების განმზრახი კაცებისთვის გადაცემა უბრძანა მათ. 5. სიღრმიდან ამოტანილი პირველი ათი ქვა ქალწულებმა ურთიერთზე განათავსეს და ერთად მიჰქონდათ, როგორც ერთი ქვა.

 

81.(4).

1. როგორც იდგნენ კარის წრიულად ერთად, ამგვარადვე მიჰქონდათ. ისინი, რომლებიც ძლიერებად მიიჩნეოდნენ, ქვის კუთხეების ქვეშ განთავსებულიყვნენ, ხოლო სხვანი ქვის გვერდებში ჩადგნენ და ასე გადაჰქონდათ ყველა ქვა. კარის გავლით გაჰქონდათ ისინი, როგორც ებრძანათ, და მამაკაცებს კოშკში გადასცემდნენ. ისინი კი იღებდნენ და აშენებდნენ. 2. კოშკის შენება დიდ კლდეზე ხდებოდა, კარის მაღლა. ის ათი ქვა შემოიკრიბა და მთელი კლდე შეავსო. ისინი კოშკის შენობისთვის საფუძველი გახდა, ხოლო კლდე და კარი მთელ კოშკს ტვირთულობდა. 3. ათი ქვის შემდეგ დაბლობიდან ოცი სხვა ქვა ამოიტანეს. ისინიც კოშკის ასაშენებლად შეაგროვეს. ქალწულებს ისე მიჰქონდათ, როგორც უწინდელნი. ამის შემდეგ ოცდათხუთმეტი ამოიტანეს და მათაც მსგავსადვე კოშკთან აგროვებდნენ. შემდეგ სხვა ორმოცი ქვა ამოიზიდა. ყველა მათგანი კოშკის ასაშენებლად შემოიკრიბა. ასე რომ, კოშკის საფუძველში ოთხი რიგი შეიქმნა.202 4. და შეწყდა დაბლობიდან ამოტანა. მცირე [დროით] მშენებლებიც შეჩერდნენ. ექვსმა მამაკაცმა კვლავ უბრძანა ხალხის სიმრავლეს, რომ ქვები კოშკის ასაშენებლად მთებიდან მოეზიდათ. 5. და მოჰქონდათ ყოველი მთიდან მამაკაცთა მიერ გამოკვეთილი, განსხვავებული ფერის ქვები და ქალწულებს გადასცემდნენ, ხოლო ქალწულებს კარის გავლით გადაჰქონდათ ისინი და კოშკის ასაშენებლად აწვდიდნენ. როდესაც მრავალნაირი ქვა შენობაში განათავსეს, ადრინდელი ფერი შეეცვალათ და ერთნაირები, თეთრები, გახდნენ. 6. მამაკათა მიერ ასაშენებლად მიღებული ზოგიერთი ქვა არ გამხდარა ბრწყინვალე, არამედ როგორიც დაედოთ, ისეთივე იყვნენ, რადგან არც ქალწულებს მიუწვდიათ, არც კარის გავლით გაუტანიათ. ამრიგად, ეს ქვები უადგილონი იყვნენ კოშკის შენობაში. 7. ექვსმა მამაკაცმა, იხილა რა შენობაში ეს უადგილო ქვები, მათი აღება და დაბლა, თავის ადგილზე დაბრუნება ბრძანა, საიდანაც მოეზიდათ. 8. და ეუბნებიან ქვების მომტან კაცებს: "საერთოდ ნუღარ გადასცემთ ქვებს მშენებლობისთვის, არამედ კოშკთან განალაგეთ ისინი, რომ ქალწულებმა კარის გავლით შეიტანონ და ასაშენებლად მიაწოდონ, რადაგნ თუკი ამ ქალწულების ხელისა და კარის გავლით არ მოიტანენ, არ ძალუძს, მათ ფერს შეიცვალოს. ამრიგად, ფუჭად ნუღარ დაშვრებით".

82.(5).

1. და დამთავრდა იმ დღეს შენება, ხოლო კოშკი არ განსრულებულა. აგება შეჩერებული იყო, მაგრამ შენება კვლავ იზრახებოდა. ექვსმა მამაკაცმა ყველა მშენებელს მცირე [დროით] წასვლა და დასვენება უბრძანა, ხოლო ქალწულებს ამცნეს, კოშკს არ განშორებოდნენ. ვიფიქრე, რომ ქალწულები კოშკის დასაცავად რჩებოდნენ. 2. მას შემდეგ, რაც ყველანი დასასვენებლად წავიდნენ, მწყემსს ვეუბნები: "უფალო, კოშკის შენება რად არ განსრულდა?" მომიგებს: "არ ძალუძს კოშს დასრულდეს, ვიდრე მისი უფალი არ მოვა და გამოცდის ამ ნაგებობას, რადგან თუკი რომელიმე ქვა უვარგისი აღმოჩნდა, შეცვლის მას, ვინაიდან კოშკი მისი სურვილით შენდება". 3. ვპასუხობ: "უფალო, მსურს გავიგო, რა არის ეს კოშკი, კლდე, კარი, მთები, ქალწულები, წყლის ფსკერიდან ამოტანილი და გამოუკვეთელი ქვები, რომლებიც შენობაში შეჰქონდათ; 4. რატომ ჩაიდო საფუძველში პირველად ათი ქვა, შემდეგ ოცი, მერე ოცდათხუთმეტი, მოგვიანებით ორმოცი; შენობაში მოტანილი, კვლავ აღებული და თავის ადგილზე დაბრუნებული ქვები. ამ ყოველივეს გამო ჩემს სულს განუსვენე, უფალო, და განმიმარტე მე ისინი”. 5. "თუკი ამაოდმოქმედი203 არ აღმოჩნდი, - ამბობს, - ყველაფერს გაიგებ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ აქ მოვალთ და ამ კოშკის მომავალს იხილავ და ყველა იგავს ზუსტად შეიმეცნებ". 6. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილზე მივედით, სადაც ვისხედით, და მეუბნება: "კოშკისკენ წავიდეთ, რადგან კოშკის მეუფე მოდის, რომ მოიხილოს იგი". და წავედით კოშკისკენ. საერთოდ არავინ იყო იქ გარდა ქალწულებისა. 7. მწყემსმა ქალწულებს ჰკითხა, კოშკის მეუფე თუ მობრძანებულიყო. მიუგეს, რომ მას შენობის დასათვალიერებლად სურდა მოსვლა.


83.(6).

1. და აჰა, მცირე [დროის] შემდეგ ვხედავ მრავალი მამაკაცი მწყობრად მოემართება. შუაში ვიღაც კაცია, სიდიდით მაღალი, თითქოს კოშკზე აღმატებული. 2. მშენებლობაზე დადგენილი ექვსი მამაკაცი მას მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდა. და ყველა, ვინც ნაგებობას აშენებდა, სხვებიც, მრავალი დიდებული, მის ირგვლივ იყვნენ. კოშკის მცველმა ქალწულებმაც მიირბინეს მასთან, ეამბორნენ და კოშკის გარშემო მის სიახლოვეს დაიწყეს სიარული. 3. საფუძვლიანად იკვლევდა ეს ადამიანი შენობას ისე, რომ თითოეულ ქვას თითებით ეხებოდა. ხელში ერთი კვერთხი ეპყრა და ყოველ სამშენებლო ქვას ეხებოდა. 4. რაჟამს დაჰკრავდა, ზოგი მათგანი შავი ხდებოდა, როგორც მური. ზოგიერთი იხორკლებოდა. სხვებს ბზარები ჰქონდათ. ნაწილი დამოკლებულიყო. კიდევ სხვები არც თეთრი იყვნენ, არც შავი. ზოგი - უსწორმასწორო და სხვა ქვებთან თანაშეუწყობელი. ნაწილს მრავალი ლაქა ჰქონდა. ასეთი განსხვავებულები იყვნენ მშენებლობისთვის უვარგისი ქვები. 5. ბრძანა, ყველა მათგანი კოშკიდან გაეტანათ, გარეთ დაედოთ, სხვა ქვები მოეზიდათ და მათ ადგილზე განეთავსებინათ. 6. მშენებლებმა ჰკითხეს მას, თუ რომელი მთიდან სურდა ქვების მოტანა და მათ ადგილზე დადება. მთებიდან წამოღება არ დაუვალებია, არამედ ახლოს მდებარე ერთ-ერთი დაბლობიდან მოსთხოვა მოზიდვა. 7. დაბლობი გაითხარა და ბრწყინვალე, ოთხკუთხა ქვები აღმოჩნდა, ხოლო ზოგიერთები - მომრგვალებულნიც. ყველა ქვა, რომელიც იმ დაბლობზე იყო, მოიტანეს და კარის გავლით ქალწულებს გადაჰქონდათ. 8. ოთხკუთხა ქვები გამოკვეთეს და გათავისუფლებულ ადგილზე განათავსეს. მომრგვალებულნი კი შენობაში არ დაუდიათ, რადგან ძნელი და შემაფერხებელი იქნებოდა მათი გამოკვეთა. კოშკთან მოათავსეს, რომ მოგვიანებით გამოეკვეთათ ისინი და შენობაში დაედოთ, რადგან ფრიად ბრწყინვალენი იყვნენ.

 

84.(7).

1. რაჟამს დიდებულმა მამკაცმა და მთელი კოშკის უფალმა ეს დაასრულა, მწყემსი მოიხმო და მას ყველა კოშკთან მდებარე, შენობიდან განგდებული ქვა გადასცა და ეუბნება: 2. "გულმოდგინედ გაწმინდე ეს ქვები და კოშკის შენობაში განათავსე, რომ ძალუძდეთ დანარჩენებთან კავშირი, ხოლო ისინი, რომლებიც ვერ შეუკავშირდებიან, კოშკიდან შორს მოისროლე". 3. ეს დაავალა მწყემსს და ყველასთან ერთად, ვისთან ერთადაც მოსულიყო, კოშკს გაშორდა, ქალწულები კი კოშკის ირგვლივ დადგნენ მის დასაცავად. 4. მწყემსს ვეუბნები: "როგორ ძალუძთ ამ უარყოფილ ქვებს კოშკის შენობაში დაბრუნება?" მიპასუხებს და მომიგებს: ‘ხედავ ამ ქვებს?" ვეუბნები: "ვხედავ, უფალო". "მე, - ამბობს, - ამ ქვების უდიდეს ნაწილს გამოვკვეთ, შენობაში შევიტან და დანარჩენ ქვებს შეეწყობიან”. 5. ვეკითხები: "უფალო, გამოკვეთილებს როგორღა ძალუძთ იმ ადგილის შევსება?" მპასუხობს: "ისინი, რომლებიც პატარები აღმოჩნდებიან, შენობის შუაში განთავსდებიან, ხოლო დიდები კიდეებში დაიდებიან და მათ თანაშეაკავებენ". 6. ასე მომიგო და მეუბნება: ‘წავიდეთ, ორი დღის შემდეგ მოვიდეთ, ეს ქვები გავწმინდოთ და შენობაში შევიტანოთ, რადგან ყველაფერი, რაც კოშკის ირგვლივაა, უნდა გასუფთავდეს, რომ მოულოდნელად არ მოვიდეს კოშკის მბრძანებელი და გარშემო უსუფთაობის აღმომჩენი არ განრისხდეს; რომ ეს ქვებიც არ მოარიდონ კოშკის შენობას და მეც უზრუნველად მყოფი არ ვეჩვენო მბრძანებელს". 7. ორი დღის შემდეგ კოშკთან მივედით და მეუბნება: "ყველა ქვა მოვიხილოთ და ვნახოთ, შენობაში რომლის შეტანაა შესაძლებელი". მივუგე: "ვნახოთ, უფალო".

85.(8).

1. მისულებმა პირველად შავი ქვები დავათვალიერეთ. ისეთივე აღმოჩნდნენ, როგორებიც შენობასთან განეთავსებინათ. მწყემსმა ბრძანა, რომ ისინი კოშკიდან წაეღოთ და განეცალკევებინათ. 2. შემდეგ დახორკლილ ქვებს დააკვირდა. მათგან მრავალი აიღო, გამოთალა და ქალწულებს მიუთითა, რომ აეღოთ ისინი და შენობაში შეეტანათ. იღებდნენ მათ ქალწულები და კოშკის შენობის შუაში განათავსებდნენ. ბრძანა, დანარჩენები შავ [ქვებთან] ერთად მოეთავსებინათ, რადგან ისინიც შავები აღმოჩნდნენ. 3. შემდეგ ბზარების მქონე [ქვებს] უმზირა. მათგანაც მრავალი გამოკვეთა და ქალწულებს უბრძანა, შენობაში შეეტანათ. კიდეებში განთავსდნენ, რადგან ფრიად გაჯანსაღებულნი აღმოჩნდნენ. დანარჩენების გამოკვეთა ბზარების სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო. ამიტომაც კოშკის შენობას ამ მიზეზით მოარიდეს. 4. შემდეგ მოკლე [ქვებს] დააკვირდა. მათში მრავალი აღმოჩნდა შავი ფერის, ხოლო ნაწილზე დიდი ბზარები წარმოქმნილიყო. ბრძანა, ისინიც განცალკევებულებთან ერთად დაედოთ. მიუთითა, რომ მრავალი გაწმენდილი და გამოკვეთილი [ქვა], შენობაში მოეთავსებინათ. ქალწულები მათ იღებდნენ და კოშკის შენობის შუაში დებდნენ, რადგან ფრიად სუსტნი იყვნენ. 5. შემდეგ [იმ ქვებს] დააკვირდა, რომლებიც ნახევრად თეთრი და სანახევროდ შავი ფერისანი აღმოჩნდნენ204. მრავალი მათგანი შავი ფერის გამოდგა. მოითხოვა, ისინიც გადაყრილებთან ერთად განელაგებინათ. ქალწულებმა ყველა დარჩენილი [ქვა] აიღეს, რადგან თეთრები იყვნენ ისინი, და კოშკში განათავსეს, კიდეებში დადეს, ვინაიდან მთლიანები აღმოჩნდნენ. ამიტომაც მათ შუაში განლაგებული ქვების განმტკიცება ძალუძდათ, რემეთუ მათგან საერთოდ არც ერთი არ დამოკლებულა. 6. შემდეგ უსწორმასწორო და მძიმე [ქვები] მოიხილა და მათგან მცირედი განაგდო, ვინაიდან ფრიად მძიმენი გამოდგენენ და ამიტომაც შეუძლებელი იყო მათი გამოკვეთა. დანარჩენები გამოკვეთა. ქალწულებმა აიღეს და, რადაგნ ძალზედ ფაქიზები იყვნენ, კოშკის შენობის შუაში განალაგეს. 7. შემდეგ ლაქების მქონე [ქვებს] დააკვირდა. მათგან მცირედი გაშავებულიყო; დანარჩენებთან გადაყარეს, ხოლო უმეტესი მთელი და ბრწყინვალე აღმოჩნდა. ქალწულებმა ისინიც შენობაში განათავსეს და კიდეებში დადეს მათი აღმატებული ძალის გამო.

 

86.(9).

1. შემდეგ დასათვალიერებლად თეთრ და მრგვალ ქვებთან მივიდა და მეკითხება: "ამ ქვებთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთ?" ვპასუხობ: "მე რა ვიცი, უფალო?" მეუბნება: "ვერაფერს მოიფიქრებ მათ შესახებ?" 2. ვეუბნები: "არ ვფლობ ამ ხელობას, უფალო. არც ქვისმთლელი ვარ, არც მოფიქრება ძალმიძს". "ვერ ხედავ, - ამბობს, - რომ ფრიად მომრგვალებულნი არიან? თუკი მოვისურვებ, ისინი ოთხუკუთხედებად ვაქციო, საჭიროა, დიდი ნაწილი მოეკვეთოს. ზოგიერთი მათგანი აუცილებლად შენობაში უნდა დაიდოს". 3. "უფალო, - მივუგე, - უკეთუ აუცილებელია, რატომ იტანჯავ საკუთარ თავს და არ გამოარჩევ შენობისთვის იმას, რომელიც გსურს, და არ შეიტან მასში?" დიდი და უბრწყინვალესი205 ქვები მოიძია და ჩამოთალა ისინი, ხოლო ქალწულებმა აიღეს და შენობის გარეთა ნაწილში დადეს. 4. დარჩენილები კი წაიღეს და იმ დაბლობზე განათავსეს, საიდანაც მოეტანათ, მაგარამ არ გადაუყრიათ. "კოშკი, - ამბობს, - კვლავაც დარჩა ასაშენებელი, ხოლო კოშკის მბრძანებელს სურს, ყველა ეს ქვა შენობასთან შეაკავშიროს, რადგან ფრიად ბრწყინვალენი არიან". 5. უმშვენიერესი გარეგნობის შავებში მოსილ, წელშემოსარტყლულ თორმეტ დედაკაცს მოუხმო. მხრები გაშიშვლებული ჰქონდათ და თმები ჩამოშვებული. მე ეს დედაკაცები ველურებად მივიჩნიე. მწყემსმა მათ შენობიდან განგდებული ქვების აღება და იმ მთებისკენ წაღება უბრძანა, საიდანაც მოეტანათ. 6. მხიარულებმა აიღეს, ყველა ქვა წააბრძანეს და იქ განათავსეს, საიდანაც წამოეღოთ. მას შემდეგ, რაც ყველა ქვა გაზიდეს და კოშკის ირგვლივ ქვა აღარ იდო, მწყემსი მეუბნება: "კოშკს შემოვუაროთ და ვნახოთ, ნაკლული რამ ხომ არ არის მასში". და შემოვუარე მე მასთან ერთად. 7. კოშკის მშვენიერების მხილველი მწყემსი ფრიად მხიარული იყო მშენებლობით, რადაგნ კოშკი იმგვარად აგებულიყო, რომ მე, მხილველს, ამ შენობისთვის გული მითქვამდა, რადგან ისე იყო ნაშენი, ვითარცა ერთიანი ქვისგან, არც ერთი შეერთება არ ჰქონდა მას. ქვა თითქოს კლდისგან გამოკვეთილი ჩანდა. იფიქრებდი, მონოლითური არისო.

 

87.(10).

1. მასთან ერთად მოარული, მეც მხიარული ვიყავი ამ სიკეთეთა მხილველი. მწყემსი მეუბნება: "წადი, კირი და თხელი თიხა მოიტანე, რომ აღებული და შენობაში დადებული ქვების ფორმები აღვადგინო, რადგან საჭიროა, კოშკის ირგვლივ ყველაფერი მოსწორდეს". 2. გავაკეთე, როგორც მიბრძანა, და მას მივუტანე. "დამეხმარე, - ამბობს, - და საქმე მალე დასრულდება". შენობაში შეტანილი ქვათა ფორმები აღადგინა და ბრძანა, კოშკის ირგვლივ დაეგავათ და გაეწმინდათ. 3. ქალწულებმა ცოცხები აიღეს, დაგავეს, მთელი ჭუჭყი კოშკიდან მოარიდეს და წყალი ასხურეს. და გახდა კოშკის ადგილი უმშვენიერესი და სამხიარულო. 4. მწყემსი მეუბნება: "ყველაფერი სუფთაა! რაჟამს უფალი კოშკის დათვალიერებას ისურვებს, არაფერი ექნება ჩვენთვის სასაყვედურო". ეს მითხრა და წასვლა განიზრახა. 5. მის აბგას ჩავეჭიდე და უფლის სახელს ვაფიცებდი, განემარტა ის, რაც მე მიჩვენა. მეუბნება: "ახლა ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. აქ დამელოდე, ვიდრე მოვიდოდე". 6. ვპასუხობ: "უფალო, მარტო აქ რა ვაკეთო?" მომიგებს: "არა ხარ მარტო, რადგან ეს ქალწულები შენთან ერთად იქნებიან". ვეუბნები: "მაშინ მათ მიმაბარე". მწყემსმა ისინი მოიხმო და ეუბნება: "ამას თქვენ გაბარებთ, ვიდრე დავბრუნდებოდე". და წავიდა. 7. მე ქალწულებთან ერთად მარტო ვიმყოფებოდი. უმხიარულესნი იყვნენ და კეთილგანწყობა ჰქონდათ ჩემდამი, განსაკუთრებით, მათგან ოთხ უბრწყინვალესს.

88.(11).

1. ქალწულები მეუბნებიან: "მწყემსი დღეს აქ აღარ მოვა". მივუგე: "მე როგორ მოვიქცე?" მპასუხობენ: "საღამომდე მაინც დაელოდე მას. თუკი მოვა, ისაუბრებს შენთან, ხოლო უკეთუ არ მობრძანდა, აქ ჩვენთან ერთად დარჩი, ვიდრე მოვიდოდეს". 2. ვეუბნები მათ: "დაღამებამდე დავუცდი, ხოლო თუ არ მობრძანდა, სახლში გავემართები და განთიადისას დავბრუნდები". პასუხად მომიგეს: "რადგან ჩვენ მოგვებარე, არ ძალგიძს ჩვენგან წახვიდე". 3. ვეკითხები: "სად გავჩერდე?" "ჩვენთან ერთად დაიძინე როგორც ძმამ და არა როგორც ქმარმა, - ამბობენ, - რადგან ჩვენი ძმა ხარ. მომავალშიც გვსურს შენთან ერთად მკვიდრობა, ვინაიდან ძლიერ გვიყვარხარ". მე კი მრცხვენოდა მათთან დარჩენა. 4. ის, ვინც მათში უპირატესად მიიჩნეოდა, მეამბორა და მომეხვია. როდესაც სხვებმა იგი დაინახეს, როგორ მეხვეოდა, ამბორი მათაც დამიწყეს. კოშკის ირგვლივ დავყავდით და ჩემთან ერთად ხალისობდნენ. 5. მეც თითქოს ახალგაზრდა გავხდი და მათთან ვილხენდი. ისინი უკრავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მე კი, მათთან ერთად კოშკის ირგვლივ მოარული, მდუმარე ვიყავი, მაგრამ მიხაროდა. 6. დაღამებისას სახლში წასვლა ვისურვე. არ გამიშვეს, შემაკავეს. და დავრჩი ღამე მათთან ერთად. კოშკთან მეძინა. 7. ქალწულებმა მიწაზე თავიანთი სელის მოსასხამები დამიგეს და მე მათ შორის დამაწვინეს. საერთოდ არაფერი უკეთებიათ, თვინიერ ლოცვისა. მეც მათთან ერთად შეუჩერებლად ვლოცულობდი და არანაკლებ, ვიდრე ისინი. ახარებდათ ქალწულებს ჩემი ასეთი ვედრება. დავრჩი იქ ქალწულებთან ერთად დილამდე, ვიდრე მეორე ჟამამდე. 8. შემდეგ მწყემსი მოვიდა და ეუბნება ქალწულებს: "ცუდად ხომ არ მოეპყარით მას?" მიუგეს: "თავად ჰკითხე". ვეუბნები: "უფალო, გავიხარე მათთან ერთად დარჩენით". მეკითხება: "რითი ისადილე?" ვპასუხობ: "მთელი ღამე უფლის სიტყვას ვიხმევდი, უფალო". განაგრძობს: "კეთილად გისტუმრეს?" მივუგე: "დიახ, უფალო". 9. "ახლა კი, - ამბობს, - რისი მოსმენა გსურს პირველად?" "უფალო, ის, რაც დასაწყისში მიჩვენე. გევედრები, უფალო, ვითარცა შეგეკითხები, ისე გამნმიცხადე". "როგორც გენებოს, ისე განგიცხადებ, - მომიგებს, - და საერთოდ არაფერს დავფარავ შენგან".

89.(12).

1. "უფალო, - ვეუბნები, - უპირველეს ყოვლისა, ეს განმიცხადე: კლდე და კარი რა არის?" "ეს კლდე და კარი, - ამბობს, - ძე ღვთისაა". "როგორ, - მივუგე, - უფალო, კლდე ძველია, ხოლო კარი ახალი?" "ისმინე, - მომიგებს, - და გაიგებ, უგულისხმოვ. 2. ძე ღვთისა ყოველგვარ მის ქმნილზე უწინარესია, ამიტომაც იგი მრჩეველი გახდა მამისა მისი ქმნილების შესახებ (იგავ. 8. 27-30). ამის გამოა კლდე ძველი". ვეკითხები: "უფალო, კარი რატომაა ახალი?" 3. "რადგან უკანასკნელ დღეთა დასასრულს განცხადდა206, - მომიგებს, - ამიტომაც გახდა კარი ახალი, რომ გადარჩენის მსურველნი მისი გავლით შევიდნენ ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5; მრ. 9.47). 4. ნახე, - ამბობს, - კარის გავლით ქვები რომ შეჰქონდათ და კოშკშის შენობაში განათავსეს და ისინიც, რომლებიც არ შეიტანეს და კვლავ თავის ადგილზე დადეს?" ვპასუხობ: "ვნახე, უფალო". "ასევე ვერავინ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5), თუკი მისი წმინდა სახელი არ მიიღო. 5. რაჟამს რომელიმე ქალაქში შესვლას ისურვებ, ეს ქალაქი კი ირგვლივ კედელმოზღუდულია207 და ერთი კარიბჭე აქვს, ვერ შეძლებ ამ ქალაქში შეღწევას, თუ არა კარის გავლით, რომელიც აქვს". მივუგე: "უფალო, განა სხვანაირად შესაძლებელია მოხდეს?" ამბობს: "ამრიგად, უკეთუ ქალაქში არ ძალგიძს შეღწევა, თუკი მისი კარიბჭე არ გაიარე, ასევე სხვაგვარად არ შეუძლია ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუ არა მისგან შეყვარებული მისი ძის სახელის მიერ208. 6. ნახე კოშკის მაშენებელთა სიმრავლე?" მივუგე: "ვნახე, უფალო". "ისენი ყველანი დიდებული ანგელოზები არიან. სწორედ ისინი გარშემოეხვეოდნენ უფალს209. კარი კი ძე ღვთისაა. ისაა ერთადერთი მისასვლელი  უფლთან. სხვაგვარად ვერავინ მიეახლება მას, თუ არა მისი ძის მიერ (ინ. 14.6). 7. ხედავდი, - ამბობს, - ექვს მამაკაცს და მათ შორის მაღალსა და დიდებულ კაცს, კოშკის ირგვლივ მავალს და შენობიდან ქვების გამომხშირავს?" მივუგე: "ვხედავდი, უფალო". 8. "დიდებული კაცი ძე ღვთისაა, - მპასუხობს, - ისინი კი ექვსი დიდებული ანგელოზია, მის მარჯვნივ და მარცხნივ შემოკრებილნი. ეს დიდებული ანგელოზები არავის მიუშვებენ ღმერთთან მისი გვერდისავლით. ვინც მისი სახელი არ მიიღო, ვერ შევა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3.5).

 

90.(13).

1. ვეუბნები: "კოშკი რა არის?" "ეს კოშკი, - ამბობს, - ეკლესიაა". 2. "ის ქალწულები ვინ არიან?" "ისინი, - მომიგებს, - წმინდა სულები არიან. სხვაგვარად ადამიანს არ ძალუძს ღვთის სასუფეველში აღმოჩნდეს, თუკი მათ არ შემოსეს იგი თავიანთი სამოსით; რადგან უკეთუ მხოლოდ სახელი მიიღე, ხოლო მათგან სამოსი არ შეგიწყნარებია, არაფერი შეგეწევა, ვინაიდან ეს ქალწულები ღვთის ძის ძალები არიან. რაჟამს სახელს მიიღებ, მაგრამ ძალას არ იტვირთავ, მისი სახელის ამაოდ მატარებელი იქნები. 3. ხოლო ქვები, რომლებიც განგდებულნი იხილე, ისინი არიან, რომლებიც სახელს ატარებდნენ, მაგრან ქალწულთა სამოსი არ შეუმოსავთ". შევეკითხე: "უფალო, რა არის მათი სამოსი?" "მათი სამოსი მათი სახელებია. ვინც ღვთის ძის სახელს ატარებს, ამ სახელთა ტვირთვაც ევალება, რადგან თავად ძეც ამ ქალწულთა სახელებს ატარებს. 4. ყველა ქვა, რომელიც კოშკის შენობაში შეტანილი იხილე, ქალწულთა ხელებში გავლით რომ გადაეცემოდნენ და შენობაში რჩებოდნენ, ისინი არიან, ვინც ამ ქალწულთა ძალებით შეიმოსა. 5. ამიტომაც ხედავ კოშკს მონოლითურს, კლდესთან გაერთიანებულს. ასევე ერთი სული და ერთი სხეული ხდებიან ამ სულებით მოსილნი უფლის მორწმუნენიც მისი ძის მიერ (ინ. 1.7; ეფეს. 4.4). მათი სამოსიც ერთი ფერია. ამ ქალწულების სახელთა მატარებელნი კოშკშის მკვიდრნი არიან”. 6. ვეკითხები: "უფალო, უარყოფილი ქვები რატომ განაგდეს, ისინი კოშკის შენობაში ხომ კარის გავლითა და ქალწულთა ხელებით განთავსდნენ?" მომიგებს: "რადგან შენ ყველაფერი გაინტერესებს და ზუსტად გამოეძიებ, განგდებული და უარყოფილი ქვების შესახებაც ისმინე. 7. ყველა ისინი, - ამბობს, - ღვთის ძის სახელს ღებულობდნენ. იმ ქალწულთა ძალაც შეიწყნარეს. ამრიგად, ამ სულთა მიმღებნი გაძლიერდნენ და ღვთის მორჩილებთან თანამყოფობდნენ. და ჰქონდათ მათ ერთი სული, ერთი სხეული (ეფეს. 4.4) და ერთი სამოსი, რადგან ისინი განსჯიდნენ და სიმართლეს აღასრულებდნენ (II კორინ. 13.11; ფილიპ. 2.2; ფს. 14.2; საქმ. მოც. 10.35; ებრ. 11.33). 8. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ცდუნდნენ დედაკაცთა მიერ, რომლებიც შენ პირმშვენიერნი, შავი მოსასხამით მოსილნი, გაშიშვლებული მხრებითა და გაშლილი თმებით იხილე. დაინახეს რა ისინი, ისურვეს და მათი ძალა შეიმოსეს, ხოლო ქალწულთა სამოსი და ძალა განიმოსეს. 9. ამრიგად, ისინი განიდევნენ ღვთის სახლიდან და მათ გადაეცნენ. ხოლო ის, ვინც ამ დედაკაცთა სილამაზით არ მოტყუებულა, ღვთის სახლში დარჩა. გაქვს განმარტება უარყოფილი [ქვების] შესახებ".

91.(14).

1. ვეკითხები: "უფალო, თუკი ეს ადამიანები, ამგვარად მყოფნი, შეინანებენ და იმ დედაკაცების სურვილს დაუტევებენ, ქალწულებსა და მათ ძალას დაუბრუნდებიან და მათი საქმეებით ისრბოლებენ, ვეღარ შევლენ ღვთის სახლში?" 2. "შევლენ, - მომიგებს, - რაჟამს იმ დედაკაცთა საქმეებს მოირიდებენ, ქალწულთა ძალას შეიწყნარებენ და მათ საქმეებს იმოქმედებენ. ამიტომაცაა შეჩერებული მშენებლობა, რომ თუ ისინი შეინანებენ, კოშკის შენობაში შევიდნენ. მაგარამ უკეთუ არ მოინანიებენ, მაშინ სხვები შევლენ, ხოლო ისინი საბოლოოდ განიდევენებიან". 3. ყოველივე ამისთვის ვმადლობდი უფალს, რომ ყველა მისი სახელის მხმობელთ მწყალობლობს (ეს. 43.7) და ჩვენ, მის მიმართ მცოდველთ, სინანულის ანგელოზს გვიგზავნის და ჩვენს სულსა თუ ჩვენ, უკვე გახრწნილთ, აღგვადგენს და ცხოვრების იმედის არმქონეთ სიცოცხლეს განგვიახლებს. 4. ვეუბნები: "უფალო, ახლა კი განმიცხადე, კოშკი რატომ მიწაზე არ აშენდა, არამედ - კლდესა და კარზე". "კვლავაც უგუნური და უგულისხმო ხარ?" - მომიგებს. "უფალო, იძულებული ვარ შენ შეგეკითხო, რადგან საერთოდ არაფერი ძალმიძს გავიგო, ვინაიდან ყოველივე დიდი და დიდებულია და ძნელადსაწვდომია ადამიანისთვის". 5. "ისმინე! - ამბობს, - ღვთის ძის სახელი დიდია და განუსაზღვრელი, მთელი მსოფლიო უპყრია. თუკი ყველა ქმნილება ღვთის ძის სახელითაა პყრობილი, რას ფიქრობ მისი სახელით ხმობილებზე, ღვთის ძის სახელის მატარებლებსა და მის მცნებებში მსრბოლელებზე? 6. ხედავ, როგორ განადიდებს მისი სახელის მთელი გულით მატარებელთ? ამრიგად, ის გახდა მათთვის საფუძველი და სიხარულით უპყრია ისინი, რადგან არ შეჰრცხვენიათ მისი სახელის ტარება". 


92.(15).

1. ვეუბნები: "უფალო, გამაგებინე მე ქალწულთა და შავ მოსასხამებში მოსილ დედაკაცთა სახელები". "ისმინე, - მომიგებს, - კუთხეებთან მდგომი უძლიერესი ქალწულების სახელები. 2. პირველი რწმენაა, მეორე - თავშეკავება, მესამე - ძალა, მეოთხე - სულგრძელება210, ხოლო სხვები, მათ შორის მდგომნი, ამ სახელებს ფლობენ: უბრალოება, უმანკოება, უმწიკვლოება, სიხარული, ჭეშმარიტება, გულისხმისყოფა, ერთსულოვნება, სიყვარული211. ღვთის სასუფეველში შესვლა ამ სახელებისა და ღვთის ძის სახელის მატარებელს შეუძლია (ინ. 3.5). 3. შავი სამოსის მქონე დეადკაცთა სახელებიც ისმინე. მათგან ოთხნი უძლიერესნი არიან: პირველი ურწმუნოებაა, მეორე - თავშეუკავებლობა, მესამე - ურჩობა, ხოლო მეოთხე - ცბიერება. მათ შედგომილებს კი ეწოდებათ დარდი, უკეთურება, გარყვნილება, მრისხანება, ტყული, უგუნურება, ბოროტმეტყველება, შური. მონა ღვთისა, ვინც ამ სახელებს ატარებს, ღვთის სასუფეველს იხილავს, მაგრამ მასში ვერ შევა”. 4. შევეკითხე: "უფალო, დაბლობიდან ამოტანილი ქვები ვინ არაიან?” ‘საფუძველში განთავსებული პირველი ათი [ქვა], ამბობს, - პირველი მოდგმაა. ოცდახუთი [ქვა] მართალი ადამიანების მეორე მოდგმაა, ხოლო ოცდათხუთმეტი ღვთის წინასწარმეტყველნი და მისი მსახურები არიან. ორმოცი კი მოციქულები და ღვთის ძის მოძღვრების მასწავლებლები არიან". 5. ვეუბნები: "უფალო, რატომ გადასცეს ქალწულებმა ეს მოტანილი ქვები კოშკის ასაშენებლად კარის გავლით?" 6. მომიგო: "რადგან მათ პირველებმა იტვირთეს ეს სულები და საერთოდ არ განშორებიან ურთიერთს, არც სულები - ადამიანებს, არც ადამიანები - სულებს, არამედ რჩებოდნენ სულები მათთან ვიდრე გარდაცვალებამდე. და თუკი ეს სულები მათთან ერთად არ იქნებოდნენ, ვერ გახდებოდნენ სასარგებლონი ამ კოშკის შენობისთვის".

93.(16).

1. ვეუბნები: "უფალო კვლავაც განმიმარტე". მეკითხება: "რა გაინტერესებს?" მივუგე: "უფალო, თუკი ქვები ამ სულთა მატარებელნი იყვნენ, რატომ ამოიტანეს წყლის ფსკერიდან და განათავსეს კოშკის შენობაში?" 2. მომიგებს: "აუცილებელი იყო წყლის გავლით ამოტანა, რომ განცხოველებულიყვნენ, რადაგნ არ ძალუძდათ სხვაგვარად ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუკი არ დაუტევებდნენ თავიანთი ადრინდელი ცხოვრების სიკვდილს212. 3. ამრიგად, ამ გარდაცვლილებმაც მიიღეს ღვთის ძის ბეჭედი და ღვთის სასუფეველში შევიდნენ (ინ. 3.5), რადგან მკვდარია ადამიანი ღვთის ძის სახელის შემოსვამდე, მაგარამ როდესაც ბეჭედს მიიღებს, მაშინ სიკვდილს დაუტევებს და სიცოცხლეს შეიწყნარებს. 4. ასე რომ, წყალია ბეჭედი. შესაბამისად, წყალში მკვდრები ჩადიან და ცოცხლები ამოდიან. ეს ბეჭედი მათთვის იქადაგა და კეთილექმნა იგი, რადგან ღვთის სასუფეველში შევიდნენ" (ინ. 3.5). 5. "უფალო, - ვეკითხები, - ბეჭდის მქონე ორმოცი ქვა მათთან ერთად წყლის ფსკერიდან რატომ ამოიტანეს?" მპასუხობს: "რადაგან ისინი მოციქულები და ღვთის ძის სახელის მქადაგებელი მოძღვრები არიან. ღვთის ძის ძალითა და რწმენით გარდაცვლილებმა შესვენებულებისთვისაც იქადაგეს და თავად მიანიჭეს მათ ქადაგების ბეჭედი. 6. ასე რომ, მათთან ერთად ჩავიდნენ წყალში და კვლავ ამოვიდნენ213, მაგარამ ისინი ცოცხალნი ჩავიდნენ და ცოცხალნი ამოვიდნენ, ხოლო ეს შესვენებულნი მკვდრები შთავიდნენ, მაგრამ ცოცხალნი აღმოვიდნენ214. 7. სწორედ მათი საშუალებით განცხოველდნენ და შეიმეცნეს ღვთის ძის სახელი. ამიტომაც ამოვიდნენ მათთან ერთად, თანაშეეწყვნენ კოშკის შენობას და ხელშეუხებელნი თანაშეუშენდებოდნენ215, რადგან სიმართლესა და დიდ უმწიკვლოებაში აღესრულნენ, მხოლოდ ეს ბეჭედი არ გააჩნდათ. ამრიგად, გაქვს განმარტება ამის შესახებაც". ვპასუხობ: "დიახ, უფალო".

 

94.(17).

1. "უფალო, ახლა კი მთების შესახებ განმიცხადე, თუ რატომაა მათი გარეგნობა განსხვავებული და მრავლგვარი?" მომიგებს: "ისმინე. ეს თორმეტი მთა მთელს სამყაროში დასახლებული თორმეტი ტომია, რომლებსაც მოციქულთა მიერ ექადაგათ ღვთის ძის სახელი". 2. "უფალო, რატომაა მთების სახე მრავალგვარი და სხვადასხვა?" "მისმინე! - ამბობს, - მთელ სამყაროში დამკვიდრებული ეს თორმეტი ტომი თორმეტი ხალხია. განსხვავებულები არიან აზრებითა და გონებით. როგორი მრავალსახოვანი მთებიც იხილე, ასეთივე განსხავავებაა ამ ხალხების აზრსა და გონებას შორის. და აი, თითოეულის საქმეს განგიცხადებ შენ". 3. ვეკითხები: "უფალო, პირველად ეს გამაგებინე: როდესაც ასეთი მრავალფეროვანი მთებიდან [მოტანილი] ქვები შენობაში განათავსეს, როგორ გახდნენ ერთი ფერისანი, მსგავსად წყლის ფსკერიდან ამოტანილი ბრწყინვალე ქვებისა?" 4. მომიგებს: "რადგან ცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყველა ხალხს, მსმენელსა და მრწმუნებელს, ღვთის ძის სახელი ეწოდა. ამრიგად, მიმღებლებს ბეჭდისა ერთი აზრი და ერთი გონე გააჩნდათ (ეფეს. 4.4), ერთი გახდა მათი სარწმუნოება, ერთია სიყვარული და სახელთან ერთად ქალწულთა სულებიც იტვირთეს. ამიტომაც გახდა კოშკის შენობა ერთი ფერის, ბრწყინვალე, ვითარცა მზე. 5. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი მასში (კოშკში, ი. ო.) შევიდნენ და ერთი სხეული შეიქნენ, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი თავი წაბილწა, მართალთა მოდგმიდან განიდევნა და როგორებიც ადრე იყვნენ, კვლავ ისეთივე გახდნენ, მეტად უარესნიც".

95.(18).

1. ვეუბნები: "უფალო, ღვთის შემმეცნებელნი უარესნი როგორღა გახდნენ?" მომიგებს: "ვისაც ღმერთი არ შეუმეცნებია და უკეთურობს, თავისი ცოდვების გამო განეკუთვნება სასჯელი, ხოლო ღვთის შემმეცნებელი ვალდებულია აღარ შესცოდოს, არამედ - კეთილმოქმედება აღასრულოს. 2. ამრიგად, თუკი ის, ვინც მოვალეა სიკეთე ქმნას, უკეთურობს, არ ფიქრობ, რომ უმეტეს ცოდვას ჩადის, ვიდრე ის, ვინც ღმერთი არ იცის? ამიტომაც ღვთის შეუმეცნებელნი და უკეთურების მოქმედნი სიკვდილისთვის არიან განწირულნი, მაგარამ ღვთის შემმეცნებელნი, მისი დიდებულებების მხილვენი და მცოდველნი ორმაგად დაისჯებიან და საუკუნოდ მოკვდებიან. ასე რომ, ამგვარად განიწმინდება ღვთის ეკლესია. 3. ხომ იხილე, რომ კოშკიდან აღებული და იქიდან განგდებული ქვები უკეთურ სულებს გადაეცნენ, განწმენდილებიც ერთი სხეული არიან, ვითარცა კოშკი, რომელიც გასუფთავების შემდეგ თითქოს ერთიანი ქვისგან ნაშენი გამხდარიყო, ამგვარივე იქნება ღვთის ეკლესია მისი განწმენდის, უკეთურთა, ფარისეველთა, მგმობელთა, ორგულთა და მრავალგვარი ცოდვებით ბოროტმოქმედთა გაძევების შემდეგ. 4. მათი უარყოფის მერე ღვთის ეკლესია ერთი სხეული, ერთი აზრი, ერთი გონება, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული იქნება და მაშინ საკუთარი განწმენდილი ხალხის მიმღები ძე ღვთისა იმხიარულებს და გაიხარებს მათით". ვეუბნები: "უფალო, დიდებული და დიადია ყოველივე. 5. ახლა კი თითოეული მთის ძალა და საქმე განმიმარტე, რომ უფალს მინდობილმა ყოველმა სულმა, ვინც უფალს მიენდო, მოისმენს რა, განადიდოს მისი დიდი, გასაოცარი და დიდებული სახელი" (ფს. 8.2; 85.9; 98.3). მომიგებს: "ისმინე მრავალსახოვანი მთებისა და თორმეტი ხალხის შესახებ.

96.(19).

1. პირველი შავი მთა ასეთი მორწმუნეები არიან216: განდგომილნი, უფლის მგმობელნი და ღვთის მონათა გამცემნი. არაა მათთვის სინანული, ხოლო სიკვდილი კი არის. ამიტომაც არიან შავი ფერის, რადგან ურჯულოა მათი მოდგმა. 2. მეორე გაშიშვლებული მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ფარისეველნი და უკეთურების მოძღვარნი. ამრიგად, ისინიც პირველთა მსგავსნი არიან, არ გააჩნიათ რა სიმართლის ნაყოფი (ფილიპ. 1.11; ებრ. 12.11; იაკ. 3.8), რადგან როგორც მათი მთა არის უნაყოფო, ამგვარადვე ეს ადამიანები, სახელის მქონენი217, რწმენისგან დაცლილნი არიან და არაა მათში ნაყოფი ჭეშმარიტებისა. ასე რომ, მათ სინანული განეწესათ, თუკი სწრაფად შეინანებენ, მაგრამ უკეთუ შეყოვნდებიან, პირველებთან ერთად იქნება მათი სიკვდილი". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა მათთვის სინანული, ხოლო პირველთათვის არა, თუ ეს საქმენი მათებრ არიან?"218 მპასუხობს: "მათ სინანული იმიტომ განეკუთვნათ, რომ თვიანთი უფალი არ დაუგმიათ, არც ღვთის მონათა გამცემნი გამხდარან, მაგრამ ანგარების სურვილის მიზეზით მზაკვრობდნენ და შემცოდე ადამიანთა გულისთქმისამებრ იმოძღვრებოდა თითოეული219; გარკვეული სასჯელი მოელით, მაგრამ არ გამხდარან რა ისინი მგმობელნი, არც გამცემნი, ამიტომაც სინანული განეწესათ მათ.

97.(20).

1. სარეველებისა და ეკლების მქონე მესამე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ზოგიერთი მათგანი მდიდარია, სხვანი მრავალი საქმით აღრეულან. სარეველები მდიდრები არიან, ხოლო ეკლები - მრავალგვარ საქმეში აღრეულნი (მთ. 13.22; მრ. 4. 18-19). 2. ამრიგად, ისინი, მრავალგვარსა და განსხვავებულ საქმეებს შეჭიდებულნი, არათუ ღვთის მონებს უკავშირდებიან, არამედ დაეხეტებიან თავიანთი ქმედებებით მოშთობილნი220. ძნელად უკავშირდებიან მდიდრები ღვთის მონებს, რადგან შიშობენ, რამ არ ითხოვონ მათგან. ასე რომ, ძნელად შევლენ ისინი ღვთის სასუფეველში (მრ. 10.23); 3. ვითარცა სამძიმოა შიშველი ფეხებით ეკლებზე სიარული, ასევე ძნელია მათთვის ღვთის სასუფეველში შესვლა (მთ. 10.23). 4. მაგარამ არის სინანული ყველა მათგანისთვის, ოღონდ სწრაფად, რომ ადრინდელი ჟამი, როდესაც არ მოქმედებდნენ, ახლანდელ დროში ზეაღირბინონ221 და რაიმე სიკეთე აღასრულონ. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ და სიკეთეს იმუშაკებენ, ღმერთთან იცხოვრებენ; ხოლო თუკი თავიანთ საქმეებში შეყოვნდებიან, გადაეცემიან დედაკაცებს, რომლებიც მოაკვდინებენ მათ.

 

98.(21).

1. მრავალი ბალახის მქონე მეოთხე მთა, ზემოდან მწვანე და ძირისკენ ხმელი ბალახით, ხოლო ზოგიერთები მზისგან გამხმარნი, ასეთი მორწმუნეები არიან: ორგულები, რომლებიც უფალს ბაგეებით ატარებენ, მაგრამ გულში კი არ ჰყავთ. 2. ამის გამოა მათი ძირები ხმელი და ძალა არა გააჩნაით. მხოლოდ მათი სიტყვაა ცოცხალი, მაგრამ მათი საქმეები - მკვდარი. ასეთნი არც ცოცხლები და არც მიცვალებულები არიან. ამრიგად, ორგულებს ემსგავსებიან, რადაგან ორგულნი არც მწვანე ფერისა არიან და არც გამხმარნი ანუ არც ცოცხალნი და არც მკვდარნი. 3. რადგან როგორც მზის მხილველი ის ბალახი გახმა, ასევე ორგულნი, რაჟამს დევნის შესახებ მოისმენენ, შიშის გამო კერპებს ეთაყვანებიან და თავიანთი უფლის სახელის რცხვენიათ. 4. ამიტომაც არც ცოცხალნი, არც მიცვალებულნი არიან. მაგრამ ისინიც, თუკი სწრაფად შეინანებენ, შეძლებენ ცხონებას. ხოლო უკეთუ არ მოინანიებენ, უეჭველად გადაეცემიან თავიანთი სიცოცხლის ხელმყოფელ დედაკაცებს.

99.(22).

1. მწვანე ბალახის მქონე და უსწორმასწორო მეხუთე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: მორწმუნენი, მაგრამ ძნელადგანსასწავლნნი და თავდაჯერებულნი, საკუთარი თავით კმაყოფილნი და მსურველნი ყოველივეს გაგებისა, მაგრამ საერთოდ ვერაფრის შემმეცნებელნი. 2. საკუთარი თავდაჯერებულობის გამო გონიერება დაუტევეს და ბრიყვული უგუნურება მიეახლა მათ. თავს განიდიდებენ, თითქოსდა საზრიანობას ფლობდნენ, და, უგუნურებს, ჰსურთ თვითმარქვია მოძღვარნი იყონ222. 3. ამრიგად, ამ მაღალწარმოდგენის223 გამო მრავალმა ამაღლებულმა დაამხო საკუთარი თავი, რადგან დიდი ეშმაკეულობაა თავდაჯერებულობა და ფუჭი სასოება. ასე რომ, უარყოფილია ბევრი მათგანი, მაგრამ ზოგიერთებმა შეინანეს, ირწმუნეს და შემმეცნებლებმა საკუთარი უგუნურებისა საკუთარი თავი გონიერების მქონებელთ დაუმორჩილეს. 4. დანარჩენებსაც, ვინც ასეთია, სინანული განეკუთვნება, ვინაიდან არ გამხდარან უკეთურები, ძლიერ ბრიყვნი და უგულისხმონი. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ ისინი, ღმერთთან იცოცხლებენ, მაგრამ უკეთუ არ მოინანიებენ, მათდამი უკეთურებისმოქმედ დედაკაცებთან ერთად დამკვიდრდებიან.

100.(23).

1. მეექვსე მთა, რომელსაც დიდი და მცირე ბზარები ჰქონდა, ხოლო ბზარებში გამხმარი ბალახი იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მცირე ბზარის მქონენი ის მორწმუნეები არიან, რომლებსაც ურთიერთთან დაპირისპირება აქვთ და თავიანთი ავმეტყველების გამო სარწმუნოებაში მოუძლურდებიან, მაგრამ მათგან მრავალი შეინანებს. დანარჩენებმაც უნდა მოინანიონ, როდესაც ჩემს მცნებებს მოისმენენ, რადგან უმნიშვნელოა მათი ავმეტყველება და მალევე შეინანებენ. 3. ხოლო დიდი ბზარების მქონენი ისინი არიან, რომლებიც საკუთარ ავმეტყველებაში რჩებიან და, ხდებიან რა ავმეხისიერნი, ერთურთისადმი მრისხანებენ. ამრიგად, ისინი კოშკიდან განიგდებიან და აღმოიფხვრებიან მისი შენობიდან. ასე რომ, ძნელად ცხონდებიან ასეთნი. 4. თუკი ღმერთი და უფალი ჩვენი, ყოველთა მეუფე და თავის ყველა ქმნილებაზე ხელმწიფების მქონე, არ ავმეხსიერებს საკუთარი ცოდვების აღმსარებელზე, არამედ მოწყალე ექმნება, განა ადამიანი, ხრწნადი და ცოდვებით აღსავსე, უნდა ბოროტმეხსიერებდეს ადამიანზე, თითქოს ძალუძდეს  მისი დაღუპვა ანთუ დახსნა (იაკ. 4.12)? 5. სინანულის ანგელოზი გეუბნებით თქვენ, რომლებსაც ასეთი არჩევანი გაქვთ, განუდექით მას, შეინანეთ და რაჟამს ამ ეშმაკეულობისგან განიწმინდებით, განკურნავს თქვენს უწინდელ შეცოდებებს უფალი, ხოლო უარის შემთხვევაში სიკვდილს გადაეცემით.

101.(24).

1. მეშვიდე მთა, რომელსაც მწვანე და გასაოცარი ბალახი ჰქონდა, მთლიანად აყვავებულიყო და ყველა ჯიშის ცხოველი თუ ცის ფრინველი იკვებებოდა ამ მთის მდელოზე, ბალახიც, რომლითაც იკვებებოდნენ, მეტად ყვაოდა, ისინი ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მარადჟამ უბრალონი და უბოროტონი, ურთიერთთან დაპირისპირების არმქონენი, ღვთის მონათა გამო მარადის მოხარულები, ქალწულთა წმინდა სულით მოსილნი, მუდამ ყველა ადამიანის მიმართ მოწყალების მქონენი, რომლებიც თავიანთ ნაშრომთაგან თითოეულ ადამიანს დაუბრკოლებლად და უყოყმანოდ უნაწილებდნენ. 3. ამრიგად, მათი უბრალოებისა და ყოველგვარი უმანკოების მხილველმა უფალმა მათი ხელების ნაღვაწი გაამრავლა და ყველა საქმეში უწყალობა. 4. მე, სინანულის ანგელოზი კი, გეუბნებით თქვენ, რომლებიც ასეთნი ხართ, ასე დარჩით და არ წარიხოცება თქვენი მოდგმა ვიდრე საუკუნოდ, რადგან უფალმა გამოგცადათ და ჩვენს რიცხვში ჩაგწერათ, მთელი თქვენი სახლეულიც ღვთის ძესთან ერთად დამკვიდრდება, ვინაიდან მისი სული მიიღეთ.

102.(25).

1. მერვე მთა, სადაც მრავალი ნაკადული იყო და უფლის ყველანაირი ქმნილება ნაკადულებიდან რწყულდებოდა, ასეთი მორმუნეები არიან: 2. მოციქულები და მთელ სამყაროში მქადაგებელი მოძღვრები, რომლებიც უბიწოდ და უმწიკვლოდ ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას და, საერთოდ, არანაირი უკეთური გულისთქმა არ შეუთვისებიათ, არამედ მარადჟამ სიმართლესა და ჭეშმარიტებაში სრბოლობდნენ, რადგან სულიწმინდა შეიწყნარეს. ამრიგად, ანგელოზებთან ერთადაა მათი გზა.

103.(26).

1. მეცხრე გაუდაბურებული მთა, მასზე მყოფი ადამიანთა მომაკვდინებელი გველებითა და მხეცებით, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ბიწის (σπίλους) მქონე  დიაკვნები, ბოროტად მომუშაკენი, ქვრივთა და ობოლთა საკუთრების მძარცველნი და მსახურებისგან, რაც აღსასრულებლად მიიღეს, საკუთარი თავის გამამდიდრებელნი. ამრიგად, თუ ამ ზრახვაში შეყოვნდებიან, დაიღუპებიან და აღარაა მათთვის იმედი ცხონებისა; ხოლო უკეთუ შემობრუნდებიან და უმწიკვლოდ განასრულებენ თავიანთ მსახურებას, ძალუძთ ცხონება. 3. დახორკლილი [ქვები] ისინი არიან, რომლებმაც უარყვეს და არ მოიქცნენ თავიანთი უფლისკენ, არამედ გახდნენ ველურნი და გაუდაბურებულნი. არც ღვთის მონებს უკავშირდებიან და მარტომცხოვრებნი224, საკუთარ სულებს წარიწყმედენ (მთ. 10.39; ლკ. 9.24; 17.33; ინ. 12.25). 4. როგორც სადმე შემოღობილში დატოვებული ვენახი, აღმოჩნდება რა უზრუნველი, ნადგურდება, ბალახისგან უდაბურდება, ველური ხდება დროში და აღარც საკუთარი პატრონისთვის არის სასარგებლო, ამგვარადვე ასეთი ადამიანები თავიანთ თავს უარყოფენ და გაველურებულები უსარგებლონი ხდებიან უფლისთვის. 5. ექნებათ მათ სინანული, რაჟამს გულით უარმყოფელნი არ აღმოჩნდებიან, მაგარამ თუკი გულით უარისმთქმელი იპოვება მავანი, არ ვიცი, თუ შეძლებს ცხონებას. 6. და ამას არა იმ დღეებზე ვამბობ, როდესაც ვინმე უარმყოფელი სინანულს მიიღებს, რადგან შეუძლებელია გადარჩენა იმისა, ვინც ახლა იზრახავს, საკუთარ უფალს განუდგეს, არამედ მათთვის, რომლებმაც ადრე უარყვეს, ვფიქრობ, განწესებულია სინანული225. ამრიგად, თუ ვინმეს ჰსურს სინანული, კოშკის დასრულებამდე გახდეს მოსწრაფე, ხოლო უკეთუ არა, დედაკაცების მიერ დაიღუპება სასიკვდილოდ. 7. მოკლე [ქვები] მზაკვარნი და ავმეტყველნი არიან. მხეცებიც, მთაზე რომ იხილე, ისინი არიან. რადგან როგორც გველები თავიანთი შხამით ანადგურებენ და კლავენ ადამიანს, ამგვარადვე ასეთი ადამიანების სიტყვებიც ხრწნის და კლავს ადამიანს. 8. ამრიგად, ისინი მოკლებულნი არიან რწმენას თავიანთი ქმედებების გამო, რასაც საკუთარ თავში ატარებენ. ზოგიერთებმა შეინანეს და გადარჩნენ. დანარჩენებსაც, ამგვარად მყოფებს, ძალუძთ ცხონება, რაჟამს მოინანიებენ, მაგრამ თუკი არ შეინანებენ, იმ ძალის მფლობელი დედაკაცების მიერ დაიღუპებიან.

 

104.(27).

1. მეათე მთა, რომელზეც ხეები იყო და ცხვართა ნაწილს იფარავდა, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ეპისკოპოსები და სტუმართმოყვარენი, რომლებიც მუდამ სიხარულით, ფარისევლობის გარეშე იწყნარებდნენ ღვთის მონებს საკუთარ სახლებში. ეპისკოპოსები კი თავიანთი მსახურებით მუდამჟამ დაუღალავად იფარავდნენ შეჭირვებულებსა თუ ქვრივებს და მარადის უმწიკვლოდ მიმოიქცეოდნენ. 3. ამრიგად, სამარადჟამოდ დაიცავს ყველა მათგანს უფალი. ამის მოქმედნი დიდებულნი არიან ღვთისა წინაშე და მათი ადგილი ამჟამადაც ანგელოზებთან ერთადაა, თუკი ბოლომდე დარჩებიან მსახურნი ღვთისა.

105.(28).

1. მეთერთმეტე მთა, რომელზეც სხვადასვა ნაყოფით გამშვენებული და დახუნძლული ხეები იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ღვთის ძის სახელის გამო ვნებულნი, რომლებიც სიხარულით, მთელი გულით იტანჯნენ და თავიანთი სიცოცხლე დათმეს". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა, რომ ნაყოფი ყველა ხეს აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის ნაყოფნი უკეთილსახილველესია?"226 "ისმინე! - მომიგებს, - ვინც კი ოდესმე [უფლის] სახელის გამო ვნებულა, უდიდებულესია ღვთის წინაშე, ყველა მათგანის შეცოდებანიც აღიხოცა, რადგან ღვთის ძის სახელის გამო იტანჯნენ. ისმინე, რატომაა მათი ნაყოფები მრავალგვარი, ხოლო – ზოგიერთი - უაღმატებულესი. 4. ბევრი, ხელისუფალთან მიყვანილი გამოიცადა და არ უარუყვია, არამედ სიხარულით ივნო. ისინი მეტად უდიდებულესნი არიან უფლის წინაშე. მათი ნაყოფია აღმატებული. მრავალი მხდალი კი მერყეობდა და საკუთარ გულში განსჯიდა, უარეყო თუ ეღიარებინა, და იტანჯა. მცირეა მათი ნაყოფი, რადგან აღწევნილა მათ გულებში ეს სურვილი, ეს უკეთური სურვილი, რომ მონა საკუთარ უფალს განუდგეს. 5. ამრიგად, ეკრძალეთ თქვენ, ამის მზრახველნი, ნურასოდეს შეყოვნდება ეს სურვილი თქვენს გულებში, რომ ღმერთს არ მოუკვდეთ. ხოლო თქვენ, სახელის გამო ვნებულებს, ღვთის დიდება გევალებათ, რომ ღმერთმა ამ სახელის ტარების ღირსად შეგრაცხოთ და ყველა თქვენი ცოდვა განიკურნება. 6. შესაბამისად, ინეტარებთ. მაგრამ მიგაჩნიათ, დიდი საქმე აღასრულა, თუ რომელიმე თქვენგანი ღვთის გამო იტანჯა? სიცოცხლეს ღმერთი განიჭებთ, და არ კი ფიქრობთ, რადგან ცოდვებმა დაგამძიმეს, და უკეთუ არ ივნებოდით უფლის სახელის გამო, ღმერთს მოუკვდებოდით თქვენი ცოვების მიზეზით. 7. თქვენ გეუბნებით ამას, რომლებიც მერყეობთ უარყოფასა თუ აღიარებას შორის. აღიარეთ, რომ გყავთ უფალი და თვინიერ განდგომილებისა საპყრობილეს მიეცემით. 8. თუკი წარმართნი სჯიან საკუთარ მონებს, რაჟამს პატრონს განუდგება ვინმე, ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს უფალი, ვისაც ყოველივეზე აქვს ხელმწიფება? მოირიდეთ ეს ზრახვანი თქვენი გულებიდან, რომ ყველამ იცოცხლოთ ღმერთთან.

 

106.(29).

1. მეთორმეტე თეთრი მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ვითარცა უმანკო ყრმანი, რომელთა გულზე არასოდეს აღიწევა ბოროტება, არც იციან, თუ რა არის უკეთურება, არამედ მარადჟამ ყრმობაში რჩებიან227. 2. ამრიგად, ასეთნი უეჭველად ღვთის სასუფეველში დამკვიდრდებიან, რადგან არცერთ საქმეში არ შეუბღალავთ ღვთის მცნება, არამაედ საკუთარი კეთილგონიერებით უმანკოებაში გაატარეს თავიანთი ცხოვრების ყველა დღე. 3. ასე რომ, ვინც ასე დარჩებით, - ამბობს, - იქნებით ვითარცა ყრმანი, არ მქონენი ბოროტებისა და ყველა წინარეგანცხადებულზე უდიდებულესნი გახდებით, რადგან ყოველი ყრმა დიდებულია და უპირატესი ღვთის წინაშე. ამრიგად, ნეტარნი ხართ თქვენ, რომლებიც საკუთარი თავიდან უკეთურებას განირიდებთ და უმანკოებით შეიმოსებით, რადგან ყველაზე პირველები იცოცხლებთ ღმერთთან”. 4. მთების შესახებ იგავების დასრულების შემდეგ ვეუბნები მას: "უფალო, ახლა დაბლობიდან ამოზიდული და კოშკიდან აღებულთა ნაცვალ შენობაში დადებული ქვების, ნაგებობაში განთავსებული მომრგვალებული და ჯერაც [კოშკის] ირგვლივ მდებარე ქვების შესახებ მაუწყე".





* თარგმნილია "მწყემსის" კრიტიკულად დადგენილი ტექსტიდან: Sources Chretiennes; Hermas le Pasteur, Introduction, Texte Critique, Traduction et Notes par Robert Joly, Paris, 1968.




შენიშვნები

1 - ერმი რომში მონად მიყიდეს ვინმე როდის. გადის გარკვეული დრო, იგი ტყვეობიდან თავისუფლდება და ამის შემდეგ ხვდება ყოფილ პატრონს.

2 - კუმა - ადრექრისტიანული პერიოდის რომის იმპერიის ერთ-ერთი ქალაქია.

3 - როდი (ქალი, რომელიც ერმს ეცხადება) ამ ხილვისას უკვე გარდაცვლილია (იხ. Sources Chretiennes; Hermas le Pasteur. Paris, 1968 p. 79, nt. 5).

4 - შდრ. μετανοήσουσιν αἱ ψυχαὶ αὐτῶν, οἵτινες οὐκ ἔχουσιν ἐλπίδα, ἀλλὰ ἑαυτοὺς ἀπεγνώκασιν. მოცემულ კონტექსტში ბერძნული μετανοήσουσιν გადმოგვაქვს სიტყვით “ინანებენ” და არა სიტყვით “შეინანებენ”, რადგან საუბარია არა იმაზე, რომ სამომავლო ცხოვრებაში ხორციელი აღსრულების შემდეგ სულებს ექნებათ მონანიების შესაძლებლობა, არამედ ხაზგასმაა იმაზე, რომ წუთისოფელს შემსჭვალულთა სულებს სამომავლოდ ფრიად სანანებლად გაუხდებათ საქმე ანუ ისინი სახარებისეული მდიდრისებრ, ბევრს ინანებენ, ფრიადი იქნება მათგან თითზე კბენანი ფუჭად განვლილი ცხოვრების გამო, მაგრამ ამაოდ. სრულიად ნათელია, რომ ერმი მოცემულ ადგილას საუბრობს არა “სინანულზე” როგორც გამოსყიდვის საშუალებაზე, არამედ საქმე გვაქვს მარადიული სატანჯველისთვის განმზადებულ უკეთურთა მიმართ, ასე ვთქვათ, დაქადნებასთან (“...ნახონ როგორ ინანებენ მათი სულები, თუმცა სრულიად უნაყოფოდ”).

5 - ერმის “მწყემსში” ხშირად გვხვდება უწყება წმინდანთა შესახებ. აღნიშნულ ტერმინში ნათელღებული ადამიანები იგულისხმებიან, ანუ ისინი, რომელნიც აღსრულებული საიდუმლოს გზით ღირსნი გახდნენ სულიერი სამოსით შემოსილიყვნენ და ახალი, წმინდა ცხოვრება დაეწყოთ.

6 - შდრ. ἀλλὰ πάντως ἐπὶ τὴν καρδίαν σου ἀνέβη περὶ  αὐτῆς. ხაზგასმულ ზმნასთან დაკავშირებით იხ. დასახ. გამოც. გვ. 4, შენიშვნა 1.

7 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი πάν-σεμνος (εἰς πάνσεμνον πνεῦμα). წარმოდგენილი ტერმინი ორი სიტყვისგანაა შედგენილი: (1) πᾶν, რაც “თითოეულს”, “მთლიანს”, “ყველას”, “ყოველს”... ნიშნავს; და (2) σεμνός, რომლის შესატყვისიც ძველ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. მაგ.: “საყურადღებოა იმის აღნიშვნა, რომ როდესაც პეტრე გელათელმა ბერძნული σέβας - ის შესატყვისად შეცვალა VI ჰომოგენური ჯგუფის ტექსტებისათვის ნიშანდობლივი “თნება” და მის ნაცვლად შემოიტანა “მოსავობა”, საკუთრივ “თნება” მან დაუკავშირა ტერმინ σεμνός –ს. ტერმინი σεμνός ეფრემის მიერ ტერმინოლოგიურად უფრო ითარგმნებოდა, როგორც “პატიოსანი” ... თუმცა σεμνολόγημα-ს შესატყვისად მასთან გვხვდება “ქებისმეტყუელებაჲ”... არსენთან დადასტურებულია “წყნარი”... გელათურ ტექსტებში გვხვდება აღნიშნული შესატყვისები, აგრეთვე ტერმინი “განკრძალული” (ედიშერ ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბილისი, 1996. გვ. 662). წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე ჩვენ ეფრემისეული თარგმანი (“პატიოსანი”) გამოვიყენეთ და ტერმინი πάνσεμνος ვთარგმნეთ, როგორც “ყოვლადპატიოსანი”.

8 - "კვერისდამკვრელ მჭედელში" (ὁ χαλκεὺς σφυροκοπῶν) იგულისხმება ადამიანი (დახელოვნებული მჭედელი), რომელიც საქმის ცოდნითა და შეუპოვარი შრომით რკინას სურვილის შესაბამის ნივთად გარდაქმნის.

9 - ტექსტში ხსენებული მოხუცი ქალბატონი ერმს ესქატოლოგიურ სურათს აღუწერს. თხრობის სტილი იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ მომავალში, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღსასრულებელი მოვლენები აწმყოში მიმდინარეობს. აღნიშნული ადგილი ეხმიანება წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლეს, სადაც ვკითხულობთ: "ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი რაც მასზეა, გადაიბუგება... ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე" (II პეტ. 3,10-13). აქვე შევნიშნავთ, რომ წმინდა წერილი და ზემოწარმოდგენილი ხილვის შინაარსი ურთიერთთან სრულ თანხმობაშია. კერძოდ, მართალნი მეორედ მოსვლის შემდეგ უფლისგან მიიღებენ არა მარტო მარადიულ დიდებასა და სისახრულს, არამედ "ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე".

10 - შდრ. οὐχ ηὕρισκον γὰρ τὰς συλλαβάς. როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ ერმი წაკითხულის შინაარსს ვერ აღიქვამდა.

11 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე ვკითხულობთ: Τὸ σπέρμα σου, 'Ερμᾶ... ხაზგასმული ბერძნული ტერმინის ქართული შესატყვისია "თესლი", "ნაყოფი", "შვილი", "ჯიში". რადგან საუბარი კვლავ ერმის ოჯახის წევრებს ეხება, ჩვენ აღნიშნული ბერნული სიტყვის ნაცვლად გამოვიყენეთ ტერმინი "სახლეული".

12 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" რუსულ თარგმანს ახლავს შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესაძლებელია, ერმის შვილებმა უარყვეს ქრისტიანობა და თავიანთი მშობლები ქრისტეს აღმსარებლობის გამო რომის ხელისუფალთა წინაშე დაასმინეს (Возможно, дети Гермы отреклись от принадлежности к христианам (обычно римские власти в качестве подтверждения отречения требовали поклониться статуе императора и хулить Христа) и даже донесли на родителей. http://krotov.info/acts/02/01/erm_02.htm)

13 - სიტყ. "აღრეული უკეთურებანი" (συμφυρμοὺς πονηρίας). ხაზგასმული ბერძნული ტერმინი მომდინარეობს ზმნისაგან συμφύρω, რაც აღრევას, შერევას, თანაშეზავებას ნიშნავს, და მოცემულ კონტექსტში თანაშერთულ ცოდვათა სიმრავლეს გულისხმობს.

14 - ერმს გამოცხადების შედეგად ეუწყება, რომ მან თავი უნდა შეიკავოს ცოლ-ქმრული ურთიერთობებისაგან.

15 - შდრ. ἀκούσασα τὰ ρήματα ταῦτα ἀφέξεται καὶ ἔξει ἔλεος. იგულისხმება რომ განერიდება მრავლისმეტყველებას.

16 - ერმს გამოცხადებისას ეუწყება, რომ მისი ოჯახის წევრები წმინდანებთან ერთად გარკვეულ დღემდე აღსრულებულ ცოდვათა შენდობას მიიღებენ. უპირველეს ყოვლისა, კვლავ შევნიშნავთ, რომ წმინდანებში ერმი ნათლისღების გზით ეკლესიას შემოერთებულ ადამიანებს გულისხმობს. რაც შეეხება "განსაზღვრულ დღეს", მასში მკვლევრები, ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დღეს გულისხმობენ. ამგვარი გაგების კვალობაზე ის დასკვნა გამოდის, რომ ერმისადმი გაცხადებული ხილვის მიხედვით, იმათთვის, რომლებმაც ნათლისღების შემდეგ სცოდეს, სინანულის კარი დახურულია. განსხვავებული აზრი აქვს ზემორე ადგილთან დაკავშირებით ედიშერ ჭელიძეს თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში: "ზოგიერთი ადრექრისტიანული გამონათქვამის მართებული გაგების შესახებ". მკვლევარი, კერძოდ, შენიშნავს: " თუ ჩვენ მოტანილ ადგილას ერმისეულ "განსაზღვრულ დღეს" ნათლისღების დღედ გავიგებთ (როგორც ამას გვთავაზობენ ხსენებული ძეგლის გამომცემელნი), რომლის შემდეგ ჩადენილი ცოდვაც თითქოს მიუტევებელია, აშკარა წინააღმდეგობაში ჩავვარდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ერმი, სრულიად გამოკვეთილად და ერთმნიშვნელოვნად, და სახელდებს უკვე ნათელღებულ და სულიერი ახალშობით შემკობილ მოღვაწეებს, ხოლო ზემორე გაფრთხილება (რომ შემდეგ შეცოდება მიუტევებელია), არსებითად სწორედ მათდამი არის ნათქვამი. აი, ციტატა: <<მიეტევებათ მათ და ყველა წმინდანს შეცოდებანი ვიდრე იმ დღემდე, ყოველი ცოდვა, რომლითაც უწინ უცოდავთ, თუკი მთელი გულით შეინანებენ და განიძარცვავენ თავიანთი გულიდან ორჭოფობას. ... მართალთა სინანულს დასასრული აქვს. სრულიქმნა ყველა წმინდისთვის სინანულის დღე>>. სრულიად ნათელია, რომ საუბარია ნათელღებულთა (, ) მიერ ნათლობის შემდგომ ჩადენილ შეცოდებებზე, რასაც სინანული აღხოცავს მათგან, ხოლო "ის განსაზღვრული დღე" სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა აღსასრულის ჟამი, რომლის დროსაც ჩადენილი შეცოდება და ამ შეცოდებით გარდაცვალება აღუხოცელი რჩება, რადგან საიქიოში არ არსებობს სინანული. საყურადღებოა, რომ ბერძნულში არ გვაქვს მითითება შემდეგ ჩადენილ ცოდვებზე. ორიგინალში სიტყვა-სიტყვით მხოლოდ შემდეგს ვკითხულობთ: "თუკი, განსაზღვრულია რა ეს დღე, კვლავ შეცოდება იქნება, არ ექნებათ მათ ცხონება, რადგან სინანულს მართალთა მიმართ აქვს დასასრული" (შდრ. ἐὰν ὡρισμένης τῆς ἡμέρας ταύτης ἔτι ἁμάρτησις  γένηται, μὴ ἔχειν αὐτοὺς σωτηρίαν' ἡ γὰρ μετάνοια τοῖς δικαίοις' ἔχει τέλος). ამრიგად, ნათელია, რომ საუბარია ნოუნანიებელი ცოდვებით აღსრულებაზე. რა თქმა უნდა, აღსასრულის დღის ჩვენგან უცოდნელობა გვავალდებულებს არ გადავდოთ მონანიება ჩადენილი ცოდვებისა, რისი შესაძლებლობაც გვაქვს ხორციელ აღსასრულამდე ანუ "განსაზღვრულ დღემდე", ამ დღის შემდეგ კი, თუ ჩვენში კვლავ დარჩენილია მოუნანიებელი შეცოდება, ცხონებისგან გამოვაკლდებით ანუ ხორციელი ცხოვრების დასრულებით მთავრდება ჟამი სინანულისა" (ე. ჭელიძე, დასახ. შრომა, გვ. 17).

17 - წმინდანთათვის სინანულის დღის სრულქმნასთან დაკავშირებით იხ. დასახ. გამოც. გვ. 8, შენიშვნა 6.

18 - ე. ჭელიძის აზრით, ეს სიტყვები ადასტურებს, რომ საუბარია ადამიანთა ამქვეყნიური ცხოვრების "უკანასკნელ ჟამზე", ანუ აღსასრულის დღეზე.

19 - ἵνα γένηται ὑμῶν ἡ πάροδος μετά τῶν ἀγγέλων τῶν ἁγίων. ხაზგასმულ ბერძნულ ტერმინს ქართულ ენაზე რამდენიმე შესატყვისი ეძებნება: "გვერდზე გავლა", "ჩავლა", "გადასვლა", "გადანაცვლება", "გზა". მითითებულ ადგილზე საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე, რომლის დროსაც, საეკლესიო სწავლებით, სასუფევლისკენ სავალ გზაზე მართალთა სულებს ღვთის მიერ წარმოგზავნილი ანგელოზები წინამძღვრობენ.

20 - "ადრე განდგომილებში" მოიაზრებიან ისინი, რომლებზეც ნათლისღების საიუდმლო ჯერ არ აღსრულებულა.

21 - ერმის დაში მისი მეუღლე იგულისხმება (შდრ. ხილვა 2. 6.3)

22 - შდრ. ἀλλά παρενεθυμήθης καί ταῖς πραγματείαις σου συνανεφύρης ταῖς πονηραῖς.

23 - შდრ. ἀλλά σώζει σε τὸ μὴ ἀποστῆναί σε ἀπὸ θεοῦ ζῶντος. "გარემიუქცევლობაში" უზენაესისადმი ერმის შეუჩერებელი სწრაფვა იგულისხმება.

24 - ვინაობა უცნობია

25 - ამ პირთა შესახებ ცნობებს "რიცხვთა წიგნში" ვხვდებით. ისინი მოსე წინასწარმეტყველის მიერ სინას უდაბნოში გამორჩეულ უხუცესთა შემადგენლობაში შედიოდნენ. "სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა". (რიცხვ.; 11,26-27).

26 - სიბილა (Σίβυλλα). ძველი საბერძნეთისა და რომის ე.წ. წინასწარმეტყველი ქალების სახელწოდება. მათზე უწყება გვაქვს ეკლესიის მამებთანაც (მაგ. თეოფილე ანტიოქიელთან).

27 - ტექსტის მკვლევარნი ფიქრობენ, რომ ხსენებული კლიმენტი რომის პირველი ეპისკოპოსი - წმინდა კლიმენტი რომაელია. რაც შეეხება გრაპტის, მის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ვარაუდის მხიედვით, იგი, შესაძლოა, დიაკონისა ყოფილიყო (Эти имена, по всей вероятности, были знакомы читателям «Пастыря»; возможно, Климент — один из руководителей римской христианской общины конца I — начала II вв. С его именем связаны два послания христианам Коринфа. Кто такая Гранта — неизвестно. Во времена Гермы женщины могли стать дьяконисами, может быть, дьяконисой была и Гранта. http://krotov.info/acts/02/01/erm_02.htm)

28 - "კლიმენტი გააგზავნის გარე ქალაქებში (πέμψει οὖν Κλήμης εἰς τὰς ἔξω πόλεις). "გარე ქალაქებში" რომის იმპერიაში დედაქალაქის (რომის) მიღმა მყოფი ქალაქები იგულისხმება.

29 - სიტყვ. "გამოცხადება" (τὴν ἀποκάλυψιν).

30 - სიტყვ.: "იმ ღამით გამომეცხადა მოხუცი და მითხრა მე" (αὐτῇ τῇ νυκτί μοι ὦπται ἡ πρεσβυτέρα καί εἶπέν μοι).

31 - სიტყ. "ჯვარნი" (σταυρούς).

32 - იგულისხმებიან ქრისტეს სახელის ერთგულებისათვის მხეცთაგან დაგლეჯილი მოწამეები (Ακουε, φησίν: μάστιγας, φυλακάς, θλίψεις μεγάλας, σταυρούς, θηρία εἵνεκεν τοῦ ὀνόματος).

33 -მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ტერმინი πανοῦργος (Πανοῦργος εἶ, ἄνθρωπος, θέλων γινώσκειν τὰ περὶ τὸν πύργον). შევეცდებით ხაზგასმული სიტყვის ძველი ქართული შესატყვისი თარგმანები წარმოვადგინოთ: (1) ἄφρων αὐθημερὸν ἐξαγγέλλει ὀργὴν αὐτοῦ, κρύπτει δὲ τὴν ἑαυτοῦ ἀτιμίαν πανοῦργος. შდრ. "უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი". იგავ. სოლომ. 12,16; (2) υἱὸς πανοῦργος ὑπήκοος πατρί υἱὸς δὲ ἀνήκοος ἐν ἀπωλείᾳ. შდრ. "შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს". იგავ. სოლომ. 13,1; (3) οὐ παιδευθησεται ὅς οὐκ ἔστιν πανοῦργος, ἔστιν δὲ πανουργία πληθύνουσα πικρίαν. შდრ. "არა განისწავლოს კაცი, რომელი არა იყოს ბრძენ. ხოლო არს მეცნიერება, რომელმან განამრავლოს სიმწარჱ". სიბრძ. ზირაქ. 21,12 მოხმობილი ციტატების ფონზე ნათელია, რომ ხსენებული ბერძნული ტერმინი, რაც საზოგადოდ, უარყოფითი შინაარსის მატარებელია და გულისხმობს "მზაკვარს", "ცბიერს", თუმცა ამავე დროს "ჭკვიანის", "მოხერხებულის" აღმნიშვნელიცაა, ქართველ მთარგმნელთა მიერ, ამავე დროს, გადმოიცემოდა როგორც "გონიერი", "ბრძენი", "მეცნიერი".

34 - მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ტერმინი ἡ παραβολή (ἄκουε οὖν τὰς παραβολὰς τοῦ πύργου), რაც "იგავს", "ალეგორიას", "შედარებას" ნიშნავს: (1) καὶ ἐλάλησεν Σαλωμων τρισχιλίας παραβολάς, καὶ ἦσαν ῳδαὶ αὐτοῦ πεντακισχίλιαι. შდრ. "იგავი და იყვნეს ქებანი მისნი ხუთ ათას". III მეფ. 4,32; (2) Καὶ ἐγένετο ὅτε ἐτέλεσεν ὁ Ἰησοῦς τὰς παραβολὰς ταύτας, μετῆρεν ἐκεῖθεν. შდრ. "და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ". მთ. 13,53; (3) Καὶ ὅτε ἐγένετο κατὰ μόνας, ἠρώτων αὐτὸν οἱ περὶ αὐτὸν σὺν τοῖς δώδεκα τὰς παραβολάς. შდრ. "და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?" მრ. 4,10.

35 - შდრ. ἀλλ' οὐ παύσῃ αἰτούμενος ἀποκαλύψεις: ἀναιδὴς γὰρ εἶ.

36 - "მწყემსის" რუსულ თარგმანს მითითებულ ადგილზე ახლავს შენიშვნა, რომელიც გვამცნობს, რომ ხმელეთიდან მოტანილ ქვებში ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და მართალნი იგულისხმებიან (Имеются в виду ветхозаветные пророки и праведники, которые провозвестили, согласно христианским верованиям, приход на землю Иисуса. http://krotov.info/acts/02/01/erm_02.htm)

37 - მოტანილ ადგილას და ქვემოთაც საუბარია წარწყმედაში ანუ კოშკის მიღმა მყოფთა წარწყმედილობითი ხარისხების შესახებ, რადგან ისევე როგორც ხარისხებია ცხონების წიაღში, ასევე ხარისხებია ჯოჯოხეთშიც.

38 - წმინდანებში, როგორც სხვაგანაც შევნიშნავდით, ნათელღებულნი იგულისხმებიან. წარმოდგენილ მსჯელობაში საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც ნათლისღების შემდეგ არ დაიცვეს მიღებული სიწმინდე, კვლავ უკეთურ გულისთქმებს დაემონენ და საკუთარი თავი ღვთის წმინდა კრებულისგან განაყენეს. მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება მიმღეობა κολλό μενοι, რომელიც მომდინარეობს ზმნისგან κολλάω და "მიწებებას", "მიკვრას", "მიმაგრებას", "შეერთებას", "შეკვრას" ნიშნავს. აქვე შევეცდებით მითითებული ბერძნული ზმნის რამდენიმე ძველი ქართული შესატყვისი წარმოვადგინოთ: (1) ἕνεκεν τούτου καταλείψει ἄνθρωπος τὸν πατέρα αὐτοῦ καὶ τὴν μητέρα αὐτοῦ καὶ προσκολληθήσεται πρὸς τὴν γυναῖκα αὐτοῦ. შდრ. "ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა..." დაბ. 2,24-25; (2) ἐμοὶ δὲ τὸ προσκολλᾶσθαι τῷ θεῷ ἀγαθόν ἐστιν... შდრ. "ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს...". ფს. 72,28; (3) καὶ τὸν κονιορτὸν τὸν κολληθέντα ἡμῖν ἐκ τῆς πόλεως ὑμῶν εἰς τοὺς πόδας ἀπομασσόμεθα ὑμῖν. შდრ. "მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა". ლკ. 10,11;  (4) καὶ πορευθεὶς ἐκολλήθη ἑνὶ τῶν πολιτῶν τῆς χώρας ἐκείνης, καὶ ἔπεμψεν αὐτὸν εἰς τοὺς ἀγροὺς αὐτοῦ βόσκειν χοίρους. შდრ. "და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა". ლკ. 15,15; მოხმობილი ციტატების ფონზე ნათელია, რომ ბერძნული ზმნა κολλάω ძველ ქართულ ენაზე მრავალი შესატყვისით გადმოიცემოდა.

39 - იხ. გვ. 17, შენიშვნა 1.

40 - შდრ. "სიმდიდრისა და საზრუნავთა გამო" (διὰ τὸν πλοῦτον αὐτῶν καὶ διὰ τὰς πραγματείας). საზრუნავში ამსოფლის წარმავალი, სულის გადარჩენისთვის უსარგებლო საქმეები იგულისხმება.

41 - შდრ. εὔχρηστοι γίνεσθε τῷ θεῷ: καὶ γὰρ σὺ αὐτὸς χρᾶσαι ἐκ τῶν αὐτῶν λίθων. წარმოდგენილი წინადადების შინაარსი ისაა, რომ ერმი ადრე არაღვთივსათნოდ ცხოვრობდა, ამიტომ იგი შენობისთვის გამოუსადეგარ ქვებსაა შედარებული, მაგრამ სწორედ ამ დმგომარეობიდან იქნა მოწოდებული და აწ უკვე იმავე შენობაში ძალუძს დამკვიდრდეს. აქვე შევნიშნავთ, რომ ხაზგასმული ბერძნული სიტყვა მომდინარეობს ზმნისგან χράομαι და გამოყენებას, სარგებლობას ნიშნავს. ჩვენ იგი კონტექსტის გათვალისწინებით ვთარგმნეთ, როგორც "გამორჩევა" (გამოირჩიე).

42 - შდრ. οὗτοί εἰσιν οἱ τὸν λόγον ἀκούσαντες καὶ θέλοντες βαπτισθῆναι εἰς τὸ ὄνομα τοῦ κυρίου... სიტყვის მოსმენაში ადრექრისტიანული ტრადიციის გათვალისწინებით, ნათლისღებად გამზადებული ადამიანების კატეხიზატორული განსწავლა იგულისხმება. ამას წინადადების მომდევნო ნაწილში გადმოცემული შინაარსიც ცხადყოფს.

43 - შდრ. οὗτοί εἰσιν οἱ τὸν λόγον ἀκούσαντες καὶ θέλοντες βαπτισθῆναι εἰς τὸ ὄνομα τοῦ κυρίου: εἶτα ὅταν αὐτοῖς ἔλθῃ εἰς μνείαν ἡ ἁγνότης τῆς ἀηθείας, μετανοοῦσιν καὶ πορεύονται πάλιν ὀπίσω τῶν ἐπιθυμιῶν αὐτῶν τῶν πονηρῶν.

44 - შდრ. ἀναιδευσάμενος.

45 - შდრ. καὶ τότε αὐτοῖς συμβήσεται μετατεθῆναι ἐκ τῶν βασάνων αὐτῶν, ἐὰν ἀναβῇ ἐπὶ τὴν καρδία αὐτῶν τὰ ἔργα ἄ εἰργάσαντο πονηρά. იგულისხმება, რომ მცოდველი ადამიანის გულში უკეთურად აღსრულებული საქმეების გამო სინანულის განცდა უნდა აღიძრას.

46 - მწყემსის მესამე ნაწილში, იგავთა წიგნში, ერთგან ვკითხულობთ: "...6. ხომ ხედავ, მათგან მრავალმა შეინანა მას შემდეგ, რაც მათ ჩემი მცნებები განუცხადე; კვლავაც შეინანებენ. ისინი, რომლებიც არ მოინანიებენ, წარიწყმედენ საკუთარ სიცოცხლეს; ხოლო ვინც მათგან შეინანებს, სახიერი შეიქმნება და მათი სამკვიდრებელი პირველი კედლები გახდება, ზოგიერთნი კი კოშკისკენაც ზეაღიწევიან. ხედავ? - განაგრძო, - ცოდვილთა სინანული სიცოცხლეს ფლობს, ხოლო მოუნანიებლობა - სიკვდილს" (შდრ. βλέπεις δὲ ἐξ αὐτῶν πολλοὺς μετανενοηκότας ἀφότε ἐλάλησας αὐτοῖς τὰς ἐντολάς μου: καὶ ἔτι μετανοήσωσιν. ὅσοι δὲ οὐ μετανοήσουσιν, ἀπώλεσαν τὴν ζωὴν αὐτῶν: ὅσοι δὲ μετενόησαν ἐξ αὐτῶν, ἀγαθοὶ ἐγένοντο, καὶ ἐγένετο ἡ κατοικία αὐτῶν εἰς τὰ τείχη τὰ πρῶτα: τινὲς δὲ καὶ εἰς τὸν πύργον ἀνέβησαν. βλέπεις οὖν, φησίν, ὅτι ἡ μετάνοια τῶν ἁμαρτωλῶν ζωὴν ἔχει, τὸ δὲ μὴ μετανοῆσαι θάνατον. Παραβολὴ VIII, 72.(6).6). ხაზგასმულ ტერმინში, პირველ კედელში, იგულისხმება ადგილი, სადაც, გადმოცემული მოძღვრების თანახმად, მონანულთა ნაწილი პოვებს სამკვიდრებელს, მაგრამ სინანულის ანგელოზი ერმს უცხადებს, რომ ამ ადგილიდანაც (ანუ პირველი კედლებიდან) სინანულის შემთხვევაში შესაძლებელია კოშკის უშინაგანეს ნაწილში მოხვედრა ("ზოგიერთნი კი კოშკიშკენაც ზეაღიწევიან". შდრ. а некоторые вошли даже внутрь башни). "მწყემსის" იგავთა წიგნიდან ჩვენ მიერ ციტირებულ ფრაგმენტთან დაკავშირებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ პირველ კედლებთან განთავსებულებში მოიაზრებიან მონანულნი, რომლებსაც, იმყოფებოდნენ რა ეპიტიმიის ქვეშ, ეკრძალებოდათ ზიარება. ისინი ეკლესიის ზღურბლთან, გარეთ, ელოდნენ ტაძრაში შესვლის უფლებას (D' Alès a voulu voir ici une transposition du limen Ecclesiae: les pénitents n' étaient pas admis a' l' eucharistie; ils attendaient sur le seuil l' église la permission d' y enter. Sources Chrétiennes; Hermas le Pasteur. Paris, 1968; p. 279, nt. 1). იგავთა წიგნის წარმოდგენილ ფრაგმენტთან დაკავშირებული მსჯელობა შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაზეც განვავრცოთ, რადგან შინაარსობრივად ორივე მოვლენა ერთსა და იმავე ამბავს გვამცნობს: ეპიტემიის ქვეშ მყოფ ადამიანებს სინანულის შემთხვევაში კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა საეკლესიო საიდუმლოებებში სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა.

47 - შდრ. κατεπίθυμος ὤν τοῦ θεάσασθαι περιχαρὴς ἐγενόμην τοῦ ἰδεῖν. იგულისხმება, რომ ერმის შინაგანი სიხარული მის გარეგნულ შეხედულებაზეც აისახა.

48 - შვიდი ასულის სახით სინანულის ანგელოზი ერმს შვიდ სათნოებაზე უთითებს და მათ ძალას განუმარტავს.

49 - შდრ. διὰ ταύτης σώζονται οἱ ἐκλεκτοὶ τοῦ θεοῦ.

50 - შვიდ სათნოებასთან ორის შესახებ ერმს ზემოთ განემარტა, ხოლო ამჯერად იგი დანარჩენი ხუთის სახელებსაც გებულობს.

51 - "მათ მშობელში" ჩამოთვლილ სათნოებათაგან პირველი - რწმენა (Πίστις) იგულისხმება, რომლისგანაც დანარჩენი ექვსი დასაბამიერდება (Ἐγκράτεια - თავშეკავება; Απλότης - უბრალოება; Ἐπιστήμη - მეცნიერება; Ακακία - უმანკოება; Σεμνότης - უბიწოება; Αγάπη - სიყვარული). რაც შეეხება "მშობლის ყველა საქმის აღსრულებას", იგულისხმება, რომ ვინც სათნოებათა დედის - რწმენის საქმეს იმუშაკებს, მყისვე, საღვთო წყალობით, დანარჩენ ექვს სათნოებასაც დაეფულება, რადგან თავად რწმენაშია სათნოებათა სისავსე.

52 - შდრ. κρατοῦνται δὲ ἀπ' ἀλλήλων αἱ δυνάμεις αὐτῶν καὶ ἀκολουθοῦσιν ἀλλήλαις, καθὼς καὶ γεγεννημέναι εἰσίν (ინგლ. Their powers are regulated by each other, and follow each other in the order of their birth).

53 - შდრ. ἐκ τῆς Πίστεως γεννᾶται Ἐγκράτεια, ἐκ τῆς Ἐγκρατείας Απλότης, ἐκ τῆς Απλότητος Ακακία ἐκ τῆς Σεμνότης, ἐκ τῆς Σεμνότητος Ἐπιστήμη, ἐκ τῆς Ἐπιστήμης Αγάπη (შდრ. ინგლ.: For from Faith arises Self-restraint; from Self-restraint, Simplicity; from Simlicity, Guilelessness; from Guilelessness, Chastity; from Chastity, Intelligence; and from Intelligence, Love. შდრ. ფრანგ.: Foi nait Continence; de Continence Simlicité; de Simlicité Innocence; d' Innocence, Sainteté; de Sainteté, Science; de Science, Charité).

54 - შდრ. ἀρκετή σοι ἡ ὑπόμνησις αὕτη καὶ τοῖς ἁγίοις, καὶ ἡ ἀνακαίνωσις τῶν πνευμάτων ὑμῶν. წმინდანებში ნათლისღების გზით ეკლესიას შემოერთებული ადამიანები მოიაზრებიან (იხ. გული გონიერი, №2; 2011; გვ. 141, შენ. - 1; გვ. 145, შენ. - 3).

55 - შდრ. λαλῆσαι αὐτὰ πάντα εἰς τὰ ὦτα τῶν ἁγίων. ხაზგასმული ბერძნული სიტყვა (ὠτός) ყურს ნიშნავს, რაც ჩვენ სასმენლად ვთარგმნეთ.

56 - შდრ. τοῦ ἐφ' ὑμᾶς στάξαντος τὴν δικαιοσύνην.

57 - "ღვთის ქმნილებებს მარტო კი ნუ მიიღებთ..." (καὶ μὴ μόνοι τὰ κτίσματα τοῦ θεοῦ μεταλαμβάνετε). "ღვთის ქმნილებებში" მოცემულ კონტექსტში ამქვეყნიური, მატერიალური კეთილდღეობა იგულისხმება, რაც ასევე უზენაესის საბოძვარია და კეთილი საქმისთვის უნდა წარიმართოს.

58 - ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება მიმღეობა ὑστερουμένοις (ἀλλὰ μεταδίδοτε καὶ τοῖς ὑστερουμένοις). იგი მომდინარეობს ზმნისაგან ὑστερέω, რაც უკმარისობას, რაღაცის საჭიროებას ნიშნავს. ჩვენ აღნიშნული მიმღეობა ვთარგმნეთ როგორც "უპოვარი" (ინგლ. ... but give abundantly of them to the needy. frang. ... mais donnez-en ausii en abondance aux indigents).

59 - τῶν δὲ μὴ ἐχόντων ἐδέσματα λυμαίνεται ἡ σὰρξ αὐτῶν διὰ τὸ μὴ ἔχειν τὸ ἀρκετὸν τῆς τροφῆς, καὶ διαφθείρεται τὸ σῶμα αὐτῶν. ბერძნულ ტექსტში წარმოდგენილი სიტყვები ἡ σὰρξ და τὸ σῶμα სინონიმებია. წარმოდგენილ ტერმინთაგან პირველი (ἡ σὰρξ) "სხეულად" ვთარგმნეთ, ხოლო მეორე (τὸ σῶμα) - "გვამად" და ამ უკანასკნელში ძველი ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის კვალობაზე ცოცხალი ადამიანის სხეულს მოვიაზრებთ (რაც ბერძნული ტექსტის შინაარსთან ზედმიწევნით შესაბამისობაშია).

60 - βλέπετε οὖν, τέκνα, μήποτε αὗται αἱ διχοστασίαι ὑμῶν ἀποστερήσουσιν τὴν ζωὴν ὑμῶν. ხაზგასმული ბერძნული ზმნა ხედვას, ყურებას ნიშნავს: (1) καὶ ἀποκριθεὶς ὁ Ἰησοῦς εἶπεν αὐτοῖς πορευθέντες ἀπαγγείλατε Ἰωάννῃ ἃ ἀκούετε καὶ βλέπετε. შდრ. "ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ". მთ. 11.4; (2) Καὶ ἔλεγεν αὐτοῖς• βλέπετε τί ἀκούετε. შდრ. "და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის". მრ. 4.24; ამჯერად წარმოდგენილ ორ მაგალითს ვიკმარებთ, რადგან შესაძლებელია აურაცხელი რაოდენობის მსგავსი ბიბლიური ციტატების მოხმობა; მაგრამ საქმე ისაა, რომ ხაზგასმული ბერძნული ტერმინი ქართველი მთარგმნელების მიერ შესაბამის კონტექსტში განსხვავებული შინაარსითაც გადმოიცემოდა: (1) καὶ ἀποκριθεὶς ὁ Ἰησοῦς εἶπεν αὐτοῖς• βλέπετε μή τις ὑμᾶς πλανήσῃ. შდრ. "მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ". მთ. 24.4; (2) Καὶ ἐν τῇ διδαχῇ αὐτοῦ ἔλεγεν• βλέπετε ἀπὸ τῶν γραμματέων τῶν θελόντων ἐν στολαῖς περιπατεῖν καὶ ἀσπασμοὺς ἐν ταῖς ἀγοραῖς. შდრ. "და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა". მრ. 12.38; ჩვენ მოცემულ შემთხვევაში ვინარჩუნებთ ძველ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციას და აქაც და რიგ სხვა შესაბამის ადგილზე აღნიშნულ ზმნას "კრძალვად" ვთარგმნით.

61 - "მდიდრებმა მშივრები მოიძიეთ" (οὖν ἐκζητεῖτε τοὺς πεινῶντασοἱ ὑπερέχοντες). ხაზგასმული ბერძნული მიმღეობა მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან ὑπερέχω, რაც სხვაზე გამორჩეულს, აღმატებულს ნიშნავს ანუ მოცემულ კონტექსტში - ის, ვინც ღარიბებზე მეტ მატერიალურ კეთილდღეობას ფლობს. ამ შინაარსის გათვალისწინებით, ჩვენ მითითებული მიმღეობა "მდიდრებად" ვთარგმნეთ.

62 - შდრ. ἀγαθοποιεῖν.

63 - იგულისხმება, რომ არ ექნებათ ადგილი კოშკში (შდრ. ...οὐχ ἕξετε τόπον).

64 - არ დაიკვნესებენ ზეცაში (შდრ.: "ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები." ლკ. 16.25).

65 - "მათი სულთქმა უფალთან აღიწევა" (ὁ στεναγμὸς αὐτῶν ἀναβήσεται πρὸς τὸν κύριον). წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად უპოვარი ადამიანების გარდაცვალებამდე მდგომარეობაზე, მათ ამასოფელში წილნახვედრ მძიმე ბედზეა მითითება.

66 - "...თქვენს სიკეთეებთან ერთად განიდევნებით კოშკის კარს გარეთ" (ἐκκλεισθήσεσθε μετὰ τῶν ἀγαθῶν ὑμῶν ἔξω τῆς θύρας τοῦ πύργου). ხაზგასმულ სიტყვაში ამაქვეყნიური სიმდიდრე იგულისხმება.

67 - შდრ. νῦν οὖν ὑμῖν λέγω τοῖς προηγουμένοις τῆς ἐκκλησίας καὶ τοῖς πρωτοκαθεδρίταις. ხაზგასმული ბერძნული ტერმინი (ἡ πρωτοκαθεδρίτης) პირველ, წინა ადგილზე მჯდომს ნიშნავს. ჩვენ მიერ გამოყენებული ქართული შესატყვისი "მოთავე" ზედმიწევნით გადმოსცემს ბერძნულ სიტყვაში ნაგულისხმევ შინაარსს (ინგლ. Wherefore I now say to you who preside over the Church and love the first seats. ფრანგ. Je m' adresse maintenant aux chefs de I' Eglise et à ceux qui occupent les premiers rangs).

68 - სიტყვ. "გრძნეულები".

69 - შდრ. Τί σὺ ὑπὸ χεῖρα αἰτεῖς ἀποκαλύψεις ἐν δεήσει. ბერძნულ ტექსტის ხაზგასმული ნაწილი მოხელთებას, ხელქვეშ მოქცევას, საკუთარი თავისთვის განკუთვნას გულისხმობს (χείρ - ხელი; ὑπὸ - ქვეშ). ჩვენ მითითებული ადგილი განკუთვნად ვთარგმნეთ ("რატომ ითხოვ შენს ვედრებაში, რომ გამოცხადებები განიკუთვნო?"), რაც ზედმიწევნით გადმოსცემს ბერძნულის შინაარსს.

70
- იგულისხმება, რომ ღვაწლი, რის შედეგადაც ერმს გამოცხადება ეძლევა, საკმაოდ მძიმეა (les austérités qui préparent les visions sont physiquement redoutables. Sources Chrétiennes; Hermas le Pasteur, Paris, 1968, p. 127, nt. 3).

71
- სიტყ. "გამოცხადებები" (μήτι δύνῃ ἰσχυροτέρας ἀποκαλύψεις ὧν ἑώρακας ἰδεῖν).

72 - შდრ. ὅτι τὸ πνεῦμα ὑμῶν πρεσβύτερον καὶ ἤδη μεμαραμμένον... ინგლ. Because your spirit is now old... ფრანგ. Parce que votre esprit était vieilli...

73 - სიტყ. "განალხება" (ὥσπερ γὰρ οἱ πρεσβύτεροι, μηκέτι ἔχοντες ἐλπίδα τοῦ ἀνανεῶσαι...). ხაზგასმული, ინფინიტივით წარმოდგენილი ბერძნული სიტყვა მომდინარეობს ზმნისგან ἀνανεόομαι, რაც განახლებას, აღდგენას ნიშნავს. მოცემულ კონტექსტში იგულისხმება, რომ ასაკოვანი ადამიანის ფიზიკური გაახალგაზრდავება შეუძლებელი მოვლენაა.

74 - "თუ არა საკუთარ განსვენებაზე" (οὐδὲν ἄλλο προσδοκῶσιν εἰ μὴ τὴν κοίμησιν αὐτῶν). ხაზგასმული ბერძნული სიტყვა (ἡ κοίμησις) წოლას, ძილს ნიშნავს, რაც ჩვენ "განსვენებად" ვთარგმნეთ (შდრ. ინგლ. and expect nothing but their last sleep...).

75 - მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა θραύω (ἀλλά ἐθραύσθη ὑμῶν ἡ διάνοια). ხაზგასმული ბერძნული ზმნა ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, დამხობა (შდრ. ინგლ. Your spirit therefore is broken... ფრანგ. aussi votre coeur a été brisé et les chagrins vous ont vieillis). ჩვენ თარგმანში ძველ ქართულ შესატყვისს ("სრვაჲ") ვინარჩუნებთ: (1) ἡ δεξιά σου χείρ κύριε ἔθραυσεν ἐχθρούς. შდრ. "მარჯუენემან ხელმან შენმან უფალო, მოსრნა მტერნი". გამოს. 15.6; (2) καὶ εἶπεν τοῦ ἐξολεθρεῦσαι αὐτούς εἰ μὴ μωυσῆς ὁ ἐκλεκτὸς αὐτοῦ ἔστη ἐν τῇ θραύσει ἐνώπιον αὐτοῦ τοῦ ἀποστρέψαι τὴν ὀργὴν αὐτοῦ τοῦ μὴ ἐξολεθρεῦσαι. შდრ. "და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი." ფს. 105.23; (3) καὶ ἔστη φινεες καὶ ἐξιλάσατο καὶ ἐκόπασεν ἡ θραῦσις. შდრ. "და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვაჲ". ფს. 105.30.

76 - შდრ. ...εἰ μὴ τὴν ἐσχάτην ἡμέραν τῆς ζωῆς αὐτοῦ. იგულისხმება გარდაცვალების დღე.

77 - "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი περιχαρὴς (ἀκούσας δὲ ἐξηγέρθη καὶ περιχαρὴς γενόμενος ἐνεδύσατο τὴν ἰσχύν). ხაზგასმული სიტყვის შინაარსი დიდ, უსაზღვრო სიხარულს გულისხმობს, რაც ჩვენ ვთარგმნეთ როგორც ფრიად გახალისებული (ინგლ. and hearing of this, he rises up, and becoming exceeding joyful, he puts on strength...).

78 - შდრ. εἶτα ἐξαίφνης κατελείφθη αὐτῷ κληρονομία, ἀκούσας δὲ ἐξηγέρθη καὶ περιχαρὴς γενόμενος ἐνεδύσατο τὴν ἰσχύν, καὶ οὐκέτι ἀνάκειται, ἀλλὰ ἕστηκεν, καὶ ἀνανεοῦται αὐτοῦ τὸ πνεῦμα τὸ ἤδη ἐφθαρμένον ἀπὸ τῶν προτέρων αὐτοῦ πράξεων, καὶ οὐκέτι κάθηται, ἀλλὰ ἀνδρίζεται.

79 - სტადიონი სიგრძის საზომი ერთეულია და 186 მეტრს ნიშნავს.

80
- მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება სიტყვა πούς (ἦν δὲ τὸ θηρίον τῷ μήκει ὡσεὶ ποδῶν ρ, τὴν δὲ κεφαλὴν εἶχεν ὡσεὶ κεράμου). ხაზგასმული ბერძნული სიტყვა (ὁ πούς) ქართულად ფეხს ნიშნავს, თუმცა იგი შესაბამის კონტექსტში სიგრძის საზომი ერთეულის, ფუტის, მნიშვნელობითაც გამოიყენება და სწორედ ამ შინაარსით გადმოიცემა მოცემულ შემთხვევაში (ერთი ფუტი უდრის 308.3 მილიმეტრს; შესაბამისად, ერმის მიერ მითითებული მანძილი არასრული 31 მეტრია). შდრ. ინგლ. but the size of that beast was about a hundred feet, and it had a head like an urn.

81
- შდრ. τὴν δὲ κεφαλὴν εἶχεν ὡσεὶ κεράμου. ფრანგ. tete avait le calibre d' une grosse jarre. რუს. а голова была подобна глиняному сосуду.

82 -  ოცდაათი ფუტი დაახლოებით 9 მეტრია.

83 - შდრ. ἐν μίτρᾳ δὲ ἦν ἡ κατακάλυψις αὐτῆς: εἶχεν δὲ τὰς τρίχας αὐτῆς λευκάς. მიტრად ბერძენი მანდილოსნების თავსაბურავი იწოდებოდა (La "mitre" est aussi le bonnet des femmes grecques. Sources Chrétiennes; Hermas le Pasteur. Paris, 1968; p. 136, nt. 1); "ძველ საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავსაკრავს, თავზე წასაკვრელ ფართო ბაბთას, რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა" (ე. გაბიძაშვილი, ძველი ქართული ნათარგმნი მწელობის ძეგლები; თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობა; V, თბ. 2011; გვ. 66). იგულისხმება, რომ თეთრებში მოსილ ქალწულს თავსაბური (მიტრა) ჰქონდა შემოხვეული.

84 - შდრ. διὰ τοῦτο ὁ κύριος ἀπέστειλεν τὸν ἄγγελον αὐτοῦ τὸν ἐπὶ τῶν θηρίων ὄντα, οὗ τὸ ὄνομά ἐστιν Θεγρί. "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში ხაზგასმული სიტყვა (θηρίον - მხეცი) მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული. მასში არა მარტო ერმის მიერ ნანახი ცხოველი, არამედ ზოგადად - უკეთური ძალა მოიაზრება (ამიტომაცაა წარმოდგენილი მრავლობითი რიცხვით). ერმს განემარტება, რომ უფალი თავისი მცნებების ერთგულთ წმინდა ანგელოზის საშუალებით იცავს და იფარავს.

85 - მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა φράσσω, φράττω (καὶ ἐνέφραξεν τὸ στόμα αὐτοῦ). აღნიშნული ზმნის ძველი ქართული შესატყვისია დაყოფა (დაუყო) ანუ დახშვა, დახურვა: καὶ συνήγαγεν λαὸν πολὺν καὶ ἐνέφραξεν τὰ ὕδατα... შდრ. "და შეკრიბეს ერი მრავალი და დაყუნეს წყალნი...". II ნეშტ. 32.4; αὐτὸς εζεκιας ἐνέφραξεν τὴν ἔξοδον τοῦ ὕδατος γιων τὸ ἄνω... შდრ. "ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისაჲ მის გესონისა ზემოჲსი..." II ნეშტ. 32.30; ὁ Θεός μου απέστειλεν τὸν ἅγγελον αὐτοῦ, καὶ ἐνέφραξεν τὰ στόματα τῶν λεόντων. შდრ. "ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაუყვნა პირნი ლომთანი". დამ. 6.22 (ინგლ. and whose name is Thegri, and has shut up its mouth so that it cannot tear you).

86 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა λυμαίνω (διὰ τοῦτο ὁ κύριος ἀπέστειλεν τὸν ἄγγελον αὐτοῦ τὸν ἐπὶ τῶν θηρίων ὄντα... καὶ ἐνέφραξεν τὸ στόμα αὐτοῦ, ἵνα μή σε λυμάνῃ). მიუხედავად იმისა, რომ მისი ძვ. ქართული შესატყვისია განრყუნა (καὶ δῶρα οὐ λήμψῃ τὰ γὰρ δῶρα ἐκτυφλοῖ ὀφθαλμοὺς βλεπόντων καὶ λυμαίνεται ῥήματα δίκαια. შდრ. "და ქრთამი არა მოიღო, რამეთუ ქრთამმან დააბრმნის თუალნი მხედველთანი და განრყუნნის სიტყუანი მართალნი". გამ. 23.8), უძველეს ქართულ ბიბლიურ თარგმანებში დანიელის წიგნში, იგივე ზმნა განსხვავებული მნიშვნელობითაა გადმოცმეული: ὁ Θεός μου απέστειλεν τὸν ἅγγελον αὐτοῦ, καὶ ἐνέφραξεν τὰ στόματα τῶν λεόντων, καὶ οὐκ ἐλουμήναντο με... შდრ. "ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაუყვნა პირნი ლომთანი. და არა შემჭამეს მე...". დან. 6.23; კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც დანიელ წინასწარმეტყველის ლომების ხაროში ჩაგდების შესახებაა მოთხრობილი, ქართველმა მთარგმნელმა გამოიყენა ზმნა "არა შემჭამეს".

87 - შდრ. ἐὰν οὖν προετοιμάσησθε καὶ μετανοήσητε ἐξ ὅλης καρδίας ὑμῶν πρὸς τὸν κύριον...

88 - შდრ. ἀποστρέφει τὴν ὀργὴν αὐτοῦ ἀφ' ὑμῶν.

89 - შდრ. οὕτως καὶ ὑμεῖς δοκιμάζεσθε οἱ κατοικοῦντες ἐν αὐτοῖς. იგულისხმება, რომ ისინი, ვინც წუთისოფელს სულიერად განუდგნენ, მაგრამ ამავე დროს ამასოფელში ხორციელად მკვიდრობენ, უამრავ დევნა-შევიწოროვებას დაითმენენ, რაც მათ მეტად განამტკიცებს და სულიერ მხნეობას შეჰმატებს. მითითებულ ადგილს კარგად ეხმიანება ეპისტოლე დიოგნეტესადმი: "ქრისტიანები არც საცხოვრებელი ადგილით, არც მეტყველებით, არც ჩვეულებებით არ განირჩევიან სხვათაგან. ისინი არც სადმე კერძო ქალაქებში სახლობენ, არც სხვა ენაზე მეტყველებენ, არც რაღაც უჩვეულო ცხოვრების წესს მისდევენ... ხორციელნი არიან, თუმცა ხორცის მიხედვით არ ცხოვრობენ. მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასა შინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე. უყვართ ყველანი და ყველასაგან იდევნებიან..." (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა; ეპისტოლე დიოგნეტესადმი; ტ. I; თბილისი, 1990 წ.; გვ. 15).

90 - შდრ. οἱ οὖν μείναντες καὶ πυρωθέντες ὑπ' αὐτῶν καθαρισθήσεσθε.

91 - შდრ. οὕτω καὶ ὑμεῖς ἀποβαλεῖτε πᾶσαν λύπην καὶ στενοχωρίαν. ხაზგასმული ბერძნული ტერმინის ქართული შესატყვისია იწროებაჲ: (1) θλῖψις καὶ στενοχωρία ἐπὶ πᾶσαν ψυχὴν ἀνθρώπου... შდრ. "ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა..." რომ. 2.9; (2) τίς ἡμᾶς χωρίσει ἀπὸ τῆς ἀγάπης τοῦ Χριστοῦ; θλῖψις ἢ στενοχωρία ἢ διωγμὸς ἢ λιμὸς ἢ γυμνότης ἢ κίνδυνος ἢ μάχαιρα. შდრ. "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?" რომ. 8.35.

92 - სიტყვ. "შენ კი ნუ შეწყვეტ უწყებას წმინდანთა სასმენელისადმი" (σὺ οὖν μὴ διαλίπῃς λαλῶν εἰς τὰ ὦτα τῶν ἁγίων).

93 - შდრ. ἔχετε καὶ τὸν τύπον τῆς θλίψεως τῆς ἐρχομένης μεγάλης. ἐὰν δὲ ὑμεῖς θελήσητε, οὐδὲν ἔσται. ბერძნულ წინადადებაში დამაბოლოვებელი, ხაზგასმული ნაწილი მაქსიმალურად შემოკლებულადაა გადმოცემული, რის გამოც ზემოთ წარმოდგენილი განვრცობის გარეშე იგი მკითხველისთვის გაუგებარი დარჩება (სიტყ. "გაქვთ თქვენ სახე მომავალი დიდი დევნისა, ხოლო თუ თქვენ მოისურვებთ, არ იქნება"). ინგლ. This then is the type of the great tribulation that is to come. If ye wish it, it will be nothing.

94 - სიტყვ. "...რადგან ღრუბელი წარმოიშვა" (νέφος γὰρ ἐγένετο).

95 - ერმის პირველი წიგნი (ხილვები) ხუთ ხილვას მოიცავს. მათგან პირველი ოთხი ამავე სახელწოდებითაა წარმოდგენილი: ορασις α, ορασις β, ορασις γ, ορασις δ, ხოლო ბოლო, მეხუთე ნაწილის სათაური წინარე ოთხისგან განსხვავდება: 'Αποκάλυψις ε.

96 - "უპატიოსნეს ანგელოზში" მკვლევართა ნაწილი ყოვლადწმინდა სამების განკაცებულ მეორე ჰიპოსტასს - იესო ქრისტეს მოიაზრებს, ხოლო სხვანი მასში მიქაელ მთავარანგელოზის შესახებ ხედავენ მითითებას (იხ. Sources Chrétiennes; Hermas le Pasteur, Paris, 1968, p. 142, nt. 1).

97 - შდრ. ἵνα ὑπὸ χεῖρα ἀναγινώσκῃς αὐτὰς καὶ δυνηθῇς φυλάξαι αὐτάς. ბერძნული წინადადების ხაზგასმული ნაწილი ჩვენ ვთარგმნეთ როგორც "ხელდახელ". მითითებულ სიტყვაში იგულისხმება, რომ ერმმა ჩაწერილი სწავლება მუდმივად თან უნდა იქონიოს, რათა საჭიროების შემთხვევაში მაშინვე, დაბრკოლების გარეშე, დაუყოვნებლივ შეძლოს მისი ამოკითხვა (შდრ. ინგლ. that you may read them easily, and be able to keep them).

98 - შდრ. ἐν αὐταῖς πορευθῆτε καὶ ἐργάσησθε αὐτὰς ἐν καθαρᾷ καρδίᾳ...

99 - შდრ. ἀπολήμψεσθε παρὰ τοῦ κυρίου τὰ ἐναντία. საპირისპიროს მიღებაში იგულისხმება, რომ თუ ღვთის მცნებათა მორჩილი უფალს აღთქმულ სიკეთეებს ეწევა, ამავე მცნებების დამოუმორჩილებელი ადამიანი საკუთარ თავს მსჯავრს განუკუთვნებს (შდრ. ინგლ. then shall ye receive from the Lord the oppisite things).

100 - შდრ. ταῦτα φύλασσε καὶ... იგულისხმება ერმისთვის განსაცხადებელი მცნებების დაცვა.

101 - შდრ. πιστεύσας γὰρ καὶ σὺ αὐτὸς ἕξεις κατὰ τοῦ ἀδελφοῦ σου. ანუ განიკუთვნებ იმას, რაც განმკითხველს ერგება განკითხვის ცოდვისთვის.

102 - შდრ. ἀκατάστατον δαιμόνιόν ἐστιν, μηδέποτε εἰρηνεῦον. ინგლ. It never abides in peace.

103 - შდრ. σεμνότητα.

104 - მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება მიმღეობა διδοὺς (ὁ οὖν διδοὺς ἀθῷός ἐστιν). იგი ბერძნული ზმნისგან - δίδωμι მიცემას, გაცემას ნიშნავს. აღნიშნული მიმღეობა კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ ვთარგმნეთ როგორც "გამცემი" (ანუ ის, ვინც უშურველად ზრუნავს სხვაზე. შდრ. ინგლ. He, then, who gives is guiltless).

105 - სიტყვ. "უფალი" (შდრ. ὅτι ὁ κύριος ἀληθινὸς ἐν παντὶ ῥήματι).

106 - სიტყვ. "მიხილა მე მტირალი და მეუბნება" (ἰδὼν δέ με κλαίοντα λέγει).

107 - შდრ. πῶς οὖν, φημί, κύριε, δύναμαι ζῆσαι ταῦτα πράξας; ხაზგასმული ბერძნული ზმნის ინფინიტივი ζῆσαι (ზმნა - ζάω) ცხოვრებას, სიცოცხლეში ყოფნას ნიშნავს, რასაც ჩვენ აქაც და რიგ სხვა შემთხვევაშიც ცხონებად ვთარგმნით.

108 - შდრ. φύλασσε αὐτά, ἵνα καὶ τὰ πρότερα ἅ ἐλάλησας ψευδῆ ἐν ταῖς πραγματείαις σου, τούτων εὑρεθέντων ἀληθινῶν, κἀκεῖνα πιστὰ γένηται: δύναται γὰρ κἀκεῖνα πιστὰ γενέσθαι.

109 - შდრ. καὶ ὃς ἂν ἀκούσῃ τὴν ἐντολὴν ταύτην καὶ ἀπέξεται τοῦ πονηροτάτου ψεύσματος, ζήσεται τῷ θεῷ.

110 - შდრ. τῆς δὲ σῆς μνημονεύων πάντοτε γυναικὸς οὐδέποτε διαμαρτήσεις. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ერმს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი მეუღლე და მისდამი ერთგულება დაიმარხოს.

111
- სიტყვ. "რაჟამს ეს განზრახვა შენს გულში შევა, შესცოდავ; სხვა ამგვარი უკეთურებითაც ცოდვას მოუმუშაკებ" (შდრ. ἐὰν γὰρ αὕτη ἡ ἐνθύμησις ἐπὶ τὴν καρδίαν σου ἀναβῇ, διαμαρτήσεις, καὶ ἐὰν ἕτερα οὕτως πονηρά, ἁμαρτίαν ἐργάζῃ).

112 - შდრ. Κύριε, φημί, εἰ γυναῖκ ἔχῃ τις πιστὴν ἐν κυρίῳ καὶ ταύτην εὕρῃ ἐν μοιχείᾳ τινί, ἆρα ἁμαρτάνει ὁ ἀνὴρ συνζῶν μετ' αὐτῆς. უფალში მორწმუნე ცოლში საეკლესიო საიდუმლოთი (ჯვრისწერის გზით) ქმართან შეუღლებული მეუღლე იგულისხმება (შდრ. ინგლ. Sir, if any one has a wife who trusts in the Lord).

113 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა ἐπιμένω (ἐὰν δὲ γνοῖ ὁ ἀνὴρ τὴν ἁμαρτίαν αὐτῆς, καὶ μὴ μετανοήσῃ ἡ γυνή, ἀλλ' ἐπιμένῃ τῇ πορνείᾳ αὐτῆς), რაც დარჩენას, ლოდინს, მოცემულ შემთხვევაში კი, ცოდვაში შეგნებულად გაკერპებას გულისხმობს (შდრ. ინგლ. But if the husband know that his wife has gone astray, and if the woman does not repent, but persists in her fornication).

114 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში გვხვდება ტერმინი τό πάθος (ἐὰν ἐπιμείνῃ τῷ πάθει ἡ γυνή). მას ქართულ ენაშე მრავალი შესატყვისი ეძებნება: მოვლენა, შემთხვევა, ტანჯვა, ჭრილობა, განცდა, ვნება... მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბერძნული ტერმინი ვთარგმნეთ როგორც "ვნება", რითაც ორიგინალში ნაგულისხმევი შინაარსი ზედმიწევნით გადმოვეცით (εἰδέναι ἕκαστον ὑμῶν τὸ ἑαυτοῦ σκεῦος κτᾶσθαι ἐν ἁγιασμῷ καὶ τιμῇ, μὴ ἐν πάθει ἐπιθυμίας... შდრ. "ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა..." I თესალ. 4. 4-5). შდრ. ინგლ. What then, sir, is the husband to do, if his wife continue in her vicious practices? რუს. Что же делать, - спрасил я, - если жена будет оставаться в своем пароке?

115 - შდრ. 'Απολυσάτω, φησίν, αὐτήν, καὶ ὁ ἀνὴρ ἐφ' ἑαυτῷ μενέτω. წინადადების ხაზგასმული ნაწილი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, განმარტოებას გულისხმობს ანუ ქმარი ასეთ ცოლს უნდა გაეყაროს და მასთან აღარ იურთიერთობოს (ინგლ. The husband should put her away, and remain by himself. რუს. Пусть муж отпустит ее и останется один).

116 - შდრ. Ἐὰν οὖν, φημί, κύριε μετὰ τὸ ἀπολυθῆναι τὴν γυναῖκα μετανοήσῃ ἡ γυνὴ καὶ θελήσῃ ἐπὶ τὸν ἑαυτῆς ἄνδρα ὑποστρέψαι, οὐ παραδεχθήσεται; დასმულ კითხვაში იგულისხმება, რომ ქმარმა უნდა შეიწყნაროს თუ არა შემცოდე და მოგვიანებით ამ საქციელისთვის მონანიე ცოლი.

117 - διὰ τὴν μετάνοιαν οὖν οὐκ ὀφείλει γαμεῖν ὁ ἀνήρ. იგულისხმება, რომ ქმრისგან განრიდებულმა ცოლმა ჩადენილი საქციელი შესაძლოა, მომავალში შეინანოს და, შესაბამისად, ერმისთვის განცხადებული მცნების თანახმად, ნება ეძლევა, კვლავ დაუბრუნდეს საკუთარ მეუღლეს.

118 - "მწყემსის" რუსულ ტექსტს მითითებულ ადგილზე დართული აქვს შენიშვნა, რომელიც გვატყობინებს, რომ წარმართების მსგავსად მოქცევა კერპების თაყვანისცემასა და მათ მიმართ აღვლენილ მსხვერპლს გულისხმობს (То есть поклоняется идолам, совершает жертвоприношения. http://krotov.info/acts/02/01/erm.html).

119 - შდრ. δύναται γὰρ ἐν τοῖς τοιούτοις μετάνοια εἶναι. ხაზგასმულ ნაცვალსახელში განმარტოებით დარჩენილი ცოლ-ქმარი მოიაზრება და საუბარია იმაზე, რომ მარტო დარჩენილ შემცოდეს შესაძლებლობა ეძლევა, აღსრულებული ცოდვის სიმძიმეზე დაფიქრდეს და სინანულით განიწმინდოს. ერმისთვის განცხადებული მცნების თანახმად, ასეთ შემთხვევაში ნებადართულია ორ მხარეს შორის დარღვეული კავშირის კვლავ აღდგენა.

120 - სინანულის ანგელოზი ერმს განუმარტავს, რომ ამგვარი დაშვება (უმძიმესი ცოდვების შემდეგ სინანულის შემთხვევაში ვალდებულება შერიგებისა) არ უნდა გახდეს ცოდვის აღსრულების მიზეზი (ანუ არ შეიძლება ადამიანი პატიებისა და შერიგების იმედით სცოდავდეს).

121 - მითითებული ნაცვალსახელი კრებსითად ყველა შემცოდეს აერთიანებს და აქაა აღნიშვნა იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს საღვთო კაცთმოყვარებით ძალუძს წარსულში ჩადენილი დანაშაულებების მონანიება.

122 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ზმნა συνέτισόν (συνέτισόν με, ὅτι λίαν ἄφρων εἰμὶ καὶ ὅλως οὐθὲν νοῶ). მისი ძველი ქართული შესატყვისია გულისხმისყოფა: (1) ὁδὸν δικαιωμάτων σου συνέτισόν με καὶ ἀδολεσχήσω ἐν τοῖς θαυμασίοις σου. შდრ. "გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა." ფს. 118.27; (2) συνέτισόν με καὶ μαθήσομαι τὰς ἐντολάς σου. შდრ. "გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი." ფს. 118.73; (3) Εγγισάτω ἡ δέησίς μου ἐνώπιόν σου κύριε κατὰ τὸ λόγιόν σου συνέτισόν με. შდრ. "მიეახლენ ლოცვაჲ ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე." ფს. 118.169. ხაზგასმული ქართული ზმნა შეცნობას, გაგებას, მიხვედრას ნიშნავს. მოცემულ კონტექსტში ჩვენ იგი განსწავლად ("განმსწავლე") ვთარგმნეთ.

123
- Ἐγώ, φησίν, ἐπὶ τῆς μετανοίας εἰμὶ καὶ πᾶσιν τοῖς μετανοοῦσιν σύνεσιν δίδωμι.

124 - შდრ. Ἤκουσα, φημί, κύριε παρά τινων διδασκάλων... ინგლ. "I heard, sir, some teachers...

125 - შდრ. ἐπεὶ δὲ πάντα ἐξακριβάζῃ, καὶ τοῦτό σοι δηλώσω, μὴ διδοὺ ἀφορμὴν τοῖς μέλλουσι πιστεύειν ἢ τοῖς νῦν πιστεύσασιν εἰς τὸν κύριον. οἱ γὰρ νῦν πιστεύσαντες ἡ μέλλοντες πιστεύειν μετάνοιαν ἁμαρτιῶν οὐκ ἔχουσιν, ἄφεσιν δὲ ἔχουσι τῶν προτέρων ἁμαρτιῶν αὐτῶν. მათში, ვინც ახლა ირწმუნა, მოიაზრებიან კათაკმევლები, რომელნიც, უძველესი საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ნათლისღებამდე განისწავლებოდნენ საღვთო მოძღვრებაში; ხოლო ისინი, ვინც უფალს მომავალში ირწმუნებს, ერმის მიერ ამ გამოცხადების მიღებისას ჯერაც ეკლესიის აგრეთ მყოფი ადმაიანები არიან, რომლებიც გარკვეულ ჟამს ეკლესიის წიაღში დამკვიდრდებიან. ერმს ეუწყება, რომ ის ფრთხილი იყოს მათთან ურთიერთობისას, რადგან რაჟამს ასეთნი ნათლისღების საიდუმლოს ძალას გულისხმაჰყოფენ (ანუ გაიგებენ იმას, რომ ნათლობით ადმაიანს ყველა ცოდვა მიეტევება), შესაძლოა, მათთვის ეს ცდუნების საბაბი გახდეს და საიდუმლოს ყოვლისშემმუსვრელი ძალით დაიმედებულებმა შეცოდებანი ამრავლონ.

126 - "ამ დღეთა უწინარეს ხმობილებში” იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც, ახლადმოქცეულთაგან განსხვავებით, ნათლისღების გზით დიდი ხნის წინ შეუერთდნენ ეკლესიას. სწორედ მათ განუწესა უფალმა აღსარების საიდუმლო, რადგან მიუხედავად ნათლობისას მიღებული ცოდვათა შენდობისა, ადამიანური უძლურებისა და უკეთური ძალის ზემოქმედების შედეგად, ისინი კვლავ ცოდვას დაემორჩილნენ.

127 - დიდ და წმინდა მოწოდებაში ნათლისღების საიდუმლო იგულისხმება  (შდრ. μετὰ τὴ κλῆσιν ἐκείνην τὴν μεγάλην καὶ σεμνὴν)

128 - შდრ. ἐὰν δὲ ὑπὸ χεῖρα ἁμαρτάνῃ καὶ μετανοήσῃ. წინადადების ხაზგასმული ნაწილი მოხელთებას, რაღაცის ხელში მოქცევას გულისხმობს. რადგან აღნიშნული ადგილი ცოდვის აღსრულების თაობაზე გვაუწყებს, ჩვენ იგი ვთარგმნეთ, როგორც ხელდახელ (სურვილის შესაბამისად ანუ მრავალგზის) შეცოდება (შდრ. but if he sin and repent repeatedly...).

129
- ერმისთვის გაცხადებული სწავლება მხოლოდ ერთგზის მონანიების შესახებ (შდრ. "ამ დიდი და წმინდა მოწოდების შემდეგ, რაჟამს ვინმე, დემონის მიერ განცდილი, შესცოდავს") არ უნდა გვესმოდეს პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სინანულის ანგელოზი არაერთგზის მიუთითებს ვიდრე გარდაცვალებამდე მიტევების შესაძლებლობაზე. მონანიების მხოლოდ ერთგზის განსაზღვრაში იგულისხმება, რომ არ შეიძლება სიწმინდის წიაღში მყოფი ადამიანი, რომელმაც იცის ცოდვის უკეთური მხარე, მრავალგზის დამოძღვრილია ეკლესიის ხუცესთაგან, მიუხედავად ყველაფრისა, შეგნებულად არღვევდეს ღვთის მცნებებს და გაკერპებული იყოს ვნებაში. სინანულის ანგელოზის სიტყვით, ასეთი "...ძნელად თუ ცხონდება" (შდრ. ἀλλὰ ἐγὼ σοι λέγω, φησί· μετὰ τὴ κλῆσιν ἐκείνην τὴν μεγάλην καὶ σεμνὴν ἐὰν τις ἐκπειρασθεὶς ὑπὸ τοῦ διαβόλου ἁμαρτήσῃ, μίαν μετάνοιαν ἔχει· ἐὰν δὲ ὑπὸ χεῖρα ἁμαρτάνῃ καὶ μετανοήσῃ, ἀσύμφορόν ἐστι τῷ ἀνθρώπῳ τῷ τοιούτῳ· δυσκόλως γὰρ ζήσεται).

130 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ხმნა ζῳοποιέω (შდრ. λέγω αὐτῷ· Ἐζωοποιήθην ταῦτα παρὰ σοῦ ἀκούσας οὕτως ἀκριβῶς), რაც ცხოველმყოფელობას, სიცოცხლის აღვსებას, განახლებას ნიშნავს.

131 - განმარტოებაში იგულისხმება, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქვრივი აღარ იქორწინებს სხვაზე.

132 - ბერძნულ ტექსტში გვხვდება ტერმინი εὐρυχωρία (ἀλλ’ ἐν εὐρυχώρῳ κατοικοῦν ἀγαλλιάσσεται). იგი ფართოს, განიერს, დიდი სივრცის მომცველს ნიშნავს. ჩვენ ხაზგასმული სიტყვა სისავსედ ვთარგმნეთ.

133 - შდრ. ἐὰν δὲ ὀξυχολία τις προσέλθῃ, εὐθὺς τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον, τρυφερὸν ὄν... ხაზგასმულ ბერძნულ ტერმინს აქ და რიგ სხვა შემთხვევაშიც აღგზნებად ვთარგმნით. მასში მრისხანების მყისიერი მოქმედება და ამ ფონზე გონებააშლილობამდე მისული სიბრაზე იგულისხმება (შდრ. ინგლ. But if any Against ill temper enter, at once the Holy Spirit... ფრანგ. Mais si arrive un accès de colère, tout de suit I'Esprit Saint... რუს. Если же найдет какой либо гнев, то Дух Святой...).

134
- შდრ. ἐὰν μὴ φυλάξῃ ἀπ’ αὐτῆς σὺ καὶ ὁ οἶκός σου, ἀπώλεσάς σου τὴν πᾶσαν ἐλπίδα. მოცემულ შემთხვევაში ერმს ანგელოზი უსაზღვრო რისხვის უკეთურებას განუმარტავს. სასოების განქარვებაში იგულისხმება, რომ თუკი ხსენებულმა ვნებამ ადამიანში ფესვი გაიდგა, ასეთი კარგავს საღვთო მოწყალების იმედს და სრულ სასოწარკვეთას ეძლევა.

135
- შდრ. ἱλαρά, ἀγαλλιωμένη, ἀμέριμνος οὖσα, δοξάζουσα τὸν κύριον ἐν παντὶ καιρῷ... ხაზგასმული ბერძნული ტერმინი საზრუნავის არქმონეს, უზრუნველს ნიშნავს. კონტექსტის თანახმად აქ უზრუნველობაში ამაო, ქვეყნის საქმეთა დატევება იგულისხმება.

136 - შდრ. εἶτα ἐκ τῆς ἀφροσύνης γίνεται πικρία, ἐκ δὲ τῆς πικρίας θυμός, ἐκ δὲ τοῦ θυμοῦ ὀργή, ἐκ δὲ τῆς ὀργῆς μῆνις.

137 - შდრ. ὅταν γὰρ ταῦτα τὰ πνεύματα ἐν ἑνὶ ἀγγείῳ κατοικῇ... ხაზგასმული ბერძნული სიტყვა (ἀγγεῖον; ἄγγυς) ჭურჭელს ნიშნავს. მასში მოცემულ შემთხვევაში ადამიანის სხეული იგულისხმება.

138
- შდრ. διπλαῖ γάρ εἰσιν αἱ ἐνέργειαι αὐτῶν. κεῖνται οὖν ἐπὶ δικαίῳ καὶ ἀδίκῳ. ორმაგ მოქმედებაში ჩამოთვლილ სათნოებათა საპირისპირო მდგომარეობა იგულისხმება. მაგ. რწმენა და ურწმუნოება; ღვთისმოშიშება და უკრძალველობა; თავშეკავება და თავშეუკავებლობა (ინგლ. For their powers are double, and have relation alike to the righteous and the unrighteous).    

139
- იგულისხმება ერთი მხრივ, ნათლისღების დროს ადამიანის მფარველად დადგენილი ანგელოზი. ის ნათელღებულს მარადის ღვთისსათნო ცხოვრებისკენ აწვევს, ხოლო მეორე მხრივ, დაცემული სული, რომელიც საღვთო მცნენებების უგულებელყოფისთვის აღძრავს ადამიანს.

140 - შდრ. ἐν ᾧ δὲ δύναμις οὐκ ἔστιν, οὐδὲ φόβος. ანუ არ უნდა გეშინოდეს იმის, ვინც უძლურია (მოცემულ შემთხვევაში საუბარია დაცემულ სულზე) და პირუკუ, უნდა ეკრძალებოდე იმას, ვინც ძლიერია.

141 - შდრ. σὺ οὖν καθάρισόν σου τὴν καρδίαν ἀπὸ πάντων τῶν ματαωμάτων τοῦ αἰῶνος τούτου καὶ τῶν προειρημένων σοι ῥημάτων καὶ αἰτοῦ παρὰ τοῦ κυρίου... წინარეგაცხადებულ სიტყვებში ის უარყოფითი ქმედებანი მოიაზრება, რის შესახებაც ერმს სინანულის ანგელოზმა ადრინდელი გამოცხადებისას აუწყა.

142
- შდრ. πάντως γὰρ διὰ πειρασμόν τινα ἢ παράπτωμά τι, ὃ σὺ ἀγνοεῖς, βραδύτερον λαμβάνεις τὸ αἴτημά σου. იგულისხმება დავიწყებული ცოდვა, რომელიც ადმაიანს აღარ ახსოვს.

143 - შდრ. ...σεαυτὸν αἰτιῶ καὶ μὴ τὸν διδόντα σοι. მოცემულ შემთხვევაში ბერნული წინადადების ხაზგასმულ ნაწილს ვთარგმნით, როგორც "არა" შენთვის მოცემაზე უარისმთქმელს". საუბარია იმაზე, რომ ორგულობითა და ეჭვით მვედრებელს ღმერთი სურვილს არ უსრულებს, რისთვისაც ადამიანმა არათუ უფალს, არამედ საკუთარ თავს უნდა აბრალოს.

144 - შდრ. καταφρόνησον οὖν τῆς διψυχίας καὶ κατακυρίευσον αὐτῆς ἐν παντὶ πράγματι... ხაზგასმული ბერძნული ტერმინი (κατακῦριεύω) რაღაცაზე ხელმწიფებას, რაიმეს დაუფლებას ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში, უკეთურ საქმეზე ხელმწიფება მის უარყოფას გულისხმობს.

145 - მითითებულ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა ἐκτρίβω (καταφθείρει τὸν ἄνθρωπον καὶ ἐκτρίβει τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον καὶ πάλιν σώζει). იგი განადგურებას, გაძევებას, წაშლას ნიშნავს. ძველი ქართული შესატყვისია აღჰჴოცვა (ἀνάστητε καὶ ἐξέλθατε ἐκ τοῦ τόπου τούτου ὅτι ἐκτρίβει κύριος τὴν πόλιν. შდრ. აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა (დაბ. 19.14).

146 - შდრ. οἱ μηδέποτε ἐρευνήσαντες περὶ τῆς ἀηθείας μηδὲ ἐπιζητήσαντες περὶ τῆς θεότητος... იგულისხმებიან ის ადმაიანები, რომლებსაც, ეკლესიის წიაღში ყოფნის მიუხედავად, ღმერთის ძიების სურვილი არასოდეს ჰქონიათ და ქვეყნიურ საზრუნავებზე ფიქრით კვლავ წუთისოფელს აღერევიან.

147 - შდრ. χερσοῦνται ანუ უნაყოფო ხდება.

148 - Ἄκουε οὖν, φησίν, ἀνόητε, πῶς ἡ λύπη ἐκτρίβει τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον καὶ πάλιν σώζει. ხაზგასმულ ბერძნულ ტერმინს (ἡ λύπη) მწუხარებად ვთარგმნით. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთსაა შეპირისპირებული მწუხარების ორი სახე (შდრ. "რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს". ἡ γὰρ κατὰ θεὸν λύπη μετάνοιαν εἰς σωτηρίαν ἀμεταμέλητον ἐργάζεται· ἡ δὲ τοῦ κόσμου λύπη θάνατον κατεργάζεται. II კორ. 7.10). წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით, "ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ" ზესთა სიცოცხლისკენ მიუძღვის მონანულს, ხოლო "სოფლისა ამის მწუხარებაჲ" ადამიანს აქვე, დედამიწაზე, მარადიული უბედურების თანაზიარს ხდის. ანგელოზისგან მიღებული განმარტების თანხმად, შესაძლებელია, ერთის გზით მეორეს ეუფლო და ის, რაც პიროვნებას დაღუპვისკენ მეწინამძღვრეობს, სასუფევლის მოსაპოვებლად თანაშეიწიო.

149 - მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ განრისხებულ ადამიანს ტოვებს წმინდა სული (საღვთო მადლი) და შემდეგში, რაჟამს ასეთს კვლავ რაიმე წარუმატებლობა შეემთხვევა, მანუგეშებელი სულის მიერ მიტოვებული ყოვლითურთ უკეთური ძალის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება და სწორედ მაშინ, თუკი გულისხმაჰყოფს, რომ წმინდა სულმა (საღვთო მადლმა), რომელიც მასში მკვიდრობდა და ყოველივე კეთილისკენ წინამძღვრობდა, ორგულობის გამო დაუტევა იგი, შეინანებს და კვლავ ისწრაფებს მასთან ერთობას. სწორედ ესაა "ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ".    

150 - შდრ. οὗτοι οὖν οἱ δίψυχοι ὡς ἐπὶ μάντιν ἔρχονται καὶ ἐπερωτῶσιν αὐτόν, τί ἄρα ἔσται αὐτοῖς. იგულისხმება, რომ აინტერესებთ, თუ რა ელით მომავალში.

151 - შდრ. ὁ γὰρ διάβολος πληροῖ αὐτὸν τῷ αὐτοῦ πνεύματι, εἴ τινα δυνήσεται ῥῆξαι τῶν δικάων. ხაზგასმული ბერძნული ზმნის ინფინიტივი (ზმნა - ῥήγνυμι) დამტვრევას, დამსხვრევას, დამხობას, გაგლეჯას ნიშნავს.

152
- შდრ. πᾶν γὰρ πνεῦμα ἀπὸ θεοῦ δοθὲν οὐκ ἐπερωτᾶται, ἀλλὰ ἔχον τὴν δύναμιν τῆς θεότητος ἀφ’ ἑαυτοῦ λαλεῖ π́πάντα, ὅτι ἄνωθέν ἐστιν ἀπὸ τῆς δυνάμεως τοῦ θείου πνεύματος. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ჭეშმარიტ წიმასწარმეტყველს კითხვის დასმის გარეშე ძალუძს მომავლის უწყება, რადგან ამას არა საკუთარი თავით, არამედ ყოვლისმცოდნე საღვთო სულის მეოხებით განაცხადებს; ხოლო ცრუ წინასწარმეტყველი, ვისთვისაც უცხოა მადლი ღვთისა, მხოლოდ კითხვების დასმისა და მათზე მიღებული პასუხების შედეგად ერთგვარ შეჯამებას ახდენს ყოველივე მოსმენილისას და ამის შედეგად, დემონის მიერ აღძრული, შემკითხველს პასუხობს.  

153 - შდრ. ἀπὸ τῆς ζωῆς δοκίμαζε τὸν ἄνθρωπον τὸν ἔχοντα τὸ πνεῦμα τὸ θεῖον. ბერძნულ წინადადების ხაზგასმული ნაწილი ჩვენ მოცემულ შემთხვევაში ვთარგმნით, როგორც "ცხოვრების წესი" (არსებითი სახელი ζωή და წინდებული ἀπὸ).

154
- შდრ. κολᾶται δὲ τοῖς διψύχοις καὶ κενοῖς καὶ κατὰ γωνίαν αὐτοῖς προφητεύει... ხაზგასმული ბერძნული სიტყვის (γωνία) შესატყვისია კუთხე. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ცრუ წინასწარმეტყველი დაფარულში, ჭეშმარიტი მორწმუნეებისაგან მალულად მოძღვრავს შემკითხველს (შდრ. ინგლ. prophesies to them in a corner).

155 - შდრ. καὶ τὸ πνεῦμα τὸ ἐπιγειον ἀπὸ τοῦ φόβου φεύγει ἀπ’ αὐτοῦ... ანუ უკეთური სული, რომელიც ამ ადამიანში მკვიდრობს, მოისმენს რა მართალთა მხურვალე ვედრებას, შიშით განელტვის მათ შესაკრებელს.

156 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში გვხვდება ზმნა συνθραύω (შდრ. καὶ κωφοῦται ὁ ἄνθρωπος ἐκεῖνος καὶ ὅλως συνθραύεται...). მისი ქართული შესატყვისია დამტვრევა, დამსხვრევა, დამხობა. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ცრუ წინასწარმეტყველის ყალბი ქმედებებით მოპოვებული სახელი ღვთის მადიდებელ ადამიანთა შორის ყოფნისას განქარდება და არარად წარმოჩინდება.

157 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში გვხვდება ტერმინი τό νεῦρον (ἄτονος γάρ ἐστιν ὥσπερ νεκροῦ νεῦρα). ხაზგასმული ბერძნული ტერმინის ძველი ქართული შესატყვისია ძარღჳ (ეზეკ. 37.8).

158 - შდრ. παραβολαιἁς ἑλάλησε μετ᾿ ἐμοῦ. ერმის მესამე წიგნის სათაურის ზედმიწევნითი თარგმანია "იგავები, რომლებიც თქვა ჩემთან ერთად (ჩემითურთ)". იგულისხმება, რომ ანგელოზისგან მიღებული იგავები ერმმა სხვებისთვის უნდა განაცხადოს და ამ საქმეში იგი უხორცო ძალთა თანაზიარი და თანამოღვაწეა. სწორედ ამ მნიშვნელობითაა წარმოდგენილი სათაურის ბოლო ნაწილი: "...ჩემთან ერთად (ანუ ჩემითურთ)". შედ. ლათ. Similitudines decem quas mecum locutus.

159 - "მწყემსის" ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი ὁ ἀγρός (εἰ οὖν οἴδατε, φησί, τὴν πόλιν ὑμῶν, ἐν ᾗ μέλλετε κατοικεῖν, τί ὧδε ὑμεῖς ἑτοιμάζετε ἀγροὺς…). მისი შესატყვისია აგარაკი, დაბა, სოფელი, ველი (καὶ πᾶς ὅστις ἀφῆκεν οἰκίας ἢ ἀδελφοὺς ἢ ἀδελφὰς ἢ πατέρα ἢ μητέρα ἢ τέκνα ἢ ἀγροὺς ἕνεκεν τοῦ ὀνόματός μου… შდრ. "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს…" მთ. 19.29; (2) καὶ οἱ βόσκοντες αὐτοὺς ἔφυγον καὶ ἀπήγγειλαν εἰς τὴν πόλιν καὶ εἰς τοὺς ἀγρούς. შდრ. "ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა". მრ. 5.14; (3) ἀπόλυσον αὐτούς ἵνα ἀπελθόντες εἰς τοὺς κύκλῳ ἀγροὺς. შდრ. "განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა". მრ. 6.36). მოცემულ კონტექსტში საუბარია ქვეყნიურ, მატერიალურ კეთილდღეობაზე. ჩვენ აღნიშნული ტერმინი ადგილ-მამულად ვთარგმნეთ.

160 - შდრ.  ἐρεῖ γὰρ ὁ κύριος τῆς πόλεως ταύτης... ამ ქალაქში (τῆς πόλεως ταύτης) წუთისოფელი მოიაზრება, ხოლო მისი უფალი (ὁ κύριος) ანუ ის, ვისაც საღვთო დაშვებით სოფელზე ძალმოსილება გააჩნია, უკეთური ძალაა (შდრ. "ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას". I იოან. 5.19).

161 - შდრ.  ἕνεκεν τῶν ἀγρῶν σου καὶ τῆς λοιπῆς ὑπάρξεως τὸν νόμον σου πάντως ἀπαρνήσῃ καὶ πορεύσῃ τῷ νόμῳ τῆς πόλεως ταύτης; ბერძნული წინადადების ხაზგასმულ ნაწილში - "შენეულ რჯულში" (τὸν νόμον σου) უზენაესის მიერ ადამიანისთვის ბოძებული საღვთო კანონები მოიაზრება.

162 - მოცემულ შემთხვევაში ადგილ-მამულებში, სიმდიდრესა და საცხოვრისებში (შდრ. βέλτιόν ἐστι τοιούτους ἀγροὺς ἀγοριζειν καὶ κτήματα καὶ οἴκους, οὓς εὑρήσεις ἐν τῇ πόλει σου, ὅταν ἐπιδημήσῃς εἰς αὐτήν) მარადიული ზეციური საუნჯე იგულისხმება (შდრ. "ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან". მთ. 6.20; "განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის". ლკ. 12.33;).

163 - Gr. μὴ παραχαράσσετε.

164 - Gr. Ἄλλη παραβολή. იგულისხმება იგავი მეორე.   

165 - ე. ი. ღარიბი მდიდართათვის ლოცვით აღასრულებს მსახურებას.

166 - იგულისხმება, რომ წუთისოფელში მკვიდრობისას მართალნი ერთი შეხედვით არაფრით სხვაობენ ცოდვილთაგან და საბოლოოდ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება საცნაური მათი მდგომარეობა. წარმოდგენილ მოსაზრებას კარგად ეხმიანება დიოგნეტეს ეპისტოლე: "ქრისტიანები არც საცხოვრებელი ადგილით, არც მეტყველებით, არც ჩვეულებებით არ განირჩევიან სხვათაგან. ისინი არც სადმე კერძო ქალაქებში სახლობენ, არც სხვა ენაზე მეტყველებენ, არც რაღაც უჩვეულო ცხოვრების წესს მისდევენ…" (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა; ეპისტოლე დიოგნეტესადმი; ტ. I;  თბილისი, 1990 წ.; გვ. 15).

167 - Gr. Ἄλλη παραβολή. იგულისხმება იგავი IV.

168 - შდრ. ὅταν οὖν ἐπιλάμψῃ τὸ ἔλεος τοῦ κυρίου... ღვთის წყალობის გამობრწყინებაში ქრისტეს მეორედ მოსვლა და მარადიული სასუფელის დამყარება მოიაზრება.

169 - შდრ. ἐὰν δὲ μίαν τις πρᾶξιν ἐργάσηται, δυναται καὶ τῷ κυρίῳ δουλεῦσαι· οὐ γὰρ διαφθαρήσεται ἡ διάνοια αὐτοῦ ἀπὸ τοῦ κυρίου, ἀλλὰ δουλεύσει αὐτῷ ἔχων καθαράν τὴν διάνοιαν αὐτοῦ. იგულისხმება, რომ იმ ადამიანის ჩანაფიქრს, ვინც მრავალსა და ამაო საზრუნავს უარყოფს და უმთავრესს ეძიებს, ღმერთი იწონებს (შდრ. "მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან". ლუკ. 10. 41-42).

170 - Gr. Ἄλλη παραβολή ε.

171 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი στατίων (Gr.  Ὅτι, φημί, κύριε, στατίωνα ἔχω), რასაც ჩვენ მედეგობად ვთარგმნით (ლათ. quoniam, domine, stationem habeo; ინგლ. I have a station; რუს. Потому, господин, что нахожусь на стоянии). აღნიშნული ტერმინი ნიშნავს მარხვის პერიოდს, როდესაც ქრისტიანები ერთად იკრიბებოდნენ (შდრ. Lampe: "στατίων, ἡ, (Lat. statio) period of fasting when Christians assembled together, of regular occurrence". A Patristic Greek Lexicon, Oxford 1961, p. 1251).

172 - მონამ, რომელსაც ბატონისგან მხოლოდ ვენახის გარშემოზღუდვა დაევალა, სხვა საქმის (ბალახის აღმოფხვრის) აუცილებლობაც გულისხმაჰყო და შეეძლო რა, ოდენ ბატონის მოთხოვნა აღესრულებინა, კეთილი აზრი არ უკუაგდო და გულმოდგინედ ბოლომდე იმუშაკა.

173
- Gr. ὁ οἰκοδεσπότης.

174 - შდრ. ἐὰν δέ τι ἀγαθὸν ποιήσῃς ἐκτὸς τῆς ἐντολῆς τοῦ θεοῦ, σεαυτῷ περιποιήσῃ δόξαν περισσοτέραν καὶ ἔσῃ ἐνδοξότερος παρὰ τῷ θεῷ οὗ ἔμελλες εἶναι. ἐὰν οὖν φυλάσσων τὰς ἐντολὰς τοῦ θεοῦ προσθῇς καὶ τὰς λειτουγίας ταύτας, χαρήσῃ, ἐὰν τηρήσῃς αὐτὰς κατὰ τὴν ἐμὴν ἐντολήν. იგულისხმება, რომ ერმმა ანგელოზისგან ნაუწყებ მცნებებთან ერთად სხვა სათნოებებიც უნდა აღასრულოს. მიღებული უწყება ზემოთ წარმოდგენილ იგავს ეხმიანება. კერძოდ, ბატონმა, რომელიც უცხოობაში მიდიოდა, საკუთარ მსახურს ვენახის გარემოზღუდვა განუწესა, ხოლო მსახურმა, გარდა მითითებული საქმისა, ბაღი გადაბარა და ბალახისგან გაწმინდა ანუ იმაზე მეტი იმუშაკა, რაც ბატონისგან დაევალა, და აღმატებული პატივის ღირსი შეიქნა, ძის თანამემკვიდრეობა განეკუთვნა (შდრ. "...ხოლო რაჟამს ღვთის მცნების გარდა რამ სიკეთეს აღასრულებ, საკუთარ თავს უაღმატებულეს დიდებას შესძენ და ღვთის წინაშე იმაზე უდიდებულესი იქნები, ვიდრე ისურვებდი").   

175 - მოცემულ შემთხვევაში ანგელოზი ერმს განუმარტავს, რომ მარხვისას საჭიროა გამოითვალო ყოველდღიური საკვების საფასური, რასაც ჩვეულებრივ, არასამარხვო დღეს საკუთარი თავისთვის გაიღებდი, და პურსა და წყალზე დახარჯული თანხის გარდა დანარჩენი შეჭირვებულ ადამიანებს უწილადო.

176 - იგულისხმება მამა ღმერთი.

177
- მოიაზრება მეორედ მოსვლამდე დარჩენილი დრო.

178 - შდრ.  τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον τὸ προόν... ხაზგასმულ ბერძნულ ტერმინს მოცემულ შემთხვევაში "დაუსაბამოდ” ვთარგმინით. იგი მყოფზე, არსებულზე უწინარესს ნიშნავს (წინდებული προ - უწინარესი; ὄν - მყოფი, არსებული). ინგლ. The holy, pre-existent Spirit... რუს. Дух Святой, прежде сущий...

179 - იგულისხმება სულიწმინდა.

180 - მოიაზრება სხეული, რომელშიც, გადმოცემული მოძღვრების თანახმად, სულიწმინდა დამკვიდრდა.

181 - წარმოდგენილი სწავლება სულიწმინდის შესახებ შეუსაბამოა მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, ვინაიდან საეკლესიო დოგმის თანახმად, კაცობრიობის გამოსახსნელად განკაცდა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი, ხოლო ერმი ანგელოზისგან გებულობს, რომ განკაცების საიდუმლო სულიწმინდის ჰიპოსტასზე აღესრულა (შდრ. "დაუსაბამო სულიწმინდა, ყოველი ქმნილის შემოქმედი, ღმერთმა იმ სხეულში დაამკვიდრა, რომელიც ისათნოვა". Gr. τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον τὸ προόν, τὸ κτίσαν πᾶσαν τὴν κτίσιν, κατῴκισεν ὁ θεὸς εἰς σάρκα ἢν ἠβούλετο. Ἄλλη παραβολή ε 59.(6).5).    

182 - შდრ. σύμβουλον οὖν ἔλαβε τὸν υἱὸν καὶ τοὺς ἀγγέλους τοὺς ἐνδόξους, ἵνα καὶ ἡ σὰρξ αὕτη, δουλεύσασα τῷ πνεύματι ἀμέμπτως, σχῇ τόπον τινὰ κατασκηνώσεως καὶ μὴ δόξῃ τὸν μισθὸν τῆς δουλείας αὐτῆς ἀπολωλεκέναι· πᾶσα γὰρ σὰρξ ἀπολήψεται μισθὸν ἡ εὑρεθεῖςα ἀμίαντος καὶ ἄσπιλος ἐν ᾗ τὸ πνεῦμα τὸ ἅγιον κατῴκησεν. მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმის შესახებ, რომ სხეული, რომელშიც სულიწმინდა დამკვიდრდა, ღვთისთვის გაწეული სამსახურის გამო გარკვეულ სასყიდელს მიიღებს (შდრ. "შესაბამისად, ის, კეთილად და უბიწოდ მცხოვრები და სულთან თანადამაშვრალი და ყოველ საქმეში თანამოქმედი, გამოირჩა რა სულიწმინდასთან ერთობისთვის, ძლიერად და მამაცურად მიმოიქცეოდა..." Gr.: πολιτευσαμένην οὖν αὐτὴν καλῶς καὶ ἁγνῶς καὶ συγκοπιάσασαν τῷ πνεύματι  καὶ συνεργήσασαν ἐν παντὶ πράγματι, ἰσχυρῶς καὶ ἀνδρείως ἀναστραφεῖσαν, μετὰ τοῦ πνεύματος τοῦ ἁγίου εἵλατο κοινωνόν: Ἄλλη παραβολή ε 59.(6).6). საეკლესიო სწავლების თანახმად, განკაცების საიდუმლო აღსრულდა მაშინ, როდესაც ყოვლადწმინდა სამების მეორე პირმა, ძე ღმერთმა, მარადისქალწულ მარიამისგან ჭეშმარიტად ხორცი შეისხა და სრული ადამიანური ბუნება მიიღო. მიუხედავად ორი ბუნების შეერთებისა, პირი ერთია და ესაა სამების მეორე ჰიპოსტასი. შესაბამისად, ეკლესიისთვის უცხოა ღვთის მიერ საკუთრივ მისივე სხეულისთვის, როგორც დამოუკიდებელი პირისადმი, რაიმე სახის სასყიდლის მინიჭების შესახებ მოძღვრება მისგან (ანუ სხეულისგან) ღვთისთვის გაწეული სამსახურის გამო.   

183 - შდრ.  βλέπε, μήποτε σου ἐπὶ τὴν καρδίαν ἀναβῇ τὴν σάρκα σου ταύτην φθαρτὴν εἶναι καὶ παραχρήσῃ αὐτῇ ἐν μιασμῷ τινί. იგულისხმება, რომ ერმს არ უნდა მიაჩნდეს, თითქოს გარდაცვალებით მისი სხეული საბოლოოდ დაასრულებს არსებობას და ამიტომაც შესაძლებელია, ვნებებით ტკბობას მიეცეს.    

184 - Gr.  βιωτικαί εἰσιν βάσανοι. ცხოვრებისეულ ტანჯვაში წუთისოფლად ადამიანზე მოწევნადი განსაცდელები მოიაზრება.

185
- შდრ. καὶ λέγουσιν ἑαυτοὺς μὴ εὐοδοῦσθαι ἐν ταῖς πράξεσιν αὐτῶν, καὶ οὐκ ἀναβαίνει ἐπὶ τὴν καρδίαν αὐτῶν ὅτι ἔπραξαν πονηρὰ ἔργα, ἀλλ’ αἰτῶνται τὸν κύριον. იგულისხმება, რომ ასეთი ადამიანის გული აღსრულებული უკეთურებების გამო სინანულს არ განიცდის, ხოლო წარუმატებლობაში ღმერთს ადანაშაულებს.  

186 - მოცემულ შემთხვევაში საუბარია ადამიანის მიერ აღსრულებული შეცოდებების წილ სიცოცხლეშივე მოწევნად განსაცდელებზე. ანგელოზი ერმს განუმარტავს, რომ შვებისა და სიამოვნებისას განცდილი კმაყოფილება მსწრაფლწარმავალია, ხოლო იმავე დროის მანძილზე გადატანილი სასჯელი წარუშლელ უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე.

187 - Gr. ἐλαφροτέρως.

188 - Gr. δοὺς αὐτοῖς σφραγῖδα. ბეჭდის მიცემაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება იგულისხმება (იხ. Sources Chrétiennes; hermas le Pasteur. Paris, 1968; p. 264, nt. 1)

189 - Gr. φιλόζωον τὸ γένος.

190 - იგულისხმებიან მოწამეები.

191 - წინარე შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად მითითებაა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ღვთის მცნებათა ერთგულების გამო დევნის და შეაჭირვებს წუთისოფელი, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მადლიერებით ერთგულებენ უფალს (შდრ. "ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა". მთ. 5. 11-12).

192 - ამჯერად მოიაზრებიან ისინი, რომლებიც ღვთის მცნებებისამებრ ცხოვრობენ, მაგრამ წინარე ორი შემთხვევისგან განსხვავებით, რჯულის მიზეზით მოწამეობრივი აღსასრული ან დევნა არ განუცდიათ.

193 - იგულისხმება ხალხი, რომელმაც თავიდან მწვანე და დაბზარული ტოტები დაუბრუნა მწყემსს და სწორედ ამიტომ მიეცათ მათ გარკვეული ჟამი გამოსასწორებლად.

194 - შდრ. ...μεγάλη καὶ ἔνδοξός ἐστιν, καὶ ἔδωκεν πνεῦμα τοῖς ἀξίοις οὖσι μετανοίας. იგულისხმება, რომ საიდუმლოთა მცოდნე ღმერთი გულწრფელად სულიერ ღვაწლს შედგომილ ადამიანს ჭეშმარიტი სინანულის უნარს ანიჭებს.

195 - შდრ. βλέπεις δὲ ἐξ αὐτῶν πολλοὺσμετανενοηκότας ἀφότε ἐλάλησα αὐτοῖς τὰς ἐντολάς μου· καὶ ἔτι μετανοήσωσιν. ὅσοι δὲ οὐ μετανοήσουσιν, ἀπώλεσαν τὴν ζωὴν αὐτῶν. ὅσοι δὲ μετενόησαν ἐξ αὐτῶν, ἀγαθοὶ ἐγένοντο, καὶ ἐγένετο ἡ κατοικία αὐτῶν εἰς τὰ τείχη τὰ πρωἡτα: τινὲς δὲ καὶ εἰς τὸν πύργον ἀνέβησαν. βλέπεις οὖν, φησίν, ὅτι ἡ μετάνοια τῶν' μαρτωλῶν ζωὴν ἔχει, τὸ δὲ μὴ μετανοῆσαι θάνατον. ტერმინში - "პირველი კედლები" (τὰ τείχη τὰ πρωἡτα) იგულისხმება ადგილი, სადაც, გადმოცემული მოძღვრების თანახმად, მონანულთა ნაწილი პოვებს სამკვიდრებელს, მაგრამ სინანულის ანგელოზი ერმს უცხადებს, რომ ამ ადგილიდანაც (ანუ პირველი კედლებიდან) სინანულის შემთხვევაში შესაძლებელია კოშკის უშინაგანეს ნაწილში მოხვედრა (შდრ. რუს. а некоторые вошли даже внутрь башни). აღნიშნულ ადგილთან დაკავშირებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ პირველ კედლებთან განთავსებულებში მოიაზრებიან მონანულნი, რომლებსაც, იმყოფებოდნენ რა ეპიტემიის ქვეშ, ეკრძალებოდათ ზიარება. ისინი ეკლესიის ზღურბლთან, გარეთ, ელოდნენ ტაძარში შესვლის უფლებას (იხ. Sources Chrétiennes; hermas le Pasteur. Paris, 1968; p. 278, nt. 1).

196 - Gr. ...ἀλλᾳ ἐμμένουσιν ἐν ταῖς πράξεσιν αὐτῶν, θανάτῳ ἀποθανοῦνται.. სეპტუაგინტა: ὅτι εἶπεν κύριος αὐτοις θανάτῳ ἀποθανοῦνται ἐν τῇ ἐρημῳ. შდრ. "რამეთუ ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა" (რიცხვ. 26.65). აღნიშნული შესიტყვება ("სიკვდილით აღესრულება") ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი მარადიულ წარსაწყმედელს მიეცემა.

197 - შდრ.  ἐν ταῖς ἐντολαῖς δὲ περὶ πρωτείων ἢ περὶ δόξης οὐκ ἔστιν, ἀλλὰ περὶ μακροθυμίας καὶ περὶ ταπεινοφροσύνης ἀνδρός. ἐν τοῖς τοιούτοις οὖν ἡ ζωὴ τοῦ κυρίου ἐν δὲ τοῖς διχοστάταις καὶ παρανόμοις θάνατος. სინანულის ანგელოზი ერმს განუმარტავს, რომ გაცხადებული მცნებები არათუ ვინმეზე უპირატესობისა და აღმატებულების საშუალებას იძლევა, არამედ პირიქით, მათი საშუალებით ადამიანი ძლიერ უნდა დამდაბლდეს და საკუთარი თავი სხვებზე უკან დააყენოს.     

198 - იგულისხმება, რომ ასეთი ადამიანები, მიუხედავად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისა, აღსრულებული სიკეთეების მიზეზით არ იმსახურებენ წარწყმედას.   

199 - იგულისხმება, რომ ერმმა გამოცხადებები საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად მიიღო. თავიდან, ზეციური საიდუმლოებანი ადამიანის, ასაკოვანი ქალის მიერ ეუწყა ("ხილვები" - წიგნი I); შემდეგ იგივე ერმი, მეტად განმტკიცებული, ვიდრე უწინ, გამოცხადებას ანგელოზისგან ღებულობს ("მცნებები" - წიგნი II და "იგავები" - წიგნი III).

200 - შდრ. τὸ δὲ ἕβδομον ὄρος εἶχε βοτάνας ἱλαράς, καὶ ὅλον τὸ ὄρος εὐθηνοῦν ἦν, καὶ πᾶν γένος κτηνῶν καὶ ὀρνέων ἐνέμοντο εἰς τὸ ὄρος ἐκεῖνο·. ხაზგასმული ბერძნული ტერმინის (ἱλαράς) ძირითადი მნიშვნელობაა "მხიარული", თუმცა იმავდროულად "ლამაზს, განსაცვიფრებელს, გასაოცარსაც" ნიშნავს (შდრ. ἱλαρός ά όν (ἵλαος) cheerful; merry..." A Greek-English Lexicon; compiled by Henry George Liddel and Robert Scott; with a revised supplement 1996; p. 827). ლათ. Septimus vero mons delectabiles habebat herbas, et totus fertilis erat.

201 - Gr. σύνδενδρον.

202 - Gr. στοῖχοι.

203 - Gr. κενόσπουδος.

204 - შავთეთრი ფერი მითითებულ ქვებს ადრინდელი შემოწმებისას ჰქონდათ. მოცემულ შემთხვევაში კი მწყემსი მათ ამჟამინდელ მდგომარეობას აკვირდება.

205 - Gr. λαμπροτάτους.

206 - იგულისხმება ძე ღმერთის განკაცება.

207 - Gr. περιτετειχισμένη.

208 - შდრ. Εἰ οὖν εἰς τὴν πόλιν οὐ δύνῃ εἰσελθεῖν εἰ μὴ διὰ τῆς πύλης ἧς ἔχει, οὕτω, φησί, καὶ εἰς τῆν βασιλείαν τοῦ θεοῦ ἄλλως εἰσελθεῖν οὐ δύναται ἄνθρωπος εἰ μὴ διὰ τοῦ ὀνόματος τοῦ υἱοῦ αὐτοῦ τοῦ ἠγαπημένου ὑπᾳ αὐτοῦ. ხაზგასმულ ნაცვალსახელებში მამა ღმერთი მოიაზრება.

209 - ანგელოზი ადრე ნანახ ხილვას იგონებს, რომლის თანახმადაც კოშკის დასათვალიერებლად ერმისთვის ჯერაც უცნობი ამავე კოშკის უფალი მოდიოდა: "…ვხედავ, მრავალი მამაკაცი მწყობრად მოემართება. შუაში ვიღაც კაცია, სიდიდით მაღალი, თითქოს კოშკზე აღმატებული. მშენებლობაზე დადგენილი ექვსი მამაკაცი მას მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდა. და ყველა, ვინც ნაგებობას აშენებდა, სხვებიც, მრავალი დიდებული, მის ირგვლივ იყო". (იგავი 83.(6).1.2).    

210 - ერმს აღნიშნული ქალწულები წინა ხილვისას ჰყავდა ნანახი: "კარის ირგვლივ თორმეტი ქალწული იდგა. მე კუთხეებთან მდგომი ოთხი [ქალწული] უფრო დიდებულად მეჩვენა, მაგრამ სხვებიც დიდებულები იყვნენ. კარის ოთხივე მხარეს იდგნენ, ხოლო მათ შორის კი - ორი-ორი ქალწული". ამჯერად ერმი ღებულობს განმარტებას, თუ რომელ სათნოებას განასახიერებს თითუეული მათგანი. შდრ. ἡ μὲν πρώτη Πίστις, ἡ δὲ δευτέρα Ἐγκράτεια, ἡ δὲ τρίτη Δύναμις, ἡ δὲ τετάρτη Μακροθυμία. ინგლ. The first is Faith, the second Continence, the third Power, the fourth Patience. რუს. первая зовется Верою, вторая — Воздержанием, третья — Мощью, четвертая — Терпением.

211 - შდრ. Ἁπλότης, Ἀκακία, Ἁγνεία, Ἱλαρότης, Ἀλήθεια, Σύνεσις, Ὁμόνοια, Ἀγάπη. ინგლ. Simplicity, Innocence, Purity, Cheerfulness, Truth, Understanding, Harmony, Love. რუს. Простота, Невинность, Целомудрие, Радость, Правдивость, Разумение, Согласие и Любовь.         

212 - შდრ. Ἀνάγκην, φησίν, εἶχον διᾳ ὕδατος ἀναβῆναι, ἵνα ζωοποιηθῶσιν· οὐκ ἠδύνατο γὰρ ἄλλως εἰσελθεῖν εἰς τὴν βασιλείαν τοῦ θεοῦ, εἰ μὴ τὴν νέκρωσιν ἀπέθεντο τῆς ζωῆς αὐτῶν τῆς προτέρας. საუბარია ქვებზე, რომლებიც ძველი აღთქმის მართალთ განასახიერებენ. მოცემულ შემთხვევაში მოუნათლავობა ‘ადრინდელი (ანუ ძველაღთქმისეული) ცხოვრების სიკვდილად” სახელდება.                                                                    

213 - შდრ. Ὅτι, φησίν, οὗτοι οἱ ἀπόστολοι καὶ οἱ διδάσκαλοι οἱ κηρύξαντες τὸ ὄνομα τοῦ υἱοῦ τοῦ θεοῦ, κοιμηθέντες ἐν δύναμει καὶ πίστει τοῦ υἱοῦ τοῦ θεοῦ ἐκήρυξαν καὶ τοῖς πορκεκοιμημένοις καὶ αὐτοὶ ἔδωκαν αὐτοῖς τὴν σφραγῖδα τοῦ κηρύγματος. ერმის 'მწყემსის" თანახმად, ძველი აღთქმის გარდაცვლილ მართალთა ნათლისღება მოციქულებისა და ჭეშმარიტების მასწავლებელი მოძღვრების მიერ იმოქმედება. ტექსტის თანახმად, ისინი გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიან და ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებენ.      

214 - შდრ. ἀλλᾳ οὗτοι μὲν ζῶντες κατέβησαν καὶ ζῶντες ἀνέβησαν· ἐκεῖνοι δὲ οἱ προκεκοιμημένοι νεκροὶ κατέβησαν, ζῶντες δὲ ἀνέβησαν. ცოცხლად ჩასულებსა და ცოცხლად ამოსულებში ახალი აღთქმის მართალნი (მოციქულები და მოძღვარნი) იგულისხმებიან, რომელთაც ამასოფელში ყოფნისას მიიღეს ნათლისღების საიდუმლო და ‘ბეჭედდასმულნი” მიიცვალნენ, ხოლო მკვდრებად შთასულებსა და ცოცხლებად აღმოსულებში ძველი აღთქმის მართალნი მოიაზრებიან, რომელნიც არ მოსწრებიან ქრისტეს და, შესაბამისად, მათზე ფიზიკურად (წყლის გამოყენებით) არც ნათლისღების საიდუმლო აღსრულებულა.  

215 - Gr. συνῳκοδομήθησαν.

216 - იგულისხმება, რომ თორმეტივე მთა, რომელთა შესახებაც ერმი განმარტებას მიიღებს, ადამიანთა სულიერი მდგომარეობის სიმბოლოდაა წარმოდგენილი.

217 - ე. ი. ნათელღებულნი.  

218 - იგულისხმება, რომ ამ ადამიანთა მიერ აღსრულებული საქმეები მსგავსია პირველი მთის შემთხვევაში წარმოდგენილი საქმეებისა.

219 - შდრ. …ἐδίδαξεν ἕκαστος κατὰ τὰς ἐπιθυμίας τῶν ἀνθρώπων τῶν ἁμαρτανόντων. ე. ი. ასეთი ადამიანები, ვერცხლისმოყვარების სურვილით აღძრულნი, მავანთა განსწავლისას, ნაცვლად მხილებისა და სინანულისკენ მოწოდებისა, მაამებელ სიტყვებს წარმოთქვამდნენ გამორჩენის მიზნით.  

220 - Gr. πνιγόμενοι. ანუ სულიერ უნაყოფობაში იმყოფებიან.

221 - "ზეაღირბინონ" (Gr. ἀναδράμωσιν) ე. ი. უწინდელი უმოქმედობის დროს აღემატონ.

222 - შდრ. ἐπαινοῦσι δὲ ἑαυτοὺς ὡς σύνεσιν ἔχον τας καὶ θέλουσιν ἐθελοδιδάσκαλοι εἶναι, ἄφρονες ὄντες. ხაზგასმული ბერძნული სიტყვა (ἐθελοδιδάσκαλος) თვითმარქვია მოძღვარს, მასწავლებელს ნიშნავს (შდრ. Lampe: ἐθελοδιδάσκαλος, ὁ,  self-appointed teacher". A Patristic Greek Lexicon, Oxford 1961, p. 406).

223 - Gr. τὴν ὑψηλοφροσύνην. იგულისხმება ამპარტავნული, ამაღლებული წარმოდგენა საკუთარ თავზე.

224 - Gr. μονάζοντες.

225 - შდრ. καὶ τοῦτο οὐκ εἰς ταύτας τὰς ἡμέρας λέγω, ἵνα τις ἀρνησάμενος μετάνοιαν λάβῃ... ბერძნულ ტექსტში ხაზგასმული სიტყვა ‘უარმყოფელი” (ἀρνησάμενος) მომავალი დროის მიმღეობითაა წარმოდგენილი (ზმნა - ἀρνέομαι). მოცემულ შემთხვევაში ხაზგასმაა იმისა, რომ თუკი მავანი ფიქრობს, მომავალში, დევნისას, ღმერთს უარყოფს და მოგვიანებით, როდესაც ეს განსაცდელი გაივლის, კვლავ აღმსარებელი გახდება, ასეთისთვის სინანული შეუძლებელია; მაგრამ ისინი, რომლებიც ღმერთს ადრე განუდგნენ, პოვებენ მონანიების შესაძლებლობას.    

226
- Gr. εὐειδέστεροί.

227
- შდრ. …ἀλλὰ πάντοτε ἐν νηπιότητι διέμειναν. ე. ი. სულიერ ყრმობას ანუ უზაკველობას ინარჩუნებენ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ორჟონიამ
ჟურნალი "გული გონიერი", N2-
N3, 2011 წ.; N1, 2012 წ. მესამე ნაწილი: სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები, III, 2012 წ.

დასასრული