† ანტონი დიდი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმიდა ანტონი დიდი დაიბადა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ჰერაკლეოპოლის სოფელ კომაში 251 წელს. მისი მშობლები დიდგვაროვანი და კეთილმსახური კოპტელი ქრისტიანები იყვნენ. მათი მცდელობით, მომავალი წმიდანი, ოჯახურ სიმყუდროვეში იზრდებოდა და იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა მცირერიცხოვან ნაცნობთა წრესთან და გარე სამყაროსთან, რის გამოც მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს და დღითი დღე წარემატებოდა ღვთისმოშიშებაში. სიყმაწვილის წლებში არ ესწრაფებოდა მეცნიერული ცოდნის შეძენას, არც თანატოლებთან დაახლოებას, რადგან არ იზიდავდა ამ ასაკისთვის საიტერესო სხვადასხვა სახის გასართობი. მისი საყვარელი საქმიანობა იყო ეკლესიაში მშობლებთან ერთად სიარული და იქ წაკითხული წმინდა წერილის გულისყურით მოსმენა. ანტონი თანატოლებისაგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ არასდროს სთხოვდა სასურველ ტკბილეულს და ყოველთვის იმით კმაყოფილდებოდა, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. მის მთავარ საზრდოს კი წმინდა წერილით გადმოცემული უფლის მცნებები წარმოადგენდა.

ნეტარი ანტონი 20 წლის იყო, მშობლები რომ გარდაეცვალა. დარჩა თავის მცირეწლოვან დასთან ერთად და მას შემდეგ, მის მთავარ საზრუნავს დის ღირსეულად აღზრდა და სახლის მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. ჩვეულებისამებრ, ნეტარი ანტონი კვლავაც აგრძელებდა ტაძარში ხშირად სიარულს, სადაც წმინდა წერილიდან, არცთუ იშვიათად ესმოდა, თუ როგორ დაუტევეს მოციქულებმა ყველაფერი და გაჰყვნენ მაცხოვარს „საქმე მოციქულთა“ კი ამცნობდა, რომ მრავალმა ქრისტიანმა გაყიდა ყოველივე რაც ებადა და აღებული თანხა უკლებლივ გადასცა მოციქულებს. სხვადასხვა საჭიროებისათვის: „და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, გაჰყიდეს და მოაქუნდა სასყიდელი გასყიდულთა მათ, და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცადკაცადსა, რა ცა ვის უხმდა“ (საქ. მოც. 4, 34-35).

ანტონი ხშირად ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცე სარწმუნოება ჰქონდათ უფლის მიმართ ამ ადამიანებს და როგორი დიდი ჯილდო ელოდათ ამისათვის ზეცაში. ერთხელ, ანტონი ამ ფიქრებში იყო გართული, ტაძარში შესვლისას წმინდა წერილის სიტყვები რომ შემოესმა, სადაც მაცხოვარი მდიდარ ახალგაზრდას მიმართავს: „ჰრქუა მას იესუ: უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19, 21). ანტონიმ ჩათვალა, რომ ეს სიტყვები თავად იესო ქრისტემ წარმოთქვა მის მიმართ. ამიტომ, ტაძრიდან გამოსვლისთანავე გაყიდა რაც კი ებადა. აღებული თანხა ღარიბებს დაურიგა, დიდი თანხის მცირე ნაწილი კი თავისი მცირეწლოვანი და უმწეო დისთვის გადაინახა. მის საკუთრებაში ასევე შედიოდა, ძალზედ ნაყოფიერი და საუკეთესო 300 ფინიკის პალმა, იმის გამო, რომ და და საკუთარი თავი მასზე ზრუნვისაგან გაენთავისუფლებინა, ისიც უსასყიდლოდ მეზობლებს გადასცა.

მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ანტონიმ კვლავ გაიგონა უფლის სიტყვები სახარებიდან: „ნუ ჰზრუნავ ხვალისათვის“ (მათ. 6, 34), ანტონი, მაშინვე გამოვიდა ტაძრიდან და დანარჩენი ქონების ნაწილიც გაყიდა, გარდა ამისა, აღარც სახლში დარჩენის სურვილი ჰქონდა, ამიტომ თავისი მცირეწლოვანი და, ქალწულ ქალთა კრებულს მიაბარა, რომლებიც თავისი წმინდა ცხოვრებით და ღვთისადმი მორჩილებით ქრისტიანებში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ვიდრე, ქრისტეს ეკლესიაში ქალთა სამონასტრო კერები გაჩნდებოდა, ქრისტიანი ქალების ის ნაწილი, რომლებსაც გადაეწყვიტათ, რომ ცხოვრება უფლისადმი მორჩილებაში გაეტარებინათ, ამ სახით ცხოვრობდნენ. გამოცდილი სულიერი წინამძღვრის ხელმძღვანელობით ძირითად დროს მდუმარებაში ატარებდნენ, ასევე ლოცვასა და სხვა სათნოებებში. მათი საცხოვრებელი ადგილი კი თავდაპირველად მოსახლეობაში, რომელიმე კერძო სახლი იყო. მორწმუნეები მათ დიდი სიყვარულის ნიშნად ეკლესიის სამკაულს უწოდებდნენ და ძალზედ ხშირად ეკლესია მათ ხემძღვანელობის გარკვეულ უფლებებსაც ანიჭებდა. ანტონის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავისი დაც მათი ცხოვრების მაგალითით ღირსეულად აღზრდილიყო. თავად კი, თავისივე სოფლის მახლობლად, ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.

იმ ხანად, ეგვიპტეში ძალზე მცირე რაოდენობის მონასტერი იყო და არც განდეგილური მოღვაწოება იყო ფართოდ გაშლილი. მაგრამ, უფლისადმი მსახურების მოშურნეს, შეეძლო თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს, გარკვეული დროით განმარტოებულიყო და მეტად ეზრუნა სულის ხსნისათვის. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მამის შესახებ შეიტყო ანტონიმ, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მისდევდა მოსაგრე ცხოვრებას, და იმ სოფლის სიახლოვეს მოღვაწეობდა, სადაც ნეტარი ანტონი გაიზარდა. მასთან შეხვედრებისა და სულისათვის სასარგებლო საუბრის შემდეგ, ანტონიმ გადაწყვიტა, რომ თავადაც დაეწყო მოსაგრე ცხოვრება. მან ასევე შეიტყო ერთი საეკლესიო მოღვაწის შესახებ, რომლის სარწმუნოებრივი ცხოვრება ყოველი მორწმუნისათვის მისაბაძი მაგალითი იყო. ანტონი მის სანახავადაც გაემგზავრა და მსგავსად გონიერი ფუტკრისა უკან მანამდე არ დაბრუნდა, ვიდრე მის ადგილსამყოფელს არ მიაგნო. მასთან ყოფნის დროსაც, ანტონიმ მრავალი სულიერი რჩევა-დარიგება მიიღო და რწმენაში ერთი-ორად განმტკიცებული, თავის კელიას დაუბრუნდა.

აი, ამგვარი იყო ნეტარი ანტონის სულიერი ღვაწლის პირველი ნაბიჯები, რაც შეეხება ხორციელ ბუნება, მის განსამტკიცებლად საზრდოს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, როგორც ეს წმიდა წერილშია: „რომელი არა იქმოდეს ხელითა თვისით, ნუცაღა ჭამენ“. ამ გზით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მშივრებსაც კვებავდა. გარდა ამისა, ანტონის სული მუდამ აღვსილი იყო ღვთისადმი ლოცვით, მსგავსად წმიდა წერილის სწავლებისა, რომ ადამიანი მუდმივად ლოცვით უნდა მიმართავდეს უფალს. საღვთო წერილს კი იმდენად დიდი ყურადღებით უსმენდა, რომ ერთხელ მოსმენილსაც, მაშინვე იმახსოვრებდა და მალე თავიდან ბოლომდე ზეპირად ისწავლა.

გარდა განმარტოებითი ლოცვისა და მარხვისა, ანტონი ასევე, ხშირად სტუმრობდა მონსტერში მოღვაწე ბერებსაც, რომლებიც ერთმანეთისაგან სხვადასხვა სათნოებებით გამოირჩეოდნენ: ერთნი თუ თავშეზღუდვის სათნოებით წარემატებოდა დანარჩენ მამებს, მეორენი სიმხნევით, მესამენი მყუდროებით, მეოთხენი სიფხიზლით, მეხუთენი განსაკუთრებული გულისხმიერებით წმინდა წერილის მიმართ. ზოგი ძილის დროს ცარიელ მიწაზე ძილის უნარით განსხვავდებოდა, ზოგიც მარხვის წმინდად დაცვის ღვაწლით, სხვანი თავმდაბლობით ან მოთმინებით. თავის კელიაში დაბრუნებული ანტონი კი სულ იმის ცდაში იყო, რომ ნაცნობ-მოღვაწეთათვის ცალ-ცალკე დამახასიათებელი ესა თუ ის ნიჭი თანაბრად შეეთვისებინა და ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი გამხდარიყო. მეზობლები და ბერ-მონაზვნები, რომლებიც ხშირად ხედავდნენ წმიდა ანტონის, ღვთისმოყვარეს უწოდებდნენ. ზოგს, იგი როგორც სულიერი შვილი ისე უყვარდა, სხვებისთვის კი საყვარელი სულიერი ძმა იყო.

მაშინ, როცა ანტონი ასე წარემატებოდა წმინდა ცხოვრებაში, ქრისტიანების მტერმა ეშმაკმა, ვერ აიტანა ახალგაზრდა მოღვაწის ამგვარი სულიერი წინსვლა და გადაწყვიტა თავისი მზაკვრული ხერხებისთვის მიემართა. თავდაპირველად ასეთ ხრიკს მიმართა: შეეცადა, ანტონის ენანა თავისი გადაწყვეტილების გამო, რის საფუძველზეც მთელი სარჩო-საბადებელი და ქონება გაყიდა და უპოვარ ადამინებს დაურიგა. ასევე, სულს უფორიაქებდა მცირეწლოვანი დის ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების პირობებზე ფიქრით. ბოროტი სული იმის ცდაშიც იყო, რომ ანტონის ხშირად ეფიქრა თავის მაღალი წარმომავლობისა და ამქვეყნიურ სიამეთა საკითხზე. გემოთმოყვარეობის ცოდვაში ჩაეგდო მადის აღმძვრელი კერძების წარმოსახვით. ანტონის, ასევე, ერთდროულად წარმოუდგენდა იმ რთულ გზას და მძიმე დასასრულს, რაც კეთილმსახური ადამიანის ცხოვრების ხვედრია და ამ გზაზე გარდაუვალ, მუდმივ სულიერ ბრძოლებს, დაუძლურებულ სხეულს. მაცდური ამ და მსგავსი გულიზრახვებით ცდილობდა, რომ როგორმე ანტონის გონება დაებინდა და გული შეერყვნა.

ამდენი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაცდური ბოლოს დარწმუნდა და ეჭვიც აღარ ეპარებოდა თავის მარცხში, რაც შედეგი იყო ანტონის ღვთისადმი განუწყვეტელი ლოცვის, რწმენის და მოთმინების, და გადაწყვიტა სხვა გზას დადგომოდა. იმედს ამყარებდა ანტონის ყმაწვილურ ასაკზე და ამ ასაკის ყოველი სისუსტის გამოცდა სცადა. ეშმაკი, ანტონის, სულს უშფოთებდა ღამის ოცნებებით, შიშის აღძვრით, მოჩვენებებით, შუაღამისას შემზარავი ხმაურით, დილით კი აშკარა თავდასხმებით. ანტონი, ეშმაკის ასეთ ბრძოლებს მკვეთრად დაუპირისპირდა: მაცდური თუ არაწმინდა გულისთქმების აღძვრით ცდილობდა ანტონის ცდუნებას, მოსაგრე ბერი გამუდმებული ლოცვით განაქარვებდა მას. ის თუ ხორციელი ვნებებით ცდილობდა მის დაცემას, ანტონი რწმენით და მარხვით განამტკიცებდა თავის სხეულს. ბოროტი სული მიმზიდველი ქალის სახითაც ეცხადებოდა ანტონის, მაგრამ ანტონი გეენის ჩაუქრობელ ცეცხლზე ფიქრით აქარწყლებდა ვნების აღმძვრელ ხილულ ჩვენებებს. ეშმაკი მაინც არ წყვეტდა ღირსი მამის ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლების მცდელობას, რადგან ხედავდა თუ რა ძვირად უჯდებოდა საკუთარი წადილის აღსრულება, იმის გამო, რომ ანტონის მუდამ თვალწინ ჰქონდა გადაშლილი საშინელი სამსჯავროს სურათი, რაც იმაში ეხმარებოდა, რომ მრავალი საცდურის მიუხედავად წმინდად დაეცვა სულის სიწმინდე.

არაწმინდა სულის ყოველი მცდელობა, მარცხით მთავრდებოდა, მეტიც, ერთდროს თუ სცადა, რომ თავისი ამპარტავნებით თავი უფლისათვის გაეტოლებინა, ასეთი მკრეხელობის ჩამდენი, ახლა ახალგაზრდა მოღვაწის მიერ იქნა შერცხვენილი. უფალი იცავდა თავის ერთგულ მონას, რომელიც იმისთვის განკაცდა და ეწამა, რომ თავის მიერ შექმნილი ქმნილება გამოეხსნა ეშმაკის მარწუხებიდან, შემდეგ კი ყოველ მათგანს სიხარულით შეძლებოდათ წარმოთქმა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისა, რომელი იყო ჩემ თანა“ (1 კორ. 15,10).

ბოროტი სული საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მზაკვრული ხერხებით დაემარცხებინა ანტონი, თავად ხდებოდა დამცირებული და დევნილი, შემდეგ კი ყოველმხრივ განიარაღებულს სხვა არა დარჩენოდა რა და სიბრაზით კბილებს აკრაჭუნებდა.

გადაწყვიტა სხვა რამ ეღონა და ერთხელ წმიდა ანტონის შავი ფერის შემზარავი არსების სახით გამოეცხადა და ნამტირალევი ადამიანის ხმით უთხრა:

- არაერთი ადამიანისთვის მომივლენია განსაცდელი, არაერთი ადამიანი მიცდუნებია, მაგრამ შენ, სხვა წმინდანების მსგავსად, ვერაფერი დაგაკელი.

არაწმინდა სულმა ეს კი უთხრა ანტონის, მაგრამ სინამდვილეში მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა. კერძოდ, ის, რომ ანტონი დიდს წამროდგენა შექმნოდა საკუთარ თავზე.

- ვინ ხარ, ასე რომ ამბობ შენს თავზე? - ჰქითხა ანტონიმ.

- მე სიძვის ეშმაკი ვარ, - უპასუხა შემზარავმა ჩვენებამ, - სხვადასხვაგვარი ხერხებით ვცდილობ ყოველი ახალგაზრდის ცდუნებას, ამიტომაც მიწოდებენ სიძვის ეშმაკს. მრავალი მომინადირებია, ვისაც კი უფლის მიმართ ქალწულების აღთქმა დაუდია, მრავალი ადამიანი დავუბრუნე უწმინდურ ცხოვრებას, თავშეზღუდვით მოღვაწეობის დაწყება რომ უცდია. ისაია წინასწარმეტყველი სწორედ ჩემზე მიუთითებს ცოდვაში მყოფ ადამიანებს: „აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა“ (ოსე: 4,12). მართლაც, რომ ასეა, ისინი ჩემს მიერ იყვნენ მონადირებულნი. არც შენ დამიტოვიხარ უვნებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყოველგვარი განსაცდელის მიუხედავად განდევნილი ვრჩებოდი.

ანტონიმ ეს რომ მოისმინა, მადლობა შესწირა უფლას და კიდევ უფრო მეტი გამბედაობით მიმართა უწმინდურ სულს:

- მრავალგზის შერცხვენილი ხარ და მრავალგზის დამცირებული. ამიტომაცაა, რომ შენი კუპრივით შავი გარეგნობა, სხვა არაფერია, თუ არა ნიშანი უძლურების. ამიერიდან, კიდევ უფრო ნაკლებ შემაშფოთებელი იქნება ჩემთვის შენთან შეხვედრა: „უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილე მტერნი ჩემნი“ (ფს.117, 7) - ამ სიტყვებით დაასრულა ატნონიმ.

ამის თქმა იყო და მოჩვენება, მაშინვე უკვალოდ გაქრა. ღვთის შეწევნით ეს იყო ანტონის პირველი დიდი გამარჯვება ბოროტ სულზე. მას შემდეგ ღირსმა მამამ, მეტი გულისხმიერებით განაგრძო უფლის მცნებების აღსრულება და უდებების ცოდვას არაერთხელ უძლევია. თუმცაღა, არც ბოროტ სულს გაუვლია აზრად ანტონის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა და არამცთუ წუთით შეუსუსტებია ყურადღება, არამედ პირიქით: „ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას“ (1 პეტრ. 5,8).

ანტონი შეუნელებლად განაგრძობდა სულიერ და ფიზიკურ შრომას, რადგანაც წმიდა წერილიდან კარგად უწყოდა, რომ მრავალგვარია ეშმაკის ხრიკები და თუკი ერთხელ მაინც აცთუნებს ადამიანს ავხორცული გულისთქმებით, შემდგომში იგი გაცილებით მეტ განსაცდელს დააწევს თავს. ამიტომაც, ანტონი გამუდმებით იმის ცდაში იყო, რომ დაეძლია და დაემორჩილებინა თავისი ხორციელი ბუნება, რადგანაც კარგად უწყოდა, რომ ერთი მანკიერი თვისების დაძლევით, სხვა სისუსტესაც ადვილად სძლევდა. რაც დრო გადიოდა, მით მეტად აჩვევდა თავს ამა თუ იმ ღვაწლის ტვირთვას. მან ისეთი წესები შეითვისა, რასაც იმ ხანად ბერ-მონაზვნები იშვიათად ასრულებდნენ. ანტონიმ კი მორჩილების ეს ნაკლებად გავრცელებული წესები, ჩვეულებად აქცია და ყოველდღიური გახადა, მაგალითად: მთელ დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა და მხოლოდ ოთხ დღეში ერთხელ აძლევდა თავს ძილის უფლებას. მის საკვებს მხოლოდ პური და მარილი წარმოადგენდა, წყალს კი მცირე რაოდენობით სვამდა. მისი სასთუმალი ჭილობი ან ხშირ შემთხვევაში ცარიელი მიწა იყო. მსგავსად დიდი მოღვაწე ბერებისა, სადილში ზეთს ან სხვა ცხიმს საერთოდ არ იყენებდა, ხორცსა და ღვინოზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ნეტარი ანტონი ამბობდა: ახალგაზრდა ადამიანის სხეულს ბოროტი სული ვერ სძლევს, თუ იგი ნოყიერი საჭმელით არ დამძიმდება, ასევე მნიშვნელოვანია მოუღლელი ფიზიკური შრომა, რათა მისი მოუძლურებით, სული გაძლიერდეს, და წმინდა მოციქულის სიტყვებს დასძენდა: „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ გაძლიერდე“ (II კორ. მიმ. 12,10).

ნეტარი ანტონი წმიდა წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად დღენიადაგ სულიერ და ფიზიკურ ღვაწლში იმყოფებოდა: „ცხოველ არს უფალი, რომლისა წინა მე ვდგა დღეს“ (3 მეფ. 18, 15). და თავადაც ასე გასჯიდა: „აქ შემთხვევით არ არის ნახსენები სიტყვა „დღეს“, ვინაიდან თითოეულ დღეს უკანასკნელად მიიჩნევდა და წარსულში გაწეულ შრომას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. ეს კი, იქიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ მთელი არსებით ცდილობდა უფლის შეხვედრის ღირსი გამხდარიყო, როცა მის წინაშე წარდგებოდა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია წმიდა გულით და ღვთის ნების უსიტყვოდ აღსრულებით.

ნეტარი ანტონი ფიქრობდა, რომ ყოველმა სულიერმა მოღვაწემ, წმინდა ელია წინაწარმეტყველის მიბაძვით უნდა იცხოვროს. მისი სულიერი გამოცდილება მუდმივად თვალწინ ჰქონდეს და ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც სამართლიანად განსაჯოს. თავადაც წმინდა ელიას მიბაძვით ნეტარი ანტონი თავის ნაცნობთან გაემგზავრა და სთხოვა, რომ დღესასწაულის დღეებში მისთვის საზრდელი მიეტანა. კელიაში დაბრუნების შემდეგ კი განმარტოვდა და სრულ მდუმარებას მიეცა. ეშმაკმა ეს რომ ნახა, შეშინდა, ვაი, თუ ანტონი ჩემს წინააღმდეგ განდეგილობის ღვაწლით შეიარაღდეს და ამ გზით დამიპირისპირდესო და სხვა ეშმაკებიც იხმო თავისთან.

უფლის დაშვებით, არაწმინდა სულებმა იმგვარი თავდასხმა მოუწყვეს ანტონის და ისე გვემეს, რომ მოსაგრე მამა გონდაკარგული და ღონემიხდილი მანამდე იწვა, ვიდრე შემთხვევით მისი ნაცნობი არ ეწვია, რომელსაც საკვები მიჰქონდა. მოგვიანებით, ანტონი ამ ამბავს ხშირად იხსენებდა. ანტონის ჭრილობები იმდენად საზარელი იყო, რომ მისი ატანა ადამიანის შესაძლებლობის ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და ანტონი გარდაიცვლებოდა თუ არა უფლის ნება, რომელიც საპირისპიროს განსაზღვრავდა. მართლაც, უფლის მიმართ მუდამ სასოებით მყოფი ანტონი, უფალმა არ მიატოვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ნაცნობმა ანტონი თავის კელიაში გადაასვენა. ანტონის გარდაცვალებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ამბავი მალე შორს გავრცელდა და ნეტარი მამის დასატირებლად მრავალმა ახლობელმა და ნაცნობმა ადამიანმა მოიყარა თავი მის ცხედართან, ყველა ქრისტიანული წესით პატივის მიგებას ცდილობდა. შუაღამისას, როცა ყველას ლოცვით და მწუხარებიდ გადაღლილებს ღრმად ჩაეძინათ, ანტონის ნელ-ნელა აზროვნება და სუნთქვის უნარი აღუდგა. თავი ასწია, ირგვლივ მიმოიხედა და შენიშნა, რომ ყველას ეძინა, გარდა ერთის, ეს მისი ერთგული ნაცნობი იყო, რომელმაც ამ ადგილამდე ანტონი საკუთარი ხელით მიიყვანა. ნეტარმა მამამ ნაცნობს ანიშნა და ახლოს მიიყვანა. შემდეგ კი სთხოვა, რომ უჩუმრად, ისე რომ არავის გაღვიძებოდა, უკანვე დაებრუნებინა. ნაცნობმა თხოვნა შეუსრულა და ანტონი თავის კელიას დაუბრუნა.

ანტონიმ კვლავ განმარტოებით ცხოვრება განაგრძო. თავდაპირველად ჭრილობები ფეხზე დგომის საშუალებას არ აძლევდა და იძულებული იყო პირქვედამხობილს ელოცა უფლის მიმართ. ერთხელაც ხანგრძლივი ლოცვა რომ დაასრულა, ხმამაღლა იყვირა:

- ბოროტნო სულნო! აი, მე ისევ აქ ვარ, ანტონი, და თქვენთან არანაირ ბრძოლას არ გავურბი, თუნდ იმაზე უარესიც რომ დამაწიოთ თავს, რაც აქამდე ყოფილა. მაგრამ, გახსოვდეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერ ამოშლით ჩემგან იმ სიყვარულს, უფლის მიმართ რომ გამაჩნია.

და ამ სიტყვებს. ანტონის გალობა მოჰყვა: „გან თუ ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არ შეეშინოს გულსა ჩემს“. (ფს. 26,3).

კეთილის მოძულე ეშმაკმა ეს რომ ნახა, გაოცდა, ასეთი სასტიკი გვემის შემდეგ, ანტონიმ როგორ შეძლო კვლავ, თავის კელიაში დაბრუნება და გამძვინვარებულმა, ეშმაკთა მთელ ლეგიონს უხმო და უბრძანა:

- ხომ ნახეთ საკუთარი თვალით, რომ ვერაფრით შევძელით მისი დამარცხება, ვერც სიძვის გულისთქმებით და ვერც ხორციელი ტანჯვით, ესეც არ იკმარა და იმდენად გაკადნიერდა, რომ დაგვცინა კიდეც. ახლა, ყოველი თქვენგანი შეიარაღდეს და მთელი ძალებით, დაუნდობლად ვეკვეთოთ, რომ დარწმუნდეს, ვის გაუბედა ბრძოლაში გამოწვევა.

ამის თქმა იყო და, ეშმაკთა მთელი ლეგიონი ანტონის წინააღმდეგ წამოიმართა. ანტონის კელიაში ისეთი ხმაური გაისმა, რომ კედლები შეზანზარდა და ჩამოირღვა. მალე კი მთლიანად ბოროტი სულებით აივსო, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის სახით გამოეცხადნენ მოსაგრე მამას და შეეცადნენ მის აღშფოთებას. ლომი ღრიალებდა, თითქოსდა ანტონის შთანთქმას უპირებდა; კამეჩი ბღაოდა და რქებით ცდილობდა მის შეშინებას; გველი სისინით იკლაკნებოდა; მისკენ გამალებით მიიწეოდნენ მგლები; ფოცხვერები კი დაფლეთვას ლამობდნენ. საშინელი სანახაობა გადაიშალა ანტონის თვალწინ და ეს შემზარავი ხმაური მიდამოს აზანზარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტანჯვამ და გვემამ, ანტონის მოწამეობრივი გასაცდელი განაცდევინა, მაინც ვერ სძლია ბოროტმა სულმა და ბოლომდე სიმხნევე და საღი გონება შეინარჩუნა. თუმცაღა ჭრილობები მოსაგრე მამას მძიმე ტკივილს განაცდევინებდა, ყველაფრის მიუხედავად სულით შეურყეველი დარჩა და ბოროტ სულებს მხნედ მიმართა:

- თქვენ, რომ სულ მცირე ძალა გაგაჩნდეთ, ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად, ერთი თქვენგანიც კი სურლიად საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ უფლის ნებით ძალა დაკარგეთ, ცდილობთ თქვენი მრავალრიცხოვნებით შემაშინოთ. თქვენს უძლურებას ისიც კარგად საცნაურყოფს, რომ შმაგი მხეცების გარეგნობა ამოირჩიეთ.

ანტონი კვლამ მხნედ განაგრძობდა:

- თუკი, უფლის დაშვებით ახდენთ ჩემზე თავდასხმას, განა მე აქ არ ვარ, რაღას უცდით? მაგრამ, თუ უფლის ნების დამოუკიდელბად ამას ვერ შეძლებთ, მაშ ტყუილად რისთვის-ღა ირჯებით? ჯვრის თაყვანისცემა და ღვთისადმი რწმენაა, მტკიცე კედლად რომ აღმართულა ჩემსა და თქვენს შორის.

მიუხედავად ბოროტ სულთა არაერთგზის მცდელობისა, რომ ძალაუფლება მოეპოვებინათ ანტონიზე, ბოლოს, ყოველმხრივ განიარაღებულნი, თავადვე რჩებოდნენ და უმწეობით კბილებსღა აკრაჭუნებდნენ, რადგან მრავალი ცდის მიუხედავად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა და საბოლოოდ, თავადვე აღმოჩნდნენ ანტონის მიერ ძლეულნი და შერცხვენილნი.

გულმოწყალე უფალი ყოველთვის უხილავად მფარველობდა თავის ერთგულ სულიერ შვილს და არც ამ განსაცდელის დროს მიუტოვებია ანტონი. მოულოდნელად ანტონიმ ზევით აიხედა და შენიშნა, რომ თავისი კელიის კედლისკენ ღვთაებრივი ნათელი დაეშვა. ღვთაებრივმა სხივმა, შავი ნისლი სულ მიმოფანტა და ყველა დემონი უკვალოდ გააქრო. ანტონის სხეულიდან წყლულებიც გაუქრა და ყოველმხრივ განიკურნა. გამოქვაბულის კედლები კი, დემონების გამოჩენის დროს რომ დაინგრა, კვლავ გამთლიანდა. ნეტარი ანტონი, როგორც კი გამოერკვა, მიხვდა, რომ ეს მოულოდნელი სასწაული, ღვთის მიერ მოვლენილი მადლით ხდებოდა და გულიდან ამომავალი ხმით, მთელი ძალით შესძახა:

- აქამდე სად იყავი მოწყალე იესო? რატომ თავიდანვე არ გამოჩნდი ჩემი ჭრილობები რომ დაგეცხრო?

და იყო ხმა:

- აქ ვიყავ ანტონი, მაგრამ ვიცდიდი, შენი სიმტკიცე რომ მენახა. ახლა კი, როცა ვიხილე და დავრწმუნდი შენს სიმტკიცეში, მარადის შენი შემწე ვიქნები და მთელს ქვეყანაზე განვავრცობ შენს სახელს.

ანტონიმ ეს რომ მოისმინა ზე წამოიჭრა და თავის თავში იმხელა ძალა იგრძნო, მანამდე რომ არც განეცადა. ნეტარი ანტონი ამ დროს 35 წლის იყო.

ამის შემდეგ, ანტონი, ისევ თავის ნაცნობ ხუცესთან გაემგზავრა, ვისგანაც ჯერ კიდევ მოღვაწეობის დასაწყისში, თავდაპირველი სწავლება მიიღო მოსაგრე ცხოვრების შესახებ. ხუცესს ანტონიმ სთხოვა, რომ გამგზავრებულიყვნენ ყველასთვის უცნობ ადგილას და ერთად დაეწყოთ მოღვაწეობა. ხანდაზმული ასაკისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობი წესის გამო, ხუცესმა ანტონის უარი უთხრა. ანტონიმაც აღარ დაყოვნა და, უშიშრად, სრულიად მარტო, შორს გაემგზავრა, ისეთ ადგილას, თავად ბერ-მონაზვნებისთვისაც რომ უცნობი იყო.

ნეტარი ანტონის სულიერი მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლამდე, ქრისტიანულ ეკლესიაში ჯერ კიდევ არ არსებობდა სამოღვაწეო ცხოვრების ისეთი სახე, როგორიცაა განდეგილური მოღვაწოება, ამიტომაც იყო, რომ მტერი არ წყვეტდა ანტონის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას და ყოველგვარი მზაკვრული ხერხებით ცდილობდა ამ დიდ გზაზე მის დაბრკოლებას. ეშმაკმა ახალ ხრიკს მიმართა და უდაბნოში გზადმიმავალ ანტონის წინ ვერცხლის ლანგარი დაახვედრა, იმ იმედით, რომ იქნებ ნეტარი მამა ვერცხლისმოყვაროების ცოდვაში ჩაეგდო. ანტონიმ ლანგარი რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ეშმაკის მორიგი ხრიკი იყო და თავის თავს ჰკითხა: „საიდან შეიძლება ეს ლანგარი ასეთ უკაცრიელ უდაბნოში მოხვედრილიყო? აქ, ხომ მხოლოდ მხეცები და ფრინველები ბინადრობენ, ადამიანის შვილს კი ფეხიც არ დაუდგავს? მაგრამ, თუ იშვიათ შემთხვევაში გამვლელ, რომელიმე მგზავრს ტვირთიდან ჩამოუვარდა, მისი დაკარგვა ხომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა უკან მის მოსაძებნად. ამ უდაბნოში კი სურლიად ადვილად იპოვნიდა. ეს შენი მორიგი ხრიკია, ბოროტო სულო - განაგრძობდა ფიქრს ანტონი, მაგრამ მაინც ვერ გადამეღობები ჩემს მიერ არჩეულ გზაზე: „ვერცხლი ეგე შენი შენთანვე იყავნ წარსაწმენდელად შენდა“ (საქმ. მოც. 8,20).

ამის თქმა იყო და ლანგარი უკვალოდ გაქრა, ისევე როგორც ცეცხლი წარკვეთს ხოლმე ღამის სიბნელეს.

შემდეგ, გზად მიმავალ ანტონის, წინ ურიცხვი ოქრო დახვდა მტრის ჩვენებით, რათა მოსაგრე მამის მხნეობა გამოეცადა. ანტონის, შეჩერება, არც კი უფიქრია, ისე გადაახტა ურიცხვ ოქროს, როგორც მცხუნვარე ნაკვერცხალს და უკანმოუხედავად, უდაბნოს სიღრმისკენ სირბილით გასწია. მდინარე რომ გადაცურა მთას მიადგა, სადაც დიდი ხნის წინ მიტოვებული ნანგრევები დახვდა. ეს ადგილი შხამიანი ქვეწარმავლებით იყო სავსე, მაგრამ როგორც კი ანტონი მიუახლოვდა, თითქოს ვინმემ უბრძანაო, მორიელები და ქვეწარმავლები მაშინვე განეშორნენ იქაურობას. ანტონიმ კედლები თავისი ხელით ამოაშენა, წყალი კელიაშივე გამართა და დაიწყო სრულ მდუმარებაში მოღვაწეობა. ეს იყო 285 წელს.

ნეტარი ანტონი სრულ მდუმარებაში ცხოვრობდა, არც თავად ტოვებდა კელიას და არც სხვას შეეძლო მისი საცხორვისის ზღურბლის გადალახვა. მუდამ ჟამ მარხვასა და ლოცვაში იმყოფებოდა. გამონაკლისს ის შემთხვევა წარმოადგენდა, როცა წელიწადში ორჯერ, თვისი ნაცნობი პურს მიუტანდა და ესეც ხმის ამოუღებლად ხდებოდა. ანტონის პურს ერდოდან აწვდიდა.

გამოხდა ხანი და ანტონის ადგილ-სამყოფელის შესახებ, მრავალმა მორწმუნემ შეიტყო. მათი დიდი სურვილი იყო, რომ როგორმე მოსაგრე მამისგან სულიერი სწავლება მოესმინა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ნეტარი მამის ხილვა შეუძლებელი ხდებოდა. დღედაღამ მისი კელიის სიახლოვეს ტრიალებდნენ, მაგრამ შესვლა ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ საკმარისი იყო კელიის კარს მიახლოვებოდნენ, რომ მაშინვე გაიგონებდნენ საშინელი ყვედრების და გოდების ხმას: „რისთვის მოხვედი ჩვენს საცხოვრებელ ადგილას? რა გესაქმება ამ უდაბნოში? ახლავე დატოვე ჩვენი კუთვნილი ტერიტორია, რადგან არც აქ ცხოვრების თავი გაქვს და არც იმ ძალის მქონე ხარ, რომ გაუძლო ჩვენს თავდასხმებს!“

ერთხელ, ასეთი ყვირილის ხმაზე მორწმუნეებმა იფიქრეს, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიბით ჩავიდა წმიდა ანტონის კელიაში და რამეს ედავებიანო. ამის გაფიქრებაზე, საკვამურიდან ჩაიხედეს ნეტარი მამის კელიაში და ვერავინ რომ ვერ შენიშნეს, მიხვდნენ, რომ ეშმაკის ხმა იქნებოდა და შეშფოთებულებმა ანტონის მიმართეს. ანტონის, როგორც კი მათი ხმა მოესმა, ნუგეშისცა და უთხრა: „ღვთის მოშიშთა მონადირების ცდაში არიან ეშმაკნი, მაგრამ გადაისახეთ პირჯვარი და უშიშრად წადით, ამით კი აცადეთ საკუთარი თავის ცდუნება“.

უფლის ჯვრის სასწაულის იმედით განმტკიცებული მორწმუნენი, უშიშრად დაბრუნდნენ უკან. ხოლო ანტონი, არც კი დაშვრებოდა ამ განსაცდელის ჟამს, არამედ მტრის მიერ მოწეული განსაცდელი, მეტად განამზადებდა გულმოდგინებაში. ხშირად, მიმსვლელებს, იმედი გადაეწურებოდათ ხოლმე და ფიქრობდნენ, რომ ნეტარი მამა ცოცხალი აღარ დახვდებოდათ, მაგრამ ყოველ მისვლაზე, ატნონის გალობის ხმა აფხიზლებდათ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პრისა მისისაგან. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა მოაკლდნენ, და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდნენ ეშმაკნი პირისაგან ღმრთისა“. (ფს; 67,1-3) და შემდეგ: „ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელით უფლისათა ვერეოდე მათ“ (ფს. 117,12).

ოცი წელი იცხოვრა ანტონიმ განმარტოებით, მუდმივ მარხვასა და ლოცვაში. ამ ხნის მანძილზე, მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა, რომელთაც სურივლი ჰქონდათ მისი მიმბაძველი და მოწაფე გამხდარიყვნენ. ღვთის დაშვებით დადგა ის დრო, როცა ანტონის უკვე მოყვასის სულზეც უნდა დაეწყო ფიქრი.

ერთხელ, მის კელიასთან, სულიერი მოღვაწეობის ცხოვრების მოშურნე მრავალი მორწმუნე ქრისტიანი შეკრებილიყო. ღვთის შთაგონებით გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ნეტარი მამის უნახავად უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ამ გრძნობით აღვსილნი, ნეტარი ანტონის კელიის კარს მიადგნენ და მთელი ძალით მიაწვნენ, რომ კელიაში შესულიყვნენ. შიგნი რომ შეიჭრნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არაწმინდა სულთა ამდენგზის ყვედრებისა და თავდასხმის შემდეგ, ამდენი ლოცვისა და მარხვის შემდეგ, ანტონი არ თუ დაუძლურებულიყო, არამედ ზუსტად ისევე გამოიყურებოდა, როგორც ოცი წლის წინ. ამ ადგილს რომ მოვიდა, იმ განსხვავებით, რომ სახე მთლიანად ღვთითშემოსილი ნათლით ჰქონდა გაბრწყინებული.

მას შემდეგ, ნეტარი ანტონი გახდა მრავალი მორწმუნის მოძღვარი და დამრიგებელი. მასთან მისულები ადვილად თმობდნენ ამქვეყნიურ სიამეს და უარს ამბობდნენ მიწიერ სიამოვნებაზე, რის გამოც, მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. ეს ყველაფერი ღვთისმიერ, ანტონის მიმართ დიდი სიყვარულის გამო ხდებოდა. დროის მცირე მონაკვეთში, იმ მხარეში, მრავალი ძლიერი სამონასტრო კერა გაჩნდა და იქ მოღვაწე კარგად გამოცდილ, თუ ახლად მისულ სულიერ მოღვაწეებს, დიდი სიყვარულით წინამძღვრობდა.

ერთხელ, ძმები ერთად შეიკრიბნენ და წმიდა ანტონის სთხოვეს ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესთან დაკავშირებით სწავლა-მოძღვრება მიეცა. ანტონიმ ყველას გასაგონად ხმა აღიმაღლა და დაიწყო:

„ღვთის მცნების აღსრულების შესასწავლად, სრულიად საკმარისია წმიდა წერილი. ერთის მხრივ, კი დიდ სიკეთედ ითვლება ურთიერთნუგეშისცემა. ამიტომ, როგორც თქვენს სულიერ მამას, გამიმხილეთ რა იცით და მე ჩემი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რაც ვისწავლე. უპირველესად კი არ დაგავიწყდეთ, რომ ღვაწლის აღსრულებაში, რომელიც თქვენ იტვირთეთ, არ მოიწყინოთ, არამედ, პირიქით, დღითი დღე განემტკიცეთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და მარადიული ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი.

ასევე, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამი, არაფერია მარადიული ცხოვრების ჟამთან შედარებით, რომელიც წინ გვიძევს. ამქვეყნად, ყოველი ნივთი, თავისი რეალური ღირებულების შესაბამისად იყიდება. მისგან განსხვავებით აღთქმული, მარადიული ცხოვრების საფასური ძალზედ მწირია, რეალურ ღირებულებასთან შედარებით: „დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი მას შინა სამეოც და ათ წელ, უკუეთუ უმეტეს, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათსა შრომა და სალმობა “ (ფს. 89, 10). ასე, რომ ოთხმოცი ან ასი წელი მუდმივ შრომასა და ღვაწლში, რომ გავატაროთ, ამქვეყნიურ მეუფებას კი არ მოვიპოვებთ, არამედ მარადიულს, განვიძარცვავთ ხრწნად სხეულს და უხრწნელს შევიმოსავთ.

ჩემო სულიერნო შვილნო, ნუ მიეცემით მოწყინებას, რადგანაც ნათქვამია: „რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებია, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“. (რომ. 8,18).

ამა სოფლისა დატევებასა და საკუთარი ღვაწლის მართებულად განსჯის შესახებ კი წმიდა ანტონმა თქვა:

„დაე, ნურც ამა სოფელზე დაგვწყდება გული, თითქოს დიდი რამ დაგვიტევებია, რადგანაც ზეციურ სიკეთესთან შედარებით, ყოველი ამქვეყნიური ამაოა. ამქვეყნიური ყოველი სიკეთე ერთად აღებული, ვერც კი შეედრება ზეციურ სავანეს: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამა ანუ დედა ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“ (მათ. 19,29). ყველაზე უწინ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ვინმე ვერ შეძლებს თავის სიმდიდრესთან განშორებას, იცოდეს, რომ ბოლოს სიკვდილი დააშორებს, ეკლესიასტეც ხომ იგივეს შეგვაგონებს, რომ თუკი ეს გარდაუვალია, განა უმჯობესი არ არის იმთავითვე სათნოებისთვის დავუტევოთ, რათა შემდეგ ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ? რადგან, ცოხვრების ბოლოს, მაინც მოგვიწევს მისი დაკარგვა. რა სარგებელს მოგიტანს იმის მოპოვება, რასაც მარადიული ცხოვრების გზაზე თან ვერ წავიღებთ? განა არ ჯობს, რომ თავიდანვე იმაზე ვიზრუნოთ, რაც სიკვდილის შემდეგ წინ წაგვიძღვება, ესენია: სიბრძნე, სიწმინდე, სიმართლე, სიმხნევე, გულისხმისყოფა, სიყვარული, გლახაკთა მოწყალება, ურისხველობა, სტუმართმოყვარეობა და მტკიცე სარწმუნოება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ამ გზით მოვიპოვებთ მშვიდ ნავთსაყუდელს ამქვეყნადაც და საიქიო ცხოვრებაშიც.


ღვთისადმი მოშურნე და დაუცხრომელი ღვაწლის შესახებ წმიდა ანტონიმ თავის მოწაფეებს უთხრა:

- არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ მონები იესო ქრისტესი და მას უნდა ვმსახურებდეთ. მონა ვერ იკადრებს ბატონის ბრძანების შესრულებაზე უარის თქმას, ვერც იმის თქმას გაბედავს, გუშინ ვიმუშავე და დღეს აღარ ვიმუშავებ, ვერც წარსულში გაწეულ ღვაწლს შერაცხს რადმე, არამედ, როგორც სახარებაშია: დღითი-დღედ ერთნაირი გულმოდგინებით შეასრულებს იგივე საქმეს, რათა ამით ბატონს სათნო ეყოს და თავადაც სიზარმაცემ არ სძლიოს.

ჩვენც, ამის მსგავსად, სულ იმის ცდაში უნდა ვიყოთ, რომ გულისმოდგინედ აღვასრულოთ უფლის მცნებები და მტკიცედ გვახსოვდეს, რომ უფალი სამართლიანია და ადამიანს, რომელი ცოდვის დროსაც მიუსწრებს სიკვიდლი, იმითვე გასამართლდება. უფალი ამის შესახებ ეზიკიელის პირით ამბობს: „ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეხსენნენ მას უსამართლობასა შინა მისსა, რომელ ქმნა, მას შინა მოკუდეს“ (ეზეკ. 33.13). ამიტომ წარიწყმიდა იუდა, როცა თავისი ცოდვილი ქმედებით, წარსულში გაწეული შრომის მადლი, ერთ ღამეში, მთლიანად გააქარწყლა „და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერთი მრავალი მახვილებითა და წათებითა მღვდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორსუყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუხდა იესუს და ჰრქვა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს უყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა, მას: მოყუასო, რომლისათვისცა მოსურლ ხარ? მაშინ მოუხდეს და დაასხნეს ხელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი“ (მათ. 26, 47-50). ამიტომ, ვეცადოთ, რომ ყოველ ჟამს ერთნაირი გულმოდიგნებით აღვასრულოთ უფლის მცნებები და შემდეგ უფალი თავად შეგვეწევა: „ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად, რომელნი - იგი ბრძანებით ჩინებულ არიან“ (რომ. 8,28).

იმის გამო, რომ სულმოკლეობამ და სიზარმაცემ არ გვძლიოს, წმიდა ანტონი დიდი თავის სულიერ შვილებს მოუწოდებდა მარადის ხსომებოდათ სიკვდილი და მოჰყავდა მოციქულის სიტყვები: „მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქვენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუ ს მიერ უფლისა ჩუენისა“ (I კორ. 15,31).

- ამიტომ, - განაგრძობდა ანტონი, - ჩვენც შევეცადოთ სამართლიანად ცხოვრებას და სიკვდილზე ფიქრით აღარ ვცოდავთ. ძილისაგან აღდგომილები ნუ დავიიმედებთ თავს იმაზე ფიქრით, რომ საღამომდე ვიცხოვრებთ, ნურც ძილად მისვლისას ვიფიქრებთ, რომ სიკვდილი ვერ მოგვიახლოვდება. რადგან უცნობია ჩვენთვის უფლის განგება და ის თუ როდის მოგვიწევს ამ სოფლის დატევება, ჩვენ თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, არც ვცოდავთ, არც მომაკვდინებელი გულისთქმა გვძლევს, არც მრისხანება ვინმეს მიმართ, არც სიმდიდრის მოხვეჭის ცდაში ვიქნებით, არამედ დღითიდღე მოვკვდებით ცოდვით მიმართ და ყველას შევუნდობთ, ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში ყოფნის ჟამს, ჩვენთვის ყოველგვარ მნიშვნელობას, დაკარგავს ინტერესი და გულისთქმა ქალის მიმართ და ვძლევთ ყოველგვარ უწმინდურებას. ყოველთვის, საშინელ სამსჯავროზე ფიქრით უკუვაგდებთ ყოველ წარმავალს, რადგანაც შიში და ტანჯვის დათმენა განაქარვებს ხორციელ გულისთქმათა სიტკბოებას და სულს მოდრეკილს და დამდაბლებულს უფლისაკენ წარმართავს.

ზეციური სამსჯავროს შესახებ ანტონი დიდი ამბობს:

- წარმართი ფილოსოფოსები სიბრძნის შესაძენად შორეულ გზას დაადგებიან და ზღვას გადაცურავენ, ჩვენ კი სასუფეველში მოსახვედრად, არც შორუელი გზის გავლას ვსაჭიროვებთ და არც ზღვის გადაცურვას, რადგანაც უფალი ამბობს: „სასუფეველი გულსა შინა თქუენსა არს“ (ლუკ. 17,21). სათნოების მოსაპოვებლად მხოლოდ ჩვენი ნებაა საკმარისი, რადგან ის ჩვენია და ჩვენს მიერ განემტკიცება, რადგან სულს ცოდნა ბუნებითად აქვს მოცემული და სათნოებით განემტკიცება. დაე, როგორც შეიქმნა ისევე დარჩეს, ის კი შეიქმნა კეთილად და წრფელად.

დაე, დავადგეთ სათნოების გზას და უკან ნუღარავინ მიიხედავს, მსგავსად ლოთის ცოლისა, რადგან უფალმა თქვა: „არავინ დასდვის ხელი სახნველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველს ღმრთისასა“ (ლუკ. 9,62). უკან მოხედვა კი სხვა არაფერია თუ არა სინანული და ზრუნვა ამა სოფლის გამო.

ამიტომ მოუწოდებდა ისუ ნავე თავის ერს: „წრფელ ჰყვენით გულნი თქუენნი უფლის მიმართ ღმრთისა ისრაელისა“ (ისუ ნავ. 24,23). ხოლო იოანე ნათლისმცემელი იმეორებს რა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს. ამბობს: „წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“ (მათ. 33 მარკ. 13 ლუკ. 3,4; იოან. 1,23).

სულის წრფელ ყოფნა ნიშნავს ბუნებით ცოდნას, ანუ იმგვარ მდგომარეობას, რა სახითაც შეიქმნა იგი. ძვირი ზრახვისთვის კი დავისჯებით, როგორც ბოროტი. თუ ადამიანის სული თავდაპირველ მდგომარეობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ სათნოებაშია და მისთვის ადვილია სიკეთის ქმნა. ძვირი ზრახვისთვის კი დაისჯება, როგორც ბოროტი, დავიცვათ თავი ჩვენი გულის-თქმათაგან, რათა უფალმა იცნას თავისი ქმნილება, და სული ჩვენი იმ მდგომარეობაში, რა სახითაც შექმნა.

ჩვენ კი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ გვძლიოს გულისწყრომამ და არც გულისთქმა დაგვეუფლოს, რადგან დაწერიალი: „რამეთუ გულის წყრომამ კაცისამან სიმრთელე ღმრ??? გულისთქმა იგი მიუდგის და შვის ცოდვა და ცოდვა იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი“ (იაკ. 1,15). ამიტომ, როგორც მოციქული ამბობს: „ყოვლითა კრძალულებითა დავიცვნეთ სულნი ჩუენნი“ (იგავ. 4,33).

დემონებთან ბრძოლის შესახებ კი ანტონი შემდეგს შეგვაგონებს:

- თავად უფლისგან გვაქვს ნაბრძანები, რომ მოუკლებელი ყურადღება გვქონდეს იმის მიმართ, რაც ჩვენს სულში ხდება, რამეთუ უკეთური და მზაკვარი მტერი გვყავს ყველას ეშმაკის სახით და მასთან გვიწევს მუდმივი ბრძოლა: „რამეთუ არა არს ბრძოლა ჩუენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთრო სათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. (ეფეს. 6,12). ჰაერი სავსეა ბოროტი სულებით და მათი ლაშქარი თითოეულ ჩვენგანს ყოველი მხრიდა გარს გვარტყია. ვერ შევძლებ თქვენთვის იმ მრავალსახოვნებათა გადმოცემას, რაც მათ ახასიათებთ. მხოლოდ მოკლედ გეტყვით იმ უნარების შესახებ, რაც ჩემთვისაა ცნობილი, რითაც გვებრძვიან და ცდილობენ ჩვენს ცდუნებას.

უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი სულები თავიდანვე ამ სახით არ იშვნენ, რადგან ღმერთი არ არის ბოროტების შემოქმედი. ასეთი ცვლილება მათში მოხდა არა უფლის, არამედ მათი საკუთარი ნებით. როგორც, უფლის ქმნილება, მათი თავდაპირველი ბუნება იყო კეთილი, მაგრამ საკუთარი ნების მიზეზით, მიწაზე იყვნენ გადმოყრილნი, სადაც ბოროტების მორევში ჩაძირულნი, წარმართებს აცდუნებენ ცრუ ოცნებით და კეპრთაყვანისმცემლობით, ქრისტიანობის მიმართ კი ამოძრავებთ რა განსაკუთრებული შური, ყოველგვარ ბოროტებას მოგვაწევენ და განუწყვეტლივ გვებრძვიან, იმის გამო, რომ ჩვენ ვართ, თავის დროზე, მათთვის განკუთვნილ ზეციური სამეფოს, ერთადერთი კანონიერი მემკვიდრენი.

სხვადასხვაგვარია მათი ბოროტება: მათი ერთი ნაწილი უწმინდურობის უფსკრულში უკიდურეს ზღვრამდეა ჩაძირული, სხვები განსაკუთრებული ბოროტებით გამოირჩევიან. ყოველი მათგანისთვის კი დამახასიათებელია ერთსულოვანი ძალით ბრძოლა ყოველგვარი სათნოების წინააღმდეგ.

ამიტომაც, განსაკუთრებულად გვესაჭიროება გაძლიერებული ბრძოლა და სულიერი ღვაწლი, რათა უფლის მადლით შევიძინოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა განვსაჯოთ ბოროტ სულთა ცდუნებათა სხვადასხვაგვარი სახეები და ყოველი მათგანი ერთი და იმავე იარაღით, იესო ქრისტეს ჯვრის სახელით განვდევნოთ. წმიდა პავლე მოციქული, რომელიც ამ ღვთიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, შემდეგნაირად შეგვაგონებს: „რაითა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებისა მისსა უმეცარ ვართ“ (2 კორ. 2,11).

ჩვენ კი ვისაც გამოგვიცდია მათი თავდასხმები, მივბაძოთ მოციქულის სიტყვებს და სიფრთიხლით ვცხოვრობდეთ.

მეც არაერთი განსაცდელი გამომიცდია მათი მხრიდან, და როგორც ჩემს სულიერ შვილებს მოგიყვებით ამის შესახებ, იმის გამო, რომ გაფრთხილდეთ და მტკიცედ დაიცვათ თავი მსგავსი მზაკვრული შემოტევების ჟამს.

ბოროტ სულებს უდიდესი შური ამოძრავებთ ქრისტიანების მიმართ, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზონთა მიმართ, რომელთაც ყოველგვარ საცდურს უმზადებენ და არაფეს ზოგავენ იმის გამო, რომ მათი სული გახრწნან ღვთისმგმობი აზრებით და არაწმინდა გულისთქმებით.

მაგრამ, ამის გამო, ნურც ერთი თქვენგანი ნუ შეშინდება, რადგან ეშმაკები მხურვალე ლოცვით და მარხვით განიდევნებიან. მაგრამ, როცა დროებით შეწყვეტენ თქვენზე თავდასხმებს, ნუ იფიქრებთ, რომ ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვეთ. ეშმაკები დამარცხებას რომ იგემებენ, მორწმუნეებს მოულოდნელად, მეტი ძალით ესხმიან თავს. ბრძოლის მეთოდების მოხერხებულად შეცვლის შემდეგ, ბოროტმა სულებმა თუ მაინც ვერ შეძლეს ბოლომდე ადამიანის აზრების და ფიქრების მონადირება, მაშინ სხვა გზას დაადგებიან. ქალის, მხეცის, ქვეწარმავლის, გოლიათის ან ურიცხვ მხედართა სახით, ოცნებით თუ ძრწოლით, ყოველმხრივ შეეცდებიან მის ცდუნებას. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველივე, პირჯვრის პირველი გადასახვისთანავე უკვალოდ უჩინარდება.

თუკი ამ მხრივაც ვერ მიაღწევენ მიზანს და მათი მზაკვრობაც გამჟღავნდება, მაშინ მისნის სახით, გამოეცხადებიან ადამიანს და შეეცდებიან მომავლის შესახებ წინასწარმტყველების საშუალებით მოინადირონ იგი. თუკი მათ ხრიკებს წინ მორწმუნის მტკიცე სარწმუნოება და სასოება გადაეღობება, მაშინ კი მიმართავენ თავის მთავარს და ცხადლივ ეჩვენებიან მას, ისევე, როგორც უფლის დაშვებით გამოეცხადა ეშმაკი იობს: „თუალნი მისნი, ვითარცა ხილვა მთიებისა პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი აღგზნებულნი, დამოსცვივიან ნაპერწკალნი ცეცხლისანი, ცხვირთა მისთაგან გამოვალს კუამლი აგზნებულისა სახუმილისა ცეცხლისა ნაკუერცხალისა სული მისი ნაკუერცხალად და ალი პირისა მისისაგან გამოვალს“ (იობ. 41, 9-11).

ნეტარი ანტონი თავის სულიერ შვილებს უთხრობდა, რომ მასაც არაერთხელ გამოსცხადებია ეშმაკთა მთავარი მსგავსი შემზარაობით, რომელიც ცდილობდა, ერთ წამში მოესპო მთელი სამყარო. მაგრამ საბედნიეროდ ძალა არ ყოფნიდა ამისათვის, ყოვლისშემძლე უფალი იმგვარად იმორჩილებს ეშმაკს, როგორც ცხენს აღვირი, მას შიშის ზარს სცემდა ჯვრის ხსენება და ადამიანთა ღვთისნიერი ცხოვრება. ამის შესახებ ნეტარი ანტონი ასეთ რამეს გადმოგვცემს:

- ჩემს მიერ საყვარელნო ძმანო, უფლის მიმართ წმინდა ცხოვრება და გულწრფელი რწმენა არის ის უდიდესი ძალა, რითაც ეშმაკი იძლევა. მონაზონთაგან კი უფრთხის მარხვას, ღამისთევას, ლოცვას, სიმშვიდეს, მყუდროებას, სიმდაბლეს, გლახაკ-მოყვარეობას, მოწყალებას, ურისხველობას, ყველაზე მეტად კი გულწრფელ სიყვარულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ამიტომ, ყოველმხრივ ცდილობენ, რომ არ იყვნენ დათრგუნულნი, რადგან კარგად უწყიან, რომ მორწმუნეებზე მოცემულია მადლი სულისა წმინდისა: „აჰა, ესერა მიგცე თქუენ ხელმწიფება დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველთავე ძალთა მტერისათა“ (ლუკ. 10,19).

აი, კიდევ რა მოუთხრო ნეტარმა ატონიმა სულერ შვილებს:

-ეშმაკები მრავალჯერ დასხმიან თავს შეიარაღებული მეომრების, მორიელების, მხეცების, და ქვეწარმავლების სახით. მაგრამ, რაც არ უნდა მრავალნი ყოფილიყვნენ ისინი, როგორც კი ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი: „ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისა თა ჩუენ ვხადოდით“ (ფს. 19,7), ღვთის წყალობით წამსვე ტოვებდნენ ჩემს კელიას. ერთხელ ისინი, ნათლის შემოსილნი გამომეცხადნენ და მითხრეს:

- ანტონი, ჩვენ იმის გამო მოვედით, რომ ნათლით შეგმოსოთ. მე ძლიერ მოვხუჭე თვალები, რომ დემონური ნათელი აღარ დამენახა და ლოცვა დავიწყე. ცრუ ნათელი მაშინვე გაქარწყლდა, გარკვეული ხნის შემდეგ, ისინი კვლავ გამომეცხადნენ და დაიწყეს კამათი წმინდა წერილის სწავლების ირგვლივ. შევეცადე, რომ არაფერი გამეგონა. ეს, რომ ნახეს, მრისხანებისაგან რაც ძალი და ღონე ჰქონდათ ჩემს კელიას დაუწყეს ზანზარი, ისე რომ, ირგვლივ საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა. მე კიდევ არ შევშინდი და მთელი გულით განვაგრძე ლოცვა. ჩემს ირგვლივ ყვირილის, როკვის და ზარების ხმა გაისმა, მაგრამ, როგორც კი გალობა წამოვიწყე, მათი ყვირილი გოდებით შეიცვალა. ამის მნახველი სიხარულით ვადიდებდი უფალს, მათი ძალის და სიშმაგის დამრთგუნველს.

- მისმინეთ, ჩემო სულიერო შვილებო - განგრძობდა ანტონი - აი, კიდევ რას მოგითხრობთ, ერთხელ, ეშმაკი გოლიათის სახით გამომეცხადა და ასეთი მკრეხელობის თქმა გაბედა:

- მე უფლის ძალი და სიბრძნე ვარ, მთხოვე რაც გსურს, ანტონი, და ყოველივეს გიბოძებ.

პასუხად პირში შევანერწყვე და იესო ქრისტეს სახელით, რაც ძალი და ღონე მქონდა, შევეჭიდე და ეს გოლიათი ჩემს ხელში წამსვე ჩამოდნა და ხელებიდან უკვალდ გამიქრა. მოგვიანებით ის კვლავ გამომეცხადა, მაგრამ ამჟამად მონაზვნის სახით და ჰურს მთავაზობდა, რომ მეჭამა:

- შენ ადამიანი ხარ და, როგორც ყველა ადამიანს, ხორციელი სისუსტეები გაგაჩნია მცირეოდენი შვება მიეცი შენს თავს, თორემ ძლიერ მოუძლურდები.

მივხვდი, რომ ეშმაკი მორიგ მზაკვრობას მიმართავდა და როგორც კი პირჯვარი გადავისახე და ლოცვა წარმოვთქვი, მაშინვე უკვალოდ გაქრა და ჩემი კელიიდან კვამლივით გაუჩინარდა.

ბოროტი სულები, უდაბნოში მიმავალს, გზაზე ოქროს ზოდებით ცდილობდნენ ჩემს დაბრკოლებას, რომ როგორმე ან მისი შეხედვით ან ხელის შეხებით ვეცდუნებინე. არც იმას დავმალავ, რომ მრავალი გვემა გამომიცდია მათი მხრიდან, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი ასეთ თავდასხმებს და ხმამაღლა ვგალობდი: „ვერავინ განმაყენოს მე სიყვარულსა ქრისტესსა“ (რომ. 8,35).

ამ სიტყვებზე მათ ერთმანეთზე მიჰქონდათ იერიში და ბოლოს და ბოლოს თავს მანებებდნენ არა ჩემი, არამედ უფლის ბრძანებით, როგორც თავად იესო ქრისტე ამბობს: „ვხედავ ეშმაკს, ვითარცა ელვასა ზეცით გარდამოვრდომილს“ (ლუკ. 10,18).

ერთხელ ეშმაკმა მონასტრის ალაყაფის კარზე დააკაკუნა, გარეთ რომ გავედი, რას ვხედავ, ჩემს წინ ვეებერთელა არსება აღმართულა, რომელიც სიმაღლით ცას სწვდება.

- ვინ ხარ შენ? - შევეკითხე, მან მიპასუხა:

- სატანა.

- რისთვის მოსულხარ?

- იმის სათქმელად მოვედი, რომ სულ ტყუილად მადანაშაულებენ ბერ-მონაზვნები, ქრისტიანები კი ყოველ წუთს მდებენ ბრალს.

- რისთვის აურვებ მათ? - შევეკითხე, რაზეც ასეთი პასუხი გამცა: მე ისედაც შეჩვენებული ვარ. წმინდა წერილშიც ხომ წერია: „მტერისა მახვილი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოხრნენ“ (ფს. 9,16). მართლაც, რომ ასეა. ამ ქვეყნად აღარსადაა ჩემი ადგილი. აღარც ქალაქი მაქვს, აღარც რაიმე იარაღი, ადგილიც ხომ არ მოიპოვება ჩემთვის. ყოველმხრივ გავიარაღდი, იმიტომ, რომ იესო ქრისტეს განადიდებს ყოველი ერი. აი, უდაბნოც ხომ მონაზვნებით აივსო. ყველას ის უჯობს, თავის თავს მიხედოს, მე კი ტყუილად ნუღარ მწამებენ ცილს.

გამაკვირვა ღვთის მადლმა და ვუპასუხე სატანას:

- მარადის მტყუან ხარ და ჭეშმარიტს არასოდეს იტყვი. ის იმიტომ ხდება, რომ არ გსურს ჭეშმარიტების თქმა. რადგანაც, იესო მოვიდა, უძლურ გქმნა, დაგცა და განგაიარაღა. წაგერთვა რა ანგელოზური ძალა, ცხოვრობ მწარე და ყოველგვარ უწმინდურობაში ამოსვრილ სამარცხვინო ცხოვრებით.

დასრულებული არ მქონდა ეს სიტყვები, რომ იესო ქრისტეს სახელის ხსენებაზე ეშმაკი უკვალოდ გაქრა.

აი, ასე განამტკიცებდა ანტონი თავის სულიერ შვილებს, რომელთაც არწმუნებდა, რომ არ უნდა შინებოდათ დემონური ძალების, რადგან ისინი ძლეულნი იყვნენ თავად იესო ქრისტეს მიერ, არამედ, საჭირო იყო, რომ მტკიცე რწმენითა და მხნეობით ებრძოლათ მათ წინააღმდეგ.

სულიერი მამის მოძღვრების მოსმენისას ძმები სიხარულით და იმედით ივსებოდნენ და სულის სიკეთისთვის ყურადღებით იმახსოვრებდნენ ატნონის ყოველ სიტყვას. კარგად უწყოდნენ, რომ მოსაგრე მამის ყოველი სიტყვა, მათი სულების საცხოვნებლად იყო წარმოთქმული და ადრე თუ გვიან მათ მიერ გამოჩენილი გულმოდგინების შედეგად, მრავალი სათნოება ღვივდებოდა მათ სულში: ზოგი სათნოებებში განემტკიცებოდა, ზოგიც რწმენაში, ნაწილი კი არაწმინდა გულისთქმებისაგან იწმინდებოდა, სხვანი საშინელი ხილვების დროს გამოწვეული შიშისგან თავისუფლდებოდა. ყველა ერთად კი ცდილობდა მუდმივად ფხიზლად ყოფილიყვნენ, რათა ადვილად არ ძლეულიყვნენ დემონების მიერ მოვლენილი საცდურებით. თავის მხრივ კი გაოცებას ვერ მალავდნენ, თუ რამდენად დიდი იყო ღვთისგან ანტონზე მონიჭებული ის მადლი, რითაც იგი ურთიერთისგან განარჩევდა ეშმაკთაგან მოვლენილ მრავალგვარ ხრიკებს.

იმ მთაზე, სადაც ანტონი დიდი მოღვაწეობდა. მრავალი ეკლესია-მონასტერი აღმოცენდა. მონასტრები სავსე იყო ღვთივსათნო ცხოვრებით, გამორჩეული ბერ-მონაზვნებით და სულერი მოღვაწენით, მათ შორის: ტბკილად მგალობლებით, მედავითნენით, მმარხველნითა და მლოცველნით. ყოველი მათგანი სავსე იყო იმედით მომავალი ცხოვრების მიმართ და ზრუნვით ურთიერთისთვის სიკეთის მიგებით. სიყვარული და თანხმობა სუფევდა მათ შორის და მათი ადგილსამყფელიც იმ ქალაქს ჰგავდა, რომლისთვისაც უცხო იყო ამქვეყნიური შფოთი, სანაცვლოდ აღსავსე კეთილმსახრუებითა და სამართლიანობით, ვერავინ შეხვდებოდა ვერც უწმინდურს, ვერც მაგინებელს, ვერც მოძულეს, ვერც ცილისმწამებელს და ვერც მოჩივარს.

ასე, რომ, თუკი ვინმეს მოუწევდა ამ მონასტრების და იქ მყოფ ღვთივსათნო მონაზონთა ცხოვრების წესის ხილვა, თავისდაუნებურად წამოსცდებოდა ეს სიტყვები: „ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი იაკობ, საყოფელნი შენნი ისრაელ, ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღადგინა უფალმან და არა კაცმან, და ვითარცა წყალნი წლისკიდესა“ (რიცხ. 24,5-6).

რაც დრო გადიოდა, ატნონი მით მეტი მოშურნეობით მოღვაწეობდა. ამასობაში კი მოახლოვდა ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდი. 311 წელს იმპერატორმა მაქსიმიანემ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტეს ეკლესიას. იგი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერატორი და 305-313 წწ. სირიასა და ეგვიპტეს განაგებდა. ანტონიმ, როცა შეიტყო, რომ ქრისტიანები საწამებლად ქალაქ ალექსანდრიაში მიჰყავდათ, მიატოვა თავისი მონასტერი და მათ გაჰყვა.

- წავიდეთ, - თქვა ანტონიმ, - რათა ჩვენც მათთან ერთად აღვესრულოთ, ან თავად ვიხილოთ მათი აღსასრული.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონი თავისი ცხოვრების წესით მოწამეობრივი ღვაწლით მოსაგრეობდა, ამას საკმარისად არ მიიჩნევდა და სურდა სხვა ქრისტიანებთან ერთად მასაც მოწამეობრივად აღესრულებინა სიცოცხლე. მაგრამ, სხვა იყო უფლის ნება. თავისი სამწყსოსთვის უფალი, ანტონის სახით განამზადებდა კურთხეულ წინამძღვარს.

ანტონი დაუფარავად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, მიაცილებდა სამსჯავროზე, ემსახურებოდა საპყრობილეში მყოფებს, წამებისათვის განმზადებულებს რწმენაში განამტკიცებდა და მათ გვერდით დაუფარავად აცხადებდა, რომ თავადაც ქრისტიანია, მისი ყოველი ქმედება ღაღადებდა, რომ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს, მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, ვერავინ ბედავდა ხელი აღემართა მის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი იმით იყო გამოწვეული, რომ უფალს ანტონის მოწამეობრივ აღსასრულზე მეტად, მისი სიცოცხლე სურდა მრავალი მორწმუნის საცხოვნებლად.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი პეტრე მოწამეობრივად აღესრულა, ნეტარი ანტონი თავის მონასტერს დაუბრუნდა, რადგან შეწყდა ქრისტიანთა დევნა. მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ლოცვასა და მარხვაში განვლო. როგორც სულიერად, ისე ხორციელად მუდმივ ღვაწლსა და სიფხიზლეში იყო. მისი ერთადერთი სამოსი ძაძა და ველური ტყავი იყო. არც ხორცს ანებივრებდა ბანვით, არამედ საერთოდ არ იკარებდა წყალს იმ ერთეული შემთხვებების გარდა, როცა გზად მიმავალი იძულებული ხდებოდა მდინარე გაეცურა.

ერთხელ, როცა ანტონი დიდი ხნის მანძილზე განმარტოებაში იმყოფებოდა, მასთან ერისმთავარი მარტინიანე ანტონის კელიის კარზე კაკუნს არ წყვეტდა და ევედრებოდა, გარეთ გამოსულიყო და ელოცა ასულის ჯანმრთელობისთვის, ანტონიმ კელიის კარის გაუღებლად გადმოიხედა და მარტინიანეს უთხრა:

- რისთვის მომმართავ დახმარებისთვის? მეც ხომ ისეთივე მოკვდავი ვარ, როგროც შენ? თუ გწამს ქრისტე, რომელსაც მე ვემსახურები, ევედრე შენი რწმენისაებრ და მოგეცეს ყოველივე.

მარტინიანემ რწმენით აღავლინა უფლისადმი ლოცვა და ეშმაკეულთაგან განთავისუფლებულ ასულთან ერთად, შინ მშვიდობით დაბურნდა.

უფალმა ანტონის მიერ, კიდევ სხვა მრავალი სასწუალი აღასრულა, ხოლო, როდესაც დარწმუნდა, რომ ანტონის უნარი შესწევდა სულიწმინდის მადლის ჭურჭელი გამხდარიყო, ერთიორად აღივსო ღვთაებრივი ნიჭით მსგავსად სახარებისეული სიტყვებისა: „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ“. (მათ. 7,7). მიუხედავად იმისა, რომ ანტონის კელიის კარი არასოდეს იღებოდა, მაინც მრავალი ადამიანი აკითხავდა და დახმარებას ითხოვდა მისგან. ამიტომ, ანტონის კელიასთან, ყოველთვის მრავალი სნეული იმყოფებოდა და ნეტარი მამის უნახავად შინ განკურნებული ბრუნდებოდა.

დროთა განმავლობაში ანტონი დარწმუნდა, რომ ადამიანთა ურიცხვი ნაკადი, მუდამ მის კელიასთან რომ იმყოფებოდა, ხელს უშლიდა საყვარელი ღვაწლის, მდუმარებაში ყოფნის, აღსრულებაში. იმასაც შიშობდა, რომ მრავალი სასწაულების გამო, შესაძლოა გონების ძალით თავი აემაღლებინა ან ადამიანებს დაეწყოთ მისი განდიდება. ყოველივე ამან ანტონის გადააწყვეტინა ამქვეყნიურ შფოთს გასცლოდა და ზემო თებაიდაში წასულიყო, სადაც მის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნებდა.

გზად მიმავალმა მცირე რაოდენობის პური წაიღო და ის იყო მდინარის პირას ჩამოჯდა ნავის მოლოდინში, რომელიც მეორე ნაპირამდე მიიყვანდა, რომ მოულოდნელად ზეციდან ხმა გაისმა:

- ანტონი, საით და რისთვის გაგიწევია?

ამ ხმას ჩვეულმა ანტონიმ მშვიდად უპასუხა:

- ვინაიდან ადამიანები აქ მოსვენების საშუალებას აღარ მაძლევენ, გადავწყვიტე ზემო თებაიდაზე გამგზავრება, რათა აღარ მაიძულონ იმაზე მეტის გაკეთება, რაც ჩემს ძალებს აღემატება და აღარც მყუდროება დამირღვიონ.

ხოლო ხმამ მიუგო:

- შენ თუ თებაიდაზე ასვლა გსურს ან ბოკულიაში წასვლა, სიმშვიდეს ვერ ნახავ, და თუ გულით გწადია დაყუდება, წადი უდაბნოს სიღრმისკენ.

- და, ვინ მიჩვენოს გზა, რომელიც ჩემთვის უცხოა? - იკითხა ანტონიმ, რაზეც ხმამ სარკინოზების ქარავანზე მიანიშნა, რომლებიც სწორედ იქით მიემართებოდნენ. ანტონი მიუახლოვდა და სთხოვა უდაბნოს გზის გასაყარამდე წაეყვანათ. სარკინოზებმა ანტონის რომ შეხედეს, თავად უფლის გამოგზავნილად ჩათვალეს და სიხარულით წაიყვანეს.

სამი დღე-ღამის მგზავრობის შემდეგ. მიადგნენ მაღალ მთას, რომლის ძირშიც ტკიბლი და ანკარა წყარო მოსჩქეფთა, გარშემო კი ულამაზესი ველი გაშლილიყო რამდენიმე ფინიკის პალმით ღვთის შთაგონებით, ანტონის ძლიერ მოეწონა ეს ადგილი და გადაწყვიტა. მოღვაწეობისთვის ამ მთაზე გამოენახა ადგილი. თანამგზავრებს რამდენიმე პური გამოართვა და სრულ განმარტოებაში განაგრძო ცხოვრება. სარკინოზები ხედავდნენ რა ანტონის გულმოდგინებას, გზად მიმავალნი ყოველთვის პურს უტოვებდნენ ხოლმე. ანტონი ფინიკის პალმის ნაყოფითაც იკვებებოდა.

მოგვიანებით, როდესაც ძმებმა ანტონის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, როგორც საყვარელმა სულიერმა შვილებმა, იზრუნეს, რომ მისთვის პური არ მოეკლოთ. ანტონის არ მოსწონდა სულიერი შვილები მისთვის ასე რომ ირჯებოდნენ და შეეცადა მათთვის ტივრითი შეემსუბუქებინა. ერთ-ერთ მათგანს ბარის, თოხის და მარცვლეულის მიტანა სთხოვა. ეს რომ შეუსრულეს, ანტონი მთაზე ავიდა, კარგად დაათვალიერა ყოველი ადგილი და მიაგნო კარგ სარწყავ-სათეს ტერიტორიას და დაიწყო დამუშავება. ეს ადგილი მთიდან მომდინარე წყლით კარგად ირწყვებოდა. ანტონის ეს შრომა დიდ სიხარულს ანიჭებდა, ვინაიდან გრძნობდა, რომ აღარც არავინ წუხდებოდა მისთვის საზრდელის მიტანისთვის და თავადაც თავისი ხელით მოწეული ნაყოფით იკვებებოდა.

მოგვიანებით ანტონისთან კვლავაც მრავალმა მნახველმა იწყო მისვლა. ანტონიმ მათზეც იზრუნა და სტუმრები კარგად რომ დაეპურებინა, თავის ნაკვეთში ცერცვი და ბარდაც დათესა.

თავდაპირველად ანტონის ნაკვეთში უდაბნოს მხეცები გამოჩნდნენ. ისინი წყალს მოჰყვებოდნენ და სათუთად მოვლილ მოსავალს, დაუნდობლად თელავდნენ და ანადგურებდნენ. სასწაულებრივი ძალით, ერთხელ, ერთად გამოჩნდნენ ანტონის ნაკვეთში. ნეტარმა მამამ ერთი მათგანი ხელში აიყვანა და ყველას გასაგონად უთხრა:

- რისთვის მაყენებთ ასეთ ზიანს? მე ხომ არაფერს გავნებთ. იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებთ, წადით და აქ თვალით აღარ დამენახოთ.

მას შემდეგ, მტაცებელ ცხოველებს ანტონის ნაკვეთში ფეხი აღარ დაუდგამთ. ანტონი სრულ განმარტოებაში აგრძელებდა ცხოვრებას, მუდმივ ლოცვასა და სულიერ ღვაწლში. სულიერი შვილები კი ხშირად მიდიოდნენ საყვარელ ხუცესთან და ცდილობდნენ მისთვის შრომა შეემსუბუქებინათ. მასთან ზეთისხილი და ცერცვი მიჰქონდათ და სთხოვდნენ, რომ როგორმე ეზრუნა მოხუცებულობითა და შრომით დაუძლურებულ ხორცისთვის. მასთან მიმსვლელთა გადმოცემით ირკვევა, თუ რამდენი განსაცდელი გადაიტანა ნეტარმა ანტონიმ განმარტოებით ცხოვრების ჟამს. როგორც სახარებაში წერია: „არა თუ სისხლთა და ხორცთა, არამედ წინააღდგომთაგან ეშმაკთა“ (ეფეს. 6,12). მასთან მიმსვლელებს ესმოდათ ხოლმე ურიცხვი ბრბოს ყიჟინის ხმა, თითქოს გარემო სავსე იყო დემონებით. ღამით კი მთა ნაპერწკლებით ივსებოდა, თითქოს ურდოებს დაეპყროთ იგი. ამის მიუხედავად, ნუგეშისცემისთვის მისულ ძმებს, ანტონი მუხლმოდრეკილი ხვდებოდათ, რომელიც უშფოთველად ევედრებოდა უფალს. ყველას აოცებდა თავისი სიტმკიცით, რადგან სრულიად მარტო მყოფი არც იმის ცდაში იყო, რომ უდაბნო დაეტოვებინა, არც ეშმაკთა თავდასხმების გამო ძრწოდა და არც ოთხფეხი მხეცებისა და ქვეწარმავლების გამო, არამედ როგორც დავით მეფსალმუნე გალობს: „რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთა სიონი, არა შეირყიოს უკუნისამდე“ (ფს. 124,1).

ერთ ღამეს, ანტონი კვლავინდებურად ლოცულობდა. გარშემო რომ მიმოიხედა, შენიშნა, რომ თავისი კელია და მთელი უდაბნო სავსე იყო მხეცებითა და ფოცხვერებით. მათ შემზარავად გაეფართოვებინათ თვალები და კბილების კრაჭუნით მისჩერებოდნენ ატნონის, ნეტარი მამა მაშინვე გამოერკვა და მიხვდა, რომ ეს ეშმაკის მორიგი ხრიკი იყო:

- თუკი უფლის ნებით ხართ აქ. მაშინ მზად ვარ თქვენს მიერ შესაჭმელად, მაგრამ თუ ეშმაკისგან ხართ, გიჯობთ წახვიდეთ ვინაიდან მე ვარ იესო ქრისტეს მონა.

ანტონის ამ სიტყვებისთანავე მხეცებმა უკანმოუხედავად დატოვეს ყოველივე.

რამდენიმე დღის შემდეგ, ახალი ბრძოლა გაიმართა იგივე მტერთან. ანტონის, ერთი ასეთი ჩვეულება ჰქონდა. შესაწირით მისულ სტუმრებს უკან ხელცარიელს არ გაუშვებდა. ერთხელ კალათს ძღვენით ავსებდა, რომ წნული ზევით ასწია, და იგრძნო, ვიღაც ხელზე ეჭიდებოდა. ანტონი წამოდგა და ნახა მხეცი, რომელსაც წელამდე ადამიანის ტანი ჰქონდა,

- მე იესო ქრისტეს მონა ვარ. შენ თუ უფლის მიერ ხარ ჩემთან გამოგზავნილი, აი, მე აქ ვარ და არსად გავრბივარ.

ამ სიტყვებზე მხეცი, სხვა ეშმაკებთან ერთად, უკანმოუხედავად გაიქცა და უკვალოდ გაქრა.

ერთხელ, სულიერმა ძმებმა ანტონის სთოხვეს მათ მონასტერს სტუმრად სწვეოდა. მამაშვილური სიყვარულით აღვსილმა ანტონიმ არ დააყოვნა და სტუმრობისთვის საგანგებოდ მოემზადა. გზად მიმავალმა აქლემები პურით და წყლით დატვირთა და რამდენიმე ბერთან ერთად გაემგზავრა. რამდენიმე დღეში წყლის მარაგი სულ გამოელიათ. ბერებმა თვალუწვდენელ უდაბნოში დაიწყეს წყლის ძიება, იქნებ შემთხვევით სადმე გადაყროდნენ, მაგრამ უშედეგოდ. სულ მალე მცხუნვარე მზის ქვეშ, პაპანაქება სიცხის და წყურივლის გამო, სიკვდილი ელოდათ. ნატერი ანტონი კი იმედს მაინც არ კარგავდა და თანამგზავრებს გამოეყო, რათა შორიახლოს მუხლმოდრეკილს უფლის მიმართ გულმხურვალედ ელოცა. უფალმა მაშინვე შეისმინა ატნონის ვედრება და იმ ადგილას, სადაც ანტონი ლოცულობდა, წყალმა ამოსჩქეფა. გახარებულმა ბერებმა წყურვილი მოიკლეს, უგონოდ მყოფი აქლემებიც გონს მოიყვანეს, წყლის მარაგი აიღეს და მშვიდობიანად განაგრძეს გზა.

მონასტრის მკვიდრნი ანტონის შორიდანვე დიდი ზეიმით შეეგებნენ. ერთად შეკრებილები, ნეტარი მამისგან მოწიწებით იღებდნენ ლოცვა-კურთხევას და ყურადღებით უსმენდნენ. ანტონიმ მათთან რამდენიმე ხანი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე უზიარებდა მთაში მიღებულ სულიერ გამოცდილებას. გამოცდილ და ახალგაზრდა მოღვაწეებს, მათთვის შესაფერისი სულიერი საზრდოთი დიდ სიყვარულს და ურთიერთნუგეშისცემას. ასევე, ახარებდა საკუთარი დის ნახვა, რომელმაც მთელი ცხოვრება მონასტერში გაატარა, ახლა კი ხანდაზმულ ასაკში დედათა სავანეს თავად წინამძღვრობდა.

ანტონი თავის სავანეში დაბრუნების შემდეგ მრავალის სნეული ადამიანის მკურნალობას განაგრძობდა. განსაკუთრებით კი სულით ავადმყოფების. გარდა ამისა, უფალმა, ანტონი დააჯილდოვა მომავლის და შორ მანძილზე ჭვრეტის ნიჭით.

ერთხელ, ანტონისთან, შორი გზიდან ორი ძმა მოდიოდა. გზად წყლის მარაგი სულ ამოეწურათ და ღვთის განგებით ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე კი, ძალაგამოცლილი სიკვდილს ელოდა. სწორედ ამ დროს, ანტონისთან სტუმრად ორი ბერი იმყოფებოდა. ნეტარმა მამამ სასწრაფოდ უხმო მათ და სთხოვა, დაუყოვნებლივ აეღოთ წყლით სავსე ჭურჭლები და დასდგომოდნენ ეგვიპტისაკენ მიმავალ გზას, თან მიზეზიც აუხსნა და დასძინა:

- აქეთკენ მომავალი ერთი ძმა უკვე ღვთის წინაშე წარსდგა და თუ არ იჩქარებთ, მეორეც გარდაიცვლებაო.

ბერები მაშინვე დაადგნენ ეგვიპტისკენ მიმავალ გზას და აღინიშნულ ადგილას ყველაფერი მართლაც ისე დახვდათ, როგორც წმიდა ანტონიმ უთხრათ. გარდაცვლილი ძმა იქვე დამარხეს, მცხუნავარე სიცხისგან ღონემიხდილი მეორე ძმა კი წყლით გამოაკეთეს და მონასტერში წაიყვანეს.

სხვა დროს ასეთი რამ მოხდა. ანტონი მათზე ჩაფიქრებული იჯდა, რომ მოულოდნელად მზერა ზეცისკენ მიმართა და შეინიშნა ადამიანის სული, რომელსაც ანგელოზთა გუნდი ზეცისკენ სიხარულით მიაცილებდა. ნანახით გაკვირვებულმა ანტონიმ, უფალს შესთხოვა ცხადი გაეხადა, თუ რას ნიშნავდა ეს ჩვენება. ლოცვის დროს, ნეტარ მამას ხმა მოესმა, რომელმაც უთხრა:

- ეს არის ნიტრიის უდაბნოში მცხოვრები ამონის სული.

ამონის, ნეტარი ანტონი კარგად იცნობდა, რადგან ამ ადგილიდან ნიტრიის უდაბნოს ის ადგილი, სადაც ამონი მოსაგრეობდა, 13 დღე-ღამის სავალზე იყო. აქ იგი 22 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და ანტონის მონასტერსაც ხშირად სტუმრობდა. ამონიმ, განდეგილური მოღვაწეობა, ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან დაიწყო და ღრმად მოხუცებულობამდე თავისი სათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ძმებმა ანტონის სახეზე გაკვირვებული და მხიარული მზერა რომ შენიშნეს, მიხვდნენ, რომ ხილვა ჰქონდა და დაუწყეს გამოკითხვა:

- დღეს განისვენა ამონიმ, - უთხრა მათ ნეტარმა ანტონიმ.

ძმებმა ეს თარიღი დაიმასხოვრეს და 30 დღის შემდეგ, ნიტრიის უდაბნოდან მათთან მისულ ძმებს ჰკითხეს, თუ როდის გარდაიცვალა ამონი. გაირკვა, რომ ამონი, მართლაც იმ დღეს და იმ წუთებში გარდაიცვალა, რა დროსაც ანტონიმ ანგელოზთა მხიარულ გუნდთან ერთად ზეცისკენ მიმავალი იხილა მისი სული. ყველას აოცებდა ანტონის სულის სიწმინდე. ეს იყო საფუძველი ღვთისგან მინიჭებული იმ დიდი ნიჭისა, რისი საშუალებითაც შეეძლო ამა თუ იმ მოვლენის განჭვრეტა დროსა და სივრცეში.

ამონის შესახებ კი ამის თქმა შეიძლება:

- ერთხელ, ამონი გზად მიდიოდა და ვიდრე დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, საჭირო იყო ადიდებული მდინარის გადალახვა. ამონიმ გვერდით მყოფ თევდორეს სთხოვა მოშორებით გასულიყო, რათა ერთმანეთის სიშიშვლე არ ენახათ. თევდორე განეშორა, მაგრამ ამონიმ ვერც მაშინ გაბედა გახდა, რადგან ახლა საკუთარ თავთან შერცხვა. ამ მდგომარეობაში იყო, რომ მეყსეულად მდინარის მეორე ნაპირას აღმოჩნდა. თევდორემ მდინარე რომ გასცურა, ნახა, რომ ანტონი უკვე მეორე ნაპირას იყო და ტანსაცმელიც სურლიად მშრალი ჰქონდა. გაოცებულმა, ამონის ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ ამონი პასუხს არ აძლევდა. ბოლოს, თევდორმე დაუჩოქა და შეევედრა, რომ როგორმე ამის მიზეზი აეხსნა. ამონი როცა დარწმუნდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თევდორეს სთხოვა, ჩემს სიკვდილამდე არავის უთხრა რასაც გეტყვიო და აუხსნა, რომ არც მდინარე გამოუცურავს და არც მასზე ფეხით გაუვლია, არამედ უფლის ნებით ატაცებულ იქნა წამიერად.

თევდორემ, პირობის თანახმად, ამონის გარდაცვალების შემედ განაცხადა ეს ყოველივე.

წმიდა ამონი 350 წელს გარდაიცვალა. მართლმადიდებლური ეკლესია მის ხსენებას ძვ. სტ. 4 ოქტომბერს აღნიშნავს.

ერთხელ ანტონი მონასტრის გარეთ იმყოფებოდა. მას სთხოვეს, რომ თავის გვერდით მყოფ ბერებთან ერთად ნავზე ასულიყო და ელოცა. ანტონი, ნავზე რომ ავიდა, მწარე და მყრალი სუნი იგრძნო. სხვები ვერ გრძნობდნენ ამას და უხსნიდნენ, რომ შესაძლოა, დამარილებული თევზის სუნი სცემდა. ანტონი კი უხსნიდა: ეს სხვა ყროლააო. მართლაც, ვიდრე ანტონი ნავზე ავიდოდა, ერთი ჭაბუკი, რომელიც ეშმაკეული იყო, ჩუმად ასულიყო ნავზე და იმალებოდა. ნეტარმა მამამა როგორც კი იესო ქრისტეს სახელით ეშმაკი შერისხა, ბოროტი სული მყისვე განეშორა ჭაბუკს და განთავისუფლდა. მაშინ კი ყველა დარწმუნდა, რომ ანტონი ეშმაკის ყროლას გულისხმობდა.

სხვა მსგავსი მრავალი ამბავიც გადმოუციათ ბერებს ანტონის შესახებ.

ერთხელ ანტონი საზრდელს იღებდა, რომ ცხრა საათიანი ჟამმა მოუწია და ფეხზე წამოდგა ლოცვის სათქმელად. ის იყო დაიწყო კიდეც ლოცვა, რომ მოულოდნელად გონება გაუნათდა და საკუთარ თავს გარედან დაუწყო ყურება, შემდეგ კი მისი სული ზეცისკენ წარმემართა, რომ ამ დროს. ჰაერის ეშმაკები გადაეღობნენ და შეეცადნენ აღსვლაში ხელი შეეშალათ. ანგელოზები ანტონის ეხამრებოდნენ და ეშმაკებს წინააღმდეგობას უწევდნენ, თან მოითხოვდნენ აეხსნათ, რა იყო მათი ხელის შეშლის მიზეზი. მაშინ, ბოროტმა სულებმა დაიწყეს ცოდვების ჩამოთვლა, რაც კი ანტონის ბავშვობის ასაკიდან ჩაედინა. ამის გაგონებაზე ანგელოზებმა შეაჩერეს ბოროტი სულები და უთხრეს.

- ის, რაც დაბადებიდან შესცოდა ანტონიმ, უფალმა წარხოცა. მაგრამ, თუ თქვენთვის ცნობილია მისი რომელიმე ცოდვა, მას შემდეგ, რაც მონაზვნობის აღთქმა დადო, შეგიძლიათ დაასახელოთ.

მაშინ ეშმაკებმა, თავისი ბოროტებიდან გამომდინარე ცილისწამების ხერხს მიმართეს და ანტონი იმ ცოდვებში დაადანაშაულეს, რაც არ ჩაედინა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ანტონის ვერც ამ გზით ავნეს რამე, დაესხნენ და გზა გაუთავისუფლეს.

ანტონი გონს რომ მოეგო, შენიშნა, რომ ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც ხილვამდე იყო. ნანახით განცვიფრებულს საზრდელის მიღება აღარც გახსენებია და მთელი დღე-ღამე ლოცვაში გაატარა და თან სულ იმის ფიქრში იყო, თუ რამდენი მტერი ჰყავს ადამიანს და რა რთულია უფლისკენ სავალი გზა.

მას შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, რომ ანტონის ზეციდან ხმა მოესმა, რომელმაც უთხრა:

- ადექი, ანტონი, გარეთ გამოდი, და ნახე!

ანტონი გარეთ გავიდა და საოცრად შემზარავი არსება იხილა, რომელიც ზეცას აწვდენდა თავს, იქვე იხილა სხვა არსებებიც, რომელბიც ზეცაში ასვლას ლამობდნენ, მაგრამ შემზარავი სანახაობის ბოროტი სული გზას უღობავდათ და ხელით ცდილობდა მათ შეჩერებას. აი. წადილიც აისურლა და ერთ-ერთი მათგანი ძირს ჩამოაგდო. სხვებმა კი ამ დაბრკოლების გვერდის ავლით თამამად განაგრძეს ზეცისკენ სწრაფვას. ბოროტ სულს სხვა არა დარჩენოდა რა და სიბრაზით კბილებს აკრაჭუნებდა.

და, კვლავ გაისმა ზეციდან:

- შეეცადე გაიგო ის, რაც ნახე!

მაშინ კი ანტონის გონების თვალი აეხილა და ყველაფერს მიხვდა: არსებები, რომლებიც ზეცისკენ მიილტვოდნენ, ადამინთა სულები იყო. მაღალი, შემზარავი არსება კი ეშმაკი. იგი ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა ადამიანთა სულებისთვის და თავის მაცდურ ბადეში გაეხვია ისინი. იმ ადამიანთა სულები, რომლებიც თავის ბრალეულობის გამო ეშმაკის ხელით ბრკოლდებოდნენ, ძირს ცვიოდნენ. ხოლო, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ, ძალა არ შესწევდა მათი ძლევისთვის და ხელიდან ეცლებოდნენ.

წმინდა ანტონის მსგავსი გამოცხადებების შესახებ, არაერთხელ უამბია თავისი მოწაფეებისთვის და ამას მათი სულის სასიკეთოდ აკეთებდა. გარდა ამისა, არც სულიერ ძმებს რჩებოდათ უყურადღებოდ ის ცვლილება, ხილვის დროს რომ აირეკლებოდა ხოლმე ნეტარი მამის სახეზე. როგორც კი ამას შენიშნავდნენ, მაშინვე გამოიკითხავდნენ ხოლმე ანტონის უფლისგან მოვლენილი ხილვის შესახებ.

ნეტარი ანტონი, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელაც რომ არ ჰყოლოდა ნანახი, ყველასგან გამოარჩევდა, რაც არ უნდა ხალხმრავალ ადგილას ყოფილიყო იგი. მიუხედავად იმისა, რომ ნეტარი ანტონი გარეგნობით არავისგან გამოირჩეოდა, სულის სიწმინდე და სიმშვიდე, მის სახეზე ასახვას ჰპოვებდა. ამას ის სიხარულიც ემატებოდა, რომელიც სიმშვიდესთან ერთად, რაც არ უნდა რთულ ვითარებაში ყოფილიყო ან უსიამოვნო ამბავი შეეტყო, მის სახეზე არასოდეს ფერმკრთალდებოდა: „გულისა მხიარულის პირი შუენინ, ხოლო მწუხრისაი - შეძრწუნებულ“ (იგივ. 15,13). ისევე როგორც სამოელმა იცნო დავითი მხიარული თვალით და კბილით, ასევე იცნობდა ანტონი, რომელიც არაფერზე შეძრწუნდებოდა და მუდამ მხიარულობდა მისი გული.

ხოლო, სარწმუნოებით, წმიდა ანტონი ყველას განაცვიფრებდა. რამდენად სულიერად წმიდა, უბიწო და რწმენაში შეურყვეველი იყო, იმდენად არასოდეს დაბრკოლდებოდა სარწმუნოებაში და იმის გამო, რომ ხედავდა მრავალი ადამიანი, საკუთარი ნებით, როგორ იღებდა მწვალებლურ სწავლებას, ყველას მოუწოდებდა არასოდეს ჰქონოდათ მასთან საუბარი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მწვალებელი მზადყოფნას გამოთქვამდა უარი ეთქვა ერეტიკული მიმდინარეობის მრწამსით ცხოვრებაზე.

იმ ხანად, მრავალი ერესი იყო გავრცელებული. ანტონი, ერეტიკოსებთან, არათუ მეგობრულ საუბარს, არამედ ყოველგვარ ურთიერთობას კრძალავდა და მიიჩნევდა, რომ ეს სულს ზიანს აყენებს, განსაკუთრებით მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა არიოზელების მიმართ.

ერთხელ, როდესაც ამ ერესის მიმდევრები ნეტარ ანტონისთან სასაუბროდ მივიდნენ, ანტონი მათ მალვე გაეცალა და უკანმოუხედავად თავისი კელიისკენ ამ სიტვებით გაიქცა:

- გველის შხამზე უმწარესია მათი სიტყვები.

ერთხელაც, არიოზელებმა ცრუ ხმები გაავრცელეს, თითქოს ანტონი მათი სარწმუნოების გამზიარებელი იყო. ნეტარი მამა გააოცა მათმა კადნიერმა ქმედებამ და სამართლიანობის ცეცხლით აღნთებული ქალაქ ალექსანდრიაში ჩავიდა. აქ, წმიდა ანტონიმ მთავარეპისკოპოსის და მთელი საზოგადოების წინაშე სახალხოდ შეაჩვენა არიოზელები, უწოდა რა ანტიქრისტეს წინამორბედები და იქადაგა, რომ იესო ქრისტე არის არა ქმნილება, არამედ ერთარსი მამისა და სამყაროს შემოქმედი. ნეტარი მამის ქადაგებებმა, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უდიდესი სიხარულით აღავსო იმის გამო, რომ ქრისტეს მაგინებელი ერესი სახალხოდ დაგმობილ იქნა ეკლესიის ისეთი მამის მიერ, როგორიცაა წმინდა ანტონი. სულ მალე, ალექსანდრიის მთელი მოსახლეობა, განურჩევლად წოდების, ასაკის და მრწამსის, რომელთა შორის იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ერეტიკოსები და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წარმართებიც კი, ერთი მოთხოვნით გაერთიანდნენ და იძახდნენ:

- გვსურს, რომ ღვთის კაცი ჩვენი თვალით ვიხილოთ!

ყველა ასე უწოდებდა წმიდა ანტონის და მისი სახელის ხსენებაც კი ისეთ უჩვეულო ძალას იწვევდა ყოველ მათგანში, რომ მზად იყვნენ, როგორმე მის ტანსაცმელს მაინც შეხებოდნენ.

ძნელი იქნებოდა იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი სულით ავადმყოფი თუ სხვა მძიმე სნეულებით შეწუხებული ადამიანი განიკურნა წმიდა ანტონის სასწაულმოქმედი სიტყვის ძალით, მისი ქალაქ ალექსანდრიაში ყოფნის დროს. წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მოწმობით, ნეტარ ანტონის ამ ქალაქში სულ რამდენიმე დღით ყოფნის დროს, როცა მან ყველას უჩვენა ჭეშმარიტი აღმსარებლობის მაგალითი, დიდი გარდატეხა მოხდა მოსახლეობის ცხოვრებაში და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცეულ წარმართთა რიცხვი მთელი წლის მანძილზე იზრდებოდა.

ანტონის ხილვის მსურველთა მოზღვავებული ხალხის ნაკადის გამო, ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა ნეტარი მამა არ შეწუხდესო და შეეცადნენ არავინ მიკარებოდა. ანტონიმ ეს რომ შეინიშნა, მიუბრუნდა ამ რამდენიმე ადამიანს და უთხრა:

- მომსვლელთა რიცხვი არ აღემატება დემონთა რაოდენობას, რომლებთანაც განუწყვეტლივ ბრძოლა მიხდება მთაში.

წმიდა ანტონი დიდის შესახებ წმ. ათანასე ალექსანდრიელი გადმოგვცემს:

„როცა ანტონის ქალაქ ალექსანდრიიდან თავის სავანისკენ ვაცილებდით და უკან მრავალი ადამიანი მოგვდევდა, ქალის განწირული ხმა მოგვესმა:

- შეჩერდი, ღვთის ადამიანო, გევედრები, შეჩერდი! ჩემი ასული უწმიდური სულების მიერ იტანჯება. თუ შეიძლება, შეჩერდი, რადგან ამ უბედურებით შეწუხებულს, ძალა აღარ მყოფნის, რომ დაგეწიო!

ყველა შეგვძრა ამ ქალის სიტყვებმა და შევჩერდით. ქალი რომ მოგვიახლოვდა, მისი ასული კი არაწმინდა სულების მიერ ტანჯული ძირს დაცემული ვიხილეთ, ეს ძრწოლა კიდევ უფრო გრა იესო ქრისტეს და სულ რამდენიმე წუთში ჩვენს თვალწინ არაწმიდა სულმა დატოვა გოგონა და განერიდა. ამ სასწაულის თვითმხილველი ხალხი სიხარულით სწირავდა უფალს მადლობას.

კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ანტონი დიდს ერში ყოფნის დროს, განსაკუთრებული სწავლა-განათლება არ მიუღია, საოცარი ცოდნით გამოირჩეოდა და ყველა მოაზროვნე ადამიანად მიიჩნევდა.

ერთხელ წმიდა ანტონის ორი წარმართი ფილოსოფოსი ესტუმრა. მათი მიზანი იყო, წმინდა მამა ამქვეყნიურ სიბრძნეში გამოეცადათ და თუ შესაძლებელი გახდებოდა, დაეჯაბნათ კიდეც იგი.

ანტონი მთის მწვერვალზე იყო, როცა შორიდან შენიშნა ეს ორი წარმართი პიროვნება და ერთი შეხედვისთანავე განჭვრიტა მათი მისვლის მიზანი. არც დაფიქრებულა და მაშინვე შეეგება სტუმრებს, რომლებსაც თარჯიმნის დახმარებით ასეთი რამ ჰკითხა:

- რისთვის გარჯილხართ ბრძენო ადამიანებო, რამ გაიძულათ ასეთი გრძელი გზის გამოვლა? მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ უგუნურ კაცს შეხვედროდით და არაფრისმომცემ საკითხებზე გესაუბრათ?

- ჩვენ, უგუნურ კაცად სულაც არ გთვლით, პირიქით, საკმაოდ ბრძენ ადამიანად მიგვაჩნიხართ - უპასუხეს ელინებმა.

- თუ თქვენ უგუნურ ადამიანთან მოხვედით, - მხნედ უპასუხა წმიდა ატნონიმ, - ტყუილად გარჯილხართ. მაგრამ, თუ ბრძენ ადამიანად მთვლით, საჭიროა, თავდაპირველად სწორად განსაჯოთ - ვინ არის ბრძენი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მართებულია ადამიანი ბრძენს და ღვთისმოსავს ბაძავდეს. მეც ასე მოვიქცეოდი თქვენთან მოსვლისას, შევეცდებოდი, ყოველ თქვენგანს, რაღაცით მაინც დაგმსგავსებოდით. მაგრამ, როგორც ვხედავ, თქვენ თავად მესტუმრეთ, როგორც ბრძენს. ახლა კი გმართებთ, რომ მე მომბაძოთ, მე კი როგორც ცნობილია, ქრისტიანი ვარ.

ანტონის აზროვნებით და სწიმინდით გაოცებული წარმართი ფილოსოფოსები მიხვდნენ, თუ რისი შინებიათ თავად ეშმაკებს, და უკან შერცხვენილები დაბურნდნენ.

წმინდა ანტონის სტუმრად, სხვა ფილოსოფოსები და სწავლულებიც სწვევიან. მათ მთავარ მიზანსაც, სწორედ ანტონის დაცინვა წარმოადგენდა, რათა ხაზი გაესვათ იმისთვის, თითქოს გაუნათლებელი და უწიგნური ადამიანი იყო, მაგრამ ვერც ისინი აღწევდნენ მიზანს, მითუმეტეს, როცა ასეთ სიტყვებს გაიგონებდნენ, ანტონი მათთან საუბრისას რომ იტყოდა ხოლმე:

- მიპასუხეთ, - იკითხა ერთხელ წმიდა მამამ, - რა უფრო ადრე გაჩნდა, გონება თუ დამწერლობა? რომელმა რომელი წარმოშვა დამწერლობამ გონება თუ გონებამ დამწერლობა?

- ჯერ გონება იყო და შემდეგ დამწერლობა - უპასუხეს მათ.

- მართალია, ვისაც ნათელი გონება აქვს, ის არც საჭიროებს დამწერლობას - უპასუხა წმიდა ანტონიმ.

ფილოსოფოსებს სხვა არა დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ უხმოდ გასცლოდნენ მოსაგრე მამას.

სხვა დროსაც ასევე მოხდა. წმიდა ანტონის ფილოსოფოსები ეწვივნენ, რომლებსაც საუკეთესოდ ჰქონდათ შესწავლილი მრავალი მეცნიერება და საქვეყონდ იყვნენ ცნობილი თავისი მჭერმეტყველებით. თავდაპირველად, წმიდა ანტონისათან, ქრისტიანობის ძირითად საკითხებზე საუბარი ამჯობინეს, შემდეგ კი ოსტატური მოხერხებულობით, შეპარვით სცადეს უდიდესი სიწმინდის, ჯვრის გაქილიკება. ანტონი დიდხანს უსმენდა, მაგრამ ბოლოს ისევ მათივე უმეცრების გამო შეიბრალა და მიმართა:

- რომელი უფრო სამართლიანია და წმიდა, იესო ქრისტეს ჯვრის თაყვანისცემა, თუ სიძვა-მრუშობისადმი ქება-დიდების შესხმა და კერპებისათვის შვილების მსხვეპლად შეწირვა?

ჩვენი უფალი სიმტკიცეა და სიკვდილის დამთრგუნველი, ხოლო თქვენს მიერ ღმერთად შერაცხილი კერპები, თქვენსავე სიბილწესა და ვნებაში ჩამგდები.

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე რწმენა, რომ უფლის სიტყვა განკაცდა და ადამიანთა ცოდვები იტვირთა, ჩვენს მოკვდავ ბუნებასთან შეერთებით კი, ზეციურ მადლთან დაგვაკავშირა?

როგორ შეგიძლიათ გაკადნიერდეთ და ქრისტიანობას იმ მიზეზით დასცინოთ, თითქოს იესო ქრისტემ ძე ღვთისამ შესცოდა და ხორციელად იქნა ჩამოგდებული ზეციდან. მაშინ, როცა თქვენი რწმენით ადამიანის სულს გზავნით, არა მხოლოდ ადამიანის სხეულში, არამედ ქვეწარმავლის, ცხოველის და ხანაც ფრინველის ან სხვა რომელიმე სულიერი არსების? ქრისტიანობა აღიარებს უფლის ყოვლისშემძლეობას და მოწყალე ბუნებას, არაფერია ღმერთისთვის შეუძლებელი. მაგრამ, ამის მიუხედავად ქადაგებთ, რომ სული გამომდინარეობს რა ღვთაებრივი საწყისიდან, დაცემის შემდეგ შეირყვნება და განიცდის ცვლილებას, გარდაიქმნება. განა უმჯობესი არ არის, ჯვარი ვიტვირთოთ, ვიდრე ვირწმუნოთ თქვენი უმეცარი ზღაპრების, ან თაყვანისვცეთ ეგვიპტის ქალღმერთ ისიდას, რომელიც ერთდროულად იყო ცოლი და და ოსირისის? დაე, გრცხვენოდეთ იმის, რომ გწამთ და აღიარებთ ბოროტი ტიფონის არსებობას, რომელიც არის თქვენი ღმერთის, ოსირისის ძმა. დაე, გრცხვენოდეთ სატურნის გამო, რომელიც შვილებს საკუთარი ხელით შთანთქავდა. ზევსის სისხლისმსმელი, გარყვნილი ავხორცობის გამო, რასაც გადმოგვცემს თქვენი უძველესი თქმულებები.

აი, რას თაყვანისცემთ! აი, როგორი არიან თქვენი ღმერთები! აი, რითაა შემკული თქვენი ტაძრები! თქვენ დასცინით და სიცილად არ გყოფნით უფლის ტანჯვა-წამება. მაგრამ, რატომ არაფერს ამობობთ მისი აღდგომის შესახებ? რატომ არ ამახვილებთ ყურადღებას მის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე? უსინათლოებისთვის მხედველობის დაბრუნება, ხეიბრების განკურნება, კეთროვანთა გაჯანსაღება, ზღვაზე ფეხით გავლა, ეშმაკეულების განკურნება, მიცვალებულთა აღდგინება და მრავალი სხვა, ის, რაც ნათლად წარმოაჩენდა უფლის სიტყვასა და ძალას? და, თუკი თქვენ, მცირე ხნით მაინც ჩაუფიქრდებით ბავშვობიდნავე თქვენში მტკიცედ ჩანერგილ სწავლებას, რომლითაც მთლიანად განმსჭვალულია მთელი თქვენი არსება, მყისვე დარწმუნდებით, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად ძე ღვთისა, მომკვდარი და აღდგომილი ჩვენი გამოხსნისთვის და ცხონებისთვის“.

ნეტარი მამის ცხოვრება იმითაც იყო გამორჩეული, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი კონსტანტინეს და მის ვაჟებს კონსტანტის და კოსტას წმიდა ანტონი არასოდეს ენახათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნეტარი მამა ქვეყნის უკიდურეს საზღვართან ცხოვრობდა, მაინც ძლიერ შეიყვარეს და თავის წერილებში საკუთარ მოძღვრად იხსენიებდნენ, ამასთან ერთას სთხოვდნენ, თუ სასახლეში სტუმრობას ვერ შესძლებდა, იქნებ ეპისტოლარული ურთიერთობა მაინც დაემყარებინა.

პირველად, როდესაც ანტონიმ კონსტანტინე დიდის ეპისტოლე მიიღო, მის უბრალოებას არაფერი ვნებია, როგორიც იყო, იგივე დარჩა. მხოლოდ ეს უთხრა სულიერ შვილებს:

- რატომ გიკვირთ, რომ იმპერატორმა მოგვწერა? ისიც ხომ ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ ვართ? საერთოდ კი გასაკვირი ისაა, რომ უფალმა თავისი ძის მიერ გვიქადაგა რჯული და ჩვენთვის ამ გზით დაიწერა.

და, ვერ გადაეწყვიტა პასუხი მიეწერა თუ არა. ძმებმა სთხოვეს წმიდა მამას, რომ ეპისტოლე თავადაც გაეგზავნა, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ იმპერატორი კონსტანტინე და მისი ძენი, ქრისტიანობის აღმსარებელნი იყვნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ვაითუ დაბრკოლდნენო. მაშინ კი წაიკითხა ანტონიმ კონსტანტინე დიდის ეპისტოლე და პასუხი თავადაც მიწერა: წმიდა ანტონი თავდაპირველად სიხარულს გამოსთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპერატორი და მისი ოჯახი ქრისტიანობის მხურვალე აღმსარებელია. ამას გარდა, შეახსენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარის განკარგვა უხდებოდათ, არასოდეს დავიწყებოდა, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანები არიან. ყველაზე უწინ კი, საშინელი სამსჯავრო ხსომობოდათ, რომელიც გარდაუვალია და სადაც აუცილებლად მოჰკითხავდნენ პასუხს იმაზე, თუ რამდენად ღირსეულად განაგებდნენ უფლისგან ბოძებულ სამეფო ხელისუფლებას. ამასთანავე შეაგონებდა, არ დავიწყებოდათ, რომ მხოლოდ ქრისტეა ჭეშმარიტი და მარადიული მეუფე. ამის შემდეგ კი, ნეტარი მამა მოძღვრავდა, რომ ყოფილიყვნენ კაცთ-მოყვარენი და სამართლიანები, ობოლთა და გლახაკთ? ანტონი სულიერ ძმებთან ერთად შრომობდა, მოულოდნელად შეჩერდა, მზერა ზეცისკენ აღაპყრო და ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ მუხლებზე ლოცვით დაიჩოქა და დიდი ხნის მანძილზე ტიროდა. ძმებს ამის დანახვაზე შიში დაეუფლათ და მოუთმენლად დაიწყეს იმის გამოკითხვა, თუ რას ხედავდა.

ანტონიმ ღრმა მწუხარებით ამოისუნთქა და თქვა:

- უკეთესია მომკვდარიყავი, ძმებო, ვიდრე ჩემი თვალით ვიხილო ის უბედურება, რაც ნელ-ნელა გვიახლოვდება.

ამის გაგონებისას, ძმები კიდევ უფრო მეტად ჩაეძიენ და სთხოვდნენ, მეტი რამ მოეთხრო ნანახის შესახებ, რაზეც წმიდა ანტონიმ ტირილით უპასუხა:

- ენით აუწერელი განსაცდელი უახლოვდება ქრისტეს ეკლესიას. პირუტყვთა მსგავსად გადაეცემა იგი ადამიანთა ხელს. ვიხილე უფლის ეკლესიის საკურთხეველი. მის გარშემო ურიცხვი ჯორი, რომლებიც მრისხანებით წიხლს კრავდნენ ყოველივეს და შემდეგ თელავდნენ.

ანტონიმ სული ცოტა რომ მოითქვა, განგრძო:

- და მესმა ხმა: „საძულველ იქმნეს საკურთხეველ ჩემნი“. აი, რა არის მიზეზი ჩემი კვნესის და ვაების.

ნეტარი მამის გამოცხადება, ორი წლის შემდეგ მართლაც აღსრულდა. არიოზელთა მიერ დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. დაინგრა ქრისტეს ტაძრები, საიდუმლო სიწმინდეები კი არაწმიდა ხელით იქნა შებილწული და შეგინებული. რასაც არ ანადგურებდნენ, წარმართებს აიძულებდნენ მათ გაყიდვას. გარდა ამისა, არიოზელები შეეცადნენ მართლმადიდებელთა შეურაცხყოფის მიზნით, წარმართებიც მიემხროთ ამას რომ მიაღწიეს, ისინი შეთანხმებულად ამოქმედდნენ. არიოზელებმა, წარმართების წეს-ჩვეულებები შეითვისეს, წარმართებმა კი არიოზელების. თავის მხრივ კი მართლმადიდებლებს აიძულებდნენ მათთვის მიებაძათ, რათა თავისი სარწმუნოება არიოზის მწვალებულურ ერესში გაეცვალათ.

საშინელი უსჯულოება დატრიალდა. ეკლესიები და საკურთხევლები დაჩეხილი მართლმადიდებლების სისხლით ირწყვებოდა. ქალებს და მცირეწლოვან გოგონებს ნამუსს ხდიდნენ. სანათლავ ემბაზებს კი წარმართები არაწმიდებით ბილწავდნენ.

მაშინ კი ყველა დარწმუნდა, რომ აღსურლდა წმიდა ანტონის წინასწარმეტყველება, ერეტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს საეკლესიო სიწმინდენი და უფლის კარვები, მრავალმა ადამიანმა დასთმო მართლმადიდებლური სარწმუნოება, რადგან დიდი იყო შიში არიოზელთა მიმართ.

ამ საშიშროების დროს წმიდა ანტონი ძმებს ამშვიდებდა:

- გულს ნუ გაიტეხთ შვილებო! უფალი როგორც განრისხდა ჩვენი ცოდვების გამო, ასევე შეიწყალებს თავის სოფელს. ეკლესიებს ჩვეული ბრწყინვალება დაუბრუნდება და ძლევამოსილება არ მოაკლდება. ისინი ვინც რწმენაში ბოლომდე შეურყეველი დარჩა, უფლის ნათლით შეიმოსება. და, იხილავთ თქვენს მაჭირვებლებს დაცემულს და უღმრთოება თავის ხვრელს თავადვე დაუბრუნდება, ეკლესიის მადლი კი შორს გავრცელდება. ფრთხილად იყავით, რომ მომაკვდინებელი კავშირი არ დაამყაროთ არიოზელებთან, რადგან მათი სწავლება სახარებისეული კი არა, არამედ ეშმაკისგანაა და მათი მამა სატანაა. მათი სწავლება პირუტყვთა სწავლებას გავს და უსუსური გონებით არის დაწერილი.

ასეთი სწავლება ჰქონდა წმიდა ანტონის. ჩვენის მხრივ კი გვმართებს ვძლიოთ საკუთარ ურწმუნოებას და გვწამდეს მთელი არსებით, რომ ანტონის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, ოდნავ არა აქვს სიყალბის ჩრდილი, რადგან ადამიანისთვის არაფერია შეუძლებელი ისევე, როგორც ამას თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის: „ამენ გეტყვ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოება , ვითარცა მარცვალი მდოგვისა , ჰრქვათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარა შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მათ, 17,20); „ამენ, ამენ გეტყვ თქუენ, რამეთუ: რაოდენიცა-რა სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ“ (იოან. 16,23); „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათ, 7,7).

ანტონი, ლოცვის ძალით კურნავდა სნეულ სულებს და არა თავის შესაძლებლობებზე დაყრდნობით. უფალი ანტონის საშუალებით იქმოდა სასწაულებს, ამ უკანასკნელის კი მხოლოდ წმიდა ლოცვა და მარხვა იყო. ეს იყო მიზეზი მისი მთაზე განმარტოების. აქ უხაროდა ანტონის უფლის ხილვა, მაგრამ მწუხარებდა, როცა სთხოვდნენ მთიდან ჩამოსვლას. ხშირად მას მრავალი ადამიანი აწუხებდა ამისთვის, მაგრამ, როგორც წესი, ანტონი თხოვნას თავიდან არ პასუხობდა, არამედ განერიდებოდა ხოლმე მათ, იძულებული რომ არ გამხდარიყო და ნების საწინააღმდეგოდ არ მიეტოვებინა თავისი კელია. ბოლოს კი, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ მას მიუვლენდნენ ხოლმე იმ ვნებულ ადამიანს, ვის გამოც სთხოვდნენ ანტონს მთიდან ჩამოსვლას. ადამიანის გასაჭირის მნახველი ანტონი კი ვეღარ მიოთმენდა და გამოეგებებოდა მას.

ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მსმენელებს არ ეთმობოდათ წმიდა ანტონის გაშვება და სთხოვდნენ მათთან კიდევ მეტხანს დარჩენას. ერთხელ, წმიდა ანტონის მთავარი დუქსი ეწვია. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მთავარი სთხოვდა კიდეც მეტხანს და მეტხანს ყოფილიყო მათთან. ანტონიმ რამდენჯერაც სცადა მათთან განშორება, იმდენჯერ შეაჩერა. ბოლოს ანტონიმ მთავარს, ასეთი რამ უთხრა: როგორც თევზი ვერ დაყოფს დიდხანს მიწაზე, და თუ შეყოვნდა, გარდაიცვლება, ასევე ემართება მონაზონსაც, ერის ხალხთან დიდხანს ყოფნის გამო გარდაიცვლება. როგორც თევზსა აქვს წესად ზღვაში ცხოვრება, ასევე გვაქვს ჩვენც წესად სავანეში ყოფნა. არ შეიძლება აქ ჩვენი დიდხანს გაჩერება და სულიერი ცხოვრების დავიწყება.

მთავარმა ეს და სხვა მსგავსი შეგონებები რომ მოისმინა, გაუკვირდა და ესღა წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ღვთის მონა არის ეს კაცი! აბა, სხვა რა გზით შეიძლება, რომ ერთ უბრალო ადამიანს, ასეთი გონიერება მიეცეს, თუკი ეს კაცი, ღვთის უსაყვარლესი შვილი არ არის?“.

იმ ხანად ეგვიპტეში ცხოვრობდა მხედართმთავარი ბალაკიოსი, რომელიც არიოზელების წაქეზებით, დაუნდობლად დევნიდა ქრისტიანებს. იგი იმდენად სასტიკი იყო, რომ ხალხმრავალ მოედნებზე აშიშვლებდა და დაუნდობლად გვემდა ბერ-მონაზვნებსა და ღვთისმოსავ ასულებს. ნეტარმა ანტონიმ მას ასეთი შინაარსის წერილი მისწერა:

„ვხედავ ღვთის რისხვას შენსკენ მომავალს. შეწყვიტე ქრისტიანთა დევნა, თორემ ეს არ აგცდება“.

ამ უსამართლო ადამიანმა წერილი რომ წაიკითხა, ანტონის სიტყვები სიცილად არ ეყო. წერილს ნერწყვა და ფეხებით შესდგა, ხოლო მათ, ვინც ეს წერილი მიართვა, ჯერ შეურაცხყო, შემდეგ კი წმიდა მამას მუქარის სიტყვები შეუთვალა:

„იმის გამო, რომ ამ ხნის მანძილზე არ უარყავი მონაზვნური ცხოვრება, შენთანაც მომიწევს მოსვლა“.

ხუთი დღის შემდეგ, წმიდა ანტონის წინასწარმეტყველება აღსრულდა და ამ ღვთისმგმობელ ადამიანს თავს ასეთი უბედურება დაატყდა:

ერთ დილით, ბალაკიოსი ეგვიპტის პიტიახში ნესტორთან ერთად, ქალაქ ალექსანდრიისკენ გაემგზავრა. ისინი ძალზე დინჯი ცხენებით მგზავრობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მოულოდნელად თამაში წამოიწყეს, თითქოს ერთმანეთს ჯირითში ეჯიბრებიანო, დოღი გამართეს. ასეთი უჩვეულო წამოწყების დროს, ნესტორის ცხენი, მოულოდნელად კბილებით წვდა ბალაკიოსს, ძირს დასცა და ჯერ გათელა, შემდეგ კი კბილებით დაგლიჯა. მომაკვდავი ბალაკიოსი ქალაქში ჩაიყვანეს, სადაც მესამე დღეს სული დალია. ყველამ საკუთარი თვალით იხილა უსამართლო მდევნელის შესახებ წმიდა ანტონის წინასწარმეტყველების აღსრულება.

ეს უბედური შემთხვევა ეგვიპტის მოსახლეობისთვის დიდ შეგონებად იქცა. არათუ ქრისტიანობისთვის დევნილნი განმტკიცდნენ რწმენაში, არამედ მათი მდევნელებიც კი მოინათლნენ მართლმადიდებლურად. ყველა ერთად კი შენატროდა მონასტრულ ცხოვრებას. იმ ხანად, მრავალმა მხედარმა და მთავარმა მიატოვა ამქვეყნიური სიმდიდრე და დიდება და მონაზვანად აღიკვეცა. უფლის მიერ ანტონი ეგვიპტეში ნამდვილ მკურნალად იყო მოვლენილი.

შეუძლებელი იყო, მწუხარებაში მყოფი ადამიანი ანტონისთან მისულიყო თავისი დარდის გასაზიარებლად და საუბრის შემდეგ შინ მხიარული არ დაბრუნებულიყო. ახლობელ ადამიანზე მგლოვიარე ან განრისხებული, დამშვიდებული არ წასულიყო. მასთან საუბრისას, სიღარიბეში მყოფი, სიმდიდრეს აღარად შერაცხდა. მონაზონი გაძლიერდებოდა, ჭაბუკს გულისთქმას დაუცხრობდა და სიწმინდეს შეაყვარებდა. თუ ვინმე ეშმაკის ბრძოლისგან გადაღლილი მოვიდოდა, შვებას მიჰგვრიდა. გულისსიტყვათაგან შეშფოთებულს გონებას განუწმენდდა.

მაგრამ, ალბათ დროა ნეტარი მამის ცხოვრების ბოლო პერიოდის შესახებ გადმოგცეთ. ჩვეულებისამებრ წმიდა ანტონი პერიოდულად მთიდან ბარში ჩავიდოდა ხოლმე სულიერი შვილების მოსანახულებლად. ერთხელაც, ასეთი სტუმრობის დროს სულიერ შვილებს განუცხადა, რომ მოახლოვდა მისი აღსასრული, რის შესახებაც უფლისგან ჰქონდა ნაუწყები:

- უკანასკნელად ვარ თქვენთან ჩემო სულიერო შვილებო, - თქვა წმიდა ანტონიმ, - მეტად ვეღარ მიხილავთ ამ ცხოვრებაში. 105 წლის ვარ და უკვე დროა, რომ განვისვენო.

ამ სიტყვებმა ძმები ძლიერ დაამწუხრა, ისე განიცადეს, თითქოს ნეტარი ანტონი ეს ესა ამ სოფლიდან უკვე მიდისო, რის გამოც ყველა ტირილით ეხვეოდა და ლოცვა-კურთხევას ითხოვდა მისგან. ხუცესი კი ამშვიდებდათ და მოუწოდებდა, რომ ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში ეცხოვრათ და არ მოეწყინათ ღვაწლის აღსრულებისას, არამედ მუდმივ შრომაში ყოფილიყვნენ. გულმოდგინედ დაეცვათ სული არაწმიდა გულის-სიტყვათაგან. წმიდა ადამიანების მსგავსად არ დაახლოვებოდნენ განხეთქილების მოყვარე მელეტიანელებს. არ ევლოთ არიოზელების წირვა-ლოცვაზე: - რადგანაც იცით მათი ბოროტების და შეგინებული გონების შესახებ, - ამბობდა წმიდა ანტონი. არამედ აღესრულებინათ ის სწავლება, რაც ნაუწყები ჰქონდათ წმიდა წერილიდან და ქადაგეგებიდან, განემტკიცებინათ სარწმუნოება იესო ქრისტეს მიმართ.

ძმები წმიდა ანტონის სთხოვდნენ მათთან დარჩენას და იქ აღსრულებას, მაგრამ ანტონის სურივლი არ ჰქონდა სიცოცხლის ბოლო წუთები მათ გვერდით გაეტარებინა, ამის მიზეზი კი შემდეგი იყო: ეგვიპტელები გარდაცვლილ მონაზვნების, განსაკუთრებით კი წმიდა მოწამეების ცხედრებს, ნაჭერში ახვევდნენ და სახლში დაუმარხავად ინახავდნენ. ფიქორბდნენ, რომ მოღვაწის ცხედარს ამით უფრო მეტ პატივს მიაგებდნენ. ანტონი ეგვიპტელებს შეაგონებდა, რომ მამამთავარნი და წინასწარმეტყველნი, თავად იესო ქრისტეც გარდაცვალების შემდეგ სამარეში დაკრძალეს და იქ იმყოფებოდა, ვიდრე მესამე დღეს არ აღსდგა. უსამართლობაა, როცა სიკვდილის შემდგომ ცხედარს არ კრძალავენ, განსაკუთრებით კი სულიერი მოღვაწის ან წმინდანის ცხედარსო, შეინშნავდა ანტონი.

ეს შეგონება მრავალმა ეგვიპტელმა გაიზიარა და დაიწყეს მიცვალებულების დაკრძალვა. მოგვიანებით, მადლიერნი იყვნენ წმიდა ანტონის, ასეთი კეთილი საქმე რომ ასწავლათ. ანტონის სწორედ ამის შიში ჰქონდა, რომ მისი ცხედარი დაუკრძალავი არ დარჩენილიყო.

საყვარელი მთის მწვერვალზე ასვლის შემდეგ, წმიდა ანტონი, რამდენიმე თვეში მძიმედ დასნეულდა, მოუხმო ორ ბერს, რომლებიც ხანდაზმულ მოღვაწეს ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ და მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდნენ და უთხრა:

- შვილო ჩემნო, როგორც წმიდა წერილშია: „მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაც იყავი“ (3 მეფ. 2,2), „ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა“ (იესო ნავესი 23,14). უფალი თავისთან მიხმობს და იმედს არ ვკარგავ, რომ ზეციურ მადლს ვეზიარები, მაგრამ თქვენ, ჩემო სულიერნო შვილნო, არ მიმოფანტოთ თქვენი სულიერი მონაპოვარი, არამედ მეტი გულმოდგინებით მისდიეთ სარწმუნოებრივ მოღვაწეობას. კარგად უწყით ეშმაკის მტრობის შესახებ, რამდენ განსაცდელს მოუვლენს ხოლმე იგი ადამიანს. მათი განდევნა კი იესო ქრისტეს მიმართ მტკიცე რწმენას და იმედს შეუძლია. კარგად დაიმახსოვრეთ ის, რაც შეგაგონეთ, იცხოვრეთ ღვთისნიერად და უეჭველად მიიღებთ ზეცაში საზღაურს.

ყოველგვარ უთიერთობას ერიდეთ განხეთქილების ჩამომგდებ ერეტიკოსებთან და არიოზელებთან. კარგად უწყით, რომ არასდროს მქონია მათთან მეგობრული საუბარი, მათი სულელური აზრებისა და მწვალებლური სწავლების გამო.

ყველაზე უწინ აღასრულეთ უფლის მცნებები, რათა გარდაცვალების შემდგომ, წმინდანებმა მეგობრული სიხარულით მიგიღონ თავის სავანეში. ჩემს გამო კი ნუ იდარდებთ. კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ ის, რაც გითხარით, აღსავსე იყავით ამის აღსრულების სურივლით.

ბოლოს კი გთხოვთ, რომ თუკი ნამდვილად გიყვარვართ, როგორც სულიერი მამა და მზად ხართ ჩემი ნების აღსრულებისთვის, მაშინ გთხოვთ, რომ ჩემი ნეშთის ეგვიპტეში გადასვენების უფლება არავის მისცეთ, რათა პატივის მიგების გამო არ დატოვონ მიწას მიუბარებლად ჩემი სხეული. განა ჩემს მიმართ პატივის მიგება არ გახდა იმის მიზეზი, რომ ყოველივე მივატოვე და ამ მთაზე დავსახლდი. გთხოვთ, რომ დამკრძალოთ და ამასთან ერთად ესეც აღმისრულოთ: დაე, თქვენს გარდა ნურავის ეცოდინება ჩემი ნეშტის ადგილსამყოფელი, რომელიც საყოველთაო აღდგომის დროს უხრწნელი აღდგება.

ჩემი შესამოსელი კი შემდეგნაირად გაეცით: ალექსანდრიის პატრიარქ ათანასეს (იგულისხმება წმიდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელმაც აღწერა წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება, ხს. 18/31 იანვარს) გადაეცით ჩემი ხალენი და სამოსი, თავის დროზე რომ მომცა და ჩემთან ერთად გაცვდა: სხვა ხალენი გადაეცით ტმუნის ეპისკოპოსს სერაპიონს (ხს. 24/6 ივნისს), ძაძა კი თქვენ დაიტოვეთ.

მშვიდობით ჩემო სულიერნო შვილნო! ანტონი გემშვიდობებათ და მეტად ვეღარასოდეს იხილავთ ამ სოფელში.

ამ სიტყვების შემდეგ სულიერი შვილები, გამომშვიდობების ნიშნად გადაეხვივნენ სულეირ მამას. ლოცვა-კურთხევის შემდეგ, ანტონი გარდაცვალებისთვის შეემზადა, გასწორდა და მის წასაყვანად მისულ ანგელოზებს მეგობრული მზერა მიაპყრო. წმიდა მამა მშვიდად მომღიმარი გამომეტყველებით გარდაიცვალა და წმიდათა დასს შეუერთდა.

ნეტარი ანტონი დიდი აღესრულა 356 წლის 17/30 იანვარს 105 წლის ასაკში. ნეტარი მამის ცხედარი დაკრძალა იმ ორმა მოწაფემ, რომლებიც ძირითადად სიცოცსლის ბოლოს სულ მასთან იმყოფებოდნენ და გარკვეული ხნის მანძილზე, მათ გარდა, წმიდა ანტონის ცხედრის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

561 წელს ნეტარი მამის ცხედარი გადასვენებულ იქნა ქალაქ ალექსანდრიაში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ (527-567 წ). სარკინოზების მიერ ეგვიპტის აღების შემდეგ კი გადასვენებულ იქნა ქ. კონსტანტინოპოლში, 635 წელს - დაახლოებით 980 წელს კი ვიენაში (დღევანდელი საფრანგეთი). 1491 წელს იქიდან, გადასვენებულ იქნა ქალაქ არლში (სამხრეთ-აღმოსავლეთი საფრანგეთი) წმიდა იულიანეს სახელობის ეკლესიაში, სადაც დღემდე განისვენებს.

წმიდა ანტონის გარდაცვალების შემდეგ, მოწაფეებმა მისი ხალენი და ლოცვა-კურთხევა გადასცეს წმიდა ათანასეს, ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომელმაც დიდი მოკრძალებით მიიღო ეს ღვთაებრივი ძღვენი და სიცოცხლის ბოლომდე მოწიწებით ეპყრობოდა.

ასეთი იყო წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება და წმიდა ათანასე დიდის სიტყვებით რომ ვიმსჯელოთ: ანტონი დიდს არც განსაკუთრებული საერო განათლებით გაუთქვამს სახელი, არც ამქვეყნიური სიმდიდრით, არც სახელოვანი შთამომავლობით, ან საუკეთესო ადგილას ცხოვრებით, არამედ, პირიქით, დასახლდა ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მიაგნებდა. ქვეყნის დასალიერში - მიუვალ უდაბნოში. ერთის მხრივ, კი სწორედ აქედან გახდა ცნობილი და ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ესპანეთში, იტალიაში, აფრიკაში და მთელს რომის იმპერიაში. ანტონი განზრახ განერიდა ყველას და იმ მიზნით დასახლდა უდაბნოში, რომ არ ეძიებდა ამქვეყნიურ დიდებას. მაგრამ, უფალმა, თავად გახადა ყველასთვის ცნობილი და განუცხადა ყველა ერს მისი რწმენა და მადლმოსილება, რათა წმიდა ანტონის მაგალითით, ღვთივ სათნო ადამიანებს ესწავლათ წმიდად ცხოვრება სადიდებლად ღვთისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

ტექსტი მოამზადა ანა ჩხაიძემ

დასასრული


© "ედიშერ ჭელიძე - ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია" წარმოდგენილია ვებ საიტ "ერი და ბერი"-ს მიერ. ავტორი ვასილ ელისაბედაშვილი